ძველი სტილით 21 აგვისტოს (3 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთს, წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელს იხსენიებს.
ასურელი მამები საქართველოში ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, VI საუკუნეში ჩამოვიდნენ, თავიანთი ლოცვითა და მოღვაწეობით გააძლიერეს და განამტკიცეს ქვეყანა.
წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელი, იგივე თათე მამებელი, მამა იოანე ზედაზნელის უახლოესი თანამდგომი მოწაფე იყო, როდესაც წმ. იოანე ზედაზნის მთას დაემკვიდრა, ერმა მთისკენ იწყო სვლა და მალე ასურელმა მამამ, იქ, სადაც დღეს საგურამოა, მონასტერი ააშენა და ჩააბარა თადეოზს. მონასტერი სავსე იყო ბერებით. ისინი თავიანთ ადგილებს ტოვებდნენ და მიდიოდნენ მთებში, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ კერპთმსახურები. უქადაგებდნენ მათ, ნათლავდნენ და აქრისტიანებდნენ.
წმ. იოანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ თადეოზმა მონასტერი დაუტოვა წმ. ილია დიაკონს, თვითონ კი ჯვრითა და სახარებით შემოიარა მთები, ააშენა მრავალი ეკლესია, რომელთა შორის ცნობილია წმინდა სტეფანეს ეკლესია ქალაქ ურბნისში. ე.ი. სწორედ თადეოზ სტეფანწმინდელს დაუარსებია ურბნისის საკათედრო ტაძარი მოციქულთა კვალზე. დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ წმინდა თათემ მონასტრის აშენება ინება. შეარჩია მაღალი და ტყიანი მთა, წლევი, მდინარე რეხულას ზემოთ. იმ მთაზე გამოკვეთილ მომცრო სენაკში ცხოვრობდა დიდხანს. ბევრი მოდიოდა მის სანახავად, მისი ქადაგების მოსასმენად, მის გვერდით დამკვიდრება სურდათ. ნეტარი თათე უარს არავის ეუბნებოდა. ყველას მამობრივი სიყვარულით იღებდა. მალე მთა სენაკებით აივსო.
წმინდა მამა ხედავდა, რომ მთა მოწესეებს ვერ დაიტევდა, ამიტომაც მონასტრისა და ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, ეკლესია მთის წვერზე აშენდა. მაგრამ წმინდა თათეს არც ამის შემდეგ დაუტოვებია თავისი გამოქვაბული, გარდაცვალებამდე იქ იმყოფებოდა. მისი წმინდა გვამი ეკლესიაში დაასვენეს. უფალმა ადიდა თავისი მოღვაწე. ნეტარი თათეს საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში ხდებოდა სასწაულები. წმინდანის ძვლები (როგორც წმინდა შიოს ძვლები) ყოველწლიურად ამოდიოდნენ სამარხიდან ეკლესიაში.
აქვე წაიკითხეთ:
წლითი წლად წმიდა ძვალნი მისნი აღმოვიდოდნენ ეკლესიასა შინა, ვითარ წმიდა შიოსნი