ათონის მთაზე მოღვაწე დიდი წმინდა მამა - სილუან ათონელი დაიბადა 1886 წელს, ტამბოვის გუბერნიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი საერო სახელია სვიმეონ ივანეს ძე ანტონოვი.
მუშაობდა მინდორში, არტელში, მსახურობდა არმიაში. ახალგაზრდობაში ძალიან ღონიერი იყო. 1892 წელს მივიდა ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. წმინდა მთაზე 46 წელი იცხოვრა და 1938 წელს გაურკვეველი სენით გარდაიცვალა. სილუან ათონელის ცხოვრების გარემოებები ცნობილია მისი მოწაფის - მამა სოფრომ სახაროვისა და მისი პირადი ჩანაწერებით.
ათონზე ჩასვლისას სვიმეონის ცხოვრებაში დაიწყო ახალი სამოღვაწეო ხანა. მან მხურვალედ მოინანია ერული ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა შეცოდება. მოძღვარმა უთხრა: "შენ აღიარე ცოდვები ღმერთის წინაშე და იცოდე, რომ ყველაფერი გეპატია. აქედან დავუდოთ სათავე ახალ ცხოვრებას... წადი მშვიდად და გიხაროდეს, რომ უფალმა მოგიწოდა შენ გადარჩენის ამ ნავსაყუდელში". სვიმეონის უბრალო და ერთგული სული ამის გაგონებაზე სიხარულმა მოიცვა.
ათონის მონასტერში ბერი სილუანი სულიერ გმირობას შეუდგა ღმერთზე განუწყვეტელი ფიქრით, კელიაში განმარტოებით ლოცვით, ტაძარში ხანგრძლივი ღვთისმსახურებით, მარხვითა და სიფხიზლით, ხშირი აღსარებებითა და ზიარებით, კითხვით, შრომით, მორჩილებით. ბერი საკმაოდ მკაცრად ცხოვრობდა. დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავდა. ფქვილით სავსე ტომრებს ათრევდა. მუშა მონაზონივით უხეშად ეცვა. წლების განმავლობაში გაუფრთხილებლობით ხშირად ცივდებოდა და რევმატიზმი აწუხებდა.
პირველ ხანებში ბერს სასტიკად გვემდა დემონური შემოტევები. ერთხელ ამ სულიერმა ბრძოლამ გატეხა და იმედგადაწურულმა იფიქრა, - ღმერთის ვედრებით რაიმეს მიღება შეუძლებელიაო. ამის გაფიქრებისთანავე იგრძნო სულიერი სიცარიელე, ღმერთისაგან დაშორება; მისი სული ჯოჯოხეთური ტანჯვის უკუნში ჩაიძირა. ასე იყო თითქმის ერთი საათი. იმავე დღეს, მწუხრზე წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ტაძარში მაცხოვრის ხატთან სვიმეონმა დაინახა ცოცხალი ქრისტე. უფალი მიუწვდომლად გამოეცხადა ახალგაზრდა მორჩილს და სულიწმინდის წყალობის აივსო "იმ ცეცხლით, რომელიც უფალმა მოჰფინა დედამიწას თავისი მოსვლით". ნეტარი ბერის ბაგეთაგან და წერილიდან ვიცით, რომ იგი იმ დროს გაბრწყინდა უდიდესი ღვთიური ნათლით, აყვანილ იქნა ამ ქვეყნიდან და სულით ამაღლდა ზეცად, სადაც ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომ მან მიიღო თითქოსდა მეორედ დაბადება ზემოდან.
ქრისტეს თვინიერმა, წყნარმა შემოხედვამ თავისკენ მიიზიდა მთლიანად ადამიანი და შემდეგ გაუჩინარებულმა, ღვთიური სიყვარულის სიტკბოებით და თავისი ჭვრეტით აღუფრთოვანა სული. ბერმა უფალი შეიცნო და დაინახა სულიწმინდაში.
ბერი სილუანი მოღვაწეთა იმ იშვიათ ტიპს განეკუთვნებოდა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობრივი ცხოვრების დასაწყისში ღმერთის წინასწარ შეცნობით მიიღეს უდიდესი და უმაღლესი წყალობა. შემდეგ კი ძალზე მწვავედ და მტკივნეულად, კონტრასტის ძალით განიცადეს წყვდიადი ღვთისაგან დაშორებისა და მადლიანი მოქმედების დაკნინებისა. ტანჯვის მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ, წერს ბერი სოფრომი, "ქრისტესადმი სიყვარული ამ ქვეყანაზე გამოიცდება განსაკუთრებულად მძიმე "ცეცხლოვანი გამოცდით", იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული ამქვეყნად ტანჯვით და დიდი წვალებით მიიღწევა". ბერი სილუანის ტანჯვა აიხსნებოდა მისივე სიტყვებით: "თქვენ ვერ გაიგებთ ჩემს ტანჯვას", ან კიდევ: "ვისაც არ შეუცნია ღმერთი, უფალი, მას არ შეუძლია ტირილით ეძებოს იგი". ადამის სამოთხიდან გაძევებისას მისი მძიმე ტანჯვისა და ტირილის აღწერაში ფაქტობრივად ბერი სილუანი აღწერს თავის ტირილსა და მწუხარებას, მოგვითხრობს თავისი სულის ტანჯვაზე, წყალობის დაკარგვით გამოწვეულ წამებაზე.
ცოდვათა შეცნობა ბერი სილუანისთვის იყო ღვთის უდიდესი საჩუქარი, უდიდესი წყალობა. ინანიებდა რა ცოდვებს, ეძებდა არა მარტო პატიებას, არამედ სრულ პატიებას ისე, რომ სულს ეგრძნო მადლი. იგი ეძებდა ღმერთისაგან ძალას, რომ არ გაემეორებინა ცოდვა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, არ გაემეორებინა არასდროს. მას ყველაზე მეტად ეშინოდა ცოდვის შედეგისა - წყალობის დაკარგვისა, ღვთიური სიყვარულის სულისგან განდგომისა და ქრისტიანული სამყაროსგან განშორებისა.
იმ მომენტიდან, როცა ღმერთი გამოეცხადა, სვიმეონი თავისი არსით შთანთქმული იყო მთლიანად იმ ცნობაში, რომ მას ცოდვები მიეტევა. შეწყდა ჯოჯოხეთური ტანჯვა, რომელსაც იგი აქამდე განიცდიდა. ახლა მას ეძლეოდა განსაკუთრებული სიხარული და უდიდესი სიმშვიდე ღმერთთან შერიგებისა. მის სულს დაეუფლა უტკბესი გრძნობა ღმრთისადმი სიყვარულისა, ყოველი კაცის მიმართ სიყვარულისა. გაქრა, წავიდა მიტევების ის თავშეუკავებელი, ანთებული ძებნა, რომელიც თვალს არ ახუჭვინებდა არც დღე და არც ღამე. შეიცნო რა თავისი აღდგომა, დაინახა რა ნათელი ჭეშმარიტი და მარადიული ყოფიერებისა, სვიმეონის სული გამოცხადების შემდეგ, პირველ ხანებში სააღდგომო დღესასწაულს განიცდიდა. ყველაფერი გადასხვაფერდა, სამყარო - დიდებული გახდა, ხალხიც - მიმზიდველი, ბუნებაც - გამოუთქმელად მშვენიერი, სხეულიც - უფრო მსუბუქი: "სიტყვა ღმრთისა უხარია სულს, უხარია ღამით სიფხიზლე ტაძარში, განსაკუთრებით ტკბილი იყო კელიაში განმარტოებით ლოცვები". მოჭარბებული სიხარულისაგან სულს ეცოდებოდა ხალხი და ლოცულობდა მთელი ქვეყნიერებისთვის. თუმცა დროდადრო ღვთის წყალობის მოქმედება თანდათან სუსტდებოდა, მშვიდობა და სიხარული გულის გრძნობაში კნინდებოდა. ისევ მოდიოდა შეცბუნება და შიში დაკარგვისა. სული ნაღვლობდა და წუხდა უფალთან განშორების გამო. რომ არ დაეშვა ეს დაკარგვა, კვლავ გრძელდებოდა დაძაბული გმირობა სიფხიზლისა, მარხვისა, ლოცვისა... და ასე მიდიოდა ხანგრძლივი წლები წყალობისა და განშორების მონაცვლეობით.
"უფალო, - აღმოხდა ერთ-ერთი ღამეული ტანჯვის დროს სილუანს, - მასწავლე, რა უნდა გავაკეთო ჩემი სულის შესამუსრად", და მან მიიღო გულში პასუხი ღმერთისაგან: "ამყოფე გონება შენი ჯოჯოხეთში და ნუ წარიკვეთ სასოს!" ამ მითითების შემდეგ ბერმა განსაკუთრებით გააძლიერა ლოცვა. იგი ევედრებოდა ღმერთს, ყოველთვის მიეცა უფლის შეცნობის უნარი. მისი სული იტანჯებოდა იმის შემეცნებით, რომ ადამიანები ცხოვრობენ და არ იციან მისი სიყვარული. იგი ამბობდა: "როცა სულიწმინდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშობა სიყვარულით, სულიწმინდის სიტკბოებისგან და კვლავ ივიწყებს სამყაროს, კვლავ დაივანებს ღმერთში; შემდეგ ისევ იხსენებს სამყაროს, ისევ ცრემლებით ლოცულობს ხსნისთვის... და აი, ეს არის ჭეშმარიტი გზა, რომელსაც გვასწავლის სულიწმინდა".
ყველა სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი სულიწმინდით, მაგრამ შემდეგ დაკარგა მადლი, განიცდის ტანჯვას, რადგან იგი მოაკლდა ღმერთის სიყვარულს.
"ადამის" ტირილში ბერი სილუანი უფლისმიერი სიხარულისა და წყალობის დაკარგვით გამოწვეულ საკაცობრიო ტანჯვაზე საუბრობს. "მოწყენილია ჩემი სული უფლისადმი, ცრემლიანი დავეძებ მას. როგორ არ უნდა ვეძებო? როცა მასთან ვიყავი, ჩემი სული მხიარული და მშვიდი იყო, მტერი ვერაფერს მიშავებდა. ახლა კი ავმა სულმა დამიპყრო, მარყევს და ტანჯავს ჩემს სულს; იმიტომაა მოწყენილი ჩემი სული, მიისწრაფვის ღმერთისკენ, არაფერი მახარებს დედამიწაზე, არაფერი მამშვიდებს; კვლავ მინდა ვნახო ღმერთი, კვლავ მინდა დავტკბე. წუთითაც არ მავიწყდება იგი, მწარედ განვიცდი და ვტირი - "შემიწყალე, ღმერთო, შენი დაცემული ქმნილება..." დავკარგე მადლი და ადამთან ერთად ვეძახი უფალს: "შემიწყალე მე, უფალო, მაჩუქე მორჩილი სული და სიყვარული...
ო, ადამ, მე ვწერ, მაგრამ შენ ხედავ, ჩემს სუსტ გონებას არ შეუძლია გაიგოს, როგორ ნაღვლობდი ღმერთზე და როგორ ეწეოდი სინანულის შრომას. ო, ადამ, შენ ხედავ, მე, შენი შვილი, ვიტანჯები დედამიწაზე. მცირეა ჩემში ცეცხლი, ძლივს ბჟუტავს ჩემი სიყვარული. ო, ადამ, გვიმღერე საგალობელი უფლისა მიმართ, დაე გამხიარულდეს სული ჩემი ღმერთით, დაე ვაქებდე და ვუგალობდე მას, როგორც აქებენ ცაზე ქერუბიმნი და სერაფიმნი, როგორც ზეციური ანგელოზების ყველა ჩინი უგალობს სამწმინდა გალობას. ო, ადამ, გვიმღერე ჩვენ უფლის სიმღერა, რათა ისმინოს მთელმა დედამიწამ, რათა შენმა შვილებმა გონება მიმართონ ღმერთისკენ, დატკბნენ ზეციური გალობის ჰანგებით და დაავიწყდეთ სიმწარე დედამიწაზე...
ო, ადამ, გვითხარი შენს ტანჯულ შვილებს დედამიწაზე, როგორ მოვიპოვოთ სამოთხე, რათა ჩვენც შენს მსგავსად ვნახოთ დიდება უფლისა! ჩვენი სული ნაღვლობს უფალზე, ენატრება იგი, შენ ზეცად ცხოვრობ და სიხარულით უცქერი უფლის დიდებას. გევედრებით, დაგვამშვიდე..."
"ნუ მაწუხებთ - ჩემი ტანჯვის დრო წავიდა. სამოთხის სილამაზემ და სულიწმინდის სიტკბოებამ დამავიწყა დედამიწა, მაგრამ გეტყვით თქვენ: უყვარხართ უფალს, იცხოვრეთ სიყვარულში, თქვენც ატარეთ მონანიების შრომა, შეიყვარეთ ტანჯვა, გამოაშრეთ სხეული, მოიპოვეთ მორჩილება და შეიყვარეთ მტრები, შეიმუსრეთ გულები და ღვთის სული იცხოვრებს თქვენში. მაშინ შეიცნობთ და მოიპოვებთ ზეციურ სამეუფოს. ღვთის სული მოდის გულში წყნარად, ჩუმად და აძლევს მას სიმშვიდეს და ამოწმებს ხსნას უსიტყვოდ. უგალობეთ ღმერთს სიყვარულზე და სულის მორჩილებაზე. ეს უხარია უფალს... ღმერთის სიყვარულმა მე დამავიწყდა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა; დამავიწყდა თვით დაკარგული სამოთხე, რამეთუ ვუცქერი უფლის დიდებას, ვუცქერი წმინდანების დიდებას, რომლებიც ღვთის სახის ნათლისაგან თვითონაც მის მსგავსად ბრწყინავენ".
ბერმა სილუანმა ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე შეიგრძნო, თუ რას ნიშნავდა სულიწმინდასთან მყოფობა. ერთგან წერს: "ვის შეუძლია შეიცნოს სამოთხე? ვინც საკუთარ თავში სულიწმინდას ატარებს, ის ნაწილობრივ გაიგებს ამას, რამეთუ სასუფეველი სულიწმინდის სამეფოა, სულიწმინდა კი მიწაზეც და ზეცაშიც ერთი და იგივეა.
ვფიქრობდი: კადნიერი ვარ და ყოველგვარ სასჯელს ვიმსახურებ-მეთქი, უფალმა კი სასჯელის ნაცვლად სულიწმინდა მიბოძა. იგი ყოველგვარ მიწიერზე ტკბილია, ეს ზეციური საკვებია, სულის სიხარულია.
დიდხანს ვიცოცხლე, ბევრი რამ ვნახე და გავიგონე. მოვისმინე ბევრი მუსიკა, იგი ატკბობდა ჩემს სულს; და ვფიქრობდი: თუკი ეს მუსიკა ასეთი ტკბილია, რაოდენ საამო იქნება სულისათვის ზეციური გალობა, სადაც სულიწმინდით ადიდებენ უფალს თავიანთ განცდათა გამო".
ბერის ჩანაწერებში ვკითხულობთ: "ერთხელ, აღდგომის დროს, მთავარი სამონასტრო პორტიდან "ფერიცვალების" ახალ კორპუსში მივდიოდი და დავინახე, ჩემკენ მორბოდა ოთხი წლის ბიჭუნა, გახარებული - ღვთის მადლი ბავშვებს სიხარულით აღავსებს. კვერცხი მქონდა და მივეცი. ბავშვს გაუხარდა და მამისკენ გაიქცა საჩუქრის საჩვენებლად. ამ წვრილმანისათვის ღვთისგან უდიდესი ჯილდო მივიღე - სულში მესმოდა ხმა ღვთისა. შინ დაბრუნებულმა და სამყაროსადმი სიბრალულით აღვსილმა დიდხანს ტირილით ვილოცე უფლის წინაშე".
ბერი სილუანი 1938 წლის 11 სექტემბერს ათონის მთაზე აღესრულა წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის საავადმყოფოში. ბერის სიკვდილი არავის გაუგია, მათაც კი, ვინც მის ახლოს იწვა. ასე წყნარად გავიდა იგი ღმერთთან. იმავე დღეს, საღამოს 4 საათზე, მისი სხეული, ათონური წესისამებრ, ტილოში შეხვეული, ლიტურგიითა და გალობით, მარადიული ხსოვნით, კუბოს გარეშე დაკრძალეს.
გავიდა თითქმის ნახევარი საუკუნე და 1987 წლის 26 ნოემბერს მსოფლიო პატრიარქმა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიოსმა და მასთან ერთად თორმეტმა ბერძენმა ეპისკოპოსმა ხელი მოაწერეს ღირსი მამა სილუან ათონელის წმინდანთა დასში კანონიზაციას. მოსკოვის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დიდი მოღვაწის სახელი რუს წმინდანებში იქნა შეტანილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი