თეოდორობის კვირიაკის ოთხშაბათს იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე (ისაია 43,26).
წინასწარმეტყველი ისაია პირისაგან ღვთისა ხშირად ამხილებდა ურიათა უსჯულოებათა მათთათვის, და შეაგონებდა სინანულსა და განმართლებასა ღვთის წინაშე და თუმცა ურიანი ხშირად ამწარებდენ ღმერთსა ურჩებითა თავიანთითა, გარნა ღმერთი მაინც არ ივიწყებს მოწყალებასა თვისსა მათდამი, და აღუთქვამდა მათ აღხოცვას ცოდვათა მათთა, თუ შეინანებდენ: მე ვარ იგივე აღმხოცველი უსჯულოებათა თქვენთა და ცოდვათა თქვენთა არღა მოვიხსენებ. ხმობდა იგი მათდამი. გარნა ცოდვათა მოტევებას და განმართლებას იმ პირობით აღუთქვამდა, თუ იგინი თვითონვე იტყოდენ (აღიარებდენ) ცოდვათა თვისთა: იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე. აქედგან სჩანს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ძმანო ჩემნო აღსარებას. უიმისოდ კაცი ვერ განმართლდება ღვთის წინაშე. რისთვის არის ესა? რა ძალი და მადლი აქვს აღსარებას? აღვხსნათ ეს, ვინაითგან თქვენ ყოველი ემზადებით აღსარების თქმად და ზიარების მიღებად.აღსარების ძალასა და მადლსა მაშინ შევიტყობთ, როდესაც წინაპირველად განვსაზღვრავთ, რაი არს აღსარება. აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავის სინიდისისაგან მხილებული და იძულებული, პირველად თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს. თავის უღირსებას და სიცოდვეს პირუთვნელად ჯერ თავის გულში, და მერმე მოძღვარს აღუარებს თავის ცოდვას, ეტყვის, დანაშაული ვარ ამ ცოდვაშიო. თვით ამ მოკლე განმარტებისგან ცხადად სჩანს, რა მადლი და ნაყოფი ექნება ჭეშმარიტს აღსარებას.
მართლა, ჭეშმარიტ აღსარებას წინ უძღვის ჩუმი, შინაგანი გამოკვლევა სულიერის მდგომარეობისა. აწ წინაპირველად კაცი შეიტყობს, არა თუ მარტო იმას რა ცოდვა ქნა, არამედ იმასაც, რა მიზეზისაგან წარმოდგენ მისი ცოდვები, რა ხასიათი აქვს მათ და რა თვისებანი. მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავს, შეწუხდება და მოინდომებს აღსარებას. უეჭველია, რომ სხვაც, ამის მეტი ღირსება არ ჰქონდეს აღსარებას, მარტო ამისთანა გამოკვლევაც და შეტყობა საკუთარისა ხასიათისა და შინაგანი სულიერი მდგომარეობისა დიდს სულიერს სარგებლობას მოუტანს კაცს.
გარნა საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა, რომ მან სხვას ვისმეს აღუაროს თავის ცოდვა. იტყოდენ შენ ცოდვათა შენთა პირველად, რათა განმართლდე, რაც გინდა გონიერი იყოს კაცი და პირუთვნელი, თვითონ სიმართლით ვერ ასწონის თვისსა სიცოდვესა და უღირსებას. ყოველი კაცი თავის-მოყვარეა, თავის თავს ეფერება და ადვილად შეუნდობს თვისთა ცოდვათა. ამისთვის საჭირო არის, რომ მან ვინმე მასზედ უფრო გამოცდილი და პირუთვნელი კაცი მოიხმაროს ამ საქმეში. გარდა ამისა, ცოდვისა აღსარებას აქვს ის განსხვავებული მოქმედება, რომ მით კაცი თავის ცოდვას შგნიდან გარე გამოიყვანს და მით თავის სულიერს მდგომარეობას დაინახავს, ვითარცა სარკეში. ცოდვა ერთ ნაირად ემზგავსება ეკალს, რომელი შეერჭო კაცს ხორცში; სანამ ეკალს ხორციდან არ გამოიღებს, მისი წყლული არ მორჩება; მზგავსადვე, თუ კაცმა არ წარმოსთქვა აღსარებაში ცოდვა და მით იგი, ესრედ ვსთქვათ, არ გამოგდო, არ უარ ჰყო, მაშასადამე, იგი მის გულში დარჩება სავნებელად მისდა. უბრალო ერის კაცსაც რომ აღუარო შენი ცოდვა და რჩევა მოითხოვო, მაშინაც მიიღებ რამე სარგებლობას; კიდეც გვირჩევს წმინდა მოციქული, რომ აღუარებდეთ ერთმანეთს ცოდვებსა ჩვენსა. პირველ საუკუნოებში კიდეც იყო ჩვეულება, რომ ქრისტიანენი თვით ეკლესიაში ხმამაღლა აღიარებდენ თავიანთთა ცოდვათა წინაშე შეკრებილთა ქრისტიანეთა, და მოითხოვდენ შენდობასა.
გარნა, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, უმაღლესი მნიშვნელობა და მადლი ქრისტიანულისა აღსარებისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანი, რომ იმაში მოქმედობს არა ჩვენ უღირსთა კაცთა მადლი, არამედ სულიწმინდის მაცხოვარებითი მადლი, ასე რომ გარეშე აღსარებისა და მოძღვრებისაგან შენდობის მიცემისა არ შეუძლია კაცს გამართლდეს, ცხონდეს. უთუოდ წინასწარმეტყველმა ისაიამ, რომელიც იმავე სულიწმიდის ძალით წინასწარმეტყველობდა, იმ ზემო მოყვანილი სიტყვით წინადვე აღნიშნა ჩვენი საღმრთო საიდუმლო: იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე. წმიდანი მამანი ამიტომ უწოდებენ სინანულს და აღსარებას მეორე ნათლისღებად. არავის არ შეუძლია ქვეყანაზედ უცოდველად გაატაროს ცხოვრება შემდგომად ნათლისღებისა, ხოლო ვიცით ჩვენ, რომ ცოდვა კაცს ღვთისაგან გააშორებს; ის საღმრთო კავშირი - მამაშვილობა, რომელსაც მივიღებთ ნათლისღებაში, გვეკარგება ცოდვათა ჩვენთა გამო. მხოლოდ გულწრფელის აღსარების თქმით სულიწმიდა საიდუმლოდ აღადგენს ცოდვისაგან განწყვეტილს ჩვენს კავშირს ღვთისათანა. აქედან ვისწავლოთ, ძმაო, რა შიშით, რა კრძალვით, რა მოთმინებით, მარხვით, ცრემლიანი ლოცვით უნდა ვასრულებდეთ ამ დიდს საიდუმლოს! ხელახლა უნდა ვეძიოთ ზეციერი მამა, რომელიც დავკარგეთ ცოდვათა ჩვენთა გამო, და აღვადგინოთ მასთან მამაშვილობა, რომელიც და მოგვცეს ჩვენ მხოლოდშობილმან ძემან ღვთისამან მადლითა თვისითა. ამინ.