ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ
ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ
13 დეკემბერს ხსენებაა წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62) ; წმინდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმინდა პეტრე I კათალიკოსისა, წმინდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმინდისა სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).

ანდრია მოციქული.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს, ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს საქადაგებლად ხვდა შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

გადმოცემის თანახმად, თავიდან იქადაგა იუდეის სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზიდან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდეგ - ანტიოქიაში, იქიდან - ედესში. 36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინოპოლი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალათეაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გამოემართა საქართველოში, იქიდან - სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.

მეორე მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება). კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა. წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვით სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიის უდაბნოში (ახლანდელი პაკისტანი), ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით, ამ ხალხის ნახვამ ანდრია შეაშინა. თუმცაღა მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროების ცნობით, წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიაში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე - სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარელებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიის ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩრდილოეთითაც, სკვითებისა და მასაკების მიწაზე. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალთაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ. აქ ალანებს უქადაგა სახარება. შემდეგ გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამებრივ სიკვდილს. იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდა.

აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე. გრიგოლმა შეაჯერა ეს ინფორმაცია და გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრიას არ უნდა ექადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო. ეტყობა, საამისოდ მიზეზი არსებობდა. როგორც ცნობილია, მას წილად ერგო: ვიფონია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე-სიბას ოაზისი, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით, ანდრია მოციქული გაემართა ანთროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად, კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში (ტანზანია, რუანდა, კონგო) და ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. იქიდან კი ანდრია მოციქული შეიძლებოდა დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.

შემდეგ ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი. გადმოცემით, ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აჰყვა დნეპრს კიევამდე, ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში, ყირიმში, სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც დღეს მოსკოვია, ნოვგოროდის და ლადოგის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ წავიდა. მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ, იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც ოცი წელი დაჰყო. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონ-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალიაში, ლამიაში, ლუტრაკიონსა და კორინთოში.

უკანასკნელად მოციქულმა იქადაგა ქალაქ პატრაში (საბერძნეთი). წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოიქცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქისთავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღვთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს.

წმინდა ვახტანგ გორგასალი
V საუკუნის I ნახევარში ქართლში ფარნავაზიანთა დინასტიის ჩამომავალი მირდატი მეფობდა. ქრისტიანობის ქომაგი, "ქველი და შემმართებელი" ხელმწიფე 438 წელს გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა: ორი ასული და 7 წლის უფლისწული ვახტანგი (სპარსულად - ვარაზ-ხვასრო-თანგი). უმეფოდ დარჩენილი ქვეყნის მართვა საგდუხტ დედოფალს დააწვა მხრებზე. ამით ისარგებლეს სპარსელებმა და მცხეთაში ცეცხლმსახური მოგვები გამოგზავნეს, რომელთაც ქართლის მოსახლეობა ცეცხლთაყვანისმცემლობაზე უნდა მოექციათ. მწვალებლობით დასუსტებული ქართული ეკლესია შესაფერ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა მაზდეანობას. ამას ისიც დაერთო, რომ მცხეთის ეპისკოპოსი, "ნათესავად სპარსი" მობიდანი, განზრახ არ ებრძოდა უცხო რჯულის მოძალებას.

10 წლისა იყო უფლისწული, როცა დედოფლის სისუსტით გათამამებული ოსები ქართლში შემოიჭრნენ, მოაოხრეს ქვეყანა და ნაძარცვით დატვირთულები გაბრუნდნენ უკან. უამრავ ტყვესთან ერთად თან კასპიდან გატაცებული ვახტანგის უმცროსი და, სამი წლის მირანდუხტიც, წაიყვანეს. ამავე დროს რომის იმპერატორ მარკიანეს ლეგიონებმა კლარჯეთი დაიკავეს და ეგრისში შეიჭრნენ. მძიმე დღეში ჩავარდა ქვეყანა, "იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა".

მაგრამ მცხეთაში ჯუანშერ სპასპეტის მეურვეობით იზრდებოდა უფლისწული ვახტანგი. მომავალმა ხელმწიფემ "სიყრმისავე დღეთა შეიყვარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისათვის, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის მსახურება ტყვეობისა და საზღვართა მიხმისაგან".

15 წლისა ეკურთხა მეფედ ვახტანგ I, ტანად "უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ათორმეტი ბრჭყალი კაცისა იყო სიმაღლე მისი". მაშინვე მცხეთაში უხმო "ყოველთა წარჩინებულთა" და საქვეყნოდ განაცხადა: "არა დავითმინო კიცხევა სამეფოისა ჩემისა, არცა სჯულისა ჩემისა... არა ხამს დათმენა - სიკვდილი სჯობს თავთა ჩვენთათვის!"

15 წლისამ აღმართა პირველად მახვილი ქვეყნის შელახული ღირსების აღსადგენად და სამშობლოსათვის ბრძოლაში განვლო სიცოცხლე - ებრძოდა ოსებს, ხაზარებს, სპარსელებს, რომაელებს, ჰუნებს; ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიაში, ინდოეთში.

მისი მეფობის დროს გაცხოველებული აღმშენებლობა მიმდინარეობდა საქართველოში. აღადგინეს და გაამაგრეს ძველი ციხეები, დაარსდა არტანუჯის საერისთავო, აშენდა ქალაქი უჯარმა, აიგო მეტეხი, სამთავისი, სვეტიცხოვლის პირველი ქვის ეკლესია. ახალმა ტაძრებმა დაამშვენა ნიქოზი, ნინოწმინდა, რუისი, ჭერემი, ჩელეთი, ჟალეთი. იმ დროს, როცა ქრისტიანულ სამყაროს არიანელობა და ნესტორიანელობა მოედო, ქართლში მართლმადიდებლობა ძლიერდებოდა. დაარსდა მრავალი ახალი ეპარქია. ვახტანგ მეფემ ქართული ეკლესია გარეშე დამოკიდებულებისაგან გაათავისუფლა - ანტიოქიის პატრიარქმა მისი თხოვნით აკურთხა საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე და ამ დღიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიური გახდა.

ვახტანგ გორგასალი სპარსელთათვის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენდა. მხოლოდ მოსყიდული გამცემის ხელით შეძლეს მისი დამარცხება. 502 წელს იორთან სამი დღე მიმდინარეობდა სასტიკი ომი ვახტანგის სპასა და კავად-შაჰის მრავალრიცხოვან ლაშქარს შორის. მეოთხე დღეს "მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი ღლიასა ქუეშე". მაინც შუადღემდე იბრძოლა მძიმედ დაჭრილმა გორგასალმა და სძლია სპარსელთა ჯარს, მაგრამ "დამძიმდა წყლულება ვახტანგისი" და უჯარმის ციხეში გადაიყვანეს მეფე ერთგულმა ქვეშევრდომებმა. სიკვდილის წინ უკანასკნელად იხმო თურმე შვილები და უთხრა: "მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა. და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმინდათა მისთა. აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ".

ვახტანგ გორგასალი მცხეთაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს "წინაშე სუეტისა ცხოველისა". მისი საბრძოლო სამოსელი და აბჯარი IX საუკუნემდე ინახებოდა სვეტიცხოველში, ხოლო გოლიათი მეფის საფლავი ტაძართან ერთად დღემდე გადაურჩა უმძიმეს საუკუნეთა ქარტეხილებს.

წმინდა პეტრე ქართლის პირველი კათალიკოსი და წმინდა სამუელი
იგი მოღვაწეობდა V ს-ის 60-იანი წლებიდან VIს-ის დასაწყისამდე. ღვთის განგებით, მან სათავე დაუდო საქართველოში კათალიკოსთა დინასტიას. წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და მონაზონი სამოელი (ხს. 30 ნოემბერს). ლაშქრობის შემდეგ ქართლისკენ მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინოპოლის პატრიარქატი დათანხმდა ქართლში კათალიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმინდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმინდა პეტრე და წმინდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი - ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათალიკოსი პეტრე და მასთან ერთად ცამეტი ეპისკოპოსი ქართლში ჩამოვიდნენ. ვახტანგ მეფემ მცხეთაში "აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი... და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად. და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა". დანარჩენმა ეპისკოპოსებმა დაიკავეს ახიზის, არტაანის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმიდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის კათედრები. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. წმინდა პეტრე ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათალიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმინდა პეტრემ მიიღო ვახტანგ გორგასლის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა ქართლის სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას. წმინდა პეტრე კათალიკოსი გარდაიცვალა დაჩის მეფობის დროს. წმინდა პეტრე კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე "დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს". წმინდა სამოელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის, ბაკურის დროს. წმინდა სამოელ კათალიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler