მოგილოცავთ, ძმანო ქრისტიანენო, ახალსა წელსა და ვსთხოვ ღმერთსა, რომ თქვენ ყოველთა მშვიდობით და ბედნიერად გაატაროთ იგი.
გარნა, რაი არს ბედნიერება, საიდგან მოუვა, ანუ საიდგან მიეცემა იგი კაცს? ღირს, რომ ამაზე ჩვენ ვსთქვათ ორიოდე სიტყვა, მეტადრე დღეს, როდესაც ყოველნი ერთმანეთს მიულოცავთ დავისურვებთ ბედნიერებას.
ჩვენ ყოველთა საზოგადოდ, შეცდომილნი აზრნი გვაქვს ამ საგანზე. თუ ვინმე კარგად და წარმატებით სცხოვრებს, თავის ყოველი საქმე კარგად მიჰყავს - ბედნიერი კაცი არისო; თუ ვინმემ ცუდად წაიყვანა თავისი საქმე, ხშირად უკმაყოფილება და მწუხარება შეემთხვევა, ბედი არა აქვსო, რაღაცა უბედური არისო, იტყვიან იმაზე. ცხადია, რომელ, ვინც ასე ჰფიქრობს, ან იტყვის, იმას ჰგონია, რომ ბედი და უბედურება, არის რაღაცა ბრმა და ყრუ არსება, დადის ქვეყანაზე, და ვისაც უცბად პირველად შეჰხვდება, თავზე დააყრის ყოველს ბედს და სიკეთეს; და რომელსაც მეორედ შეეყრება, იმას იგი სულ წაახდენს, უბრალოდ და უმიზეზოდ. არა, ძმანო ჩემნო, თუ კარგად დაუკვირდებით კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე, მაშინ ცხადად დაინახავთ, რომ კაცის ბედი დამოკიდებულია მის ხასიათზე და ყოფაქცევაზე, და ბუდობს უმეტესად კაცის სულში და გულში, ვიდრეღა გარეგანსა მის გარემოებასა და მდგომარეობასა შინა. თუ გული და სული აქვს კაცს აშფოთებული, დაუწყნარებელი, აღელვებული და მოუსვენებელი, მაშინ იგი ვერ იქნება ბედნიერი, თუ გინდა ურიცხვი სიმდიდრე ჰქონდეს და პატივი; წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გული აქვს დამშვიდებული და დაწყნარებული, როდესაც იგი კმაყოფილი არის თავის მდგომარეობაზე, და ჰმადლობს ღმერთს, მაშინ, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რაიმე აკლდეს, იგი უფრო ბედნიერი არის ყოველთა ბედნიერთა კაცთა ზედა. კაცი მხნე, შრომის მოყვარე, წმიდა სინიდისის მექონი, რომელიც, ამასთანავე, არ ეძიებს მრავალსა, არამედ მცირედითაც კმაყოფილია - უთუოდ ბედნიერი იქნება, რაოდენაც შეიძლება კაცისათვის ამ წუთს სოფელში; ხოლო კაცი ხარბი, მოუსვენებელი, გაუმაძღარი, ავი სინიდისის მექონი, ვერაოდეს ვერ შეემთხვევა ბედნიერებას, ვინაიდგან სადაცა არ არის მშვიდობა, მუნ არცა ბედნიერებაა.
მაშასადამე, პირდაპირვე უნდა ვსთქვათ, რომელ ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნაყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა, ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება, მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა, ამისათვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა! წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომის მოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი, სოფლის მოყვარე, მარადის არის აღშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში, გარნა ქრისტიანის გული, არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა, და ამისათვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა: მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებითა, შეჰზღუდენინ გულნი თქვენნი და გონებანი თქვენნი ქრისტე იესოს მიერ. (ფილ. 4,7). ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი