იგავი ვენახსა ზედა (მათ. 21, 32-42).
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყურადღებით მოისმინეთ დღეს წარკითხული სახარებისაგან იგავი. უეჭველია, კიდეც მიჰხვდით, რომ ამ იგავში უფალმან იესო ქრისტემან მიფარულად და საიდუმლოდ აღწერა ბოროტი თვისება, უნაყოფოება, უმადურება ებრაელთა. ვენახი იგი, რომელი დაასხა სახლსა უფალმან, მიფარულად ჰნიშნავდა იუდეიათ ქვეყანასა; სახლისა უფალი თვით ღმერთსა; ზღუდე ვენახისა, საწნახელი, გოდოლი, რომელი აღაშენა სახლისა უფალმან, მოასწავებენ ყოველთა მათ ხორცილთა და სულიერთა სიკეთეთა, მშვიდობასა, სიმდიდრესა, სჯულსა, მადლსა, რომლითა ღმერთმან შეზღუდა და შეამკო ქვეყანა იგი ურიათა. რისთვის მისცა ღმერთმან ეგოდენი მადლი ურიათა? მისთვის, რომ თავ-თავის დროზედ გამოიღონ ნაყოფი, ესე იგი: სარწმუნოება, სასოება, კეთილნი საქმენი და სხვა; მაგრამ მათ ნაყოფი არ გამოიღეს. ნაცვლად ამისა, როდესაც გაჰგზავნიდა ღმერთი მონათა თვისთა წინასწარმეტყველთა ნაყოფის მისაღებად, ურიანი მათს სიტყვას არ ისმენდნენ, ზოგიერთს მათგანს სცემდენ და სტანჯვიდენ, ზოგს მოჰკვლიდენ. ბოლოს ღმერთმან გაჰგზავნა მათთან ძე ღვთისა, მხოლოდ-შობილი, რათა უკანასკნელი ზომა მიიღოს; გარნა ურიათა არ შეიკვდიმეს მისიც, არამედ გამოიყვანეს იგი სავენახესა გარეთ, ესე იგი იერუსალიმით, და ჯვარს აცვეს იგი. ესრეთი იყო უმადურება და ბოროტება ერთა! ესრეთისა მათისა ბოროტებისათვის უფალმან გამოუცხადა, რაც დაემართებოდა მათ: ამისათვის გეტყვი თქვენ, ვითარმედ მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაი და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. (მათ. 21, 43). აჰა, რა საშინელი სასჯელი მიეცა ურიათა? ღმერთი მათგან განეშორა, იგინი მოაკლდენ მადლსა და სასუფეველსა ღვთისასა, სასუფეველი ღვთისა ახლა მოგვეცა ჩვენ, ქრისტიანეთა, მაგრამ ჩვენც იმ პირობით, რომელი პირობითაც ჰქონდა მიცემული ურიათა, ესე იგი, რათა გამოვიღოთ მისი შესაფერი ნაყოფი. მაშასადამე ნუ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, რომ იგავი ესე, დღეს წაკითხული, შეეხება მხოლოდ ურიათა. არა! ახლა ჩვენ, ქრისტიანეთა უმეტესად შეგვეხება და გვასწავლის იგი. ჩვენ, ქრისტიანეთა, მოგვცა ღმერთმან უმეტესნი და უდიდესნი მადლნი და სიკეთენი. ნაცვლად მოსეს სჯულისა, ჩვენ შეგვზღვნა ღმერთმან სახარებითა; საწნახლად ააშენა წმიდა ეკლესია და გოდოლად მას შინა დასდვა ცხოველს-მყოფელი თვისი ჯვარი. მაშასადამე, ჩვენგან ღმერთი მოელის უმაღლესსა ნაყოფსა. რა ნაყოფი უნდა მივართვათ ჩვენ, ქრისტიანეთა, ღმერთსა? წმინდა, მართალი და უბიწო ცხოვრება - აჰა ნაყოფი, რომელსა მოელის ჩვენგან ღმერთი ჩვენი. ვიდრემდის ჩვენ ვცდილობთ ესრეთისა ნაყოფისა გამოღებას, ჩვენ ვიქმნებით შეყვარებული ღვთის ვენახი. ამისათვის ყოველს წირვაზე ვევედრებით ღმერთსა ხელ-აპყრობილნი: გარდამოიხილე, ღმერთო, ზეცით, და იხილე, და მოჰხედე ვენახსა ამას, და განამტკიცე, რომელი დაასხა მარჯვენემან შენმან. როდესაც გესმის ეს უცხო სიტყვები, ძმანო, გაიხსოვნე, რომ ქრისტიანული ერი, წმიდა მართლ-მადიდებელი ეკლესია ახლა არის ვენახი ღვთისა და ჩვენ ყოველნი ერთბაშად ვართ მუშაკნი ღვთის ვენახისანი. ხოლო სახელდობრ ჩვენ, ერი ქართველი და საქართველოს ეკლესია, არის ერთი უძველესთა ვენახთა ღვთისთაგანი. ჩვენ, უწინარეს მრავალთა აწინდელთა ქრისტიანულთა ერთა, გვიწოდა ზეციერმან მამამან მუშაკად თვის ვენახში. აქედგან საკუთრად ჩვენთვის გამოდის ის სწავლა, გაფრთხილება, რომ არ დავემსგავსოთ იმ მეორე იგავში მოყვანილს უფროსს ძმას, რომელსა მამამ თვისმა უბრძანა წასვლად ვენახში მუშაობად, და რომელმან აღუთქვა - წავალო და არ წავიდა, მოატყუა მამა. თუ ჩვენ, უწინარეს სხვათა წოდებულნი და წოდების მსმენელნი, არ ვიქმნებით კარგი მუშაკნი, ამით სწორედ დავემსგავსებით მას უფროსსა შვილსა და შევიქმნებით მყუარნი ღვთის წინაშე, რომელიც განაშოროს ჩვენგან ღმერთმან. ამინ.