ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. (ეფეს. 5, 18).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! გუშინა და დღესაც წირვის დაწყებადმდე, დიდხანს ვიყავი დაფიქრებული,
რა სიტყვა გითხრათ დღეს, რა დარიგება მოგვცეთ, რა საგანი ავიღო დღეს თქვენდა დასამოძღვრად. მქადაგებელმან სიტყვისა ღვთისამან კარგი დაფიქრებით უნდა გამოარჩიოს, რომელი სიტყვა, საგანი უსაჭიროესია მსმენელთათვის. მან უფრო ხშირად და მტკიცედ უნდა ილაპარაკოს და მისცეს დარიგება იმ ცოდვის და ნაკლულევანებისათვის, იმ სულიერი სენისათვის, რომელიც მისს სამწყსოს უფრო ეჩვევა და ავნებს, მეტადრე იმისთანა დროს და შემთხვევაში და იმისთანა ადგილზე, რომელიც არის დღეს. აქ დღეს თქვენ შეკრებილხართ მრავალთა სხვათა და სხვათა სოფლებიდან; მაშასადამე, მე უფრო საჭირო და სასარგებლო სიტყვა უნდა გითხრათ დღეს, და მით მეც ღვთის წინაშე უფრო მადლი მექნება, რომ ასე ერთგულად ვცდილობ თქვენს სულიერს წარმატებას, და თქვენთვისაც უფრო დიდი სულიერი აღშენება მოხდება. უთუოდ ისიც შეიძლება, რომ ვინმემ თქვენგანმა დღეს აქ გაგონილი სიტყვა გარდასცეს თვის სოფელში მეზობლებს, და მაშინ უფრო გავრცელდება დღეს თქმული სიტყვა, და უმეტეს სარგებლობას მოიტანს. და ესრედ, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, მოვიყვან საღმრთო წერილიდან ამ სიტყვებს: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომელსა შინა არს ბილწება, არამედ აღივსენით სულითა", და ვიწყებ თქვენთან დღეს ლაპარაკს იმაზე, თუ რაოდენად მავნებელია მთვრალობა, რა ზომად უბედურია მემთვრალე კაცი, რა სახით უნდა სცდილობდეს ყოველი ქრისტიანე კაცი, რომ ფხიზელი იყოს, ღვინოს არ დაემორჩილოს.მე ვგონებ, რომელ არ არს საჭირო ვსთქვა იმაზე, რა საშინლად გავრცელდა ამ ჟამად მომეტებული ღვინის სმა, მთვრალობა იმერეთში. ვისაც თვალი აქვს ხილვად, და ყური სმენად, ის თვითონ დაინახავს და გაიგონებს, რა ხშირად სთვრებიან ეხლა სოფლებში და უმეტესად ქალაქებში, მეტადრე დღესასწაულ დღეებში, ქორწილზედ და ნათლობაზედ, და, რომელიც უფრო საკვირველია და სამწუხაროა და სასირცხვო, თვით მიცვალებულის ტირილზედ. ყოველი წოდების კაცთაგან, თავადთა, აზნაურთა და მოხუცებულთა გლეხთაგან, და მომეტებულად მღვდელთაგან მრავალ-გზის გამიგონია ჩივილი და მწუხარება, რომ მათი ახალგაზრდა შვილები შეუსაბამოდ იქცევიან, სთვრებიან: აბნევენ მამა-პაპათაგან შეძენილს ქონებას. ერთის სიტყვით, არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვსცხოვრებდითო და ვიქცეოდითო ყმაწვილობას ფხიზლად, ჩვენი მშობლების მორჩილებით და სამსახურითაო. ხოლო რაოდენი ვნება და უბედურება წარმოსდგება ამისთანა ლხინთა და ღვინის სმისაგან, ვინ არ იცის ესა და ვის არ გაუგონია! არ გაივლის ისე ერთი თვე, რომ სადმე სოფლის დღესასწაულზედ, მთვრალებმა არ დასჩეხონ და ან კიდეც არ მოჰკლან ერთმანეთი; ან სადმე ქორწილზე დამთვრალებმა, ლხინი არ გადააქციონ ტირილად და გოდებად, ერთმანეთის დაჩეხითა. ამისთანა შემთხვევა, ესე იგი უზომოდ სმა, მთვრალობა, ყოველი კაცისათვის სამწუხაროა, და ყოველი კაცი ცხადადაც მიჰხვდება, რა ზომად შემარცხვინებელია მთვრალობა საზოგადოებისათვის, და ამაზე მრავალი უბნობა არ არის საჭირო. მე მხოლოდ ის მსურს შეგაგონო შენ, რომ არა თუ იმ უკიდურეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. "ნუ დასთვრებით ღვინითა, რომელსა შინა არს ბილწება", - იტყვის წმიდა მოციქული პავლე, ესე იგი მომეტებულ ღვინოს ნუ დაჰლევ, ნუ შეღვინიანდებით. უგრძნობელად დამთვრალი პირუტყვზედ უარესი არის. მასზედ აღარც კი ღირს ლაპარაკი. მე შენ იმას შეგაგონებ, მომეტებულიც აღარ დაჰლიო, ღვინით არ გაახურო სისხლი; ესეც ბილწება არის და ბილწებაში ჩაგაგდებს. ზომიერი ხმარება ღვინისა, სიმრთელეა კაცისათვის. არც ღმერთი აღგიკრძალავს; უზომო ხმარება თავის თავად ცოდვაა და სხვა ცოდვის მიმზიდველი. ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი მუცლიდან თავში აგივარდება, ტვინს დაგიბნელებს, ჭკუას ჩამოგართმევს, ეშმაკის ხელში ჩაგაგდებს და მტრის სათამაშოდ გაგხდის.
"ნუ დასთვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა". რას ჰნიშნავს აღივსენით სულითა? უმეტეს ნაწილს ღვინის სმა იმიტომ უყვარს, რომ იგი გაამხიარულებს კაცს, მხიარულება ყოველ კაცს უყვარს, იგი ბედნიერებად მიაჩნია ყოველ კაცს, და ამისათვის ღვინოს დაჰლევს, რომ გამხიარულდეს საღმრთო წერილიც, ღვთის სიტყვა არ გვიშლის ჩვენ მხიარულებას; თვით იგი გვეტყვის: სასუფეველი ღვთისა არის სიხარული, სიმართლე და მშვიდობა, მაგრამ იგი გვიშლის ცუდს, მავნებელს და ბიწიერს მხიარულებას. ხოლო ძალადობით, ხელოვნებით გამხიარულება, ღვინით შემწეობა, ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორა; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისაგან მიღებული მხიარულება, და მერმე უარეს მწუხარებაში ჩააგდებს კაცს. მთვრალი კაცი რომ გამოიფხიზლებს, თავი სტკივა, სინიდისი აწუხებს, მეტადრე თუ სიმთვრალეში რამე სულელობა ჩაიდინა. მისთვის გვიშლის წმიდა მოციქული პავლე ღვინის სმას და გვეტყვის: აღივსენით სულითა, რომ განგვაშოროს ხორციელს, მავნებელს მხიარულებას და გაგვიჩინოს სულიერი მხიარულება. ნუ დასთვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა, სულიერი სიხარული ეძიეო. რა არის სულიერი სიხარული? სულიერი სიხარული ის იქნება, თუ შენ სუფრაზე დაჯდომილი, საჭმელს და სასმელს ზომიერად მიიღებ და ნაცვლად მრავალი ღვინის სმისა, შენ წარმოსთქვამ სულიერსა გალობასა და იმით გამხიარულდები, და აგრეთვე დასტკბები ნახვითა და საუბრითა შენს ნათესავებთან, მოყვრებთან, რომელნიც გეწვიენ შენ. აღივსენით სულითა. ამ დარიგებას ასრულებს უმჯობესად ის ქრისტიანე კაცი, რომელსა დღესასწაული უყვარს დღესასწაულისათვის, და არა ჭამისა და სმისათვის. ამისთანა კაცი ეკკლესიაში რომ სდგას, წირვა-ლოცვას, ტკბილს, სასიამოვნო გალობას ისმენს, ამისთანა დიდებულ ტაძარს, ვითარცა ესე გელათის ტაძარია, ჰნახავს, და მრავალთა აქა შეკრებილთა საზოგადოებათა შეეყრება, ნაცნობთა, ნათესავთა, ესე ყოველი ასიამოვნებს, სულიერს სიხარულს მისცემს.
საუბედუროდ, არა ესრედ იქცევიან მრავალნი აწინდელი ქრისტიანენი. უმეტესნი მათგანნი, თუ დღესასწაულს სიხარულით ელიან და შეემთხვევიან, ეს მარტო მისთვის, რომ ბევრი სჭამონ და ჰსვან. გარნა არც ის არის კარგი, რომ მრავალნი პირნი აქ მოვიდენ მისთვის, რომ გვმართებსო, აღთქმა მივეცითო, რომ დღეს გელათში უნდა ვილოცოთო. მართალია, თუ აღთქმა მიეცი, უნდა აღასრულო კიდეც; მაგრამ, როგორ აღსრულებ ამ აღთქმას? მოხვალ და ესწრები წირვაზე, დაფანტული გონებით, ერთი ორი კაპეიკის სანთელს აანთებ, ხატებს ემთხვევი და ერთ შაურს შესწირავ. ნუ თუ ამის მეტი არაფერი გმართებს შენ ღვთისა? ეს ყოველიფერი ხომ გარეგანი მოქმედება არის, და დიდი ფასი არა აქვს. შენ სხვა, ამაზე უდიდესი გმართებს ღვთისა. რა? - ის, რომ თვით შენი გული და სული ღმერთს უნდა შესწირო, შენი გულით და სულით ღვთის მონა უნდა იყო, და ნაცვლად ამისა, რამდენიმე გარეგან მოქმედებას აღასრულებ ეკკლესიაში გულგრილად და გაფანტულად სდგეხარ, ორ სიტყვას ვერ მოახერხებ, რომ ღმერთი ჯეროვნად ილოცო მდუღარითა სულითა; გარნა, როდესაც დასჯდები სუფრაზე, მაშინ უნდა შეგხედოს კაცმა, რა გამხიარულებული ხარ, რა ანთებული გაქვს თვალები, და რა ბედნიერად ჰრაცხ შენს თავსა. მაშასადამე, შენი სული და გული სოფელს ეკუთვნის, ჭამა და სმა ხორციელი შეადგენს შენს ბედნიერებას, სოფლის ამაო ჩვეულება არის შენი ნუგეში. არა ესრედ უნდა იყოთ, ძმანო! მიაჩვიე, შეწევნითა ღვთისათა, შენი სული სულიერსა ნუგეშსა, ეცადე, რომ ლოცვა, მარხვა, საღმრთო წერილის კითხვა და სმენა, არა უნაკლულესად ანუგეშებდეს სულსა შენსა, ვიდრეღა ჭამა და სმა, და ლხინი ხორციელი. ნუ დაითვრებით ღვინითა, რომელითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. ამინ.