მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყვა ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი; სხვანი იტყოდეს, ესე არს ქრისტე.
ხოლო სხვანი იტყოდეს, ნუ უკვე გალილეად მოსვლად-არს ქრისტე? და განწვალება იყო მისთვის ერსა შორის; და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობა მისი, და არავინ მიჰყვნა ხელნი მის ზედა (იოან. ზ,მ-მდ).
დასასრულსა დიდისა დღესასწაულისასა მაცხოვარი, ჩვეულებისამებრ თვისისა, დასდგა შორის ერისა და იწყო სწავლად და ქადაგებად; იგი აძლევდა ნუგეშს მორწმუნეთა თვისთა, აღუთქვამდა რა მათ მოვლინებასა განმანათლებლისა სულისა წმიდისასა, და სხვათა მრავალთა ეტყოდა მათ სწავლათა და მოძღვრებათა. გარნა მსმენელთა მისთა შორის გაჩნდა ამაზედ ცილობა და შფოთი; ზოგნი იტყოდნენ: ის წინასწარმეტყველი არისო და კეთილად გვასწავლისო; სხვანი ამბობდენ: იგი ცბიერი არისო და ცუდად გვასწავლისო; ერთი სიტყვით, დიდი განწვალება და შფოთი იყო ერსა შორის მისთვის. რას ნიშნავდა, ძმანო ჩემნო, ეს გასაოცარი ცილობა და განწვალება? რისთვის აღსდგა ეს შფოთი და უკმაყოფილება? რას ეტყოდა მათ მაცხოვარი საწყენსა? იგი აღუთქვამდა მოახლებასა უმჯობესისა დროებისა, როდესაც იგინი მიიღებენ განათლებასა სულისა წმიდისაგან; იგი აძლევდა მათ ნუგეშისცემასა და სწავლასა. მაშასადამე, რისთვის იწყეს ამთ შფოთი? რისთვის გაჩნდა მათ შორის განწვალება? ზოგიერთა მსმენელთა იესო ქრისტესთა, ვითარცა შენიშნულ-არს თვით სახარებასა შინა, ვერც კი გაიგეს ნამდვილი ჰაზრი მისისა სიტყვისა, ვინაიდგან სულიწმიდა, რომელსა იგი აღუთქვამდა მათ არ იყო ჯერეც ცნობილი მათგან. მაშასადამე, რისთვის იწყეს მათ ცილობა და შფოთი? რა ეჩვენათ მათ წინააღმდეგად?
ეს საკვირველი გარემოება, აღწერილი დღევანდელს სახარებასა შინა, გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, ერთს ფრიად შესანიშნავს ჭეშმარიტებას, ესე იგი, რა მძიმე და ძნელი საქმე არის ქადაგება სიტყვისა ღვთისა. რაჲ არს ქადაგება და როგორ უნდა ჰქადაგებდეს სულიერი მოძღვარი სიტყვასა ღვთისასა?
ქადაგება სიტყვისა ღვთისა, ძმანო საყვარელნო, ორ-გვარი არის და ორ-გვარად აღსრულდება. პირველად შეიძლება, რომ მქადაგებელმან სახარებასა შინა მისსა გამოსთქვას მხოლოდ ისრეთნი ჰაზრნი, რომელნიცა არიან საზოგადონი, განყენებულნი ანუ განშორებულნი ცხოვრებისაგან, არავის პირდა-პირ არ შეეხებიან, არავის არ მისცემენ განსაკუთრებითსა სწავლასა და დარიგებასა, არამედ ყოვლისა მსმენელისათვის იქმნებიან ერთგვარნი და ერთის ფასისანი. ესრეთი ქადაგება არავის არ გააჯავრებს, გარნა სარგებლობასაცა დიდსა არავის მისცემს. შეიძლება, რომ იგი იყოს დაწერილი მჭევრმეტყველად, მაღალთა ლექსთა შინა, გარნა სარგებლობა მისი საეჭვო არის. მსმენელნი გულ-გრილად მიიღებენ ესრეთსა ქადაგებასა. იქმნება მათ კიდეც აქონ მქადაგებელნი, გარნა გულში არ დაუშთებათ არცა ერთი საკუთარი სარგებლობა.
მეორე სახე ქადაგებისა არის სხვა. აქ მქადაგებელი ცდილობს, რომ სიტყვა მისი იყოს დაახლოვებული მსმენელთა მისითა თანა; იგი წინა-პირველად შეიტყობს სულიერთა ნაკლულევანებათა და საჭიროებათა მსმენელთასა და მერმე იწყებს დარიგებასა და მოძღვრებასა მათსა; იგი ცდილობს, რათა სიტყვა მისი იყოს არა უქმი და განყენებული, მავალი ღრუბელთა ზედა, არამედ მახლობელ კაცთა, ცხოველ და გამოყვანილ თვით კაცის ცხოვრებისაგან, მისთვის, რათა ყოველმან კაცმან დაინახოს სიტყვათა შინა მისითა, ვითარცა სარკესა, მისი სულიერი მდგომარეობა. ესრეთი მქადაგებელი არ მისდევს მაღალთა ლექსთა, არ ეძიებს მჭევრ-მეტყველობასა, გარნა ცდილობს, რომ მარტივი სიტყვა მისი შევიდეს გულსა შინა მსმენელთასა და დასტოვოს მუნ რომელიმე კვალი. ესრეთნი ქადაგებანი არიან უმეტესად სასარგებლონი ერისათვის: გარნა მქადაგებელსა უნდა ახსოვდეს, რომელ იგი ხშირად აღძრავენ უკმაყოფილებასა და შფოთსა შორის მსმენელთა.
ახლა გამოვითხოვ თქვენგან, ძმანო, ნებას, მივაქციო სიტყვა ჩვენი ჩვენზედვე. მოვალეობისამებრ ჩვენისა, ვითარცა აქაურმა შობითგანვე, ჩვენ შევიტყვეთ, რა ნაკლულევანება და საჭიროება აქვსთ მცხოვრებთა ჩვენის ქვეყნისათა, და გვსურს, რათა დავნერგოთ გულთა შინა მათთა რომელიმე ზრუნვა გამოცვლად მათისა ზნეობისა და ყოფა-ქცევისა. მარად-ჟამ, ყოველთა ადგილთა და სოფლებთა შინა ვამხილებდეთ ჩვენ ორთა საშინელთა და დამღუპველთა ჩვენთა ცოდვათა, ესე იგი უქმად დროების დაკარგვასა და ურთიერთშორის მტერობასა და განხეთქილებასა. თითქმის ყოველსა კაცსა ვაჩვენებდით მისსა საკუთარსა ნაკლულევანებასა. არ არის საკვირველი, რომელ ესრეთმან, დაახლოებულმან ჩვენმან სიტყვამან განამწარა რომელნიმე პირნი. ყოველი კაცი თავისმოყვარეა და არ მოსწონს, როდესაც მას გამოუხატვენ ცხადად ცუდსა მისსა ხასიათსა; ამისთვის ჩვენზედაცა მოხდა რაოდენიმე ცილობა და განწვალება. გარნა ჩვენ არა ვსწუხვართ, როდესაც რომელნიმე პირნი ცილობენ ჩვენზედ და გვემდურვიან. ესრეთ უყვეს სხვათა უმჯობესთა მქადაგებელთა, რომელნი გულ-წრფელად ასწავლიდენ და ამხილებდენ მსმენელთა მათთა; ეგრეთვე უყვეს მაცხოვარსა, ოდეს იგი ჰქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა: ვინ არისო იგი, - იტყოდენ ზოგიერთნი ერისაგანნი, ვიღაც ერთი გალილეველი, ხუროს შვილი, როგორ ბედავს ესრეთ ჩვენ მხილებასაო? დიდნი მქადაგებელნი იყვნენ გრიგოლი ნაზიანზელი, ღვთის-მეტყველი, და იოანე ოქროპირი, გარნა მრავალ-გზის იყვნენ იგინი დევნულ მათისა ქადაგებისათვის.
აქ იქმნება ვინმე იფიქროს თავის გულში: ვის შეადარა ამან თვისი თავი? ნუ თუ მაგას ჰგონია, რომელ იგი არის მსგავსი გრიგორი ღვთის-მეტყველისა და იოანე ოქროპირისა? არა, ძმაო ჩემო, ნუ ხარ ჩქარი განკითხვად მოყვსისა შენისა! მე არ შევადარებ თავსა ჩემსა ხსენებულთა მქადაგებელთა; მე სხვა მწუხარება მაქვს გულში: მე იმას ვსტირ და ვსწუხვარ, რომელ სიტყვა ჩემი არის ერთობ სუსტი და უძლური, რომელ იმას არა აქვს ეგოდენი ძალა და მოქმედება, რაოდენიცა სურს გულსა ჩემსა. ნეტავი მომცეს მე ისრეთი სიტყვა, რომელი შევიდოდეს შინაგან მსმენელისა და გამოსცვლიდეს მის გულსა; ანუ ვითარცა ზარი დაეცემოდეს მძინარესა სინიდისსა ცოდვილსასა და განაღვიძებდეს მას ღრმისა მისისა ძილისაგან, ანუ ცეცხლად მოეკიდებოდეს და დასწვიდეს ყოველსა ღვარძლსა და კუროს-თავსა ცოდვილის გულისასა; შემუსვრიდეს გულსა ამაყისასა, ხოლო გულსა შინა მწუხარებისაგან დამძიმებულსა იქმნებოდეს ვითარცა ნელსაცხებელი, დამალბობელი წყლულებისა მისისა, მოიყვანდეს ცრემლსა თვალთა ზედა მსმენელთასა, მოაძულებდეს მათ ცოდვასა, შეაყვარებდეს ღმერთსა და მოყვასსა. ესრეთი რომ ყოფილიყო სიტყვა ჩვენი, მაშინ არ შევსწუხდებოდით, როდესაც გაჩნდებოდა მისგან განწვალება შორის მსმენელთა; გარნა იგი არის უსუსური და სუსტი, ესრეთ რომელ არა უწყით, აქვს მას რომელიმე კეთილი ნაყოფი შორის მსმენელთა, ხოლო შფოთი და ცილობა კი განაჩინა მან.
გარნა რაც გინდა სუსტი და უძლური იყოს სიტყვა ჩვენი, მას აქვს ერთი კეთილი თვისება, რომელსა ვერავინ ვერ წაართმევს მას; იგი არის გულ-წრფელი და მომდინარე სიყვარულის და ერთგულების წყაროისგან: თვით სულიერი მტერი ჩვენი, ეშმაკი, რომ წარმოსდგეს აქა, იგიცა ვერ დაამტკიცებს, რომელ სხვა რაიმე მიზეზი აღძრავდეს ენასა ჩვენსა, ანუ იყოს ვითარიმე ორგულობა ჩვენ გულში. მაშასადამე რისთვის მოახდინე შფოთი, ჰოი შენ ბოროტო კაცო? რისთვის აჩვენე შეურაცხება წმიდასა ამას ადგილსა? რათ აჩვენე სირცხვილი ეკკლესიის კრებასა და სჯულსა ჩვენსა? რას იტყვიან ახლა ურწმუნონი? არ იტყვიან იგინი, რომელ მართლ-მადიდებელთა ესრეთ მცირედი აქვსთ სასოება და მორიდება თვისის საკუთარის საყდრისა, რომელ არ ერიდებიან თვით ეკკლესიაში შფოთსა და უწესოებასა? ეს სწვავს გულსა ჩემსა; სხვა არაფერი გვაწუხებს ჩვენ. იქმნება ჩვენ ვართ ერთი უკანასკნელი კაცი, ღირსი ყოვლისა შეურაცხ-ყოფისა, გარნა, ძმაო ჩემო, არა მე შეურაცხ-მყოფ შენ, არამედ თვით სჯულსა; ჩემ პირში და ჩემ სახეში ანუ პატივს-ჰსცემ და ანუ შეურაცხ-ჰყოფ თვით შენსა საკუთარსა სარწმუნოებასა. შეინანე, ძმაო, შენი ბოროტ-მოქმედება და ნუ იყოფინ ნურაოდეს ჩვენში ესრეთი შფოთი და ცილობა, არმედ იყავნ სიყვარული და ერთგულება. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი