და ვითარცა გარდახდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალინელმა, და მარიამ იაკობისამან, და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მოვიდნენ და სცხონ მას (მარკ. 16,1).
რა მშვენიერი და ღირსი ქებისა იყო, ძმანო ქრისტიანენო, მოქცევა მენელსაცხებლეთა მათ, რომელთა ხსენებასა დღეს აასრულებს წმინდა ეკკლესია! მათ მოინდომეს მსახურება და პატივისცემა მიცვალებულისა, უპატიოდ დასჯილისა, განკიცხულისა, ჯვარცმულისა, ავაზაკთა შორის შერაცხულისა. მათ არ შეეშინდათ უწყალოთა იესო ქრისტეს მტერთაგან, რომელნი სდევნიდენ ყოველთა მისთა მეგობართა. იგინი უანგაროდ და თავგადადებით, ადრე განთიადისას მიდიან, რათა ძვირფასითა ნელსაცხებელით სცხონ მისი გვამი. მათ ჯერ არ იცოდენ, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა. იგინი ვერც მოიფიქრებდნენ, რომელ მომავალს დროებაში მთელი ქვეყანა გახდება თაყვანისმცემელი იესო ქრისტესი. თუ კი თვით მოციქულთა არ ესმოდათ ეგერ ეს დიდი ჭეშმარიტება, მენელსაცხებლენი დედანი როგორ მიხვდებოდნენ ამას: მოციქულნი და მოწაფენი ქრისტესნი შიშისაგან დაიფანტნენ და დაიმალენ, გარნა სუსტნი დედანი თამამად გამოაჩენენ თავთა მათთა იესო ქრისტეს პატივის-მცემლად. აჰა, დიდი და უსაჭიროესი მაგალითი ყოველთა ქრისტიანეთათვის. ქრისტიანმა კაცმა ყოველი კეთილი საქმე, ქველის მოქმედება უნდა აღასრულოს პირველად უსასყიდლოდ, უანგაროდ. რამ განაღვიძა მენელსაცხებლები მსახურებად დამარხულისა იესო ქრისტესა? რამ მისცა მათ ეგოდენი მხნეობა და მამაცობა, რომ არაფრის არ შეეშინდათ? ერთმა მხოლოდ მათმა კეთილმა ხასიათმა, დედობრივმა სიყვარულმა და პატივისცემამ, და არა სასყიდლის მოლოდინმა. თუ კაცი კეთილს საქმეს იქმს მისთვის, რომ სახეში აქვს რამე სასყიდლის მიღება, ანუ ჯილდოისა, მაშინ მის კეთილს საქმეს არა აქვს ზნეობითი მნიშვნელობა.
მართალია, თვით საღმრთო წერილი კაცსა კეთილსა, ქველის მოქმედსა, აღუთქვამს სასუფეველსა ცათასა, გვირგვინსა, ზეციერსა დიდებასა, საუკუნოსა ნეტარებასა. არც ცოდვა არის, რომ კაცი განაღვიძებდეს თავის თავს ქველის მოქმედებისათვის და წმინდა ცხოვრებისათვის წარმოდგენითა ხსენებულთა ზეციერთა ჯილდოთასა. მსგავსადვე ამისა, იგივე სიტყვა ღვთისა ემუქრება და შეაშინებს ცოდვის მოურიდებელსა კაცსა საუკუნო დასჯითა, დაუშრეტელი ცეცხლითა, დაუძინებელი მატლებითა და სხვათა საშინელთა სასჯელთა მიერ; კიდეც უნდა წარმოიდგენდეს კაცი ხშირად ამათ ყოველთა და მით გააფრთხილებდეს თავსა თვისსა. გარნა იგივე საღმრთო წერილი და წმინდანი მამანი განგვიმარტებენ, რომელ თუ ქრისტიანე მარტო შიშისაგან სასჯელთასა და სურვილისა გამო ჯილდოისა მოერიდება ცოდვათა და იქმს კეთილსა საქმესა, იგი სდგას დაბალსა ზედა ხარისხსა სათნოებისათა, იგი ანგაარებით იქმს კეთილსა საქმესა. ხოლო უმაღლესი ხარისხი სათნოებისა ის არის, როდესაც ქრისტიანე კაცი კეთილსა იქმს, წმინდად სცხოვრობს, განღვიძებული ღვთის სიყვარულითა და მოყვსის სიყვარულითა. ესენი უნდა მიგიზიდავდენ შენ. თვით ღმერთიც არა მისთვის უნდა გიყვარდეს უმეტეს ყოვლისა, რომელ იგი აღგითქვამს შენ და კიდეც მოგცემს სასყიდელსა, არამედ მისთვის, რომელ იგი არის უმჯობესი, უდიდესი, უკეთესი ყოვლისა და ყოვლითა. მოყვასი შენი უნდა გიყვარდეს და ყოველს კეთილს საქმეს იქმოდე არა მისთვის, რომ მერმე დაგაჯილდოვებს იგი, გადაგიხდის, არამედ მისთვის, რომ თვით სიყვარული მოყვსისა და ყოვლისა კეთილისა საქმისა არის კარგი, პატიოსანი და ღირსი შენისა ბუნებისა. მაშასადამე თვით გუნება შენი, ანუ ხასიათი, თვისება, უნდა მიგიზიდავდეს მათდამი. როგორც სხეული შენი მოითხოვს საჭმელსა, მსგავსადვე სული და გული უნდა ითხოვდეს ყოველსა კეთილსა საქმესა.
მეორედ, კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი უნდა იყოს თავ-გამომეტებული, თავ-გადადებული. კეთილთა საქმეთა შორის იგინი უფრო დიდი ფასისა არიან, რომელნიც ჩვენგან მოითხოვენ მომეტებულსა შრომასა და თავის დადებასა. მდიდარმა კაცმა მცირე მოწყალება რომ გამოიღოს გაჭირვებული კაცისათვის, რა დიდი რამ იქნება; და თუ ამასაც არა იქმს, მაშინ იგი კიდეც დაისჯება. გარნა კაცი, რომელიც თვითონაც ღარიბია, მაგრამ გამოიმეტებს და მისცემს მას მოწყალებას, რასაკვირველია უფრო დიდი ფასი ექმნება მის კეთილ საქმეს. მდიდარს და შეძლებულს კაცს რომ ემსახუროს ვინმე, პატივი სცეს, რა იქმნება; გარნა თუ საწყალს კაცს, დაჩაგრულს ემსახურე, შეეწიე რომლისაგან არაფერს მოელი, ეს მართლა კარგი და მოსაწონი საქმე იქმნება.
მენელსაცხებლეთა დედათა არა მიხედეს თავიანთს სისუსტესა, შიშსა, თავი გამოიმეტეს, და მისთვის დიდი ფასი ჰქონდა მათსა საქციელსა. უსაჭიროესი ზნეობითი საქმე ყოველი ქრისტიანე კაცისათვის ის არის, რომ მისი ცუდი ბუნება შეიცვალოს კარგ ბუნებათ, ხასიათი გაუკეთდეს, სულიერნი თვისებანი მისნი გაუმჯობესდნენ, თესლი იგი ხრწნილებისა, რომელიც არის მის ბუნებაში განქარდეს, ერთი სიტყვით, იგი შეიქმნეს ღვთის კაცად, გამზადებულად ყოვლისა კეთილისა საქმისათვის. რა სარგებელი ექმნება იმ კაცს, რომელიც თუმცა კი იქმს ზოგჯერ ზოგიერთთა კეთილთა საქმეთა, გარნა არა საუნჯისაგან კეთილისა გულისა თვისისა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, არამედ შემთხვევით, ანუ სხვა რომელიმე უჯერო მიზეზისაგან, მაშინ როდესაც ყოველთა ცოდვათა და ცუდ საქმეთა იგი იქმს ხშირად გულითადი ერთგულობით, ანუ, როგორადაც თქმულ არს საღმრთოსა წერილსა შინა: ბოროტისაგან საუნჯისა გულისა მისისა გამოიღის ბოროტი. კარგია ისიც, როდესაც მონას ეშინია უფლისა თვისისა და ამისათვის რიგიანად ემსახურება მას; ამაზედ უმჯობესია, როდესაც მონა იფიქრებს: უფალი ჩემი დიდი კაცი არის, მდიდარი, თუ კარგად ვასიამოვნე, ვემსახურე, მოწყალებას მომცემს, დამაჯილდოვებს, და ცდილობს კარგად ემსახუროს მას. გარნა ამას ორივეს ის სჯობია, როდესაც მონას მართლა უყვარს თვით უფალი, უყვარს მისთვის, რომ ხედავს სიკეთესა, სახიერებასა, მისსა და ემსახურება მას ერთგულად, თავ-გადადებით. ესრეთ ვფიქრობდეთ და ვიქმოდეთ ჩვენცა, მონანი ღვთისანი: მას ვემსახურებოდეთ, იგი შევიყვაროთ, მას ვემორჩილოთ, მისთვის, რომ იგი არის სახიერი მამა ჩვენი, მხოლო ღირსი ყოვლისა პატივისა და მორჩილებისა. სწორედ ასე მოიქცენ ნეტარნიცა იგინი მენელსაცხებლენი. ამინ.