ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა, (ეფეს. 5, 18).
ყოველთა შორის ფრიად საჭიროთა და სასარგებლოთა დარიგებათა, რომელიც მოგვცა დღეს წმიდა მოციქულმა პავლემ,
უსაჭიროესი, მეტადრე ჩვენი დროებისათვის, არის ეს: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე; არამედ აღივსენით სულითა.საუბედუროდ, სიმთვრალე ყოველთვის და ყოველთა ხალხთა შორის იყო; გარნა აწ, ამ ჩვენს დროებაში, იგი გავრცელდა და ვრცელდება მომეტებულად. ძვირად იპოვება აწინდელთა ქრისტიანეთა შორის კაცი, რომელი არ ემორჩილებოდეს ღვინოსა და არაოდეს არ დაითვრებოდეს. საკვირველი და სამწუხარო არიან არა ნაკლებად, არამედ მომეტებულნი. სიმთვრალე წარღვნასავით გავრცელდა ევროპაში და რუსეთში. ჰრყვნის, ღუპავს, აღარიბებს ურიცხვთა პირთა და ოჯახობათა. მართლაც, საუბედუროდ, ამ ჩვენს საუკუნეში სხვანიცა ცოდვანი და ვნებანი გამრავლდნენ ქრისტიანეთა შორის, გარნა უმეტესად ყოველთა - სიმთვრალე. ღვინოს ემორჩილებიან არა მარტო უბრალონი, უსწავლელნი კაცი, არამედ, ვითარცა ზემოდ ვსთქვით, სწავლულნი და განათლებულნი არა ნაკლებად; არა თუ ღარიბის და დაბალის ხარისხისა, არამედ უმაღლესთა ხარისხთა შინა მყოფნი, მდედრობითი სქესიც ღვინის მოყვარენი შეიქნენ, თანასწორ ყრმანი და მოხუცებულნიცა. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მამა და პაპების დროს თითქმის არ იცოდენ სიმთვრალე. მათ უყვარდათ მოლხენა, გამხიარულება, გარნა საკუთრად სიმთვრალე ძვირად იპოვება მათ შორის, მეტადრე, ვერაოდეს ვერ დაინახავდა კაცი უგრძნობელად მთვრალსა და ქუჩაზე, ანუ გზაზე მდებარესა მკვდარივით. ახლა კი, სამწუხაროდ და სატირლად, სულ სხვა არის. სიმთვრალე მოედვა ჩვენს ქვეყანას, და რაოდენი ვნება არის ჩვენ ქვეყანაში სიმთვრალისა გამო, ამას ვინღა აღწერს და ვინ წარმოიდგენს. ამათ ყოველთა ზემოთ თქმულითგან ცხადად სჩანს, რა ზომად საჭირო არის, რომ არ დავივიწყოთ დარიგება: ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე. საღმრთო წერილი ზარმაცს კაცს გაჰგზავნის ჭიანჭველთან, რომ მისგან ისწავლოს შრომისმოყვარეობა, ხოლო მემთვრალე უნდა გავაგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთან, რომ იმათგან ისწავლოს ზომიერად მიღება სასმელისა. პირუტყვი უზომოდ და უდროვოთ წყალსაც არ დალევს; მემთვრალეს კი არც ზომა აქვს და არც დრო, დანიშნული ღვინის სმაში. როდესაც წმიდა ეკლესიას სურს გაღვიძება და დარიგება ცოდვილისა კაცისა, მაშინ იგი წარმოუდგენს მას მაგალითად უფლისა იესო ქრისტეს და წმიდათა კაცთა ცხოვრებას; გარნა, როდესაც დაგვჭირდება დარიგება კაცისა მემთვრალესი, მაშინ პირუტყვები უნდა წარმოუდგინოთ მაგალითად. ამაზე უდიდესი განკიცხვა კაცის ბუნებისა რაღა იქნება! თუ კი კაცს ცოტაოდენი ჭკუა და სინიდისი აქვს, მან რათ ქმნას იმისთანა საქმე, რომელიც მას ჩააგდებს სირცხვილში და განკიცხვაში. მთვრალობა არის დიდად შემარცხვინებელი ცოდვა. ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის, იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვნებად გარდაექცევა ღვინის სმა, ერთი სიტყვით, შეიქმნა მემთვრალე, მას დაეკარგა კაცის ღირსება და მან დაიმსახურა მოძაგება და განკიცხვა ყოველთა კაცთაგან. სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი, ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოზთა თანა და შეადარებენ ღვთაებას თანა; გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს, ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის დიდი ვასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: "მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს პირუტყვთა შორის". შეიძლება და ხშირადაც მოხდება, რომ მემთვრალე კაცს აქვს ზოგიერთნი კეთილნი თვისებანი, გარნა იგინი არიან დამდაბლებულნი ერთითა ამით მისითა საშინელითა ვნებითა.
აქამომდე ჩვენ ვსთქვით იმ სულიერთა ვნებათა ზედა, რომელთა შინა კაცი მემთვრალე ჩავარდება; გარნა ხორციელადაც სიმთვრალე ღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელეს. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ-ცოტად გაუფუჭებს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად უცბად შეემთხვევა მას სიკვდილი.
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ-კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება, როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარსმოდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არა-წმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არა-წმინდებასა შინა.
მაშასადამე, სიმთვრალე ამ ქვეყანასაც დაჰღუპავს კაცს, მით, რომ სიცოცხლეს შეუმოკლებს, და იმ ქვეყნის ცხონებასაც მოაკლებს. თქმულ არს საღმრთო წერილში: მემთვრალეთა საუკუნო ცხოვრება ვერ დაიმკვიდრონ.
გეშინოდეს, ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღეს არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთ დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინელესად ჩავარდებიან ყოველთა მათ ვნებათა და უბედურებათა შინა, რომელთა ზედა ზემოდ ვსთქვით, ჩვენ ფიცხელ და მხურვალე ქვეყანაში არაოდეს არ უნდა იხმაროს კაცმა არაყი, თუ მცირე ჭკუა მაინც დაურჩა მას.
ნაცვლად ღვინისა, წმიდა მოციქული პავლე გვირჩევს ჩვენ: აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თქვენთა ფსალმუნითა და გალობითა სულიერითა. რაი არს აღვსება სულითა? ამაზე მე ვრცლად გეტყვი მერმე ოდესმე, თუ კაცმა ინება და მაცალა, ხოლო აწ მოკლედ გეტყვი: აღვსება სულითა ის არის, როდესაც კაცი ნუგეშობს სულიერითა ნუგეშითა, საღმრთო წერილის კითხვითა, სულიერის გალობის წარმოთქმითა, წმიდა მამების ცხოვრების შეტყობითა და სხვითა ამის მსგავსითა დროების გატარებითა. ინებოს უფალმან ღმერთმან და მაცხოვარმან ჩვენმან იესო ქრისტემან, რომ, ნაცვლად ღვინის სმისა, ვეჩვეოდეთ და ვნუგეშობდეთ სულის წმინდის მადლითა. ამინ.