განმარტება სახარებისა (მათ. 15, 22-28).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი, შეურყეველი სარწმუნოება, გონიერება, სიმდაბლე და სიმშვიდე გამოიჩინა უბრალო სოფლის ქალმა წინაშე იესო ქრისტესა! იგი იყო ქანანელი, მაშასადამე, წარმართი. იგი სცხოვრებდა საზღვართა ზედა ურიასტანისათა, გაგონილი ქონდა იესო ქრისტეზე და მისთა სასწაულთა ზედა, იქნება კიდეც ნახა იგი მან ოდესმე და გაიგონა მისი სწავლა, ამისთვის მის გულში გაჩნდა შეურყეველი სარწმუნოება იესო ქრისტესადმი. ამ უბრალო, უსწავლელმა ქანანელმა დედაკაცმა აჯობა სარწმუნოებით თვით ურიცხვთა სწავლულთა, მწიგნობართა, ერის მოძღვართა, რომელნი ყოველდღე ხედვიდენ იესო ქრისტეს, კიდეც იცოდენ წიგნთაგან მისი მოსვლა და მნიშვნელობა, ყოველ დღე ხედვიდენ მისთა სასწაულთა, გარნა მაინც ურწმუნონი იყვნენ. ამაზედ უფრო გასაკვირველი არის ის შეურყეველი სიმტკიცე, რომელიც მან გამოიჩინა ლოცვასა შინა. "შემიწყალე მე, იესო ძეო ღვთისაო", - ესრედ ღაღადებდა იგი და მისდევდა მას. იესო ქრისტემ დიდი ხანი ხმა არ გასცა მას, მაგრამ იგი მაინც არ იშლიდა ლოცვას; მერმე იესო ქრისტემ პირდაპირ უარი უთხრა მას: არა ვარ მოვლინებული გარნა წარწყმედილთა ძეთა ისრაელისათა. გარნა დედაკაცი არ დაღონდა, არამედ უმეტესის ერთგულებით ევედრებოდა მას. მოწაფეებსაც მოეწყინა ეგოდენი ყვირილი დედაკაცისა, და სთხოვეს იესო ქრისტეს განტევება მისი, გარნა უფალმა არც მათი ისმინა. ბოლოს დედაკაცი მიეახლა იესო ქრისტეს და კიდევ მწარედ ევედრებოდა: შემიწყალე მეო. მაცხოვარი თითქოს განრისხდა, შეურაცხყოფა აჩვენა მას, თითქმის აგინა, ძაღლად უწოდა: არა ჯერ არს წართმევად პურისა შვილთაგან და დაგდებად ძაღლთა. სხვა ვინმე ვერ მოითმენდა ესრეთსა სასტიკობასა. გარნა, საოცარი გონიერება დედაკაცისა ამის თითქმის აღემატებოდა ყოველსა განსაცდელსა. მან თითქოს ესრედ უპასუხა: მართალია, მე ერთი ქანანელი დედაკაცი, წარმართი - არც კი ვარ უმჯობესი ძაღლისა, მაგრამ ძაღლებსაც კი გადაუგდებენ ტაბლიდან ნამუსრსა პურისასაო. ერთი სიტყვით, ამ დედაკაცის ლოცვა იყო მსგავსი ჭიდაობისა, ბრძოლისა. აქ, ერთი მხრით, შეურყეველი სარწმუნოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება. მეორეს მხრით თითქოს გასაოცარი სასტიკობა, შეურაცხყოფა, უარისყოფა ჭიდაობდენ ურთიერთს შორის და სუსტმა, გარნა მორწმუნე დედაკაცმა, მიიღო ძლევა. მაცხოვარმა უპასუხა: ჰოი დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს.
მეორედ უნდა მივაქციოთ ყურადღება განსხვავებულსა მოქმედებასა და ხასიათსა ზედა, რომელი გამოიჩინა ამ შემთხვევაში უფალმან იესო ქრისტემან, იგი ყოველთვის იყო მოწყალე და გულმტკივნეული. მსწრაფლ ისმენდა ლოცვასა და მიანიჭებდა მოწყალებასა ყოველთა მთხოვნელთა; ამ შემთხვევაში კი იგი სრულიად სსხვაფერ იქცევა. გულმოდგინედ ლოცვას ქანაანელი დედაკაცისა დიდხანს არ ისმენს; მერმე თითქო დიდ სასტიკობას გამოიჩენს და შეურაცხყოფას აჩვენებს მთხოვნელს. რისთვის შექმნა უფალმა ესრედ? მისთვის, რათა დედაკაცს მისცეს შემთხვევა ბოლომდის გამოჩენად თვისისა სულიერისა სათნოებისა, ესე იგი სარწმუნოებისა, მოთმინებისა, მორჩილებისა და სხვათა.
ახლა ყოველი რაიცა აქამომდის იყო თქმული, მიაქციე ძმაო, შენსკენ, გულისა და სულისაკენ, და მიეც სულსა შენსა სულიერი სწავლა და აღშენება. ჩვენთვის დაიწერა ესე ყოველი. ჰხედავ, რა სარწმუნოება, გონიერება გამოიჩინა უბრალომან ამა დედაკაცმა, უსწავლელმან და თითქმის წარმართთაგანმან. სირცხვილი არ ქნება ჩვენთვის, რომ არ გვქონდეს მტკიცე სარწმუნოება დროსა ლოცვისასა! შენი ლოცვაც უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი. ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ქანანელმა დედაკაცმა. ბოლომდის უნდა მიიყვანო შენი მოთმინება, მორჩილება, სიმდაბლე, სიმშვიდე. განა ღმერთმა წინადვე არ იცის, რა კაცი ხარ; მაგრამ შენ კი არ იცი ესა, შენ უნდა შეგატყობინოს, რა თვისება გაქვს, რა არის კარგი, ან ცუდი შენს შორის. უფლისა იესო ქრისტეს მოქმედებამ, ესე იგი, რომ მან უჩვეულო ხასიათი მიიღო, ნაცვლად ჩვეულებრივისა მოწყალებისა, ლმობიერებისა, გამოიჩინა ფიცხელობა და შეურაცხყოფა დედაკაცისადმი, გასწავლოს შენ, რომ კაცის ხასიათზე და მოქმედებაზე არ უნდა იფიქრო და მიიღო გადაწყვეტილი აზრი, მისი გარეგანისა მოქცევისა და ლაპარაკისაგან, არამედ იმას უფრო უნდა უყურო, რა განზრახვა აქვს კაცს, რა მიზანი ანუ საგანი ამოქმედებს და ალაპარაკებს. ამინ.