სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა; განისვენე, სჭამე და ჰსვი, და იხარებდე. (ლუკა 12, 19).
დღეს წაკითხულისა სახარებისაგან იგავითა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაფრთხილებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო,
უგუნურისა თავმოყვარეობისა, ანუ თავხედობისაგან. მდიდარი იგი კაცი აღწერილი ამ იგავში, არის სახე, ანუ მაგალითი უჭკუო თავის შეყვარებისა. როდესაც მას მოუვიდა მრავალი მოსავალი, და ესრედ, უწინდელსა სიმდიდრესა ზედა მიემატა ახალი სიმდიდრე, ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და აღუთქვას გულში სიმდიდრისა მისისა მოხმარება კეთილთა საქმეთათვის, იგი მარტო თავის თავზე ჰფიქრობს, თავის სიამოვნებას და განსვენებას ეძიებს. სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა, განისვენე, სჭამე, ჰსვი და იხარე. აჰა, რისთვის გაუხარდა მას სიმდიდრის მომატება! აჰა, რა ბედნიერებას ეძიებდა იგი! სჩანს, რომ მის გულში, თვინიერ სულელურისა თავისმოყვარეობისა, სხვა არც ერთი კეთილი გრძნობა და აზრი არ იყო.მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა, მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავსადვე ეს თვისებაც, ესე იგი თავისმოყვარეობა, უნდა იყოს განათლებული, ამაღლებული ქრისტეს სწავლითა და მცნებითა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგიცა მიიღებს ცუდსა, მავნებელსა მიმართულებასა. განათლებული, ქრისტიანული თავისმოყვარეობა დიაღ უნდა ჰქონდეს კაცს, და იგი კეთილიც, პატიოსანიც და ქვეყნისათვის სასარგებლოც იქნება, გარნა უგუნური თავხედობა, არის სულის წარმწყმედელი და ქვეყნისათვის მავნებელი. აღვწეროთ აწ და შევიტყოთ, რომელი თავისმოყვარეობა არის კანონიერი და კეთილი, და რომელი ცუდი და მავნებელი.
უმდაბლესი და სუყველაზე უარესი თავისმოყვარეობა, როგორც ვსთქვით, ჰქონდა იმ მდიდარს, რომელი აღწერილ არს დღევანდელს წაკითხულს იგავში. მას უყვარდა თვისი მუცელი, ჭამა, სმა, ლხინი. ეს იყო მისი ბედნიერება! ესეთნი პირნი დაემსგავსებიან პირუტყვთა უგუნურთა. იგინი არა თუ უსარგებლო არიან ქვეყნისათვის, არამედ ფრიად მავნებელნიცა. მათ გულში დათრგუნვილია ყოველი კეთილშობილი კაცობრივი თვისება. თუ მდიდარი კაცი ჰფიქრობს, რომ სიმდიდრე მას ღმერთმან მისცა ჭამისა, სმისა და ლხინისათვუს, რაღა იქნება ამაზე მომეტებული უგუნურება. მაგრამ, საჭირო არ არის გავაგრძელოთ სიტყვა ესრეთთა პირთა ზედა, რადგანაც უმისოდ ადვილად სჩანს, რა საძაგელი არის ესრეთი თავისმოყვარეობა.
მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში, უყვარს როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარეობასა ზედა. ის, რომელ ზნეობითი მნიშვნელობა ესრეთის პატივის-მოყვარეობისა, დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რისთვის უყვარს კაცს პატივი, და რა საქმისათვის ხმარობს პატივსა? პატივის-მოყვარეობა, თავის გამოჩენა სარწმუნოებაში, შეიქმნება სასარგებლო და კანონიერი, პირველად მაშინ, როდესაც კაცი პატივსა ეძიებს და მიიღებს პატიოსნითა საშუალებითა, მეორედ მაშინ, როდესაც იგი პატივსა ხმარობს არა მხოლოდ თავისათვის, არამედ უფრო ქვეყნის სასარგებლოდ.
ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, საზოგადოდ იმერეთში მცხოვრებნი, საკვირველად პატივის-მოყვარენი და მეძიებელნი ვართ. ვიწყოთ თვით უკანასკნელისა და უღარიბესისა გლეხისაგან, ვიდრე უპირველეს თავადის შვილადმდე. ისე არაფერი არ ასიამოვნებს აქაურსა კაცსა, როგორც პატივი. მაგრამ რა პატივს ვეძიებთ ჩვენ, და რა საშუალებით, და რისთვის? როდესაც ამაზე კარგად ვიფიქრებთ, დიდი მწუხარება გაჩნდება ჩვენს გულში. პატივი და გავლენა საზოგადოებაში კარგი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მიეცემა კაცს მართლა ღირსსა, მინიჭებულსა ჭკუითა და სათნოებითა, რომელსა შეუძლიან ქვეყანას სარგებლობა მისცეს. ჩვენში კი სხვაგვარად მიდის საქმე. კეთილი და სასარგებლო ის არის, როდესაც თვით პატივი ეძიებს კაცსა, და არა კაცი - პატივსა. ჩვენში კი სრულიად უკუღმა მიდის საქმე! სათნოებითა, ჭკუითა და ქვეყნის სარგებლობითა არავინ არ ჰფიქრობს და არ ეძიებს თავის გამოჩენას, ათასში ერთს არ შეუძლიან აქ, რომ მართლა თვისი ღირსებით მიიღოს პატივი. გარნა, რადგანაც პატივის წყურვილი დიდი აქვსთ გულში, ცდილობენ, რომ გამოიჩინონ თავი და მიიღონ პატივი. თავის თავს და თავის ქონებას არ დაჰზოგავს აქაური კაცი, ესრეთი პატივის მიღებისათვის (ეს იყო ნეტარად მიცვალებულის იმპერატორ ალექსანდრე II ქუთაისს მოსვლის დროს 1871 წელს). რა ამბავი მოხდა აქ, ამ ჩვენს ქალაქში, მცირე ჟამის წინედ, ესრეთი პატივის მოყვარეობისა გამო, რაოდენი შფოთი, შური, სიძულვილი, ჩივილი, დავა, დამდურება, მტერობა, - ამის აღწერა თითქმის არ შეუძლიან კაცს. რამდენიც გასაკვირვებელი ამბავი მაშინ ისმოდა, თუ იმისი მესამედი მაინც არის მართალი, სწორედ ტირილის ღირსი არის ჩვენი ამაოება. რა იყო ამდენი შფოთისა და ამბოხის ღირსი? ნუ თუ ერთი მტკაველი სირმა, რომელსა დააკერებს მხრებზე, ღირს იმად, რომ კაცმა თავისი მამული დახარჯოს, ან სასოწარკვეთილებაში შთავარდეს? კარგი! ვსთქვათ იშოვნე ბოლოს, რასაც ამდენის ამბოხით და ჭირით ეძიებდი, ჰოი საცოდაო, ამაოებით აღვსებულო კაცო! აწ მითხარ, რა მოგემატა? ჭკუა მოგემატა? სათნოება და ზნეობა გაგიკეთდა? ტანის სიმრთელე მოგემატა? სრულიად არც ერთი მათგანი მოგმატებია! მოგმატებია კი არა, იქნება, ზოგი მათგანი მოგაკლდა, ვინაიდგან პატივის ძიება ხშირად ზნეობას გაუფუჭებს და მრავალ ხარჯსაც მოითხოვს. მაშასადამე, რათ იკლავდი თავს, რათ წააგე ნახევარი შენი საცხოვრებელი, რათ აღავსე სული შენი შფოთითა და ამბოხითა? თუ შენ არ მიპასუხებ, მე გეტყვი ამის პასუხს. ესე ყოველი მისთვის მოახდინე, რომ შენ ჯერეთაც, თუმცა ასაკით მოჰხუცდი, ჭკუითა და ხასიათით ხარ რეგვენი; აგრეთვე გარემოს შენსა შენნი ყოველნი მოყვასნი, თუ გინდ დაბერებულნიც იყვნენ ასაკითა, არიან რეგვენნი ჭკუითა და ზნეობითა. რეგვენთა თვისება არის შეყვარება რომელთამე ბრწყინვალეთა ნივთთა, რომლითა იგინი თამაშობენ. შენც იმ სახით გყვარებია ჩინი და ჯილდო. ვინ ამბობს! ესენიც კარგია და საჭირო, როდესაც იგინი იქმნებიან ნიშანნი ჭეშმარიტისა სამსახურისა და ღირსებისა; გარნა, როდესაც კაცი მათ ეძიებს და იზიდავს რეგვენული თავის მოსაწონად, მაშინ იგი შეიქმნება ერთი მხოლოდ ამაოება. სისაწყლე, რეგვენობა? ნაცვლად მისა, რომ შევიძინოთ ის, რაიცა ჭეშმარიტად სასარგებლოა და საჭირო: ჭკუა, განათლება, ცხოვრების გამოცვლა და გაუმჯობესება, ზნეობის გაწმენდა ტალახისაგან, რომელსა შინა შთაფლული ვართ, რომ ყოველითურთ განვიწმინდნეთ, ჩვენ ვფიქრობთ დღე და ღამე მხოლოდ როგორმე ვიშოვნოთ რამე გარეგანი, განმასხვავებელი ნიშანი, რომელი მართლა ვერაფრით ვერ განასხვავებს კაცს სხვათა ცოდვილთა და ამაოთა კაცთაგან.
ბოლოს, ვსთქვათ ჭეშმარიტსა წმინდასა, ამაღლებულსა, ქრისტიანულსა თავისმოყვარეობასა ზედა. წმიდა მოციქული პავლე ერთსა თვისსა ეპისტოლესა შინა ცხადად იტყვის, რომელ მას სიკვდილი ურჩევნია, ვიდრეღა თვისი პატივის გაუქმება. მაშასადამე, პატივი მასაც ჰყვარებია, თავისმოყვარე ყოფილა. მაგრამ რანაირ პატივზე იტყვის იგი? ეს სჩანს მისგან, რომ წინაპირველად იგი აღწერს რაოდენი შრომა, ღვაწლი, მოთმინება მიიღო მან ქრისტეს სჯულისათვის, და შემდეგ იტყვის, რომელ ზოგნი ბოროტნი პირნი ცდილობენ დამდაბლებასა და გაუქმებასა მისთა საქმეთა და შრომათა. აჰა, რაში ეძიებდა და სთვლიდა წმიდა მოციქული პავლე თვისსა პატივსა. მისი სინიდისი და წრფელი გონება არწმუნებდა მას, რომ მან მრავალი კეთილი საქმე აღასრულა ქვეყნისათვის, ამით ნუგეშობდა იგი და ამაში სდებდა თვისსა პატივსა. აბა, რა არს, რაში მდგომარეობს წმინდა, ქრისტიანული თავის მოყვარეობა? იმაში, როდესაც კაცს ახსოვს თვისი სულიერი ღირსება, ახსოვს, რა პატივი მისცა მას ღმერთმა, როგორ აღამაღლა, რა საქმისათვის უწოდა, რა გზა უჩვენა ქვეყანაზე.
შენ, საწყალო! რისთვის არ გახსოვს, რომ შენ ისეთი პატივი მოგცა ღმერთმან, რომელზე უდიდესს კაცი ვერ წარმოიდგენს. შენ ღმერთმა შვილად აღგიყვანა, როგორც იტყვის ღვთის-მეტყველი იოანე: რაოდენთა იესო ქრისტე შეიწყნარეს, მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა სწამთ სახელი მისი.
აჰა, რა პატივით შეგამკო შენ ღმერთმან!ამით უნდა მოგწონდეს თავი, მაგრამ შიშით და ძრწოლით, რომ არ დაგიმცირდეს ეს პატივი. შიშით და ძრწოლით უნდა ჰზიდავდე ამ პატივს, რომ არ მოგაკლდეს, არავინ წაგართვას, არამედ დაგიმტკიცოს, დაგიმკვიდროს ღმერთმან. ამინ.