ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!
ნაცვლად სახარების ანუ სამოციქულოის აღხსნისა, დღეს რომელნიმე გარემოებანი მაღვიძებენ მე გითხრა თქვენ რაოდენიმე სიტყვა მოწყალებასა ზედა, ანუ უმჯობეს არს, მოვიკითხო თქვენგან მოწყალება გლახაკთა და საწყალთათვის, რომელნი არიან ეს გარემოებანი? შემდგომნი:
თვით თქვენ ყოველთა იცით, რა სასტიკი და იშვიათი ზამთარი არის ახლა ჩვენს ქვეყანაში და ადვილად წარმოიდგენთ, თუ ვითა შეწუხდება და ძნელად მოითმენს ესრედსა ზამთარსა ღარიბი და საწყალი კაცი. წარმოიდგინე, ძმაო, რომ ერთი ღარიბი კაცი დღიურითა შრომითა თვისითა მოიპოვებდა დღიურსა საზრდოსა თავისთვის და თავის სახლობისათვის; წარმოიდგინე, რომ ეს კაცი უჩვეულოისა სიცივისაგან გახდა ავად. რაღა უნდა ჰქნას მან და მისმა სახლეულობამ? ესრედი მაგალითი მრავალი არის ჩვენს ქალაქში. მცირე ქალაქი არის ჩვენი ქალაქი; არა მრავალნი არიან მუნ მცხოვრებნი, გარნა მრავალნი არიან საწყალნი და ღარიბნი, მოკლებულნი ამ ჟამად საჭმლითა და სასმლითა. მე გეტყვი ორსა ანუ სამსა მაგალითსა, რომელნიცა თვით მე ნამდვილად ვიცი. ერთს სახლში... რას ვამბობ - სახლში? ერთს დაუხურავს ქოხში, რომელსა შინა შენ, ძმაო, იქმნება, ზაფხულსაც ვერ გასძლო, არა თუ ესრედს სასტიკს ზამთარში, ნაჰხავ ერთს მდებარეს უძლურს დედაკაცს და მასთან ორთა ჩჩვილთა, რომელთა სრულებით არა აქვსთ არც საჭმელი, არც ტანისამოსი, არა თუ ტფილი ტანისამოსი, არამედ თითქმის არასფერი ტანისამოსი. მეორე სახლში ნაჰხავ ერთს მუშა კაცს, რომელი დღიურითა შრომითა თვისითა ჰზრდიდა მოხუცებულს დედ-მამას და რომელი სიცივისაგან არის მდებარე უძრავად, ვინაითგან სასტიკმა ავადმყოფობამ თითქმის წაართვა მას ხელი და ფერხი. მესამე სახლში დედა-კაცი, რომელი აგრედვე თვისითა შრომითა ჰზრდიდა თავის თავს და რავდენსამე მცირე-წლოვანთა მონათესავეთა, არის დავრდომილი სასტიკითა სენითა და მოკლებული ყოვლითა საშუალობითა.
აჰა, მაგალითნი ნამდვილნი, რომელნი მე ვუწყი; გარნა რავდენნი არიან სხვანი, რომელნი მე არა ვიცი?
მეტს არაფერს გეტყვი, ძმაო! ვსასოობ, რომ შენ გიყვარს ქრისტე ღმერთი: ახლა შეიტყობს ქრისტე, რა ზომად გიყვარს შენ იგი! შენც გასინჯე თავი შენი, რა უნდა დაზოგო ქრისტესთვის, რომელმა თავი თვისი არ დაზოგა შენთვის; რას არ გამოიმეტებ მისთვის, რომელმან საკუთარი სიცოცხლე გამოიმეტა შენთვის?
ვახსენებ ქრისტეს მისთვის, რომელ შენ კაცს აძლევ მოწყალებასა, არამედ თვით ქრისტესა, რომელი გეტყვის შენ ოდესმე, უკეთუ არ განიკითხე გლახაკი: მშიერ ვიყავ და არა მეცით მე საჭმელი, უძლურ ვიყავ და არა მნახეთ მე.
სად არიან ეს საწყალნი? მე არ ვიცნობ მათ, მეტყვის ვინმე. მოძებნე, შეიტყვე! უსაწყლესი ყოველთა გლახაკი ის არის, რომელი შენთან ვერ მოვა და შენ ვერ შეგაწუხებს. მოწყალების გაცემასაც უნდა ჭკუა და სიბრძნე: არა ყოველი გლახაკი არის ღირსი შებრალებისა. ვინც ზარმაცობით და ცუდის ცხოვრებით თავი გაიფუჭა და წაიხდინა, იგი არ არის ღირსი შებრალებისა. ზოგიერთს კაცს რომ მოწყალება მისცე, თითქმის ცოდვაც არის; გარნა ვინც არა თავის ბრალით, არამედ რომელითამე უბედურითა შემთხვევითა შთავარდა სიღარიბეში, იგი არის ღირს შებრალებისა და მოწყალებისა, ვინაითგან, ვიდრემდის მას ქონდა ღონე და სიმართლე, არავის არ აწუხებდა.
ესრედ, ძმანო ჩემნო, ნაცვლად გრძელისა უბნობისა მოწყალებასა ზედა, წარვიდეთ, თვით საქმით აღვასრულოთ მოწყალება და მით ვსცნობთ, რა არის ეს სათნოება. ვაჩვენოთ უფალსა იესო ქრისტეს ჩვენი ერთგულება და სიყვარული. ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ-ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერეფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვის. რა სჩანს აქედგან? ის, რომელ იგი არ არის ნამდვილი ქრისტიანე: იგი არა ქრისტეს ემსახურება, არამედ თავის მუცელსა. ნუ ვიყოფინ ესრედ, არამედ დავამტკიცოთ, რომ ვიცით შებრალება კაცისა და მზა ვართ მსახურებად ქრისტესა. ამინ.