წმინდა ნექტარიოსი 1846 წლის 1-ლ ოქტომბერს დიმოს და ბასილიკა კეფალების ოჯახში დაიბადა.
პატარა ანასტასის (ასე ერქვა წმინდანს ერისკაცობაში) მშობლები უბრალო, ღარიბი, მაგრამ ღრმად მორწმუნე ხალხი იყო. დედა გვერდით მოისვამდა ხოლმე ექვსივე შვილს, ასწავლიდა ლოცვებს, გალობას, ყველაზე მეტი გულმოდგინებით კი - 50-ე ფსალმუნს.
პატარა ანასტასისაც განსაკუთრებით ჰყვარებია მისი წარმოთქმა, ხოლო ფსალმუნის ამ მუხლს "ვასწავლნენ უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ" - განუწყვეტლივ იმეორებდა.
კვირაობით, წირვიდან რომ დაბრუნდებოდნენ, პატარა ანასტასი შედგებოდა ხოლმე სკამზე და თავიდან ბოლომდე, თითქმის შეუცდომლად იმეორებდა ტაძარში მოსმენილ ქადაგებას. ქაღალდისგან "სამღვდელო შესამოსელიც" შემოუბლანდავს და მეგობრებთან ერთად თურმე "წირვას აყენებდა", მერე კი, როცა წერა ისწავლა, რამდენიმე ფურცელი რვეულად აუკინძავს "ღვთის სიტყვის ჩასაწერად".
თოთხმეტი წლისა იყო ანასტასი, მშობლიური მხარე რომ დატოვა და სამუშაოს საძებნელად კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. ჯიბეში გროშიც არ ედო. ამის გამო თურმე გემზე არ აუშვეს, მაგრამ კაპიტანმა ადგილიდან მანამდე ვერ დაძრა ხომალდი, სანამ ანასტასი გემბანზე არ აიყვანა.
კონსტანტინოპოლში ყმაწვილმა თამბაქოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მძიმე ჯაფამ და სიღარიბემ მეტისმეტად რომ შეაჭირვა, გადაწყვიტა, უფლისათვის წერილი მიეწერა: "ქრისტე ჩემო, - ამოქარგა ფურცელზე, - არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ". კონვერტზე კი "მისამართი" წააწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში".
ფოსტაში მიმავალი გზად ნაცნობს გადაეყარა. მან წერილი გამოართვა - ფოსტაში მე მივიტანო, მაგრამ მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო, გახსნა, წაიკითხა და მღელვარებისგან ატირდა. მერე პასუხად რამდენიმე სტრიქონი დაწერა, წერილში ფულიც ჩადო და ანასტასის გაუგზავნა.
ანასტასიმ იგრძნო ღვთის მოწყალების ძალა... მუშაობა და საღვთო სჯულის, წმინდა მამათა ნაწერების შესწავლა, - ასეთი იყო მისი ცხოვრების წესი. სწავლა რომ შეძლებოდა, იძულებული გახდა, ფაბრიკისთვის თავი დაენებებინა. ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო მუშაობა. დაწყებით კლასებში ასწავლიდა, თვითონ კი უფროს კლასებში განაგრძობდა სწავლას.
ერთხელ, საშობაოდ, შინ წასვლა განიზრახა. გზაში ქარიშხალი ამოვარდა. მგზავრები დრტვინავდნენ, უფალს გმობდნენ. ამის შემყურე ანასტასიმ გულით შეჰღაღადა ღმერთს: "უფალო, გადამარჩინე და მე შევისწავლი ღვთისმეტყველებას, რათა შევძლო ყველას გაჩუმება, ვინც შეურაცხყოფს შენს წმინდა სახელს". მეყსეულად ქარი ჩადგა და გემი მშვიდობიანად შევიდა ნავსადგურში.
22 წლის ანასტასი უკვე კუნძულ ქიოსზე იყო მასწავლებლად. ასწავლიდა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც და საკუთარი ცხოვრებით აძლევდა მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა. მკაცრი ასკეტიზმი, საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ სწრაფვა, განმარტოების სურვილი იმთავითვე გამოარჩევდა სხვათაგან.
1875 წელს ანასტასი ამავე კუნძულზე, უძველეს ნეა მონის მონასტერში, ბერად აღიკვეცა. სამი წლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს და ბერობის სახელი ლაზარე ნექტარიოსად შეუცვალეს.
ერთხანს ბერდიაკონ ნექტარიოსს ათონზე წასვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ერთი გავლენიანი კაცის დახმარებით მოხვდა ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1885 წელს დაასრულა.
სასწავლებლის დამთავრებისთანავე ნექტარიოსი ალექსანდრიაში, პატრიარქ სოფრონიუსთან გაემგზავრა, რომელიც თავისი კეთილისმყოფლის შემწეობითვე გაიცნო. სულ მალე პატრიარქმა მას მღვდლად დაასხა ხელი, ექვს თვეში არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანა, დანიშნა მქადაგებლად და პატრიარქის მდივნად, შემდეგ კი პატრიარქის ნაცვლად კაიროში.
ნაყოფიერი იყო ახალგაზრდა არქიმანდრიტის მოღვაწეობა. პატრიარქი მის საქმიანობას ყურადღებით ადევნებდა თვალს, 1889 წლის 15 იანვარს კი ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და ნექტარიოსს უძველესი პენტაპოლისის ეკლესია ჩააბარეს.
ეპისკოპოსის ხარისხმა ვერ შეცვალა თავმდაბალი ნექტარიოსი, პირიქით - ცხოვრების წესი კიდევ უფრო გაამკა¬ცრა. განმარტოება, უჩინარი ცხოვრება სურდა, ახლა კი მისი სახელი მთელ მართლმადიდებელ ეგვიპტეს პირზე ეკერა.
იერარქიულ კიბეზე ნექტარიოსის უეცარი აღმასვლა ბევრს არ მოეწონა, განსაკუთრებით კი ალექსანდრიის პატრიარქობის მოსურნეებს, რომლებიც მასში მომავალ კონკურენტს ხედავდნენ. დააბრალეს პატრიარქის საყდრის ხელში ჩაგდების მცდელობა, უმძიმესი ცოდვები, დააჯერეს 90 წლის პატრიარქი და მანაც წყალობა მრისხანებით შეცვალა: მიტროპოლიტი ნექტარიოსი ყოველგვარი გამოძიების გარეშე გადააყენა. მალე ამ ბრძანებას მეორეც მოჰყვა - მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა ეგვიპტე დატოვა.
ნექტარიოსის მოწინააღმდეგეებს პატრიარქის საყდრისკენ გზა ხსნილი ჰქონდათ.
ეგვიპტიდან ლტოლვილ მიტროპოლიტს თან გამოჰყვა თავისი მრევლის, 900-ზე მეტი მორწმუნის, მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც სულიერი შვილები თავიანთ მეუფეს მისტიროდნენ.
ნექტარიოსი ათენში ჩავიდა, მაგრამ ჭორს იქამდეც მიეღწია და ყველა კარს უხშობდა. ვერავინ ბედავდა "მხილებული" მიტროპოლიტის დაცვას. არც თვითონ უზრუნია თავის დაცვაზე, მხოლოდ წერილი მისწერა პატრიარქს, სადაც მისი გადაწყვეტილების უსამართლობას აუწყებდა, თუმცა ცილისმწამებლებისთვის უკვე მთელი გულით შეენდო, თვით ცილისწამებას ღვთის მიერ ბოძებულ გვირგვინს უწოდებდა.
მოვლენებს გავუსწრებთ და ერთ ამბავს გავიხსენებთ: რამდენიმე წლის შემდეგ ათენში მისი ერთ-ერთი ცილისმწამებელი ჩავიდა ერთ თანამდებობაზე მოსაწყობად. როცა ჰკითხეს, ვინ მოგცემს სარეკომენდაციო წერილსო, დაუფიქრებლად მიუგო: ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტიო. ეს რომ ღირსმა მამამ გაიგო, თქვა: "მე მას მთელი გულით შევუნდე და მის წინააღმდეგ არასოდეს არაფერს ვიტყვი, ბოროტებას ბოროტებით არ მივუზღავო".
* * *
ახლა კი კვლავ იქ დავბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ:
შვიდი თვე საშინელ ხელმოკლეობაში გაატარა დევნილმა მღვდელმთავარმა, უბრალო მქადაგებლის ადგილს იხ¬ვეწებოდა და იმასაც არ აძლევდნენ. საბერძნეთის მოქალაქე არა ხარო, იმიზეზებდნენ - მისი მშობლიური კუთხე იმ დროს თურქეთს ეკუთვნოდა.
ერთხელ, მორიგი უარის შემდეგ, ატირებული იერარქი რელიგიის სამინისტროს კიბეზე შემთხვევით მერს შეეჩეხა. ქალაქის თავმა მწუხარების მიზეზი ჰკითხა და თვითონვე შეჰყვა მინისტრთან. მისი შემწეობით ნექტარიოსს ერთ-ერთ პროვინციაში მქადაგებლის ადგილი მისცეს.
მრევლი თავიდან ძალზე ცუდად შეხვდა, - ცილისწამებას იქამდეც ჩაეღწია. ქადაგება ლამის ჩაუშალეს. წმინდა ნექტარიოსი დიდი მღელვარებით ელოდა მომდევნო კვირას... მაგრამ ამ ხნის მანძილზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა: ბევრმა შეიტყო, რომ წმინდა ნექტარიოსი უსამართლოდ იყო დევნილი. პენტაპოლისის სამწყსოს წერილის ამბავიც გაიგეს და მეორე კვირას უკვე აღფრთოვანებულნი უსმენდნენ მის ღრმა სულიერებით გამსჭვალულ ქადაგებას.
პენტაპოლის მიტროპოლიტის, ახლა უბრალო პროვინციელი მქადაგებლის ამბავმა საბერძნეთის სამეფო კარამდე მიაღწია. დედოფალმა ოლგამ მისი გაცნობა მოისურვა, მერე კი მისი სულიერი შვილიც გახდა. მისი წყალობით მეუფე ძველი საღვთისმეტყველო სკოლის დირექტორად დანიშნეს.
ძმები რიზარების დაარსებული სასწავლებელი, რომელიც ათენის ცენტრში მდებარეობდა, იმხანად ფრიად სავალალო მდგომარეობაში იყო. ახალმა დირექტორმა საუკეთესო პედაგოგები შეკრიბა და სასწავლებელს ძველი ღირსება დაუბრუნა.
წმინდა ნექტარიოსი უაღრესად თავმდაბალი, ბავშვივით უბრალო კაცი იყო, სულიერების ნათლით ჰქონდა გაბრწყინებული სახე. მისი პიროვნების უკეთ დასახასიათებლად ერთ იმდროინდელ ამბავს მოგითხრობთ: ერთხელ სასწავლებლის დამლაგებელი ავად გახდა. საცოდავს შეეშინდა, ადგილი არ დავკარგოო და ოდნავ მომჯობინდა თუ არა, სამსახურში გამოცხადდა, მაგრამ იქაურობა დალაგებული დახვდა. იფიქრა, შემცვლელი მიიღესო და გულდაწყვეტილი გაბრუნდა შინ, მეორე დღეს კი უთენია მიაშურა სასწავლებელს, იქნებ დირექტორს შევხვდე და სამუშაოზე აღდგენა ვთხოვოო.
დირექტორი მართლაც იქ დახვდა, ოღონდ უცნაურ ამპლუაში - ფეხსალაგს გვიდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა:
გაწმინდე, ნექტარიოს, ეს ერთადერთია, რისი კეთების ღირსიც ხარო.
დირექტორმა დაამშვიდა სახტად დარჩენილი დამლაგებელი, სთხოვა, სანამ არ გამოკეთდებოდა, სამუშაოდ არ გამოსულიყო, თან გააფრთხილა, რაც ნახა, მის სიკვდილამდე არავისთან წამოსცდენოდა.
წმინდა ნექტარიოსთან უამრავი ხალხი მიდიოდა, ზოგი რჩევას სთხოვდა, ზოგიც ლოცვას. მას ამაოდ არასოდეს აღუპყრია ხელები ზეცად - უფალი თავის მორჩილს სათხოვარს მუდამ უსრულებდა.
მრავალი სასწაული აღესრულა წმინდა ნექტარიოსის ცეცხლოვანი ლოცვით. მრავალჯერ უნახავთ მეუფე ლოცვისას გაბრწყინებული. ერთხელ მის მორჩილ კოსტას შუაღამისას გამოეღვიძა და შიშმა აიტანა - მეუფეს სხეულიდან ცეცხლის ენები გამოსდიოდა. "ხანძარი, ხანძარი!" - ყვირილით მივარდა კოსტა და ალის ჩაქრობა სცადა, მაგრამ სხვა ცეცხლი სწვავდა წმინდა ნექტარიოსს - ცეცხლი სულიწმიდის მადლისა...
უყვარდა განმარტოებით ლოცვა, უფალთან საუბარი, კაცთაგან კი უფრო გლახაკებსა და თავმდაბლებს იახლოვებდა. "კოსტა, კოსტა, რა ცარიელნი არიან სულიერად ეს ერუდიტები!" - ამბობდა სინანულით. უაღრესად მოწყალემ, ერთხელ უკანასკნელი ანაფორა მისცა ვინმე ღარიბ სოფლელ მღვდელს.
1899 წელს ალექსანდრიის პატრიარქი გარდაიცვალა. გაჩნდა წმინდა ნექტარიოსის რეაბილიტაციის შანსიც, მაგრამ... ალექსანდრიის სამღვდელოება კვლავ დუმდა. მის მხარდასაჭერად არავის ამოუღია ხმა. მღვდელმთავარს წილად ხვდა, აღსრულებულიყო გაურკვეველ კანონიკურ მდგომარეობაში, თუმცა განდიდებული ღვთისგან.
ამ პერიოდში დაებადა ერთი სურვილი და 1904 წელს განახორციელა კიდეც: კუნძულ ეგინაზე ააღორძინა უძვე¬ლესი მონასტერი, სადაც მისი მორჩილი დედები დასახლდნენ. თავიდან ამ მონასტერს კონსტანტინოპოლიდან ხელმძღვანელობდა, 1908 წელს კი სასწავლებლის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და საბოლოოდ გადასახლდა ეგინაზე. წმინდა სავანე, ფაქტობრივად, ნანგრევებიდან წამოაყენა - საკუთარი ხელით ზელდა დუღაბს და აწყობდა აგურს.
ერთხელ სავანე ათენის მიტროპოლიტმა მოინახულა და იქვე მომუშავე ბერიკაცს სთხოვა, ეპისკოპოსისთვის მისი ჩამოსვლა ეცნობებინა. წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როცა რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ბერიკაცი ეპისკოპოსის სამოსით მოსილი წარუდგა. ერთხელ კი ეზოში ნიჩბით მომუშავე ეპისკოპოსი მისმა სულიერმა შვილმა, დიდმა მოძღვარმა ფილოთეოს ზერვაკოსმაც კი ვერ იცნო.
წმინდა ნექტარიოსს ძალიან უყვარდა თავისი მონაზვნები, მამასავით ზრუნავდა მათზე. მონასტერში სახელოსნოც კი მოაწყო, სადაც მონასტრის დედებს თვითონვე უკერავდა ფეხსაცმელებს. უყვარდა ყოველი ცოცხალი არსება, დედებს უმიზეზოდ ხიდან ფოთლის მოწყვეტასაც კი უკრძალავდა, - ყოველი სული ადიდებს უფალსო, - ეტყოდა.
ერთხელ დედებმა ჰკითხეს, როგორ ხდებოდა ეს და წმინდა ნექტარიოსის ლოცვით მყისიერად გადასახლდნენ იმ ფერნაცვალ სამყაროში, სადაც ბალახიც კი უმშვენიერესი ჰანგებით ადიდებდა შემოქმედს.
ბედნიერი ხანა დაუდგათ კუნძულის მკვიდრთ, - რაც მათთან წმინდა მღვდელმთავარი დასახლდა, ყანები თუ ბაღჩა-ბაღები მისი ლოცვით უხვად გამოსცემდნენ ნაყოფს. წმინ¬და ნექტარიოსის სულიერი ღვაწლის ნაყოფნიც - მისი სწავლებანი - სულიერად განაძლიერებდა ქრისტიან მრევლს. მის თანამოაზრეთაგანი იყო დიდი დანიელ კატუნაკელი, სულიერი ძმა და მესაიდუმლე წმინდა ნექტარიოსისა.
წმინდა ნექტარიოსი წირვის ჟამს მიწას დაცილებული და ჰაერში მოლივლივეც უნახავთ. გონებით ხომ უკვე ზეცად იყო, დაფარული მისთვის აღარაფერი არსებობდა, ყოველი კაცის სულს გადაშლილი წიგნივით კითხულობდა. განსაცდელნი, სიცოცხლის მიწურულს რომ შეემთხვა და ისიც, რომ მისი დაარსებული სავანე ოფიციალურად მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარეს, ალბათ ერთ-ერთი იმ გვირგვინთაგანი იყო, ესოდენი მოთმინებით რომ მოიპოვა.
1920 წლის შუა აგვისტოში ქრიზოლეონტის უძველესი მონასტერი მოილოცა. აქ, გადმოცემით, ინახებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელის ანაბეჭდი, რომელიც გამოცხადების შემდეგ ქვას დასტყობოდა. ორი კვირა დაყო ამ მონასტერში, მდუღარე ცრემლით ევედრებოდა დედა ღვთისას, რამდენიმე წლით გაეგრძელებინა მისთვის სიცოცხლე, ლოცვის დასასრულს კი ერთიანად მიენდო უფალს:
- იყოს ნება შენი! და ყველაფრისთვის მადლობა შესწირა.
ამ ლოცვის შემდეგ სულმთლად დაუძლურდა, დაბრუნდა თავის მონასტერში და ჩაწვა. მონასტრის დედებმა ძლივს დაითანხმეს და სამკურნალოდ ათენში წაიყვანეს. ორი თვე საშინელ ტანჯვაში გაატარა მწყემსმთავარმა, ბოლოს კი, დაუძლურებული, 1920 წლის 8 ნოემბერს, მთავარანგელოზ მიქაელისა და ზეციურ ძალთა კრების ხსენების დღეს, ზეციურ მხედრობას შეუერთდა. სანამ მის ცხედარს პალატიდან წაასვენებდნენ, იქაურობა ისე გაიჟღინთა გარდაცვლილის სხეულიდან მომდინარე კეთილსურნელებით, რომ ექვსი თვე იქ ვეღარავინ დაუწვენიათ.
წმინდა მამას ძველი პერანგი გახადეს და ახალი ჩააცვეს, ძველი კი გვერდით საწოლზე გადადეს, სადაც პარალიზებული ავადმყოფი იწვა... და დამბლადაცემული კაცი იმავე წამს საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე.
მწყემსმთავრის წმინდა სხეული ეგინაზე გადაასვენეს. ხალხი ნავსადგურში დახვდა თავის მფარველს. კუბო ხელით მიასვენეს მონასტერში. ამბობდნენ, ვინც მეუფის ცხედარი ასწია, მათ ტანსაცმელს ისეთი კეთილსურნელება ასდიოდა, რომ შემდეგ აღარ ჩაუცვამთ, როგორც სიწმინდე, ისე შეინახესო. კეთილსურნელებას აფრქვევდა ბანდიც, წმინდანს რომ ეხვია.
1921 წელს გახსნეს წმინდა ნექტარიოსის საფლავი. წმინდანის ნეშტი უხრწნელი დახვდათ. ის კი არა, ამბობდნენ, თბილიც კი იყოო.
იგივე განმეორებულა 1927 წელს, 1953 წელს კი, ღვთის განგებით, საფლავში მისი ძვლებიღა იხილეს მორწმუნეებმა.
ერთ მორწმუნე ქალბატონს, რომელიც წმინდანს ახლოს იცნობდა და ამ ფაქტის გამო ძალზე წუხდა, წმინდა ნექტარიოსი გამოეცხადა და უთხრა: "ღვთისმოსავი ქრისტიანებისთვის, მათი ნუგეშინისცემისთვის უფალს შევთხოვე, სხეულის განხრწნის ნება მოეცა, რათა შესაძლებელი იყოს ჩემი ძვლები ყველგან გავრცელდეს, ელადაშიც და მსოფლიოშიც".
- დადგება დრო, - ეტყოდა ხოლმე წმინდა ნექტარიოსი სულიერ შვილებს, - როცა ამ მონასტერში ურიცხვი ხალხი მოვა, ერთნი - რათა ადიდონ ღმერთი, მეორენი - კურნებისა და ნუგეშისთვის, მესამენი კი, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო. მაგრამ არიან მეოთხე კატეგორიის ადამიანებიც - ისინი წმინდა ნექტარიოსს დღემდე არ აღიარებენ წმინდანად მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ სტილზე გადასულ საბერძნეთის ეკლესიას ემორჩილებოდა და მანვე შერაცხა წმინდანთა დასში. დღემდე გრძელდება მისი ცილისწამება, თუმცა, როგორც თანამედროვე ათონელი მამა ეფრემ კატუნაკელი ბრძანებს, ამიტომაც არის ის დიდი წმინდანი.
85 წელი გავიდა წმინდა ნექტარიოსის გარდაცვალებიდან. მის ცილისმწამებელთა ძვალნიც მიწამ შეჭამა. რა მოიგეს მისთვის თავლაფის დასხმით? ღირდა კი ამად ის ტახტი, რომელსაც ასე ეტრფოდნენ და რომელიც მძიმე ჯვარი უფროა, ვიდრე განცხრომის ადგილი? რამდენი დაკარგა ალექსანდრიის წმინდა ეკლესიამაც ასეთი დიდი მღვდელმთავრის უარყოფით...
ამიტომაც ვეკრძალოთ ჩვენც და უფალზე ადრე ნურავის განვიკითხავთ.
* * *
წმინდა ნექტარიოსის სახელზე საქართველოში ერთადერთი ტაძარია აგებული. ზაჰესის დასახლებაში 2007 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ამას წინ საინტერესო ამბავი უძღოდა, - გვიამბობს მამა გიორგი რაზმაძე, - წმინდა ნექტარიოსის ტაძრის მშენებლობა გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ათონელი ხანდაზმული მამის, გერონდას რჩევით და ლოცვა-კურთხევით.
ერთ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მასთან საუბრის შემდეგ გერონდამ გვირჩია, წმინდანის სახელზე აგვეშენებინა ტაძარი. ცნობილია, რომ წმინდა ნექტარიოსი განსაკუთრებული შემწეა ონკოლოგიური სნეულებით დაავადებულებისა. ამან გადაგვაწყვეტინა, საქართველოში წმინდა ნექტარიოსის ტაძარი აგვეშენებინა.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გიორგობის მეორე დღეს, 7 მაისს, იკურთხა ტაძრის საძირკველი. ამ ტაძარშია დაცული წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის წმინდა ნაწილები, რომელიც ათონზე დიონისეს მონასტერში მოღვაწე ინგლისელმა ბერმა, მამა მედოსტემ გვისახსოვრა.
წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის ოლარსაც გვჩუქნიან და ეს უდიდესი სიწმინდე დაცული იქნება ჩვენს ტაძარში.
ტაძრის არქიტექტორია ჩვენი მრევლის წევრი კახა ხაბეიშვილი. ღვთის წყალობით, ისე მიდიოდა მუშაობის პრო¬ესი და გვეწყობოდა ხელი, რომ გვიკვირდა კიდეც. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
როცა წმინდანის საფლავი მოვილოცეთ, ასეთი სასწაული მოხდა. რამდენიმე წლის წინ მის საფლავთან ერთი რუსეთიდან ჩამოსული ქალბატონი წმინდა ნექტარიოსს შვილიერებას სთხოვდა. მის საფლავზე ზეთი დაუტოვებია. იქ ასეთი წესია, წმინდანის საფლავზე ტოვებენ სხვადასხვა ნივთს, ზეთს და მერე მიაქვთ ხოლმე შინ. ამ ქალბატონმაც დატოვა ზეთი. თვითონ პარაკლისზე დასასწრებად შევიდა ტაძარში.
უკან მიბრუნებულს თავისი ზეთი აღარ დახვდა, მხოლოდ ჩამწვარი ნაკმევი ნახშირი ნახა. იფიქრა, - ალბათ ეს არის წმინდა ნექტარიოსის კურთხევაო. ნახშირი აიღო და გადაყლაპა.
გარკვეული დროის შემდეგ ქალი დაფეხმძიმდა. სამწუხაროდ, ბავშვი ხეიბარი დაიბადა. წლის თავზე ყრმა მოინათლა. მან დაკრუნჩხული ხელი გაშალა. ხელისგულზე დედის გადაყლაპული ნახშირი ედო.
საოცარი იყო ის, რომ წმინდა ნექტარიოსის საფლავის მოლოცვისას ეს ქალბატონი ვნახეთ - სამადლობელი ლოცვისთვის იყო მისული. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
ისიც გავიგეთ, რომ წმინდანის საფლავზე დაბრძანებულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მისი კანდელიდან ზეთს ვინც სვამს, ბავშვებს ფითილით ხელში შობენ - როცა ნათლობის შემდეგ ხელს ხსნიან, ხელში ფითილი უჭირავთ. ძალიან დიდი წმინდანია წმინდა ნექტარიოსი.
როცა უწმინდესს ავუხსენით, რატომ გადაწყდა წმინდა ნექტარიოსის სახელზე ტაძრის აშენება, გულთბილად მოგვისმინა. ლოცვა-კურთხევისთვის მისული ხელის დადებით გამამხნევა და მითხრა, - ყველაფერი კარგად იქნებაო!
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მალე პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის შენებას დავიწყებთ. ზუსტად ამ შემაღლებული ადგილის ქვევით არის აგებული წმინდა ნექტარიოსის ტაძარი და მაღალი კიბით დაუკავშირდება დედათა მონასტერს.
ჩვენი ტაძრის რამდენიმე მრევლი საბერძნეთში სწავლობს მონაზვნობის გამოცდილებას. დედები, ძირითადად განსაკუთრებული შინაგანი ლოცვით იქნებიან დაკავებულნი. იმ ადამიანებზე ილოცებენ, რომელთაც ონკოლოგიური დაავადებები აწუხებთ.
წმინდა ნექტარიოსის ერთ თანამედროვე სასწაულს გეტყვით. კვიპაროსი, რომლის დარგვასაც მონაზონს ხმა უშლიდა, ზედ საფლავზეა მიბჯენილი. დღესაც, ყურს მიადებ თუ არა, იგივე სიტყვები ჩაგესმის - აქ ნუ დარგავ, აქ ნუ დარგავ...
წმინდა ნექტარიოსს, პირველ რიგში, სულის ცხონებისთვის უნდა ვევედროთ, რათა ყოვლადწმინდა სამების წინაშე მეოხ გვექმნეს. გულით შევთხოვოთ ასევე ფიზიკური თუ სულიერი უძლურების დაძლევა და წმინდა ნექტარიოსი აუცილებლად შეგვეწევა.
...........................................
აქვე წაიკითხეთ:
ყოველი კაცის სულს გადაშლილი წიგნივით კითხულობდა
წმინდა ნექტარიოსის მადლი საქართველოშიც სუფევს
წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურადიღებს ტანჯულთა ლოცვებს
ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა.
ეს იყო ცეცხლი მადლისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი