დღევანდელი სახარება, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვიქადაგებს ჩვენ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისა.
შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი - ვითარცა თავი თვისი (ლუკ. 10, 27).
ამ სიტყვებში, ძმანო ქრისტიანენო, პირველი ყურადღება მიაქციეთ მას ზედა, რა ზომის, ანუ უმჯობეს არს თქმად, რა უზომო სიყვარულსა ღვთისასა მოითხოვს სახარება ჩვენგან. ღმერთი უნდა გვიყვარდეს ჩვენ არა რომლითამე ერთითა ძალითა, ანუ კერძოითა სულითა, არამედ მთელითა არსებითა, ანუ ბუნებითა ჩვენითა. ყოველი ნიჭი და თვისება, ანუ ძალი, რომლითა ღმერთმა შეამკო ბუნება ჩვენი, სული, გული, გონება, მეხსიერება, ჭკუა - უნდა იყოს დაპყრობილი და განათლებული ღვთის სიყვარულითა.
რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ ესრეთ უზომოდ ღმერთი? პირველად მისთვის, რომ იგი არის ერთი, ყოველიფერზე უდიდესი და უმჯობესი არსება. მაშასადამე, ღირს, და სჯობს, რომ მარტო იგი გვიყვარდეს სრულითა სიყვარულითა, ხოლო სხვა ყველაფერი იმ ზომად გვიყვარდეს, რა ზომად გაგვახსოვნებს ღმერთსა, და გაგვამტკიცებს ღვთის სიყვარულში. მეორედ მისთვის, რომელ ღმერთი არის საუკუნო და მარად მყოფი და შეუცვლელი, ხოლო სხვა ყოველიფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა იცვლება და წარმავალია. გვირჩევნია - ჩვენც ჩვენი სული და გული მივანდოთ მარად-მყოფსა და შეუცვლელსა. ჩვენი სული და გული განისვენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიენდობა საუკუნოსა ღმერთსა. მესამედ, კაცის სულსა და გულსა ისრეთი თვისება აქვს, რომ რასაც შეიყვარებს სრულითა სიყვარულითა, იმას დაემონება, მისი მსახური და მასიამოვნებელი იქნება და ცდილობს, რომ იმას დაემზგავსოს, ანუ, ესრედ ვსთქვათ, იმის ფერს მიიღებს. მაშასადამე, თუ ღმერთს შეიყვარებ შენ, ძმაო, ყოვლითა გულითა შენითა, მაშინ გული შენი აღივსება ღვთის მადლითა, სახარებითა და კეთილობითა; თუ შეიყვარებ ყოვლითა სულითა შენითა, მაშინ სული შენი ამაღლდება, განიწმინდება; თუ შეიყვარებ ყოვლითა ძალითა შენითა, მაშინ ყოველნი ძალნი და ნიჭნი შენისა ბუნებისანი განცხოველდებიან და ყოველნი მათნი მოძრაობანი და საქმენი იქმნებიან მართალნი და ნაყოფიერნი. ბოლოს, თუ შეიყვარებ ღმერთსა ყოვლითა გონებითა შენითა, ყოველნი შენნი აზრნი, მოგონებანი იქნებიან აღბეჭდილნი ჭეშმარიტებითა და წრფელობითა.
შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აქაც კარგი ზომა მოგვცა მაცხოვარმან: მოყვასიც უნდა შეიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი. თავის თავს კაცი არაოდეს არ ავნებს, ზარალს არ მიცემს, არამედ ყოველთვის ცდილობს თავის სარგებლობაზე და თავის სიკეთეზე. ამის მზგავსადვე ორნაირად უნდა აღასრულოს კაცმა მოყვასის სიყვარული. არც ერთი მცირედი ზარალი და ვნება არ უნდა მისცეს კაცს, არცა ხორციელი, არცა სულიერი, არ დააკლოს რამე, არ წაართვას, არ მოჰპაროს, არ მოატყუოს, არ აგინოს, არ დასწყევლოს, უმართლოდ არ უჩივლოს, არ აცდუნოს არცა სიტყვით, არცა საქმით. ნაცვლად ამისა ეცადოს ყოველიფერი, რაც შეუძლია, სარგებლობა ხორციელი და სულიერი მისცეს ყოველთა კაცთა, შეეწიოს მეტადრე გაჭირვებულთა, პატივი სცეს, ნუგეში სცეს, ჭკუა ასწავლოს, კეთილი სახე და მაგალითი აჩვენოს.
მაგრამ ვის შეუძლია აღწეროს თვითოეულად ყოველი ნაყოფი სიყვარულისა! ჩვენ, ქრისტიანეთა, მხოლოდ ყოველთვის ის უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული ღვთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვათა მცნებათა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის და მოყვასის სიყვარულით განიზომება ჩვენი სულიერი ღირსება. რა ზომად გაქვს შენ, ძმაო ქრისტიანე, ღვთის და მოყვასის სიყვარული, იმ ზომად ხარ შენ ქრისტიანე. ყოველიფერი სხვა რომ გქონდეს, ესე იგი ყოველნი სხვანი ნიჭნი და სათნოებანი, მაშინაც არ იქნები ქრისტიანე, თუ წინა-პირველად არა გაქვს ეს ორი ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მაგრამ უმჯობეს არს ამაზე მოვიყვანოთ თვით საღმრთო წერილის სიტყვები და მით კიდეც დავასრულოთ აწინდელი ჩვენი სუსტი სიტყვა: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდე, ხოლო სიყვარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, განა წინწილანი, რომელნი ჰხმობედ; და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველება და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი, მაქუნდუს ღათუ ყოველივე სარწმუნოება, ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს - არა-ვე-რაი ვარ; და შეღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგარი ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყვარული არა მაქუნდეს - არარაივე სარგებელ არს ჩემდა (1 კორ. 13, 1-3). ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი