ვახტანგ მეფის მშობლები
ვახტანგ გორგასალი და მისი წინაპრები ფარნავაზიანთა დინასტიას განეკუთვნებოდნენ.
426 წელს არჩილ მეფე გარდაიცვალა – ქართლის სამეფო ტახტზე ახალგაზრდა მირდატი ავიდა. ამიერიდან მან დედოფალ საგდუხტთან ერთად მცხეთის სამეფო სასახლეში დაიდო ბინა. მირდატი შეუდგა ქვეყნის მართვას.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
სიყრმის წლები
ვახტანგის პაპა, მეფე არჩილი, 426 წელს გარდაიცვალა და ქართლის ტახტზე მირდატი ავიდა. იგი მეფობდა ისე, "ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა".
მეფე მირდატსა და დედოფალ საგდუხტს პირველად ქალიშვილი, ხუარანძე (ხვარამზე), შეეძინათ. სამეფო კარისათვის, უპირველეს ყოვლისა, ვაჟიშვილის გაჩენა იყო დიდად სასურველი, ამიტომ "კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხი წლისა საგდუხტმა... შვა ძე და უწოდა სახელი... სპარსულად "ვარან-ხუასრო-თანგ", ხოლო ქართულად უწოდა ვახტანგ. მემკვიდრის დაბადების გამო "აღივსნეს სიხარულთა მშობელნი მისნი", "განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა და გამოიღეს ხუასტაგი (ქონება, საქონელი) დიდძალი, ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა". მეფემ "დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა". როგორც გვიანფეოდალურ საქართველოში, მაშინაც, უფლისწულებს დიდგვაროვანი მამამძუძენი ზრდიდნენ. ჯუანშერი პირდაპირ მიუთითებს: წესი იყო, "რომელ შვილნი მეფეთანი, წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან". ვახტანგის გაზრდა საურმაგ სპასპეტმა "დიდითა ვედრებითა" ითხოვა. მეფემაც "მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ". უფლისწული ქვეყნის მომავალ მმართველად, უძლეველ მებრძოლად, საურმაგ სპასპეტის ხელმძღვანელობით აღიზარდა.
ვახტანგი დაიბადა 431 წელს, ხვარანძეს დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხვარანძე (431-4) 427 წელს დაბადებულა. ვახტანგ გორგასალის "ცხოვრების" ავტორის შემდეგი ცნობით, ვახტანგის დაბადებიდან "შემდგომად... მეექუსისა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუა და უწოდეს სახელი... მირანდუხტ". ე.ი. ვახტანგის უმცროსი და მირანდუხტი – (431+6) 437 წელს დაბადებულა. მირანდუხტი გასაზრდელად კასპის სპასალარმა წაიყვანა.
შემდეგ ვახტანგის "ცხოვრების" ავტორი ჯუანშერი გვამცნობს: "შემდგომ, ამისსა, წელსა მეორესა, მოკუდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შვიდისა წლისა ყრმა". მაშასადამე, 438 წელს გარდაცვლილა მირდატ მეფე.
ჯუანშერი გვამცნობს: "ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი" - მათ კასპიდან გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი.
438 წელს მეფე მირდატის უდროოდ გარდაცვალების გამო, ქართლის სამეფო მძიმე ვითარებაში ჩავარდა. შვიდი წლის უფლისწული ქვეყნის მართვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ქვეყანა დედოფალ საგდუხტს უნდა ემართა ქართლის ერისთავების დახმარებით, მაგრამ სინამდვილეში ქართლის მმართველად ითვლებოდა ბარდაში მჯდომი მარზპანი ბარზაბოდი. იგი, მართალია, დედოფალ საგდუხტის მამა იყო, მაგრამ მაინც ირანელი მოხელე გახლდათ. ამასთანავე, დედოფალს კარგად ახსოვდა: ჯერ არჩილ მეფე, შემდეგ კი მისი მეუღლე – მირდატი როგორ არბევდნენ ალბანეთში ბარზაბოდის ქვეშევრდომებს. ამიტომ შიშობდა, ვაითუ "მამამან ჩემმან" შური იძიოს მამამთილისა და ჩემი ქმრის ნამოქმედარზე, მათ ხომ "ეგოდენნი ბოროტნი მოაწივნეს მის ზედა"-ო. იმასაც არ გამორიცხავდა, რომ რადგან ცეცხლთაყვანისმცემლობა უარყო და ქრისტიანობა აღიარა, მასზე შურისძიების გამო "წარწყმიდოს შვილი ჩემი, განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი"-ო. დედოფალი დიდ მწუხარებაში იყო, მაგრამ ბოლოს მაინც "განიზრახა წარსვლა წინაშე მამისა მისსა და შევრდომა მისი". თუმცა, მცირეწლოვანი უფლისწულის წაყვანა ვერ გაბედა და ვახტანგი "ცრემლითა სიმწარისათა" ქართლის სპასპეტსა და ერისთავებს შეავედრა. ქართლის დედოფალი მხოლოდ მცირე მხლებლებით მიადგა ქ. ბარდაში მამის სასახლეს. მამის წინ მოიყარა მუხლი, ფეხებზე ემთხვია - "დაალტობდა ფერხთა მამისა თვისითა ცრემლითა". დედოფალმა მამისაგან ითხოვა შეწყალება და მიტევება, ასევე სურდა მამას მისთვისაც შეენდო "სჯულის დატევება". დედოფალს ეშინოდა მამას არ აეძულებინა იგი უარეყო ქრისტეს სჯული, რადგან იესო ქრისტე მისთვის უკვე იყო "ღმერთი ჭეშმარიტი". ამასთანავე, მამისადმი უმთავრესი სათხოვარი მაინც ის იყო, რომ მისი ძე – ვახტანგი დაეტოვებინა თავისსავე მამულში და თვით გაეწია შუამავლობა ამის შესახებ შაჰის წინაშე. დედოფლის შეშფოთება შემთხვევითი არ იყო, მან კარგად იცოდა მამის ხასიათი. ბარზაბოდი, მართლაც მზად ყოფილა "ბოროტის ყოფად ქართველთათვის", თუმცა, საყვარელი ქალიშვილი მაინც დაინდო - "შეიწყალა ასული თვისი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი". მარზპანმა ასულს მხოლოდ ერთი პირობის შესრულება მოსთხოვა: თვითონ არცერთ ქართველს იძულებით არ "დააგდებინებდა" ქრისტეს სჯულს, სამაგიეროდ, ქართლში გაგზავნიდა ცეცხლთაყვანისმცემლებს მათი რჯულის მოძღვრებთან ერთად და თუ რომელიმე ქართველი თავისი ნებით აირჩევდა ირანელთა რელიგიას, ხელისუფალთ მისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ. ჯუანშერის სიტყვით, "საგდუხტ ერჩდა (ემორჩილებოდა) მამასა თვისსა შიშისაგან დიდისა", ამიტომ მას უარი ვეღარ შეკადრა. მართლაც, ბარზაბოდის მიერ გამოგზავნილი ცეცხლის მსახურნი მცხეთაში "დასხდეს მოგუთას" .ქ. ბარდადან საგდუხტ დედოფლის გამომგზავრების შემდეგ, აღარც ბარზაბოდს უცოცხლია დიდხანს. იგი გარდაიცვალა და ირანის შაჰმა მარზპანად ბარზაბოდის ძე – ვარაზ-ბაკური დასვა. იმავე ხანში ქართლში გარდაიცვალა ვახტანგის მამამძუძე საურმაგ სპასპეტი. ქართლის სპასპეტად დედოფალმა ჯუანშერი დანიშნა. საქვეყნო საქმეებით დაკავებულმა დედოფალმა საგდუხტმა ცეცხლთაყვანისმცემელთა შეტევის შეჩერება ვერ შეძლო. განსაკუთრებით ცეცხლთაყვანისმცემელთა "ეპისკოპოსი" ბინქარანი აქტიურობდა. მის ქმედებას ქართლის წარჩინებულნი არ ეურჩებოდნენ. ამის გამო "წურილი ერი" (დაბალი ფენები) მიიქცა მრავალი ცეცხლისმსახურებას... შეერია ქართლს წურილსა ერსა ცეცხლმსახურება", "ამისთვის მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი", მაგრამ "მძლავრობისაგან სპარსთა ვერას იკადრებდა", თუმცა იმდენი მაინც შეძლო, რომ ბიზანტიიდან მოიყვანა "მღდელი ჭეშმარიტი" მიქაელი და ქართლის ეკლესიის მეთაურად დაადგინა. დედოფლის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა გაამართლა. მიქაელ ეპისკოპოსი მედგრად აღუდგა წინ ცეცხლთაყვანისმცემელთა ძალადობას - "ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა". ის-ის იყო, ქვეყანაში რელიგიური ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა, რომ ქართლის მოსახლეობამ ჩრდილო კავკასიიდან დიდი თავდასხმა განიცადა. როცა ვახტანგი 10 წლისა გახდა (დაახლოებით 441 წელს), ჩრდილოკავკასიიდან დარიალის გზით "გადმოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი" და მოაოხრეს ქვეყანა მტკვრის სათავეებიდან ხუნანამდე (ეს ციხე-ქალაქი საერისთავოს ცენტრი იყო და სამეფოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა). მომხდურებმა კასპის გარდა ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. კასპიდან კი ვახტანგის და მირანდუხტი გაიტაცეს. ქართლში ჩრდილოელთა ლაშქრობის თანადროულად, ბიზანტიელები დასავლეთ საქართველოში (ეგრისის სამეფოში) შეიჭრნენ და დაიპყრეს ტერიტორია "ეგრისწყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე". ეს ორი ლაშქრობა, რა თქმა უნდა, ერთი დიდი სამხედრო ოპერაციის შემადგენელი ნაწილები იყო. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორის კომიტ მარცელინუსის "ქრონიკაში" არსებული ცნობა 441 წელს ბიზანტიასა და ირანს შორის ზავის დადების შესახებ. ზავის დადების წინ – 438 წელს ირანის ტახტზე იეზდიგერდ II-ის ასვლის შემდეგ ბიზანტიასა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 440 წელს კი ირანის არმია ბიზანტიის საზღვრებს მიადგა. ასეთ ვითარებაში, როგორც ჩანს, ბიზანტიამ სასწრაფოდ მიიღო ზომები. იმპერიამ, არმიის მაგისტროსების (მხედართმთავრების) - ანატოლისა და ასპარის სარდლობით აღმოსავლეთში ლაშქარი გამოაგზავნა, ხოლო ამიერკავკასიის ირანულ სამფლობელოებში ჩრდილო კავკასიიდან ჰუნებისა და ოსების შემოჭრით ირანს საქმე გაურთულა. ოსებისა და ჰუნების გასადევნად, ქართლში ირანის ლაშქარი შემოვიდა. ამით უნდა აიხსნას, ჩრდილო კავკასიიდან შემოსულებმა კასპის გარდა, ვერც ერთი ციხე რომ ვერ აიღეს, თუმცა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ და დარუბანდის გზით უკან გაბრუნდნენ. 441 წლისათვის, აღმოსავლეთ ევროპაში ჰუნები უკვე კარგა ხნის მოსულები იყვნენ. მათ ჩრდილო კავკასიის ველებიც ეკავათ. ძველი ქართველი ავტორი ქართლში შემოჭრილ ხალხს, მართალია, ოსებს უწოდებს, მაგრამ შემოსეულთა ძირითადი ნაწილი, ცნობილი ჰუნთა ბელადის ატილას დაქვემდებარებაში მყოფი და მისი სამფლობელოს აღმოსავლეთ ნაწილში დამკვიდრებული ჰუნები უნდა ყოფილიყვნენ. ამიერკავკასიაში ატილას ქვეშევრდომი ჰუნების ლაშქრობის ამბავი, ბიზანტიელმა დიპლომატმა და ისტორიკოსმა პრისკოს პანიელმა 448 წელს ატილას ბანაკში ყოფნისას შეიტყო. მას უთხრეს, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ველებიდან წამოსული ჰუნები 15 დღეში ამიერკავკასიაში შეიჭრნენო. ასეთი სწრაფი ტემპით ამიერკავკასიაში გამოლაშქრება ჰუნებს, რა თქმა უნდა, ბიზანტიის ხელისუფალთა მოთხოვნით, სათანადო საზღაურის საფასურად უნდა მოეწყოთ. შავი ზღვის ჩრდილო ველზე მომთაბარე ჰუნებისათვის, როგორც კავკასიის ზეკარები, ისე ამიერკავკასიის გზები უცნობი იქნებოდა. ამ მხრივ, მათთვის გზის მაჩვენებლები ოსები იქნებოდნენ. მირანდუხტის ადგილსამყოფელიც მათვე უნდა სცოდნოდათ. დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელთა მიერ "ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯამდე" ტერიტორიის დაპყრობამ, ხოლო აღმოსავლეთში ოსების წინამძღოლობით ჰუნთა გამანადგურებელმა ლაშქრობამ "ყოველთა ზედა ქართველთა" დიდი "გლოვა და წუხილი" გამოიწვია. დატრიალებულ უბედურებას "ღმრთისა მიმართ" ცოდვების გამრავლებით ხსნიდნენ. ქართლის სამეფოს ყველა მესვეური ერთი აზრისა იყო: პირველ რიგში ოსებზე უნდა ეძიათ შური, შემდეგ ეზრუნათ ბიზანტიელებისაგან წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე. გადიოდა წლები, "ვახტანგ იზრდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა", იწრთობოდა სამხედრო საქმეში. ახალგაზრდა უფლისწული დიდად წუხდა ქართლის მოსახლეობის დაბალ ფენებში ცეცხლთაყვანისმცემლობა რომ მძლავრობდა, მაგრამ "სპარსთა მძლავრობის" გამო ვერაფერს ამბობდა. ამასობაში ვახტანგი თხუთმეტი წლისა გახდა.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
პირველი დარბაზი
446 წელს 15 წლის მეფემ პირველად მოიწვია დარბაზი, რომელიც მცირე სახალხო კრება უფრო იყო. ესაა ერთ-ერთი უძველესი მონათხრობი, რომელშიც V საუკუნის შუახანებში ქართლის სამეფო სახლში გამართული დარბაზობაა გადმოცემული. მეფემ "მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად". სადარბაზოდ გაამზადა ერთი სახლი, დაჯდა "საყდართა ზედა მაღალთა", გვერდით - "საყდარსავე" დასხდნენ ჯუანშერ სპასპეტი და ორივე ეპისკოპოსი (ქრისტიანთა და ცეცხლთაყვანისმცემელთა). "სხუანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა" (სელის ბალიშებზე), ათასის-თავნი, ასის-თავნი და ყოველი ერი ფეხზე იდგა. თხუთმეტი წლის მეფემ, თავისი ასაკის შეუფერებლად "ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა" მაღალი ხმით განაცხადა: მეფისა და ერის წინაშე მაშინ მოაწევს განსაცდელი, როცა მორწმუნენი ღმერთს მსახურებას აკლებენ და მამა-პაპათა სარწმუნოებისაგან გადაუხვევენ. ასეთ ვითარებაში ხალხი ჩავარდება ისეთ განსაცდელში, როგორშიც ჩვენ ვართ. როცა კეთილი მამა ზრდის შვილს კეთილი საქმეებისთვის, შვილი უნდა კეთილ გზაზე დააყენოს, მაგრამ შვილმა თუ კეთილად არ შეისმინა მშობლის მითითება, მაშინ მშობელი იტანჯება. ასევე "გუწურთნა ჩვენ ღმერთმან", - დასძინა მეფემ. ამის შემდეგ მეფემ დიდებულებს მიმართა: მართალია, მე ყრმა ვარ და ჩემგან კეთილი საქმეები არ გინახავთ, მაგრამ გინახავთ წინაპართა დიდი თავდადება. დღეს, როგორც მე, ისე თქვენ დიდი განსაცდელის წინაშე ვართ. უნდა "ვიძიოთ შური ოვსთა ზედა". ეს უბედურება რომ სპარსელების ან ბერძნებისაგან მოდიოდეს, კიდევ მოვითმენდით, მაგრამ უბედურება "მოწევნილ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან" (დამამცირებელი ტერმინია), ამიტომ "არა ხამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათვის". მეფის შემდეგ ჯუანშერ სპასპეტი წამოდგა ფეხზე და მეფეს მიმართა: "ცხოვნდი მეფეო უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით მეფეო შენ უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა" ხარ, "მსგავსი ნებროთ გმირისა", ღმერთმა გამოგაჩინა ჩვენ წინამძღვრად, ჩვენ ძველ და ახალ ჭირთა განსაქარვებლად. ამ ხუთი წლის განმავლობაში, შენი ყრმობისას დიდ მწუხარებაში ვიყავით ოვსთაგან მიყენებული შეურაცხყოფის გამო. აქამდე თუ არ შეგეძლო მხედრობას წინ წაძღოლოდი და არც სამეფოს საქმეებს განაგებდი, ამჯერად "სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმხნითა და ასაკითა", თუმცა, ჯერ კიდევ არაა ჟამი თავი საფრთხეში ჩაიგდო. ჩვენი სურვილია რომელიმე ჩვენგანი შეარჩიო "სპათა წინამძღვრად", შენ კი აქ დარჩი ქვეყნის მეთაურად, რომ დამარცხების შემთხვევაში ქვეყანას შენ მიხედო. ჯუანშერ სპასპეტის ამ სიტყვებს ერთხმად დაეთანხმნენ ქართლის წარჩინებულნი და ერისთავები. მაგრამ მეფე დათმობას არ აპირებდა. მეფემ საპასუხოდ მიუგო: "ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფია", ჩემი დის სიბრალულით გული მელევა, თითქოს ცეცხლის მახვილით ვიყო დაკოდილი. ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია – ღმერთის მინდობითა და ჯვრის წინამძღოლობით წამოვალ – არ გამწირავს ღმერთი და მომცემს ძალას. მას შემდეგ, რაც დარბაზობაზე ერთხმად გადაწყდა ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა, მოდარბაზენი შინ გაბრუნდნენ, რათა ლაშქრობისათვის მომზადებულიყვნენ. ზემოთ ითქვა, რომ იმ ხანაში ქართლი და ალბანეთი ბარდაში მჯდომ მარზპანს ემორჩილებოდა. ასეთი დიდი ლაშქრობის მოსაწყობად აუცილებელი იყო მარზპანის ვარაზ-ბაკურის თანხმობა და ვახტანგმაც "წარავლინა მოციქული" და "აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა". მარზპანი ვალდებული იყო, ასეთ ლაშქრობაში თავისი ჯარით მიეღო მონაწილეობა. ვარაზ-ბაკურმა ვახტანგს 12 000 მხედარი გამოუგზავნა. თვით მეფემ კი "მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა", სულ ცოტა ხანში ქართლის საერისთავოთა ლაშქარი "შეიკრიბა" და "დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა". მემატიანეს ცნობით, იმ ხანად ქართლიდან ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქვეითი შეგროვდა. ვარაზ-ბაკურის მიერ გამოგზავნილ მხედრობასთან ერთად 172 ათასი მეომარი შეიკრიბა. როცა მეფემ ლაშქარი დაათვალიერა, "მოეწონა სიმრავლე, ცხენკეთილობა და მოკაზმულობა", რაც მთავარია, ყოველი მეომარი იყო მხნედ, "სავსენი იყვნეს შურითა ოვსთათა", უხაროდათ, რომ ბოლოს და ბოლოს, მტერს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. მოლაშქრეთა საბრძოლველად ასეთი მზადყოფნის გამო, მეფემაც გაიხარა, "მადლობა შესწირა ღმერთს" მოლაშქრეთა შემართებისათვის. ამის შემდეგ, მეფე მცხეთაში დაბრუნდა და "აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა და მარხვითა, ღამის თევითა". შემდეგ გლახაკთ დიდძალი საბოძვარი დაურიგა. სამეფოს გამგებლობა კი დედას და უფროს დას – ხუარანძეს დაავალა. დარბაზობაზე, ჯუანშერ სპასპეტი მეფეს იმიტომ ურჩევდა ლაშქრობაში არ წასულიყო, რომ მისი დაღუპვის შემთხვევაში, ქვეყანა მეფის გარეშე რჩებოდა. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგად უწყოდა ვახტანგ მეფემ. ამიტომ, როდესაც სამეფოს მართვა-გამგებლობა დედასა და დას დაავალა, საიდუმლო ანდერძიც დაწერა და დედას გადასცა. ამ ანდერძის შესახებ სხვას არ უნდა სცოდნოდა. ანდერძში ვახტანგი წერდა: "უკუეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, დაი ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან... მან იპყრას მეფობა". ანდერძში დასახელებული მირიანი, ჯუანშერის განმარტებით, ვახტანგის მამის ძმისწული იყო. აი, ეს მირიანი დატოვა მცხეთაში, ლაშქრობაში არ წაიყვანა და თუ ვახტანგი ვერ დაბრუნდებოდა, მას უნდა დაეკავებინა ქართლის ტახტი. ვახტანგის მამას – მეფე მირდატს ძმა არ ჰყავდა. ჯუანშერი კი ვახტანგის თანამედროვე მირიანს ვახტანგის "მამის ძმისწულად" იხსენიებს (იგულისხმება შორეული ძმისწულობა ანუ მეფეთა გვერდითი შტო).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ოსებზე გალაშქრება
სამეფო საქმეების მოგვარების შემდეგ ვახტანგი თიანეთს დადგა. იქ შეუერთდნენ მას "ყოველნი მეფენი კავკასიისანი" ორმოცდაათი ათასი მხედრით და დარიალის გავლით შევიდნენ ოსთა მიწაზე. ჯუანშერის სიტყვით, "შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა" - ე. ი. 447 წელი იდგა. ვახტანგის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის შესახებ ოსებს, რა თქმა უნდა, წინდაწინ ეცოდინებოდათ და ვახტანგის ლაშქარს მდინარის პირას მომზადებულნი დახვდნენ (მათ, როგორც ჩანს, ჰუნები დაიხმარეს). მდინარის (თერგის) მეორე ნაპირზე ვახტანგის ლაშქარი დადგა. მდინარის ორივე ნაპირზე "იყვნეს ქარაფნი კლდისანი", ასევე "ჭალაკნი და ველოვანნი". შვიდი დღე ემზადებოდა ორივე ლაშქარი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მანამდე კი ყოველდღე ბუმბერაზთა ბრძოლები იმართებოდა. ოსთა მიერ ჰუნებისაგან დაქირავებულ ლაშქარში იყო "კაცი ერთი გოლიათი" სახელად თარხანი. პირველად ბრძოლის ველზე სწორედ ის გამოვიდა და ხმამაღლა განაცხადა: მეფის ლაშქარში ვინც უძლიერესად თვლიდა თავს, მის წინააღმდეგ საბრძოლველად გასულიყო. თარხანის მოწოდებაზე, იმ ლაშქრიდან, რომელიც ვახტანგ მეფეს ბიძამ, ქართლ-ალბანეთის მარზპანმა გამოუგზავნა, გამოვიდა ერთი მეომარი – ფარსმან-ფარუხი. მას ბრძოლაში ვერავინ ჯობნიდა, მრავალი ლომიც კი ჰყავდა ხელით შეპყრობილიო, - წერს ჯუანშერი. აი, ეს გოლიათი გავიდა თარხანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყვირილით "მიეტევნეს ურთიერთს", მაგრამ პირველივე შეტაკებისას თარხანმა დაასწრო - "უხეთქნა ხმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე". ამ შეტაკების მხილველი ვახტანგი და მისი ლაშქარი შეწუხდა, რადგან მის ლაშქარში არავინ დარჩა მსგავსი ფარსმან-ფარუხისა. გაილია ის დღე. ვახტანგი შევიდა თავის კარავში "დადგა ლოცვად და ცრემლით ევედრებოდა ღმერთსა". გათენებამდე ილოცა - "ითხოვდა ღმერთისგან შეწევნას". გათენდა თუ არა, თარხანი კვლავ მოადგა მდინარის ნაპირს და მოითხოვა, კიდევ გასულიყო ვინმე ვახტანგის ლაშქრიდან მასთან შესაბმელად. მეფემ განაცხადა, რომ თვით გავიდოდა "ბრძოლად თარხანისა". მე, - თქვა მეფემ, - მოიმედე ვარ არა მხოლოდ ჩემი ძალისა და ჩემი სიმხნისა, "მინდობითა ღმრთისათა" გავიმარჯვებო. მეფის გადაწყვეტილებამ წარჩინებულები გააკვირვა, მრავალჯერ სთხოვეს უარი ეთქვა ორთაბრძოლაზე, რადგან ყრმა იყო და არ ჰქონდა სათანადო საბრძოლო გამოცდილება. მაგრამ, როგორც ჩანს, მან კარგად შეისწავლა ბრძოლის ხელოვნება თავისი მამამძუძის, საურმაგ სპასპეტისაგან. საბრძოლველად გასვლის წინ იგი გადმოვიდა ცხენიდან "თაყუანის-ცა ღმერთსა", რათა მისი შემწე ყოფილიყო. ვახტანგის დანახვაზე თარხანმა დაიძახა: "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მბრძოლი ვარ, და არა ყმაწუილთა"-ო. ამ სიტყვებთან ერთად მოქიშპეები "მიეტევნეს ურთიერთას". ახალგაზრდა ვახტანგი თარხანზე სწრაფი იყო, ამიტომ პირველივე შერკინებისას სცა შუბი "სარტყელსა ზედა" თარხანს. საჭურველმა ვერ გაუძლო დარტყმას და შუბი ზურგამდე ჩაესო – თარხანი უსულოდ დაეცა მიწაზე. ქართველთა ლაშქარი ზეიმობდა ახალგაზრდა მეფის პირველ გმირულ გამარჯვებას – უძლეველი თარხანის დამარცხებას. თვით მეფე კვლავ გადმოხტა ცხენიდან და "თაყვანის-ცა ღმერთსა", შემდეგ თარხანს თავი მოკვეთა, შეჯდა ბედაურზე და ქართველთა ლაშქარს მიეახლა. ყოველი მოლაშქრე ხმამაღლა ასხამდა ქებას მეფეს და ღმერთს მადლობას სწირავდა.
ორთაბრძოლები თარხანის სიკვდილით არ დამთავრებულა. მეორე დღეს "გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქვა ბაყათარ". ამ ბაყათარს, - წერს ჯუანშერი, ვერავინ ჯაბნიდაო. დილით ბაყათარი მოადგა მდინარეს და აყვირდა: ვახტანგ მეფევ, ნუ გალაღდები თარხანის დამარცხებით. არ იყო ის გოლიათთა სადარი, ამიტომ მოიკლა ყმაწვილის მიერ. ახლა მე შემებრძოლე, ჩემს ფიცხელ შეტევას ვერ გადაურჩები. თუ გინდა, შენი ლაშქრიდან სხვა გამოვიდეს, ამისთვისაც მზად ვარო. მეფემ ბაყათარს შესძახა: - მე თარხანს არა მარტო ჩემი ძალით ვძლიე, "არამედ ძალითა დამბადებლისა ჩემისათა" - მე შენი არ მეშინია, როგორც ძაღლისა. თქვა მეფემ და ლაშქარი საბრძოლველად გაამზადა. თვითონ კი "აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა", "აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკვეთდა მახვილი", მიადგა მდინარეს და ბაყათარს შესძახა: - მე მეფე ვარ, არ გადმოვალ მდინარეზე, არ მივეახლები ოსთა სპას. შენ კი მონა ხარ და გადმოდიო. ბაყათარი დათანხმდა და თან მეფეს სთხოვა, ნაპირიდან უკან დაეხია სამი უტევანი (ერთი უტევანი 125 ნაბიჯია). ვახტანგი უკუდგა, ბაყათარი გადმოვიდა ნაპირზე და დაიწყო ისრების სროლა. ვახტანგი ირიდებდა ისრებს, მდინარის ორივე ნაპირზე მდგარ ლაშქარში იყო "ცემა ბუკისა და დაბდაბთა". ხმაურით "იძრვოდეს მთანი და ბორცუნი". ბაყათარის ნასროლი ისრებისგან მხოლოდ ორი მოხვდა ვახტანგის ფარს. ბაყათარის ისრებმა ფარში ვერ გააღწიეს, სამაგიეროდ, მისი ნასროლი ერთი ისარი ვახტანგის ცხენს მოხვდა. ამასობაში ვახტანგი მიიჭრა ბაყათართან და ვიდრე ცხენი დაეცემოდა, "უხეთქნა ხრმალნი მხარსა ბაყათარისსა და ჩაჰკუეთა ვიდრე გულამდე". ამის შემდეგ, ქვეითები და ცხენოსნები ოსთა წინააღმდეგ დაიძრნენ. ცხენ-თოროსნებმა აიარეს თუ არა ქარაფის გზა და ვაკეზე ავიდნენ, მათ მიჰყვნენ ქვეითნი, მხედრები და იქ გაძლიერდა ბრძოლა. პირველ რიგებში იბრძოდა ვახტანგ მეფე. ჯუანშერის სიტყვით, მეფე "მარჯუენით-კერძი" თუ "მარცხენით-კერძი" იბრძოდა, მოწინააღმდეგენი ყველგან შიშით ძრწოდნენ. მეფის ლომისებრ ხმას ყველა ცნობდა. მეფის გვერდით მხნედ იბრძოდა ორი გამორჩეული მხედარი: "არტავაზ ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპეტისა და ბივრიტიან სეფეწული". ოსთა ლაშქარმა ვეღარ გაუძლო ქართველთა შეტევას - "იძლივნეს ოსნი და ივლტოდა ბანაკი მათი". გაქცეული ოსები ქართველებმა მრავლად დაატყვევეს, რათა ქართლიდან წაყვანილ ტყვეებში გაეცვალათ. დევნიდან უკანმობრუნებულმა ქართველმა მოლაშქრეებმა ისევ მდინარის პირას დაიბანაკეს. სამი დღე დაისვენეს. შემდეგ შევიდნენ ოსეთის ტერიტორიაზე და შემუსრეს ციხე-ქალაქნი, მრავალი ტყვე და ურიცხვი ალაფი იგდეს ხელთ.
ოსთა დამორჩილების შემდეგ, ვახტანგის ლაშქარი ჯიქეთში შევიდა და კვლავ ოსეთში დაბრუნდა. ვახტანგის დესპანებმა კავკასიის მთებში თავშეფარებული ოსთა ბელადები მოიხმეს და დაზავდნენ. ამის შემდეგ ვახტანგის უმცროსი და - მირანდუხტი გამოიხსნეს. ვახტანგ მეფე უამრავი ტყვითა და ალაფით მობრუნდა ოსეთიდან. (მაშინ ოსებმა მცირეწლოვანი დის ნაცვლად ვახტანგს 30.000 რჩეული მებრძოლი მოსთხოვეს. მისცა ვახტანგმა და ათი წლის მირანდუხტი დაიბრუნა, ხოლო ქართველი ტყვეები ერთი ერთზე გაცვალა ოს ტყვეებზე, მძევლები აიყვანა და მათ მაგივრადაც 30.000 ტყვე დაუბრუნა. სულ გამოიხსნა 350.000 ქართველი ტყვე და თვითონ დარჩა 650.000 ათასი ტყვე ოსებისა და ჯიქების გარდა. ეს ლაშქრობა 4 თვეს გაგრძელდა.
ვახტანგმა I-მა დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები ციხე-სიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა და შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ამიერიდან ჩრდილოეთიდან ამ გზით ვერავინ გამოივლიდა. "საეკლესიო მატიანეში" ძეგლის უცნობი ავტორი ამბობს: "დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და აღაშენა მას ზედა გოდოლი და დააყენა მას ზედა მცველნი მახლობელნი მის ადგილისანი და უწოდა კარად დარიალ[ან]ისანი და აწ თვინიერ ბრძანებისა მეფისა ვერჴელეწიფების გამოსლვაჲ ოვსთა და ყივჩაღთა" (კავკასიონის გადასასვლელები საერთოდ ირანელებს ეჭირათ, მაგრამ ხანდახან ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მოთარეშეები იკავებდნენ ხოლმე მათ. სავარაუდოდ, ვახტანგმა სწორედ ასეთი ვითარებით ისარგებლა, ვითომცდა გაანთავისუფლა ეს გადასასვლელები და თვითონ დაიკავა ისინი). 16 წლის მეფემ დაამარცხა და კავკასიონის ქედს გადაღმა განდევნა ბარბაროსები და სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუხსნია დარიალი (სხვათა წაქეზებით, თუ სამხედრო ნავარდისა და ძარცვა-გლეჯვის სურვილით, "ჰუნების" სახელით ცნობილი ჩრდილო-კავკასიელთა თარეშის სარბიელად მრავალგზის ქცეულა იბერია. ამიტომ პოლიტიკურსა და სამხედრო წინდახედულობას იბერიის ჩრდილოეთის საზღვრის განმაგრება უნდა ეკარნახა. უკვე სტრაბონის დროს საქართველოს კარი მართლაც გამაგრებული ყოფილა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ჩრდილოეთიდან მოულოდნელი შემოსევისაგან უზრუნველსაყოფად საზღვრის დასაცავად საჭირო ხაზის უფრო წინ წამოწევა აუცილებელი გამხდარა. ამ სამხედრო და პოლიტიკური გეგმის განსახორციელება ვახტანგ I-მა შეძლო.
"ჯერ კიდევ ჩრდილო კავკასიაში ყოფნისას, მეფემ ლაშქრობიდან გაათავისუფლა ის თორმეტი ათასი მხედარი, რომელიც მას ვარზ-ბაკურმა დაახმარა. "ნიჭითა დიდითა" გაათავისუფლა "მეფენი კავკასიანთანი". თავისი დაი, მრავალი ტყვე დარიალის გზით ქართლში გამოისტუმრა, თვით კი ქართველთა ლაშქრით "გზასა აფხაზეთისასა" დაადგა. 447 წელს ჩრდილო კავკასიიდან ქართველთა ლაშქრით ვახტანგ მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და სამი წლის მანძილზე აფხაზეთის ყველა ციხე აიღო "ვიდრე ციხე-გოჯამდე". 450 წლისთვის გამარჯვებული ვახტანგი მცხეთაში დაბრუნდა. მას დიდი სიხარულით მიეგებნენ დედა და დები, "სიმრავლე ქალაქისა" ქალი და კაცი თავის სამოსს უფენდა მეფეს, ხმამაღლა შესძახოდნენ მეფეს სადიდებელ სიტყვებს, რადგან მანამდე, ასეთი გამარჯვება არც ერთ მეფეს არ მოეპოვებინა. მეფემ მადლობა შესწირა ღმერთს, გლახაკთ საბოძვარი დაურიგა, უბრალო მეომრები და წარჩინებული მხედრები, რომლებმაც ოსეთში ლაშქრობისას თავი გამოიჩინეს, დიდი საბოძვრით დააჯილდოვა. შესაფერისი ძღვენი გაუგზავნა ქართლ-ალბანეთის მარზპანს – ვარაზ-ბაკურსა და ირანის შაჰს. შაჰთან ბინქარან "ეპისკოპოსი" წარავლინა და "ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად".
მანაც სიხარულით მიათხოვა ასული - ბალენდუხტ, "სომხითი და "ყოველნი მეფენი კავკასიანნი" მზითვად მოსცა და მოსწერა: "ყოველთა მეფეთა მეფისა მიმართ, ვარან-ხუასრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა" და დახმარება მოსთხოვა ბიზანტიელებთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნავდა. რომ სპარსთა მბრძნებელი "კანონიერად" ცნობდა ქართველი მეფის ფაქტობრივ სიუზერენობას კავკასიელ მმართველებზე. მაშინ მეფე ვახტანგი იყო 20 წლისა და "იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქაჲ და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა". ვახტანგმა "ჯეროვანი" ქორწილი გადაიხადა და შეუდგა მშვიდობიან ცხოვრებას.
სპარსეთის შაჰის ასულ ბალენდუხტს თან წამოაყოლეს გამზრდელი (მამამძუძე) რაჟდენი (რაჟდენ ანუ სრაზდინ არის არაბული სახელი და ნიშნავს სარწმუნოების მნათობს), წარჩინებული და დიდგვაროვანი სპარსი, მეფის კართან დაახლოებულ პირთა შორის დიდად გამორჩეული, სჯულით ცეცხლის მოსავი და მზისა და მთოვარის მსახური, "რომელსაცა არწმუნეს ასული მეფისა აღსაზრდელად". მაშინ სპარსელებსაც ქართველების მსგავსად ასეთი წესი ჰქონდათ, რომ აღმზრდელს მამა მძუძეს უწოდებდენ და დიდ პატივსა სცემდენ "ვითარცა მთავართა და დიდებულთა თჳსთა". ვახტანგ მეფემაც დიდად პატივს-სცა ცოლის აღმზრდელს, "სახელნი და აგარაკნი" მიანიჭა და ძალიან დაიახლოვა და "თანამზრახველ ყო იგი", არა მხოლოდ თავისი დიდებული წარმომავლობის გამო, არამედ "სიკეთისა და სათნოებისა მისისა ღირსებისათვის", რადგან ჯერ კიდევ ცეცხლთაყვანისმცემელი ნათელღებულებზე ღირსეულად ცხოვრობდა. ამიტომ ყველას ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით კი მეფეს. ნახა რა ქრისტიანული ცხოვრების წესი, მეფის მტკიცე სარწმუნოება და ქართველთა სჯული, რაჟდენის გული აღივსო ქრისტეს სიყვარულით, ცეცხლებრ აღეგზნო ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის და მოინათლა, რის შემდეგაც უფრო მეტად წარემატა სათნოებებში: ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდა, საღმრთო წერილსა და სჯულის ქადაგებებს ისმენდა და წმინდანთა ცხოვრებებს ეცნობოდა. იგი განსაკუთრებით მოწამეთა ღვაწლს გამოიკვლევდა, და შენატროდა მათ ცხოვრებას.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრება
ბალენდუხტისაგან შეეძინა მეფეს ქალ-ვაჟი – დაჩი და მისი ტყუპისცალი და, თვით ბალენდუხტი კი დაახლოებით 455 წელს მშობიარობისას გარდაიცვალა.
იმ ხანად დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ტერიტორია ბიზანტიამ ვახტანგ მეფის მცირეწლოვნობისას მიიტაცა. ვახტანგმა ილაშქრა და ეს მხარე ეგრისის სამეფოს დაუბრუნდა. როგორც ვარაუდობენ, ვახტანგის მოქმედება დასავლეთ საქართველოში ირან-ბიზანტიის ომის ერთ ეპიზოდად უნდა იქნას მიჩნეული. V საუკუნის 50-60-იან წლებში ეგრისის სამეფო ირანის გავლენაში მყოფი ქვეყანა იყო. ირანის შაჰმა ბალენდუხტ დედოფალს მზითვად "სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი" მისცა. შაჰი ვახტანგ მეფისადმი გამოგზავნილ წერილში, მას ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას სთხოვდა. გარდა იმისა, რომ ვახტანგი ირანის შაჰის სიძე იყო, იმ ხანად ქართლის სამეფო ირანის გავლენის ქვეყნად ითვლებოდა, ამიტომ ვახტანგმა შაჰის მოთხოვნაზე უარი ვერ თქვა. ლაშქრობას ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სერიოზული მომზადება და დიდი ძალები სჭირდებოდა. ლაშქრობაში, ფაქტობრივად ირანის ჩრდილო ნაწილში შემავალი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ლაშქრობის საერთო ხელმძღვანელად ქართლ-ალბანეთის მარზპანი ვარაზ-ბაკური დაინიშნა. ამ ლაშქრობის შედეგად ვახტანგ მეფემ ბიზანტიელთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნა. ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ ვრცლად მოგვითხრობს ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ცხოვრება". თუ მივიჩნევთ, რომ ჯუანშერი მის მიერ აღწერილი ლაშქრობის მონაწილე და თვითმხილველი იყო, მისი ცნობები ბიზანტიის ისტორიისთვისაც უნიკალურად უნდა ჩაითვალოს (V-VI სს. ბიზანტიელ ავტორებს ამ ომის შესახებ, არაპირდაპირი ცნობები აქვთ). ლაშქრის მიერ განვილილ გზას, ჯუანშერი ორ ეტაპად წარმოგვიდგენს: 1. გზა მცხეთიდან ბიზანტიის სასაზღვრო ციხე-ქალაქ კარნუ ქალაქამდე (იგივე თეოდოსიოპოლი); 2. საომარი მოქმედებები თვით იმპერიის ტერიტორიაზე. ამ ლაშქრობის დაწყებისას ვახტანგი 22 წლისა იყო. ე. ი. 453 წელს "წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად და მიიწივნეს სომხითს და შევიდნენ პეროჟა-კაფას". აქ მოხდა ლაშქრის თავმოყრა. აქედან გაემართნენ კარნუ-ქალაქისაკენ. ქართლიდან ბიზანტიის შუაგულისაკენ მიმავალმა ლაშქარმა აღმოსავლეთით რომ დაიწყო მოძრაობა, ეს ერთი მხრივ იმით იყო გამართლებული, რომ აქ გადიოდა უძველესი "გზა რანისა" (გზა ადარბადაგანისა – აქემენიანთა ხანის ყოფილი "სამეფო გზის" ჩრდილო განშტოება), მეორე მხრივ კი იმით, რომ ალბანეთში იყო თავმოყრილი ირანის ჩრდილო ნაწილის ძირითადი ძალები. იმ დროს თვით კარნუ-ქალაქი კარგად გამაგრებული სამგალავნიანი ციხესიმაგრე იყო (თეოდოსიოპოლი 450 წელს გარდაცვლილ იმპერატორ თეოდოსიოს II-ის პატივისაცემად ეწოდა). მოლაშქრეებმა ეს ქალაქი ვერ აიღეს. მოცდაც არ შეიძლებოდა, ამიტომ ქალაქის მოალყედ ორი ერისთავი დატოვეს 12 000 მხედარით, დანარჩენი ლაშქრით იმპერიის შუაგულისაკენ გაემართნენ. ლაშქარმა გზად აიღო და მოაოხრა ქალაქები: ანძორეთი, ეკლეცი, სტერი. მცირე აზიის შიდა რაიონებიდან ლაშქარი გავიდა ზღვისპირას და მიადგა "პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა". მკვლევრებს ამ ბოლო ხანამდე, "პონტო ქალაქად" ქ. ტრაპიზონი მიაჩნდათ. მაგრამ, როგორც გაირკვა, "პონტო ქალაქი" ქ. სინოპია, რომელიც ძველი პონტოს სამეფოს დედაქალაქი იყო. ამ ქალაქს ალყა შემოარტყეს და სამი თვე იბრძოდნენ მის ასაღებად. სამი თვის განმავლობაში მარბიელი ლაშქარი უფრო დაშორებულ ადგილებშიც გავიდა. ლაშქარში მყოფი ირანელები სადაც "ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლავდის". ვახტანგ მეფემ ირანელთა ასეთი მოქმედება არ მოიწონა. მან ირანელები და სომხებიც გააფრთხილა ღვთისმსახურები არ მოეკლათ, რადგან "ჩუენც ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა, აღმსარებელ ქრისტესა", ქრისტიანისაგან ქრისტიანის მოკვლა დიდ ცოდვად ითვლებაო, ასწავლიდა მათ მეფე. ქ. სინოპთან უცხო ქვეყნების ლაშქრის ყოფნას ბიზანტიის ხელისუფლება ცხადია, დიდხანს ვერ მოითმენდა. საიმპერატორო ხელისუფლებამ სათანადო ზომებიც მიიღო. ვახტანგ მეფეს მოახსენეს, რომ მათ წინააღმდეგ "პონტოს გზით" დიდი ლაშქარი მოემართებოდა. ზღვაზე კი 500 ხომალდი მოცურავდა. მეფემ სასწრაფოდ გაანალიზა შექმნილი ვითარება და ვარაზ-ბაკურთან შეთანხმებით, გადაწყვიტა ალყა მოეხსნათ და აღმოსავლეთით დაეხიათ. ქ. სინოპის მდებარეობის გათვალისწინებით, ლაშქრის იქ დატოვება, მართლაც, საშიში იყო. ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი თუ მათ აღმოსავლეთით, ზღვისპირზე გადმოსხდებოდა, ხოლო ხმელეთით მომავალი ლაშქარი დასავლეთიდან სინოპს მოადგებოდა, ვარაზ-ბაკურის ლაშქარი, სწორედ ხაფანგში მოემწყვდეოდა. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთ კავკასიის მთებიდან თრაკიის ბოსფორის სანაპირომდე გადაჭიმულია ფართო და ძნელად გასასვლელი მთაგრეხილი, რომელიც განსაკუთრებით მაღალია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ზღვის სანაპიროს მცირე აზიის შიდა რაიონებთან, – კერძოდ ქ. ამასიასთან მხოლოდ ქ. ამისოსზე (ახლანდ. ქ. სამსუნი) გამავალი გზა აკავშირებს, რომელიც ერთადერთი ღია კარი იყო დიდი ლაშქრის გადასაადგილებლად. ეს, ჩანს, კარგად იცოდა ქართველთა მეფემ. თუ ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი ამ გასასვლელს დაიკავებდა, სინოპთან მდგომი ვარაზ-ბაკურის ლაშქარი დასავლეთისაკენ ქვეყნის სიღრმეში ვეღარ შევიდოდა. სამხრეთით გაუვალი მთები იყო, ხოლო ჩრდილოეთით ზღვა. ამიტომ "აღიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო". ქ. სინოპიდან უკანდახევის შემდეგ ბრძოლა ბიზანტიელებთან რადგან მაინც ზღვისპირას მოხდა, ჩანს ლაშქარმა სწორედ ზემოხსენებულ გასასვლელისაკენ დაიხია. მას შემდეგ, რაც ქ. სინოპს ალყა მოხსნეს, ვახტანგ მეფემ ბრძანა ტყვეები გაეთავისუფლებინათ. მეფემ ასევე "განავლინა ქადაგი", რათა ხალხი სამალავებიდან გამოსულიყო და "გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა (მონაზონი ქალები), ქვაბებით და მთათაგან". მათ შორის იყო "პეტრე მღდელი... და სამოელ მონაზონი" (იმ ხანად პეტრე, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე აშენებული ეკლესიის მღვდელი იყო).
ისინი წარუდგნენ ვახტანგს ტყვეთა განთავისუფლებისათვის და ღმრთისმსახურთა შეწყალებისათვის მადლობის გადასახდელად, და როცა ლოცვა წარმოსთქვეს, სათნო-ეყო მეფეს და უბრძანა შემოსვლა ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა. უძლურთა სახედრები მისცა, ხოლო ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი და გაისტუმრა. პეტრე მღვდელი და სამოელ დიაკონი თავისთან დაიტოვა და ჰკითხა: სათნო-ეყო ღმერთს რაც გავაკეთე, როდესაც ეკლესიები დავიცავი და ტყვეები გავათავისუფლეო? - პეტრემ უპასუხა: სიმართლე გითხრა, თუ სიცრუით ქება-დიდება მოგიძღვნაო? - მეფემ უთხრა: მხილებას არ დავეძებ, ოღონდაც სივრუეს განვეშოროო. მაშინ პეტრემ მტკიცედ მიუგო: ეკლესიანი ხორცთანი უფრო მეტია უფლის წინაშე, ვიდრე ქვის ეკლესიები, რომელნიც როდესმე დაირღვევიან და ამავე ქვებით კვლავ ააშენებენ, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი როცა დაირღვევიან, ვერავინ შეძლებს მათ განკურნებას, ვერც მკურნალი და ვერც მეფე, და შენ და შენს მოლაშქრეებს რამდენი მართალი კაცი მოგიკლავთ! მე მსურს შენი აღდგინება, რათა არ იყო იმ კაცთა მსგავსი, რომელნიც მარჯვენით აგებენ, ხოლო მარცხენით აღღვევენ და არც ისეთი, რომელნიც პირით აკურთხებენ და გულით სწყევლიან და აგინებენ. არამედ იყო როგორც კეთილხსენებული მეფეები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი და არც სასუფეველს განეშორნენ: დავითი, სოლომონი და კონსტანტინე. ამიერიდან მოგაგოს ღმერთმა თუ არ შეინანებ. "მნებავს გამართლება თავისა ჩემისა, - უპასუხა მეფემ, - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა". მაშინ უთხრა მამა პეტრემ, - არა უმეცრებამ აღგძრა "ძეთა ზედა ღმრთისათა" საბრძოლველად, არამედ ნათესავთა შენთა მისაშველებლად აღიძარ, მაგრამ შენ იცი, რომ ბერძენნი ღმრთის ნათესავნი არიან იმ აღთქმის გამო, "რაჟამს უწოდა მათ შჳლად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?. რქუა მეფემან: აწ რაჲ გნებავს შენ?". პეტრემ უპასუხა: მნებავს, რათა შენ მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე დაშრიტო და იყო მეგობარი კეისრისა, როგორც დღემდე იყავი სპარსელებისა. მაშინ ვახტანგმა უთხრა ღმრთისმსახურებს: მნებავს, რომ ამ ღამეს თქვენი ლოცვის ძალით მეჩვენოს ჩემი და კეისრის შეკრება და რომ ჩვენს შორის სიყვარულის დამყარებაზე უნდა იყოს მსჯელობა, რათა ვცნო მე, რომ ქრისტეს სურს შენ მიერ ჩემდამი შემოთავაზებულიო. პეტრე მღვდელი შეშფოთდა და უთხრა: კაცნი ვართ ცოდვილნი და გვეშინია, რომ ასეთი თხოვნა კადნიერებად და სილაღედ არ ჩაგვითვალოს უფალმა, რადგან ასეთი ლოცვა ხელეწიფება მხოლოდ "ქუეყანისა ანგელოზებსა და ზეცისა კაცებს" - დაყუდებულ, რჩეულ ბერებს და დრო მომეცი, რომ წავიდე და ვევედრო მათ და უთხრა შენი ბრძანება, რათა მათი ლოცვით აღესრულოს შენი განზრახული. სამოელი კი შეეკამათა: სიმდაბლე კარგია, პეტრე, მაგრამ შეიძლება ამით დაბრკოლდეს მცირედ მორწმუნენი. შენ, მეფეო, შენი სარწმუნოებით შეგვეწიე და ღმერთმან გამოაჩინოს შენი ნება. მეფემ ილოცა და დაწვა. როგორც კი მიერულა, წარმოუდგა წმინდა ნინო და უთხრა: აღდეგ, მეფეო, და მოკრძალებით მიეგებე, რადგანაც ორი მეფე: ზეცისა და ქვეყანისა მოვიდენ შენთან. და როდესაც მიიხედა, დაინახა ქალაქ კონსტანტინოპოლში მდგარი ორი ტახტი. ერთ ტახტზე დაბრძანებული იყო საჭურველით აღჭურვილი გჳრგჳნოსანი ჭაბუკი და მეორეზე სპეტაკ სამოსში შემოსილი მოხუცებული, რომელსაც თავზე ედგა არა ოქროს, არამედ ნათლის გვირგვინი, ხოლო ფეხებთან ეჯდა წმინდა ნინო. ვახტანგის მარჯვენა ხელი კი ეპყრა პეტრე მღვდელს და მარცხენა ხელი სამოელ მონაზონს. მაშინ თქვა სამოელმა: "შეუვრდი პირველად დიდსა მას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის". როდესაც ვახტანგმა თაყვანისცა, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყუელმა მკაცრად უთხრა: ეს რა ბოროტება ჩაიდინე, კაცო, რამეთუ მოაოხრე ჩემი ბანაკი, მხეცებს შეაჭამე ჩემი საცხოვარი. ეგ ორნი რომ არა, რომლებიც გვერდით გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი, რომელიც მარად იღვწის მარიამთან ერთად თქვენთვის - შურს ვიძიებდი შენზე ისე, როგორც შენს წინაპრებზე, რომლებიც ცეცხლს თაყვანისცემდენ და "არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა". და ეპისკოპოსმა ხელი გაუწოდა ვახტანგს. მეფემაც ამბორუყო. მაშინ ხელი მოჰკიდა ნათლის გვირგვინს წმ. გრიგოლმა და ისეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა: დაადგი ეგ პეტრეს. აიღო პეტრემ თავის გვირგვინზე მომცრო გვრგვინი და დაადგა სამოელს. წმ. ნინომ უთხრა ვახტანგს: ახლა მიდი მეფესთან და მიიღე შენი საბოძვარიო. ვახტანგი მივიდა გჳრგჳნოსან მეფესთან, ეამბორნენ ერთმანეთს და მანაც ადგილი მისცა ტახტზე თავის გვერდით. მისცა ბეჭედი თავისი ხელიდან, რომელსაც ჰქონდა ფრიად ნათელი თვალი და უთხრა: თუ გნებავს გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს წინ დგას, რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი. მოიხედა ვახტანგმა და იხილა ჯვარი, რომელსაც ფრთებზე ჰქონდა გვირგვინი, ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და დადუმდა. აღდგა წმინდა ნინო, გაიხედა პეტრესა და სამოელისკენ და ერთხმად თქვეს: ჩვენ ვართ თავსმდები, რომ ყველაზე უფრო მეტად შეასრულებსო. მაშინ მეფემ აიღო ჯვარისაგან გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. უკან გამოსვლისას შეეხმიანა ეპისკოპოსი სამგზის: ვახტანგ, ვახტანგ! უმეტესად მორწმუნე იქნები შენ სპარსთა შორის. შემდეგ მეორედ მიმართა: აშენდებიან შენგან ეკლესიები და განეწესებიან ეპისკოპოსები და ეპისკოპოსთა მთავარი, ხოლო მესამედ უთხრა: წამების გვირგვინსაც მიიღებო. გამოვიდა ვახტანგი და უხმო ძილშივე მამა პეტრესა და სამოელს, და მოუთხრობდა ჩვენებას, ხოლო ისინი უხსნიდნენ: ტახტზე, რომელი იხილე, ნათლის გვირგვინოსანი, არის დიდი მოძღვარი გრიგოლ ღმრთისმეტყველი და რაც მომეცა მისი გვირგვინისაგან, ის იყო, რომ მომეცა ეპისკოპოსთა მთავრობა, ხოლო რაც მივეცი ჩვენი გვირგვინისაგან სამოელს, ის არის, რომ ჩემგან მიეცემა ეპისკოპოსობა. ოქროს გვირგვინოსანი კი იყო კეისარი. ბეჭედი, რომელიც მოგცა, ის არის, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან მიტაცებული, დაგიბრუნდება. გვირგვინი, რომელიც ჯვარისაგან მოგეცა, ის არის, რომ დიდ ღვაწლს გადაიხდი ჯვრის შეწევნით, ხოლო ჩვენი მოძღვარი სამგზის რომ შეგეხმიანა, სამი სიმდიდრე მოითხოვა შენთვის ღმრთისაგან და შენ მიერ დაემტკიცება ქართლს ჭეშმარიტება კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან, სძლევ შენს მტრებს შენს აღსრულებამდე, ხოლო აღსრულებისას წამების გვირგვინს მიიღებ ბრძოლისას და მტრებს ხელში არ ჩაუვარდები. ყოველივე აღსრულდება შენს სიბერემდე და დაუძლურებამდეო. როგორც კი გაიღვიძა, ვახტანგ მეფემ მადლობა შეწირა ღმერთს, პეტრესა და სამოელს მოუხმო და ჰკითხა: რა იხილეთ? ხოლო მათ უთხრეს: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით ვიდექით, როდესაც შენ ტახტზე დაბრძანებული კეისრისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის წინაშე წარსდეგი, თქვენი განმანათლებელი ნინო კი ამშვიდებდა განრისხებულ მოძღვარსო. მაშინ უთხრა მეფემ მათ: დადუმდით, წმინდანებო, ჩემთან ერთად გიხილავთ ყოველივე. აწ რა უყოთ ამ ქალაქს, ან რა უყოთ ამდენ ტყვეს? სწრაფად აცნობეთ კეისარს, რომ სპარსთა მეფე წამოსულია ჯაზირეთიდან, გამოიარა ფილისტიმი და კუალში უდგას კეისარს, რომელმაც მოაოხრა სპარსთა ქვეყანა, სპარსთა მეფემ კი ვერ სძლია მას. როდესაც კეისარმა შეიტყო, რომ ჩვენ მოვედით სპარსელების დასახმარებლად, გამოეშურა ჩვენთან საბრძოლველად. ახლა კი სპარსთა მეფე მოდის ჩვენს დასახმარებლად, რომელიც სომხეთისა და ქართლის ლაშქარზე უმრავლესია. არავინ არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც დანერგა ჩუენმა დიდმა მამამ მირიანმა, ანდა თრდატმა, დედით ნათესავმა ჩემმა. ამათი (სპარსთა) სარწმუნოება კი ვიცით, რომ სავსე არის საცთურით. ჩემი გამოცხადების ამბავი რომ შეიტყოს, ბიძაჩემი ძალიან განრისხდება და ერთმანეთთან შებრძოლების შემთხვევაში გავხდებით ყველას დასაცინიო. ამისთვის ასე ვქნათ: როდესაც დესპანი მოვა და კეისრის მოსვლას მაუწყებს, ჩვენ უკან განვდგებით. მასაც ვაუწყოთ, როდესაც მოგვიახლოვდება ჩვენ კეისარი, მაშინ "ვითარცა იზრახოს სიწმინდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს".
პეტრე მღვდელი სასწრაფოდ კეისართან წავიდა, ხოლო სამოელ მონაზონი ვახტანგ მეფესთან დარჩა. მეორე დღეს, როდესაც დესპანი მოვიდა და მეფეს აუწყა, რომ ბერძენთა ლაშქარი კონსტანტინეპოლში შემოვიდა, მან ბიძამისი და სხვა მოკავშირეები შეკრიბა და უთხრა: ბერძნებს მრავალრიცხოვანი სპა ჰყავთ, ბრძოლისას მარჯვე არიან და ზღვაზე ნავებით ბრძოლაშიც გამოცდილნი. "ესერა შევიდნენ ისინი სპარსეთს, ქვეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად". მეშინია, არ მოვიდნენ ზღვით, გზა არ მოგვიჭრან და არ ამოგვხოცონ, როგორც ბაკში შეწყვდეული. ავყაროთ ლაშქარი და ზღვის სამხრეთით დავიბანაკოთ, რათა გვქონდეს გზა ჭირისა და ლხინისა. მაშინ მოხსნეს ქალაქს ალყა და დაიბანაკეს იქიდან ხუთი დღის სავალზე, სპერის სიახლოვეს. სიკვდილს მიწევნულმა ქალაქის მკვიდრთა სამადლობელოდ ძღვენი: ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა გაუგზავნეს მეფე ვახტანგს და გავიდნენ სავაჭროდ და სხვა საჭიროებისათვის.
პეტრე მღვდელი კი ლეონ კეისართან მივიდა და ყველაფერი უამბო, მანაც ფრიად გაიხარა და რაც ჩვენებაში იხილეს, ყველაფრის ნება დართო, შემდეგ უკან წარმოავლინა, და მეფე ვახტანგს ფიცით აღუთქვა, რომ მისი მეფობის თანასწორად ჩათვლიდა, თუ გაერთიანდებოდენ, რადგან ამ შემთხვევაში სპარსელებს ადვილად დაამარცხებდნენ. მაგრამ სანამ პეტრე კეისარს ეახლებოდა, მანამდე წარმოავლინა კეისარმა თავის დისწული, ძლიერი სპასპეტი პოლიკარპოს ლოღოთელი, და ხუთასი ხომალდი ხუთას-ხუთასი ჯარისკაცით და უბრძანა, რათა მიახლოვებოდენ ვახტანგის სპას და დამდგარიყვნენ უბრძოლველად. ვახტანგთან ფარულად დაზავებული კეისარი გამოემართა პონტოს გზით 800.000 კაცით და როცა მოვიდა ზღვით მოსული სპა, სპარსელებს უნდოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ვახტანგი აჩერებდათ "საღმრთო ჩვენებისა გამო".
კეისრის მოციქულები და პეტრე მღვდელი ვახტანგ მეფესთან რომ მოვი-დნენ, საიდუმლო სათქმელიც ჰქონდათ და საყოველთაოდ სათქმელიც. სხვათა გასაგონად უთხრეს: მეფეო, ნუ ილტვი, რათა სპარსნი, რომელიც შენთან არიან და სპარსეთში შესვლის დროს გადაგვირჩნენ, ახლა უნდა ამოვწყვიტოთო. ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი, გვირგვინი და ძვირფასი შესამოსელი და შემოუთვალა, რომ თუ შეკავშირდებოდნენ, მისცემდა თუხარისს და ქართლის საზღვრებს. მაშინ სხვათა დასანახად შეუთვალა ვახტანგმა კეისარს: ჩვენ სხვა საქმისათვის არ მოვსულვართ აქ, არამედ შენთან ბრძოლისათვის, ხოლო შენ თუ არ მოხვალ აქ, ჩვენ წამოვალთ კონსტანტინოპოლზეო. ფარულად კი ასე შეუთვალა: რაც არ შვენის შენს ღმრთისმოყვარებას და რასაც შენ არ ჩაიდენ, სხვასაც ნუ უბიძგებო, რადგან ღალატი არ არის პატიოსანი კაცის ხელობაო. თუ ახლა მოგცემ შენ დასამარცხებლად სპარსელებს, ჩემი სახელი ხომ გაცრუვდება? და ზოგიერთ მათგანს ჩვენზე უმეტესი სარწმუნოება და სიყვარული აქვს ქრისტესი, მაგრამ შიშისათვის მათისა ვერ განაცხადებენ. შენ ბრძანე, რომ ჩვენი საქმე მშვიდობით დავასრულოთო და იმის შემდეგ, რაც ეს საქმე გადაწყდება, უფრო უმჯობესად მოგემხრობი სპარსელთა წინააღმდეგ. ახლა თქვენი ლაშქარი განლაღებულია მოპოვებული გამარჯვებებით, სპარსნი კი სულაც არ არიან შეშინებულნი, არამედ ბრძოლა და შურისძიება სურთ თქვენზე და სისხლი სწყურიათ. ამიტომაც შენი ლაშქარი თუ გადმოვა საბრძოლველად მე უბრალო ვარ ამ საქმეშიო. შემდგომ დესპანებად გაგზავნა ვარაზ-მიჰრი, "მამამძუძისა მისისა ძმაჲ" და სამოელ მონაზონი. კეისარი კი როდესაც პონტოს მივიდა, პონტოელები გამოეგებნენ, აქებდენ ვახტანგს, რადგან ალყა მოხსნა და სასიკვდილოდ არ გაწირა ისინი. ამ დროს მივიდნენ ვახტანგის დესპანები და მიართვეს კეისარს ძღვენი: მუშკი, ანბარი და ალვა.
იმ ხანად ვახტანგის მეომრები საალაფოდ იყვნენ გასულები და "მიეტევნეს მათ მკვირცხლნი ბერძენნი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი, ვითარ სამასი ათასი". ვახტანგ მეფე კი აჩერებდა სპათა მათ მეალაფეთა და უშლიდა ბრძოლაში ჩაბმას, სანამ არ მოვარდა რანისა ერისთავი, დედამისის ძმა, ვარაზ-ბაკური, ჯვარცმულს შეურაცხყოფდა და ვახტანგს რისხვით ეტყოდა : ჰოჲ, გველო და ასპიტთა ნათესავო! არ იცი, რომ მამაშენის დედა ბერძენი იყო? გძლია შენ ბუნებამან მამის-დედეულმან შენმან, რადგან "სიყვარული ჯვარცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და ამიტომ არა გნებავს ბრძოლაჲ, არამედ შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა". მაშინ ვახტანგმა უპასუხა: "აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი ჯვარცმულისა და ცოცხალისა სასოჲსა შენისა (ანუ იმ ცოცხალისაც, ვისი იმედიცა გაქვსო)". დასცეს საყვირი და საბრძოლველად გავიდნენ სომხები, სპარსნი, და მეფე დარუბანდისა, ხოლო ვახტანგი თავის სპასთან ერთად ბრძოლას შორიდან ადევნებდა თვალს.
შეებნენ სპარსელები ბერძნებს. თვით სპასპეტმა პოლიკარპოსმა მოკლა რანის ერისთავი ვარზ-ბაკური და ამოწყვიტა მისი ლაშქარი. მოკლეს იპაჯიჯ, ლეკთა მეფე, მრავალნი ერისმთავარნი და სძლიეს აღმოსავლეთის ლაშქარს. ამის შემდეგ ბერძენთა სპასალარი აღარ მოერიდა ვახტანგ მეფესაც და კეისრის უკითხავად იერიში მიიტანა ქართველებზე. ბრძოლის წინ მეფემ ჯვარი მოიტანინა პეტრე მღვდელს და ყველას უბრძანა, მთხვეოდნენ მას, ხოლო "რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუდესო". შემდეგ დემეტრე ერისთავსა და ჯუანშერ სპასპეტს უბრძანა მიჰყოლოდნენ მას. მოდიოდა "ყოველი ერი და თაყვანისცემდეს, და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა", ხოლო ბორზო მოვაკანელმა მთავარმა (მეფემ) თქვა: "არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა (ცეცხლს), და არა თაყუნისვსცემ ძელსა, რომელი განშუენებული არს ოქროჲთა და ანთრაკითა". მაშინ დასცა ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმა და "დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა", არამედ ყოველთა (ცეცხლთაყვანისმცემლებმა) თაყვანი-სცეს ჯვარს; და უთხრეს მეფეს: თუ შეგვეწევა ჩვენ ჯვარი, ჯვარცმულის გარდა სხვა ღმერთს აღარ ვაღიარებთო. გადამოხდა მეფე ცხენიდან და თაყვანი-სცა ჯვარს და "ყოველმან ერმან მის თანა". შემდგომ უფალს შეჰღაღადა: "აჩუენე ძალი შენი ერსა შენსა ურწმუნოსა, რაჲთა მოიყუანე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, ხოლო მორწმუნენი შენნი, დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან". ამ დროს ელვასავით მოიჭრა ბერძენთა ლაშქარი, ხოლო პოლიკარპოსი, "ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ყოფდა სპათა მათ", და ჯვრის მხილველიც კი არ ივლტოდა მისგან. ეს რომ იხილა მეფე ვახტანგმა, უთხრა თავის ლაშქარს: ვის სურს მასთან შებრძოლება? მაგრამ ვერავინ გაბედა გასვლა. მაშინ ვახტანგმა თქვა: "მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რადგან ესეც შეურაცხებით მოუხდა ჯუარსა შენსა, რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩუენდა". შემდგომ კი ღაღადყო: "იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსენი". დიდია შენ მიერ მოცემული ძალა, რომლითაც ვსძლევ, მაგრამ მე მეშინია შენი, რადგან "მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა". შემდეგ ამოიღო მახვილი, შეახო ჯვარს და საბრძოლველად გასულმა მიმართა ბერძენთა სარდალს: ლომი ხარს არ ებრძვის, რადგან მე მეფე ვარ და შენ ქვეშევრდომი, მაგრამ მე თავს დავიმდაბლებ ჩემი ერისათვის, რათა ჯვრის ძალა საბოლოოდ ირწმუნონო. იმ წამსვე შემოუტია პოლიკარპოსმა და სასტიკად ეკვეთნენ ერთმანეთს. "აღიზახეს ორთავე... ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმაჲ იგი ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, რომლითა შეიძრა ქვეყანა. დასცა პოლიკარპოსმა მეფის ფარს კაცის მკლავის სიმსხო ლახვარი და მეორე მხარეს გაახედა. ვახტანგმა გაუშვა ფარს ხელი, პირისპირ შეება და ბეჭამდე ხმლით გაუპო თავი. ამის შემდეგ შეტევაზე სწრაფად გადავიდა ქართველთა ლაშქარი, ბერძნები ზღვის სანაპიროზე მიიმწყვდიეს და მრავალნიც მოწყვიდეს. ზოგიერთებმა ნავებით გაქცევა მოახერხეს. იმ დღეს ვახტანგის ლაშქრიდან მოწყდა 43.000 მეომარი და ბერძენთა ლაშქრიდან 72.000 მეომარი, ხოლო ტყვედ აიყვანეს 125.000 მეომარი. უკან რომ დაბრუნდნენ, ბრძოლის ველზე მონახეს ვახტანგის ბიძა, ვარაზ-ბაკური, იგლოვეს, შემურეს საბრითა და მურით და მისი გვამი ბარდავში გაგზავნეს. ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა ლაშქარს მოუწოდა, მოაყვანინა ტყვეები (ქალი და კაცი სულ 780.000) და ნერსე და ადარნასე ერისთავთა ხელით წარუგზავნა პონტოში კეისარს და წერილიც მიწერა: "სიბრძნე ღმრთისაჲ მიუწვდომელ არს და სიბრძნესა კაცთსა და ნებასა სძლევს ნებაჲ ღმრთისაჲ". მე ვიცი, რომ შენ არ გსურდა ის, რაც ჩაიდინა პოლიკარპოსმა, და არც მე მსურდა ის, რაც ბიძაჩემმა ქმნა, და "ორნივე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმანვე მოინადირა, ხოლო თქუენ (ბერძნები) პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ". ბიძაჩემის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება მისი მკვლელის მოკვლით დავაამე, ხოლო თქვენ ნუგეშინისგეცით 780.000 კაცის ხსნითო და შეხვედრა სთხოვა. მეფე ვახტანგისაგან გაგზავნილი დესპანების მისვლამდე ფრიად მწუხარე იყო ლეონ კეისარი, მაგრამ როდესაც მოახსენეს, რომ ძველად დატყვევებულნიცა და ქალაქის მაცხოვრებლებიც ყველა უვნებლად გაუშვაო, გაიხარა, ნავში ჩაჯდა, ზღვის ნაპირზე გამოვიდა და ვახტანგ მეფეს მოუწოდა. ისიც მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომელიც უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას. იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერთებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხრეთით - არსიანამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზეთზე შესთავაზა მეფეს, - ეგრის წყლიდან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემის სახელი ერქვას და, თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, ამ მიწებს მზითვად გამოვატან, ხოლო დანარჩენი აფხაზეთი, კლისურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო. შეთანხმდნენ და ზავი დაიდო. ვახტანგმა და კეისარმა ლეონმა ერთმანეთს გაუცვალეს ტერიტორიები, კერძოდ, ჯერ კიდევ ვარაზ-ბაკურის დროს საბერძნეთის მიერ მიტაცებული კლარჯეთისა და მის მიმდებარე მიწების დაბრუნებას ვახტანგ მეფე ძალიან ცდილობდა. პონტოში საზავო მოლაპარაკებებისას იბერიას დაუბრუნდა ეს ტერიტორიები, ხოლო საბერძნეთს აფხაზეთი. სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა კეისრის ასულს და აფხაზეთის ერთი ნაწილი, ეგრისწყლიდან კლისურამდე, მზითვის სახით შეუერთდებოდა იბერიას.
წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით და ლაშქარი გაგზავნა სომხეთის გზით. მივიდა თუხარისში, მოეწონა ციხე და თქვა: "ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე" და ეს სახელი დაარქვა. გააგრძელა გზა და შუა კლარჯეთში იხილა კლდე და სოფელი, რომელსაც ერქვა არტანუჯი. მოუწოდა არტავაზს, თავის ძუძუმტეს, დაადგინა ერისთავად და უბრძანა არტანუჯის ციხის აგება, ხოლო სადმე სამონასტრე ადგილზე ეკლესიის აშენება, და მათ მიერ საბერძნეთში ნანახი მონასტრების ყაიდაზე მოწყობა. თან დაამატა: თუ სპარსელები გვძლევენ, თავს აქ შევაფარებთო. არტავაზმა ააშენა არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტერი და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობნისა და ახიზისა. განაახლა ახიზის ძველი ციხე და დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფრად.
მცხეთაში მისულ გორგასალს დიდი ზარ-ზეიმით დახვდა სატახტო ქალაქი. ერი და ბერი ღმერთს მადლობდა მისი მშვიდობიანი დაბრუნებისათვის. მანაც უხვად დაასაჩუქრა თავისი ერი.
"ასე დასრულდა ირანის ჩრდილო მხარის ჯარების ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ. ლაშქრობა ქართლის მეფემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა: 1. დაიბრუნა ადრე რომაელებისაგან მიტაცებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალი (მცხეთაში მომავალმა მეფემ კლარჯეთის ერისთავს – თავის ძუძუმტეს არტავაზს უბრძანა შემოერთებულ ტერიტორიაზე აეგო არტანუჯის ციხე, გამოენახა სამონასტრო ადგილი და ისეთი მონასტერი აეგო როგორიც საბერძნეთში იხილა); 2. მზითვად მიიღო ტერიტორია აფხაზეთში; 3. განიმტკიცა მდგომარეობა ქართლში. ჩამოიცილა სამეფო სახლის მოქიშპე შტო. ვახტანგ მეფის საიმპერატორო კართან დანათესავება იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან ქართლი ბიზანტიური ორიენტაციის ქვეყანა ხდებოდა, რაც ირანის შაჰისათვის მიუღებელი იყო. ცხადია, შაჰი შეეცდებოდა ქართლში ირანის გავლენა აღედგინა. საქმე რომ ასე წარიმართებოდა, ეს ვახტანგ მეფემაც იცოდა. ამიტომ ქართლში დაბრუნებისთანავე, ირანელთა მოსალოდნელი თავდასხმისაგან ქვეყნის დაცვის სამზადისს შეუდგა: "ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, ჰკაზმიდა მხედართა და განამზედებდა ბრძოლად სპარსთა". მეფემ სხვა ღონისძიებებიც გაატარა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ქართლის ქრისტიანი მოსახლეობა ბინქარან ცეცხლთაყვანისმცემელთა "ეპისკოპოსის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა. ამიტომ მეფემ შეაგდო "საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა, მოსრნა, განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ირანის წინააღმდეგ გალაშქრება
"მეფის ასეთი ღონისძიებანი ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. ახლა ვნახოთ რა ხდებოდა ირანში. როცა ირანის შაჰმა გაიგო "ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო შეიქცა სპარსეთად და მოკუდა. დაჯდა მეფედ ძე მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა... წარხდა ამას შინა წელიწადი სამი". ირანის შაჰი, რომელიც ვახტანგის "ღალატის" შეტყობისას გარდაიცვალა იეზდიგერდ II იყო (იგი 457 წელს გარდაიცვალა). ტახტი მისმა უფროსმა ძემ – ჰორმიზდ III-მ დაიკავა, მაგრამ მას უმცროსი ძმა პეროზი აუჯანყდა. ასე დაიწყო ირანში შინა ომი. ბოლოს, პეროზმა დახმარებისათვის შუააზიელ ჰუნებს – ჰეფტალიტებს (იგივე თეთრი ჰუნები) მიმართა. პეროზს მხარი დაუჭირეს ირანელმა დიდგვაროვნებმაც და ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, ჰორმიზდ III მოკლული იქნა. 459 წელს ტახტზე პეროზი ავიდა (ეს შაჰი "შუშანიკის წამებაში" იხსენიება). სანამ პეროზი შინაომით აშლილ ქვეყანას მოაწესრიგებდა, ერთი წელი კიდევ გავიდა და 460 წელს იგი "წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისა" - დიდი ლაშქრით ქართლს მოადგა. ქართლში ირანელთა მოსალოდნელი შემოჭრის შესახებ ვახტანგ მეფემ ბიზანტიის იმპერატორი ლეონი (ლევი) ადრევე გააფრთხილა. წერილით იგი იმპერატორს ატყობინებდა: "აჰა დადგა დღე, რომელიც აღმითქუამს", სპარსელები უკვე ქართლის საზღვართან არიან. მე რაც აღთქმა დავდე, შევასრულე. სადაც ცეცხლის სახლი იყო, ყველა მოვსპე, მოგვები სატანჯველს მივეცი, მათი ეპისკოპოსი საპყრობილეში ჩავსვი და სიკვდილის შიშით გარდაიხვეწა. სწრაფად გამოგზავნე დამხმარე ძალა, რათა ჯვრის სარწმუნოების მტრები დავამარცხოთ. თუ მათ გვძლიეს, კიდევ უფრო გაძლიერდებიან და შენს საზღვარსაც მოადგებიან. როცა მეფის მოციქულმა საიმპერატორო სასახლეში ვახტანგის წერილი მიიტანა, აღმოჩნდა, რომ იმპერატორი წასული იყო საომრად და დასახმარებლად "ვერ მოიცალებდა". ვახტანგ მეფეს ისღა დარჩა, შემოსულ მტერს მხოლოდ ქართლის ლაშქრით შებმოდა. ჯუანშერი, როგორც ქართლის სამეფოს სპასპეტი და მცხეთასთან მიმდინარე ბრძოლების მონაწილე, დეტალურად აგვიწერს 460 წელს ქართლში შემოჭრილ ირანელთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებს. ირანელთა შემოჭრამდე მეფეს მცხეთაში – მოგვთა უბნიდან – არმაზში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირისაკენ გადებული ხიდი გაუფართოვებია. მცხეთაშივე გამაგრდა ვახტანგ მეფე და ჯუანშერ სპასპეტი. ნასრა და მირდატ ერისთავები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იდგნენ "სომხითისა და ქართლისა" ჯართან ერთად. სპარსთა ლაშქარი დღევანდელი დიდუბის მიდამოებში დაბანაკდა. ბრძოლების მიმდინარეობას ჯუანშერი ასე აღწერს: თუ ბრძოლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაიმართებოდა, ქართველთა ლაშქარი მათ მცხეთიდან ეხმარებოდა. მცხეთის მხარეს ბრძოლები, ძირითადად, მდ. არაგვის პირას მიმდინარეობდა. ხშირად ქართველთა ლაშქარი მტკვარს "ტფილისის ფონთან" გადაკვეთდა და იქ შეებმებოდა ხოლმე მტერს. ამ ბრძოლებში ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. ჯუანშერის სიტყვით, სწორედ ამ ბრძოლებში ჰქონდა ვახტანგ მეფეს "ოქროს ჩაბალახზე" (მუზარადზე) გამოსახული "წინით მგელი და უკანით ლომი". სადაც ბრძოლის ყველაზე ცხელი ადგილი იყო, ვახტანგიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე და "მოსრიდა სპარსთა". სპარსელებმა დაიხსომეს – მხედარი, რომელსაც მუზარადზე მგელი და ლომი ჰქონდა გამოსახული, ვახტანგ მეფე იყო. ამიტომ, ვახტანგის გამოჩენისას ყვიროდნენ: "დურ აზ გორგასალ". ეს სპარსული სიტყვები, ჯუანშერის თანახმად, ნიშნავს: "მოერიდეთ თავსა მგლისასა". ამის შემდეგ "სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალი"-ო წერს იგი. ე. ი. 460 წელს მცხეთა-თბილისთან ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლებისას იწოდა ვახტანგ მეფე "გორგასალად".
ვახტანგ მეფის ცოლის აღმზრდელი, წარმოშობით სპარსი და გაქრისტიანებული რაჟდენი სხვა ქართველებზე უფრო მხურვალედ იბრძოდა ქრისტეს სიყვარულისათვის, "რამეთუ იყოცა წმიდაჲ ესე ახოვან წყობათა შინა და გამოცდილ და რჩეული მებრძოლი... და მოკლნა მრავლნი გოლიათნი" და გამარჯვებული უვნებლად მობრუნდა. ერთ დღესაც კვლავ გავიდა საბრძოლველად არმაზიდან და ბრძოლაში ჩაება, მაგრამ სპარსნი მარადჟამს უთვალთვალებდნენ და სურდათ მისი ცოცხლად შეპყრობა, რადგან ძალიან უმძიმდათ მისგან მამა-პაპათა სჯულის დატევება და ქრისტიანობის მიღება (განკარგულება დევნის შესახებ განსაკუთრებით იმ ქრისტიანებს შეეხებოდათ, რომელნიც წინათ ცეცხლთაყვანისმცემელნი იყვნენ და შემდეგ გაქრისტიანდნენ). მაშინ სპარსელებმა წარმოგზავნეს მრავალი მებრძოლი და ყველა გზა მოუჭრეს, ხოლო გზათა სივიწროვის გამო პირი-სპირ ვეღარ შეებრძოლა და შეიპყრეს. როცა სპარსთა მეფეს შეკრული რაჟდენი მიუყვანეს, დიდად გაიხარა და მიმართა: გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა, სად იყავი ამდენი ხანი? რისთვის თქვი უარი შენი წინაპრების სარწმუნოებაზე და შეუდეგ უცხო სჯულს, რომელიც შენთვის მშობლებს არ უსწავლებიათ, ხოლო ბრწყინვალე მზის, ცეცხლისა და სხვა მნათობების ნაცვლად მსახურებ ჯვარცმულ კაცს, რომელიც ჰურიებმა მოაკვდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხავს. თუ ეს ესე არ არის? ჭეშმარიტად ესეა, მეფეო, როგორც შენ თქვი, მიუგო წმინდა რაჟდენმა, რადგან ქრისტიანი ვარ, დამიტევებია მამეული უღმრთოება და თაყვანს აღარა ვცემ "ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმა ქმნა ცანი და ქვეყანა". ამის შემდგომ წმ. რაჟდენმა წარმართ მეფეს აუხსნა ქრისტეს განკაცების, ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების საიდუმლო. მეფე განრისხდა, მაგრამ გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან ეგონა სიმდიდრითა და პატივით ვაცდუნებო და თავისთან მეგობრობა და კიდევ უფრო გამდიდრება შესთავაზა. მაგრამ როცა ვერ გატეხა, უფრო განრისხდა და უწყალოდ ისე აცემინა, რომ კბილები სრულიად ჩაუმსხვრიეს, ხოლო პირი სისხლით აევსო, მაგრამ იგი მადლობას სწირავდა უფალს, რომ მისი სახელისათვის ღირს იქმნა ასეთ გვემას და წამებას. შემდეგ ტანსაცმელი შემოაძარცვეს და წამახვილებულ ქვებზე ათრიეს, კვერთხით უმოწყალოდ ცემეს და ხელ-ფეხ შეკრული ბნელ საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც უმეტესი მხურვალებით მადლობდა უფალს. მაშინ მივიდნენ პეროზ მეფესთან მის მხარეს გადასული ქართველი დიდებულები და "მოახსენებდეს სიკეთესა მისსა, და სიბრძნესა და სიქველესა მისსა" და სთხოვეს: ცოტა ხანს თავის სახლში გაუშვი, იქნებ შეებრალოს თავის ახლობლები და დაემორჩილოს შენს ბრძანებას და სიკვდილსაც გადაურჩეს, რადგან გული გვტკივა მაგისთვის, ხოლო შენ როცა გვეტყვი, მაშინ დავაბრუნებთ უკანო. დიდი ვედრების შემდეგ, ისმინა მძლავრმან, გაათავისუფლა საპყრობილიდან, გადასცა მათ და ამცნო, რათა მალევე დაებრუნებინათ. რაჟდენს არ უნდოდა წასვლა და თქვა: ეს არის ეშმაკის ბრძოლა ჩემზე, რომ წინამდებარე ღვაწლი ამაცილოს და წმინდანებისათვის აღთქმული საშვებელი და კეთილი ამარიდოსო.
წმინდა რაჟდენი პირველად მეფე ვახტანგის სანახავად მივიდა. ღმრთისმოყვარე მეფემ დიდად გაიხარა, წინ მიეგება, მხურვალედ ეამბორა ქრისტესთვის შემუსვრილ თვალებზე და სახეზე, და სიყვარულით მოიკითხა. ნატრიდა და ეტყოდა: "ნეტარ ხარ შენ, მჴნეო რაჟდენ, და სამგზის სანატრელ არს ღუაწლი შენი, რომელ სახელისათვის უფლისა თავს ისხენ ესე ვითარნი ვნებანი, რამეთუ საწერტელნი ქრისტჱსნი ხორცთა შინა შენთა გიტვირთავს. და ესრეთ განაძლიერებდა და ახოვან ჰყოფდა უმეტესთა ღუაწლთა მიმართ და ითხოვდა მისგან, რაჲთა მეოხ ექმნას წინაშე ღმრთისა". ამის შემდეგ რაჟდენმა თავისი ოჯახიც მოინახულა, "ხოლო მათ მხილველთა მისთა და სიხარულითა უზომოჲთა აღვსებულთა მადლობა შესწირეს ღმერთს", რადგან აღარ ელოდნენ მის ხილვას, ეამბორებოდენ ხელ-ფეხზე და ეტყოდენ: ჰოი! სანატრელო რაჟდენ, აღარ ველოდით შენს ხილვას, რადგან მკვდარი გვეგონე. ახლა რახან ცოცხალი გნახეთ, აღარ მიგვატოვო. მას კი არ სურდა მათთან ამ საკითხზე საუბარი. მაშინ ეშმაკის ჩაგონებით მისმა ცოლმა, პირველი დედის, ევას მსგავსად წუთიერი ცხოვრების სიტკბოებით სცადა მისი დაყოლიება, მაგრამ მოისმინა რა მეუღლის ზრახვა, რაჟდენმა გულისწყრომით შეხედა და შერისხა, შემდეგ მყისვე გამოვიდა და განეშორა მათ, ხოლო ისინი დამწუხრდნენ და მოჰყვნენ ტირილსა და მწარე გოდებას. მაშინ წმინდა რაჟდენი თავისი ნებით გაემართა, როგორც დასაკლავი კრავი და როდესაც გზაში მის წასაყვანად წამოოსული მხედრები შემოხვდნენ, მათ ვერ იცნეს, რადგან ცემისა და შეურაცყოფისაგან დასივებული და შეცვლილი იყო და ჰკითხეს, თუ სად მოძებნონ რაჟდენი, ხოლო მან მიუგო, რომ ის იყო, ვისაც ეძებდნენ. მაშინ შეიპყრეს, გაჯოხეს, შეკრეს, წინ გაიგდეს და მეფეს მიჰგვარეს. იხილა რა მძლავრმან, რომ ამანაც არ იმოქმედა, უწყალოდ აცემინა და შეკრული სოფელ წრომში ბანაკად მდგარ ერთ-ერთ მარზპანს გაუგზავნა, თან ამცნო, რომ როგორმე ქრისტესგან განშორება ეიძულებინა, და თუ შეისმენდა, დიდი პატივი უნდა მიეგო, ხოლო თუ არ დაუჯერებდა, მწარე სიკვდილით უნდა მოეკლა. როდესაც წმინდა რაჟდენი შეკრული ჩაიყვანეს წრომში, გაიხარა მარზპანმა, ვინაიდან სმენოდა "სიკეთე და ახოვნება მისი", მოიკითხა და ტკბილი სიტყვებით სცადა ახოვანი მოწამის დათანხმება ქრისტეს უარყოფაზე, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხა. მაშინ გულისწყრომით აღივსო, და უბრძანა უწყალოდ ეცემათ თავსა და პირში. კვალად შემუსრეს და დალეწეს მისი "კბილნი და ღაწუნი მისნი", "ხოლო იგი მადლობასა აღუარებდა ღმერთსა და იხარებდა სულითა მსგავსებისათვის ქრისტეს ვნებათასა". მაშინ წაიყვანეს და მწარე ტკივილებით მოცული საპყრობილეში შეაგდეს, მაგრამ ყველაფერს მადლობით მოითმენდა, ხოლო მეუფე ქრისტე შეუწევნელად არ ტოვებდა თავის მონას, არც განშორდებოდა, არამედ საპყრობილეში ხშირად გამოუჩნდებოდა, ნუგეშინისცემდა და განაძლიერებდა და "წმიდა იგი უახოვნეს იქმნებოდა და უმხურვალეს წინა მდებარისა ღუაწლისა მიმართ". არა მცირედი ხნის შემდეგ წმინდა რაჟდენი საპყრობილიდან გამოიყვანეს, როგორც პირველად, ისევე ახლაც ქრისტეს უარყოფასა და დიდ პატივსა და სიმდიდრეს სთავაზობდნენ, მაგრამ ახოვანი და გონებითა ყოვლად უშიშარი მათ სიტყვებს არც კი ისმენდა და უმძვინვარესი სატანჯველების მისაღებად სიმხნით ემზადებოდა. მაშინ წარეკვეთათ მისი გარდაქცევის იმედი, რამეთუ "ყოველი ღონე დაელია მძლავრთა მათ უღმრთოთა. ბრძანეს ძელის მოტანა, რათა მასზე გაეკრათ სამგზის სანატრელი იგი, რადგან თქვეს უსჯულოებმა, ვინაიდან ჯვარზე გაკრულის მიმართ აქვს სასოება, ღირსია ესეც ძელზე აღესრულოსო; ბორკილები დახსნეს, ჯვართან მიიყვანეს, ზედ ჯვარსახოვნად განმართეს და სამი დიდი სამსჭვალით მიაჭედეს - თითო თითო ხელისგულზე, ერთიც ურთიერთგარდათხმულ ფეხებზე. მერე მოიყვანეს ხუთი ძვირის მოქმედი ავაზაკი, აღმართეს ძელები და მასთან ერთად ჩამოჰკიდეს, და "შორის მათსა ნეტარი იგი, ვითარცა ჩუენი იესო, შორის ავაზაკთასა ჯუარცმული". დაამწკრივეს მოისარნი აქეთ და იქით და იწყეს სროლად. ისროდენ, ვითარცა გამძვინვარებულნი მხეცნი და არა პირმეტყველნი კაცნი, რადგან მათ მიერ გატყორცნილნი ისარნი წმინდა რაჟდენის ხორცში მრავალგზის ესობოდა და "ძლიერი წყლულებაჲ მოაწიეს მასზედა. და ესრეთ დაწერტილი და დაგუმერილნი ძელზედ დამოკიდებულად იხილვებოდა" და სასიკვდილოდ განწირულმა ხმა-ჰყო: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულთა ჩემთა" და ესრე განუტევა სული და აღესრულა. მაშინ აქაც მოხდა იმის მსგავსი, რაც ქრისტეს ჯვარცმისას მოხდა: ჩამობნელდა და წყვდიადი ჩამოწვა შუადღისას და ამოვარდა ისეთი სასტიკი ქარი, რომ იქ შეკრებილნი გაფანტა. ისინიც დარბოდნენ და დამალვას ცდილობდნენ. მცველნი კი, რომელთაც დავალებული ჰქონდა უსჯულო მთავრისაგან, რომ მისი გვამი ქრისტიანებისთვის არ მიეცათ, და არც დაეფლათ, არამედ ფრინველსა და მხეცისთვის უნდა შეეჭმევინებინათ, როდესაც საშინელი ქარი ამოვარდა და ჩამობნელდა, ვეღარეს იქ გაჩერება. მაშინ მოვიდნენ წრომში მცხოვრები მორწმუნენი და მღვდელი, შიშითა და მოკრძალებით აიღეს მრავალ-მოღვაწე რაჟდენის გვამი და დაკრძალეს ფარულ ადგილზე.
ოთხი თვის შემდეგ კეისარმა ლეონ I-მა ძღვენი გამოუგზავნა ვახტანგს და მოსწერა: მე ბრძოლაში ვარ ჩაბმული და შენ ლეონ პატრიკს გიგზავნი 80.000 მხედრით და თუ დაგჭირდა, სხვასაც მოგახმარო. ბერძენთა მხედართმთავარი ლეონი უკვე ჯავახეთში იყო შემოსული, როცა პეროზ შაჰმა ეს შეიტყო და ვახტანგს აუწყა: რისთვის ვწყვეტთ ერთმანეთს? ძმები ვართ, ნებროთის შთამომავლები, დავდგეთ ჩვენი მამების სიყვარულზე და თითოეული ჩვენთაგანი "სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს". მოეწონა ვახტანგს და მის დიდებულებს პეროზის შემონათვალი და მოციქულის პირით უთხრა: გიხილავს შენ ჯვრის ძალა, რადგან ჯვარცმულის გამოჩენამდე ყველანი ხარკს გაძლევდით, ხოლო მისი გამოჩენის შემდეგ გძლიეს მისმა თაყვანისმცემლებმა და შენი მოხარკე ბერძნები იქით გებრძვიან და მოაოხრეს "სამსახურებელნი ცეცხლისანი". ახლა თუ შეგვებრძოლები ქრისტეს სარწმუნოებისათვის, ჩვენც ისე მოვკვდებით მისთვის, როგორც იგი მოკვდა ჩვენთვის, და იგი აღგვადგენს ჩვენ, მაგრამ თუ შენ აღასრულებ შენ სიტყვას და შეეგუები, რომ ჩვენი ღმერთი ქრისტეა, მამას და ბატონს გიწოდებ შენ. პეროზ შაჰმა ვახტანგს დიდი ძღვენი და ანთრაკის გვირგვინი გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. შეხვდა ორი მეფე ერთმანეთს და აღთქმა დადეს, რომ თავ-თავის სჯულზე დარჩებოდნენ. უძღვნა ვახტანგმა პეროზს მრავალი საჩუქარი და ლეონ პატრიკის რჩევით კეისართან დაზავება სთხოვა. პეროზს არ ესიამოვნა და უთხრა: შენთან მშვიდობა იმიტომ დავამყარე, რომ ერთად შევბრძოლებოდით ბერძნებს, რადგან აქა მყავს ხაზართა მეფის დესპანი და ვაპირებდი ხაზართა დახმარებასო. ახლა კი შევასრულებ შენ თხოვნას, მაგრამ ჩვენგან წარტაცებული ტერიტორიები დაგვიბრუნოსო. ბერძენთა მხარე დათანხმდა, დაზავდნენ და საზღვრებიც განაჩინეს. სპარსთა მეფემ უკან წაიღო ჯაზირის ხუთი ქალაქი და სიკილიის ნახევარი, ხოლო ბერძნებს მისცა ფილისტიმი იერუსალიმთან ერთად და თქვა: "ქალაქი რჯულისა თქუენისა არის იერუსალიმი". ქართველთა სამფლობელო საზღვრებად ცნო მდინარე არაქსი და კასპის ზღვის დასავლეთი სანაპირო. ამის გარდა მოსცა გორგასალს სამი ათასი ლიტრი ალვა, ხუთასი ლიტრი ამბრი, ხუთასი ლიტრი მუშკი, სამი ათასი ტაიჭი ცხენი, ძვირფასი სამოსელი ათასი და სხვა მრავალი. მეორე დღეს კაცი გაუგზავნა ვახტანგ მეფეს და შეუთვალა: ბერძნებთან დაზავების გამო მოხუცებულნი განგვირისხდნენ, რადგან ეგონათ, რომ ჩვენ საბერძნეთს გავანადგურებდით, ჩვენ კი ორი სამეფო მივეცით. ამიტომ გთხოვ: შენი და ცოლად მომათხოვე, შენ კი ჩემს ქვეყანაში წამომყევი, შენი ნათესავები მოინახულე და აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაშიც მომეხმარე, რადგან მათ დაამდაბლეს ჩემი მეფობა, ხოლო როცა სპარსეთში ჩავალთ, მოხუცებულებსა და მირზაპანთ დაელაპარაკე და დააცხვრე მათი მრისხანება "ბერძნებსა ზედა". მხოლოდ შენ მჭირდები, შენი ლაშქარი აქ დატოვეო. ვახტანგს ძალიან გაუჭირდა მისი მოთხოვნების შესრულება, მაგრამ ლეონ ბერძენთა სარდალმა უთხრა: ბერძენთა მეფეებზე დიდი სიკეთე გაქვს გაკეთებული ბერძნებისთვის, რადგან შენ დაიფარე პონტო შემუსრვისაგან, გაათავისუფლე 780.000 ბერძენი, ახლა კი შენგან მიეცათ ჯაზირა და ფილისტიმი, რომელსაც ვერც ერთი ბერძენთა მეფე ძალით ვერ დაიბრუნებდა. მართალია შაჰი, თუ მას არ გაჰყვები, თავისი ერი უძლურად და უსუსურად ჩათვლისო. მე მოგცემ 10.000 შეჭურვილ მხედარს და ჯაზირას შემოგიერთდები ძლიერი სპითო. ვახტანგს და მის წარჩინებულებს მოეწონათ ლეონის განაზრახი. მისცა ვახტანგმა თავისი და მირანდუხტი ცოლად სპარსთა მეფეს (ხუარანძე სომეხთა პიტიახშის დაწინდული იყო).
ჰუნები, რომელთა წინააღმდეგ ირანელებთან ერთად ვახტანგ გორგასალს ქართველთა ლაშქრით უნდა ებრძოლა, შუა აზიიდან ინდოეთის ოკეანემდე ბატონობდნენ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა დიდ დროს მოითხოვდა, ქვეყანა მეფის გარეშე რჩებოდა. უფლისწული დაჩი 460 წლისათვის 5 წლისა იყო. მეტი გამოსავალი არ იყო, ვახტანგ მეფემ მას დაადგა გვირგვინი, და მეფედ აკურთხა. დატოვა მასთან თავისი შვიდი წარჩინებული: ჯუანშერ სპასპეტი - შიდა ქართლისა და ყოველთა ერისთავთა მპყრობელი და დემეტრე - ერისთავი კახეთისა და კუხეთისა; გრიგოლი - ჰერეთის ერისთავი; ნერსანარი - ხუნანის ერისთავი; ადარნასე - სამშვილდის ერისთავი; სამნაღირი - შიგა ეგრისისა და სვანეთის ერისთავი; ბაკური - მარგვისა და თაკუერის ერისთავი (როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მიერ იბერიის გაძლიერებით, ლაზეთის სამეფოს დასუსტებულა, რადგან III-IV ს.ს.-ში, ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს შემადგენლობაში მოქცეული ეგრისისა და სვანეთის, აგრეთვე "მარგვეთისა და თაკვერის" სამთავროები აქ კვლავ იბერიის სამთავროს შემადგენლობაშია). ამათ შეავედრა თავისი ძე, უბრძანა უჯარმის აშენება და იქ დაჩის გაზრდა, რის გამოც დაჩის უჯარმელს უწოდებენ (უჯარმის ციხე-ქალაქი III-IV ს-თა მიჯნაზე აუგია მეფე ასფაგურს, ხოლო IV ს-ში მეფე მიარიანს თავისი ძე რევისათვის საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მიუცია, ხოლო რეზიდენციად უჯარმა).
ვახტანგ გორგასალმა თან იახლა არტავაზი - კლარჯეთის ერისთავი; წუნდის ერისთავი ნასარი; "ბივრიტიანი სეფე-წული" - სამცხის ერისთავი (ბივრიტი - საგვარეულო სახლია ბაგრატიონთა სახლისა, სამცხის ერისთავთა სახლი ბაგრატიონთა გვარეულობას ეკუთვნოდა) და დიდი ეჯიბი საურმაგი და "მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული". ლეონ ანთიპატმა დატოვა თავისი ლაშქრიდან 10.000 ბერძენი მხედარი და შაჰთან წავიდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავი არტავაზი გააყოლა კეისართან და თან ის ძღვენი გაატანა, რაც შაჰმა უბოძა მას, მხოლოდ სტავრები და ტაიჭები დაიტოვა თავისთვის, ხოლო არტავაზს უბრძანა, ლეონთან ერთად მოსულიყო ჯაზირაში.
"შეევედრნენ ვახტანგს დედაჲ - საგდუხტი, და დაჲ - ხუარამზე, რათა თან წაეყვანათ იერუსალიმში სალოცავად". ვახტანგი დათანხმდა, წაიყვანა ისინი და პეროზთან ერთად ადარბადაგანის გზით წავიდა იერუსალიმისკენ. პეროზ მეფე ანტიოქიაში გაჩერდა, ხოლო ვახტანგი თავის თანმხლები პირებითურთ იერუსალიმში შევიდა. მათ ილოცეს წმინდა აღდგომის ტაძარში, მოილოცეს ყოველი წმინდა ადგილი, და დიდი შესაწირავი შეწირეს. იერუსალიმში ვახტანგმა ააშენა ჯვრის მონასტერი და ამ წმინდა ადგილის დასამტკიცებლად დიდად იღვაწა (გადმოცემით, პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი, წმინდა ნინოს რჩევით, კონსტანტინოპოლში ჩასულა და მეფე კონსტანტინე უნახავს, შემდეგ იერუსალიმში ჩაბრძანებულა, "ჯვრის მონასტრის ადგილი შეუძენია (მეორე ვერსიით, ეს წმინდა ადგილი კონსტანტინე კეისარმა აჩუქა მეფე მირიანს), რადგან ეს იყო ის ადგილი სადაც ლოთმა სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დარგო იმის ნიშნად, თუ გაიხარებდა, ცოდვაც მიეტევებოდა. და ჰოჲ, სასწაული, სამივე ხე ერთ დიდ ხედ აღმოცენდა. ეს ხე მოჭრა სოლომონმა იერუსალიმში ტაძრის მშენებლობისას, მაგრამ, არ გამოადგათ და "მდებარე იყო კაცთა საჯდომად გარე", ხოლო უფლის ჯვარცმისას უფალი მასზე აცვეს ჯვარს). მას ჯვრის მონასტრის დასაცავად პატარა გარნიზონი დაუტოვებია. "და მცველნი ქალაქისა იერუსალიმისანი და მჴედარნი, რომელიცა ვახტანგს განუწესებია მუნ, მუნ დასახლებულან, ენა შეცვლიათ არაბულად, და იგინი ქართველნი არიან გარემოს იერუსალიმისა არაბნი და ევფრათასა არაბნიცა. აწ არაბნი იერუსალიმისანი ქართველნი არიან"-ო, - წერს 1757-1758 წლებში წერს მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი თავის "მიმოსვლაში". მათ დროთა განმავლობაში დაუკარგავს ენა, ზოგიერთს კი სარწმუნოებაც, თუმცა ისინი თავიანთ თავს გურჯებს უწოდებდნენ და საოცრად განსხვა-ვდებოდნენ ადგილობრივი არაბებისგან. მხოლოდ მათ ჰქონდათ მონასტრის მინდვრებისა და ვენახების დამუშავების უფლება. შემოსავლის მესამედს კი მონასტერს სწირავდნენ. ისინი მონასტრის მახლობლად დაბა მალხაში ცხოვრობდნენ. პალესტინის ომის დროს კი შორს გადაასახლეს და გაფანტეს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერს თავისი სახსრებით ინახავდა თბილისში, წმინდა ვახტანგ მეფის მიერ აგებული ტაძარი, რომელსაც თავიდან "გოლგოთა" რქმევია, ჯვრის მონასტრის მამობილად ქცევის შემდეგ კი მისთვის "ჯვრის მამა" უწოდებიათ (1039-1059 წლებში მონასტერი განაახლა ბერმა პროხორემ ბაგრატ მეფის სახსრებით, შემდეგში რამდენჯერმე შეაკეთეს ცალკეული კედლები, სახურავი თუ მთელი მონასტერი). ასე ჰქვია ამ ტაძარს დღესაც (XVII ს-ის ბოლოს, პალესტინაში მდებარე სხვა ქართული ეკლესია-მონასტრების მსგავსად, ჯვრის მონასტერიც იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შევიდა. იქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა. ბერძნები ყველანაირად ცდილობდნენ მიეჩქმალათ ჯვრის მონასტრის კავშირი ქართულ კულტურასთან, ასევე დაემალათ იქ ქართველთა მოღვაწეობის ფაქტები. მათ საგანგებოდ გადაღებეს ქართული ფრესკები. მონასტრის მთავარ კედელზე დახატული ყოფილა სამი ქართველი მეფე. ტიმოთე გაბაშვილმა არა მხოლოდ ნახა მეფეთა სურათები, არამედ მათი ზუსტი პირებიც გადმოაღებინა და ჩაურთო თავის ავტობიოგრაფიულ ხელნაწერში. სურათების პირებს აქვთ წარწერები: "ღირსი მირიან, პირველი კეთილმორწმუნე მეფე საქართველოჲსა, ხოსროიანი"; "სახელოანი დიდი ჴელმწიფე ვახტანგ გურგასლან, მპყრობელი და მეფე საქართველოჲსა და იერუსალიმისა, ხოსროიანი"; "ბაგრატ კურაპალატი, მეფე საქართველოჲსა, დავითიანი, აღმაშენებელი ქუთათისისა საყდრისა". ალექსანდრე ცაგარლის ცნობით ქართველ მეფეთა გამოსახულების ზემოთ იყო ქართული წარწერა, რომელიც დაზიანების გამო მხოლოდ ნაწილობრივ იკითხებოდა: "ქ. მირიან... კონსტანტინე... მეფემ ეს ჯვარი... მოვიდეს... და დაიჭირა იერუსალიმი და ააშენა ესე ჯვარი").
იერუსალიმიდან ვახტანგ გორგასალი და მისი ამალა წავიდნენ ქალაქ ანტიოქიაში, სადაც მათ პეროზ შაჰი ელოდათ. აქ მათ შემოუერთდნენ ლეონი და არტავაზი 20.000 რჩეული ლაშქრით და პეროზსა და ვახტანგს მოართვეს უდიდესი ძღვენი, ხოლო ლეონს ნაბრძანები ჰქონდა კეისრისგან, რომ ვახტანგ მეფის ბრძანებას უნდა დამორჩილებოდა. შეიკრიბა ვახტანგის ბრძანებით 50.000 რჩეული ქართველი, ბერძენი და სომეხი მხედარი. მაშინ სპარსთა შაჰმა უთხრა ვახტანგს: "ვინაიდან დედაშენმა და შენმა დამ ამხელა გზა გამოიარეს და ასე დაშვრნენ, ბარემ ისინიც თან წავიყვანოთ სპარსეთში და ერთობით გავიხაროთ ჩემი და მირანდუხტის ბედნიერებით, მერე თუ ინებონ წასვლა ქართლში, წავიდნენ რანის გზით, და თუ უნდათ დაგელოდონ ქალაქ ურჰაში. მოეწონა ვახტანგს ეს აზრი და ყველანი ერთად გაემგზავრნენ სპარსეთის სატახტო ქალაქ ქტისეფონში, რომელიც ზეიმით შეხვდა ქართველ ხელმწიფეს. სპარსეთის შაჰმა მაცნე გააგზავნა სპარსელ წარჩინებულებთან და ყველაფერი ამცნო. მათაც გაიხარეს, რადგან "ეგზნებოდეს ბრძოლისათვის ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა-თვის". მივიდნენ ბაღდადს და მიეგებნენ სპარსეთის წარჩინებულები დიდი სიხარულით. გადაიხადეს სპარსთა მეფისა და ვახტანგის დისა სამეფო ქორწილი, რის შემდეგაც პეროზმა საგდუხტი და ხუარამზეც დაასაჩუქრა და დიდი პატივით ქალაქ ურჰაში წარგზავნა, სადაც უნდა დალოდებოდნენ ვახტანგს. "დიდ პატივს სცემდა ერი სპარსეთისაჲ ვახტანგს, ვითარცა პეროზს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა" (465 წ.).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ჰუნთა წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა
"ვინ იყვნენ ირანის მტრები, რომელთა წინააღმდეგ ირანელებთან ერთად ვახტანგ გორგასალი ჯორჯანეთში, ინდოეთში, სინდეთსა და აბაშეთში 8 წელი იბრძოდა? V საუკუნის სომეხი ისტორიკოსების ფავსტოს ბუზანდაცისა და ელიშეს ცნობებით, ირანის შაჰებს აღმოსავლეთში გამუდმებული ბრძოლები ჰუნ ქუშანებთან ჰქონდათ. ქუშანთა გაერთიანება ზემოდასახელებულ ტერიტორიებზე ახ. წ. დამდეგს ჩამოყალიბდა და იმ ხანად ძველი მსოფლიოს იმპერიებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი იყო. შემდეგ ის დაემცრო, და ირანის შაჰებმა დროებით მისიდამორჩილება შეძლეს. ვახტანგის დროს საჭირო გახდა ხელახლა დამორჩილება.
ჰუნების წინააღმდეგ მიმავალი ლაშქარი ქ. ნისიბისში შეიკრიბა. იქ მივიდა ვახტანგ გორგასალი ქართველთა ლაშქრით, ასევე ლეონი ბიზანტიელთა რაზმებით და გაემართნენ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ველებზე (ჯორჯანეთში) მომთაბარე ჩოლების (იგივე ჰეფტალიტები, თეთრი ჰუნები) წინააღმდეგ. ჯორჯანეთში წარმატებით დამთავრებული ლაშქრობის შემდეგ, ირანის ლაშქარი ინდოეთში გადავიდა (იმჟამად იქ არსებული ქუშანთა სახელმწიფოს დედაქალაქი ჰურუშაპურა, ახლანდელი პეშავარი იყო). დაიმორჩილეს იქაური ჰუნები, მათგან ხარკი აიღეს და სინდეთს მიადგნენ. ძველ საქართველოში სინდეთად მდ. ინდის ქვემო წელზე არსებული ქვეყანა იწოდებოდა (ესაა ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია). ქუშანთა გაერთიანება იქ ახ. წ. III საუკუნეში შეიქმნა. პეროზის ლაშქარს სინდთა მეფე მომზადებული დახვდა. მოსახლეობა ციხეებსა და ქალაქების გალავნებს შიგნით იყო შეხიზნული. სინდთა მეფის მეომრები კი მოულოდნელი თავდასხმით ირანელთა ლაშქარს დიდ ზიანს აყენებდნენ. სინდთა მეფე "მხნე, გოლიათი და შემმართებული", ყოველდღე გამოდიოდა საბრძოლველად. მან არაერთ სპარს ბუმბერაზს სძლია. ერთ ღამეს, სინდთა მეფის ბრძანებით, ისეთი ორმო ამოთხარეს, შიგ ათამდე მხედრის მოთავსება შეიძლებოდა. ზემოდან ისე შენიღბეს, არაფერი არ ეტყობოდა. ორმოს იქით ქალაქის კედლამდე მხოლოდ ვიწრო გასასვლელი გზა დატოვეს. დილაადრიან ერთი სინდი მეომარი საბრძოლველად გამოვიდა. იმ ხანად ციხის კარს რადგან ქართველები დარაჯობდნენ, სინდ მეომართან საბრძოლველად ვახტანგ მეფის ეჯიბი (ძველ საქართველოში ეჯიბი სამეფო სასახლის მსახურთა უფროსს ეწოდებოდა) საურმაგი გავიდა. მან სინდს უთხრა: "შენ არა ხარ ღირსი მეფე შეგებრძოლოს, მონა ხარ და მე შეგებრძოლები"-ო. ამ სიტყვების გამგონე სინდმა შეატრიალა ცხენი და გაქუსლა. უკან საურმაგი დაედევნა, როდესაც სინდი მეომარი, საგანგებოდ დატოვებულ ვიწრო გზით შენიღბულ ორმოს გასცდა, მაშინ შემოუბრუნდა საურმაგს. საურმაგმა მას ჰოროლი (ლახვარი, შუბი) სცა და მოკლა, მაგრამ, ორმოდან სინდი მხედრები ამოვიდნენ და მათთან ბრძოლაში საურმაგი დაიღუპა. ამ ამბის შემყურე ვახანგ მეფე და მისი ერისთავები: არტავაზი, ბივრიტიანი, ნასარი სასწრაფოდ გაეშურნენ ციხისაკენ, მაგრამ ვერ მიასწრეს – სინდმა მებრძოლებმა ქალაქის გალავანს შეაფარეს თავი. "მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა" გამობრუნდა უკან "იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისასა ვითარცა ძმისა საყვარლისასა, რამეთუ თანაზრდილ იყო მისი". საურმაგი არტავაზის მამის, ვახტანგის მამამძუძის – საურმაგის ძმისწული იყო, მეფის "ერთგული, მისანდობელი და ქუელი". სინდთა მეფემ ქალაქის გალავნიდან ვახტანგს ყვავისა და ქორის არაკი მოუთხრო. არაკის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სინდეთის ხელმწიფემ, ქრისტიან მეფეს ურწმუნო შაჰის მსახურებაში დასდო ბრალი. თავის მხრივ, ვახტანგმა უპასუხა და თავის ქმედება ახსნა. მან სინდეთის მეფეს ამცნო, რომ წმინდა ქალაქი იერუსალიმი გამოიხსნა, მაგრამ თუ სპარსელები "მტერ ექნებიან ქრისტიანთ", მაშინ იგი მთლიანად ქრისტიანთა მხარეზე დადგებოდა. ბოლოს ვახტანგ გორგასალი სინდთა მეფემ ორთაბრძოლაში გამოიწვია. ვახტანგ მეფე დათანხმდა. ორივეს ხელთ ჰოროლები (შუბები) ეპყრათ. დაიწყო ორთაბრძოლა და "იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა", ორივე მარჯვე დროს ეძებდა, რათა მოწინააღმდეგისათვის შუბი ეძგერებინა. პირველად ეს სინდთა მეფემ მოახერხა, მაგრამ მეფემ "სიმხნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა" ჰოროლი აიცილა და, საპასუხოდ თავისი ჰოროლი ისე სცა მარცხენა ბეჭში, რომ საჭურველის სიმაგრემ ვერ გაუძლო და შუბის პირი ერთი წყრთა წინ გავიდა. ცხენიდან ჩამოვარდნილ სინდთა მეფესთან მიიჭრა ვახტანგი ფეხში ხელი სტაცა და ირანის შაჰის წინ მიათრია. ამ ამბის შემყურე სპარსთა მეფე და "ყოველი ბანაკი მისი" სიხარულით აღივსო, "ყოველმან სპამან ხმითა მაღლითა შესძახეს ქება ვახტანგს". შაჰმა დაჭრილი სინდთა მეფისათვის მკურნალი იხმო, უნდოდა მისი ტყვედ წაყვანა, მაგრამ ვახტანგის თხოვნით იგი გაათავისუფლა, მისი ორი შვილი კი მძევლად აიყვანა. სინდეთს ინდოეთზე ორჯერ მეტი ხარკი გადაახდევინა, რომელიც ვახტანგს მიანიჭა. თავის მხრივ, სინდთა მეფემ დიდი მადლობა მოახსენა მეფეს, ჯერ იმისთვის, ცხენიდან გადმოვარდნილი რომ არ მოკლა, მეორე – ტყვეობიდან რომ დაიხსნა, ამიტომ მან თავის მხრივ, ძღვენი "მიუწვდომელი და დიდძალი" მიუძღვნა ვახტანგ გორგასალს. სინდეთს შესვლითგან მეოთხე წელს ლაშქარი აბაშეთისაკენ გამოემართა. შაჰინ-შაჰ პეროზთან ერთად ვახტანგ გორგასლის აბაშეთში ლაშქრობის ამბავი, "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ ამბად ითვლებოდა. საქმე ის იყო, რომ V საუკუნეში ქართველებმა თუ კარგად იცოდნენ აბაშეთი რომ ირანის მოსაზღვრე ქვეყანა იყო, X-XI საუკუნეებიდან ეს ცოდნა დავიწყებას მიეცა და აბაშეთად ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ეთიოპია იწოდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ჯუანშერის ცნობები აბაშეთზე ჩვენმა მეცნიერებმა არარეალურად მიიჩნიეს. აქ ნახსენებ აბაშეთში სინამდვილეში რომელი რეგიონი იგულისხმება, ამას ქვემოთ განვმარტავ. სინდეთიდან წამოსული ლაშქარი, როგორც გაირკვა, ახლანდელი ავღანეთისა და ირანის სახელმწიფოებში შემავალი ძველი დრანგიანის ტერიტორიაზე შევიდა. ძვ. წ. II საუკუნეში ამ მხარეში საკები (ირანული მოდგმის ტომები) დამკვიდრდნენ, რის გამოც იგი "საკასტანად" ("საკების ქვეყნად") იწოდა. III საუკუნეში იქ ქუშანები გაბატონდნენ, რომელნიც ირანელებმა დაიპყრეს, იმხანად კი განდგომილები იყვნენ. ახლა ვნახოთ, როგორ ახასიათებს ამ ქვეყანას ჯუანშერი: "და მოვიდეს მუნით (ე. ი. სინდეთიდან) აბაშეთს, ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, დავერცა ოთხფეხი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულგრძელად ჰბრძოდეს. რამეთუ წყალი იგი რომელ შესდიოდა, გადაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა, და წარმოტყვევნეს აბაშეთი ყოველი". მკითხველი დამეთანხმება, რომ აბაშეთი, მართლაც, საკმაოდ უცნაური ქვეყანა ყოფილა. ლერწმიანში თავშეფარებულ მოსახლეობას იქ ხელოვნურად შეუშვიათ წყალი. თუმცა, წყალი არც იმ სიღრმისა იყო, ნავებით შესულიყვნენ. პეროზის მოლაშქრეებმა მხოლოდ წყლის ძველ კალაპოტში გადაგდების შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი ლერწმოვანს და ასე დაიმორჩილეს აბაშნი. ჯუანშერის ცნობები სისტანის შესახებ ერთ-ერთი უძველესია და იგი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელზედაც ქვემოთ შევჩერდები. XIX საუკუნეში შედგენილი აღწერით, შიდა სისტანის ჩრდილოეთით ორი ლაგუნაა. მათ ერთ მხარეს, აღმოსავლეთით, მდ. ჰილმენდის ძველი დინების კალაპოტი ესაზღვრება. სამხრეთის საზღვარს კი სისტანის დიდი არხი ქმნის, რის გამოც ამ ტერიტორიას სამი მხრიდან წყალი აკრავს. ტაფობში (ირანულად "ჰამუნ"), სადაც ზემოდასახელებული ლაგუნები მდებარეობენ, ავღანეთის მხრიდან მდინარეები: ჰარუდ რუდი, ფარაჰ რუდი, ჰილმენდი და ქასრუდი ჩაედინებიან. ლაგუნების სამხრეთით გადაჭიმულია ჭაობიანი სივრცე (ირან. "ნაიზარ"). წყალდიდობისას ორივე ლაგუნა ტბებად იქცევა ხოლმე და ერთიანდება. წყლის დონის მომატებისას ტბიდან გადმომდინარე წყალი სამხრეთით მდებარე ჭაობიან სივრცეს ფარავს, რის გამოც ეს ტერიტორია დიდ ტბას ემსგავსება. ტბებში წყლის დონემ თუ კიდევ მოიმატა, მაშინ ტბიდან გადმომდინარე წყალი ერთი ტოტით უფრო სამხრეთით, გავადი ზარიჰის ტბის ღრმულში გადადის და სისტანის მთელი ტაფობი წყლით იფარება. მაგრამ, ჩანს, ეს იშვიათად ხდება. როცა აბაშეთის (სისტანის) ტერიტორიაზე პეროზის ლაშქარი შევიდა, წყალდიდობა კი არ იყო, არამედ აბაშებს ტაფობაში ხელოვნურად ჰქონდათ შეშვებული წყალი, რის გამოც, მოხერხდა წყლის გადაგდება, ლერწმოვანის დაწვა და შიგ მსხდომარე აბაშთა დამორჩილება. "განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა, და ნახევარი წარმოიყვანნა ვითარ სახელი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესენი არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყუენა აბაშთაგან". აბაშეთის დამორჩილებით დასრულდა შაჰინშაჰ პეროზთან ერთად ვახტანგ გორგასლის ხანგრძლივი ლაშქრობა ირანის მტრების წინააღმდეგ. 468 წელს ირანის დედაქალაქში ჩასულ პეროზს, იქ ქართლის პიტიახში ვარსქენი დახვდა. გავიხსენოთ, როგორც "შუშანიკის წამების" ავტორი იაკობ ცურტაველი წერს, იგი "მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა წარემართა კარად სამეფოდ". 459 წელს ავიდა ტახტზე პეროზი და მისი მეფობის მერვე წელი 467 წელია. რა თქმა უნდა, ვარსქენმა იცოდა ლაშქრობიდან ვახტანგი დიდი სახელითა და შაჰის ნდობით აღჭურვილი რომ დაბრუნდებოდა, ამჯერად მისთვის ძნელი არ იქნებოდა ურჩ ქვეშევრდომს გასწორებოდა. ამიტომ დაასწრო ვარსქენმა. შაჰის კარზე ცეცხლთაყვანისმცემლობის მიღებითა და შაჰთან დანათესავებით, იგი ვახტანგისაგან ხელშეუხებელი პიროვნება გახდა. თუმცა შაჰ პეროზის დაღუპვისთანავე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, იგი ვახტანგ მეფემ მოაკვლევინა".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
საეკლესიო რეფორმა
"სანამ ქართველთა ლაშქარი ირანელთა ბანაკს დატოვებდა, შაჰმა თავისი ასული ცოლად ვახტანგ მეფესაც შესთავაზა, მაგრამ ვახტანგმა უპასუხა: "არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა". შაჰს არ მოეწონა მეფის პასუხი, "დაუმძიმდა მეტად", მაგრამ ვახტანგს, რომელსაც მის გამარჯვებებში ამხელა წვლილი მიუძღოდა, არაფერი უთხრა. ამგვარად: "წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა" სპარსეთს შესვლიდან და მივიდა ქ. ურჰაში, სადაც "მშვიდობით პოვნა დედა და დაი მისი". ურჰადან წამოსულნი კი როცა ბიზანტიის საზღვარს მიადგნენ, ბიზანტიელთა ლაშქარი ლეონის სარდლობით ბიზანტიის შიდა რაიონებისაკენ გაემართა, ვახტანგ მეფემ კი აქედან "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესათვის". ვახტანგი იმპერატორს სთხოვდა, პეტრე კაპადოკიელი ქართლის კათალიკოსად ეკურთხებინათ (ეს აქტი იმპერიის, კერძოდ, ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ, ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ანუ დამოუკიდებლობის მინიჭებას ნიშნავდა). ქართლში შემოსულ მეფეს "ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი" მიეგებნენ. მათ შორის იყო, იმ ხანად ქართლის ეკლესიის მეთაური, ვახტანგის აღმზრდელი მიქაელი. როცა მიქაელმა შეიტყო მეფის განზრახვა ქართლის კათალიკოსად პეტრეს დასმის შესახებ, "იწყო ამბოხებად და მიზეზობად" - მეფეს ქრისტიანობის დატოვებასა და ცეცხლთაყვანისმცებლობის მიღებაში დასდო ბრალი. მეფემ უარყო მიქაელის ბრალდება და უთხრა, რომ ქრისტეს ძალითა და თანადგომით მოიარა ეს ლაშქრობა, კონსტანტინოპოლში კი, მართლაც გააგზავნა მოციქული თხოვნით, რათა პეტრე კათალიკოსად ეკურთხებინათ. ამ სიტყვების გამგონე მიქაელმა "კრულ-ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი". ასეთი დაწყევლის მიუხედავად, მეფემ სცადა ვითარება არ გაემწვავებინა, გადმოხდა ცხენიდან და დააპირა ეპისკოპოსის ფეხს მთხვეოდა, მაგრამ მიქაელმა "მიამთხვია პირსა მეფისასა ფანდაკითა" და მეფეს კბილი ჩაუმტვრია. მეფემ მიქაელს, რა თქმა უნდა, ეს აღარ აპატია, მას "ვეცხლის მოყვარე" უწოდა, გადააყენა ქართლის ეკლესიის მეთაურის კათედრიდან და დასასჯელად კონსტანტინოპოლში გაგზავნა, რომელიც "მღვიძართა" მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს. როგორც ვიცით, დედოფალმა საგდუხტმა მიქაელი იმ დროს მოიყვანა ბიზანტიიდან, როცა ბინქარან ცეცხლთაყვანისმცემლის ზეწოლით მრავალმა ქართველმა დატოვა ქრისტიანობა და მიქაელი შეებრძოლა ბინქარანს. ისიც ვიცით, რომ მიქაელი ვახტანგის აღმზრდელი იყო. ამიტომ, ცხადია, ჩნდება კითხვა, რა მოხდა, რატომ უარყო ვახტანგ მეფემ თავისი აღმზრდელი და ქრისტიანობისათვის თავდადებული მიქაელი, არ დასვა ის ქართლის ავტოკეფალური ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობლად, და რატომ მოიწადინა ამ ადგილას დასასმელად მაინცდამაინც პეტრე კაპადოკიელი? ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მეფესა და ეპისკოპოსს შორის მომხდარ კონფლიქტს ხან რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილი დაპირისპირებით, ხან კი მიქაელის ვერცხლის მოყვარეობით ხსნიდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ვახტანგ მეფეს არ სურდა ქართლის დამოუკიდებელი ეკლესიის პირველი მეთაური ისევ ბიზანტიიდან (ანტიოქიიდან) გამოგზავნილი მიქაელი ყოფილიყო. ამით ეკლესიის დამოუკიდებლობას აზრი ეკარგებოდა. პონტოში ლაშქრობისას გაცნობილი პეტრე კაპადოკიელი კი ვახტანგ მეფისა და, საერთოდ, ქართველთა თვალში, სავარაუდოა, ტომით ქართველად აღიქმებოდა – ქართველი იყო (გავიხსენოთ, ასევე კაპადოკიიდან იყო ქართველთა განმანთლებელი წმინდა ნინო, პონტოელი გახლდათ ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის, მეორე მეუღლე ნანა დედოფალი). როგორც ჩანს, კაპადოკია, იმ დროს ქართველთა თვალში ქართველთა ქვეყნად იყო მიჩნეული. 468 წელს ქართლიდან გაძევებული მიქაელ ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დასაჯა, რომელიც "მღვიძართა" მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს. ვახტანგ მეფემ პეტრე კაპადოკიელის კურთხევა იმპერატორსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა. ამიტომ, ამ ბოლო დრომდე ფიქრობდნენ, რომ ავტოკეფალიის მოპოვებამდე, ქართლის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. მკვლევრები ყურადღებას არ აქცევდნენ იქვე არსებულ ცნობას, იმპერატორმა და პატრიარქმა ვახტანგის ელჩობა კონსტანტინოპოლიდან ანტიოქიას რომ "წარავლინეს" და "მიუწერეს ანტიოქიის პატრიარქს": "ჩვენ ვიცით, რომ ადრიდანვე, "უწინარესობის" კანონიდან გამომდინარე, ქართლის ეკლესია თქვენი წმინდა საყდრისა იყო, "ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა". ასევე მიუწერეს "ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა" და სთხოვეს პეტრე კაპადოკიელი კათალიკოსად, დანარჩენი 11 სასულიერო პირი, ვინც მას სურდა, სამუელთან ერთად ეპისკოპოსებად ეკურთხებინა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ქართლის ეკლესია რომ ანტიოქიის ეკლესიას ემორჩილებოდა, შემთხვევითი არ იყო. სირიის დედაქალაქი – ანტიოქია, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის რელიგიურ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მისი ეკლესია (ქრისტიანული თემი) თვით პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული. ანტიოქიას "ღვთის ქალაქს" (ბერძნ. თეოპოლისი) უწოდებდნენ. სწორედ ანტიოქიის ეკლესიის სიძლიერემ და დიდმა ავტორიტეტმა განაპირობა, III საუკუნის დამდეგიდან მის ეპისკოპოსს არა მარტო რომის იმპერიის აზიური ნაწილის (თვით კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის ჩათვლით), არამედ იმპერიის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესიებიც რომ ემორჩილებოდა (მათ შორის ქართლის, ეგრისის, სომხეთის). ანტიოქიის ეკლესიის გავლენაში მყოფი – კაპადოკიის ეკლესიიდან გამოსულმა მისიონერებმა იქადაგეს ამ ქვეყნებში ქრისტეს მცნება. მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი, როგორც ქართლში, ისე ეგრისში (ასევე სომხეთში) ქრისტიანობის გამარჯვების საქმეში. დაახლოებით 317 წელს გალატიიდან (ეს იყო კაპადოკიის მომიჯნავე მხარე. ძველი ქართველი ავტორი მას ბრანჯთა ქვეყანას უწოდებს) ქართლში ჩამოსულმა მთავარდიაკონმა ქართლის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად იოანე აკურთხა. 325 წლის ბოლოს, კი ანტიოქიის ეპისკოპოსის ევსტათის მიერ ქართლის ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ქართლის ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა დამყარდა. იმ დროიდან მოკიდებული, ქართლის ეკლესიის მეთაურებად ანტიოქიიდან გამოგზავნილი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო მიქაელ ეპისკოპოსი. ახლა ვახტანგ მეფე ცდილობდა ქართლის ეკლესია ანტიოქიის ეკლესიის (451 წლიდან ანტიოქიის ეპისკოპოსი პატრიარქად იწოდა) გავლენისაგან გაეთავისუფლებინა. რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქი (კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსიც 451 წელს, ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იწოდა პატრიარქად და იმპერიის აზიურ ნაწილში პირველ საჭეთმპყრობლად იქნა აღიარებული) და იმპერატორი (გავიხსენოთ იმპერატორი ლეონი ვახტანგის სიმამრი იყო) თანახმანი იყვნენ ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭებინათ. ამ საქმისათვის, თითქოს, ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა. მაგრამ როდესაც ანტიოქიაში ქართველთა დელეგაცია ჩავიდა, იქ მონოფიზიტებს (ესენი აღიარებდნენ ქრისტეს ერთბუნებიანობას) და დიოფიზიტებს (აღიარებდნენ ქრისტეს ორბუნებიანობას), შორის ისეთი დაპირისპირება იყო, რომ პეტრე კაპადოკიელისა და სხვა სასულიერო პირების ხელდასხმა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ქართლის ეკლესიის ავტოკეფალურად აღიარება კარგა ხნით გადაიდო. როგორც ვახტანგის "ცხოვრებაშია" ნათქვამი, ანტიოქიის საპატრიარქოსაგან ქართლის ეკლესიამ ავტოკეფალია ქართლის მოქცევიდან 170-ე წლისთავზე ე.ი. 487 წელს მიიღო. პეტრე კაპადოკიელი ქართლის კათალიკოსად ანტიოქიის პატრიარქმა – პეტრე ფულონმა აკურთხა. მანვე აკურთხა ეპისკოპოსებად სამუელ კაპადოკიელი და 11 სხვა სასულიერო მოღვაწე. ქართლში ჩამოსვლის შემდეგ პეტრე ქართლის ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი გახდა, სამუელი ვახტანგ მეფემ მცხეთის ეპისკოპოსად დაადგინა. დანარჩენმა 11-მა ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში დაიკავეს საეპისკოპოსო კათედრები".
წმინდა მეფემ რამდენიმე ახალი საეპისკოპოსო დააარსა (V ს შუა წლებისათვის ქართლის ეკლესიას ყავდა 21 ეპისკოპოს, ხოლო ერთ-ერთი წყაროთი დასტურდება, რომ VI ს-ის დამდეგისთვის მათი რიცხვი 33-ს შეადგენდა,VII ს-ის დამდეგს კი 35-ს) და ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსები იქ დასვა: კლარჯეთს, ახიზის ეკლესიაში, სხვანი კი დასვა: ჯავახეთს - წუნდაში; ერუშეთს (საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი IV ს-ში სწორედ ერუშეთში ააგეს) - არტაანში (ეს მის მიერ ახლად შემოერთებული ძირძველი მიწები იყო); მანგლისში; ბოლნისში; რუსთავში; ნინოწმინდაში - უჯარმის კართან, რომელიც მანვე აღაშენა; ერთი მისსავე აშენებულ ჭერემში და იქ დააარსა ქალაქი მისგანვე აშენებულ ორ ეკლესიას შორის (ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა. აქვე დღემდეა შემორჩენილი V ს-ის თელეთის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა და ამავე საუკუნის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია); ერთი ჟალეთში ანუ ჩელეთში ("შუა სოფელში"), ერთი ხორნაბუჯში და ერთი აგარაკში, რომელიც ხუნანის პირდაპირაა თუმცა VI ს-ის II ნახევრამდე კათალიკოსები ისევ საბერძნეთიდან მოჰყავდათ, მხოლოდ VI-ს-ის შუა 30-იან წლებში დაადგინეს პირველი ქართველი კათალიკოსი საბა I, ხოლო VIII ს-ის 60-იან წლებში ქართველი მღვდელმთავრები განთავისუფლდნენ ანტიოქიიდან კურთხევის მიღების აუცილებლობისაგან. 1012 წლიდან კი საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მიიღო კათალიკოს-პატრიარქის წოდება, რაც გულისხმობდა მის კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის და ანტიოქიის პატრიარქებთან გათანასწორებას. პირველი პატრიარქი ქართული ეკლესიისა იყო მელქისედეკ I (1010-1033 წ.წ.)]. სამღვდელმთავრო კათედრების დაფუძნების შემდეგ, წმინდა ვახტანგმა ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა გააჩაღა.
"იქმნა დაწყნარებაჲ და მშჳდობაჲ" და ვახტანგ მეფემ დაიწყო რაჟდენის წმინდა ნაწილების მოძიება, რადგან ფარულად იყო დაკრძალული ერთი მღვდლის მიერ წრომში და მის გარდა არავინ იცოდა საფლავი. არც მოწამეს უნდოდა, რომ მისი მრავალმოღვაწე გვამი დაფარული ყოფილიყო და ერთ ღამეს "ბრწყინვალებითა შემოსილი" ეჩვენა ამ მღვდელს და უთხრა: ხუცესო, აღდეგ და ნუღარ ყოვნდები, რადგან მეფეს სურს ჩემი ნაწილების ხილვა და პატივისცემა; წადი და აუწყე სად გაქვს დაფლული და სადაც თვითონ ინებებს, იქ დაკრძალოსო. შიშითა და სიხარულით აღვსილი ხუცესი მყის ეახლა მეფეს და ყველაფერი ზედმიწევნით აუწყა. იგიც გამოუთქმელი სიხარულით აივსო და მადლობა შესწირა ყოვლად ძლიერ ღმერთსა და სანატრელ მოწამეს. მსწრაფლ იხმო თავის სამეფოს ეპისკოპოსნი და სამღვდელონი და წარავლინა ისინი სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო "მრავალ მოღუაწე იგი გუამი ღუაწლით შემოსილისა მის მოწამისა". როდესაც წრომს მივიდნენ და სამარხიდან ამოიღეს წმინდა ნაწილები, "მიუთხრობელი სურნელება გადაეფინა და აღავსო ყოველი იგი ადგილი. აღიღეს მუნით და წარმოემართნეს გალობითა და ფსალმუნებითა, სანთელთა და კეროანთა (კელაპტართა) სიმრავლითა და საკმეველთა სურნელებითა და წაიღეს ნიქოზს, საეპისკოპოსოსა მას ეკლესიასა, მისვე მეფისა ვახტანგისა მიერ აშენებულსა".
სცნეს რა მეფემ და დედოფალმა, როგორც მათ ღმრთისმსახურებას ჰშუენოდა, შორს მიეგებნენ, მხურვალედ ამბორს უყოფდენ და შიშით მიემთხვეოდენ "მთავართა და დიდებულთა თჳსთა თანა და ქუეითნი ფრხივ თანა ჰყვებოდეს ცხედარსა მას წმიდისასა და უგალობდენ "დიდებაო ახლის ნერგის ეკლესიისაო, ჭეშმარიტად მნათობო სარწმუნოებისაო, პირველმოწამეო რაჟდენ! შენ მიერ იხარებს წყობა ქართველთა ეკლესიისა". შემდეგ ნიქოზს მივიდნენ და იქ დაკრძალეს "დიდითა დიდებითა და პატივითა სამ-გზის სანატრელი მისი გვამი", ხოლო დღესასწაული დაუდგინეს 3 აგვისტოს (ახ. სტ. 16 აგვისტო), მისი წამების დღეს. წმინდა პირველმოწამე რაჟდენის საპატივცემულოდ, მის სახელზე ვახტანგ გორგასალმა ერთი ეკლესია უჯარმის ციხეში ააშენა და ერთიც სამგორად წოდებულ უჯარმის ველზე. ამის შემდეგ ააშენა ეკლესია ნიქოზში, ცეცხლის საგზებელთან და დასვა იქ ეპისკოპოსი დვალეთისა, ოსეთისა და გლოლთა. ვახტანგმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. (XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმინდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმ. ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1788 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმინდა ჯვარი დაიკარგა).
ბერძენი ცოლისაგან ვახტანგ გორგასალს შეეძინა სამი ძე და ორი ასული. თავის პირმშო ძეს და ტახტის მემკვიდრეს - დაჩის საუფლისწულო მამულად გადასცა ქალაქი ჭერემი, ნეკრესი და კამბეჩოვანი და ასევე მთელი ქვეყანა მტკვრის აღმოსავლეთით. დაჩი ხორნაბუჯში დაჯდა და გახდა მფარველი ამ მხარისა. ვახტანგმა გაასრულა თავისი ახალი სამეფო სამყოფელი უჯარმა "აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა" და იქ დაბრძანდა.
გადმოცემით, მეფე ვახტანგს მიაწერენ მყინვარის ძირში, გერგეთს მთაზე ეკლესიის აშენებას. ასევე, XIX საუკუნის პირველ მესამედში არსებული გადმოცემით, წმინდა ვახტანგის დროს აშენდა წმინდა გიორგის უგუმბათო ეკლესია ლომისაში, მთიულეთს.
მოუპოვა რა ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ვახტანგმა ჩათვალა, რომ პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა თჳთმყოფადი ეკლესიის ავტორიტეტს, რის გამოც, მისი ბრძანებით, 499 წელს დაიწყეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკის აგება (XI ს-ის დამდეგისთვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება. გორგასლისეული სვეტიცხოვლის საფუძვლიანი მშენებლობა 1010 წელს მელქისედეკ კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ტაძრის აგება დამთავრდა 1029 წ). ვახტანგმა მის მიერ ხელახლა აშენებულ "ქვემო ეკლესიას", რომელიც ქართველთათვის "დედაჲ ყოველთა ეკლესია-თაჲ გახდა", წმინდა სიონი უწოდა და იერუსალიმის წმინდა სიონის დარად მოციქულთა სახელობისად გამოაცხადა.
გვსურს აქვე ვახსენოთ თბილისის აშენების ამბავიც.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
თბილისის დაარსება
აღმოსავლეთ საქართველოს, იბერიის დედაქალაქად უძველეს დროს, როგორც ვიცით, მცხეთა იყო. ვახტაგ მეფემ ისურვა ახალი დედაქალაქის აშენება სოფელ (ან დაბა) ტფილისის ადგილას (არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება ახ. წ. IV ს-ის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV ს-ის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V ს-ის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა). ლეგენდის თანახმად, ჭაბუკი ვახტანგ გორგასალი თავისი ამალით სანადიროდ ბრძანებულა ტფილისის უღრან ტყეებში (458 წ). ანაზდად ხოხობი აფრენიათ მონადირეებს. მეფემ მიმინო დაადევნა. გადაიკარგა ორივე ფრინველი. კარგახნის ძებნის შემდეგ მონადირენი წაადგნენ უცნაურ სურათს: მეტეხის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მიწის გულიდან აღმომდინარე წყაროში ეყარა ორივე ფრინველი. სწორედ ამ წყაროსთან წამოსწევია მიმინო ხოხობს, ორივენი შიგ ჩაცვენილან და კიდევაც ჩაფუფქულან - წყარო ცხელი იყო, სურნელოვანი და ოხშივრიანი (სხვა გადმოცემით, ვახტანგ გორგასალს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებების და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო ვახტანგმა ტყეების გაჩეხვა და ქალაქის გაშენება ბრძანა. სახელიც თვითონ დაუდგინა "ტფილ" წყაროთაგან ნაწარმოები - "ტფილისი" (აქაური დასახლების ძველი სახელი). მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. "ტფილისი" - "ტფილი" მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა და აბანოთუბანი ეწოდა
წმინდა ვახტანგმა "ტფილისი" სამ ნაწილად დაჰყო, პირველი კალა (თუმცა კალაზე ციხე IV ს-ში აშენებულა), ანუ კალოუბანი, მდებარეობდა ქალაქის ბჭის ჩრდილო-დასავლეთით მიდამოებში (კალა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაბლობს და ნარიყალას ციხის დასავლეთით სოლოლაკის ქედის ჩრდილო ფერდობზე გაშენდა, და მდინარის დინების მიხედვით გაიყო ორ ნაწილად, ზემო და ქვემო კალად. ამ უბანს თავიდანვე ჰქონდა შემორტყმული გალავანი. ისტორიული ქალაქის დასავლეთის საზღვარს დღევანდელი დადიანის ქუჩის ადგილად არსებული ქალაქის გალავანი წარმოადგენდა, რომელიც XIX ს-ში დაანგრიეს). მეორე ნაწილი - "ტფილისი", ტერიტორია, სადაც თბილი გოგირდოვანი წყაროები ამოდიოდა; მესამე - ისანი, დღესდღეობით ავლაბარი, მტკვრის მარცხენა სანაპირო. სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ დასავლეთით - თაბორის ქედის კალთები, ჩრდილოეთ-დასავლეთით კი - წავკისისწყალი (შემდგომში თბილისი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა (ბიზანტიის იმპერია და სპარსეთი) სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისდამი. VI ს-ის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის).
ვახტანგ მეფეს "ტფილისი", პატარა იერუსალიმად ჰქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გვაქვს აქ უძველესი, იმ სახელის მქონე ეკლესიები, რომლებიც იერუსალიმში იყო: თაბორის, ფერისცვალების, ღმრთისმშობლის, და ბეთლემისა. პლატონ იოსელიანის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა მომავალი დედაქალაქის სულიერ საძირკველად, იერუსალიმის მსგავსად, ოთხი ეკლესიის ადგილი მონიშნა: გეთსემანია - მეტეხის კლდე, გოლგოთა - წმინდა ჯვრის ეკლესიის ადგილი (ჯვრის მამა), ბეთლემი - ნარიყალას კლდოვანი ფერდი და სიონი - მდინარე მტკვრის მარჯვენა კბოდე (V ს-ის 60-იან წლებს უკავშირდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო). ამ დროიდან მაცხოვრის, წმ. ჯვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრები საქართველოს დედაქალაქის სულიერ ზღუდედ აღიმართნენ (კლდისუბნის ეკლესიაში არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოაჩინა ვახტანგ გორგასლის დროინდელი ეკლესიის ნაშთები). ასე ჩაუყარა საფუძველი თბილისს ვახტანგ გორგასალმა (მან აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად) და ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის ცნობით, მისი მფარველობა შეავედრა მიქაელ მთავარანგელოზს, რადგან პირველი საკათედრო ტაძარი მეფეს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე აუგია. ეს ტაძარი 1398 წ. საძირკვლამდე დაანგრია თემურ ლენგმა. თუ რამხელა იყო იგი, მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი ნარჩენებისაგან სამი ეკლესია აიგო: იოანე ნათლისმცემლისა, ხარებისა და წმინდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია (ეს ეკლესია აიგო ამ საკათედრო ტაძრის ადგილზე).
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ბრძოლა ირანის შაჰის, პეროზის წინააღმდეგ
468 წელს ირანიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ, ვახტანგ გორგასალი აშკარად ანტიირანულ პოლიტიკას დაადგა. ირანის შაჰი პეროზი და ქართლ-ალბანეთის მარზპანი მაშინვე მიხვდნენ, რომ ვახტანგის ასეთ კურსს თუ ზღვარს არ დაუდებდნენ, ქართლზე გავლენას დაკარგავდნენ. უფრო გამკაცრდა მათი დამოკიდებულება ქართლის მოსახლეობისადმი, შედეგმაც არ დააყოვნა – როცა ირანს შუა აზიაში ისევ გაურთულდა მდგომარეობა, – ამიერკავკასიაში აჯანყება დაიწყო. 482 წელს შაჰმა პეროზმა აჯანყებული ჰეფტალიტების დამორჩილება განიზრახა. შუა აზიაში სალაშქროდ ამიერკავკასიის ქვეყნებში მდგომი ჯარების ნაწილიც ირანში გაიწვია, ამან თავის მხრივ აჯანყება დააჩქარა. ანტიირანული აჯანყება ალბანეთში დაიწყო. მცირე ბიძგი იყო საკმარისი სომხეთისთვისაც. ამიტომ, როცა ვახტანგ გორგასალმა აჯანყება წამოიწყო, სომხეთის თავკაცებმაც გადაწყვიტეს მისთვის მიებაძათ. V საუკუნის სომეხი ავტორის – ლაზარე ფარპელის ცნობით, იმ დროს ვახტანგი მთელ ამიერკავკასიაში ცნობილი იყო, როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი და სომხებმაც ამიტომ გადაწყვიტეს აჯანყებული ქართლის მეფისათვის მხარი დაეჭირათ. აჯანყების პირველსავე წელს ვახტანგმა, მართალია, მოახერხა ქართლის ციხესიმაგრეებში მდგომი ირანული გარნიზონების განდევნა, მაგრამ ჩრდილო კავკასიიდან დიდი ლაშქრის გადმოყვანა ვერ შეძლო – დამხმარედ მას მხოლოდ 300 ჰუნი მოუვიდა. 483 წლის გაზაფხულზე აჯანყებულთა წინააღმდეგ ირანიდან მიჰრანისა და ატრნერსეჰის სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. ვახტანგი იძულებული იყო ქართველთა ლაშქრით ქართლის საზღვართან სომხეთის მთიანეთში გადასულიყო. იქ ელოდა სომხეთის დამხმარე ძალებს. მეფე მათ ჰუნთა დიდი ძალების მოსვლასაც პირდებოდა. ვახტანგ მეფის მოწოდებაზე სომეხთა სარდალი ვაჰან მამიკონიანი სომეხთა ლაშქრით მთებში ავიდა. აშკარა იყო რომ ირანის ლაშქარი ქართლის მოსახლეობის ძარცვას დაიწყებდა, ამიტომ ვახტანგს სურდა, ბარში ჩასულიყვნენ და იქ შებმოდნენ მტერს, მაგრამ სომხები უარს ამბობდნენ. ლაზარე ფარპელის ცნობით, ვაჰან მამიკონიანი ხედავდა "სომეხთა ჯარის სისუსტეს", "მას დაჰკარგვოდა მხნეობა და დაუძლურებული იყო", არ ჰქონდა "სხვა დროის გულმოდგინება და მონდომება". ბევრი სომეხი მზად იყო ირანელთა მხარეზე გადასულიყო. ვახტანგ მეფემ, სომხები ბარში ჩასვლაზე რომ დაეთანხმებინა, ასეთი ხერხიც კი იხმარა. სომეხთა და ქართველთა ჯარიდან გაგზავნილ მსტოვრებს შორიდან დაანახეს მრავლად დანთებული კოცონები, რომელთა ირგვლივ მეომართა მსგავსად ხის კუნძები ელაგა. ვახტანგის განმარტებით ეს ჰუნთა ლაშქარი იყო და ელოდა ბარში სომხებისა და ქართველების ჩასვლას. ვახტანგი სომხებს არწმუნებდა, თითქოს, ჰუნებს ეთქვათ, ოღონდ სომხები ჩამოვიდნენ აქ და მერე სპარსელებს ჩვენ თვითონ გავუსწორდებითო. ბოლოს და ბოლოს, ვახტანგ მეფემ თავისი გაიტანა, 483 წლის ზაფხულში დილით ადრე, აჯანყებულთა ლაშქარი ჭარმანიანის ველზე ირანელებს შეება. ვახტანგ გორგასალი და ვაჰან მამიკონიანი თავგანწირვით იბრძოდნენ, აჯანყებულებმა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ ამ დროს სომეხთა ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. აჯანყებულთა შორის შექმნილი უწესრიგობით ისარგებლეს ირანელებმა და უფრო მედგრად შეუტიეს. აჯანყებულთაგან ბევრი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. სექტემბერი დადგა და ირანელთა სარდლებმა ქართლი დატოვეს. 483-484 წლების ზამთარმა მშვიდად ჩაიარა. 484 წლის გაზაფხულზე ქართლში დიდი ლაშქრით ირანელთა ახალი სარდალი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი შემოვიდა. მას შაჰისაგან დავალებული ჰქონდა "ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა, ანდა ქვეყნიდან გაეძევებინა". შაჰი კი კვლავ ჰეფტალიტების წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა. ქართლში შემოსულმა ირანელთა სარდალმა მეფეს კი აღარ გაუმართა ბრძოლა, მოღალატე დიდებულები დაიბარა თავისთან. ასეთი ქართლის სამეფოში არაერთი გამოჩნდა. ვახტანგი იძულებული გახდა, ეგრისში გადასულიყო, მაგრამ დრო ისევ ქართველთა სასარგებლოდ შეიცვალა, – ქართლში ირანის ლაშქრის დიდი ნაწილისა და თვით პეროზის დაღუპვის ამბავი მოვიდა. ჰაზარავუხტმა ქართლი დატოვა. ქართლში დაბრუნდა ვახტანგ მეფე და ქვეყნის აღდგენა დაიწყო. მან სასწრაფოდ მოიშორა თავიდან მოღალატე დიდებულთა თავკაცი ვარსქენ პიტიახში – ეს მოხდა 484 წელს. მართალია, ამ აჯანყებით ვახტანგ მეფემ ქართლი ირანელთა გავლენისაგან ვერ გაათავისუფლა, მაგრამ ირანის ტახტზე ასული ახალი შაჰი ვალარში აჯანყებულთა მიმართ დათმობებზე წავიდა. ვახტანგ მეფემ კვლავ განაგრძო ბრძოლა ქვეყნის გასაძლიერებლად.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
ირანის შაჰის კავად I-ის საქართველოში შემოჭრა
ირანელები უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ. შუა აზიაში დამარცხებამ ისინი აიძულა ზოგი რამ დაეთმოთ აჯანყებულთათვის. სომეხთა მთხოვნით, ირანელებმა პირობა დადეს, შეეწყვიტათ ქრისტიანობის დევნა, არ დაერღვიათ ადგილობრივი ტრადიციები და მნიშვნელოვანი საქმეები თვითონ შაჰს გაერჩია. ირანელებმა გამოაცხადეს, რომ ისინი არ ადანაშაულებდნენ აჯანყებულებს, რადგან აჯანყება თვით პეროზის ძალმომრეობამ გამოიწვიაო. შემდგომ, 485 წ. აჯანყებულთა მეთაური ვაჰან მამიკონიანი (ვარდანის ძმა) სომხეთის მარზპანად დანიშნეს. ირანელები ალბანელების წინაშეც წასულან დათმობაზე და მეფობა აღუდგენიათ. ვახტანგიც უფლის ნებითა და შეწევნით მშვიდად განაგებდა ივერიას, ეწეოდა აღშენებლობით საქმიანობას: ააშენა და დააარსა მრავალი ციხე-კოშკი და ეკლესია-მონასტერი (საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმინდა მეფე ვახტანგს მიაწერს: "ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნითგან ეწოდება სამთავისი" (იოანე ბატონიშვილი). სამთავისის საეპისკოპოსო კათედრის არსებობა დასტურდება დვინის 506 წლის საეკლესიო კრების აქტებში. რუისის საკათედრო ტაძრი ვახტანგ გორგასალს აუშენებია და 13 ასურელ მამათაგანს, თადეოზ სტეფანწმინდელს განუახლებია. ურბნისის საკათედრო ტაძარიც V-VI სს-ის მიჯნაზე აუგიათ, ხოლო 13 ასურელ მამათაგან თათეს (მამებელი) (თადეოზ) სტეფანწმინდელს განუახლებია).
"ვახტანგ მეფეს თბილისში რომ სააღმშენებლო სამუშაოები დაეწყო, იგი თავისუფალი უნდა ყოფილიყო ირანული გარნიზონისაგან. ასეთი დრო კი 484 წლიდან დადგა, როცა პეროზის დაღუპვის შემდეგ ირანელმა მოხელეებმა და ჯარმა ქართლი დატოვა. დაახლოებით 485 წლიდან ვახტანგ მეფემ თბილისში მშენებლობები დაიწყო, მაგრამ მისი დამთავრება არ დასცალდა. 488 წელს შაჰი ვალარში, მისივე ძმისწულმა – კავად პეროზის ძემ ტახტიდან გადააყენა და თვალები დათხარა. ამის შემდეგ, როცა ქვეყანა ცოტა მოძლიერდა, კავადმა ვახტანგ მეფესთან მოციქული გამოაგზავნა. მეფეს ასულს (მეორე მეუღლისაგან მეფეს ორი ძე და ერთი ასული ჰყავდა) და ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას სთხოვდა, რაზეც მეფემ უარი შეუთვალა. როცა მეფესთან – მცხეთაში შაჰის ელჩი მოვიდა "ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვა... მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა". 488 წელს ირანის ტახტზე ახალგაზრდა, ენერგიული კავად I-ის ასვლის შემდეგ ძირეულად შეიცვალა ვალარშის დროინდელი უნიათო პოლიტიკა. ჰუნებთან ხანგრძლივი ბრძოლის გამო, ქვეყანა შინაგანად დასუსტებული იყო. მისი ეკონომიკურად მოძლიერება მხოლოდ ბიზანტიიდან მიღებული ოქროთი შეიძლებოდა (ჯერ კიდევ იეზდიგერდ II-ის დროს დადებული ხელშეკრულებით კავკასიის ზეკარების დაცვის გამო, იმპერია ირანს 500 ოქროს უხდიდა). კავადმა კონსტანტინოპოლში ელჩები გააგზავნა და იმპერიისაგან მოითხოვა ან ოქრო გამოეგზავნათ, ან ომი მიეღოთ. ეს ელჩობა ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა ბიზანტიის იმპერატორის გარდაცვალების ამბავი გაიგეს (იმპერატორი ზენონი 491 წლის 9 აპირილს გარდაიცვალა). კავადმა ელჩებს დაავალა, ოქრო ახალი იმპერატორისაგან მოეთხოვათ, მაგრამ რადგან ამ თხოვნაზე მანაც უარი თქვა, ირანმა ბიზანტიას ომი დაუწყო. ირანელთა ლაშქრის ერთი ნაწილი ვახტანგ მეფის დასასჯელად გამოემართა. ირანელთა შემოჭრამდე ვახტანგ მეფემ ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებები გაატარა: "წარავლინა ქადაგნი" და მოსახლეობას მოუწოდა კავკასიის მთებში შეხიზნულიყო: "რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა". კახეთში, ლოპოტის ხევში – გახიზნეს დაჩი და სამეფო ოჯახი. უჯარმაში იყო ვახტანგ მეფე, ხოლო ერისთავები მცხეთაში იმყოფებოდნენ. 491 წლის აპრილის ბოლოს ირანელთა ლაშქარი კახეთს მოადგა: ივ. ჯავახიშვილი, ვახტანგ გორგასლის სიკვდილის და შესაბამისად მისი ბოლო ბრძოლის თარიღად 502 წელს მიიჩნევდა. "შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი და ჭერემისა და ველისციხის ციხეები" და "ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა". ქართლის ლაშქარიც იქ განლაგდა. გადამწყვეტი ბრძოლებიც იორის ველზე მიმდინარეობდა - "სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი". სამეფო ბანაკში იმყოფებოდა პეტრე კათალიკოსიც. მეფემ მას უთხრა: "იცოდე, ირანელები ჩვენ ხარკის მიუცემლობის გამო კი არ გვებრძვიან, არამედ ქრისტეს რჯულის დატოვებისათვის. ჩემი განზრახვა ესაა, სჯულის დატოვებას, ქრისტეს სახელისთვის სიკვდილი სჯობს"-ო. მაშინ პეტრე კათალიკოსმა უთხრა: თუ არ იბრძოლებ სამკვდრო-სასიცოცხლოდ, მაშინ არა მარტო საქართველო გაირყვნება მტრის მიერ. არამედ იერუსალიმიც, რომელიც არის მშობელი "ყოველთა შჳლთა ნათლისა-თა"-ო. მეფემ მიუგო: დადექი წმინდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც "რაბათსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს"; ვეჭვობ, რომ უჯარმის გარშემო ქალაქებს სძლიონ, რადგან მტკიცე და ძლიერი ზღუდენი აქ ავაშენეთ. კათალიკოსმაც აღასრულა მისი რჩევა და სხვა ეპისკოპოსებიც იქ შეკრიბა.
მეფე ირანელებისადმი არავითარ დათმობას არ აპირებდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მეფემ სამღდელოებას სთხოვა, უჯარმის ციხესთან წმინდა რაჟდენის სახელზე აგებულ ტაძართან გადასულიყვნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. თვითონ კი ქართველთა ლაშქარი სამად გაყო: ქვეითები "კლდით კერძო მიავლინა", ცალკე დააყენა პიტიახშები და სპასპეტი, ხოლო სადაც სპარსთა მეფე იყო, მისთვის შეტევა თვით ითავა – და ბრძოლის მეოთხე (ცისკრისას ვახტანგ გორგასალმა თავის ლაშქარს გამოუცხადა: ყოველი კაცი, რომელიც სიკვდილს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლიდან, ჩვენგნით მოკვდებაო) "ნისლისაგან განცისკრებულ" ღამეს, ვახტანგი მოულოდნელად შეიჭრა მტრის ბანაკში, შაჰის კარვამდე მიაღწია და მოკლა შაჰის ძე. აი, ამ დროს "სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისასა". დაჭრილ მეფეს ბრძოლის ველი არ დაუტოვებია – ბრძოლა შუადღემდე გაგრძელდა. თავგანწირვით მებრძოლმა მეფემ და მისმა მეომრებმა მრავლად გაჟლიტეს ირანელები, ცხენებიც მრავლად იგდეს ხელთ (ერთ-ერთი თქმულებით, ვახტანგ გორგასლის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა შემოსეული სპარსელები. ბევრი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. გამარჯვებულებმა დაღუპული თანამოლაშქრენი სამ საფლავში ჩააწვინეს და შემდეგ ყოველმა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მათ. აქედან წარმოიშვა სამი გორა და მათ შორის მდებარე ველს ეწოდა სამგორი). მაგრამ მეფეს ჭრილობა აწუხებდა, ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო – იგი უჯარმის ციხეში გადაიყვანეს. ირანელთა ლაშქარი აიყარა ივრის ველიდან და "ჩადგა რუსთავს".
კარნუ-ქალაქთან მდგომ ბიზანტიელთა ლაშქარსაც შეებნენ ირანელები, მაგრამ დიდ სისხლისმღვრელ ბრძოლაში "ვერ სძლეს ერთმანეთსა". მას შემდეგ კი, რაც ბიზანტიელებმა ვახტანგ გორგასლის დაჭრის ამბავი შეიტყვეს, აღარც უცდიათ ქართლში შემოსვლა. 491 წელს ბიზანტიელებმა ირანთან ზავი დადეს".
დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე
ვახტანგ მეფის სიკვდილი
წმინდა ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა, უხმო კათალიკოსს, თავის ცოლ-შვილსა და ყველა წარჩინებულს და უთხრა: - მე მივდივარ ჩემს ღმერთთან და ვმადლობ მის სახელს, "რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რაჲთა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ". შემდეგ მიმართა ყველა წარჩინებულს: თქვენ, ქართლისა მკვიდრნო, მოიხსენეთ ჩემი სიკეთე, რადგან პირველად ჩემი სახლიდან (სამეფო ოჯახიდან) მიიღეთ საუკუნო ნათელი, ხოლო მე ხორციელი დიდებით განგადიდეთ თქვენ. ჩემ ნათესავებსა და ჩემს შთამომავლებს ნუ შეურაცხყოფთ და ბერძენთა სიყვარულს ნუ მიატოვებთ. თავის ძეს, დაჩის კი უთხრა: შენ ხარ ჩემი პირმშო შვილი, შენთვის მომიცია ჩემი მეფობის გვირგვინი, ხოლო შენს უმცროს ძმებს, ლეონსა და მირდატს ვაძლევ ტაშისკარიდან და წუნდიდან, სომხეთამდე და საბერძნეთამდე, ხოლო აფხაზეთის საზღვარი, ეგრისწყალსა და კლისურას შუა, შენი ძმების დედისა არისო. შემდეგ მოუხმო წუნდის ერისთავს არტავაზს და ოძრხის ერისთავს ბივრიტიანს და მათ ჩააბარა თავისი ცოლი ელენე და მისი შვილები - ლეონი და მირდატი. და სამივენი ერისთავებს შეავედრა ცრემლით, ხოლო შემდეგ სული და სამშობლო ლოცვით შეჰვედრა უფალს.
ქართველი ერისათვის ეს იყო სასჯელის დღე. უბრალო ხალხიცა და წარჩინებულებიც თავში იცემდნენ და ნაცარს იყრიდნენ. ხმამაღალი ტირილისა და გოდებისაგან ქვეყანა იძვროდა. მორწმუნე ერი შენატროდა მეფეს, რადგანაც ქრისტესათვის მოიკლა. "გარდიცვალა მჴნე და მოწამეობისა ღირსი ვახტანგ გორგასალი "უჯარმაში, დაკრძალეს მცხეთას, საკათალიკოსო ეკლესიაში, სვეტთან, "რომელშიც არის ღმრთივაღმართული სვეტისაგან დაპყრობით", - წერს მემატიანე.
ვახტანგ გორგასალი ყოფილა მეტად ჭკვიანი, წინდახედული, გამჭრიახი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე და გულადი მეომარი და მხედართმთავარი. მასზე ცალკე საისტორიო თხზულებაც კი დაიწერა, რომლის ავტორად ითვლება XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერ ჯუანშერიანი. "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, მას მიეკუთვნება ამ კრებულში შესული V-VIII საუკუნეების ამსახველი თხზულება ვახტანგ გორგსალის მეფობიდან არჩილის მეფობის ჩათვლით. ისტორიკოსი ქება-დიდებით ამკობს სახელოვან მეფეს. ჯუანშერი, თავის თხზულების შედგენისას, როგორც ჩანს, იყენებდა ძველ წყაროებსაც და შესაძლოა, ვახტანგ გორგასლის თანამედროვესაც.
არსენ კათალიკოსის (1218-1227) სიტყვით მეფე ვახტანგი ძალიან ტანმაღალი ყოფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო "ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი (2,40 მ) და აწცა რომე არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს" მეფის გოლიათური სიმაღლეო. იმავე ავტორის მოწმობით, ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული ყოფილა მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში, წინაშე სუეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არს ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა"-ო. ე.ი, საფლავის ქვაზე მისი გამოსახულება ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც დიდებული გვირგვინოსანი ყოფილა, - ეს ალბათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა. წმინდა მეფე ვახტანგის აბჯარი და შესამოსელი IX საუკუნემდე ინახებოდა სვეტიცხოველში, მისი ფრესკა კი 1840 წელს ჩამორეცხილა სვეტიცხოვლის კედლიდან. საბედნიეროდ, ამ ფრესკის ასლის გადაღება მოუხერხებია პლატონ იოსელიანს.
ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესეს ძვ. წ. 30/XI; ახ. წ 13/XII).
დაჯდა ქართლის ტახტზე მისი ძე დარჩილი ანუ დაჩი, ხოლო ვახტანგის ცოლი და ორი უმცროსი ძე წაიყვანა სამმა ერისთავმა, დაიჭირეს ქართლის დასავლეთი, რომელიც მისცა მათ ვახტანგმა. ზაფხულობით ქალაქ წუნდაში იყვნენ და ზამთრობით ოძრხეში. მათ ეწოდათ არა მეფეები, არამედ ერისთავთა მთავრები და იყვნენ მეფე დაჩის მორჩილების ქვეშ.
დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს-ის დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, ხოლო უძველესი დროიდან ქართველთა დედაქალაქი მცხეთა საეკლესიო ქალაქად, ცენტრად გამოცხადდა. დაიწყო ქართლის შენებაც, რადგან მოოხრებული იყო ქართლის ყველა ხევი, გარდა კახეთისა, კლარჯეთისა და ეგრისის ხევებისა.
მეფე დაჩის ზეობისას თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმინდის ეკლესია (სავარაუდოდ, მისი საფუძველი ვახტანგ გორგასალს ჩაუყრია. ამ ეკლესიას ანჩისხატი ეწოდა XVIII ს-ში, როდესაც აქ გადმოასვენეს ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩის მონასტრიდან.).
ვახტანგის ბერძენი ცოლის შვილებიდან მოკვდა ლეონი. მირდატს რომელსაც შეევაჭრა მეფე დაჩი, და ტერიტორიები გაუცვალა. მეფემ აიღო ის ქვეყანა, რომელიც მოქცეული იყო ეგრისწყალსა და კლისურას შორის, ეს იყო მირდატის დედულეთი საზღვარი საბერძნეთის სამფლობელოსთან. მის ნაცვლად მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე. დაიჭირა მირდატმა ქვეყანა ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ ერისთავობდა და მორჩილი იყო მეფე დაჩისა. მირდატი ქრისტიანული აღმშენებლობით იყო დაკავებული. მისგან აგებულ ტაძართა შორის გამოირჩევა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.
ამის შემდეგ დაჩის დიდხანს აღარ უცოცხლია, ხოლო გამეფდა დაჩის ძე ბაკურ II, მაგრამ იმავე წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ძე ფარსმან V. ვახტანგის შემდგომ აქამდე ეს მეფეები მშვიდობით ცხოვრობდნენ და მირდატის შთამომავლები ემორჩილებოდნენ დაჩისას. ფარსმანის მეფობისას მოვიდნენ სპარსელები კავად შაჰის წინამძღოლობით, მოაოხრეს ქართლი და რანი. ვინაიდან ბერძნები მოუცლელები იყვნენ: თავიანთი ქვეყნის დასავლეთში მტრებს ებრძოდნენ, არ შეეძლოთ ქართველთა შეწევნა და სპარსთა წინააღმდეგ გამოსვლა. ქართველთა მეფემ ითხოვა სპარსთა შაჰისაგან, ეკლესიები არ მოეოხრებინა და ქრისტეს სჯული არ აეკრძალა. შაჰმა შეისმინა მისი თხოვნა და ეკლესიებს აღარ შეეხო, და როცა ფარსმანმა დაუწერა მორჩილებისა და მსახურების აღთქმა, უკან წავიდა. ამის შემდეგ გაიყვნენ ვახტანგის შთამომავლები: დაჩის შტო ემორჩილებოდა სპარსელებს (დაჩის შთამომავალი იყო VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II- და მისი ძე წმინდა მოწამე მეფე არჩილი), მირდატისა კი დარჩნენ ბერძნების მორჩილებაში.
VI საუკუნის I ნახევარში, ირანის შაჰმა ხოსრო I-მა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართლის) სამეფო. მან საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია, რომელსაც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული ჰქონდა, ირანის პროვინციად აქცია. მემატიანის თქმით, "დაესრულა მეფობაჲ ქართლისაჲ", რაც 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა. იბერია ამიერიდან ირანელი მარზპანები განაგებდნენ. 571-572 წლებში ამიერკავკასია ანტიირანულმა აჯანყებამ მოიცვა. ქართლშიც დამოუკიდებელი მმართველობა აღდგა. ეს იყო ერისმთავრობის ინსტიტუტი. პირველი ერისმთავარი იყო გუარამ I კურაპალატი, ბაგრატიონი.
საქართველოს ისტორიის მთელი ეს ხანა სპარსეთსა და ბიზანტიას შორის გამწვავებულ ბრძოლასა და ქიშპობაში დაილია. ეს მედგარი მტრობა და სისხლის ღვრა მხოლოდ გარეშე შემოჭრილმა ძალამ, გამაჰმადიანებულმა (მაჰმადიანობა, მუსლიმანობა წარმოიშვა ჩვენი წელთაღრიცხვით VII ს-ის I ნახევარში) არაბობამ მოსპო. VII ს-ის 40-იან წლებში არაბებმა მთელი სპარსეთი დაიპყრეს და მეფობა გააუქმეს (არაბთა მიერ ირანის დაპყრობის და სასანიანთა დაცემის (651 წ.) შემდეგ სპარსეთის მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია ისლამი).
საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ერთ დროს სახელოვანი ქართული სამეფო დინასტია ხოსროიანთა (წმ. ვახტანგ გორგასლის შთამომავლებისა). არაბებმა დაიპყრეს თბილისი და საამიროს ცენტრად ააქციეს. გამაჰმადიანდა "მრავალი ერი". ძველი სამეფო დინასტიის თანდათანობითი გაქრობის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში მოექცა ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩვენი მემატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ.
ჩვენი დიდი მეფის, ჭეშმარიტი სარწმუნოების თავდადებული დამცველის საპატივსაცემოდ 1980-1983 წლებში სიონზე მიშენებული ეკვდერი მის სახელზე აკურთხეს, ხოლო 1990 წელს საქართველოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული რუსთავის ეპარქიის გულში - ქალაქ რუსთავში - აგებულიყო მისი სახელობის საკათედრო ტაძარი.
2001 წლის 25 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მიუნხენში დაარსდა წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. იგი საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. წმინდა მეფის მიერ დაფუძნებულ თბილისში მის სახელზე პირველი ეკლესია ისნის რაიონის მერვე ლეგიონის დასახლებაში, წულუკიძის ქუჩაზე აიგო (გაიხსნა 2008 წლის 13 დეკემბერს წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს). მისივე სახელობის ტაძრები აშენდა ვარკეთილში, დიდი დიღმის III მიკრორაიონში და ქ. ბორჯომში.
მომზადდა ვახტანგ გოილაძისა და თინათინ მჭედლიშვილის წერილების მიხედვით..."
ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.
კონდაკი: ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.
წმინდა ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე
აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ტაო-კლარჯეთი და ვახტანგ გორგასალი
"ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!"
"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა"
13 დეკემბერს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებაა
ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ
იხილეთ დასაწყისი