ცხოვრება და ღვაწლი ღირსი მამის, სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა (+ 1392) - 25 სექტემბერი (08 ოქტომბერი)
ცხოვრება და ღვაწლი ღირსი მამის, სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა (+ 1392) - 25 სექტემბერი (08 ოქტომბერი)
თუ რა სულიერი მნიშვნელობის იყო ამ მამის ღვაწლი, ისიც ცხადყოფს, რომ სერგი რადონეჟელს თავისმა სამშობლომ "სრულიად რუსეთის იღუმენი", "რუსეთის სინდისი", ეროვნული მეობის სიმბოლო და სულიერი და ზნეობრივი ორიენტირი უწოდა.

ღირსი სერგი როსტოვის მხარეში კეთილმორწმუნე ოჯახში დაახლოებით 1314 წელს იშვა. მისი მშობლები - ბოიარი კირილე და მარიამი ღვთისმოსავი და ზნეკეთილი ადამიანები იყვნენ.

მომავალი წმინდანი უფალმა დედის საშოდანვე გამოირჩია, - შობამდე მცირე ხნით ადრე, კვირა დღეს, როდესაც მარიამი ტაძრად წარვიდა, წირვისას, წმინდა სახარების წაკითხვამდე ყრმამ დედის მუცლიდან ისე ხმამაღლა დაიძახა, ყველა იქ მყოფმა გაიგონა. ამგვარად განმეორდა ქერუბიმთა საგალობლისას, ხოლო როდესაც მღვდელმა "წმიდა წმიდათა" წარმოთქვა, მუცლადმყოფმა ყრმამ მესამედაც დაიძახა..
.
ტაძრად მყოფთა შორის ყველამ გულისხმაჰყო, რომ ამ ყრმის სახით ქვეყნიერებას დიდი მნათობი უნდა მოვლენოდა. მსგავსად იოანე ნათლისმცემლისა, რომელმაც მარიამის ხმაზე "ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა ელისაბედისასა" (ლკ. 1,41), ეს ყრმაც კრთებოდა უფლის წინაშე...

ამ დიდმა სასწაულმა შიში მოჰგვარა დედამისს, რომელმაც სახელად ბართლომე დაარქვა.

უცნაური იყო ამ წმინდა ყრმის პირველივე დღეები: - მშობლებმა შენიშნეს, რომ ოთხშაბათობით და პარასკევობით ჩვილი დედის რძეს არ იკარებდა და არც მაშინ იღებდა, თუ მარიამი ხორცს იხმევდა, რის გამოც ქალმა ხორცზე სამუდამოდ უარი თქვა.

შვიდი წლის ბართლომე თავის ორ ძმასთან - უფროს სტეფანესა და უმცროს პეტრესთან ერთად წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარეს.

სტეფანე და პეტრე ცოდნას იოლად ითვისებდნენ, ბართლომე კი, მასწავლებლის დიდი მცდელობის მიუხედავად, ძმებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა, რის გამოც ცალკე მშობლების გულისწყრომას იმსახურებდა, ცალკე - პედაგოგისას.

მაგრამ მისი "გონებაშეზღუდულობა" მხოლოდ დროებითი იყო: - უფალს სურდა, ბავშვს განათლება ადამიანთაგან კი არა, მისგან მიეღო.

ბართლომე კი ძალზე წუხდა და ღმერთს გამუდმებით ცრემლით ევედრებოდა, რომ წაკითხულის შემეცნება შეძლებოდა და ასეც მოხდა: - ერთხელ მამამ ცხენების სამწყემსად გაგზავნა. ყრმა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, უსიტყვოდ ჰმორჩილებდა მშობლის სიტყვას, მყისვე მინდორს მიაშურა. გზად ვინმე ბერი, უფრო ზუსტად კი - ღვთისაგან ბერის სახით მოვლენილი ანგელოზი იხილა, რომელიც მინდვრის შუაგულში მდგარი მუხის ქვეშ ლოცვად დამდგარიყო...

ბართლომე მიუახლოვდა, თაყვანი სცა და დაელოდა, ბერი ლოცვას როდის განასრულებდა, შემდეგ ბერმა აკურთხა, მოეხვია და დაეკითხა:

- რა გსურს?

- მთელი გულით მსურს წერა-კითხვის სწავლა, მაგრამ არა გამომდის რა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ, უფალს ევედრე, წმინდა მამაო, რომ ყოველივეს გონებით წვდომის უნარი მომმადლოს! - უპასუხა ბართლომემ.

ბერმა ილოცა, შემდეგ ყრმა აკურთხა და უთხრა:

- შვილო ჩემო, ამიერიდან უფალი ნასწავლის გონებით წვდომის უნარს მოგმადლებს და ცოდნით ძმებსაც გაუსწრებ და თანატოლებსაც!

შემდეგ ჭურჭლიდან სეფისკვერის ნაჭერი ამოიღო, მიაწოდა და დასძინა:

ნიშნად და წმინდა წერილის შესამეცნებლად გეძლევა... მისი სიმცირე ნუ დაგაბრკოლებს, სანაცვლოდ, სიტკბო, რომელსაც მისი მიღების შემდგომ იგემებ, ძალზე დიდი იქნებაო!

ის იყო, უცნობმა ბერმა წასვლა დააპირა, სიხარულით ფრთაშესხმულმა ბართლომემ შინ მიიწვია.

მონაზონთა მოყვარე კირილემ და მარიამმა სტუმარი პატივით მიიღეს და საზრდელი შესთავაზეს, მაგრამ ბერმა თქვა, რომ ჯერ სულიერი საკვები უნდა მიეღოთ, ხოლო როდესაც ლოცვა იწყეს, ბერმა ბართლომეს ფსალმუნთა კითხვა უბრძანა:

- არ ძალმიძს, მამაო, - უპასუხა ბავშვმა, სტუმარმა კი მიუგო:

- ამიერიდან ღმერთი წერა-კითხვის უნარს გიწყალობებს.

მართლაც, იმ წუთიდან ყრმამ ფსალმუნი გამართულად წაიკითხა, რამაც მისი მშობლები დიდად გააოცა.

გამომშვიდობებისას მონაზონმა კირილესა და მარიამს ეს სიტყვები უთხრა:

- დიდი იქნება თქვენი შვილი უფლის და კაცთა წინაშე, მოვა დრო და იგი სულიწმიდის რჩეული ჭურჭელი და ყოვლადწმინდა სამების მსახური გახდება.

ის დღე იყო და ბავშვი წიგნებს ძალზე იოლად კითხულობდა და უმალ ითვისებდა, იმ წმინდა ბერის სიტყვისამებრ, ცოდნა იოლად ეძლეოდა, რადგან უფალმა "განუხუნა გონება მას გულისხმის-ყოფად წიგნთა" (ლკ. 24, 45).

ასაკთან ერთად ყრმას გონიერება და ღვთის სიყვარულიც უმრავლდებოდა, უფალთან საუბრის სიტკბო ყრმობაშივე იგრძნო, ტაძარში დიდი მოშურნეობით დადიოდა, ბავშვურ თამაშებს გაურბოდა და არც თანატოლთა ჟრიამული იზიდავდა, რადგან თავიდანვე გრძნობდა, რომ "განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15, 33) და უწყოდა, რომ "დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაი არს" (ფს. 110, 10), ამიტომ ღვთის შიშის მოხვეჭას ცდილობდა. განსაკუთრებული მოშურნეობით ძველ და ახალ აღთქმას და წმინდა წიგნებს ეწაფებოდა და მკაცრად მარხულობდა: - ოთხშაბათობით და პარასკევობით არაფერს იხმევდა, და¬ნარჩენ დროს კი ოდენ წყალსა და პურს თუ მიიღებდა...

მარიამს თავიდან შვილის ჯანმრთელობა ძალზე აღელვებდა და დღენიადაგ ჩასჩიჩინებდა, - ამგვარი ცხოვრება დაუტევეო, რაზეც ყრმა პასუხობდა, - ნუ დამიშლი და ნება მიბოძე, ამგვარად ვიცხოვრო და შენს წინააღმდეგობას ნუ მაიძულებო, რის შემდეგაც დედა შვილის ნებას დაჰყვა.

საიმდროოდ კირილე ოჯახითურთ ძველ და სახელგანთქმულ ქალაქ როსტოვიდან მცირე ქალაქ რადონეჟში გადავიდა, რომელიც ღირსმა სერგიმ თავისი საკვირველი და წმინდა ღვაწლით განადიდა.

თათართა ამაოხრებელმა შემოსევებმა თუ მოსკოვის მთავრის, იოანე კალიტას (რომელიც, იმავდროულად, როსტოვსაც განაგებდა) საშინელი ხარკის წყალობით ოჯახი საიმდროოდ ძალზე გაღარიბდა, რადონეჟში კი, რომელიც წილად იოანე კალიტას უმცროს ძეს, - ანდრიას ხვდა წილად, რომელიც თავის სამკვიდროში საცხოვრებლად გადასულთ მძიმე ბეგარისაგან გათავისუფლებას და სხვა შეღავათებს ჰპირდებოდა.
სწორედ ეს გახლდათ ოჯახის რადონეჟს გადასახლების მიზეზი.

ბართლომეს მაშინ 15 წელი შეუსრულდა, მისი ძმები კი - უკვე დაოჯახებულიყვნენ.

ოცი წლისამ მშობლებს მონაზვნად აღკვეცისთვის გამოსთხოვა კურთხევა, რამეთუ ყრმობითგანვე განეზრახა უფლისთვის ცხოვრება.

მისი ღვთისმოყვრე მშობლები, რომელთათვისაც მონაზვნობა ყველაზე აღმატებულ ცხოვრებად მიაჩნდათ, შვილს სთხოვეს: - მცირედ შეიცადე, შვილო, ხომ ხედავ, უკვე მოვხუცდით, დავსნეულდით და გავღატაკდით, შენი ძმები დაქორწინდნენ და საკუთარი ოჯახები აქვთ შესანახი, ჩვენზე ვიღა იზრუნებს?! ოდეს ამქვეყნიდან გავალთ და მიწას მიგვაბარებ, მაშინ როგორცა გსურდეს, ისე მოიქეციო.

ბართლომე, როგორც სჩვეოდა, მშობელთა ნებას დაჰყვა, მათზე ზრუნვა გააათმაგა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წმინდანის მშობლები, ბოიარი კირილე და მარიამი რადონეჟიდან ოთხიოდე ვერსში მდებარე ხოტკოვოს მონასტერში აღიკვეცნენ, მოგვიანებით მის წიაღშივე აღიკვეცა ბართლომეს დაქვრივებული უფროსი ძმა სტეფანეც, რომელიც იქვე დარჩა.

ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, კირილემ და მარიამმა სული მშვიდობით შეჰვედრეს უფალს და ხატკოვოს მონასტერში დაკრძალეს.

ბართლომე და მისი ძმები მშობლების გარდაცვალების შემდეგ მონასტერში 40 დღეს დარჩნენ და ახალშესვენებულთა სულებისთვის მხურვალედ ევედრნენ უფალს.

კეთილმსახურმა მშობლებმა თავიანთი სახლი და მწირი ქონება ბართლომეს უანდერძეს, ამ უკანასკნელმა კი ამ მემკვიდრეობის ნაწილი უპოვართ უწყალობა, მეორე ნახევარი კი - უმცროს ძმას, - პეტრეს, საკუთარი თავისთვის კი მცირე საზრდელიც კი არ დაუტოვებია, რამეთუ ოდენ უფალს სასოებდა, რომელმან "სცის საზრდელი მშიერთა" (ფს. 145,7).

ბართლომე, რომელსაც ასერიგად სწყუროდა განდეგილობა, უფროსი ძმა, სტეფანე ხატკოვოს მონასტრის დატოვებასა და უდაბნოში გადასვლაზე დაითანხმა.

ძმები დიდხანს დაეხეტებოდნენ იქაურ ტყეებში, ვიდრე იმ ადგილს არ მიაგნეს, სადაც დღეს ღირსი სერგი რადონეჟელის დიდი ლავრა დგას...

უდაბნო

ადგილი, რომელსაც უწინ "ყაყაჩოდ" იხსენიებდნენ, უღრან და უსიერ ტყეებს დაეფარა... იქაურობა ისე იყო მოწყვეტილი გარესამყაროს, ახლომახლო გზაც კი არ გადიოდა, ამიტომ მთლად გაუკაცრიელებულიყო და მხეცთა საბუდრად ქცეულიყო.

ძმებმა მხურვალედ ილოცეს, უდაბნოში განმარტოებისთვის ღვთისგან კურთხევა გამოითხოვეს ყოველივე უფლის წმინდა ნებას მიანდეს.

სულ მალე ტყეში ქოხი ააგეს და დიდი მოშურნეობით შეუდგნენ ღვაწლს, მოგვიანებით კი ყოვლადწმინდა სამების სახელზე მცირე ტაძარიც ააგეს და მისი კურთხევისთვის მოსკოვს მიაშურეს, სადაც მიტროპოლიტ თეოგნისტეს (1328- 1353 წ.) საამისო ნებართვა გამოსთხოვეს.

მეუფე თეოგნისტე ძმებს თბილად შეხვდა და ახალაღშენებული ტაძრის საკურთხებლად მღვდლებიც გააყოლა.

სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი წმინდა სერგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უბრწყინვალეს ლავრას...

* * *

ახალგაზრდა ბართლომე მხურვალედ და დიდი სიხარულით მიეცა ახალ ღვაწლს, სტეფანე კი, რომელიც უდაბნომ დაამძიმა, ძმას შრომაში დიდად ვეღარ შეეწეოდა, შემდეგ კი უდაბურ ტყეში მარტო დატოვა, მოსკოვის ღმრთის განცხადების სახელობის მონასტერში გადავიდა, სადაც მოსკოვის მომავალ მიტროპოლიტს, ალექსის (1354-1378 წლე¬ბი) დაუახლოვდა.

ჭაბუკმა ბართლომემ, რომელიც სრულიად მარტო შემორჩა უდაბნოს, ღვაწლი გააძლიერა და მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა შემონაზვნება, როდესაც სულიერად განმტკიცდა და საბერო წესნი გაითავისა.

აღკვეცისთვის ნეტარმა ერთ-ერთ იღუმენს, მიტროფანეს უხმო, რომელმაც 23 წლის ბართლომე მონაზვნად აღკვეცა.

ეს 7 ოქტომბერს, წმინდა მოწამეთა, სერგისა და ბაკქოსის ხსენების დღეს მოხდა, სწორედ ამიტომ უწოდეს ბართლომეს სერგი, რაც ძველრომაულად "მაღალს" და "ღირსეულს" ნიშნავს.

აღკვეცის შემდგომ იღუმენმა მიტროფანემ წმინდა სამების სახელობის ტაძარში წირვა დააყენა და როდესაც ახალ-შემონაზვნებული წმინდა ძღვენს აზიარა, იქაურობა გამოუთქმელმა კეთილსურნელებამ აღავსო.

ახალაღკვეცილს 7 დღის მანძილზე არ დაუტოვებია ღვთის სახლი, მიტროფანე კი ყოველდღე წირავდა და მონაზონ სერგის აზიარებდა, ამ ხნის მანძილზე სერგი ოდენ სეფისკვერით საზრდოობდა და ლოცვად იდგა, მისი არსება სულიერ სიხარულს მოეცვა და დღემუდამ ჰმადლობდა ყოვლადსახიერს...

რამდენიმე დღის შემდეგ მიტროფანემ აუწყა:

- შვილო ჩემო, დროა, აქაურობა დავუტევო და შენი თავი უფალს მივანდო, დაე, მან გიწინამძღვროს და შეგეწიოს.

შემდეგ ილოცა, ახალაღკვეცილს რამდენიმე ღვთივსულიერი რჩევა მისცა და გამოეთხოვა.

ღვთის მოიმედე, მარტოდ შთენილმა სერგიმ კვლავაც მოშურნედ განაგრძო ღვწა და ხორცს ლოცვითა და მარხვით მოაუძლურებდა, დღესა თუ ღამეს ლოცვასა და საღვთო წიგნთა კითხვაში განლევდა.

მძიმე იყო უდაბნოს ცხოვრება: - გამუდმებულ შრომას და უპოვრებას ბოროტისაგან მოგვრილი უთვალავი განსაცდელი და ტანჯვა ერთვოდა, რომელიც გააფთრებით ეკვეთა ახალშემონაზვნებულს და ათასი ხრიკით ცდილობდა, უდაბნოდან განედევნა, სერგი კი დემონებს ლოცვით იგერიებდა, უფალს მოუხმობდა და ბნელ ძალთა თავდასხმებს ობობის ქსელივით იოლად განარღვევდა.

ერთხელ, ღამეული ლოცვისას, დემონები ტაძრის გარშემო მოჯარდნენ, ალყაში მოაქციეს, თან საზარელი ხმით გაჰყვიროდნენ: - აქაურობას ახლავე განშორდი, თორემ საშინელ სიკვდილს შეგამთხვევთო!

შემდეგ ტაძრის საძირკვლიანად დაქცევით, ახალაღკვეცილი მონაზვნის სენაკის გაცამტვერებით და სერგის მოკვლით დაიმუქრნენ...

ჭაბუკი ბერი კი მათ ლოცვით და წმინდა ჯვრით იგერიებდა და, ღვთის შეწევნით, უვნებელი რჩებოდა.

ერთხელ კი, როდესაც ღირსი სერგი ღამით თავის საბერო კანონს აღასრულებდა, უეცრად ტყიდან კვლავ საშინელი ყიჟინა მოესმა: - უთვალავი ავსული მის სენაკს გარს შემორტყმოდა და ღრიალით იქადოდნენ: - წაეთრიე აქედან, ამ უღრან ტყეში რა დაგრჩენია? ამიერიდან აქ ცხოვრების იმედი ნუღარ გექნება, ვერ ხედავ, რა უკაცრიელია აქაურობა?! ან შიმშილით ამოგხდება სული, ან - ყაჩაღები მოგიღებენ ბოლოსო.

ამგვარად ცდილობდა მტერი მოსაგრის დაფრთხობას, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა უშედეგო იყო, - ღირსი

მამა შემწეობას უფალს სთხოვდა და ეშმაკთა ლაშქარი მყისიერად განქარდებოდა.

მსგავსი განსაცდელის შემდგომ სერგის ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსს და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე.

ღირსი მამის სიახლოვეს დათვებიც გროვდებოდნენ, მაგრამ წმინდანს ლოცვა, როგორც უხილავი აბჯარით, ისე იცავდა...

ერთხელ თავის სენაკთან დათვი შენიშნა და გულისხმაჰყო, რომ მხეცი დამშეული იყო, შეეწყალა, პურის ნატეხი გამოუტანა და კუნძზე დაუდო.

ის დღე იყო და ის დღე, დათვმა მის სენაკთან სიარულს მოუხშირა და იქამდე არ ტოვებდა იქაურობას, სანამ ბერი რამით არ გაუმასპინძლდებოდა.

წმინდა მამა კი სიხარულით უნაწილებდა ხშირად თავის უკანასკნელ ლუკმას ნადირს, დათვი კი ერთი წლის მანძილზე ყოველდღიურად სტუმრობდა მას.

უფალი კი ყოველმხრივ შეეწეოდა თავის რჩეულს და დღემუდამ განამტკიცებდა.

მალე საკვირველი განდეგილის შესახებ ყველამ შეიტყო, ყველაზე ადრე კი - მონაზვნებმა, რომლებმაც რადონეჟის უდაბნოში ჯერ სათითაოდ იწყეს მისვლა, შემდეგ - ჯგუფ-ჯგუფად და ღირს სერგის უდაბნოში დარჩენას სთხოვდნენ.

წმინდანი მათ გადარწმუნებას ცდილობდა და არწმუნებდა: - უდაბნოში ცხოვრება არ ძალგიძთ, რადგან განსაც¬დელს, მწუხარებას, დაბრკოლებებს, შიმშილს თუ წყურვილს ვერ დაითმენთო...

ხოლო თუ რომელიმე მასთან დარჩენას დაიჟინებდა და ღირსი სერგიც მათი გადაწყვეტილების სიმტკიცესა და სიწრფელეში დარწმუნდებოდა, თანხმდებოდა და საკუთარი თავის უარყოფასა და ყოველივეს დათმენას ურჩევდა.

აწ გულნი არა ჭამისა და სმისთვის, არამედ დათმენისათვის განიმზადეთ, რომ ყოველგვარი განსაცდელი და სიმძიმე იტვირთოთ... მზად იყავით მარხვისთვის, სულიერი გმირობისა და მრავალ ჭირთა და განსაცდელთა დათმენისთვისო, - ეტყოდა.

* * *

იმ პერიოდიდან წმინდა სერგიმ განდეგილობა დაუტევა და თანამოღვაწეებითურთ განაგრძო ღვაწლი, ყოველნაირად რომ ჰბაძვიდნენ თავიანთ საკვირველ წინამძღვარს.

მალე ღირს სერგისთან თორმეტმა ძმამ მოიყარა თავი და კარგა ხნის მანძილზე აღარავინ შეჰმატებიათ, ხოლო მათგან თუ რომელიმე გარდაიცვლებოდა, მის ადგილს უმალ ახალი იკავებდა.

ამ ამბავში ბევრი განსაკუთრებულ ნიშანს ხედავდა: - წმინდა სერგის დამოწაფებულნიც იმდენივე იყვნენ, რამდე¬ნიც - უფლის მოციქულნი, ხოლო ზოგი ამ რიცხვში ისრაელის თორმეტ ტომს ხედავდა.

მალე ძმებმა თორმეტი სენაკი წამომართეს, ღირსმა სერგიმ კი ტაძარს და ახალაგებულ საცხოვრისებეს საერთო, ხის მესერი შემოავლო და ერთი შესასვლელი კარი დაატანა, რომელსაც დარაჯი დაუყენა.

სწორედ ასე იშვა ის დიდი და საკვირველი სავანე, ღვთის შეწევნით, დღემდე რომ დგას.

თუმცა, იმხანად ღირსი სერგის ლავრა ძალზე მოკრძალებულად და ღარიბულად გამოიყურებოდა, მდინარის პირას მდებარე მინდორი ნაძვნარისაგან გაწმინდეს და ხის ღობით შემოზღუდეს.

მინდორში მცირე ტაძარი და რამდენიმე სენაკი ააგეს... მონასტერსა და ამ მცირე, უსწორმასწორო სენაკებს შორის კვლავაც იდგნენ დიდრონი ხეები, ტაძრის სიახლოვეს მოჭრილი მორები და ჯირკვები ეყარა, გარშემო კი ბოსტნეულის კვლები მოჩანდა... სწორედ ასე გამოიყურებოდა ღირსი სერგის ლავრა დაარსების პირველ წლებში.

მონასტრის ძმობა თანხმობით და ურთიერთსიყვარულით ცხოვრობდა, თავიანთ პატარა ტაძარში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ და ღმერთს მხურვალედ განადიდებდნენ, შუაღამიანს, ცისკარს, ჟამნს, მწუხრს და სერობას თავად აღავლენდნენ, საწირველად კი მღვდელს მეზობელი სოფლებიდან იწვევდნენ ხოლმე.

* * *

ღირს სერგის ძმობის ჩამოყალიბებისთანავე ახალ სავანეში იღუმენად მოვიდა მღვდელ-მონაზონი მიტროფანე, სწორედ ის მამა, რომელმაც სერგი ბერად აღკვეცა.

საძმოს, ამასთან, ისიც ახარებდათ, რომ წირვის აღვლენას უწინდელზე ხშირად შეძლებდნენ, მაგრამ იღუმენმა მიტროფანემ სავანეში მისვლიდან ერთ წელიწადსღა იცოცხლა.

მაშინ ძმებმა სერგის სთხოვეს, მღვდელ-მონაზვნად კურთხეულიყო, მაგრამ იგი უარობდა, რამეთუ სურდა, უფლის მსგავსად, ყველას მსახური ყოფილიყო. წყალს მხრებით, ხის ჯოხის ბოლოებზე ჩამოკიდებული სათლებით მთის ძირას მოჩუხჩუხე წყაროდან ეზიდებოდა, შემდეგ კი ყოველი ძმის სენაკის კართან დგამდა, შემდეგ შეშას ჩეხდა, პურს აცხობდა, სამოსს კერავდა ან კემსავდა, ტრაპეზს ამზადებდა და სხვის საკეთებელსაც თავმდაბლად და მორჩილად აღასრულებდა.

დიდი მამა შრომას, ლოცვას, მარხვასა და მღვიძარებას ერთურთს უნაცვლებდა და მცირეოდენ წყალსა და პურს თუ იხმევდა.

ღამეებს ლოცვასა და მღვიძარებაში განლევდა და მხოლოდ მცირე ხნით თუ ჩასთვლემდა.

თუმცა, ამგვარი მკაცრი ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველას გასაოცრად, ღირს მამას ჯანი მცირედადაც არ შერყევია და მოაკვდინებდა რა ხორცისმიერ ზრახვებს, სხეულს განამტკიცებდა, განწვრთნიდა და სხვა, უფრო მაღალი ღვაწლისთვის შეამზადებდა.

თავისი თავდადებით, საკვირველი ღვაწლითა და ღვთის სიყვარულით ღირსი სერგი მთელი საძმოსათვის მისაბაძი იყო და მამები თავს არ ზოგავდნენ, რომ მას შემსგავსებოდნენ, ისინიც მკაცრად მარხულობდნენ და დროს გამუდმებულ ლოცვასა და შრომაში განლევდნენ: - ხან სამოსს კერავდნენ, ხან - წმინდა წიგნებს გადაიწერდნენ, ხან - თავიანთ პატარა ბოსტანში ირჯებოდნენ ან მსგავს საქმეს აღასრულებდნენ.

მონასტერში ყველა თანასწორი იყო, თუმცა, სულიერად ღირსი სერგი ყველას აღემატებოდა. შეიძლება ითქვას, იგი თავისი სავანის პირველი მოღვაწე იყო, უფრო ზუსტად კი - პირველი და უკანასკნელი, რამეთუ ვერც მის დროს და ვერც მომავალში მისი დარი არავინ ყოფილა.

სავანეს კი იღუმენი და მღვდელი ძალზე სჭირდებოდა, არც მათი მოწვევა ხერხდებოდა ყოველთვის და რადგან ამ პატივისთვის სავანის დამაარსებელზე ღირსეული არავინ იყო, როგორც ზემოთ ვთქვით, ძმებმა სწორედ მას სთხოვეს იღუმენის ხარისხის მიღება, რაზეც უარი მიიღეს, მაშინ რადონეჟელმა მეუდაბნოეებმა ერთურთში მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, იღუმენად სერგი აერჩიათ, შემდეგ შეიყარნენ, ეახლნენ და უთხრეს:

- პატიოსანო მამაო, იღუმენის გარეშე როგორ ვიღვაწოთ? გვსურს, გვიწინამძღვრო, ჩვენს გულისთქმებსა და შეცოდებებს შენ წინაშე აღვიარებდეთ და ყოველდღიურად შენგან ვიღებდეთ შენდობას, გვსურს, ამ სავანეში შენ წირავდე და წმინდა ძღვენს შენს ხელთაგან ვეზიარებოდეთ.

მაგრამ ღირსი მამა კვლავ მტკიცედ უარობდა:

- ძმანო ჩემნო, იღუმენობა აზრადაც არ მომსვლია, რამეთუ ოდენ ერთი რამ მწყურის: - ჩემი დღენი უბრალო მონაზონივით გავლიო, ძალას ნუ მატანთ, არამედ ყოველი უფალს ვანდოთ და დაე, მან განგვიცხადოს ნება თვისიო!

თუმცა, ძმობა ძველი დაჟინებით უმეორებდა:

- თუ არც ჩვენი მწყემსობა გსურს და არც ჩვენს სულებზე ზრუნვა, მაშინ მიტროპოლიტს გამოსთხოვე სავანისთვის იღუმენი, თორემ იძულებულნი გავხდებით, აქაურობა დავტოვოთ, დადებული აღთქმა დავარღვიოთ და უმწყემსო ცხვრის ფარასავით განვიფანტოთ.

ძმობამ ღირს მამას შემდგომშიც არაერთგზის მიაკითხა და ძველ სათხოვარს მეტი დაჟინებით უმეორებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონასტრის დატოვებას და ერში დაბრუნებას ჰპირდებოდნენ, რისთვისაც ღვთის წინაშე პასუხისმგებლობას მას აკისრებდნენ...

სწორედ ამის წყალობით დაითანხმეს ღირსი მამა სავანის იღუმენობაზე.

ღირსი სერგი ორი მონაზვნითურთ ეახლა ვოლნის ეპისკოპოს ათანასეს, რომელიც წმინდა მიტროპოლიტ ალექსის კონსტანტინოპოლს გამგზავრების გამო მის მისიას ასრულებდა.

მეუფემ, რომელსაც ბევრი კეთილი სმენოდა ღირს მამაზე, სიყვარულით მიიღო სერგი, სულიერ საკითხებზე დიდხანს ესაუბრა, შემდეგ კი სტუმარმა მეუფის წინაშე მუხლნი მოიყარა, მდაბლად სცა თაყვანი და სთხოვა, თავისი სავანისთვის იღუმენი გამოერჩია, რაზეც მეუფემ უპასუხა:

- დღეიდან იყავ მამა და იღუმენი ყოვლადწმინდა სამების ლავრაში შენ მიერ შემოკრებილ ძმათათვის.

მან ჯერ იეროდიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი - მღვდელ-მონაზვნად. ახალაღკვეცილმა უდიდესი კრძალვით და ღვთის შიშით აღასრულა პირველი წირვა, რის შემდეგაც სერგი იღუმენად დაადგინეს.

- შვილო ჩემო, მღვდლობის პატივი მიიღე და იცოდე, რომ, მოციქულის მცნებისამებრ, "თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტუირთვად და არა თავსა თუისა სათნოყოფად" (რომ. 15,1) უნდა იქცეოდე და მარად გახსოვდეს: "ურთიერთარს სიმძიმე იტუირთეთ და ეს¬რეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).

უთხრა და სიყვარულით მოეხვია ახალგაზრდა იღუმენს და დაემშვიდობა.

ძმობა დიდი სიხარულით შეხვდა ნანატრ წინამძღვარს, გამოეგებნენ და ისე სცეს თაყვანი, როგორც - მამას.

თავისი სამწყსოს შემხედვარე ღირსი სერგიც განიხარებდა, ტაძარში შესულმა უფალი ადიდა და ზეგარდამო შემწეობა და კურთხევა გამოსთხოვა.

ლოცვის შემდეგ ღირსმა სერგიმ ძმობა დამოძღვრა, განამხნევა, თავის მისიის აღსრულებაში დახმარება სთხოვა და როგორც იღუმენმა, პირველად აკურთხა.

ეს სიტყვა, მართალია, უბრალო და მოკლე იყო, მაგრამ იმდენად ნათელი და შთამბეჭდავი, რომ მონაზონთა გულებში სამუდამოდ აღიბეჭდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ წმინდა მამა თავის სამწყსოს სიტყვაზე უფრო საქმით და საკუთარი ცხოვრებით განამხნევებდა.

იღუმენად კურთხევის შემდეგ კი ღვაწლი განამრავლა და მეტი მოშურნეობით აღასრულებდა საბერო წესებს და საკუთარი ცხოვრებით ამოწმებდა საუფლო სიტყვას: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა" (მარკ. 10, 44).

წირვას ყოველდღიურად აღავლენდა და სეფისკვერს თავადვე აცხობდა: - ხორბალს თავად ფქვავდა, ფქვილს ცრიდა, შემდეგ - ზელდა, აფუებდა და აცხობდა.

სეფისკვერთა ცხობა განსაკუთრებულად უყვარდა, რის გამოც ამას არავის ანებებდა, თუმცა, ძმები სულ ცდილობდნენ, ამ საქმეში ჩანაცვლებოდნენ.

ამასთან, იღუმენი კოლიოსაც თავად ამზადებდა და საღვთისმსახურო კელაპტრებსაც, ტაძარში ყველაზე ადრე მიდიოდა, უძრავად იდგა და არამცთუ ჩამოჯდომის, კედელზე მიყრდნობის უფლებასაც არ აძლევდა თავს.

იქიდან ყველაზე ბოლოს გამოდიოდა და მონასტრის ძმებს დიდი სიყვარულით და მოთმინებით მოძღვრავდა.

ეს საოცრად კაცთმოყვარე და ღმერთშემოსილი მოსაგრე თავისი ცხოვრებითვე ჰბაძვიდა იმათ, ვის ცხოვრებასაც დღემუდამ კრძალვით და გულდაუნჯებით კითხულობდა და მათი ანგელოზთასწორი ღვაწლით და უპოვართადმი მათი მსახურებით განკვირდებოდა.

ყოვლადწმინდა სამებას დღემუდამ ევედრებოდა, მათებრი ცხოვრების ღირსი გაეხადა, ღატაკთ უკანასკნელ ლუკმას რომ უნაწილებდნენ, ქვრივებს, ობლებს და ყველა შეჭირვებულს რომ შეეწეოდნენ, უფლისგან კურნების, მიცვალებულთა აღდგინების და ზღვასა თუ ხმელეთზე განსაცდელში შთავარდნილ მოგზაურთ რომ ლოცვით იფარავდნენ.

ამან დემონები ისე გააცოფა, უარესი გამწარებით აღდგნენ მოსაგრეზე და გველებად და მხეცებად სახეცვლილნი ხან სენაკში ეჭრებოდნენ, ხან - ტყეში, შეშის ჭრისას... ალყაში მოიქცევდნენ ხოლმე და ათასი ხრიკით ცდილობდნენ, მისი გონება ლოცვის და ღვთის ჭვრეტისაგან განედრიკათ.

ამ დროს ნეტარი შეწევნისთვის ზეცას მიმართავდა და ბოროტი სულნიც მყის კვამლის მსგავსად განქარდებოდნენ.

იმხანად უფალმა ბოროტზე იმგვარი ხელმწიფება უბოძა, მასთან მიახლოვებასაც ვეღარ ბედავდა.

* * *

სავანის ძმათა რაოდენობა კარგა ხანს არ გასცილებია თორმეტს, მაგრამ ერთ დღეს სავანეში სმოლენსკიდან არქიმანდრიტი სვიმეონი მივიდა, დიდად მბადალი, ყოვლადუბრალო და უფლის გულისთვის ყოველი მიწიერი სიკეთის დამტევებელი, რომელმაც ღირს სერგის სავანეში რიგით მონაზვნად მიღება სთხოვა, რამაც ძალზე იმოქმედა და სვიმეონი სავანეში მიიღო.

არქიმანდრიტმა სავანეს გარკვეული თანხაც შემოსწირა, რაც მის კეთილმოწყობას მოხმარდა.

კერძოდ, ამ შემოწირულობის წყალობით წმინდა სერგიმ ყოვლადწმინდა სამების სახელზე უფრო მოზრდილი ტაძარი ააგო, გააფართოვა და კეთილმოაწყო სავანე და ძმათა სენაკები ისე აღაშენა, ტაძარი შუაგულში მოყვა.

მალე სავანეში მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტრიდან სერგის უფროსი ძმა, ზემოთ ნახსენები სტეფანე, თორმეტი წლის ვაჟითურთ მივიდა და მისი მონაზვნად აღკვეცა სთხოვა.

სერგი ფრიად განაკვირვა ძმის დიდმა რწმენამ, აბრაამისებრ ერთადერთი შვილიც კი რომ გაიმეტა უფლისთვის და სტეფანეს თხოვნისამებრ, მონაზვნად თეოდორეს სახელით აღკვეცა.

ბავშვობიდან მარხვით და სიწმინდით აღზრდილი ყმაწვილი ბიძის წინამძღოლობით სულიერად განმტკიცდებოდა. სავანეს ნელ-ნელა შემოემატა რუსეთის ყველა მხრიდან მოსული ადამიანები, რომელთაც ღირსი სერგი დიდი სიყვარულით ხვდებოდა.

მდიდართ თუ უპოვართ, ჭაბუკთ თუ მხცოვანთ მამობრივად მზრუნველობდა, თუმცა, უწყოდა რა ბერული ცხოვრების ყველა სიძნელე, იოლად ხელს არავის დაასხამდა, არამედ ჯერ შავი ქსოვილის გრძელი კაბით შემოსავდა და სხვადასხვა მორჩილებას განუწესებდა, რითიც ახალმოსულს სავანის წესთა გათავისებაში ეხმარებოდა და მხოლოდ ხანგრძლივი გამოცდის შემდგომ აღკვეცდა, მანტიას და კუნკულ-ბარტყულს უბოძებდა, მათ შორის რჩეულთ კი დიდი სქემით აპატიოსნებდა.

თუმცა, არც ამგვარი გამოცდის შემდეგ წყვეტდა მათთვის თვალყურის დევნას: სერობის დასრულების შემდგომ ძმებს სენაკების დატოვებას და ერთურთში საუბარს უკრძალავდა, რამეთუ ან უნდა ელოცათ, ან ეხელსაქმათ.

ღამღამობით კი ეს წმინდა მოღვაწე ძმობას სენაკ-სენაკ ჩამოუვლიდა და სარკმლიდან შეამოწმებდა, ვინ რას იქმოდა. თუ მავანს ლოცვაში, წმინდა წიგნთა კითხვასა ან გარჯაში იხილავდა, უფალს სიხარულით შეავედრებდა და მის განმტკიცებას სთხოვდა. ხოლო თუ მის ყურს ვინმეს ამაო საუბარი მისწვდებოდა, კარზე ან სარკმელზე მიუკაკუნებდა და უხმოდ დატოვებდა, მომდევნო დღეს მოიხმობდა და ისე გაესაუბრებოდა, სინანულს თავისთავად მოჰგვრიდა, ხოლო გასალკლდევებულსა და გულზვიადს სასჯელს დაადებდა.

ამგვარად ეხიდებოდა ყველას და საჭიროების შემთხვევაში ხან მშვიდი იყო, ხანაც - მკაცრი.

* * *

პირველ ხანებში სავანეს ყველაზე საჭირო საგნებიც კი აკლდა, მამები უკიდურესად ღატაკნი იყვნენ, ქვეყნიერებისაგან მოწყვეტილი და უსიერი ტყით გამიჯნული იქაურობა დანარჩენი სამყაროსაგან დახმარებას იშვიათად თუ იღებდა.

ხშირად საძმოს წირვისთვის ღვინოც კი არ ჰქონია, რის გამოც წმინდა ზიარებას ვერ ახერხებდნენ. არცთუ იშვიათად არც სეფისკვერების გამოსაცხობი ხორბალი ჰყოფნიდათ, არც - საკანდელე ზეთი, სასანთლე ცვილი თუ საკმეველი... ასეთ დროს ძმობა ტაძარში კვარს ანთებდა და ამ მკრთალ შუქზე თავადვე ანათებდნენ...

ძმობა ძალზე უბრალოდ ცხოვრობდა, მაგრამ დიდებული იყო ეს უბრალოება.

ბარძიმი ხისა ჰქონდათ, საეკლესიო შესამოსელი - იაფი ქსოვილისგან შექმნილი, წმინდა წიგნების გადასაწერად არყის ხის ქერქს იყენებდნენ.

იმ დროს სავანეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა საერთო საცხოვრისი და ყველა ძმათაგანი საკუთარ თავს თავადვე ინახავდა, ამიტომ ხშირად შიმშილობდნენ, მათ შორის, იღუმენიც.

ყოფილა დღეები, როდესაც ღირს სერგის პურის ნატეხიც კი არ ჰქონია, სავანიდან გასვლას და ერში საზრდელის თხოვნას კი სასტიკად კრძალავდა და სურდა, ოდენ უფლის მოიმედენი ყოფილიყვნენ, ყოველ ქმნილებას რომ ასაზრდოებს და შეწევნა რწმენით ეთხოვათ, ხოლო რასაც სხვათაგან მოითხოვდა, უპირველესად თავადვე აღასრულებდა, ამიტომ ზოგჯერ სამ დღეს შიმშილობდა.

ერთხელ, მეოთხე დღეს, შიმშილით დაძაბუნებულმა ნაჯახი აიღო, სავანის ერთ-ერთ ძმასთან, მამა დანიელთან მივიდა და უთხრა:

- მამაო, შევიტყვე, რომ სენაკში დერეფნის გაკეთება განგიზრახავს. არ მსურს, უქმად ყოფნას შევეჩვიო, ამიტომ ნება მომეცი, დერეფანი მე აგიშენო!

- მართლაც მსურს დერეფნის აგება, მოვიმარაგე კიდეც საამისოდ ყოველივე, ოსტატსღა ველოდი, შენ კი, ალბათ, ძვირად გიღირს შენი გარჯა, - მიუგო დანიელმა, მაგრამ სერგიმ უპასუხა, რომ თავისი შრომის საფასურად ოდენ დაობებული პურის რამდენიმე ნატეხი უნდოდა.

ამის გამგონე დანიელმა იღუმენს პურის ნატეხებიანი ჭურჭელი გამოუტანა, მაგრამ წმინდანმა უპასუხა:

- გასამრჯელოს მანამ არ ავიღებ, სანამ ამის საზღაურ სამუშაოს არ შევასრულებ.

ღირსმა მამამ მთელ დღეს იშრომა და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგღა იხმია პური.

ძმები განაცვიფრა თავიანთი იღუმენის დიდმა სიმდაბლემ და მოთმინებამ.

სხვა დროს კვლავ შემოელიათ საზრდელი, მამებმა შიმშილს ორ დღეს გაუძლეს, შემდეგ კი მათგან ერთმა, რომელსაც შიმშილმა მოსვენება დააკარგვინა, იღუმენს მდურვით უთხრა:

- როდემდე აგვიკრძალავ სავანიდან საზრდელის სათხოვნელად გასვლას?! როგორც კი ინათებს, აქაურობას დავტოვებთ და აღარასოდეს დავბრუნდებით, რომ სული შიმშილით არ ამოგვხდეს.

იღუმენმა დაამშვიდა და წმინდა წერილის სიტყვა შეახსენა: "მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ" (მთ. 6,26).

- თუ შემოქმედი მცირე ფრინველებზეც ზრუნავს, ნუთუ, ჩვენ არ დაგვაპურებს? ახლა მოთმინება გვმართებს, ჩვენ კი ვშფოთავთ და ვსულმოკლეობთ... თუ ამ მცირე გამოცდას დავითმენთ, ეს მცირე განსაცდელი დიდ ჯილდოდ მოგვექცევა... როგორც ცეცხლი განწმენდს ოქროს, ისე განწმენდს განსაცდელი კაცის სულსო...

სიტყვა არ გაესრულებინა, სავანის ალაყაფზე რომ დააკაკუნეს. როგორც აღმოჩნდა, ვიღაცას ახალგამომცხვარი, ცხელი პურები მოეტანა... უცნობმა თქვა, რომ "ეს ერთ ქრისტესმოყვარე კაცს აბბა სერგისა და მისი საძმოსათვის გამოეგზავნა...

გახარებულმა საძმომ სტუმრებს ტრაპეზზე დარჩენა შესთავაზა, თუმცა, მათ მადლობა გადაუხადეს და უთხრეს, რომ ნაპრძანები ჰქონდათ, უკან მალევე გაბრუნებულიყვნენ.

მეუდაბნოენი დარწმუნდნენ, რომ ესოდენ უხვი ძღვენი უფალმა გამოუგზავნა და სამადლობელი ტრაპეზე გამართეს.

მამები ძლიერ განაკირვა პურის გემომ და ხარისხმა.

სავანეში ძღვენი მომდევნო დღეებშიც მიიტანეს და ძმობას ეს საზრდელი კარგა ხანს ეყო.

იღუმენმა კი ამ სიტყვებით დამოძღვრა ისინი:

- ხედავთ, ძმანო, უფალმა როგორ მოხედა აქაურობას და მის მკვიდრთ, დღემუდამ რომ ირჯებიან და ყოველივეს რწმენით და მადლობით დაითმენენ...

შემდეგ კი პავლე მოციქულის სიტყვა შეახსენა:

- ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა, კმა ვიყოფდეთ ჩუენ (1 ტიმ. 6,8).

სავანის დაარსებიდან 15 წელიწადში მის სიახლოვეს ნელ-ნელა გაჩნდა გლეხთა დასახლებები... მოსახლეობა ტყეს ჩეხდა და სახლებს აგებდა, ეზოებს ღობავდნენ და პურს თესდნენ.

როგორც ღირსი სერგი რადონეჟელის მემატიანე იუწყება, ახალმოსახლე გლეხობამ უდაბნო შერყვნეს და გაუვალი ტყე ტრიალ მინდორს დაამსგავსეს.

თუმცა, ყველაზე უარესი ის გახლდათ, რომ უდაბნოს ახალმა მეზობლებმა მონასტრის მყუდროება დაარღვიეს, - იქაურობას ხშირად აკითხავდნენ, სურსათს სწირავდნენ, რის გამოც მამებს შიმშილობა აღარ უწევდათ.

გარკვეული ხნის მანძილზე სავანე წყლის ნაკლებობას განიცდიდა, - მის სიახლოვეს მდებარე წყარო მონასტრის სწრაფად გაზრდილ საძმოს აღარ ჰყოფნიდა, რის გამოც წყალს შორიდან ეზიდებოდნენ, ამიტომ ზოგი მონაზონი დრტვინავდა და ღირს მამას ეტყოდა:

- სავანისთვის ისეთი ალაგი რატომ აღირჩიე, სადაც წყალი არ არის?

წმინდანი კი მდაბლად მიუგებდა:

- აქ მყუდროება ვიპოვე, აქ მონასტრის არსებობა კი უფლისთვის იყო სათნო. მას წყლის მოცემა ძალუძს, მხოლოდ სულს ნუ დაიფსებთ და რწმენას ნუ დაკარგავთ, არამედ ილოცვიდეთ, რადგან თუ ებრაელობას უდაბნოში წყალი კლდიდან გარდამოუდინა, თქვენ როგორ დაგიტევებთ, რომელნიც გულით მსახურებთ?!

შემდეგ ერთ ძმათაგანს ფარულად უხმო და მონასტრის სიახლოვეს, უღრანში წაიყვანა, სადაც წყალი არასოდეს ყოფილა, მცირე თხრილში წყალი იპოვა, მუხლი მოიყარა და ილოცა:

- უფალო, ისმინე ჩვენი და კვლავაც გვიჩვენე შენი დიდება და როგორც ოდესღაც აღასრულე სასწაული მოსეს ხელით და შენს ერს კლდიდან წყალი გარდამოუდინე, აქაც გვიჩვენე ძალი შენი და წყალი მოგვეც, რომ ყველამ იხილოს, რომ მამის, ძისა და სულიწმიდის განმადიდებლისა და მსასოებლის ვედრებას აროდეს შეურაცხყოფ.

და განასრულა რა, იქვე წყარომ ამოფეთქა...

ამან მონაზვნები შიშით დაამუნჯა და იღუმენისადმი უკმაყოფილება მადლიერებამ შეცვალა, რის ნიშნადაც მას "სერგის წყაროდაც" იხსენიებდნენ, თუმცა, მდაბალი მამა ქებას გაურბოდა და ძმებს უთხრა:

- მე კი არა, ეს წყალი უფალმა მოგვცა, ამიტომ ჩემს სახელს ნუ უწოდებთ, - და ისინიც დამორჩილდნენ.

იმ დღის შემდგომ მონაზვნებს წყალი აღარასდროს შემოჰკლებიათ.

ამ წყაროთი წრისკაცნიც სარგებლობდნენ, ხან - ძალიან შორიდან მოსულნიც და ვინაც მას რწმენით მიიღებდა, ათასგვარი სნეულებისაგან იკურნებოდნენ.

* * *

ზემოთქმულის გარდა, ღირსმა მამამ სიცოცხლეშივე აღასრულა უამრავი სასწაული.

ერთხელ მიცვალებული აღადგინა, რაც ასე მოხდა:

მონასტრის მახლობლად ერთი ღირსი სერგის დიდად მოყვარული და პატივისმცემელი კაცი ცხოვრობდა, რომლის ერთადერთი ვაჟიც უკურნებელი სენით იყო სნეული.

ღრმად სწამდა რა, რომ ღირსი მამა ვაჟს განკურნავდა, მიუყვანა, თუმცა, როდესაც წმინდანის სენაკს მიუახლოვდა, ჭაბუკი გარდაიცვალა.

გამწარებულმა მამამ ტირილი იწყო და ამბობდა:

- ვაიმე, მამაო, შენთან დიდი რწმენით მოვედი, რომ შვილს განმიკურნავდი, მაგრამ ახლა რაღა ვქნა, მე უბედურმა?!

დიდხანს მოთქვამდა უბედური მშობელი, შემდეგ კი შინ გაბრუნდა, რომ დაკრძალვის სამზადისი დაეჭირა.

გამწარებული მამის გოდებამ შეძრა წმინდანი, შეეწყალა, ლოცვად დადგა და მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა.

ჭაბუკის მამა სავანეში კუბოთი დაბრუნდა. წმინდა სერგიმ უთხრა:

- შენი მწუხარება ამაოა, რადგან ყრმა არ მომკვდარა, არამედ ცოცხალია!

კაცმა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა შვილის გარდაცვალება, მაგრამ როდესაც მის სენაკთან შვილი ცოცხალი იხილა, გაოცდა და სიხარულით აღვსილმა მადლობა შესწირა წმინდანს, რომელმაც უთხრა:

- თავად არ უწყი, რას ამბობ, რადგან ოდეს შვილი მოგყავდა, გზაში ყინვამ დააზრო, შენ კი გეგონა, რომ გარდაიცვალა, სენაკში რომ შევიყვანე, გათბა და გონს მოვიდა, ესაა და ეს.

თუმცა, გლეხს აზრი ვერ შეაცვლევინა და კვლავინდებურად ირწმუნებოდა, - ვაჟი შენ გამიცოცხლეო!

ღირსმა მამამ ამაზე საუბარი აუკრძალა და უთხრა:

- თუ მეურჩები და ამაზე კვლავ ისაუბრებ, სასჯელს მოიმკი და შვილს სამუდამოდ დაკარგავ.

სიხარულით ფრთაშესხმული გლეხი შინ გამოჯანმრთელებული შვილითურთ დაბრუნდა და უფალი და მისი სათნომყოფელი ადიდა.

მოგვიანებით ამ სასწაულის შესახებ წმინდა სერგის ერთ-ერთმა მოწაფემ შეიტყო და აღნუსხა.

* * *

მალე წმინდა სერგის მიერ აღსრულებული სასწაულების ამბავი ბევრმა შეიტყო და მასთან სნეულთა მიყვანა მხოლოდ მიმდებარე სოფლებიდან კი არა, შორეული მხარეებიდანაც იწყეს.

ერთხელ ვოლგისპირეთიდან ერთი ბოროტისგან შეპყრობილი მიიყვანეს, რომელიც საშინლად იგვემებოდა - ხან ძალზე აგრესიული იყო, ყველას ერჩოდა, იკბინებოდა და ხან ისე გამძვინვარდებოდა, ათი კაციც ძლივს აკავებდა..

როგორც კი მისმა ნათესავებმა მამა სერგის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე ღირს მამასთან სნეულის მიყვანა განიზრახეს, თუმცა, ძალზე გაწვალდნენ, რადგან როგორც კი სნეული სავანეს მიუახლოვდა, რკინის ბორკილები არაადამიანური ძალით გაგლიჯა და ისე აღრიალდა, მისი ხმა სავანეშიც გაიგონეს.

წმინდა მამამ სნეულს საგანგებო ლოცვები უგალობა, რის შემდეგაც საბრალო დამშვიდდა, ხოლო როდესაც მონასტერში შეიყვანეს, ლოცვის დასრულების შემდეგ ღირსმა მამამ თავზე ჯვარი გარდასახა, სნეული საშინელი ყვირილით გადაეშვა იქვე მდებარე გუბეში.

როდესაც წმინდანმა ჯვარი კვლავ გარდასახა, შეპყრობილმა თავი უკეთ იგრძნო, მალე გონება დაუბრუნდა და გამოჯანმრთელდა, ხოლო როდესაც ჰკითხეს, - გუბეში რატომ ჩახტიო, უპასუხა:

- როდესაც მონასტერში მომიყვანეს და ღირსმა მამამ ჯვარი გარდამსახა, ჯვრიდან გამომავალი დიდი ცეცხლი ვიხილე... შემეშინდა, - ცეცხლი დამწვავს-მეთქი და წყალშიც ამიტომ გადავხტი.

განკურნებული სავანეში რამდენიმე დღეს დარჩა და ამხელა წყალობისათვის უფალი ადიდა და წმინდა სერგის ჰმადლობდა.

* * *

ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით კიდევ უამრავი სასწაული აღსრულდა: - "ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან და ყრუთა ესმის და მკუდარნი აღდგებიან" (მთ. 11,5).

წმინდა მამას ვინც რწმენით მიეახლებოდა, რა განსაცდელსაც უნდა სწეოდნენ, სხეულებრივ კურნებასაც იღებდნენ და სულიერსაც.

ამ სასწაულების ამბავი დროსთან ერთად ვრცელდებოდა და ლამის ყველა ამაზე საუბრობდა... ღირს სერგის ყველა პატივს მიაგებდა და განადიდებდა, მის სახილველად და კურთხევისა და რჩევის მისაღებად საიდან არ მოდიოდნენ...

ზოგი მონაზონი სამყოფელს ტოვებდა და ღირსი სერგის სავანეში გადადიოდა... დიდსა თუ პატარას მისგან კურთხევის მიღება სწყუროდა, რადგან წინასწარმეტყველად და ძველ, საკვირველმოქმედ და ღმერთშემოსილ მამათა დარ მოღვაწედ მიიჩნევდა...

მაგრამ ამგვარი განდიდება და პატივი სერგის სულს არ შეხებია: - კვლავინდებურად მდაბალ და მოშურნე ცხოვრებას აგრძელებდა...

როგორც მატიანე გვამცნობს, წმინდანი რბილსა და ლამაზ სამოსს თავს არიდებდა და მუდამ უხეში და უბრალო ქსოვილისაგან საკუთარი ხელით შეკერილ ბერულ კაბას ატარებდა.

ერთხელ მონასტერს ხარისხიანი შალის ქსოვილი გამოელია, მხოლოდ ერთი, ძალზე უხეში და ცუდად შეღებილი ნაჭერიღა დარჩენილიყო, რომელზეც ყველამ უარი თქვა... წმინდანმა კი მისგან სამოსი შეიკერა და მანამ ატარებდა, სანამ უკიდურესად არ დაიბებკა და ტანზე არ შემოაცვდა...

ღირსი სერგი, მის თანამედროვეთა მოწმობით, მუდამ უხეშ და ძველ სამოსს ატარებდა, რის გამოც ბევრს სავანის იღუმენი კი არა, მონასტრის მუშა ეგონა...

ერთ გლეხს, რომელსაც უამრავი რამ სმენოდა წმინდანის შესახებ, მისი ხილვა ისურვა და სავანეში მიაკითხა... ძმებმა უთხრეს, რომ იღუმენი ბოსტანში მუშაობდა...

როდესაც კაცმა ბოსტნის ღობის მიღმა დაკონკილი, ძველ და დაკერებულსამოსიანი ბერი იხილა, გაოცდა და იფიქრა, რომ მონაზვნები გაეხუმრნენ, რადგან იგი დიდებულად მოსილი წმინდანის ხილვას ელოდა.

გულმოსული სტუმარი მონაზვნებს კვლავ დაეკითხა:

- ბოლოს და ბოლოს, ვერ მეტყვით, თუ სად არის წმინდა სერგი? მე მისთვის პატივის მისაგებად და თაყვანსაცემად შორიდან მოვსულვარ!..

- შენ რომ ბოსტანში ბერი ნახე, სწორედ იგია მამა ჩვენი, სერგი, - გაუმეორეს ძმებმა.

როდესაც ღირსი მამა ბოსტნიდან გამოვიდა, გლეხმა მისი შეხედვაც არ ისურვა, ზურგი აქცია და მამებს კვლავ უსაყვედურა:

- რა მრჯიდა, რისთვის გადმოვლახე ამხელა მანძილი, მეგონა, დიდ წინასწარმეტყველს ვიხილავდი, თქვენ კი დამცინეთ და ვიღაც მუშა მაჩვენეთ.

აღშფოთებულმა ძმებმა ყოველივე წინამძღვარს უამბეს, თუმცა, რამდენადაც ქედმაღალს ქება უარესად აამპარტავნებს, იმდენად ხარობს მდაბალი, როდესაც შეურაცხყოფენ...

წმინდა მამამ სტუმარი მიიწვია, გაუმასპინძლდა და უთხრა:

- ნუ ნაღვლობ, მეგობარო, რადგან, ღვთის წყალობით, აქედან უკმაყოფილო არავინ წასულა და შენი ნატვრაც ასრულდება.

როგორც კი თქვა, სავანეში მთავრის მობრძანების შესახებ აცნობეს... იღუმენი წამოდგა და დიდებული სტუმრის შესახვედრად წავიდა, რომელსაც თან მრავალი მსახური ახლდა.

მთავარმა შორიდანვე თაყვანი სცა იღუმენს და კურთხე¬ვა დიდი მოწიწებით გამოსთხოვა. შემდეგ გვერდიგვერდ დასხდნენ და გაესაუბრნენ, დანარჩენნი კი ფეხზე იდგნენ...

მთავრის თანმხლებთაგან შევიწროებულმა გლეხმა მასპინძელთან მიახლოება, რომლის ხილვაც სულ რამდენიმე ხნის წინ თაკილობდა, ვეღარაფრით შეძლო და გვერდით მდგომს ჩუმად დაეკითხა:

- ჩემო ბატონო, ვინ არის ბერი, რომელიც მთავრის გვერდით ზის?

- აქ მოხვედი და ამას მეკითხები? განა არ იცი, რომ ეს ბერი - ღირსი სერგია?

გლეხს ძალზე შერცხვა საკუთარი ურწმუნობისა და საკუთარი თავი მწარედ გაკიცხა, ხოლო როგორც კი მთავარმა სავანე დატოვა, მსწრაფლ ეახლა ღირს სერგის, რომელსაც სირცხვილით თვალებში ვეღარ უყურებდა, ფეხებში ჩაუვარდა და საკუთარი კადნიერი და უგუნური საქციელის გამო შენდობა სთხოვა.

ნეტარმა დაამშვიდა, აკურთხა, გაესაუბრა და შინ გაუშვა.

გავიდა ხანი, გლეხმა სავანეს კვლავ მიაკითხა და მალე ბერად აღიკვეცა.

აი, ასე შეძრა მისი სული უდიდესი ხუცესის სიმდაბლემ.

ერთ ღამეს, როდესაც ღირსი სერგი თავის საბერო კანონს აღასრულებდა და უფალს თავის ძმობას ავედრებდა, ხმა ესმა:

- სერგი!

ამ ღამეულმა, უცნაურმა ხმამ ღირსი მამა გააოცა და იმის გასაგებად, თუ ვინ უხმობდა, სარკმელი გამოაღო...

მან რაც იხილა, კიდევ უფრო შეძრა: - ზეცით ისეთი ნათელი იღვრებოდა, თითქოს დღე ყოფილიყო...

სულ მალე ძახილი განმეორდა:

- სერგი! შენი ლოცვა შენი სამწყსოსათვის შესმენილია, ხედავ, მონაზონთა რა სიმრავლე შემოიკრიბა შენს ფრთებქვეშ ყოვლადწმინდა სამების სახელით?!

ღირსმა მამამ გაიხედა და უამრავი მშვენიერი ფრინველი იხილა, მონასტერსა და მის გარშემო რომ დაფრინავდნენ და კვლავაც ესმა ხმა:

- ამ ჩიტებივით ურიცხვი იქნება რიცხვი შენი მოწაფეების, რომელნიც შენი ამქვეყნიდან გასვლის შემდეგაც არ შემცირდება, თუ შენს გზას უერთგულებენ.

ძალზე განაკვირვა წმინდა მამა ამ ჩვენებამ და რადგან სურდა, ეს სიხარული სხვისთვისაც გაეზიარებინა, ახლობელ მამას, სიმონს ხმამაღლა უხმო.

სიმონი, რომელიც ძალზე გააოცა ასეთ დროს იღუმენის ძახილმა, მყის ეახლა, თუმცა, ამ საკვირველი ჩვენების მხოლოდ ნაწილის ხილვაღა მოასწრო...

წმინდა მამამ ყოველივე დაწვრილებით უამბო და ამ საკვირველი ჩვენებით აღვსილებმა ის ღამე მღვიძარედ გაატარეს.

არ გასულა დიდი ხანი და ღირს სერგის კონსტანტინოპოლის უწმინდესი პატრიარქის, ფილოთეოსის (1354-1355 წწ.) ელჩნი ეწვივნენ, რომელთაც მის კურთხევასთან ერთად ძღვნად პარამანდი და სქემა მიართვეს.

ამასთან, წერილიც გადასცეს:

"ღვთის ნებითა და მოწყალებით, კონსტანტინეს ქალაქის მთავარეპისკოპოსი და პატრიარქი ფილოთეოსი, სულიწმიდაში ჩვენი სიმდაბლის ძესა (სულიერ შვილს) თანამსახურს, სერგის, მადლი, მშვიდობა და კურთხევა ჩვენი!

გვესმა რა შენი ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ, უფალი ვაქეთ და განვადიდეთ, მაგრამ ერთი რამ გაკლიათ - საერთო საცხოვრისი არ გაქვთ.

კარგად უწყი, რომ თვით მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ამბობდა:

- აჰა ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკუიდრებაჲ ძმათა ერთად? (ფს. 132,1).

ამიტომ ააგე საერთო საცხოვრისი და დაე, იყოს თქვენ თანა ღვთის წყალობა და კურთხევა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის უსტრის მიღების შემდეგ ნეტარი სერგი მიტროპოლიტ ალექსის ეახლა, ყოველი აუწყა და დაეკითხა,

- წმინდა მეუფეო, როგორ მოვიქცეთო?

წმინდა ალექსიმ ღირს სერგის განზრახვა მოუწონა და მკაცრი წესის საერთო საცხოვრისის აგება ურჩია.

სულ მალე წმინდა მამამ თავის სავანეში ზოგადსაცხოვრებელი დააარსა და საძმოს მისი ყველა წესის მკაცრად დაცვა უბრძანა.

მონაზვნებს საკუთარი საჭიროებისთვის არაფრის შეძენის უფლება არ ჰქონდათ და ყოველივე საერთო, მონასტრის უნდა ყოფილიყო, - სამოსიც, საზრდელიც და საცხოვრისიც.

მონასტრის საჭიროებიდან გამომდინარე, იღუმენმა რამდენიმე თანამდებობა დააწესა: - ტრაპეზარი, სამეურნეო ხაზინადარი, სნეულ მონაზონთა მომვლელი და მონასტრის ტაძართა ზედამხედველი მათ სისუფთავეზე მზრუნველი.

ნეტარი მამა არც სავანისთვის აგროვებდა რამეს: - თუ მონასტერში რაიმე საჭიროზე მეტი შეიკრიბებოდა, მოწყალებად გასცემდა და ეს ქველმოქმედება სავანის გაძლიერებასთან ერთად იზრდებოდა, რაც უცხოთშემწყნარებლობაში, გლახაკთმოყვარეობასა და სნეულთა მზრუნველობაში ვლინდებოდა.

თავად ხომ დიდად მოწყალე გახლდათ, ძმათაც მუდამ შეახსენებდა, ქველი საქმენი არ დავიწყნოდათ და აღუთქვამდა, რომ სანამ ამ მცნებას დამარხავდნენ, სავანე მანამ იარსებებდა და აღორძინდებოდა.

და ასეც იყო: - მონასტრიდან შეწევნის გარეშე არავინ წასულა, სნეულნი იქ დიდხანს რჩებოდნენ და მამები მათზე სიყვარულით ზრუნავდნენ.

ხოლო ისინი, ვინაც სავანეში ყინვასა და უამინდობაში აღმოჩნდებოდნენ, იქ მანამ ტოვებდნენ, სანამ გზები არ გაიხსნებოდა.

მაგრამ იქაურობას მხოლოდ ცალკეული მომლოცველნი კი არა, მთავრები ან მხედართმთავარნი მთელი საჯარისო დანაყოფებითურთ სტუმრობდნენ, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე იღუმენი კი ყოველ მათგანს აპურებდა.

როდესაც როსტოვიდან მოსკოვისკენ მიმავალი დიდი გზა, უწინ სავანიდან მოშორებით რომ გადიოდა, მონასტრის სიახლოვეს გადმოიტანეს, ლავრა სტუმრებით გაივსო.

თუმცა, რაღაც დროის შემდგომ უდაბნოში უსიამოვნო ფაქტი მოხდა: - მონაზვნები თავიანთ იღუმენს დაუპირისპირდნენ, - საკვირველი იყო, მაგრამ ძმათაგან სწორედ ისინი იყვნენ ღირსი მამის წინააღმდეგნი, უწინ დაჟინებით რომ სთხოვდნენ წინამძღვრობას.

მათი უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მკაცრი საერთო საცხოვრებელი იყო.

ამ დაჯგუფებას წმინდა სერგის ღვიძლი ძმა, სტეფანე წინამძღვრობდა, მთავრობისმოყვარეობის ვნებას რომ შეეპყრო. მატიანის მოწმობით, სტეფანემ სერგი მწუხრის მსახურებისას შეურაცხყო, ნეტარს პასუხი არ გაუცია, შემდეგ მონასტრიდან პირდაპირ მდინარე კირჟაჩის ნაპირს მიაშურა, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი დააარსა.

წმინდა სამების სახელობის უდაბნოს ძმობამ რომ ვერ იპოვა, მის მოსაძებნად სხვადასხვა მხარეს წავიდნენ და როდესაც იპოვეს, ახალ მონასტერში კვლავ მასთან იწყეს გადასვლა.

ამასობაში კი იღუმენის გარეშე დარჩენილი რადონეჟის უდაბნო ნელ-ნელა ცარიელდებოდა, სამონასტრო წესდება კი - ირღვეოდა.

მაშინ დარჩენილებმა ისღა მოიფიქრეს, წმინდა მიტროპოლიტ ალექსისათვის ეთხოვათ, იღუმენი სერგი კვლავ ყოვლადწმინდა სამების ლავრაში გადმოეყვანა.

მართლაც, მეუფე ალექსიმ ღირს სერგისთან ორი არქიმანდრიტი გაგზავნა და დაუბარა, - ძმათა თხოვნა ყურად იღე და იქ დაბრუნდი, რომ შენ მიერ დაარსებული სავანე ბერებმა არ მიატოვონო.

წმინდა მამა უსიტყვოდ დამორჩილდა, კირჟაჩის მონასტერში წინამძღვრად მოწაფეს, მონაზონ რომანს დაასხა ხელი და რადონეჟის უდაბნოს დაუბრუნდა, რამაც იქაური მამები დიდად გაახარა.

პერმის ეპისკოპოსსა და განმანათლებელს, წმინდა სტეფანეს (+1396) ძალზე უყვარდა ღირსი სერგი.

ერთხელ მეუფე მოსკოვს მიემგზავრებოდა. ეს გზა სავანიდან რვა ვერსის დაშორებით გადიოდა.

წმინდა სტეფანემ, რომელსაც ძალზე ჩქარობდა, გადაწყვიტა, რომ სავანეს უკან მობრუნებისას ინახულებდა, მაგრამ როდესაც მონასტერს მიუახლოვდა, შეჩერდა და "ღირს არსი" იგალობა, ლოცვის შემდგომ კი ღირს სერგის ამ სიტყვებით სცა თაყვანი:

- მშვიდობა შენდა, სულიერო ძმაო!

სწორედ ამ დროს წმინდა მამა ძმებითურთ ტრაპეზობდა და სულით განჭვრიტა რა მეუფის ეს საქციელი, თავადაც წამოდგა და თქვა:

- შენც გიხაროდენ, ქრისტეს ცხოვართა მწყემსო და იყავნ შენზედ უფლის კურთხევა.

ძმები იღუმენის საქციელმა ფრიად გააოცა, თუმცა, მათგან ზოგიერთი მიხვდა, რომ ნეტარმა მამამ რაღაც სულით განჭვრიტა.

ტრაპეზის შემდგომ დაეკითხნენ, - პატიოსანო მამაო, ეს რას ნიშნავდაო?

- რომ ვტრაპეზობდით, ჩვენი მონასტრის სიახლოვეს მოსკოვს მიმავალი ეპისკოპოსი სტეფანე გაჩერდა, ყოვლადწმინდა სამებას თაყვანი სცა და დაგვლოცაო!

წმინდა სერგის რამდენიმე მოწაფე მაშინვე გაეშურა მითითებული ადგილისაკენ, მეუფე სტეფანეს დაეწია და გაირკვა, რომ იღუმენი სერგის ყოველი სიტყვა სიმართლე იყო.

ამ ამბის მოსაგონრად წმინდა სერგის ლავრაში დღემდე წესად აქვთ, ტრაპეზზე, ბოლო ულუფამდე, ზარების რეკვისას ბერები ფეხზე წამოდგებიან და მათგან მორიგე მღვდელ-მონაზონი წარმოთქვამს:

- ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ!, რის შემდეგაც კვლავ სხდებიან და ტრაპეზს აგრძელებენ.

რაც შეეხება წმინდა სტეფანეს გაჩერების ადგილს, იქ ჯვარი დაიდგა და შემდეგ სამლოცველოც აშენდა.

* * *

წმინდა სერგის ლავრამ მრავალი ზეცის კაცი შვა, რომელთაგან ბევრი სხვადასხვა მონასტრის იღუმენად დადგინდა, ზოგი კი - მღვდელმთავრადაც.

ღირსი სერგის მოწაფეთაგანმა, სახელად ისააკმა მდუმარების ღვაწლის ტვირთვა განიზრახა, რისთვისაც წმინდანს კურთხევას ხშირად გამოსთხოვდა.

ერთხელ კი ასეთი პასუხი მიიღო:

- შვილო ჩემო, თუ ამ ღვაწლის ტვირთვა განგიზრახავს, ხვალ გაკურთხებო!

გათენდა დღე... წირვის დასრულების შემდეგ ღირსმა მამამ ჯვარი გარდასახა და უთხრა:

- უფალმან მოგცეს შენი გულისამებრ!

როგორც კი ეს წარმოთქვა, ისააკმა ღირს სერგის ხელთაგან გამომავალი ცეცხლი იხილა, რომელმაც ისააკი მოიცვა.

იმ დღიდან მდუმარებდა და მხოლოდ ერთხელ განუხვნა ბაგენი საკვირველმა ჩვენებამ. აი, ეს როგორ მოხდა:

დიდი ხუცესი სიცოცხლეშივე ღირსჰყო უფალმა, უსხეულო ძალებთან ჰქონოდა კავშირი.

ერთხელ წმინდა მამა ძმასთან, სტეფანესა და ძმისშვილ თეოდორესთან ერთად წირავდა. ტაძარში მდუმარედ იდგა ისააკიც. ღირსი სერგი ამ დიდ საიდუმლოს, როგორც სჩ¬ვეოდა, უდიდესი მოწიწებით აღასრულებდა.

ამ უწმინდეს წუთებში ისააკმა საკურთხეველში ძალზე მოელვარე სამოსით მოსილი და საოცრად ნათელი ვიღაც მეოთხე იხილა...

მცირე გამოსვლისას ზეციური თანამწირველი იღუმენს გამოჰყვა, სახე კი ისე უბრყინავდა, თვალს ვერავინ გაუსწორებდა...

ამ ყოველივემ ისე განაკვირვა ისააკი, დუმილი დაარღვია და გვერდით მდგომ ბერს, მაკარის დაეკითხა:

- მამაო, რა საოცრება ვიხილე, ეს არამიწიერი კაცი ვინღაა?!

მაკარიმ, მასავით რომ იხილა ეს საოცრება, შეძრწუნებულმა უპასუხა:


- არა ვუწყი რა, ძმაო და თავადაც შემძრა ამან... ეგებ, მთავარ ვლადიმირს ჩამოჰყვა ვინმე მღვდელმსახური?

ზემოთ ნახსენები მთავარი, ვლადიმერ ანდრიას ძე (სერპუხოვსკი (+1410 წ.), რომლის მამულშიც სერგის ლავრა მდებარეობდა, კულიკოვოს ბრძოლაში დიმიტრი დონელის მხარდამხარ იბრძოდა), წირვაზე იდგა...

როდესაც უცნობი მღვდელმსახურის შესახებ დაეკითხნენ, მისი ამალის წევრთაგანმა უპასუხა, რომ მათ მღვდელი არ ჩამოჰყოლიათ...

მაშინ მამები დარწმუნდნენ, რომ ღირსი სერგის თანამწირველი - ღვთის ანგელოზი იყო...

წირვის დასრულების შემდგომ ყველა იღუმენს შემოეხვია და ამის შესახებ ეკითხებოდნენ...

თავიდან მას საიდუმლოს გამხელა არ სურდა და ეტყოდა, - უჩვეულო რა შენიშნეთ, შვილნო ჩემნო?! სტეფანე, თეოდორე და მე, ცოდვილი ვწირავდით, იქ ხომ სხვა არავინ ყოფილაო? თუმცა, როდესაც მოწაფენი არ მოეშვნენ, გაუმხილა: - რადგან თავად უფალმა განგიცხადათ, მე როგორღა დავფარო? თქვენ ვინც იხილეთ, ღვთის ანგელოზი იყო, მხოლოდ დღეს კი არა, მუდამ ჩემნაირ ცოდვილთან ერთად თანამსახურებს, მაგრამ ის, რაც იხილეთ, სანამ ცოცხალი ვარ, ნურავის ეტყვითო...

წმინდანის მოწაფეთა შორის იყო ბერი ანდრონიკე, თავისი წინამძღვარივით როსტოველი... ჯერაც ყრმა იყო, სამების ლავრაში რომ მოვიდა და იმ იშვიათთაგანი გახლდათ, ღირსმა მამამ მისვლიდან მცირე ხანშივე რომ აღკვეცა ბერად.

ამ წმინდა ადგილას ანდრონიკე მრავალი წლის მანძილზე იღვწოდა, ფრიად დაშვრა და მრავალი სათნოებით შეიმოსა.

ამ თვისებათა გამო წმინდანს ანდრონიკე ძალზე უყვარდა, ეს უკანასკნელი კი საკუთარ სავანესა და იქ საერთო საცხოვრებლის შექმნაზე ოცნებობდა, რაც, ღვთის შეწევნით, აუსრულდა.

როგორც გითხარით, იმ დროს მოსკოვის მიტროპოლიტი - წმინდა ალექსი იყო, ღირს სერგისთან ძმური სიყვარული რომ აკავშირებდა და მისგან სულიერ რჩევებს ხშირად იღებდა.

ერთ დღეს, როდესაც მეუფე უდაბნოს ეწვია, სერგის უთხრა:

- ძმაო, ერთი სათხოვარი მაქვს და, ვიმედოვნებ, ჩემდამი სიყვარულის გამო, უარს არ მეტყვი!

- მეუფევ, ყველანი შენ გმორჩილებთ, ასე რომ, რაც გსურდეს, აგისრულებთ, - მიუგო სერგიმ.

- თუ უფალი ინებებს, მონასტრის აღშენება მსურს. კონსტანტინოპოლიდან რომ ვბრუნდებოდით, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ლამის დავიღუპეთ... იმ საშინელ წუთებში ყველა ლოცვად დადგა და ღმერთს შეწევნას ევედრებოდა. რაღა თქმა უნდა, მეც იმავესა ვთხოვდი ყოვლისშემძლეს და აღთქმა დავდე, რომ თუ მიწაზე ფეხს დავდგამდით, იმ წმინდანის სახელობის ტაძარს ავაგებდი, ვისი ხსენებაც იმ დღეს იქნებოდა...

ესა ვთქვი და ღელვაც შეწყდა, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ნაპირს 16 აგვისტოს (ამ დღეს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლს გადაბრძანებას დღესასწაულობენ, რომელიც 944 წელს აღსრულდა) მივადექით...

ასე რომ, ჩემი აღთქმის აღსრულების დროც დადგა, მსურს, ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად ტაძარი ავაგო, იქვე ზოგადცხოვრებულთა მონასტერიც მოვაწყო და გთხოვ, ამისათვის შენი საყვარელი მოწაფე, ანდრონიკე გამაყოლოო...

რაღა თქმა უნდა, მეუფის სურვილი ღირსმა სერგიმ დიდი სიხარულით აღასრულა და მოსკოვს დაბრუნების შემდეგ, მდინარე იაუზის ნაპირთან, დაახლოებით, 1360 წელს მონასტერი დააარსა, მცირე ხნის შემდეგ კი მის წინამძღვრად სწორედ ანდრონიკე დაადგინა.

ცოტა ხანში იქაურობა თვით წმინდა სერგიმ მოინახულა, ანდრონიკე აკურთხა და უთხრა:

- უფალო, გარდამოიხილე ზეცით, ამ ალაგს მოხედე და დაემკვიდრე მას შინა შენი მოწყალებით.

მიტროპოლიტმა ალექსიმ, მონღოლთა დედოფლის, ტაიდულას განკურნების გამო, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად რუსთა დედაქალაქში მეორე ტაძარიც ააგო, მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებული დიდი სასწაულის პატივსაცემად (ეს დღესასწაული 6 (19) სექტემბერს იზეიმება, ხსენებული მონასტერი კი კრემლში 1365 წელს დაარსდა) და რამდენიმე ბერი აქ დასამკვიდრებლად კვლავაც სერგის გამოსთხოვა...

უნდა ითქვას, რომ ღირსი მამის სახელს მოსკოვის კიდევ ერთი მონასტერი უკავშირდება:

სერგის ძმისშვილი, თეოდორე, რომელიც თავისი წმინდა ბიძის სავანეში, უფრო მეტიც, - მის სენაკში კარგა ხნის მანძილზე ცხოვრობდა, სათნოებებით შეიმოსა.

ამასთან, ყველამ უწყოდა, რომ მას, როგორც სულიერ წინამძღვარს, არასოდეს არაფერს უმალავდა და მის წინაშე ყოველივეს გულახდილად აღიარებდა...

მოკლედ, როდესაც მღვდელ-მონაზვნად იკურთხა, მონასტრის დაარსება ინდომა და ყოველივე მოძღვარს უამბო.

თავიდან სერგის მისი გაშვება არ სურდა, რამდენადაც გარდაცვალების შემდგომ ყოვლადწმინდა სავანის ლავრის წინამძღვრად თეოდორეს დატოვება სურდა. მაგრამ როდესაც დიდმა მთავარმა, დიმიტრიმაც იგივე სთხოვა, უარი აღარ უთქვამს და მასთან ერთად ის ძმებიც გაგზავნა, ვისაც თეოდორესთან სურდა დარჩენა.

დიდი მთავრის თანხმობით, თეოდორემ სავანისთვის ადგილი მოსკოვის მახლობლად შეარჩია და როდესაც ღირსმა სერგიმ იქაურობა იხილა, მონასტრის მშენებლობისათვის შესაფერისად მიიჩნია და მის ასაგებად კურთხევაც მისცა.

თეოდორემ ეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ააგო, იქვე გახსნა მონასტერიც და საერთო საცხოვრებელი მოაწყო.

მალე თეოდორეს ღვთივსათნო ღვაწლის და წმინდა ცხოვრების ამბავი ყველამ შეიტყო და სავანის საძმომაც დღითი დღე იწყო ზრდა.

ღირსი სერგი სავანეს არაერთგზის ეწვია და, როგორც გადმოცემა იუწყება, ძმებთან ერთად შრომობდა კიდეც.

ხანი გამოხდა და თეოდორე როსტოვის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც დიდი მნათობისებრ განბრწყინდა და 1394 წელს ღვთივ განისვენა...

* * *

სერგი რადონეჟელის მოწაფეთა ან თავად მის მიერ აშენებული სავანეები მოსკოვს გარეთაცაა.

დიდმა მთავარმა, დიმიტრი იოანეს ძემ, რომელსაც კოლომნაში, გოლუტვინად წოდებულ ადგილას სავანე ააშენა ბინა, ღირს მამას მხურვალედ სთხოვა, იქაურობა ეკურთხებინა და სავანე დაეარსებინა.

მთავრის სარწმუნოებით გულშეძრულმა სერგიმ კოლომნამდე ფეხით იარა (როგორც ცნობილია, ამ ჩვეულებას არასოდეს არღვევდა), ის ადგილი აკურთხა და ღვთის განცხადების სახელზე ტაძარი ააგო.

დიდმა მთავარმა ამ ადგილისათვის ნეტარს კიდევ ერთი მოწაფე, - მღვდელ-მონაზონი გრიგოლი სთხოვა, ფრიად ღვთისმოშიში და გონიერი.

მოკლე დროში ეს სავანეც, სადაც სხვა სავანეთა მსგავსად, საერთო საცხოვრისი დაარსდა, ღვთის მადლით, აღორძინდა და განბრწყინდა.

უნდა ითქვას, რომ თავიდან კოლომნის გოლუტვინის სავანე (დაარსდა 1385 წელს) ქალაქ კოლომნიდან 4 ვერსში, მდინარე მოსკოვისა და მდინარე ოკას შესართავთან მდებარეობდა, თუმცა, XIII საუკუნეში იგი ქალაქში გადაიტანეს და ახალგოლუტვინის სახელით მონათლეს.

* * *

დიდი მთავრის, ვლადიმერ ანდრიას ძის თხოვნით, ღირსმა მამამ ახალი მონასტრისთვის ადგილი სერპუხოვოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღების სახელზე აკურთხა.

სავანეს, რომელსაც დღემდე "ვისოცკის" სახელით (ეს სახელი იმ მიზეზით ეწოდა, რომ მდინარე ნარის მაღლობ ნაპირზე მდებარეობდა, სავანე 1374 წელს დაარსდა) იცნობენ, დიდი მთავრის მოთხოვნით, წმინდანმა მაშენებლად თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე, ათანასე მიავლინა, ძალზე მორჩილი, საღვთო წერილში განსწავლული და წმინდა წიგნთა გადაწერაში ფრიად გაწაფული და სათნო.

ამრიგად აკურთხებდა მამა სერგი ამა თუ იმ ადგილს, სადაც შემდგომ სამოღვაწეოდ თავის მოწაფეებს გზავნიდა, რომელნიც თავიანთი საკვირველი ღვაწლით და ცხოვრებით ყველას სანუგეშოდ განბრწყინდებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ წმინდა მამის მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა თუ თანამოაზრეებმა ჩრდილოეთ რუსეთში, კონკრეტულად კი - ჩრდილო რუსეთში, ძველ ზავოლოჟიეში - ნოვგოროდის ტყეებში თუ ვოლოგდისა და კოსტრომის მხარეებში 30-მდე მონასტერი დააარსეს.

* * *

ღირსი სერგის ანგელოზებრიობამ, უდიდესმა სიმდაბლემ და საკვირველმა ღვაწლმა წმინდა მიტროპოლიტ ალექსის გადააწყვეტინა, ეკლესიის საკეთილდღეოდ, იგი თავის მემკვიდრედ მოეაზრებინა.

ამასთან, იგრძნო რა ამ კეთილმა მწყემსმა თავისი აღსასრული, რადონეჟის უდაბნოს იღუმენს უხმო და თავისი სამიტროპოლიტო, ძვირფასთვლებიანი, ოქროსჯვრიანი პარამანდი გადასცა, თუმცა, მდაბალმა ბერმა მოწიწებით თაყვანი სცა და უპასუხა:

- წმინდაო მეუფეო, შემინდეთ, ოქროს სიყრმითგანვე არ ვარ ჩვეული და მოხუცებულობაშიც უპოვარება მწყურია.

მეუფე კი ამ სიტყვებით შეეპასუხა:

- ვუწყი, ძმაო საყვარელო, თუ როგორი ცხოვრება გამოვლე, მაგრამ ახლა შეგთხოვ, მორჩილება აჩვენე და ეს კურთხევა მიიღე.

ამ სიტყვებით გადასცა პარამანდი და დაამატა:

- იცი, რისი შემოთვაზება მსურს, ღირსო მამაო?

მანამ ვმართავდი ღვთივნაბოძებ მიტროპოლიას, ვიდრე ეს უფალს სურდა, მაგრამ ვხედავ, ჩემმა აღსასრულმა მიწია და მსურს, ვიდრე სული მიდგას, ისეთი კაცი მოვძებნო, ქრისტეს სამწყსოს რომ დამწყემსავს და შენ გარდა ვერავინ მიპოვიაო, ამასთან ვუწყი, რომ მთავრიან-უბრალო გლეხიანად ყველას უნდიხარ, ასე რომ, უარს ნუ მეტყვი და მორჩილად მიიღე საეპისკოპოსო პატივი და ჩემი ამქვეყნიდან განსვლის შემდეგ ეს კათედრა დაიკავე.

წმინდანი, რომელსაც თავი ამ უდიდესი პატივის ღირსად არ მიაჩნდა, ძალზე შეძრწუნდა და უპასუხა:

- მომიტევე, მეუფეო, რამეთუ ეს ყოველივე ჩემს ძალებს აღემატება, იმას, რასაც ჩემში ეძებ, ვეროდეს ჰპოვებ, რადგან ცოდვილი და ყველაზე უარესი ვარ.

კარგა ხანს ცდილობდა წმინდა ალექსი სერგის დაყოლიებას, მაგრამ, ამაოდ:

- წმინდა მეუფეო, - ამბობდა იგი, - თუ ამ ადგილთაგან ჩემი გაძევება გსურს, ისე, რომ ვეღარასდროს მიხილო, ამაზე ნუღარაფერს მეტყვი და ნურც სხვას მისცემ უფლებას, ამაზე სიტყვა მითხრას, რადგან ვერასოდეს დამითანხმებო!

იხილა რა მისი ნება, მეუფემ საუბარი შეწყვიტა, რადგან შიშობდა, სერგი აქედან შორს არ გადასულიყო. ამიტომ დაამშვიდა და რადონეჟის უდაბნოში მშვიდობით გაისტუმრა.

მცირე ხანში მეუფე მართლაც გარდაიცვალა (1378 წლის 12 თებერვალს), რის შემდეგაც სერგის ყველამ მხურვალედ სთხოვა, - მოსკოვის მიტროპოლია გადაიბარეო, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ უარობდა.

წმინდა ალექსის გარდაცვალებიდან თორმეტ წელიწადში ხსენებული მიტროპოლიის კათედრა წმინდა კვიპრიანემ (იგი რუსეთის მიტროპოლიას ორგზის, (1381-1382 და 1390-1406 წლებში მართავდა) იმემკვიდრევა...

* * *

საუკუნე-ნახევარი გასულიყო მონღოლთაგან რუსთა მიწების დაპყრობიდან. მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო მათი უღელი, - ყველგან დათარეშობდნენ, გზად ყველას და ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდნენ, არც ღვთის ტაძრებს ერიდებოდნენ და არც - ქალ-ბავშვს, ამას თან ერთვოდა აუტანელი ბეგარა, რამაც წელში გაწყვიტა ქვეყანა...

რუს მთავრებს ურდოში, ყაენთან ხლება ხშირად უწევდათ, სადაც შეურაცხყოფასა და დამცირებას დაითმენდნენ. ამას თან ერთვოდა მთავართა შორის შუღლი და, არცთუ იშვიათად, დაპირისპირება, რაც მათ გაერთიანებას და მტრის უღლისგან გათავისუფლებას შეუძლებელს ხდიდა.

სწორედ იმ დროს, ღვთის დაშვებით, ერთ-ერთი მონღოლი ხანი, მამაი რუსთა წინააღმდეგ უარმაზარი არმიით გამოემართა...

ომისთვის ემზადებოდა დიდი მთავარი დიმიტრიც, რომელმაც ბრძოლამდე ჯერ წმინდა სამების სერგის ლავრას მიაკითხა, რომ უფალი განედიდებინა და ღირსი სერგისგან ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა.

მთავარ დიმიტრის, რომელიც ესოდენ სასოებდა რადონეჟელ წმინდანს, სურდა მისგან შეეტყო, ღირდა თუ არა ამ ომში ჩაბმა.

წმინდანმა ანუგეშა და ამ სუტყვებით გაამხნევა:

- ღვთისგან ნაბოძებ სამწყსოზე უნდა იზრუნო და უღმერ¬თოთა წინააღმდეგ გაილაშქრო.

შემდეგ წირვაზე დასწრება შესთავაზა, მსახურები დასრულებისთანავე ტრაპეზზე მიიპატიჟა.

იმის მიუხედავად, რომ მთავარს თავის ჯარისკაცებთან დაბრუნება ეჩქარებოდა, იღუმენს დაჰმორჩილდა, რომელმაც უთხრა:

- დიდო მთავარო, ეს ტრაპეზი შენთვის სასარგებლოა. უფალია შენი მეოხი. მართალია, შენთვის გამარჯვების გვირგვინის ჟამი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ შენს თანამებრძოლთაგან მრავალი მიიღებს მოწამეობას.

ტრაპეზის შემდგომ მთავარ დიმიტრისა და მის თანმხლებთ წმინდანმა აიაზმის წყალი აპკურა და ბრძანა, - მტერი უცილობლად განადგურდება, შენ კი უფლის წყალობა და დიდება გელის! უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიენდეო, ხოლო როდესაც პატიოსანი ჯვრით აკურთხა და კვლავ განამხნევა: - ნუ გეშინის, მთავარო, უფალი შეგეწევა და მტერს სძლევო.

უკანასკნელი ფრაზა მხოლოდ მთავარს უთხრა, რომელმაც ძლიერ განახარა იგი და გულაჩუყებულს ცრემლი მოერია.

* * *

საიმდროოდ სავანეში პრესვიტერი ალექსანდრე და ანდრია ოსიაბლი იღვწოდნენ, რომელნიც ერში ბოიარები იყვნენ, თანაც უებრო და გამოცდილი მეომარნი. სწორედ ეს მამები გამოსთხოვა ღირს სერგის დიდმა მთავარმა, წმინდანი დათანხმდა, მათ თავზე ჯვრის გამოსახულებიანი სქემის დადება ბრძანა, დალოცა და უთხრა:

- აი, შვილებო, უძლეველი იარაღი, დაე, მუზარადისა და ფარის ნაცვლად იგი გექმნეთ!

მთავარმა დიმიტრიმ კი აღელვებით უპასუხა:

- თუ ღმერთი შემეწევა და მტერსა ვძლევ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე მონასტერს ავაგებ!

წმინდანმა კვლავაც აკურთხა მთავარი და, როგორც გადმოცემა გვამცნობს, მას მაცხოვრის ხატი გადასცა და კარიბჭემდე მიაცილა.

ასე ამხნევებდა ნეტარი მთავარ დიმიტრის უმძიმეს დროებაში, ოდეს უმძვინვარესი მტერი მართლმადიდებლობასა და რუსეთს განადგურებით ემუქრებოდა.

* * *

იმ დროისათვის რუსეთის სხვა მთავარნიც გაერთიანდნენ და მტერს ერთობლივი ლაშქრით შეეგებნენ.

1380 წლის 7 (20) სექტემბერს რუსთა ლაშქარი მდინარე დონის ნაპირებს მიადგა, გადაცურა, კულიკოვოს ველზე დაბანაკდა და რიცხვმრავალ და ძლევამოსილ მტერთან საბრძოლველად განემზადა.

8 (21) სექტემბრის განთიადზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს ლაშქარმა წინასაბრძოლო მზადება იწყო. ბრძოლის დაწყებამდე ღირსი სერგის მიერ ლავრიდან გამოგზავნილი ბერები მივიდნენ, რითიც წმინდანმა კიდევ ერთხელ განამხნევა მთავარი და ყოვლადწმინდა სამების სახელით აკურთხა, ამასთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებიანი სეფისკვერი და წერილი გაუგზავნა, რომელშიც კვლავ ანუგეშებდა და შეახსენებდა, რომ მთლიანად მინდობოდა უფალსა და მის წმინდა დედას და უწინასწარმეტყველებდა, რომ მტერზე ძლევა და დიდება ელოდა.

ამ მონაზონთა მოვლინების ამბავი მყის მოედო ლაშქარს და მეომრებს მხნეობა მოჰგვარა და ნუგეში სცა.

ამით გულმოცემულნი და ღირსი სერგის ლოცვებს მინდობილნი მიეცნენ ბრძოლას...

მოწინააღმდეგე საავდრო ღრუბელივით დაიძრა მათკენ, მალე ვიღაც გოლიათი გამოეყოთ, რომელიც რუსებს საბრძოლველად იწვევდა.

მართლაც ზარდამცემი იყო სახილველად, მაგრამ მის წინააღმდეგ მდაბალი ბერი, პერესვეტი გამოვიდა...

ქრისტეს ახოვანი მეომარი გონებაში გამოემშვიდობა სულიერ მოძღვარს, სულიერ თანამოძმე ოსლიაბოს, დიდ მთავარ დიმიტრის და შუბით ხელში ეკვეთა მტერს.

მატიანის მოწმობით, მოწინააღმდეგენი მართლაც საშინელი ძალით ეკვეთნენ ერთურთს, რის შედეგადაც მიწაზე ორივე უსულოდ დაეცა...

ეს იყო და იმგვარი ხოცვა-ჟლეტა ატყდა, რუსულ მიწას ჯერ რომ არ ენახა...

კულიკოვოზე ურიცხვი მეომარი მოისრა, ბევრი კი, ერთურთისაგან შევიწროებულნი, ცხენების ფლოქვების ქვეშ გაითელა...

გარშემო იმდენი გარდაცვლილი იწვა, ცხენებს გადაადგილება უჭირდათ, მოწყვეტილთა სისხლი კი ათ ვერსზე შორს მიედინებოდა...

რუსთაგან იმ დღეს ათასობით მოისრა, მაგრამ მონღოლთა დანაკარგი ორჯერ აღემატებოდა და ომი მტრის სრული განადგურებით დასრულდა...

გადარჩენილთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, თავად მამაიმ კი მცირე ამალითურთ ძლივს გააღწია იქიდან...

* * *

მთელი ომის განმავლობაში ლოცულობდა ღირსი სერგი მონასტრის საძმოთი და ღმერთს მტრის ძლევას ევედრებოდა.

ჭვრეტის ნიჭით ცხებული, მისგან ძალზე მოშორებულ ამბებსაც ისე ცხადად ხედავდა, თითქოს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა. ლოცვის დასრულებისთანავე ძმობას მტერზე ძლევა ახარა, ომში მოწყვეტილთ კი სახელობით იხსენიებდა და მათ სულებს უფალს ავედრებდა.

მთავარი დიმიტრი მოსკოვს დიდებით დაბრუნდა, მონღოლთა მძლეველს ზედსახელად დონელი ეწოდა და მყის რადონეჟის უდაბნოსკენ გაეშურა.

იქ მისული გულმხურვალედ ჰმადლობდა უფალს, შემდეგ ღირს სერგის დაწვრილებით უამბო ყოველი, ბრძოლაში დაცემულთა სულების საოხად წირვის დაყენება და პანაშვიდის აღვლენა ითხოვა და დიდძალი შესაწირი გაიღო.

სწორედ იმ დროიდან, - წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების წინა შაბათს, - დიმიტრის შაბათი, კულიკოვოს ველზე მოწყვეტილთა და ყველა მართლმადიდებელ გარდაცვალებულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადა.

მტერზე გამარჯვების შემთხვევაში მონასტრის აგების თაობაზე არც თავისი აღთქმა დავიწყნია, ამიტომ წმინდანის დახმარებით, საამისო ადგილი შეარჩია და მდინარე დუბენკას ნაპირას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და საერთო საცხოვრებელი ააშენა.

* * *

თუმცა, მშვიდობას დიდი დღე არ ეწერა: - 1382 წელს რუსეთს მონღოლთა ახალი ხანის, თოხთამიშის არმია მზაკვრულად შემოესია.

თოხთამიშმა მოსკოვი მოტყუებით აიღო და რამდენიმე რუსული ქალაქი მიწასთან გაასწორა.

ღირსმა სერგიმ თავი ტვერს შეაფარა. მონღოლნი მის სავანესთან უკვე სულ ახლოს იყვნენ, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთმა სავანე დაიფარა, - მზაკვარი თოხთამიში, რა შეიტყო, - დიდი მთავარი ლაშქრითურთ მიახლოვდებაო, - იქაურობას გაეცალა...

მონღოლთაგან ამ დიდ საფრთხეებს ზედ, სამწუხაროდ, ისიც ერთვოდა, რომ მთავარნი კვლავაც ქიშპობდნენ.

მათი დაპირისპირება არცთუ იშვიათად ტახტისთვის და გავლენისთვის ბრძოლად იქცეოდა ხოლმე...

სამწუხაროდ, მთავართაგან ზოგი, მოსკოვის დიდ მთავართან ქიშპის გამო მონღოლთ შეეკვრებოდა ხოლმე და ლიტველებთან ერთიანდებოდა...

მსგავსი შინაომებით, რაღა თქმა უნდა, მტერი სარგებლობდა და ამის გამო ქვეყანაც ხშირად მდგარა გარდაუვალი დაღუპვის წინაშე...

ქვეყანას მხოლოდ გაერთიანება თუ იხსნიდა, რაც, თავისთავად, უმაღლესი ხელისუფლების ერთი მთავრის ხელში მოქცევას გულისხმობდა, რომელსაც სხვა მთავარნი უნდა დამორჩილებოდნენ.

ღირსი სერგი მთავართა შორის მშვიდობის ჩამოგდებას და მოსკოვის დიდი მთავრის უფლებათა განმტკიცებას ნიადაგ ცდილობდა, რითაც უდიდესი საქვეყნო საქმე კეთდებოდა.

კულიკოვოს ბრძოლამდე, 1365 წელს დიდი ხუცესი ნიჟნი ნოვგოროდს ეწვია და იქაური მთავარი, ბორისი, რომელმაც ქალაქი ღვიძლ ძმას, დიმიტრის წაართვა, დაარწმუნა, იგი კვლავ ძმისთვის დაებრუნებინა.

მცირე ხანში წმინდა მამამ მოსკოვის დიდ მთავარს რიაზანის მთავარი, ოლეგიც შემოურიგა, თუმცა, მან პირობა არაერთგზის გატეხა და მტერს კვლავ შეეკრა.

მოსკოვის მთავრისთვის მტერთან დაზავება და მშვიდობა აუცილებელი გახლდათ. მთავარმა დიმიტრიმ მოღალატე ოლეგთან არაერთი ელჩი მიავლინა, თუმცა, მზაკვარ და მრისხანე მთავარს ვერაფერი შეასმინა.

მაშინ დიმიტრიმ ოლეგის შემორიგება ღირს სერგის სთხოვა...

1885 წელს დიდი ხუცესი მოსკოვის მთავრის ელჩობასა და მონასტრის უხუცესი ბერებითურთ რიაზანს ჩაბრძანდა, ოლეგს სულის ცხონების, მშვიდობისა და სიყვარულის შესახებ დიდხანს ესაუბრა და თავისი მადლიანი სიტყვით მისი ქვადქცეული გულიც განატფო, რის შედეგადაც დიდ მთავარ დიმიტრისთან სამუდამოდ დააზავა...

თავად სახელგანთქმული დიმიტრი დონელი კი წმინდა იღუმენს უდიდეს პატივს მიაგებდა, გულწრფელად უყვარდა და რჩევისთვის ხშირად აკითხავდა.

სწორედ წმინდა სერგის სთხოვა, მისი შვილების ნათლია ყოფილიყო, რაც აღსრულდა კიდეც.

სწორედ მისი დამსახურებით და ჩარევით შეკავშირდნენ სულიერად რუსი მთავრები და სამუდამოდ დამტკიცდა დიდი მთავრის ტახტის პყრობის წეს-განგება, კერძოდ, ის, რომ დიდი მთავრის მემკვიდრე უცილობლად მისი უფროსი ვაჟი უნდა ყოფილიყო...

წმინდა სერგი მამასავით უყვარდა ზემოთ ნახსენებ მთავარ ვლადიმერ ანდრიას ძე სერპუხოვსკისაც და დიდად სასოებდა, სავანეში ხშირად სტუმრობდა და ძღვენს უგზავნიდა ხოლმე.

ერთხელ ღირს მამასთან მსახურის ხელით საზრდელი გაგზავნა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოროტმა სძლია და ამ სანოვაგიდან გზად მცირედი შეჭამა.

მონასტერში განაცხადა, რომ ყოველივე მთავარმა გამოატანა, თუმცა, წმინდანს ძღვენის მიღება არ სურდა და მსახურს უთხრა:

- შვილო ჩემო, ბოროტს თავი რად აძლევინე, რატომ შეცდი და ამ ძღვენიდან კურთხევის გარეშე რატომ შეჭამე?

გულშეძრული კაცი ნეტარს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა ცრემლით ითხოვა, ღირსმა სერგიმ კი მხოლოდ ამის შემდეგ ინება ძღვენის მიღება, მსახურს კი შეუნდო და დამოძღვრა, რომ ამიერიდან სხვისი კუთვნილი ჩუმად აღარასდროს აეღო, მშვიდობით გაისტუმრა და ღვთისმოყვარე მთავართან ყოვლადწმინდა სამების ლავრიდან მადლობა და კურთხევა გაატანა...

* * *

წმინდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა წინასწარმეტყველებისა და სასწაულმოქმედების ნიჭითაც დააჯილდოვა. მოსალოდნელი ბრძოლის წინ, 1380 წელს, დიდი მთავარი დიმიტრი ძმასთან და ბოიარებთან ერთად ეწვია სამების ლავრას, რათა ელოცა და ღირსი იღუმენისაგან ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა.

წმინდა მამამ ჯვარი გარდასახა, თანამოაზრეებთან ერთად აიაზმით განამტკიცა და მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უწინასწარმეტყველა. მთავრის თხოვნით ლაშქრობაში ორი ბერი, - ბოიარყოფილნი, ალექსი და ანდრია გააყოლა და მაცხოვრის ხატით დალოცა, შემდეგ რუსულ სამთავროთა გაერთიანებული მხედრობაც აკურთხა და კვლავ გამარჯვება უწინასწარმეტყველა.

ეკლესია-მონასტერთა მოლოცვა დიდმა მთავარმა 20 აგვისტოდან იწყო: - უფალს ურიცხვ მტერზე ძლევას სთხოვდა, სამღვდელოებას და ბერ-მონაზონთ კი - ლოცვით შეწევნას.

ბრძოლის წინ დიმიტრის ღირსმა მამამ ლოცვა-კურთხევასთან ერთად ღმრთისმშობლის დიდი სეფისკვერი და სიგელიც გაუგზავნა, რომელშიც ანუგეშებდა და კვლავ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.

მიუახლოვდა რა მდინარე დონს, დიმიტრი ყოყმანობდა, გადასულიყო თუ არა, მხოლოდ სერგი რადონეჟელისაგან გამოგზავნილი სიგელის მიღების შემდეგ გამხნევდა და ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. 1380 წლის 7 სექტემბერს რუსეთის მხედრობამ მდინარე დონი გადალახა და სამი მდინარის, - დონის, ნეპრიადვასა და კრასივაია მეჩას შორის კულიკოვის ველზე განლაგდა (რუსეთის ლაშქარში სულ 50-60 ათასი მებრძოლი იქნებოდა, ოქროს ურდოში კი - 100-150 ათასი).

8 სექტემბერს, ბრძოლის წინ, ქრისტეს ახოვანმა მხედარმა დიმიტრიმ ასე მიმართა საომრად განმზადებულთ:

- მამანო და ძმანო! უფლის სახელისათვის, წმინდა ტაძრებისათვის და ქრისტეს სარწმუნოებისათვის იბრძოლეთ. ნუ იფიქრებთ ამქვეყნიურზე და მაშინ ძლევის გვირგვინით შეგვამკობს სულთა ჩვენთა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი, - შემდეგ ალამზე გამოსახული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე ილოცა და რიგითი მებრძოლივით შეუერთდა ბრძოლას.

სასტიკი ომი გაჩაღდა... ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის წმინდა მხედრები, - ძლევაშემოსილი გიორგი, დიმიტრი თესალონიკელი და ბორისი და გლები, რომელნიც მტერს ცეცხლოვან ისრებს აყრიდნენ...

რუსთა ლაშქარს კი ნათლის ღრუბელი დაადგა, საიდანაც მართლმადიდებელ მხედართა თავზე ბრწყინვალე გვირგვინები დაეშვა.

მტერი იძლია, დიმიტრი იოანეს ძემ 20 ათასამდე მეომარი დაკარგა, მამაიმ კი - მთელი ჯარის 8/9.

ბრძოლის მსვლელობისას ნეტარმა სერგიმ ბერებს უხმო და მტერზე ძლევისა და დაცემულთა სულებისათვის ერთობლივად ილოცეს.

ღირსი სერგი სულით ჭვრეტდა კულიკოვის ბრძოლის მიმდინარეობას და ყოველი მოკლული თანამემამულის სახელი ღვთისგან მყის განეცხადებოდა... ლოცვის დროს ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სახელებს სათითაოდ წარმოთქვამდა და ძმებს გამარჯვებაც მანვე ახარა.

ბრძოლის შემდეგ დიმიტრი გონდაკარგული იპოვეს, თუმცა, დაჭრილი არ იყო და გამარჯვებამ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა. დონის პირას მოპოვებული ბრწყინვალე ძლევის გამო ხალხმა სიყვარულით დონელის ზედწოდება მიანიჭა. ამ ბრძოლამ რუსეთი დაარწმუნა, რომ მოსკოვის გარშემო უნდა გაერთიანებულიყო. სწორედ კულიკოვის ბრძოლის შემდეგ დაიწყო რუსული სამთავროების მონღოლთაგან გა¬თავისუფლების პროცესი.

მამაიმ გაქცევით უშველა თავს. სექტემბრის ბოლოს თოხთამიშთან მოუხდა შეტაკება და მარცხნაგემი თავის განძეულობითურთ კაფში (თეოდოსია) გადავიდა, თუმცა, იმავე წელს თოხთამიშ-ხანის (1380-1395 წწ.) ბრძანებით მოიკლა. (გადმოცემის თანახმად, მამაის ერთ-ერთი ვაჟი ლიტვის სამთავროში გადასულა, ქ. გლისკში დაბინავებულა და ავტონომიური სამთავრო ჩამოუყალიბებია. მის შთამომავლად ითვლება ივანე IV მრისხანეც, რომლის დედა ლიტვური წარმოშობის მთავრის, ვასილ ლვოვის ძის ქალიშვილი გახლდათ.

ელენე ვასილის ასული გლინსკაია (1506-1538 წწ.) მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილ III იოანეს ძის მეორე მეუ¬ღლე (1526-1538 წწ.) გახლავთ.

გამოჯანმრთელების შემდეგ დიმიტრი დონელი სერგი რადონეჟელს ეახლა, ბრძოლის ველზე დაცემულთა სახელები გადასცა და მონასტერს დიდძალი ძღვენი შესწირა. სწორედ იმხანად დააწესეს დიმიტრის შაბათი (აღინიშნება დიმიტრი თესალონიკელის, მირონმდინარის (+306 წ.) ხსენების (ძვ. სტ. 26 ოქტომბერი; ახ. სტ. 8 ნოემბერი) წინა შაბათს), რომელიც მიცვალებულთა მოსახსენებელ დღედ დაწესდა.

დიდმა მთავარმა ბრძოლის წინ უფლისადმი მიცემული აღთქმაც აღასრულა, - ღირსი სერგის ლოცვა-კურთხევით მდინარე დუბენკაზე ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ააგო, მოსკოვში, კრემლში კი - მისმა მეუღლემ აღაშენა ღვთისმშობლის შობის სახელობის სავანე.

სამების ლავრის გარდა ღირსმა სერგიმ კიდევ რამდენიმე მონასტერი დააარსა: - კირჯაჩზე - ხარების სახელობისა, კოლომნისთან ახლოს - "სტარო-გოლუტვინის", ვისოცკის მონასტერი, მდინარე კლიაზმას უდაბნოში კი - წმინდა გიორგის სკიტი, სადაც თვისი მოწაფენი დაადგინა. თავის მხრივ, მათ კი მომავალში 40-მდე სავანე დააარსეს.

თოხთამიშ-ხანმა ოქროს ურდო დროებით განამტკიცა, 1382 წელს მოსკოვი აიღო და გადაწვა (წმინდა სერგიმ და მისმა საძმომ თავი ტვერს შეაფარეს, ტვერის მთავრის, მიხეილ ალექსანდრეს ძის მფარველობით), შემდეგ კი თემურ-ლენგს შეებრძოლა.

ამ მტარვალმა თოხთამიში დაამარცხა, დაიპყრო და დააქცია ვოლგისპირეთი და ყირიმის ქალაქები, რითიც ოქროს ურდოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა (თემურ-ლენგის შემოსევას მოჰყვა თეთრი ურდოს დაპყრობა. ლენგის სახელ¬მწიფოს დასუსტების შემდეგ თეთრი ურდოს ტერიტორიაზე XV ს-ის 20 - იან წლებში ციმბირის სახანო ჩამოყალიბდა, 40-იან წლებში კი - ნოღაის ურდო, ცოტა გვიან კი - ყაზახთა, უზბეკთა და ასტრახანის სახანოები. 1480 წელს გაძლიერებულმა მოსკოვის სამთავრომაც მოიცილა თათართა უღელი. XVI ს-ის დამდეგს თეთრმა ურდომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა).

1385 წელს ღირსი სერგი დიმიტრი დონელის მტერს, სიმკაცრით განთქმულ მთავარს, ოლეგ რიაზანოვს ესტუმრა და დაარწმუნა, დიდ მთავართან სამუდამო ზავი დაედო. დიმიტრის თანამოღვაწე, სერპუხოვის თავადი ვლადიმერ ანდრიას ძე, რომლის მფლობელობაშიც რადონეჟის უდაბნო შედიოდა, ღირსი სერგის სულიერი შვილი გახლდათ და პირველმა ცნო დიდი მთავარი დიმიტრი თავის ხელმწიფედ.

წმინდა სერგის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, ხელი შეუწყო ძალაუფლების თავმოყრას ერთი ძლიერი მთავრის ხელში და მშვიდობა ჩამოაგდო დიმიტრი იოანეს ძისა და განდგომილ მთავართა შორის.

მძიმე ღვაწლის შედეგად დიდი მთავარი მალევე დასნეულდა და როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, წმინდა ზიარება ღირსი სერგი რადონეჟელის ხელთაგან მიიღო და მისივე თანდასწრებით ანდერძიც დაწერა. სწორედ ამ ანდერძის წყალობით დაწესდა რუსეთში მფლობელობის მამიდან შვილზე გადაცემის ადათი.

1389 წლის 13 მაისს დიდი მთავარი გარდაიცვალა და მთავარანგელოზთა ტაძარში, წინაპრების სიახლოვეს დაკრძალეს. გადმოცემით, წესის აგებისას მრავალრიცხოვან სამღვდელოებას შორის მისი მფარველი და მისთვის მლოცველი ღირსი სერგი რადონეჟელიც ბრძანდებოდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დიდი მთავრის თანამეცხედრე, ევდოკია მოსკოვის ფერისცვალების სახელობის მონასტერში მონაზვნად ევფროსინიას სახელით აღიკვეცა და ასკეტური ღვაწლით და მრავალი სასწაულქმედებით განდიდდა, გარდაცვალების შემდეგ (1407 წელს) კი რუსულმა ეკლესიამ წმინდანთა დასს შერთო.

* * *

უფლის ამ უდიდეს სათნომყოფელს მრავალი შესთხოვდა დახმარებას და შუამდგომლობას და არ დარჩენილა კაცი, შეწევნა არ მიეღო, - ჩაგრულთ და უპოვართ პატრონობდა და იცავდა, განსაცდელში მყოფთ და სნეულთ - განამტკიცებდა და კურნავდა.

მისი სავანის სიახლოვეს ერთი გულქვა კაცი ცხოვრობდა, რომელიც მეზობელს უსამართლოდ მოექცა: - მისგან ღორი წაიყვანა, თანხა კი არ გადაუხადა...

დაჩაგრულმა ყოველივე ღირს მამას შესჩივლა, წმინდანმა იმ კაცს თავისთან უხმო და ეს უთხრა:

- შვილო ჩემო, გწამს, რომ ღმერთი არსებობს? მართალთა და ცრუთა მსაჯული და ობოლთა და ქვრივთა მამა?

იგი მზადაა, შური იძიოს, მის ხელში შთავარდნა საშიშარია...

როგორ არ გვეშინია სხვისი კუთვნილის მითვისების, მოყვასის გულის ტკენის და სხვა ამგვარი უსამართლობისა? რად ვერ ვკმაყოფილდებით მისი ნაბოძებით და ისევ სხვისი ქონების მიტაცება გვწყურია? ან როგორ ძალგვიძს, მის სულგრძელებას დავცინოთ? უსამართლონი ხომ უქონელნი ხდებიან, მათი სამყოფელი ცარიელდება, სახსენებელი - სამუდამოდ განქარდება, ამქვეყნიდან განსვლის შემდეგ კი - დაუსრულებელი ტანჯვა ელით?!

ამას და კიდევ ბევრს ეტყოდა ნეტარი, ბოლოს, ობოლი მეზობლისთვის კუთვნილის ანაზღაურება უბრძანა და დაამატა:

- აღარასოდეს დაჩაგრო ობლები!

ძუნწმა შეინანა და ღირს მამას შეჰპირდა, რომ ძველ ცხოვრებას დაუტევებდა, გამოსწორდებოდა და ობოლ მეზობელს კუთვნილს მისცემდა, თუმცა, ბოროტმა დასძლია და დანაპირები არ შეასრულა...

და აი, ერთხელ, საკუჭნაოში, სადაც ღორის ხორცი ეგულებოდა, იხილა, თუ როგორ დაეხვა მატლები, თუმც კი ჯერაც ზამთარი იდგა... ამ ამბავმა ისე შეაშინა, ობოლს ფული მყისვე წაუღო, ნაადრევად და საკვირველად გახრწნილი ხორცი კი ძაღლებს მიუგდო...

* * *

ერთხელ კონსტანტინოპოლიდან მოსკოვს ვინმე ეპისკოპოსი ჩამობრძანდა, წმინდა სერგიზე მრავალი რომ სმენოდა, თუმც კი არ ეჯერა და ფიქრობდა:

- შესაძლებელი კია, იმ ქვეყანაში ამხელა მნათობი აღმობრწყინვებულიყო?!

ამ ფიქრმა ისე შეაწუხა, საკუთარი თვალით განიზრახა ლავრისა და წმინდა ბერის ხილვა, მაგრამ როგორც კი იქ ფეხი შედგა და წმინდანს შეხედა, მაშინვე თვალისჩინი წაერთვა...

მაშინ ნეტარმა სტუმარი თავის სენაკში შეიყვანა...

მეუფემ ცრემლით უამბო თავისი ურწმუნობის ამბავი, ძალზე ნანობდა და თვალთა აღხილვას ევედრებოდა...

მაშინ იღუმენი მის თვალებს შეეხო და ეპისკოპოსს მხედველობა დაუბრუნდა.

ამ ამბავმა ისე შეძრა ეპისკოპოსი, იმ დღიდან ყველას არწმუნებდა, - სერგი ღვთის რჩეულია და უფალმა ინება, რომ ამ ანგელოზებრივი ადამიანის ხილვის ღირსი გავხდიო...

ნეტარმა ბერმა ეპისკოპოსი მისთვის შესაფერისი პატივით გააცილა.
ერთ ღამით, როდესაც წმინდა მამა თავის საბერო კანონს აღასრულებდა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე ამგვარად ილოცა:

- ყოვლადწმინდა დედაო, კაცთა მოდგმის უძლეველო მფარველო, მეოხ გვეყავ და ევედრე შენს ძეს და ჩვენს უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს ამ წმინდა ადგილს, ჩვენო მშვიდო ნავსაყუდელო და სასოებავ!

გაასრულა რა კანონი, მცირე ხნით ჩამოისვენა, თავის მოწაფეს, მიქეას უხმო: - შვილო ჩემო, მხნედ იყავ და იფხიზლე, რადგან მოულოდნელი და საკვირველი სტუმრები გვეწვევიანო.

ამის თქმა იყო და მოესმათ:

- აი, ყოვლადწმინდა მობრძანდება!

ნეტარი უმალ დერეფანში გამოვიდა, სადაც მზეზე უფრო ელვარე ნათელი იდგა...

ამრიგად შეიქმნა წმინდა სერგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხილვის ღირსი, რომელსაც პეტრე და პავლე მოციქულნი ახლდნენ.

ამ არამიწიერ ნათებას ღირსმა მამამ თვალი ვერ გაუსწორა და მიწაზე დაემხო, ღვთისმშობელი თავისი უწმინდესი ხელი შეახო და უბრძანა:

- ნუ გეშინის, რჩეულო ჩემო, შენს სახილველად მოველ, შენი ლოცვები შესმენილია და შენი სავანისათვის დღეიდან ნუღარ შემაწუხებ, რამეთუ ამიერიდან ყოველივე ჭარბად ექნება შენს სიცოცხლეშიც და შემდეგაც, მე კი ამ ადგილს არასოდეს დავუტევებო!

ღირსი სერგი დიდხანს უყურებდა ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილს, ხოლო როცა გონს მოვიდა, იხილა, რომ მისი მოწაფე მიწაზე მკვდარივით ესვენა...

როდესაც წამოაყენა, მიქეამ ღირსი სერგის წინაშე მუხლი მოიყარა და შეჰღაღადა:

- პატიოსანო მამაო, ღვთის გულისათვის, მიამბეთ, თუ რა იხილეთ, რადგან იმდენად ბრწყინვალე იყო იგი, ლამის სული სხეულს გაეყარა.

მაგრამ ისეთ სიხარულს მოეცვა ნეტარი, მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა და სთხოვდა: - შვილო, მცირე ხნით მადროვე, რადგან ამ ხილვისგან ჯერაც ვთრთიო.

კარგა ხნის დუმილის შემდეგ კი მიქეას უბრძანა, - ისააკსა და სვიმეონს უხმეო.

მათი მოსვლის შემდეგ კი დაწვრილებით უამბო, თუ რა იხილა.

გაოცებულმა ძმებმა კი ისე განიხარეს, ყველამ ერთად უგალობა ღვთისმშობელს.

იმ ღამეს ღირს მამას ძილი არ მიჰკარებია, რამეთუ ღვთისმშობლის საკვირველ გამოცხადებაზე ფიქრობდა.

* * *

ერთხელ, როდესაც წმინდა სერგი ლიტურგიას აღასრულებდა, მისმა მოწაფემ, ზემოთ ხსენებულმა სვიმეონმა, რომელიც ეკლესიარხი იყო (ბერძნულად "უფროსს" ნიშნავს, მას ტაძრის შენობისა და ქონების დაცვა და ტიპიკონის შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა), უეცრად იხილა, თუ როგორ მოიცვა წმინდა ტრაპეზი ცეცხლის ალმა, საკურთხეველი გაანათა და წმინდა სერგის გარს ისე შემოერტყა, ერთიანად ცეცხლში გაახვია, ხოლო როდესაც საზიარებლად მოემზადა, ალი ამაღლდა და სუდარის სახით ჩაესვენა ბარძიმში, საიდანაც ღირსი მამა ეზიარა.

ამის მხილველი სვიმეონი შიშმა შეიპყრო და ხმა ვეღარ ამოიღო...

ზიარების შემდგომ, როდესაც ნეტარი ტრაპეზს მოსცილდა, მიხვდა, რომ სვიმეონმა ყოველივე იხილა, დაეკითხა:

- შვილო, სული რამ შეგიძრწუნა?

- მამაო, შენთან ერთად მოქმედი სულიწმიდა ვიხილე!

წმინდა მამამ ამის სხვათათვის გამხელა აუკრძალა და სთხოვა:

- მანამ ნურას იტყვი, სანამ ამქვეყნიდან არ გავალ, - შემდეგ ამხელა წყალობისთვის უფალს მადლობა შესწირეს.

* * *

ამგვარი სიწმინდით, სიმდაბლით და ღვაწლით იცხოვრა ამ ყოვლადსაკვირველმა ღვთისკაცმა, უამრავი სასწაული აღასრულა და 78 წელიწადს მიაღწია...

ამქვეყნიდან განსვლამდე 6 თვით ადრე, უწყოდა რა თვისი აღსასრული, ძმობას უხმო და სავანე თავის მოწაფეს, ნიკონს (წმინდა ნიკონ რადონეჟელს) ჩააბარა, ასაკით ახალგაზრდას, სულით კი - დიდად განბრძნობილს.

ნიკონი სიცოცხლის ბოლომდე ბაძავდა თავის წმინდა მოძღვარს, სწორედ იგი დაადგინა სავანის იღუმენად ღირსმა მამამ, თავად კი სრულ მდუმარებას და ამქვეყნიდან განსვლისთვის მიეცა სამზადისს.

სექტემბერში ძალზე დაუძლურდა და აღსასრულის წინ კვლავაც უხმო თავის საძმოს, რომელსაც დაუბარა, შეუორგულებელი რწმენა და ერთსულოვნება და სულიერი და ხორციელი სიწმინდე დაემარხათ, ყველა გულწრფელად ჰყვარებოდათ და ბოროტისეულს ყოველივეს განრიდებოდ¬ნენ, ზომიერნი, უცხოთშემწყნარებელნი, მორჩილნი, მდაბალნი და თვინიერნი ყოფილიყვნენ და ამქვეყნიური დიდებისაგან თავი მოეზღუდათ.

უკანასკნელად კი დაუბარა:

- მე ჩემს უფალთან მივდივარ, რომელმან მომიწოდა და თქვენს თავს ყოვლადძლიერ უფალს და მის უბიწო დედას შევავედრებ... დაე, ისინი გეყვნენ შესავედრებელ, უბრძოლველ ზღუდედ და მტრისაგან მფარველებად!

უკანასკნელ წუთებში წმინდანმა ზიარება მოისურვა.

სამწუხაროდ, საწოლიდან წამოდგომა აღარ შეეძლო, ამიტომ თავიანთი წმინდა მოძღვარი მოწაფეებმა წარიყვანეს წმინდა ძღვენის მისაღებად, შემდეგ ხელნი ზეცად აღაპყრო, თავისი წმინდა სული ლოცვით შეჰვედრა შემოქმედს.

უდიდესი წმინდანის გარდაცვალებისთანავე მისი სენაკი ენით უთქმელი კეთილსურნელებით აღივსო, ხოლო მისი სახე საკვირველმა ნათელმა და ნეტარებამ გაანათა...

ძმობა ამან ძალზე დაამწუხრა და თავი ობლად აგრძნობინა... მწარედ დასტიროდნენ და ვაებდნენ, შემდეგ კი მისი სხეული ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ფსალმუნთგალობით მის მარჯვენა მხარეს დაკრძალეს...
უფალმა ძლიერ განადიდა თვისი რჩეული: - ყველა, ვინც კი მის წმინდა ნაწილებს რწმენით მიეახლა, საკვირველი შეწევნა მიიღო.

მდაბალი სერგი, რომელიც ყოველნაირად გაურბოდა ამქვეყნიურ დიდებას, უფალმა აღამაღლა.

სიცოხლეშივე უამრავ სასწაულს იქმოდა და მრავალი ღვთაებრივი გამოცხადების ხილვის ღირსი გახდა, მაგრამ დიდი სიმდაბლის გამო მოწაფეებს ამ ყოველივეზე დუმილს უბრძანებდა.

მისი წმინდა ლოცვებით, ბრმებს თვალისჩინი უბრუნდებოდა, მკელობელნი ვიდოდნენ, მუნჯნი - მეტყველებდნენ, ეშმაკეულთაგან - ბოროტი სულნი განისხმებოდნენ, სნეულთ - კურნება ეძლეოდათ, განსაცდელში მყოფთ კი - შვება.

* * *

გარდაცვალებიდან 30 წელიწადში, უფალმა ღირსი სერგის კიდევ უფრო განდიდება ინება:

იმხანად სავანის მახლობლად ერთი სათნო კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ძალზე უყვარდა წმინდა მამა და მის საფლავს ხშირად მოილოცავდა ხოლმე.

ერთი ასეთი მოლოცვისას, გვიან ღამით მსუბუქად მიეძინა, ღირსი სერგი იხილა და უთხრა:

- სავანის იღუმენს შეატყობინე, ამდენ ხანს მიწის ქვეშ, სამარეში ნუ მაჩერებენ, ჩემს სხეულს იქ წყალი ასველებსო!

შეშინებულს გამოეღვიძა, თუმცა, გულის სიღრმეში ხარობდა კიდეც და ჩვენების შესახებ მაშინვე აუწყა ღირსი სერგის მოწაფეს, წმინდა ნიკონს, რომელიც წმინდა სერგის კურთხევით, იმ დროს სავანის იღუმენი იყო.

ამ უკანასკნელმა კი ყოველივე ძმობას გაუმხილა, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია...

წმინდა სერგის სამარის გახსნის შესახებ მალე მთელ რუსეთს მოედო, რის გამოც მისი ნათლული, დიდი მთავრის, დიმიტრის ვაჟი იური სავანეში ჩავიდა, აქაურობაზე დიდად მზრუნველი.

როგორც კი სამარე გახსნეს, იქაურობა საოცარმა კეთილსურნელებამ აღავსო, ხოლო რაც იქ მყოფებმა იხილეს, ჭეშმარიტად საკვირველი იყო: - წმინდა მამის არა მხოლოდ სხეული, სამოსიც უხრწნელი იყო... კუბოს ორივე მხარეს წყალი იდგა, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ იგი არც წმინდანის სხეულს ეხებოდა არც - მის შესამოსელს...

დიდი სასოებით გადააბრძანეს ღირსი სერგის წმინდა ნაწილები ახალ ლუსკუმაში.

წმინდა სერგი რადონეჟელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 05 ივლისს (მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას 1422 წელს), 25 სექტემბერს (გარდაცვალების დღეს), ასევე ვლადიმირის, მოსკოვის, რადონეჟის და როსტოვ-იაროსლავის წმინდათა კრებულებს შორის.
................................

ტროპარი

სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტჱს მჴედარმან კეთილადმძლემან და შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, არამედ ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მოწაფეთა შენთა, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და

ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, შეუძრველად დაიცევ ყოველი მართლმადიდებელი ერი, ღირსო მამაო სერგი, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა.

ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად და სასწაულთმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო სერგი, მარხვისა, მღჳძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მიიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტჳან, დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
............................
აქვე წაიკითხეთ:

გულისფანცქალით მოელოდა ღვთისაგან აღთქმული ყრმის დაბადებას...

უქადაგე ყველა მართლმადიდებელს

ღირსი სქემმონაზონი კირილე და მარიამი (+დაახლ. 1337) - 18 (31) იანვარი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2024
02 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა პორფირე კავსოკალიველს. „კარიბჭის“ მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საგულისხმო მოგონებას ამ ღირს მამაზე.
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler