ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა (მათ. 6, 33).
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, რით იწყო მაცხოვარმა ქადაგება თვისი ქვეყანაზე, რა საგანზე სთქვა მან პირველი თვისი სიტყვა ერისადმი? პირველი სიტყვა იესო ქრისტესი, როდესაც იწყო მან ქადაგება სახარებისა, იყო სასუფეველსა ზედა ღვთისასა: და შემდგომად მიცემისა იოანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებას სასუფეველისა ღუთისასა, და იტყოდა, ვითარმედ აღსრულებულ არ ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღუთისაი, შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი (მარკ. 1, 14-15). ამითვე იწყებდენ ქადაგებასა ყოველნი მოწაფენი მისნი. იგინი იტყოდენ ყოველთა, რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ახარებდენ ყოველთა სასუფეველსა ღვთისასა, შეაგონებდენ, რომ შეიწყნარონ სასუფეველი ღვთისა, შევიდენ მას შინა და განხდნენ ძენი სასუფეველისა. სჩანს, ძმანო ჩემნო, რომ ერთობ დიდი არის ეს საგანი, თუ კი ამით იწყებენ ქადაგებასა თვისსა ყოველნი წმინდანი, მაშასადამე, საჭირო არის, რომელ ჩვენცა შევიტყოთ, რაჲ არს სასუფეველი ღვთისა, როგორ უნდა შეიწყნაროს და მიიღოს კაცმა სასუფეველი ღვთისა.
თვით საღმრთო წერილი ჰხსნის, რასა შინა მდგომარეობს სასუფეველი ღვთისა; წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისსა იტყვის: არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა (რომაელთა 14, 17). ავაშენოთ ამ სიტყვებზე სწავლა სასუფეველსა ზედა ღვთისასა.
არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ. ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება, ანუ ხილული საგანი. იგი არა მდგომარეობს არცა სასმელსა და საჭმელსა შინა, არცა ტანისამოსსა, არცა სიმდიდრესა შინა, არცა ქვეყნიურსა ღირსებასა ანუ დიდებასა შინა. მაშასადამე, იგი არის უხილავი, შინაგანი თვისება გულისა და სულისა: არა არს სასუფეველი ღვთისა სასმელ და საჭმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა (რომ. 14, 17).
მაშასადამე, სასუფეველი ღვთისა პირველად მდგომარეობს სიმართლესა შინა. რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალ-გვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრისტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი განმართლება უფლისა იესო ქრისტესი სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მთელი ქრისტიანობა. აქეთგან ცხადია, რომელ სასუფეველი ღვთისა პირველად იმ კაცს აქვს გულში, რომელმაც მიითვისა ქრისტეს სჯული. მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესაგან მონიჭებული სახარება.
მეორედ სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს მშვიდობასა შინა. მშვიდობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საღმრთო წერილში. როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი, ცრუ ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს. ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმერთთან უფალმან იესო ქრისტემან, რადგანაც მან მიიღო თავის თავზედ ყოველი ჩვენი ბრალი და შეცოდება ღვთისადმი, მაგრამ იმ პირობით, თუ ჩვენ გვახსოვს მისი სწავლა, ვემორჩილებით და ვასრულებთ მისთა მცნებათა. თავის თავთან მშვიდობა აქვს კაცსა, როდესაც მას თვისი ჭკუა და სვინიდისი არაფერში არ ამტყუნებს და არ არცხვენს, როდესაც იგი არ ემორჩელება ისრეთთა ცუდთა სურვილთა, ვნებათა, მიდრეკილებათა, რომელნიც დაარღვევენ კაცის მშვიდობასა და მოსვენებასა, შთააგდებენ მას ურვასა და შფოთსა შინა, წარიტაცებენ და დაატყვევენ მას. დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოვება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდ ხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის, მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი. მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქმნებოდა, რომ ამთ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, რომ მათ არ სძინავთ ცოდვათა შინა, და სული მათი ცდილობს როგორმე გამოსვლას ცოდვისაგან. მათი მშვიდობა დაემსგავსება უფრო სასიკვდინე ძილსა, ვიდრეღა იმ მშვიდობას, რომელსა გააჩენს კაცის გულში სული წმინდა.
ბოლოს სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმინდითა. იქმნება ვისმეს გაუკვირდეს, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე, რომლისა გულში არს სასუფეველი ღვთისა, უნდა იყოს სავსე სიხარულითა. მართალია, უფალმან იესო ქრიტემან გვითხრა ჩვენ: ნეტარ იყვნენ მგლოვარენი; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირსებას და ცოდვას, მაგრამ სიხარული სულისა მიერ წმინდისა არა თუ არ არის წინააღმდეგი სულიერისა მწუხარებისა, მონანებისა, შემუსვრილებისა, არამედ პირდაპირ მისი ნაყოფია. სიხარული სულისა მიერ წმინდისა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმან მწუხარებითა და ცრემლითა განბანა სული თვისი ყოვლისაგან ბილწებისა და ამით მიიღო სიმართლე, ანუ გამართლება იესო ქრისტესი და შეურიგდა ღმერთსა და თავის თავისა.
რაც აქამდინ ვსთქვით, იმაზე ესეც უნდა დაუმატოთ: სასუფეველი ღვთისა კაცის გულში არ არის რაიმე უძრავი, არამედ თითქმის ყოველ დღე და ყოველს წამს იცვლება, ხან დიდდება, ხან მცირდება. თუ გსურთ, ძმანო ჩემნო, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გულში სასუფეველი ღვთისა და იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველ დღე განაახლოთ იგი და გააცოცხლოთ სულიერითა საზრდოითა. როგორათაც სხეული კაცისა იზრდება და განახლდება საზრდოის მიღებითა, ეგრეთვე შინაგანი ცხოვრება შენი, ესე იგი სასუფეველი ღვთისა, ყოველ დღე უნდა განახლდეს სულიერის საზრდოის მიღებითა, რომელ არს ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვა. ამინ.