* გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს.
ღირსი გაბრიელი
ღმერთმა, ძმებო, კაცის ბუნებაში დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესი და უმაღლესი მდგომარეობისადმი. ცოცხალი კაცი ვერასოდეს ვერ დაიკმაყოფილებს თავის გულსა და გონებას. რაოდენი სწავლა და მეცნიერებაც არ უნდა შეითვისოს კაცის გონებამ, მაინც არის გაუმაძღარი და ხარბი. აგრეთვე გულიც, თუ მასში არის ანთებული საღმრთო ცეცხლი ღვთაებრივი მადლისა, იგი ვერასოდეს დაკმაყოფილდება თავისი მოღვაწეობითა და სათნოებით, არამედ მარადის ექნება მისწრაფება უმაღლესი ხარისხის სათნოებისადმი. მაგრამ ჩანს, რომ ფარისევლის გულში იყო ერთი მხოლოდ უსიცოცხლო და უგრძნობი გარეგანი ჩვეულების აღსრულება, და არა ცხოველი მისწრაფება უმჯობესი მდგომარეობის მიმართ.
* ერთ, უმეტესად მავნებელ და არა შესაწყნარებელ ჩვეულებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მიცვალებულის ტირილი და გასვენების რიტუალის აღსრულება ადვილად ასწავლის კაცს ფარისევლობასა და პირმოთნეობას. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი, უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდაუნებურად უნდა მქონდეს გულში; თუკი წინდაწინ მოვამზადებ ჩემ თავს მწუხარებისა და ტირილისათვის, თუკი მე ვეტყვი ჩემს თავს: აქ და ამ დროს უნდა ვიტირო და ცრემლები ვღვარო, რასაკვირველია, ეს არის ფარისევლობა და ვინც ამას ხშირად იქმს, იგი სხვა საქმეებშიც მიეჩვევა ფარისევლობასა და პირმოთნეობას.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)