წმინდა სილუანი, ერისკაცობაში სვიმეონ ანტონოვი დაიბადა 1886 წელს, ტამბოვის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში.
წმინდანმა სიჭაბუკეშივე მოისურვა ბერად აღკვეცა, მაგრამ მშობელმა დაჟინებით მოსთხოვა შვილს, ჯერ სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო და შემდეგ აერჩია ცხოვრების გზა. წმინდანმა სამხედრო სამსახური პეტერბურგში გაიარა. მის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე სვიმეონმა გადაწყვიტა, წმინდა იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევა მიეღო, მაგრამ ვერ ნახა და წერილი დაუტოვა: "მამაო, მონაზვნობა მსურს, ილოცეთ, რომ სოფელმა არ დამაბრკოლოს". უკვე მომდევნო დღეს ყაზარმაში წმინდანმა თითქოს ცხადად შეიგრძნო ჯოჯოხეთის საშინელება და ამ დროიდან მოყოლებული, სადაც უნდა წასულიყო, ეს განცდა არ შორდებოდა. 1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. თავდაპირველად იგი წისქვილში გაამწესეს, რასაც იკონომოსის, სახელოსნოებისა და სურსათ-სანოვაგის საწყობის განმგებლის შრომატევადი მსახურება მოჰყვა. მის დაქვემდებარებაში იყო 200-მდე მუშა. დილით ბერი სახელოსნოებს შემოივლიდა ხოლმე და უფროს ოსტატებს მითითებებს აძლევდა, შემდეგ მიდიოდა თავის სენაკში და ლოცულობდა.
წმინდანმა გულწრფელად მოინანია ერში ჩადენილი ცოდვები. მოძღვარმა უთხრა: "შენ აღიარე ცოდვები ღმერთის წინაშე და იცოდე, რომ ყველაფერი გეპატია. აქედან დავუდოთ სათავე ახალ ცხოვრებას... წადი მშვიდად და გიხაროდეს, რომ უფალმა მოგიწოდა შენ გადარჩენის ამ ნავსაყუდელში".
იგი მკაცრად, ასკეტურად ცხოვრობდა. დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა. უხეში სამოსი ეცვა. თავს არ უფრთხილდებოდა, ამიტომ ხშირად ცივდებოდა და რევმატიზმი აწუხებდა. როგორც ათონის მთის ბევრი მოღვაწე, იგი ტანს არ იბანდა.
იღუმენმა სილუანს მაღაზიის მეთვალყურეობა დაავალა, ბერმა იქვე, შენობაში მდუმარე კუთხე მოიწყო და ღამეებს იქ ატარებდა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს, დიდი სქემა შეიმოსა.
პირველ ხანებში ბერს სასტიკად უტევდა დემონი. ამ სულიერმა ბრძოლამ ერთხელაც გატეხა და იმედგადაწურულმა იფიქრა, - ღმერთის ვედრებით რაიმეს მიღება შეუძლებელიაო. ამის გაფიქრებისთანავე იგრძნო სულიერი სიცარიელე, ღმერთისაგან დაშორება; მისი სული ჯოჯოხეთური ტანჯვის უკუნში ჩაიძირა. ასე იყო თითქმის ერთი საათი. იმავე დღეს, მწუხრზე წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ტაძარში მაცხოვრის ხატთან სვიმეონმა დაინახა ცოცხალი ქრისტე. უფალი მიუწვდომლად გამოეცხადა ახალგაზრდა მორჩილს და სულიწმიდის წყალობით აივსო "იმ ცეცხლით, რომელიც უფალმა მოჰფინა დედამიწას თავისი მოსვლით". ნეტარი ბერის ბაგეთაგან და წერილიდან ვიცით, რომ იგი იმ დროს გაბრწყინდა უდიდესი ღვთიური ნათლით, აყვანილ იქნა ამ ქვეყნიდან და სულით ამაღლდა ზეცად, სადაც ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომ მან მიიღო თითქოსდა მეორედ დაბადება ზემოდან. ქრისტეს თვინიერმა, წყნარმა შემოხედვამ თავისკენ მიიზიდა მთლიანად ადამიანი და შემდეგ გაუჩინარებულმა, ღვთიური სიყვარულის სიტკბოებით და თავისი ჭვრეტით აღუფრთოვანა სული. ბერმა უფალი შეიცნო და დაინახა სულიწმიდაში.
ბერი მუდამ მშვიდი და კეთილმოსურნე იყო. მღვდელ-მონაზონი სოფრომი წერდა, რომ იგი "გაწონასწორებულად და ძალდაუტანებლად, სიყვარულით და რბილად ურთიერთობ¬და ყველასთან, მათი მდგომარეობისა და ცხოვრების წესის მიუხედავად. თვით არაწმინდად მცხოვრებ ადამიანებსაც კი არ განიკითხავდა, მაგრამ ღვთისა და ადამიანებისადმი სი-ყვარულს ჭეშმარიტად აფასებდა და ყველა ადამიანს პატივს სცემდა".
ბერი ხშირად ამბობდა: "ღმერთს ყველა ებრალება… ადამიანებისათვის უნდა ილოცო". როდესაც ერთხელ მას უთხრეს, რომ ძნელია, ილოცო ადამიანებისთვის, მან თქვა: "რასაკვირველია, ძნელია. ადამიანთათვის ლოცვა სისხლის დანთხევის ტოლფასია, მაგრამ უნდა ილოცო. ყოველივე, რაც ღვთის მადლით მოგეცა, სიცოცხლის ბოლომდე უნდა აღასრულო. ღმერთი ზოგჯერ გამოსაცდელად ტოვებს სულს, რათა მან გონიერება გამოაჩინოს, მაგრამ თუ ადამიანი თავს არ აიძულებს, რომ საქმე აღასრულოს, მადლს კარგავს".
"შვილების შესახებ ცუდი ამბის შეტყობას ყველა დედა ძალიან განიცდის, ზოგიერთი კვდება კიდეც. მეც განვიცადე ამის მსგავსი. ერთი მოჭრილი და გასუფთავებული ხე დიდი სისწრაფით ეცემოდა ადამიანს. მე ამას ვხედავდი, მაგრამ იმდენად შევძრწუნდი, რომ ვერ შევძელი, მისთვის დამეძახა: "სწრაფად გაიქეცი!" გული ამიტირდა და ამტკივდა, ხე კი გაჩერდა. ეს ადამიანი ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ ის რომ ახლობელი ყოფილიყო, ალბათ, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი".
"ერთხელ მონასტრიდან მომავალმა გზაზე მოკლული გველი ვნახე, აკუწული იყო და თითოეული ნაკუწი საწყალობლად მოძრაობდა. ქმნილება შემებრალა და ღვთის წინაშე დიდხანს ვტიროდი".
სხვა ბერებისათვის იგი სიცოცხლის ბოლომდე "ჩვეულებრივ" ადამიანად დარჩა. "სილუანი ცხოვრობდა ისე, როგორც ცხოვრობდნენ კარგი ბერები: აღასრულებდა მორჩილებას, ყველაფერში თავშეკავებული იყო, მონასტრის წესებსა და დადგენილებებს იცავდა; ეზიარებოდა კვირაში ორჯერ, მარხვაში კი - სამჯერ. მისი სამუშაო მაღაზიაში რთული არ იყო, მისი ძალისა და შესაძლებლობებისათვის კი მსუბუქიც.
წმინდა სილუანი ისეთი აღიარებული იყო, რისი ღირსნიც თავის თაობაში მხოლოდ ერთეულები არიან ხოლმე, მაგრამ საუბარში იგი მინიშნებაზე შორს არ მიდიოდა. იგი იყო მშრომელი ბერი, მღვდლობის პატივი არ ჰქონდა და არასოდეს აღასრულებდა ლიტურგიას.
მოსაგრეობის პირველიდან უკანასკნელ დღემდე ღირსი სილუანე საკუთარი ნების სრული მოკვეთის მაგალითს იძლეოდა. "აი, ცხონების ყველაზე მოკლე და ადვილი გზა: იყავი მორჩილი, თავშეკავებული, ნუ განიკითხავ და გონება და გული ბოროტი გულისთქმებისაგან დაიცავი; ნუ განიშორებ ფიქრს, რომ ყოველი ადამიანი კეთილია და უფალს ყველა მათგანი უყვარს. მაშინ სულიწმიდის მადლი დაივანებს შენში და იტყვი: "მოწყალეა უფალი, მაგრამ თუ შენ განიკითხავ, დრტვინავ და თავნება ხარ, ბევრიც რომ ილოცო, სული დაგიცარიელდება და იტყვი: "დამივიწყა უფალმა". მაშინ, როცა შენ კი არ დავიწყნიხარ უფალს, თავად დაგავიწყდა, რომ მორჩილი უნდა იყო. ამიტომაც დაგტოვა ღვთის მადლმა და არ მკვდირობს შენში. მორჩილ სულში ის ადვილად ისადგურებს და სიმშვიდე და უფალში განსვენება მოაქვს თან", - ამბობდა იგი.
ბერი სილუანი მოღვაწეთა იმ იშვიათ ტიპს განეკუთვნებოდა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობრივი ცხოვრების დასაწყისში ღმერთის წინასწარ შეცნობით მიიღეს უდიდესი და უმაღლესი წყალობა. შემდეგ კი ძალზე მწვავედ და მტკივნეულად, კონტრასტის ძალით განიცადეს წყვდიადი ღვთისაგან დაშორებისა და მადლიანი მოქმედების დაკნინებისა. ტანჯვის მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ, წერს ბერი სოფრომი, "ქრისტესადმი სიყვარული ამ ქვეყანაზე გამოიცდება განსაკუთრებულად მძიმე "ცეცხლოვანი გამოცდით", იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული ამქვეყნად ტანჯვით და დიდი წვალებით მიიღწევა". ბერი სილუანის ტანჯვა აიხსნებოდა მისივე სიტყვებით: "თქვენ ვერ გაიგებთ ჩემს ტანჯვას", ან კიდევ: "ვისაც არ შეუცნია ღმერთი, უფალი, მას არ შეუძლია ტირილით ეძებოს იგი". ადამის სამოთხიდან გაძევებისას მისი მძიმე ტანჯვისა და ტირილის აღწერაში ფაქტობრივად ბერი სილუანი აღწერს თავის ტირილსა და მწუხარებას, მოგვითხრობს თავისი სულის ტანჯვაზე, წყალობის დაკარგვით გამოწვეულ წამებაზე.
ბერმა სილუანმა ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე შეიგრძნო, რას ნიშნავდა სულიწმიდასთან მყოფობა. ერთგან წერს: "ვის შეუძლია შეიცნოს სამოთხე? ვინც საკუთარ თავში სულიწმიდას ატარებს, ის ნაწილობრივ გაიგებს ამას, რამეთუ სასუფეველი სულიწმიდის სამეფოა, სულიწმიდა კი მიწაზეც და ზეცაშიც ერთი და იგივეა.
ვფიქრობდი: კადნიერი ვარ და ყოველგვარ სასჯელს ვიმსახურებ-მეთქი, უფალმა კი სასჯელის ნაცვლად სულიწმინდა მიბოძა. იგი ყოველგვარ მიწიერზე ტკბილია, ეს ზეციური საკვებია, სულის სიხარულია.
დიდხანს ვიცოცხლე, ბევრი რამ ვნახე და გავიგონე. მოვისმინე ბევრი მუსიკა, იგი ატკბობდა ჩემს სულს; და ვფიქრობდი: თუკი ეს მუსიკა ასეთი ტკბილია, რაოდენ საამო იქნება სულისათვის ზეციური გალობა, სადაც სულიწმიდით ადიდებენ უფალს თავიანთ განცდათა გამო".
ღირსი სილუანი 1938 წლის 11 სექტემბერს ათონის მთაზე აღესრულა წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის საავადმყოფოში. ბერის სიკვდილი არავის გაუგია, მათაც კი, ვინც მის ახლოს იწვა. ასე წყნარად გავიდა იგი ღმერთთან. იმავე დღეს, საღამოს 4 საათზე, მისი სხეული, ათონური წესისამებრ, ტილოში შეხვეული, ლიტურგიითა და გალობით, მარადიული ხსოვნით, კუბოს გარეშე დაკრძალეს.
1987 წლის 26 ნოემბერს მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიოსმა და მასთან ერთად თორმეტმა ბერძენმა ეპისკოპოსმა ღირსი მამა სილუან ათონელი წმინდანად შერაცხა.
წმინდა სილუან ათონელის გარდაცვალების შემდეგ, როცა მამა სოფრომმა ღირსი მამის ცხოვრება აღწერა და წიგნად გამოსცა, წმინდა სილუანი გამოეცხადა მამა ტიხონ ათონელს და "შესჩივლა": "ამ დალოცვილმა სოფრომმა ბევრი საქებარი სიტყვა დაწერა ჩემზე, მე კი ეს არ მინდოდაო".
.......................
აქვე წაიკითხეთ:
სულიწმინდა ყოველგვარ მიწიერზე ტკბილია, ეს ზეციური საკვებია, სულის სიხარულია
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი