რუსი მოაზროვნე ბესარიონ ბელინსკი წერდა: "ადამიანურმა აზრმა თავი დააღწია ეკლესიის მეურვეობას, დამოუკიდებელ გზას დაადგა და რასთან მივიდა? თავისი საუკეთესო წარმომადგენლების: - რუსოს, გოეთეს, კანტის, ჰეგელისა და სხვათა - სახით, ფილოსოფია ისევ იმასთან მივიდა, რასაც ქრისტიანული რელიგია გვასწავლიდა".
ეს ნიშნავს, რომ ცოდნისა და რწმენის, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სფეროები განუყოფელია. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების გამგეს, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს პროფესორ ანზორ ბრეგაძეს. ბატონი ანზორისთვის ღმერთის ძიების გზა თავისებური იყო. რაც უფრო ჩაუღრმავდა თავის პროფესიას, მით უფრო მორწმუნე გახდა.
- ბატონო ანზორ, რამ მიგიყვანათ ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე, როგორ გახდით მორწმუნე?
- კლასიკური გაგებით, ჩემს თავს მორწმუნეს ვერ ვუწოდებ. საქმე ისაა, რომ ჩემი თაობის მორწმუნეთა უმრავლესობას სწამს ღმერთი, დადის ტაძარში, თაყვანს სცემს ყოვლადწმიდა სამებას, კაცთა ხსნისთვის განკაცებულ ღმერთს, წმინდანებს, ამაყობს ქრისტიანული კულტურითა და ტრადიციებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ახერხებს ეკლესიურ ცხოვრებას. ამ ნაკლოვანების საფუძველი აღზრდასა და გარემოებებს უკავშირდება, მაგრამ ყველაფრის მათზე გადაბრალებაც არ არის მართებული. ავისა და კარგის მქმნელი თავად ადამიანია. ფილოსოფოსები რომ "ციხის თავისუფლებაზე" მიუთითებენ, ეს რწმენის თავისუფლებასაც გულისხმობს. ადამიანში ყოველთვის არის ადგილი რწმენისთვის. ვერასოდეს ვერავინ დაგიშლის არჩევანის შინაგან თავისუფლებას. რწმენის გზაზე დიდ როლს თამაშობს პირადი გადაწყვეტილება და სიმამაცე. თავის გასამართლებლად სხვადასხვა არგუმენტის მოხმობა პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და სიმხდალეა. ეს - ზოგადად; კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების გზა ასეთია: ჯერ იყო "ინსტინქტური რწმენა" - ჩემი გენეტიკური განსაზღვრულობის (ბაბუა, დედის მხრიდან, მღვდელი ბრძანდებოდა) თუ ბავშვური პროტესტის გამოძახილი, შემდეგ დაიწყო ღმერთის ცნობიერი ძიების ხანა, წინააღმდეგობებით სავსე პროცესი, რომელსაც თან ახლდა იმედის დაკარგვაც და აღფრთოვანებაც და დასრულდა ღმერთის გონებრივი შემეცნების გზაზე წამიერი განათებით (გონებისა და ინტუიციის ერთგვარი შერწყმით). ერთი სიტყვით, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემატიკამ, ადამიანის არსის ძიებამ ჩვენსავე სულიერ სამყაროში აღმოგვაჩენინა ღმერთთან ადამიანის მსგავსების დამადასტურებელი "ორგანო" ანუ უმაღლესი განზომილების ფენომენი, რომელსაც გონი ეწოდება. გონის ზნეობრივი თვითშემცველობა, მისი აქტები, უწინარესად, სინდისი და უანგარობა, უეჭველად ღვთაებრივი წარმომავლობისანი არიან, ღვთაებრივი კი მარადიულია.
მეტად სავალალოა ის, რომ საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის (გონითი ანთროპოლოგიის) ფუძემდებლები, მართლაც ღვთისნიერი ადამიანები, ვერ მოესწრნენ რელიგიურ საჯარო თავისუფლებას, თუმცა კი მათი აზროვნების ლოგიკური მსვლელობა აქეთკენ მიემართება. გავიხსენოთ გავრცელებული აზრი: ყოველი შემოქმედი ფილოსოფოსი საიდუმლო თეოლოგია. აკი თავად შემოქმედებაა ღვთის ჯილდო ადამიანში.
- რა მოუტანა სეკულარიზაციამ ფილოსოფიას, როგორ გესახებათ რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის პრობლემა?
- დროა დავივიწყოთ რწმენისა და ცოდნის მკვეთრი ურთიერთდაპირისპირება, გზა მივცეთ მათ ურთიერთტოლერანტობას. არა მარტო რწმენაა ღმერთის შედეგი, არამედ ცოდნის საშუალება - გონებაც. განა რწმენის წიგნები ცოდნისანი არ არიან და მათში სიბრძნე არ არის ჩაქსოვილი? რელიგიური ანთროპოლოგია ამარცხებს აგნოსტიციზმს (შემეცნების შეუძლებლობას) ადამიანის შემეცნებაში, სკეპტიციზმსა და ნიჰილიზმს მისი ყოფნის წესში; ადამიანისთვის ამოუხსნელ საიდუმლოებებს მხოლოდ ღმერთი ანათებს და გვაგებინებს.
მაღალღირებული ქართული კულტურა ქრისტიანულია, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ფილოსოფია ქართული ფილოსოფიის სახეს მიიღებდა, მას რომ რელიგიასთან, ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან ჰქონოდა მჭიდრო კავშირი.
- რას გვეტყვით თავისუფლებისა და ზნეობის ურთიერთობის შესახებ?
- დღეს, მსოფლიოს დემოკრატიზაციის პირობებში, ადამიანმა მრავალი სახის "თავისუფლება" მოიპოვა, მაგრამ სწორედ თავისუფლებამ, უფრო სწორად, თავისუფლების არასწორმა გაგებამ და გამოყენებამ შექმნა მწვავე პრობლემები, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ ფორმულაში: "სიუხვის სიღატაკე", სიღატაკე სულისა და სულიერებისა, რაც დაკავშირებულია მასობრივ ათეიზმთან და რაც უფრო საშიშია - ფარისევლობასთან. არსებული ვითარების დასაძლევად აქტუალური გახდა თავისუფლებისთვის საზღვრების დაწესების ძიება, რაც სრულყოფილადაა გაცხადებული ქრისტიანობაში. იესო ქრისტემ და ქრისტიანობამ ადამიანს დაუდგინა თავისუფლების რაობა, დაუწესა თავისუფალქმედების ფართო არე, შეახსენა, რომ ის წმინდა არსია და უკეთურ საქმეთა აღსრულებისათვის მისი გამოყენება უდიდესი ცოდვაა. ქრისტიანმა თავისუფლებით უნდა განახორციელოს ის, რაც არ ეწინააღმდეგება ღვთაებრივი გამოცხადების პოსტულატებს - ზნეობას, გონით აქტებს, სინდისს. ქრისტიანული თავისუფლება ეს არის თავისუფლება გონის ფარგლებში. ღმერთმა ადამიანში თავიდანვე შთანერგა კეთილი საწყისი - გონი, რომელიც მარად თან ახლავს კეთილ მეგზურად. მაგრამ მას ჰყავს მძლავრი მეტოქე - "მდაბალი სული" - უკონტროლო, თავაშვებული ლტოლვები (ვნებები). და არა მარტო ეს და მისთანანი, არამედ თავისი ფუნქციით და რანგით გონთან ახლოს მყოფი გონებაც (გონსმოკლებული სახე გონებისა), რომელიც "გაეპარება" ხოლმე გონს, რათა აკეთოს ავი საქმენი (ყველა უზნეო აქტი, რომელიც დახვეწილი ეშმაკობით გამოირჩევა, ასეთი გონების ნაყოფია). სატანური ძალები ცდილობენ გონის, მისი აქტების, უწინარესად, თავისუფლების დასაკუთრებას, თავის სამსახურში ჩაყენებას. ამ შემთხვევაში პიროვნებას, გონს დიდი სიფხიზლე მართებს, რათა თავისუფლება გადაცდომისაგან დაიცავს.
- გვიამბეთ თქვენი ბოლოდროინდელი სამეცნიერო მუშაობის შესახებ.
- ჩემი ახლანდელი მუშაობა მთლიანად რელიგიურ ანთროპოლოგიას ეძღვნება. დავამთავრე ორი ვრცელი გამოკვლევა: "გონითი ადამიანი" და "ადამიანი და ღმერთი". გამოვაქვეყნე ნაშრომი "რელიგიური გონი" ("ფილოსოფიური ძიებანი", #9, 2005 წ.), დასაბეჭდად გადაცემულია "თავისუფლება გონის ფარგლებში".
- ბატონო ანზორ, რას უსურვებდით ქართველ ახალგაზრდებს, ეკლესიათა მშენებლებს, ახალგაზრდა თეოლოგებს?
- ახალგაზრდებს (და არა მარტო მათ) ქრისტიანული ზნეობის, ქრისტესეული გმირული საწყისების, ქართული ტრადიციების აღორძინებისკენ მოვუწოდებდი. ეკლესიათა მშენებლებს ვთხოვდი, უპირველესად, საკუთარ გულებში ტაძართა მშენებლობას, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადმოიღვრება მათი ნახელავიდან სითბო და სიყვარული. ახალგაზრდა თეოლოგებს კი ერთსა ვთხოვ: "სინათლე, მეტი სინათლე!" მართალია, აზრის გასაგებად გადმოცემა დიდი ხელოვნებაა და ეს ყველას არ ძალუძს, მაგრამ ეცადონ. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვყავს მისაბაძი მაგალითი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახით, რომელიც ურთულეს პრობლემებს ხალხისთვის მისაწვდომად გადმოსცემს.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი