ღირსი და ღმერთშემოსილი მამა საბა განწმენდილი (+532) - 05 (18) დეკემბერი - გვერდი 3
11.12.2008
კასტელის მთაზე
ერთხელ, მარხვისას, ღირსმა მამამ კასტელის მთაზე მოისურვა ასვლა. ეს მთა ლავრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მაშინ კაცთათვის შეუვალი იყო, რადგან აქ ეშმაკები ბინადრობდნენ. წმინდა საბა ავიდა ამ მთაზე, პატიოსან ჯვართან დანთებული კანდელის ზეთიდან ჯვარი გამოისახა შუბლზე, ზეთივე ასხურა იქაურობას და დიდმარხვა იქ გაატარა. წმინდა საბასაც, ანტონი დიდის მსგავსად, გამოეცხადა უფალი და გააძლიერა. ვეღარ გაუძლეს ეშმაკებმა მის სიწმინდეს და იქაურობა დატოვეს. ღირსი მამა კი აღდგომის მერე დაბრუნდა კასტელის მთაზე, სულიერ შვილებთან ერთად, და კელიები ააშენა. აქვე ნახა მიტოვებული სახლი, რომელიც ეკლესიად აქცია. ასე ააშენა აქ ღირსმა მამამ კინოვია. ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა კინოვიასთან ახლოს მდებარე მონასტრის წინამძღვარს და უთხრა: "მარკიანე, ზიხარ აქ მშვიდად, არაფერი გაწუხებს. ღვთის მონა საბა კასტელის მთაზე ძმებთან ერთად მშიერ-მწყურვალი შრომობს და არავინ არის, ვინც საჭმელს მიუტანს. დაუყოვნებლივ ვინმე გაგზავნე და საჭმელი გაატანეო". მარკიანემ ჯორები დატვირთა და კასტელის მთაზე გაგზავნა.
აშენდა კინოვია. საგულისხმოა ერთი ამბავიც: ენერგიულ ჭაბუკებს და ერისკაცებს ღირსი მამა არც ლავრაში აჩერებდა და არც კასტელის მონასტერში. მათთვის ცალკე მცირე კინოვია ააშენა, სადაც გამოცდილი მოძღვრები მონასტრულ ცხოვრებას ასწავლიდნენ დამწყებებს, რომელთაგან წარმატებულს აძლევდა ნებას, ლავრაში ან დიდ კინოვიაში გადასულიყო. ზოგიერთ ახალგაზრდას კი თეოდოსი დიდს უგზავნიდა, რომელსაც ლავრის დასავლეთით მონასტერი აუგო. ორივე, საბაც და თეოდოსიც, ერთსულოვანნი იყვნენ საქმეში, ამიტომაც მათ იერუსალიმელები ახალ მოციქულებს (ორეულს) უწოდებდნენ, მსგავსად წმინდა პეტრესი და პავლესი. მათვე ჩაბარდა იერუსალიმის მონაზვნებზე ზრუნვა. ღირსი მამის, არქიმანდრიტ მარკიანეს გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბნენ ირუსალიმელი მამები, იმსჯელეს და როგორც დიდ სულიერ მოძღვრებს, წმინდა საბას განდეგილი ბერების წინამძღვრობა დაავალეს, ღირს თეოდოსის კი ერთად მცხოვრებ ბერთა მონასტრები.
განსაცდელები
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა საბა გონივრულად უძღვებოდა მონაზვნებს, ზოგიერთმა, ეშმაკის შთაგონებით, ათასნაირი ცილი დასწამა წმინდა მამას. მათ ორმოცამდე ბერი მიიმხრეს. წმინდა საბამ დაუთმო უსამართლო რისხვას, დატოვა ლავრა, სკვითეპოლის ქვეყანაში გაემგზავრა და მდინარე ღადარინთან მდებარე უდაბნოში გაჩერდა. აქ ლომის ბუნაგში მოისვენა. შუაღამისას მოვიდა ლომი, ტანსაცმელზე კბილები ჩასჭიდა და მღვიმიდან გათრევა მოუნდომა. წმინდა საბას გაეღვიძა, ცოტათი შეშინდა, მაგრამ წამოდგა და ლოცვა დაიწყო. ლომი გარეთ გამოვიდა და უცდიდა, სანამ წმინდა საბა ლოცვას დაასრულებდა. მერე კი კვლავ კბილები ჩასჭიდა სამოსზე მღვიმიდან გასაყვანად. წმინდა საბამ უთხრა მას: "მხეცო, მღვიმე ფართოა და ორივეს გვეყოფა საცხოვრებლად, რამეთუ ერთი შემოქმედის შექმნილნი ვართ. თუ ჩემთან ყოფნა არ გსურს, მაშინ წადი, რამეთუ ღვთის ხელით მის ხატადვე ვარ შექმნილი და ამით გახლავარ შენზე აღმატებულიო". ლომმა შერცხვენილმა დატოვა იქაურობა.
ხმა გავარდა, ლომის ბუნაგში ბერი ცხოვრობსო და უამრავმა ერისკაცმა იწყო მასთან მისვლა. მცირე მონასტერიც შეიქმნა. ამსოფლიური შფოთისგან შეწუხებულმა წმინდა საბამ ამ მონასტერსაც დაუდგინა წინამძღვარი და თვითონ თავის ლავრაში დაბრუნდა. იქ მდგომარეობა უფრო გამწვავებულიყო. ახლა უკვე სამოცამდე ბერი აღუდგა. ღირსი მამა ნიკოპოლის მხარეში გაერიდა მათ. იქაც, ღვთის მადლით, მალევე მონასტერი დაარსდა. ამასობაში, მოძულე ძმებმა ჭორი გაავრცელეს, ჩვენი მამა ლომებმა შეჭამესო. მივიდნენ პატრიარქ ილიასთან და "ლომებისგან დაგლეჯილი" წინამძღვრის ნაცვლად სხვისი გამოგზავნა სთხოვეს. "ღმერთი მართლმსაჯულია და არ დაუშვებდა, ასეთი მოღვაწე ბერი ლომებს შეეჭამათ. ან მოძებნეთ თქვენი მამა, ანდა წყნარად ისხედით კელიებში, ვიდრე ღმერთი არ გამოაჩენსო", - უთხრა მათ პატრიარქმა. მართლაც, 13 სექტემბერს, აღდგომის ტაძრის სატფურების დღესასწაულზე წმინდა საბა იერუსალიმში ჩავიდა. გახარებულმა პატრიარქმა გაუჩინარების მიზეზი გამოჰკითხა, მერე კი ისევ თავის აშენებულ ლავრაში დააბრუნა. ეს რომ ლავრელმა ურჩმა ბერებმა შეიტყვეს, მათ მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეცნენ წმინდა საბას კელიას და დაანგრიეს, წავიდნენ და თეკუას წყაროსთან ლავრა ააშენეს, რომელსაც ნეალავრა ეწოდა. როცა მათი ადგილსამყოფელი შეიტყო, წმინდა საბას შეეწყალა უმოძღვროდ და უმღვდლოდ დარჩენილები, კასტელისა და ლავრის ჯორებს საჭმელი აჰკიდა და მათთან წავიდა. "აქაც კი მოვიდა ეს ფარისეველიო", - გააგონეს კიდეც. მაგრამ უბოროტო მამამ, მათი გაჭირვების შემხედვარემ, დახმარება პატრიარქს სთხოვა. ხუთი თვე დარჩა ნეალავრაში, პატრიარქის გამოგზავნილი ფულით აუშენა ეკლესია, ფურნე, კელიები, დაუდგინა ლავრელი ბერი, წინასწარმეტყველების მადლით ცნობილი იოანე, და უკან დაბრუნდა.
ლავრაში ერთი ბერი ჰყავდათ, იაკობი, რომელმაც მოინდომა, წინამძღვრის გამოჯავრებით, ცალკე აეშენებინა მონასტერი. დრო იხელთა და როცა წმინდა საბა დიდმარხვისას უდაბნოში იყო გასული, მონასტრის შენება დაიწყო. ეს რომ წმინდა საბამ შეიტყო, მივიდა და იაკობს უკან დაბრუნება მოსთხოვა. "თუ არ დამიჯერებ, დაისჯებიო", - უთხრა. იაკობს ისე შეეშინდა, რომ ავად გახდა და სიტყვის წარმოთქმაც ვეღარ შეძლო. მხოლოდ მას შემდეგ გამოჯანმრთელდა, ღირსი მამისგან შენდობა რომ აიღო და ეზიარა. გარკვეული ხნის შემდეგ იაკობი მზარეულად დაადგინეს. ერთხელ იაკობმა ბევრი ცერცვი მოხარშა და ტრაპეზიდან მონარჩენი უფსკრულში გადაყარა. ეს დაინახა წმინდა საბამ, ჩავიდა, აკრიფა ცერცვი, გარეცხა და შეანელა. "დიდი ხანია, ასეთი შენელებული არ მიჭამიაო", - უთხრა აღფრთოვანებულმა იაკობმა. "ეს ის ცერცვია, ძმაო, შენ რომ ხრამში გადაყარე. დამერწმუნე, იმას, ვისაც ზომიერად არ შეუძლია ცერცვის მოხარშვა, ვერც მონასტერს მართავსო", - უთხრა ღირსმა საბამ. შერცხვა იაკობს და შენდობა ითხოვა.
იაკობს ხორციელი ვნებები ტანჯავდა და ამიტომ თავი დაისაჭურისა. ეს რომ მამა საბამ შეიტყო, ლავრიდან გამოაგდო. მხოლოდ თეოდოსი დიდის თხოვნით დააბრუნა, ისიც იმ პირობით, რომ იაკობი არავის დალაპარაკებოდა, მსახურების გარდა, კელიიდან არ გამოსულიყო და ზიარების უფლებაც აჰყარა. გამოხდა ხანი, ღმერთმა შეიწირა იაკობის სინანული და ეს ხილვით აუწყა წმინდა საბას: ახილვა, ვითომდა გარდაცვლილი ყრმა აღადგინა ლოცვით იაკობმა. მაშინღა აზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. კვირის თავზე მიიცვალა იაკობი და ღირსი მამის მიერ სულიერად აღშენებული წარდგა ღვთის წინაშე.
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე