მაშინ იესო აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან, გამოცდად ეშმაკისაგან. (მათ. 4, 1).
სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომელ, ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა შინა,
მაშინ იგი აღმოიყვანა, ან წარყვანილ იქმნა სულისაგან უდაბნოდ, გამოცდად ეშმაკისაგან. მოთხრობა სახარებისა ამ საგანზე, ესე იგი იესო ქრისტეს ეშმაკისაგან გამოცდაზე, ერთობ შესანიშნავია, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, და აღსავსე სულიერითა სწავლითა და აღშენებითა. ჯერ მარტო ეს ვიფიქროთ, ძმანო ჩემნო, თუ სულმან ბოროტმან გაჰბედა მოახლება უწმინდესისა არსებისადმი და გამოცდა მისი, თუ მან გაჰბედა და იფიქრა, რომელ მას შეუძლია რაიმე სულიერი ვნება მისცეს თვით უწმინდესსა ღვთაებრივსა არსებასა ქრისტესსა, წარმოიდგინე და იფიქრე, რომელი კადნიერება და ღონე არ ექმნება მას, მოგეახლოს და გამოგვცადოს ჩვენ ყოველნი, ჩვენ, რომელნი უიმისოდაც ვცდებით და ვნებულნი ვართ თვით საკუთართა ჩვენთა ცუდთა თვისებათა და ხასიათისაგან. იესო ქრისტეს შორის ბოროტი სული ვერ ჰნახავდა ისრეთსა თვისებასა, ანუ კერძოსა, რომლითაც შეეძლო მას მიყენება თვისთა ბოროტთა მანქანებათა; ჩვენ კი ყოველ დღე და ყოველ წამს თვითონ ვაძლევთ მას მრავალთა შემთხვევათა, და ვაჩვენებთ გზათა, რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს და შთაგვაგდოს მრავალთა განსაცდელთა შინა. მაშასადამე, ერთობ საჭირო არის შევიტყოთ, რით და რა სახით გამოსცდის იგი კაცთა. ამისთვისაც ვრცლად და დაწვლილებით არის ორთა სახარებათა შინა მოთხრობა იესო ქრისტეს გამოცდასა ზედა, რათა წინადვე ვიცოდეთ ეშმაკის მანქანებანი და ფრთხილად ვიყვნეთ.აღვიდა რა უდაბნოდ, უფალმან იესო ქრისტემან ილოცა და იმარხა ორმოცი დღე, და ბოლოს შეემშია. მაშინ მოუხდა მას გამომცდელი იგი და ჰრქვა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, სთქუ, რათა ქვანი ესე პურ იქმნენ (მათ. 4,3). მაშასადამე, გამომცდელი ეშმაკი პირველსა თვისსა მანქანებასა მიაქცევს ხორციელისა ბუნებისადმი. მას ჰსურს შეიტყოს, რაოდენი სულიერი ძალა და სიმტკიცე აქვს იესო ქრისტეს, აქვსაა მას მოთმინება, თუ არა? სული მისი ფლობს და სძლევს ხორციელსა ბუნებასა, თუ, პირიქით, ემორჩილება მას? ამ სახითვე გამოგვცდის ეშმაკი ჩვენ ყოველთა, ხორციელთა კაცთა. უმრავლესნი მისნი ვნებანი და განსაცდელნი მოიწევენ ჩვენზედა მაშინ, როდესაც სული ჩვენი დასუსტებული არის და დამონებული ხორცითა. ხოლო ხორცი არის გაშვებული, აღვირუსხმელი, როდესაც კაცი ყოველთვის ეძიებს დააკმაყოფილოს ყოველნი თვისნი ხორციელნი ვნებანი, უყვარს მრავალი ჭამა, უზომო სმა, გრძელი ძილი და მოსვენება, არაწმინდება და ყოველნი ხორციელნი ცოდვანი. ესრეთნი კაცნი ყოველთვის შეიქმნებიან საშოვარი ეშმაკისა, სული ბოროტი მათ ათამაშებს თავის ნებაზე. წინააღმდეგ ამისა, თუ კაცს ხორცი თვისი აქვს დაპყრობილი და აღვირ-ასხმული, ყოველსა თვისსა ხორციელსა მოთხოვნილებასა აკმაყოფილებს კანონიერად, ზომიერად, სჭამს და ჰსვამს ზომით, მრავალი ძილი და უქმად დროების გატარება არ იცის, თვისს სისხლს განგებ არ აადუღებს უწმინდურის აზრებით და უწმინდურის წიგნების წაკითხვითა, ერთი სიტყვით, თუ სული მისი ჰმართავს ხორცსა მისსა, და არა ხორცი - სულსა, ხორცი არის მისი, ვითარცა მონა, ანუ ხერხი, რომელსა ჭკუა მისი ამუშავებს და სწრთვნის, მაშინ ეშმაკს მოსპობილი აქვს ერთი დიდი გზა მიახლებად მისა და გამოცდად მისა. ესე ყოველი, რაც აქამომდე ვსთქვით, მოკლედ და ძლიერად გამოხატა უფალმან იესო ქრისტემან იმ პასუხსა შინა, რომელი მიუგო ეშმაკსა. ხოლო იესო მიუგო და ჰრქვა: წერილ არს, რამეთუ არა პურითა ხოლო სცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა (მათ. 4, 4).
შეიტყო რა ეშმაკმან, რომელ იესო ქრისტეს ამ კერძოდ ვერა ერთსა განსაცდელსა ვერ მიაყენებს, განიზრახა მან გამოცდა მისი მეორე მხრით, ესე იგი სულის კერძოით. უთუოდ წარმოიდგინა მან, რომ რადგანაც იესო ქრისტე ესრეთი სულიერი კაცია და არ დაემორჩილება ხორციელთა ვნებათა, იქნება მას ჰქონდეს სულიერი ამპარტავნებაო. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმა და დაადგინა სართულსა ეკლესიისასა, და ჰრქვა: უკეთუ ძე ხარ ღმრთისა, გარდააგდე თავი შენი ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოზთა მისთა და უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ (მუხ. 5, 6). აჰა, მეორე მანქანება ეშმაკისა. ამ სახითვე იგი ხშირად გამოცდის და აცთუნებს ყოველთა კაცთა. იქნება შენ თვითონ გამოგიცდია, ძმაო ჩემო, ან შენ თავზე, ან სხვას ვისმეს შეატყვე, რომელ, თუ რომელიმე ქრისტიანე არის ღვთის მოშიში და მლოცველი, უყვარს სულიერი მოღვაწება და ბეჯითოდა, ერთი სიტყვით, ცოტა-ოდნავ მაინც არის ღვთის მოყვარე, მაშინ ეშმაკი მას გაუჩენს გულში სულიერს ამპარტავნებას, შეაგონებს მას: "შენ წმიდა კაცი ხარო, შენ სხვას არ ჰგევხარო, სხვები სუყველანი ცუდები არიანო, შენ კი სხვებს სჯობიხარო." ხშირად მოხდება, რომ, თუ ამისთანა კაცს რამე მწუხარება შეემთხვია, ეწყინება გულში და იტყვის: რათ დამემართა მე ეს, რომ ასეთი ღვთის მოსავი ვიყავიო? გულში კი არა, ხმამაღლადაც, მაგალითებრ, ტირილში, ჰყვირის ზოგიერთი ამ სახით: ღმერთო, რას მემართლებოდიო, რომ ამისთანა მწუხარება მომაყენეო? მე შენი მოსავი და მლოცველი ვიყავიო; ანუ კიდევ მიცვალებულზე იტყვის: ღმერთო, რათ მოჰკალი ასე ადრეო, რომ კეთილი კაცი და შენი მლოცველი იყოვო. ცხადია, რომ ყოველნი ესენი ცუდნი და უგუნურნი აზრნი და სიტყვანი, არიან ნაყოფნი ამპარტავნებისა, ამისთვის ფრთხილად იყავ, ძმაო ჩემო, ვისაც გესმის, და თუ ოდესმე ღმერთმა მოგანიჭა წარმატება სულიერსა ცხოვრებასა შინა, არ გაჰლაღდე. საღმრთო წერილი გვასწავლის ჩვენ, რომელ, თუ კაცმა კიდეც აღასრულა ყოველნი მცნებანი ღვთისანი, მაშინაც უნდა სთქვას, რომ იგი არის მონა უხმარი, მისთვის, რომ ნამეტანი არა რა უქმნია, მხოლოდ ის ჰქმნა, რასაც თანამდებ იყო. და თუ ყოველთა მცნებათა აღმსრულებელმან, მაშასადამე, კაცმან სრულმან და წმინდამან, ესრედ უნდა იფიქროს და მიაჩნდეს თავის თავი უხმარად. ჩვენ რაღა უნდა ვიფიქროთ და როგორ ვუყურებდეთ თავსა ჩვენსა, რომელნი, არა თუ ყოველთა, არამედ ერთსაცა მცნებასა ვერ ვასრულებთ ჯეროვნად.
ახლა, ძმანო, უნდა გადავსულიყავით და გველაპარაკა მესამესა გამოცდასა ზედა, გარნა გვეშინის არა დაგამძიმო თქვენ გრძელითა ლაპარაკითა, ამისათვის გადავსდებ სიტყვასა მომავალისა დროისათვის: ხოლო აწ გევედრები თქვენ, ყოველთვის მიქცეული გქონდეს ჭკუა და ყურადღება სულიერსა მდგომარეობასა ზედა თქვენსა, და არა მისცემდეთ ეშმაკსა გულთა შინა თქვენთა ადგილსა, გამოსაცდელად თქვენდა. ამინ.