მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო! უწყოდი, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეს,
და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი, იგი შენი ქვეყანასა (მათ. 25, 24-25).
ამ სიტყვებით უნდოდა დაემალა თვისი უკმაყოფილება და დრტვინვა მესამესა მონასა, რომელმან მიიღო ერთი მხოლოდ ქანქარი, ანუ ტალანტი, მან დაინახა, რომ სხვათა მონათა მიიღეს ხუთ-ხუთი და ორ-ორი ტალანტი მეფისაგან, და ეწყინა, იფიქრა, რა უნდა მოვიგო ამ ერთი ტალანტისაგანო. ერთი სიტყვით, უკმაყოფილო დარჩა თავის გულში, დრტვინვა დაიწყო. მრავალნი არიან მსგავსნი ქვეყანაზედ მონისა ამის. ძლივს შეიძლება მოპოება ქვეყანაზედ ისეთი კაცისა, რომელიც არ დრტვინავდეს, არ სტიროდეს, არ სჩიოდეს თვის ხვედრზედ, ანუ მდგომარეობაზედ. ზოგი ერთზე რამეზე დრტვინავს, ზოგი - მეორეზე; ყოველიფრით კმაყოფილი და მადლიერი ღმერთზედ კაცი თითქმის არ იპოვება ქვეყანაზედ. რისგან არის ესა? რისგან წარმოსდგება ეს საზოგადო დრტვინვა და უმადურება კაცთა. მიზეზი ამისა არა ერთია, არამედ მრავალი. მაგალითებრ: ზოგიერთი კაცი უკმაყოფილო არის თავის ხვედრზედ მისთვის, რომ მის ჭკუას და გონებას არა აქვს კანონიერი მიმართულება, არ იცის კანონიერი მსჯელობა. იტყვიან ერთს ძველი დროების მეფეზედ, ერთხელ ქუჩაში რომ დასეირნობდა, დაინახა რამდენიმე უბრალო მუშა სადილად იჯდა, პურისა და წყლის მეტი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ისე მხიარულად და სიცილით სადილობდენ, რომ შეეხარბა იმ მეფეს, ტირილი დაიწყო და სთქვა: მე არაოდეს არ მიჭამია ასე მხიარულად სადილიო, ის კი დაავიწყდა მას რაოდენი სხვა ჰქონდა დიდება, ბედნიერება და წარმატება. ზოგიერთი კაცი მარადის დრტვინავს და სჩივის მისთვის, რომ ცუდი გუნება აქვს, მარადის სნეულს კაცს დაემსგავსება; კიდეც რომ ყოველიფერი ჰქონდეს ქვეყანაზე, მაინც გუნება არ აძლევს მას კმაყოფილებას, ზოგიერთი დრტვინავს და უკმაყოფილოა მისთვის, რომ სუსტი ხასიათი აქვს, სიმტკიცე არა აქვს სულისა და გულისა, ვერ მისცემს საზღვარს თვისთა სურვილთა და მისწრაფებათა. ალექსანდრე მაკედონელმა მრავალი ქვეყანა დაიმორჩილა, მაგრამ მაინც ვერ გაჩერდა, კიდევ უნდოდა ბრძოლა და მთელი დედამიწის დაპყრობა. სოლომონ ბრძენს ჰქონდა ყოველგვარი ნუგეში და კმაყოფილება, რასაც კაცის გული წარმოიდგენს მაგრამ მაინც მოწყენილი იყო და დრტვინოდა: "ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაო", - ოხვრით იტყოდა იგი: ეს მისთვის, რომ საზღვარი არ დაუდვა თვისთა სურვილთა და გრძნობათა. ბოლოს, ზოგიერთი მარადის უკმაყოფილოა, დრტვინავს მისთვის, რომ ზარმაცია და უსაქმოდ უყვარს ყოფნა. იმ ზარმაცი და მედგარი მონისათვის ერთის მაგივრად ხუთი ტალანტიც რომ მიეცა მეფესა, მაინც დრტვინვას დაიწყებდა. შრომა, მეცადინეობა კმაყოფილებას გააჩენს კაცის გულში, ზარმაცობა კი - უკმაყოფილებას.
მაინც რა გამოვა ამისთანა უკმაყოფილებისაგან! გამოვა, პირველად, უგუნურება და უბედურება კაცისა. დრტვინვით, უკმაყოფილებით ვერაფერს ვერ გამოასწორებს კაცი. მარადის მოწყენილი, მარადის მდრტვინველი კაცი თავის თავს თითქმის განგებ აუბედურებს. ჭკვიანი, კეთილგონიერი კაცი მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაშიც იყოს, შეუძლია თავის დაწყნარებულს კეთილ სულში მოიპოვოს მრავალი ნუგეში და კეთილი აზრი. ნამდვილი მწუხარება და უბედურება გადიდდება და დამძიმდება წუხილით და დრტვინვით; ხოლო დამცირდება და გაჰქრება, თუ კაცი სულგრძელია და მომთმენი. გარნა სუყველაზე უარესი და საშინელი ის არის, რომ კაცი მდრტვინველი, უკმაყოფილო, ადვილად დაჰკარგავს საუკუნო ცხოვრებას და ნეტარებასაც. ეს მისთვის, რომ იმას შეუმცირდება სარწმუნოება, დააკლდება სასოება, კარგად ვერ ილოცავს, ღვთის სიყვარული აღარა აქვს, ყოველი მოყვასი ეძაგება.
რა განჰკურნავს ამ სენს? განჰკურნავს მხოლოდ სახარება, ქრისტე იესოს სჯული. იგი გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთი არის მამა ჩვენი. თუ შენ ღმერთი ცხოვლად გწამს და გახსოვს, რომ იგი არის შენი ზეციერი მამა, ეს განკურნავს ყოველს შენსა მწუხარებასა, მისთვის, რომ ადვილად მოითმენ ყოველს აქაურს მწუხარებას, რადგანაც მოელი, სასოება გაქვს მიიღო ზეციერი, დაუსრულებელი ნუგეში და ბედნიერება, რომელიც და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი