ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრება
ბალენდუხტისაგან შეეძინა მეფეს ქალ-ვაჟი – დაჩი და მისი ტყუპისცალი და, თვით ბალენდუხტი კი დაახლოებით 455 წელს მშობიარობისას გარდაიცვალა.
იმ ხანად დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ტერიტორია ბიზანტიამ ვახტანგ მეფის მცირეწლოვნობისას მიიტაცა. ვახტანგმა ილაშქრა და ეს მხარე ეგრისის სამეფოს დაუბრუნდა. როგორც ვარაუდობენ, ვახტანგის მოქმედება დასავლეთ საქართველოში ირან-ბიზანტიის ომის ერთ ეპიზოდად უნდა იქნას მიჩნეული. V საუკუნის 50-60-იან წლებში ეგრისის სამეფო ირანის გავლენაში მყოფი ქვეყანა იყო. ირანის შაჰმა ბალენდუხტ დედოფალს მზითვად "სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი" მისცა. შაჰი ვახტანგ მეფისადმი გამოგზავნილ წერილში, მას ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას სთხოვდა. გარდა იმისა, რომ ვახტანგი ირანის შაჰის სიძე იყო, იმ ხანად ქართლის სამეფო ირანის გავლენის ქვეყნად ითვლებოდა, ამიტომ ვახტანგმა შაჰის მოთხოვნაზე უარი ვერ თქვა. ლაშქრობას ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ სერიოზული მომზადება და დიდი ძალები სჭირდებოდა. ლაშქრობაში, ფაქტობრივად ირანის ჩრდილო ნაწილში შემავალი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ლაშქრობის საერთო ხელმძღვანელად ქართლ-ალბანეთის მარზპანი ვარაზ-ბაკური დაინიშნა. ამ ლაშქრობის შედეგად ვახტანგ მეფემ ბიზანტიელთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნა. ბიზანტიის წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ ვრცლად მოგვითხრობს ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ცხოვრება". თუ მივიჩნევთ, რომ ჯუანშერი მის მიერ აღწერილი ლაშქრობის მონაწილე და თვითმხილველი იყო, მისი ცნობები ბიზანტიის ისტორიისთვისაც უნიკალურად უნდა ჩაითვალოს (V-VI სს. ბიზანტიელ ავტორებს ამ ომის შესახებ, არაპირდაპირი ცნობები აქვთ). ლაშქრის მიერ განვილილ გზას, ჯუანშერი ორ ეტაპად წარმოგვიდგენს: 1. გზა მცხეთიდან ბიზანტიის სასაზღვრო ციხე-ქალაქ კარნუ ქალაქამდე (იგივე თეოდოსიოპოლი); 2. საომარი მოქმედებები თვით იმპერიის ტერიტორიაზე. ამ ლაშქრობის დაწყებისას ვახტანგი 22 წლისა იყო. ე. ი. 453 წელს "წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად და მიიწივნეს სომხითს და შევიდნენ პეროჟა-კაფას". აქ მოხდა ლაშქრის თავმოყრა. აქედან გაემართნენ კარნუ-ქალაქისაკენ. ქართლიდან ბიზანტიის შუაგულისაკენ მიმავალმა ლაშქარმა აღმოსავლეთით რომ დაიწყო მოძრაობა, ეს ერთი მხრივ იმით იყო გამართლებული, რომ აქ გადიოდა უძველესი "გზა რანისა" (გზა ადარბადაგანისა – აქემენიანთა ხანის ყოფილი "სამეფო გზის" ჩრდილო განშტოება), მეორე მხრივ კი იმით, რომ ალბანეთში იყო თავმოყრილი ირანის ჩრდილო ნაწილის ძირითადი ძალები. იმ დროს თვით კარნუ-ქალაქი კარგად გამაგრებული სამგალავნიანი ციხესიმაგრე იყო (თეოდოსიოპოლი 450 წელს გარდაცვლილ იმპერატორ თეოდოსიოს II-ის პატივისაცემად ეწოდა). მოლაშქრეებმა ეს ქალაქი ვერ აიღეს. მოცდაც არ შეიძლებოდა, ამიტომ ქალაქის მოალყედ ორი ერისთავი დატოვეს 12 000 მხედარით, დანარჩენი ლაშქრით იმპერიის შუაგულისაკენ გაემართნენ. ლაშქარმა გზად აიღო და მოაოხრა ქალაქები: ანძორეთი, ეკლეცი, სტერი. მცირე აზიის შიდა რაიონებიდან ლაშქარი გავიდა ზღვისპირას და მიადგა "პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა". მკვლევრებს ამ ბოლო ხანამდე, "პონტო ქალაქად" ქ. ტრაპიზონი მიაჩნდათ. მაგრამ, როგორც გაირკვა, "პონტო ქალაქი" ქ. სინოპია, რომელიც ძველი პონტოს სამეფოს დედაქალაქი იყო. ამ ქალაქს ალყა შემოარტყეს და სამი თვე იბრძოდნენ მის ასაღებად. სამი თვის განმავლობაში მარბიელი ლაშქარი უფრო დაშორებულ ადგილებშიც გავიდა. ლაშქარში მყოფი ირანელები სადაც "ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლავდის". ვახტანგ მეფემ ირანელთა ასეთი მოქმედება არ მოიწონა. მან ირანელები და სომხებიც გააფრთხილა ღვთისმსახურები არ მოეკლათ, რადგან "ჩუენც ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა, აღმსარებელ ქრისტესა", ქრისტიანისაგან ქრისტიანის მოკვლა დიდ ცოდვად ითვლებაო, ასწავლიდა მათ მეფე. ქ. სინოპთან უცხო ქვეყნების ლაშქრის ყოფნას ბიზანტიის ხელისუფლება ცხადია, დიდხანს ვერ მოითმენდა. საიმპერატორო ხელისუფლებამ სათანადო ზომებიც მიიღო. ვახტანგ მეფეს მოახსენეს, რომ მათ წინააღმდეგ "პონტოს გზით" დიდი ლაშქარი მოემართებოდა. ზღვაზე კი 500 ხომალდი მოცურავდა. მეფემ სასწრაფოდ გაანალიზა შექმნილი ვითარება და ვარაზ-ბაკურთან შეთანხმებით, გადაწყვიტა ალყა მოეხსნათ და აღმოსავლეთით დაეხიათ. ქ. სინოპის მდებარეობის გათვალისწინებით, ლაშქრის იქ დატოვება, მართლაც, საშიში იყო. ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი თუ მათ აღმოსავლეთით, ზღვისპირზე გადმოსხდებოდა, ხოლო ხმელეთით მომავალი ლაშქარი დასავლეთიდან სინოპს მოადგებოდა, ვარაზ-ბაკურის ლაშქარი, სწორედ ხაფანგში მოემწყვდეოდა. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთ კავკასიის მთებიდან თრაკიის ბოსფორის სანაპირომდე გადაჭიმულია ფართო და ძნელად გასასვლელი მთაგრეხილი, რომელიც განსაკუთრებით მაღალია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ზღვის სანაპიროს მცირე აზიის შიდა რაიონებთან, – კერძოდ ქ. ამასიასთან მხოლოდ ქ. ამისოსზე (ახლანდ. ქ. სამსუნი) გამავალი გზა აკავშირებს, რომელიც ერთადერთი ღია კარი იყო დიდი ლაშქრის გადასაადგილებლად. ეს, ჩანს, კარგად იცოდა ქართველთა მეფემ. თუ ზღვით მოსული ბიზანტიელთა ლაშქარი ამ გასასვლელს დაიკავებდა, სინოპთან მდგომი ვარაზ-ბაკურის ლაშქარი დასავლეთისაკენ ქვეყნის სიღრმეში ვეღარ შევიდოდა. სამხრეთით გაუვალი მთები იყო, ხოლო ჩრდილოეთით ზღვა. ამიტომ "აღიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო". ქ. სინოპიდან უკანდახევის შემდეგ ბრძოლა ბიზანტიელებთან რადგან მაინც ზღვისპირას მოხდა, ჩანს ლაშქარმა სწორედ ზემოხსენებულ გასასვლელისაკენ დაიხია. მას შემდეგ, რაც ქ. სინოპს ალყა მოხსნეს, ვახტანგ მეფემ ბრძანა ტყვეები გაეთავისუფლებინათ. მეფემ ასევე "განავლინა ქადაგი", რათა ხალხი სამალავებიდან გამოსულიყო და "გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა (მონაზონი ქალები), ქვაბებით და მთათაგან". მათ შორის იყო "პეტრე მღდელი... და სამოელ მონაზონი" (იმ ხანად პეტრე, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე აშენებული ეკლესიის მღვდელი იყო).
ისინი წარუდგნენ ვახტანგს ტყვეთა განთავისუფლებისათვის და ღმრთისმსახურთა შეწყალებისათვის მადლობის გადასახდელად, და როცა ლოცვა წარმოსთქვეს, სათნო-ეყო მეფეს და უბრძანა შემოსვლა ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა. უძლურთა სახედრები მისცა, ხოლო ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი და გაისტუმრა. პეტრე მღვდელი და სამოელ დიაკონი თავისთან დაიტოვა და ჰკითხა: სათნო-ეყო ღმერთს რაც გავაკეთე, როდესაც ეკლესიები დავიცავი და ტყვეები გავათავისუფლეო? - პეტრემ უპასუხა: სიმართლე გითხრა, თუ სიცრუით ქება-დიდება მოგიძღვნაო? - მეფემ უთხრა: მხილებას არ დავეძებ, ოღონდაც სივრუეს განვეშოროო. მაშინ პეტრემ მტკიცედ მიუგო: ეკლესიანი ხორცთანი უფრო მეტია უფლის წინაშე, ვიდრე ქვის ეკლესიები, რომელნიც როდესმე დაირღვევიან და ამავე ქვებით კვლავ ააშენებენ, ხოლო ეკლესიანი ხორცთანი როცა დაირღვევიან, ვერავინ შეძლებს მათ განკურნებას, ვერც მკურნალი და ვერც მეფე, და შენ და შენს მოლაშქრეებს რამდენი მართალი კაცი მოგიკლავთ! მე მსურს შენი აღდგინება, რათა არ იყო იმ კაცთა მსგავსი, რომელნიც მარჯვენით აგებენ, ხოლო მარცხენით აღღვევენ და არც ისეთი, რომელნიც პირით აკურთხებენ და გულით სწყევლიან და აგინებენ. არამედ იყო როგორც კეთილხსენებული მეფეები, რომლებმაც დაიპყრეს სოფელი და არც სასუფეველს განეშორნენ: დავითი, სოლომონი და კონსტანტინე. ამიერიდან მოგაგოს ღმერთმა თუ არ შეინანებ. "მნებავს გამართლება თავისა ჩემისა, - უპასუხა მეფემ, - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა". მაშინ უთხრა მამა პეტრემ, - არა უმეცრებამ აღგძრა "ძეთა ზედა ღმრთისათა" საბრძოლველად, არამედ ნათესავთა შენთა მისაშველებლად აღიძარ, მაგრამ შენ იცი, რომ ბერძენნი ღმრთის ნათესავნი არიან იმ აღთქმის გამო, "რაჟამს უწოდა მათ შჳლად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?. რქუა მეფემან: აწ რაჲ გნებავს შენ?". პეტრემ უპასუხა: მნებავს, რათა შენ მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე დაშრიტო და იყო მეგობარი კეისრისა, როგორც დღემდე იყავი სპარსელებისა. მაშინ ვახტანგმა უთხრა ღმრთისმსახურებს: მნებავს, რომ ამ ღამეს თქვენი ლოცვის ძალით მეჩვენოს ჩემი და კეისრის შეკრება და რომ ჩვენს შორის სიყვარულის დამყარებაზე უნდა იყოს მსჯელობა, რათა ვცნო მე, რომ ქრისტეს სურს შენ მიერ ჩემდამი შემოთავაზებულიო. პეტრე მღვდელი შეშფოთდა და უთხრა: კაცნი ვართ ცოდვილნი და გვეშინია, რომ ასეთი თხოვნა კადნიერებად და სილაღედ არ ჩაგვითვალოს უფალმა, რადგან ასეთი ლოცვა ხელეწიფება მხოლოდ "ქუეყანისა ანგელოზებსა და ზეცისა კაცებს" - დაყუდებულ, რჩეულ ბერებს და დრო მომეცი, რომ წავიდე და ვევედრო მათ და უთხრა შენი ბრძანება, რათა მათი ლოცვით აღესრულოს შენი განზრახული. სამოელი კი შეეკამათა: სიმდაბლე კარგია, პეტრე, მაგრამ შეიძლება ამით დაბრკოლდეს მცირედ მორწმუნენი. შენ, მეფეო, შენი სარწმუნოებით შეგვეწიე და ღმერთმან გამოაჩინოს შენი ნება. მეფემ ილოცა და დაწვა. როგორც კი მიერულა, წარმოუდგა წმინდა ნინო და უთხრა: აღდეგ, მეფეო, და მოკრძალებით მიეგებე, რადგანაც ორი მეფე: ზეცისა და ქვეყანისა მოვიდენ შენთან. და როდესაც მიიხედა, დაინახა ქალაქ კონსტანტინოპოლში მდგარი ორი ტახტი. ერთ ტახტზე დაბრძანებული იყო საჭურველით აღჭურვილი გჳრგჳნოსანი ჭაბუკი და მეორეზე სპეტაკ სამოსში შემოსილი მოხუცებული, რომელსაც თავზე ედგა არა ოქროს, არამედ ნათლის გვირგვინი, ხოლო ფეხებთან ეჯდა წმინდა ნინო. ვახტანგის მარჯვენა ხელი კი ეპყრა პეტრე მღვდელს და მარცხენა ხელი სამოელ მონაზონს. მაშინ თქვა სამოელმა: "შეუვრდი პირველად დიდსა მას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის". როდესაც ვახტანგმა თაყვანისცა, წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყუელმა მკაცრად უთხრა: ეს რა ბოროტება ჩაიდინე, კაცო, რამეთუ მოაოხრე ჩემი ბანაკი, მხეცებს შეაჭამე ჩემი საცხოვარი. ეგ ორნი რომ არა, რომლებიც გვერდით გიდგანან და ეს სათნო დედაკაცი, რომელიც მარად იღვწის მარიამთან ერთად თქვენთვის - შურს ვიძიებდი შენზე ისე, როგორც შენს წინაპრებზე, რომლებიც ცეცხლს თაყვანისცემდენ და "არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა". და ეპისკოპოსმა ხელი გაუწოდა ვახტანგს. მეფემაც ამბორუყო. მაშინ ხელი მოჰკიდა ნათლის გვირგვინს წმ. გრიგოლმა და ისეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა: დაადგი ეგ პეტრეს. აიღო პეტრემ თავის გვირგვინზე მომცრო გვრგვინი და დაადგა სამოელს. წმ. ნინომ უთხრა ვახტანგს: ახლა მიდი მეფესთან და მიიღე შენი საბოძვარიო. ვახტანგი მივიდა გჳრგჳნოსან მეფესთან, ეამბორნენ ერთმანეთს და მანაც ადგილი მისცა ტახტზე თავის გვერდით. მისცა ბეჭედი თავისი ხელიდან, რომელსაც ჰქონდა ფრიად ნათელი თვალი და უთხრა: თუ გნებავს გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს წინ დგას, რომ შეებრძოლები მის მტრებს და მიიღე მისგან გვირგვინი. მოიხედა ვახტანგმა და იხილა ჯვარი, რომელსაც ფრთებზე ჰქონდა გვირგვინი, ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და დადუმდა. აღდგა წმინდა ნინო, გაიხედა პეტრესა და სამოელისკენ და ერთხმად თქვეს: ჩვენ ვართ თავსმდები, რომ ყველაზე უფრო მეტად შეასრულებსო. მაშინ მეფემ აიღო ჯვარისაგან გვირგვინი და ვახტანგს დაადგა. უკან გამოსვლისას შეეხმიანა ეპისკოპოსი სამგზის: ვახტანგ, ვახტანგ! უმეტესად მორწმუნე იქნები შენ სპარსთა შორის. შემდეგ მეორედ მიმართა: აშენდებიან შენგან ეკლესიები და განეწესებიან ეპისკოპოსები და ეპისკოპოსთა მთავარი, ხოლო მესამედ უთხრა: წამების გვირგვინსაც მიიღებო. გამოვიდა ვახტანგი და უხმო ძილშივე მამა პეტრესა და სამოელს, და მოუთხრობდა ჩვენებას, ხოლო ისინი უხსნიდნენ: ტახტზე, რომელი იხილე, ნათლის გვირგვინოსანი, არის დიდი მოძღვარი გრიგოლ ღმრთისმეტყველი და რაც მომეცა მისი გვირგვინისაგან, ის იყო, რომ მომეცა ეპისკოპოსთა მთავრობა, ხოლო რაც მივეცი ჩვენი გვირგვინისაგან სამოელს, ის არის, რომ ჩემგან მიეცემა ეპისკოპოსობა. ოქროს გვირგვინოსანი კი იყო კეისარი. ბეჭედი, რომელიც მოგცა, ის არის, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და ყოველი საზღვარი ქართლისა, მისგან მიტაცებული, დაგიბრუნდება. გვირგვინი, რომელიც ჯვარისაგან მოგეცა, ის არის, რომ დიდ ღვაწლს გადაიხდი ჯვრის შეწევნით, ხოლო ჩვენი მოძღვარი სამგზის რომ შეგეხმიანა, სამი სიმდიდრე მოითხოვა შენთვის ღმრთისაგან და შენ მიერ დაემტკიცება ქართლს ჭეშმარიტება კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან, სძლევ შენს მტრებს შენს აღსრულებამდე, ხოლო აღსრულებისას წამების გვირგვინს მიიღებ ბრძოლისას და მტრებს ხელში არ ჩაუვარდები. ყოველივე აღსრულდება შენს სიბერემდე და დაუძლურებამდეო. როგორც კი გაიღვიძა, ვახტანგ მეფემ მადლობა შეწირა ღმერთს, პეტრესა და სამოელს მოუხმო და ჰკითხა: რა იხილეთ? ხოლო მათ უთხრეს: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით ვიდექით, როდესაც შენ ტახტზე დაბრძანებული კეისრისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის წინაშე წარსდეგი, თქვენი განმანათლებელი ნინო კი ამშვიდებდა განრისხებულ მოძღვარსო. მაშინ უთხრა მეფემ მათ: დადუმდით, წმინდანებო, ჩემთან ერთად გიხილავთ ყოველივე. აწ რა უყოთ ამ ქალაქს, ან რა უყოთ ამდენ ტყვეს? სწრაფად აცნობეთ კეისარს, რომ სპარსთა მეფე წამოსულია ჯაზირეთიდან, გამოიარა ფილისტიმი და კუალში უდგას კეისარს, რომელმაც მოაოხრა სპარსთა ქვეყანა, სპარსთა მეფემ კი ვერ სძლია მას. როდესაც კეისარმა შეიტყო, რომ ჩვენ მოვედით სპარსელების დასახმარებლად, გამოეშურა ჩვენთან საბრძოლველად. ახლა კი სპარსთა მეფე მოდის ჩვენს დასახმარებლად, რომელიც სომხეთისა და ქართლის ლაშქარზე უმრავლესია. არავინ არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე, რომელიც დანერგა ჩუენმა დიდმა მამამ მირიანმა, ანდა თრდატმა, დედით ნათესავმა ჩემმა. ამათი (სპარსთა) სარწმუნოება კი ვიცით, რომ სავსე არის საცთურით. ჩემი გამოცხადების ამბავი რომ შეიტყოს, ბიძაჩემი ძალიან განრისხდება და ერთმანეთთან შებრძოლების შემთხვევაში გავხდებით ყველას დასაცინიო. ამისთვის ასე ვქნათ: როდესაც დესპანი მოვა და კეისრის მოსვლას მაუწყებს, ჩვენ უკან განვდგებით. მასაც ვაუწყოთ, როდესაც მოგვიახლოვდება ჩვენ კეისარი, მაშინ "ვითარცა იზრახოს სიწმინდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს".
პეტრე მღვდელი სასწრაფოდ კეისართან წავიდა, ხოლო სამოელ მონაზონი ვახტანგ მეფესთან დარჩა. მეორე დღეს, როდესაც დესპანი მოვიდა და მეფეს აუწყა, რომ ბერძენთა ლაშქარი კონსტანტინეპოლში შემოვიდა, მან ბიძამისი და სხვა მოკავშირეები შეკრიბა და უთხრა: ბერძნებს მრავალრიცხოვანი სპა ჰყავთ, ბრძოლისას მარჯვე არიან და ზღვაზე ნავებით ბრძოლაშიც გამოცდილნი. "ესერა შევიდნენ ისინი სპარსეთს, ქვეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად". მეშინია, არ მოვიდნენ ზღვით, გზა არ მოგვიჭრან და არ ამოგვხოცონ, როგორც ბაკში შეწყვდეული. ავყაროთ ლაშქარი და ზღვის სამხრეთით დავიბანაკოთ, რათა გვქონდეს გზა ჭირისა და ლხინისა. მაშინ მოხსნეს ქალაქს ალყა და დაიბანაკეს იქიდან ხუთი დღის სავალზე, სპერის სიახლოვეს. სიკვდილს მიწევნულმა ქალაქის მკვიდრთა სამადლობელოდ ძღვენი: ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა გაუგზავნეს მეფე ვახტანგს და გავიდნენ სავაჭროდ და სხვა საჭიროებისათვის.
პეტრე მღვდელი კი ლეონ კეისართან მივიდა და ყველაფერი უამბო, მანაც ფრიად გაიხარა და რაც ჩვენებაში იხილეს, ყველაფრის ნება დართო, შემდეგ უკან წარმოავლინა, და მეფე ვახტანგს ფიცით აღუთქვა, რომ მისი მეფობის თანასწორად ჩათვლიდა, თუ გაერთიანდებოდენ, რადგან ამ შემთხვევაში სპარსელებს ადვილად დაამარცხებდნენ. მაგრამ სანამ პეტრე კეისარს ეახლებოდა, მანამდე წარმოავლინა კეისარმა თავის დისწული, ძლიერი სპასპეტი პოლიკარპოს ლოღოთელი, და ხუთასი ხომალდი ხუთას-ხუთასი ჯარისკაცით და უბრძანა, რათა მიახლოვებოდენ ვახტანგის სპას და დამდგარიყვნენ უბრძოლველად. ვახტანგთან ფარულად დაზავებული კეისარი გამოემართა პონტოს გზით 800.000 კაცით და როცა მოვიდა ზღვით მოსული სპა, სპარსელებს უნდოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო ვახტანგი აჩერებდათ "საღმრთო ჩვენებისა გამო".
კეისრის მოციქულები და პეტრე მღვდელი ვახტანგ მეფესთან რომ მოვი-დნენ, საიდუმლო სათქმელიც ჰქონდათ და საყოველთაოდ სათქმელიც. სხვათა გასაგონად უთხრეს: მეფეო, ნუ ილტვი, რათა სპარსნი, რომელიც შენთან არიან და სპარსეთში შესვლის დროს გადაგვირჩნენ, ახლა უნდა ამოვწყვიტოთო. ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი, გვირგვინი და ძვირფასი შესამოსელი და შემოუთვალა, რომ თუ შეკავშირდებოდნენ, მისცემდა თუხარისს და ქართლის საზღვრებს. მაშინ სხვათა დასანახად შეუთვალა ვახტანგმა კეისარს: ჩვენ სხვა საქმისათვის არ მოვსულვართ აქ, არამედ შენთან ბრძოლისათვის, ხოლო შენ თუ არ მოხვალ აქ, ჩვენ წამოვალთ კონსტანტინოპოლზეო. ფარულად კი ასე შეუთვალა: რაც არ შვენის შენს ღმრთისმოყვარებას და რასაც შენ არ ჩაიდენ, სხვასაც ნუ უბიძგებო, რადგან ღალატი არ არის პატიოსანი კაცის ხელობაო. თუ ახლა მოგცემ შენ დასამარცხებლად სპარსელებს, ჩემი სახელი ხომ გაცრუვდება? და ზოგიერთ მათგანს ჩვენზე უმეტესი სარწმუნოება და სიყვარული აქვს ქრისტესი, მაგრამ შიშისათვის მათისა ვერ განაცხადებენ. შენ ბრძანე, რომ ჩვენი საქმე მშვიდობით დავასრულოთო და იმის შემდეგ, რაც ეს საქმე გადაწყდება, უფრო უმჯობესად მოგემხრობი სპარსელთა წინააღმდეგ. ახლა თქვენი ლაშქარი განლაღებულია მოპოვებული გამარჯვებებით, სპარსნი კი სულაც არ არიან შეშინებულნი, არამედ ბრძოლა და შურისძიება სურთ თქვენზე და სისხლი სწყურიათ. ამიტომაც შენი ლაშქარი თუ გადმოვა საბრძოლველად მე უბრალო ვარ ამ საქმეშიო. შემდგომ დესპანებად გაგზავნა ვარაზ-მიჰრი, "მამამძუძისა მისისა ძმაჲ" და სამოელ მონაზონი. კეისარი კი როდესაც პონტოს მივიდა, პონტოელები გამოეგებნენ, აქებდენ ვახტანგს, რადგან ალყა მოხსნა და სასიკვდილოდ არ გაწირა ისინი. ამ დროს მივიდნენ ვახტანგის დესპანები და მიართვეს კეისარს ძღვენი: მუშკი, ანბარი და ალვა.
იმ ხანად ვახტანგის მეომრები საალაფოდ იყვნენ გასულები და "მიეტევნეს მათ მკვირცხლნი ბერძენნი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი, ვითარ სამასი ათასი". ვახტანგ მეფე კი აჩერებდა სპათა მათ მეალაფეთა და უშლიდა ბრძოლაში ჩაბმას, სანამ არ მოვარდა რანისა ერისთავი, დედამისის ძმა, ვარაზ-ბაკური, ჯვარცმულს შეურაცხყოფდა და ვახტანგს რისხვით ეტყოდა : ჰოჲ, გველო და ასპიტთა ნათესავო! არ იცი, რომ მამაშენის დედა ბერძენი იყო? გძლია შენ ბუნებამან მამის-დედეულმან შენმან, რადგან "სიყვარული ჯვარცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს და ამიტომ არა გნებავს ბრძოლაჲ, არამედ შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა". მაშინ ვახტანგმა უპასუხა: "აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი ჯვარცმულისა და ცოცხალისა სასოჲსა შენისა (ანუ იმ ცოცხალისაც, ვისი იმედიცა გაქვსო)". დასცეს საყვირი და საბრძოლველად გავიდნენ სომხები, სპარსნი, და მეფე დარუბანდისა, ხოლო ვახტანგი თავის სპასთან ერთად ბრძოლას შორიდან ადევნებდა თვალს.
შეებნენ სპარსელები ბერძნებს. თვით სპასპეტმა პოლიკარპოსმა მოკლა რანის ერისთავი ვარზ-ბაკური და ამოწყვიტა მისი ლაშქარი. მოკლეს იპაჯიჯ, ლეკთა მეფე, მრავალნი ერისმთავარნი და სძლიეს აღმოსავლეთის ლაშქარს. ამის შემდეგ ბერძენთა სპასალარი აღარ მოერიდა ვახტანგ მეფესაც და კეისრის უკითხავად იერიში მიიტანა ქართველებზე. ბრძოლის წინ მეფემ ჯვარი მოიტანინა პეტრე მღვდელს და ყველას უბრძანა, მთხვეოდნენ მას, ხოლო "რომელმან არა თაყუანი-სცეს ჯუარსა, მოკუდესო". შემდეგ დემეტრე ერისთავსა და ჯუანშერ სპასპეტს უბრძანა მიჰყოლოდნენ მას. მოდიოდა "ყოველი ერი და თაყვანისცემდეს, და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა", ხოლო ბორზო მოვაკანელმა მთავარმა (მეფემ) თქვა: "არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა (ცეცხლს), და არა თაყუნისვსცემ ძელსა, რომელი განშუენებული არს ოქროჲთა და ანთრაკითა". მაშინ დასცა ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმა და "დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარავინ იკადრა გმობად ჯუარისა", არამედ ყოველთა (ცეცხლთაყვანისმცემლებმა) თაყვანი-სცეს ჯვარს; და უთხრეს მეფეს: თუ შეგვეწევა ჩვენ ჯვარი, ჯვარცმულის გარდა სხვა ღმერთს აღარ ვაღიარებთო. გადამოხდა მეფე ცხენიდან და თაყვანი-სცა ჯვარს და "ყოველმან ერმან მის თანა". შემდგომ უფალს შეჰღაღადა: "აჩუენე ძალი შენი ერსა შენსა ურწმუნოსა, რაჲთა მოიყუანე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, ხოლო მორწმუნენი შენნი, დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან". ამ დროს ელვასავით მოიჭრა ბერძენთა ლაშქარი, ხოლო პოლიკარპოსი, "ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსვრილი და ვითარცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ყოფდა სპათა მათ", და ჯვრის მხილველიც კი არ ივლტოდა მისგან. ეს რომ იხილა მეფე ვახტანგმა, უთხრა თავის ლაშქარს: ვის სურს მასთან შებრძოლება? მაგრამ ვერავინ გაბედა გასვლა. მაშინ ვახტანგმა თქვა: "მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რადგან ესეც შეურაცხებით მოუხდა ჯუარსა შენსა, რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებული ძალად ჩუენდა". შემდგომ კი ღაღადყო: "იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსენი". დიდია შენ მიერ მოცემული ძალა, რომლითაც ვსძლევ, მაგრამ მე მეშინია შენი, რადგან "მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა". შემდეგ ამოიღო მახვილი, შეახო ჯვარს და საბრძოლველად გასულმა მიმართა ბერძენთა სარდალს: ლომი ხარს არ ებრძვის, რადგან მე მეფე ვარ და შენ ქვეშევრდომი, მაგრამ მე თავს დავიმდაბლებ ჩემი ერისათვის, რათა ჯვრის ძალა საბოლოოდ ირწმუნონო. იმ წამსვე შემოუტია პოლიკარპოსმა და სასტიკად ეკვეთნენ ერთმანეთს. "აღიზახეს ორთავე... ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმაჲ იგი ვითარცა ჴმაჲ ქუხილისაჲ, რომლითა შეიძრა ქვეყანა. დასცა პოლიკარპოსმა მეფის ფარს კაცის მკლავის სიმსხო ლახვარი და მეორე მხარეს გაახედა. ვახტანგმა გაუშვა ფარს ხელი, პირისპირ შეება და ბეჭამდე ხმლით გაუპო თავი. ამის შემდეგ შეტევაზე სწრაფად გადავიდა ქართველთა ლაშქარი, ბერძნები ზღვის სანაპიროზე მიიმწყვდიეს და მრავალნიც მოწყვიდეს. ზოგიერთებმა ნავებით გაქცევა მოახერხეს. იმ დღეს ვახტანგის ლაშქრიდან მოწყდა 43.000 მეომარი და ბერძენთა ლაშქრიდან 72.000 მეომარი, ხოლო ტყვედ აიყვანეს 125.000 მეომარი. უკან რომ დაბრუნდნენ, ბრძოლის ველზე მონახეს ვახტანგის ბიძა, ვარაზ-ბაკური, იგლოვეს, შემურეს საბრითა და მურით და მისი გვამი ბარდავში გაგზავნეს. ბრძოლის შემდეგ ვახტანგმა ლაშქარს მოუწოდა, მოაყვანინა ტყვეები (ქალი და კაცი სულ 780.000) და ნერსე და ადარნასე ერისთავთა ხელით წარუგზავნა პონტოში კეისარს და წერილიც მიწერა: "სიბრძნე ღმრთისაჲ მიუწვდომელ არს და სიბრძნესა კაცთსა და ნებასა სძლევს ნებაჲ ღმრთისაჲ". მე ვიცი, რომ შენ არ გსურდა ის, რაც ჩაიდინა პოლიკარპოსმა, და არც მე მსურდა ის, რაც ბიძაჩემმა ქმნა, და "ორნივე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმანვე მოინადირა, ხოლო თქუენ (ბერძნები) პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი და მარადის მისნი ხართ". ბიძაჩემის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება მისი მკვლელის მოკვლით დავაამე, ხოლო თქვენ ნუგეშინისგეცით 780.000 კაცის ხსნითო და შეხვედრა სთხოვა. მეფე ვახტანგისაგან გაგზავნილი დესპანების მისვლამდე ფრიად მწუხარე იყო ლეონ კეისარი, მაგრამ როდესაც მოახსენეს, რომ ძველად დატყვევებულნიცა და ქალაქის მაცხოვრებლებიც ყველა უვნებლად გაუშვაო, გაიხარა, ნავში ჩაჯდა, ზღვის ნაპირზე გამოვიდა და ვახტანგ მეფეს მოუწოდა. ისიც მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა ყველა ქართული მიწა-წყალი, რომელიც უკანონოდ ეპყრა ბიზანტიას. იმპერატორი დათანხმდა საქართველოს შეერთებოდა ტაო-კლარჯეთი, ციხე თუხარისი და ტერიტორიები შავი ზღვიდან სამხრეთით - არსიანამდე, ძველი პონტოურ-ქართული სამფლობელოები. კეისარმა მხოლოდ აფხაზეთზე შესთავაზა მეფეს, - ეგრის წყლიდან (ენგურიდან) კლისურამდე (კელასურამდე) აფხაზთა მიწას ჩემის სახელი ერქვას და, თუ ჩემს ასულს ცოლად შეირთავ, ამ მიწებს მზითვად გამოვატან, ხოლო დანარჩენი აფხაზეთი, კლისურიდან ჯიქეთამდე, ბიზანტიას უნდა დაუბრუნდესო. შეთანხმდნენ და ზავი დაიდო. ვახტანგმა და კეისარმა ლეონმა ერთმანეთს გაუცვალეს ტერიტორიები, კერძოდ, ჯერ კიდევ ვარაზ-ბაკურის დროს საბერძნეთის მიერ მიტაცებული კლარჯეთისა და მის მიმდებარე მიწების დაბრუნებას ვახტანგ მეფე ძალიან ცდილობდა. პონტოში საზავო მოლაპარაკებებისას იბერიას დაუბრუნდა ეს ტერიტორიები, ხოლო საბერძნეთს აფხაზეთი. სამოყვრო პირობაც გარიგდა: ვახტანგი ცოლად შეირთავდა კეისრის ასულს და აფხაზეთის ერთი ნაწილი, ეგრისწყლიდან კლისურამდე, მზითვის სახით შეუერთდებოდა იბერიას.
წამოვიდა ვახტანგი კლარჯეთის გზით და ლაშქარი გაგზავნა სომხეთის გზით. მივიდა თუხარისში, მოეწონა ციხე და თქვა: "ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე" და ეს სახელი დაარქვა. გააგრძელა გზა და შუა კლარჯეთში იხილა კლდე და სოფელი, რომელსაც ერქვა არტანუჯი. მოუწოდა არტავაზს, თავის ძუძუმტეს, დაადგინა ერისთავად და უბრძანა არტანუჯის ციხის აგება, ხოლო სადმე სამონასტრე ადგილზე ეკლესიის აშენება, და მათ მიერ საბერძნეთში ნანახი მონასტრების ყაიდაზე მოწყობა. თან დაამატა: თუ სპარსელები გვძლევენ, თავს აქ შევაფარებთო. არტავაზმა ააშენა არტანუჯის ციხე, ოპიზის მონასტერი და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობნისა და ახიზისა. განაახლა ახიზის ძველი ციხე და დიდი ქვაბული მიუმატა სადგომად და თავშესაფრად.
მცხეთაში მისულ გორგასალს დიდი ზარ-ზეიმით დახვდა სატახტო ქალაქი. ერი და ბერი ღმერთს მადლობდა მისი მშვიდობიანი დაბრუნებისათვის. მანაც უხვად დაასაჩუქრა თავისი ერი.
"ასე დასრულდა ირანის ჩრდილო მხარის ჯარების ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ. ლაშქრობა ქართლის მეფემ თავის სასარგებლოდ გამოიყენა: 1. დაიბრუნა ადრე რომაელებისაგან მიტაცებული სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს მიწა-წყალი (მცხეთაში მომავალმა მეფემ კლარჯეთის ერისთავს – თავის ძუძუმტეს არტავაზს უბრძანა შემოერთებულ ტერიტორიაზე აეგო არტანუჯის ციხე, გამოენახა სამონასტრო ადგილი და ისეთი მონასტერი აეგო როგორიც საბერძნეთში იხილა); 2. მზითვად მიიღო ტერიტორია აფხაზეთში; 3. განიმტკიცა მდგომარეობა ქართლში. ჩამოიცილა სამეფო სახლის მოქიშპე შტო. ვახტანგ მეფის საიმპერატორო კართან დანათესავება იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან ქართლი ბიზანტიური ორიენტაციის ქვეყანა ხდებოდა, რაც ირანის შაჰისათვის მიუღებელი იყო. ცხადია, შაჰი შეეცდებოდა ქართლში ირანის გავლენა აღედგინა. საქმე რომ ასე წარიმართებოდა, ეს ვახტანგ მეფემაც იცოდა. ამიტომ ქართლში დაბრუნებისთანავე, ირანელთა მოსალოდნელი თავდასხმისაგან ქვეყნის დაცვის სამზადისს შეუდგა: "ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, ჰკაზმიდა მხედართა და განამზედებდა ბრძოლად სპარსთა". მეფემ სხვა ღონისძიებებიც გაატარა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ქართლის ქრისტიანი მოსახლეობა ბინქარან ცეცხლთაყვანისმცემელთა "ეპისკოპოსის" მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა. ამიტომ მეფემ შეაგდო "საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა, მოსრნა, განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა".
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი