ვიმარხვოთ მარხვა წმინდა, სათნო უფლისა. ჭეშმარიტი მარხვა არს ბოროტთა უცხო ყოფა, დაჭირვა ენისა,
აღვირის სხმა გულის წყრომისა, და განშორება ბოროტთა გულის თქმათა, ტყუილისა და ცრუ ფიცისა. (საგალობელი მარხვნისა).
საგალობელი ესე დიდმარხვნისა არის ჭეშმარიტი და უმჯობესი ქადაგება ამა მარხვის დღეთა შინა. ჩვენი ქადაგება იქნება სუსტი და გრძელი, ხოლო ეს ქადაგებაა როგორც მოკლე, ისე ძლიერი და მტკიცე. მით უმეტესად უნდა მივაქციოთ, ძმანო, ყურადღება მასზედ და შევიტყოთ რას გვასწავლის იგი.
ვიმარხვოთ მარხვა წმინდა, სათნო უფლისა. სჩანს, რომ არა ყოველი მარხვა არის წმინდა, სათნო უფლისა. რომელი არის ესრეთი მარხვა? ის, როდესაც შენ მარტო საჭმელს გამოიცვლი, ანუ დაიკლებ, ანუ იქნება სულ არ სჭამ, მაგრამ ყოფა-ქცევას არ იცვლი. საჭმელს აღარ სჭამ, გარნა მოყვასთა შენთა, სახლეულობასა შენსა, მეზობელთა, აწუხებ, სჭამ მრისხანებითა და გულის წყრომითა. არა სათნო არს ღვთისა მარხვა, თუ შენ ეკლესიაში ამ დღეთა შინა ხატისა წინაშე დავარდები, ევედრები ღმერთსა მოგიტევოს ცოდვანი შენნი, ხოლო გამოსრული ეკლესიისაგან მიიქცევი სასამართლოში, საწყალსა ღარიბსა მოვალესა წაართმევ უკანასკნელსა ქონებასა, თუ არ მოგცა, საპყრობილეში შთააგდებ, და ატირებ მისსა სახლეულობასა. ის მარხვა არ არის ჭეშმარიტი და სათნო ღვთისა, როდესაც შენ თითქოს თავს იმდაბლებ, იტყვი, რომ უკანასკნელი ცოდვილი ვარო, და ამასთანავე ამპარტავნება გაქვს გულში, სულ ყველაზედ უკეთესად მიგაჩნია თავი, ყოველ კაცს განიკითხავ, ეკლესიაში მეტანიას იქმ, პირჯვარს დაიწერ, რაოდენიმე ხანს ილოცავ, და მერმე იფიქრებ, რომ შენ ღირსი კაცი შეიქენი და მზად ხარ, რომ თვით მაცხოვარმა მოგიწოდოს თვით სულიერს ტრაპეზზე. შენთვის მაცხოვარი თავის სისხლს და ხორცს არ ზოგავს; შენ კი არც ერთი გლახაკი არ შეგიწყნარებია, სახლში არ შეგიყვანია: შენ მას სუფრაზედ როგორ დააჯდენ, გრცხვენია მისი ძონძისა, ვინ იცის, რაოდენი არიან მახლობლად შენი სახლისა მშიერნი, ტიტველნი, შენს სახლში კი სულ-ყველანი მაძღარნი არიან, ძაღლნიც და პირუტყვნიც მსუქნები. მდიდარნი ხშირად სძღებიან შენს სახლში და გლახაკნი არა. მარხვა შენი არა სათნო არს ღვთისა, როდესაც ამ წმინდა საყდარში შენი პირისაგან გამოდის სიტყვები ლოცვისა, მადლობისა და დიდებისა, გარნა გამოხვალ რა აქედან, აღარა გახსოვს დაჭირვა ენისა, აღვირის სხმა გულის სიტყვათა, და იმავე პირისაგან, ვითარცა კვამლი და ალმური გამოდიან უუქმონი, სიტყვანი დამპალნი, მწარე ყვედრება, მაცდური შეგონება. ანუ იქნება შენ გგონია ამ ორ-სამ დღეში, ვიდრემდის ეზიარები, თითქოს თავის მოსატყუებლად, უნდა ერიდებოდე ყოველთა ცოდვათა, და მიიღებ ყოველთა შენთა უწინდელთა ჩვეულებათა.
ახლა შევიტყოთ, რომელი არის წმინდა, სათნო მარხვა. ამაზედ მოკლედ, გარნა ძლიერად გვეტყვის ზემო მოყვანილი ქადაგება მარხვნისა, მარხვა სათნო არის, ბოროტთა უცხო ყოფა, ენის დაჭირვა, გულის წყრომათა აღვირის სხმა, გაშორება ბოროტთა გულის თქმათაგან, აჰა ჭეშმარიტი სულიერი მარხვა! ესენი ყოველნი არც კი უნდა იყოს ჩვენთვის მარხვა, ესე იგი შრომა, მოღვაწება, არამედ უბრალო ჩვეულებრივი საქმე. გარნა, საუბედუროდ, ჩვენი დაცემული ბუნება, მამა პაპათაგან მიღებულნი ცუდნი ჩვეულებანი, ისე შეზრდილნი არიან ჩვენთან, რომ ახლა დიდ შრომას და მოღვაწეობას მოითხოვს ჩვენგან, რომ ზემოხსენებულნი ცოდვანი განვიშოროთ, მოვიშალოთ, ვიმარხოთ მათგან, როგორც ვმარხულობთ საჭმლისაგან. ხორციელი მარხვა, საჭმლის მოკლება დაწესებულია იმ ჭეშმარიტი მარხვისათვის, რომელსა გვიქადეგებს ზემო დაწერილი საგალობელი, უიმისოდ მას არა აქვს არც ერთი ფასი და მნიშვნელობა. ადვილი საქმეა საჭმლის გამოცვლა, ანუ დაკლება. ყოველ კაცს შეუძლია მოითმინოს უსადილოდ, ანუ მცირე რამე სჭამოს, გარნა ენის დაჭირვა, გულის წყრომის აღვირის სხმა და სხვანი მოითხოვენ დიდსა სულიერსა ღონესა. ამისათვის ვხედავთ ჩვენ, რომ საჭმელს მრავალნი ითმენენ და ცოდვებს კი არ იშლიან.
გარნა შენ, ძმაო ჩემო, თუ გონიერი კაცი ხარ, თუ გსურს რო ეს, ახლა დადგომილი დიდი მარხვა სასარგებლოდ დარჩეს სულისა შენისათვის, ყოველი ღონის-ძიება იხმარე, რომ შეიძინო მარხვა ჭეშმარიტი, სათნო ღვთისა. არა მხოლოდ შენი სტომაქი შეავიწროვო, არა მარტო მუცლით იმარხო, არამედ დაუწესე მარხვა სხვათაცა შენთა ასოთა, რომელი, საუბედუროდ, ხშირად შეიქნებიან ასონი ცოდვისანი, დააკავე ენა შენი ყოვლისა სიცრუისა და მოტყუებისაგან, აღვირი აუსხი ბოროტთა შენთა გულის თქმათა, ნუ შეუშვებ შენს გულში ბილწთა, უწმინდურთა სურვილთა, დააკავე ხელი შენი ქრთამისაგან, მტაცებლობისაგან, მოარიდე თვალი შენი ყოველსა უწმინდურსა შეხედულობასა. ყურნი შენნი აღარ ისმენდენ ამაოთა სიტყვათა, მოყვასის განკითხვათა, ჭორთა, ერთი სიტყვით, ეცადე, რომ უცხო იქმნე ყოველთა ბოროტისაგან. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი