ღირსი გიორგი მთაწმინდელი (+1065) - 27 ივნისი (10 ივლისი)
ღირსი გიორგი მთაწმინდელი (+1065) - 27 ივნისი (10 ივლისი)
წმინდა გიორგი მთაწმინდელი მამა-პაპით სამცხელი გახლდათ, თავად კი თრიალეთის მხარეში დაიბადა. მორწმუნე და ღვთისმსახური მშობლები ჰყავდა. გიორგის მამას იაკობი ერქვა, დედას - მარიამი. იაკობი მეფე გიორგის ახლობელი და ერთგული იყო. ერთხელ იაკობი რომელიღაც საერთგულო საქმეზე მეფემ სპარსეთში წარგზავნა. იაკობმა გზად იმ დაბაში შეისვენა, სადაც ცხოვრობდნენ მარიამის მშობლები. მათ ოჯახს ესტუმრა და ძალიან მოიხიბლა მასპინძლების წესიერებითა და ღვთისმოყვარეობით. მშობლებს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ, მარიამი, რომელსაც სიყვარულის გამო გასათხოვებლად ვერ ელეოდნენ, თუმცა ბევრი ცდილობდა, წაეყვანა რძლად მათი ქალი.

როცა იაკობმა იხილა მშვენიერი მარიამი, მოიხიბლა მისი ფაქიზი და წყნარი ქცევით, მოკრძალებით, მის მშობლებს უთხრა: - კარგად შემინახეთ თქვენი შვილი, თუ მშვიდობით დავბრუნდები, ვიქორწინებთ და მთლიანად თქვენთან დავმკვიდრდებიო. ასე გაემართა იაკობი თავის გზაზე. ღვთის ნებით, ხელი მოემართა და მშვიდობით დაბრუნდა. მეფის მადლობაც დაიმსახურა.

ამის შემდეგ მივიდა მარიამის მშობლებთან და დაქორწინდა. ღმერთმა აკურთხა იაკობი და მარიამი, ქონებრივ სიმდიდრესთან ერთად შვილების ყოლითაც მიანიჭა პატივი - სამი ვაჟი და სამი ასული შეეძინათ.

იაკობმა და მარიამმა განიზრახეს, პირველი შვილი ღმერთისთვის შეეწირათ. პირველი გოგონა ეყოლათ, რომელსაც უწოდეს წმინდა პირველმოწამე თეკლას სახელი. როდესაც თეკლა შვიდი წლის გახდა, მშობლებმა, აღთქმის მიხედვით, შესწირეს ღმერთს, წაიყვანეს სამცხეში, ტაძრისის დედათა მონასტერში და ჩააბარეს მონასტრის წინამძღვარ საბიანას, ღირსეულ და წმინდა დედაკაცს. მან ქალწული შვილივით მიიღო და კეთილად აღზარდა.

იაკობს და მარიამს თეკლას შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც თეოდორე უწოდეს. მშობლებმა განიზრახეს, რომ, თუ სხვა ვაჟიც შეეძინებოდათ, ისიც ღმერთისათვის შეეწირათ; მართალია, ერთი ქალიშვილი უკვე ჰყავდათ შემოქმედისათვის შეწირული, მაგრამ ვაჟის შეწირვაც მოისურვეს.

ერთხელ მარიამს ღამით, ძილში გამოეცხადა ბრწყინვალე და დიდებული კაცი, რომელმაც უთხრა: "შენ შობ ვაჟს, ღვთის რჩეულ ვერძს. შესწირე იგი იმას, ვისთვისაც გაქვს აღთქმული. სახელად კი გიორგი უწოდე". როცა გაიღვიძა დედაკაცმა, შიშითა და სიხარულით მოუთხრო ჩვენება ქმარს. ორივენი წამოდგა ფეხზე და ღმერთს ცრემლით მადლობა შესწირეს. ამიერიდან ისინი ელოდნენ აღთქმულის აღსრულებას.

რამდენიმე დღის შემდეგ, (1009 წ.) იშვა ღვთის მიერ აღთქმული და სულიწმიდის ნიჭით განბრძნობილი გიორგი, რომელიც სიყრმიდანვე აღსავსე იყო უფლის შიშითა და სიყვარულით. შვიდი წლის გიორგიც ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს დედა საბიანასთან, სადაც სამი წელი დაყო. ბავშვის ანგელოზებრივი ცხოვრება, თვალსაჩინო მიზიდულობა ლოცვის, მარხულობისა და სულიერი მოღვაწეობისადმი, ამასთან იშვიათი სიმკვირცხლე გონებისა, ყველას აკვირვებდა.

გიორგის ღმერთი ბავშვობიდანვე იფარავდა და შეეწეოდა ჯერ კიდევ მშობლებთან ყოფნისას, როდესაც, ყრმათა ჩვეულებისამებრ, ველად გადიოდა სათამაშოდ და გასართობად, ადამიანთა მოდგმის მტერი, ეშმაკი ხედავდა, რომ მისი ძალის ფეხქვეშ გასაქელად იზრდებოდა ეს ბავშვი და შეძრწუნდა: ვაითუ, სავსებით შემუსრვილიყო გიორგის მიერ სიბოროტე მისი. ამიტომაც ბავშვობიდანვე დაუწყო ბრძოლა.

როგორც წმინდანის ბიოგრაფი წერს, გიორგი მთაწმინდელი თავად იხსენებდა ამის შესახებ: "როდესაც ვიყავი დიდი მდინარის პირას, რომელსაც ქცია ეწოდება, მდინარის გაღმა მხარეს ვხედავდი ხოლმე ცეცხლისფრად შემოსილ ყრმას, რომელიც თავისთან მიხმობდა: მოდი, ვითამაშოთო. მისკენ გავემართებოდი და მაშინვე სახელოში ხელს მომკიდებდა სხვა ყრმა, თეთრით შემოსილი, მშვენიერი და მეტყოდა: "ჩემთან დარჩი, რადგან მე უკეთესი მეგობარი ვარ შენი".

მდინარის გაღმა - საუკუნო ცეცხლით შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო, რომელსაც სურდა, მდინარეში დაეხრჩო წმინდა ყრმა; ხოლო თეთრით შემოსილი - ანგელოზი, რომელიც ჩვილობიდანვე დაუდგინა მას ღმერთმა მცველად.

იყო ასეთი შემთხვევაც: იმ მონასტერს, რომელშიც პატარა გიორგი იმყოფებოდა, ეშმაკის მოწადინებით, ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარში გაეხვია. ნეტარ ყრმას ღრმად ეძინა. მასთან მივიდა თეთრით შემოსილი ანგელოზი, გააღვიძა, ხელი მოჰკიდა და ცეცხლში უვნებლად გაატარა. მონასტრის მახლობლად, დაახლოებით ერთი უტევანის (ძველქართული მანძილის საზომი, უდრის 168 ნაბიჯს) მანძილზე, ერთი სამლოცველო იყო; იქ მიიყვანა უფლის ანგელოზმა, თვითონ კი გაუჩინარდა.

გიორგი - ბიძებთან, ხახულის მონასტერში

გიორგის ორი ბიძა, მამის უფროსი ძმები, დავით კურაპალატის მიერ ტაო-კლარჯეთში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ხახულის მონასტერში ჰყავდა. ეს ღმერთშემოსილი კაცები საღვთო მადლით იყვნენ აღსავსე¬ნი. უფროსი ძმა, გიორგი, მწერალი იყო; მას "მწერალს" იმიტომ ეძახდნენ, რომ ადრე მწერალთ-გამგებლად მსახურობდა მეფე დავით კურაპალატის კარზე. მეორე ძმას კი საბა ერქვა. ეს იყო წრფელი და უმანკო კაცი.

ბიძებმა გაიგეს გიორგის სიკეთე და ღვთისმოშიშება, თავის ძმას, იაკობს, შეუთვალეს, ყრმა გიორგი სასწრაფოდ ჩვენთან მოიყვანეო. იაკობმა საჩქაროდ აღასრულა მათი ბრძანება და შვილი ხახულში წაიყვანა. ჯერ იგი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ჩააბარა, რომლის ერთგული მსახური და საკუთარი მონა უნდა ყოფილიყო, შემდეგ თავის ძმებს მიჰგვარა ყრმა, თვითონ კი კმაყოფილი და გახარებული დაბრუნდა შინ.

ბერები გაახარა გიორგის გონიერებამ, წყნარმა, უშფოთველმა და აუღელვებელმა ქცევამ და ღმერთს ჰმადლობდნენ, რადგან იხილეს ყრმა, მოხუცებულობით შემკული, და ჭაბუკი, სიბერით გამშვენიერებული;

ბიძებმა ძმისწული მონასტრის წინამძღვარს, მოღვაწეობითა და სიწმინდით განთქმულ ღირს მამას, მაკარი მმარხველს მიჰგვარეს. მამა მაკარიმ გიორგი შვილივით ჩაიხუტა, აკურთხა, ეკლესიის ევლოგია უწილადა და თავისი სულიერი შვილი უწოდა.

გიორგი წარუდგინეს დიდ ბასილისაც, ბაგრატის ძეს, რომელიც იმხანად ჩვენი საქართველოს მოძღვარი და განმანათლებელი იყო, და მისი წმინდა კურთხევა მიაღებინეს. ასევე, როდესაც ღმერთშემოსილმა ანტონი მნათემ იხილა ყრმა, გაიხარა და ყოველივე კურთხევით აკურთხა. სხვა მამებმაც კურთხევა მიაღებინეს, და ამის შემდეგ წაიყვანეს შინ.


ბიძებმა ზემოხსენებულ მამებთან მოილაპარაკეს, რომ გიორგი მიებარებინათ რომელიმე ღმრთივსულიერი მოძღვრისათვის, რათა მისი ხელმძღვანელობით სულიერად აღზრდილიყო. ასეთ ადამიანად შეარჩიეს ილარიონ თუალოელი, რომელიც იმჟამად მნათობივით ბრწყინავდა წმინდა მამათა საკრებულოში. ილარიონმა ისე მიიღო გიორგი, როგორც ღვთის მიერ მიცემული კეთილი შვილი და წესიერებასა და სათნოებაში წვრთნა დაუწყო. ღვთის ნებით, გიორგი სულიერად დღითი დღე იზრდებოდა.

საეკლესიო და სამღვდელო საკითხების სწავლაში გიორგიმ ყველა თანატოლს აჯობა. წმინდანი დიდ დროს უთმობდა წმინდა წერილის კითხვას, მის მიერ წმინდა წიგნების მაშინდელი გააზრება და მიხვედრა - საწინდარი იყო იმ მწიგნობრული საქმიანობისათვის, რომელიც მომავალში ელოდა. წმინდა წერილის ყველა წიგნი, ძველი და ახალი აღთქმისა, რომლებიც ქართულ ენაზე მოიპოვებოდა, მთლიანად გაითავისა.

ამ დროს დაბა ტვარწატაფში ცხოვრობდა დიდებული ფერის ჯოჯიკისძე, რომელსაც ცოლად ჰყოლია ბაგრატ მესამის ასული, ბასილისა და გიორგი I-ის და. ცოლ-ქმარმა განიზრახეს, გონიერი და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ბერის მიპატიჟება ოჯახში სიკეთის მასწავლებლად და უწესობის დამშლელად. მათი არჩევანი ხახულის მოღვაწე გიორგი მწერალზე შეჩერებულა. გიორგის წინადადება მიუღია და გადასახლებულა ფერისის ოჯახში, სადაც პატარა გიორგიც მიუყვანია, როგორც კარგი მკითხველი და კანანახი (გალობის დამწყები).

ფერისის მეუღლემ, ღვთიურმა დედაკაცმა, გიორგი თავის შვილად აღიარა. ერთი წლის შემდეგ კეისარმა ბასილ II-მ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისისაც დასდო ბრალი (თრიალეთი და დავით კურაპალატის სამფლობელოთა დიდი ნაწილი 1001 წლიდან ბიზანტიის ხელში იყო და ფერისიც ბიზანტიის სამეფო კარს ემსახურებოდა), კონსტანტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. მეფის ბრძანებით, ფერისის ქვრივი, თავისი შინაყმებითურთ, კონსტანტინოპოლში წაიყვანეს, სადაც მათ თორმეტი წელი გაატარეს. კონსტანტინოპოლში გიორგი მწერალმა და ფერისის ქვრივმა გიორგი სასწავლებელში მიაბარეს ფილოსოფოსებსა და რიტორებს.

სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება; თანამოწაფეთაგან ყველაზე გონებამახვილებს და გამოცდილებს სიბეჯითით გაუსწრო, ბეჯითებსა და გულმოდგინეებს კი გონების სიმახვილით აჯობა; ბერძენთ ბავშვები დიდად გაკვირვებულები იყვნენ მისი ასეთი სიბეჯითითა და გონების სიმახვილით; მის გულმოდგინებას შეჰნატროდნენ და, შეძლებისდაგვარად, მის მიბაძვას ცდილობდნენ.

ამის შემდეგ, მეფის ბრძანებით, თავისსავე მამულში, ტვარწატაფში დააბრუნეს ყრმა გიორგის მფარველი ღვთიური დედაკაცი, რომელმაც გიორგიც თან წაიყოლა ბიძასთან - გიორგი მწერალთან ერთად. იქ შეიტყვეს, რომ ყრმა გიორგის დედა გარდაცვლილიყო; მამა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ტვარწატაფში მოიწვია, და ერთად ცხოვრობდნენ. გიორგი კი ხახულში დაბრუნდა თავის მეორე ბიძასთან, საბასთან.

როცა გიორგი 25 წლის გახდა, თავისი მოძღვრისგან, ილარიონისგან, სამონაზვნო კურთხევა მიიღო. მართალია, ბავშვობიდანვე მონაზონივით ცხოვრობდა, მაგრამ აქამდე ჯერ არ მიეღო სამონაზვნო კურთხევა.

ამის შემდეგ, ზეციური შთაგონებით, გიორგის უცხოობაში სიგლახაკით ცხოვრებისა და განდეგილობის სურვილი გაუჩნდა. ფარულად დატოვა მონასტერი და იერუსალიმისკენ გაემართა.

მამა მაკარიმ და ხახულის მონასტრის კრებულმა შეიტყვეს მისი გაუჩინარების ამბავი, ძებნა დაუწყეს და ყველა გზა გადაკეტეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ შეიპყრობდნენ და ათანასე დიდის მსგავსად, ხერხი იხმარა: თავისი ძვირფასი შესამოსელი გზად შეხვედრილ ერთ გლახაკს მისცა, და სანაცვლოდ მისი ჩამოძონძილი სამოსით შეიმოსა. გზაში ერთი წინამძღვრისაგან მიტოვებული, დამწუხრებული კაცი იხილა და ისიც თან წაიყვანა. ღამემ ტყეში მოუსწროთ, საშინელ თავსხმა წვიმაში და ჭექა-ქუხილში, გიორგის თანამგზავრი ეშმაკმა შვიდჯერ დაანარცხა ძირს. საბრალოს პირიდან დუჟი გადმოსდიოდა, კბილებს აღრჭენდა და გაჰკიოდა, მაგრამ სულით უშიშარი და გონებით ახოვანი გიორგი კი არ შეძრწუნდა, არამედ მთელი ღამე ევედრებოდა უფალს მის განკურნებას. უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და ეშმაკეული კაცი სრულიად განკურნა, რის შემდეგაც გიორგიმ, მისი სურვილისამებრ, ერთ-ერთ მონასტერში მიიყვანა და წინამძღვარს ჩააბარა, თვითონ კი დიდი გაჭირვებით მიაღწია ანტიოქიას (სირიას ანუ ქვეყანასა ასურისტანისასა) და შავ მთას მიაშურა. ანტიოქია თავისი მწიგნობრულ-ლიტერატურული ტრადიციებითა და ახლომახლო (განსაკუთრებით კი შავ ან საკვირველ მთაზე) გაშენებული მრავალი სავანით ძლიერ იზიდავდა ქრისტიანებს. ბევრი ქართველი დასახლდა შავი მთის მონასტრებში. ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია შავ, იგივე საკვირველ მთაზე განსაკუთრებული ძალით გაჩაღ¬და XI ს-ის 30-იანი წლებიდან.

როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა გიორგი მთაწმინდელმა შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმინდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ მოძღვრის გარეშე სულის ცხოვნება და სამონაზვნო მოღვაწეობაში წარმატება შეუძლებელია. საკვირველ მთაზე ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც წმინდა დაყუდებული ბერი, ზეციური კაცი და ამქვეყნიური ანგელოზი, სრულიად განშორებული ხორციელი საზრუნავისაგან და გონებით ღმერთთან მყოფი. ეს იყო გიორგი დაყუდებული, წარმოშობით ქართველი. ბერი გიორგი მას დაემოწაფა.

გიორგი მოძღვრის კურთხევით რომანაწმინდის მონასტერში დამკვიდრდა და დიდი შრომითა და მოღვაწეობით, მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით, სიმდაბლითა და მორჩილებით დაყო მონასტერში 3 წელი (1036-1039 წწ.).

წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის დაწყებულ დიდ საქმეს (ლიტერატურის ქართულად თარგმნას) გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა რომ სჭირდებოდა, ამას იმდროინდელი ქართველი სასულიერო მოღვაწეებიც კარგად გრძნობდნენ. გიორგი დაყუდებულიც მხურვალედ ლოცულობდა, რომ უფლის მოწყალებას ჩვენს ერში კვლავ გამოეჩინა კაცი, რომელიც შეძლებდა ექვთიმე მთაწმინდელის შემდეგ დარჩენილი ჩვენი ენისა და სასულიერო ლიტერატურის ნაკლოვანებათა შევსებას. მლოცველი ბერის ვედრება უფალმა შეისმინა და ამგვარი მოღვაწე სწორედ მის მოწაფეთა შორის გამოაჩინა. გიორგი დაყუდებულმა შეამჩნია მისი სულიერი ნიჭები და ბერძნული ენის ცოდნა, "ჰასაკით, სიბრძნითა და გონიერებით" სრულქმნილი გიორგი 30 წლისა რომ შესრულდა, დიდი სქემით შემოსა და წმინდა ადგილების მოსალოცად იერუსალიმში წარგზავნა.

დიდი სასოებითა და საღვთო კრძალულებით მოილოცა გიორგიმ წმინდა ადგილები, რომელზეც ჩვენი მაცხოვარი, იესო ქრისტე დადიოდა და შემდეგ ისევ რომანაწმინდაში დაბრუნდა, თუმცა უკან დაბრუნებულს მოძღვარმა ათონის მთაზე, ივერიის მონასტერში წასვლა, იქ მღვდლად კურთხევა და საღვთო წიგნების ბერძნულიდან ქართულად თარგმნა უბრძანა (ცნობილია მის მიერ უშუალოდ სვიმეონწმინდაში თარგმნილი პარაკლიტონიც). თავმდაბალი გიორგი წინააღმდეგი იყო ამისი, ვინაიდან თავის თავს ღირსად არ თვლიდა ამ წმინდა საქმისათვის და ამბობდა: "ჩემთვის შეუძლებელია იმ საქმის აღსრულება, რაც ისეთ ღვთიური სიბრძნის მქონე კაცთ შეჰფერის, როგორიც ჩვენი წმინდა მამა ექვთიმეაო".

მოძღვარი კი ეუბნებოდა: "შვილო, ვინც იგი (წმინდა ექვთიმე) სიკვდილისაგან იხსნა და ქართულ ენაზე მეტყველება შეაძლებინა, იგივე შენს დახმარებასაც შეძლებს, რადგან მას დიდად უყვარს და ებრალება ჩვენი ერი. ვევედროთ თვით წმინდა მამა ექვთიმესაც, რათა შეეწიოს და, რაც მას დარჩა ქართულად უთარგმნელი, მისი მადლით შენ დაამთავრო".

გიორგი ივერონს წარემართა და გზად ერთ დიდ მდინარეს მიადგა, წყალში შევიდა და გაჩერდა, ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან. უეცრად გამოჩნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი, მიუახლოვდა და უთხრა: "შემოვედ, ნუ გეშინინ", ხელი გაუწოდა და ნაპირზე გადაიყვანა, თვითონ კი გაუჩინარდა. "რომელმაც წყალში სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყოო", - ამბობდა იგი. 1040 წელს მან მშვიდობით მიაღწია წმინდა მთას, სადაც ამ დროს გაჩაღებული იყო ლიტერატურული საქმიანობა, თაყვანისცა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს, მადლობა შესწირა და ექვთიმეს საფლავს მიეახლა. ათონელმა ქართველებმა სიხარულით და პატივისცემით მიიღეს გიორგი, მაგრამ მან პატივს უპატიობა არჩია და რამდენიმე წლის განმავლობაში მონასტრის ყველაზე მძიმე საქმეები იტვირთა, "ვითარცა კაცმან ლიტონმან და უსწავლელმან". იგი ყოველთვის თავდახრილი დადიოდა და საჭიროების გარდა არავის შეხედავდა, მისი სულიერი თვალი კი მარადის უფლის უხილავ დიდებას ხედავდა. ასე მოღვაწეობდა ორი წელი, მაგრამ გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, რომ მას არც მღვდლობის პატივი ჰქონდა მიღებული და არც წიგნების თარგმნა ჰქონდა დაწყებული. ძალზე შეწუხდა და შავი მთიდან გამოგზავნა თავისი მოწაფე, ღირსეული და სიკეთით სავსე კაცი, სახელად იოანე, და დიდი საყვედური შეუთვალა ბერ გიორგის მისი ნების შეუსრულებლობისათვის. გიორგიმ პატიება სთხოვა მოძღვარს და შიშით და მოწიწებით მიიღო მღვდლობის პატივი. სულ ცოტა ხანში დეკანოზადაც განაწესეს (1042 წ.).

ამ თანამდებობაზე ყოფნისას მცირე ხანი რომ გავიდა, მას გაახსენდა, რა სასჯელი ელოდა ტალანტის მფლობელს, რომელიც ამ ტალანტს მიწაში ჩაფლავს და არ გამოიყენებს. შეეშინდა მოძღვრის წინაშე ურჩობის გამოჩენისაც და როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, რომელმაც დაიწყო უფლის ეკლესიის მშენებლობა და კეთილი საფუძველი დადო, პირველად "დიდი სვინაქსარი" თარგმნა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკლესიის საქმეების წარმართვა, შემდეგ კი გამოიკითხა და გამოიძია იოანეს, ექვთიმეს, იოანე-თორნიკყოფილისა და სხვა წმინდა ბერთა ცხოვრებები, თუ როგორ ააშენეს მათ მონასტერი, აღწერა ყოველივე და შეადგინა "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება" (1042-1044 წწ.). ეს ნაწარმოები სამი ნაწილისაგან შედგება: პირველში მოთხრობილია იოანესა და თორნიკეს მიერ "ივერონის დაარსების" ამბავი, მეორეში - ექვთიმეს ბავშვობა, აღზრდა და მოღვაწეობა - ლიტერატურული და ადმინისტრაციული, მესამეში - ივერონის ისტორია ექვთიმეს მომდევნო პირების წინამძღვრობიდან, ავტორის, გიორგის მამასახლისობამდე. სამივე ნაწილი დამყარებულია უმთავრესად წერილობით მასალებზე, მოკლე თუ ვრცელ სამონასტრო ჩანაწერებზე, რომლებიც ათონის ქართველებს, ჩანს, თავიდანვე უწარმოებიათ. მომაკვდავი იოანეს ანდერძი კი ავტორს მთლიანად მოყვანილი აქვს. ეს ნაწარმოები მარტო ათონელი მამების ბიოგრაფიას როდი წარმოადგენს, მასში უხვადაა მოტანილი ცნობები საქართველოსა და ბიზანტიის ისტორიიდან. ამავე დროს მის შექმნას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა. ივერონის საძმოს მონასტრის დაარსებიდანვე უხდებოდა ბერძენ ბერთა მოძალების წინააღმდეგ მძაფრი ბრძოლის გადატანა, რაც ხშირად მონასტერს დიდ სიძნელეებს უქმნიდა. გიორგიმ თავისი შრომით მონასტრის ქართველთადმი კუთვნილების კანონიერება, მის დამაარსებელთა ბიზანტიის ხელისუფლებასა და ათონის სავანეთა წინაშე დიდი ღვაწლი და დამსახურება დაამტკიცა.

სვინაქსარის შემდეგ მამა გიორგიმ თავისივე ხარჯით თარგმნა საწელიწადო გამოკრებული სახარება, საწელიწადო გამოკრებული პავლეს ეპისტოლენი, საწელიწადო საწინასწარმეტყველო, დიდი კურთხევანი, იოანე ოქროპირის თარგმანება დაბადებისა ანუ აბრაჰამის ცხოვრება, პავლეს ეპისტოლენი და მოციქულთა ეპისტოლენი. მან დიდი ძალისხმევა ჩააქსოვა სახარებისა და წმ. მოციქულების ეპისტოლეების თარგმნას, თუმცა ახალი აღთქმა თარგმნილი იყო V ს-ში დავითისა და სტეფანოზის მიერ იერუსალიმში, მაგრამ სომხებისაგან და სხვა გადამწერებისაგან ძალიან შერყვნილიყო, რის გამოც საღვთო წერილის აზრი შეცვლილი იყო. გიორგიმ ქართულ ენაზე თარგმნა ახალი წიგნები, უკვე ნათარგმნი და დრო-ჟამისაგან განრყვნილი კი გაწმინდა და გაასწორა. წმ. ექვთიმეს მიერ დაწყებული და დაუსრულებელი წიგნები ვრცლად და სრულიად თარგმნა, ზოგიც ბერძნულს შეადარა და გაასწორა. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია საეკლესიო მწერლობის არც ერთი დარგი: ბიბლიოლოგია, ეგზეგეტიკა, დოგმატიკა და პოლემიკა, ლი¬ტურგიკა, ჰომილეტიკა, ასკეტიკა, ჰაგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი და აპოკრიფები. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ლიტურგიკულ პრაქტიკას და ყველაზე მეტი ამ დარგში იღვაწა: უპირველეს ყოვლისა, თარგმნა "თვენი ათთორმეტნივე სრულიად ღმრთივბრწყინვალედ". თვენის შედგენას გიორგიმ უზარმაზარი შრომა შეალია. ტექსტის ძირითადი ნაწილი ბერძნულიდან თარგმნა, ამა თუ იმ წმინდანის ან დღესასწაულის სახელობაზე მრავალ ბიზანტიელ ჰიმნოგრაფს ჰქონდა შექმნილი საგალობლები, მან კი შეძლებისდაგვარად თავი მოუყარა ყველა ავტორის საგალობელს. კრებულში აგრეთვე შეტანილია ორიგინალური ქართული ნაწარმოებებიც. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების სხვადასხვა ასპექტით განხილვისა და ადრეულ ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებთან (იადგარებთან) შეჯერების საფუძველზე გიორგი მთაწმინდელმა, რომელიც სარგებლობდა სხვადასხვა წარმომავლობისა და შედგენილობის ბერძნული წყაროებით, მეორე მხრივ, სინურ-იერუსალიმური ტრადიციის ქართული კრებულებით, შექმნა თორმეტი თვის საგალობელთა კრებული, თვენი, რომლის მსგავსი, მისივე სიტყვებით, სისრულითა და მონუმენტურობით თვით საბერძნეთის ეკლესიაშიც არ იპოვებოდა.

მამა გიორგისაც, ისევე, როგორც მამა ექვთიმეს, წიგნების უმეტესობა ღამით უთარგმნია. მან თავის წიგნებს ანდერძად დაუდო: "ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოვოთ, ეგრეთ შეუცვალებელად დასწერეთ, ნუცა ჩაურთავთ, ნუცა დააკლებთ, ჩუენ, რომელი ჯერ იყო, ჩაგვირთავს, და რომელი არა ჯერ იყო, დაგვიკლია, ვითა ჩუენ ენას მოვიდოდა". საქართველოს ეკლესია დაეთანხმა ბრძენი მთარგმნელის ანდერძს და ამით მოსპო ყველა უთანხმოება და გაუგებრობა, რასაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირისაგან ნათარგმნი საღვთო წერილის გამოყენება იწვევდა.

მამა გიორგი თარგმნიდა თუ არა წიგნს, მის გადაწერას მაშინვე შეუდგებოდნენ საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო-საეკლესიო ცენტრებში, ხოლო შემდეგ საქართველოში გზავნიდნენ. გარდა თარგმანებისა, გიორგის შექმნილი ჰქონდა ჰიმნები, ანუ საგალობლები ექვთიმე ათონელისა და იოდასაფ ინდოელისა, რომლებიც შესულია მის მიერ შედგენილ თვენში. იგი პოეტიც იყო და საგალობლებს არა მარტო საოცარი ოსტატობით თარგმნიდა, რისი დამადასტურებელიც არის იოანე დამასკელის ქრისტეშობის იამბიკური გალობანი, არამედ საკუთარი იამბიკოებიც ჰქონდა დაწერილი.

წმ. გიორგი დაყუდებულმა ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმინდა გიორგი მთაწმინდელი. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, "სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმინდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა". მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმინდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველმოქმედის დედის, მართასი, და წმინდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.

წმინდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ. ეკლესია მას 16 ივლისს იხსენიებს.

გიორგი ათონელი - ივერონის წინამძღვარი

X-XI ს.ს-ში განსაკუთრებით გაძლიერდა ინტერესი საკუთარი წარმოშობისა და ისტორიის შესწავლა-შეცნობისა. ეროვნული თვითშემეცნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ქართულმა ეკლესიამ. X ს-ში სწორედ მის წიაღში ჩამოყალიბდა ეროვნული იდეოლოგია, რომელიც მამულის, ენისა და სარწმუნოების მსახურებას გულისხმობდა. ერის სულიერი დონის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი უცხოეთში დაარსებულმა ქართულმა მონასტრებმა და იქ მოღვაწე თავდადებულმა ბერებმა შეიტანეს. მათგან გამოირჩეოდა ათონის მთის ქართული მონასტერი, ივერონი, და მისი დამაარსებლები იოანე, თორნიკე და ექვთიმე, გაბრიელ ქართველი და იქ მოღვაწე სხვა ბერები. ქართული ეკლესიის უცხოეთში მოღვაწე მსახურებისთვისაც უპირველესი საზრუნავი მშობელი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი დაწინაურება იყო.

1044 წელს ივერთა მონასტრის საძმომ წინამძღვრობის მაღალ საფეხურზე აიყვანა მამა გიორგი, თავიდან იგი წინ აღუდგა საძმოს სურვილს, მაგრამ მიხვდა, რომ უფლის ნება ასეთი იყო, და მიიღო მწყემსობის კვერთხი.

გიორგი მთაწმინდელი წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობის ღირსეული გამგრძელებელი აღმოჩნდა, როგორც სალიტერატურო, ასევე სამონასტრო ასპარეზზეც. მან დიდი პატივით, ფსალმუნით, გალობითა და საკმევლის კმევით გადმოასვენა გიორგი მაშენებლის მიერ აგებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდ ეკლესიაში ნათლისმცემლის ეკლესიიდან წმ. ექვთიმეს, მთავარანგელოზის ეკლესიიდან მისი მამის, წმ. იოანე იბერის, ხოლო მონასტრის გარეთ მდებარე სვიმეონ მოხუცებულის ეკლესიიდან ღირსი მამების: იოანე გრძელისძის და არსენი ნინოწმინდელის წმინდა ნაწილები, ერთ სამარხში დაკრძალა და ვითარცა მათ სიწმინდეს შვენოდა, სამარტვილო ხატებით, ჯვრებითა და ქორკანდელებით შეამკო, ხოლო მათ დღესასწაულებზე მსახურება და ყოველი წესის შეუცვლელად აღსრულება განაწესა. შემდეგ ეკლესიაზე ზრუნვა დაიწყო, რადგან სახურავში წყალი ჩადიოდა და ფრესკებს აფუჭებდა, ბიზანტიის კეისარს, კონსტანტინე IX მონომაქოსს (1042-1057 წწ.) ეახლა და ეკლესიის განახლება სთხოვა. მეფემ ღირსეულად მოიკითხა სტუმარი ბერი, რადგან მის მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა, და მისი ლოცვების მიმართ - სასოება. შემდეგ ჰკითხა: "რისთვის გაისარჯე, ღვთის კაცო და მოხვედი სამეუფო ქალაქში?"

ბერმა უთხრა: გაიხარე ქრისტეს მიერ, თვითმპყრობელთა შორის უბრწყინვალესო. ჩემი, გლახაკის, პირით გიბრძანებს შენი ღვთისმსახურების იმედი და შესავედრებელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რათა მისი სადიდებელი ტაძარი არ დაზიანდეს და არ შეიბღალოს წყლისაგან, რომელიც ჯეროვანი სახურავის უქონლობის გამო ჩამოდის ჩვენს მონასტერში. ამიტომაც ბრძანოს შენმა მეფობამ ტყვიის მოცემა ჩვენთვის, რომლითაც უნდა გადაიხუროს წმინდა ეკლესია, რათა მასში შენი წმინდა მეფობის ლოცვა შესაძლებელი იყოს.

მეფემ სიხარულით შეუსრულა ბერს ყველა თხოვნა. გირგიმ კეისრის მიცემული შეწირულობით ეკლესია გადახურა, გარე სტოა მიაშენა, მონასტრის მამულები გაამრავლა და საზღვრები შემოიმტკიცა, ასევე მონასტრის სიგელები მეფის ოქრობეჭდით განამტკიცა.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროს და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა წმინდა ბერისაგან, სამწერლო მოღვაწეობისთვის კი ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ 1053 წ. წინამძღვრობა მიატოვა და ფარულად შავ მთას მიაშურა, თუმცა გიორგი დაყუდებულმა უკან დაბრუნება უბრძანა. იგიც დამორჩილდა მოძღვრის კურთხევას, ერთი წლის შემდეგ ათონზე დაბრუნდა (1053 წლიდან 1054 წლამდე, ივერონის წინამძღვარი ყოფილა ეგნატე) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა.

იმ დროს აფხაზთა მეფე ბაგრატი და დედამისი მარიამ დედოფალი სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ კონსტანტინე IX მონომახოსთან (ბაგრატმა ბიზანტიის კეისარს ლიპარიტ IV ბაღვაშთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა). ბაგრატის კონსტანტინოპოლში ჩასვლა რომ გაიგო, მამა გიორგი მაშინვე გაეშუ¬რა კეისრის კარზე მასთან შესახვედრად. მეფე-დედოფალი დიდი სიხარულით შეეგებნენ წმინდა ბერს, რადგან ბევრი რამ სმენოდათ მისი მოღვაწეობის შესახებ. თავი დაალოცვინეს და მისი ღვთივსულიერი საუბრებით დიდი სარგებელი მიიღეს.

კონსტანტინოპოლში ყოფნისას ბაგრატმა გაიგო, რომ არსებობს უცნაური ხალხი სამარიელთა ტომიდან, სვიმეონ მოგვის შთამომავალნი, აწინკიანებად წოდებულები, განთქმულნი გრძნებითა და უკეთურებით. ისინი ხორცს ჯადოს უკეთებდნენ და ეს ხორცი კლავდა უმძვინვარეს მხეცსაც კი, თუკი დიდ შაბათს არ იყო დაბადებული. მათი გრძნეულებით ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მონომახოსმაც ისარგებლა (მის სანადირო ადგილებს შეჩვეული მხეცები, რომლებიც მოსანადირებელ ნადირს უჭამდნენ, ამოაწყვეტინა). ამ საქმით ბაგრატიც დაინტერესდა. მოძებნეს ძაღლი, რომელიც "სხვასა ჟამსა შობილ იყო და არა ზემოხსენებულსა მას დღესა" (ე.ი. არა ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს); მოიყვანეს აწანიკები, რომლებმაც ხორცს შეულოცეს და ძაღლს გადაუგდეს. მეფისა და მისი საყდრიონის გვერდით მამა გიორგიც აღმოჩნდა. ამ დროს მან, ჰაგიოგრაფის თქმით, ღვთის ჭეშმარიტი ხატება და მსგავსება გამოავლინა; პირუტყვის მიმართ ბუნებრივი სიბრალულით აღივსო, ამ ამბის მოქმედთა მიმართ კი რისხვით, - როგორ შეიძლება ქრისტიანთა შორის, მით უმეტეს მეფესა და სამღვდელო პირთა შორის, "ესევითარი საქმე იხილვებოდის". მან გადასახა ხორცს ჯვარი, ჯადო მოხსნა და პირუტყვი გადაარჩინა. გრძნეულთა ხელოვნება უქმი აღმოჩნდა, და ისინი მიხვდნენ, რომ წმინდა ბერმა გააუვნებლა მათი გრძნეულება. ამიტომაც სთხოვეს მეფეს, შიდა ოთახებში შეეყვანა ბერი და სხვა ძაღლის მოყვანა ებრძანებინა.

როდესაც წავიდა წმინდა მამა, მოიყვანეს სხვა ძაღლი, და მიუგდეს მოჯადოებული ხორცი. შეჭამა თუ არა ხორცი, ძაღლი იმავე წამს დაეცა და მოკვდა. ყველა მიხვდა, რომ პირველი ძაღლის გადარჩენა ამ წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულით მოხდა.

გახარებული ბაგრატი მას შემდეგ ხშირად იმეორებდა: ჩემთან რომ იყოს ეს წმინდა მამა, არც გრძნეულება შემაშინებს და არც მომაკვდინებელი საწამლავიო.

ბაგრატ IV-მ იხილა რა გიორგი ათონელის მაღალი სულიერება და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება, "იწყლა სული მისი სიყუარულითა მისითა" და საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდელობა შესთავაზა მას, მაგრამ ამქვეყნიურ შფოთს განშორებულმა ბერმა მტკიცე უარი განუცხადა. ისინი ერთად ეახლნენ კონსტანტინე მონომახოსს და კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიქაელ კერულაროსს. იქამდე თითქმის 30 წლის მანძილზე ქართული ეკლესია ბიზანტიელთაგან დევნილი და ღირსებააყრილი იყო. ასეთ მდგომარეობას კი ორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ბოლო უნდა მოღებოდა.

მარიამ დედოფალი დაემოწაფა წმ. მამას და მის მიერ სქემით იკურთხა (ე.ი. აღიკვეცა მონაზვნად). ივერონს კი კეისრის მიძღვნილი ერთი ლიტრა ოქრო შესწირა თავისი სულის საუკუნოდ მოსახსენიებლად ათონის ცნობილ სააღაპე წიგნში მარიამისა და ბაგრატის სახელზე მოსახსენიებლებია შეტანილი. მარიამის მიერ ათონის მონასტრისათვის გაწეული დიდი ზრუნვის საპასუხოდ მარიამისათვის მონასტრის პირველმაშენებელთა შესადარი საზეიმო აღაპი განუწესებიათ: "ვითარცა მაშენებელთა და მეფეთ ჩუენთა" (აღაპი 100).

გიორგი მთაწმინდელმა კონსტანტინოპოლში დაყო რამდენიმე ხანი და მონასტრის საქმეები მოაწესრიგა: ახალმა იმპერატორმა ბრძანება გამოსცა ათონის ქართველთა სავანეების პრასტინთა (ნავსადგურთა) გაზრდისა და მათზე დიმოსის (ხარკის) გაუქმებისა და სამეფო ოქრო-ბეჭდით დაუმტკიცა. ამავე დროს შეწყდა ქართველი ბერების სასტიკი დევნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, კერძოდ კი ივერონში. ამის შემდეგ მამა გიორგი თავის ლავრაში დაბრუნდა, სადაც დიდი სიხარულით შეხვდნენ.

* * *

სამონასტრო ზრუნვამ გიორგი ერთიანად შთანთქა, სხვა საქმისათვის მას თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა; მაშინ მიხვდა, რომ ღვთისგან მონიჭებული მისი ტალანტი - ღვთივსულიერ წიგნთა თარგმნა - წინ არ მიდიოდა. ამის გამო გამოეთხოვა წინამძღვრობას და შენდობა ითხოვა მთელი საძმოსაგან. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ფეხებში ჩაუვარდნენ, - არ მიგვატოვოო, მაგრამ მათ ნებას არ დაჰყვა. ისე გამოვიდა მონასტრიდან, რომ არც ფული, არც სხვა რაიმე ნივთი წამოუღია მონასტრისა. წიგნებიც, რომლებიც ეთარგმნა, როგორც დეკანოზობაში, ისე წინამძღვრობაში, ყველა ეკლესიას დაუტოვა... მამა გიორგი ორჯერ გამოიქცა მონასტრიდან. პირველი გამოქცევის მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდა წინამძღვრობა, არამედ სურდა განმარტოებითი, მყუდროებითი ცხოვრება, და შფოთსა და ამბოხებას გაურბოდა. ამიტომაც ყველასაგან ფარულად გაიქცა და შავ მთაზე მივიდა.

გიორგი დაყუდებულმა გიორგის მონასტრიდან გამოქცევა არ მოუწონა და დაადანაშაულა სამწყსოს დატოვების გამო. გაახსენა მაცხოვრის სიტყვები, რომლითაც იგი პეტრეს მიმართავდა: "თუ გიყვარვარ, დამწყსე ჩემი ცხვრებიო" (ინ. 21:17). ამის გამო თავისი მოძღვრის ბრძანებით, ისევ მთაწმინდასვე დაბრუნდა მამა გიორგი. საძმომ აიძულა, კვლავ დარჩენილიყო წინამძღვრად. რამდენიმე ხანი დაყო ამ თანამდებობაზე.

ამის შემდეგ ბერი მეორედ წავიდა ივერონიდან - ამჯერად უკვე წმინდა წიგნების თარგმნის მიზეზით. ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ჯერ კიდევ იქ მყოფი მარიამის, ბაგრატის დედის, დახმარებით იმპერატორისაგან ნებართვა აიღო და შავ მთაზე წავიდა, სადაც წიგნების თარგმნას შეუდგა.

ქართული ეკლესიის საქმეთა დადებითად გადაჭრა, რომელიც წარმოადგენდა 1054-1057 წლების მოლაპარაკებათა მიზანს, შეუძლებელი იყო ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოთა გარეშე. ამიტომაც გადაწყვეტილა ანტიოქიასა და იერუსალიმში მარიამ დედოფლის გამგზავრება. ანტიოქიაში ჩასული დედოფალი მამა გიორგისთან ერთად შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს - პეტრე III-ს. დედოფალს ხელთ ჰქონდა ბრძანება იმპერატორისა, რათა მას ღირსეულად შეხვედროდნენ და შემდგომ იერუსალიმში გაემგზავრებინათ. ეს ბრძანება ეხებოდა როგორც ანტიოქიის პატრიარქს, ისე სირიის გამგებელს, მაგრამ აღმოსავლეთში ქრისტიან მომლოცველთა მოგზაურობა იმდენად სახიფათო გამხდარა სარკინოზთაგან, რომ გიორგი ათონელს გადაუთქმევინებია დედოფლისათვის განზრახვა. დედოფალი, მართალია, შეწუხდა, მაგრამ ღვთის ნებას წინ ვეღარ აღუდგა. მაშინ სთხოვა წმინდა ბერს (გიორგის), შეეწყალებინა მისი სული, როგორც ადრე და მისი ცხონებისათვის იმით ეზრუნა, რომ, რადგანაც თვითონ ვერ ეღირსა წმინდა და თაყვანისსაცემ ადგილებში წასვლას, მის ნაცვლად გიორგის წაეღო მისი შესაწირავები იერუსალიმში და გაენაწილებინა წმინდა ქალაქსა და მის მიდამოებში არსებულ მონასტრებში მცხოვრებ გლახაკთა და დავრდომილთათვის. ბერს ემძიმა ეს საქმე, რადგანაც წმინდა წიგნთა თარგმნას მოსცდებოდა, მაგრამ დედოფლის სულის საცხონებლად აიღო მისი გამზადებული მდიდრული შესაწირავი და ერთი მოწაფის თანხლებით იერუსალიმისაკენ გაემართა.

მან მშვიდობით მოილოცა წმინდა ადგილები, ღმერთშემოსილი მამების ლოცვა-კურთხევაც მიიღო და შეწირულობანი გლახაკებს, გაჭირვებულებსა და ეკლესია-მონასტრებს გაუნაწილა. იმ დროს მამა გიორგი-პროხორე შავშელი იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა და გიორგი მასაც დიდად შეეწია. პროხორემ სთხოვა, რომ უკვე თარგმნილი წიგნები მონასტრისათვის გაეგზავნა, რაც მაშინ არ მოხერხდა, მაგრამ გიორგის მოწაფეებმა მისი ნება აღასრულეს და "თვენი" და "მარხვანი" ჯვრის მონასტერს გადასცეს. წმინდა ბერმა ყველა საეკლესიო საკითხი მოაგვარა და ანტიოქიის საპატრიარქოში დედოფალთან დაბრუნდა. საეკლესიო საკითხთა მოგვარებამ ღვთისმსახური დედოფალი გაახარა. ეს ნიშნავს, რომ ქართულ-ბიზანტიურ საეკლესიო დაპირისპირებას მისი მცდელობით საფუძველი გამოეცალა. ასევე წარმატებით დასრულდა ბაგრატის მოლაპარაკებები კონსტანტინოპოლში, რითაც ორ მართლმადიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოგვარებას მტკიცე საფუძველი ჩაეყარა. მარიამ დედოფლის შემდგომი მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ გვაქვს. სავარაუდოდ, შემონაზვნებული დედოფალი საქართველოს რომელიმე დედათა მონასტერში დამკვიდრდა. იგი იხსენიება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში.

იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მამა გიორგიმ მოიცალა "ყოვლისა ზრუნვისაგან" და უფრო ბეჯითად შეუდგა წიგნების თარგმნას, არა მარტო შავ მთაზე, არამედ ულუმბოზე, ანტიოქიაში, სვიმეონწმინდაში, კალიპოსში და სხვა ადგილებში, სადაც უხდებოდა ყოფნა. უმეტესობა წიგნებისა, ღამით თარგმნა. შეუსვენებლად თარგმნიდა და თავის კანონს დაუბრკოლებლად აღასრულებდა. არასოდეს აძლევდა თავის თავს მოსვენებას: მან თარგმნა:

1. ისეთი საეკლესიო წიგნები, რომლებიც მანამდე ქართულად თარგმნილი არ ყოფილა.

2. უკვე ნათარგმნი და ხმარებისაგან "განრყვნილი განუწმედია და გაუსუფთავებია".

3. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ დაწყებული და დაუსრულებელი, ან მოკლედ ნათარგმნი წიგნები ვრცლად და სრულად უთარგმნია.

4. ადრე ნათარგმნი წიგნები ბერძნულისათვის შეუდარებია და ყოველივე ნაკლისაგან გაუწმენდია.

საეკლესიო მწერლობის არც ერთი დარგი არ დარჩენილა გიორგი მთაწმიდელის ყურადღების გარეშე. მან თარგმნა ბიბლიის წიგნები, ეგზეგეტიკური, ლიტურგიკული, ჰაგიოგრფიული, ჰომილეტიკური ლიტერატურა.

საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად გიორგი მთაწმინდელი სამშობლოში ბრუნდება

ბაგრატ მეფემ გაიგო, რომ გიორგიმ დაასრულა საღვთო წიგნთა თარგმნა, და შავი მთის ყველა მონასტერმა გადაიწერა ისინი. ქართლის ეკლესიები კი ჯერ კიდევ განიცდიდნენ გიორგის მიერ თარგმნილი წიგნების ნაკლოვანებას. შავ მთაზე მყოფი მამა გიორგი მეფე ბაგრატმა საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად მიიწვია. მას საქართველოში დაბრუნებას ევედრებოდნენ, ასევე კათალიკოსი და მღვდელმოძღვრები.

ბაგრატ მეფემ და დედამისმა, მარიამ დედოფალმა ბევრჯერ მისწერეს მამა გიორგის: "წმინდაო მამაო, მანდ, შავ მთაზე, ცოტაა ჩვენი მონასტრები, რადგან უცხო ქვეყანაა. ჩემი სამეფო კი ვრცელია, დიდი და მაღალი, სამღვდელმოძღვრო (ე. ი. საკათედრო) ეკლესიები და მონასტრები ფრიად მრავალია და დიდებული. ღმერთმა უწინამძღვროს თქვენს სიწმიდეს, რომ გაისარჯო და მობრძანდე აქ, რათა ვიკურთხოთ თქვენ მიერ და განვნათლდეთ, ჩვენი ეკლესიები კი აივსონ თქვენი ღვთივსულიერი და სულთა-განმანათლებელი წიგნების მდინარით". მამა გიორგიმ ქართლში წასვლაზე უარი თქვა, რადგან გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს, თან იმისიც ეშინოდა, ვაითუ მღვდელმოძღვრად დამადგინონო. ამიტომ არ თანხმდებოდა სამშობლოში გამგზავრებას, სანამ ბაგრატ მეფემ თავისი ხელით ოფიციალურად არ აღუთქვა, "შენი უნებური არაფერი შეგემთხვევაო". მისწერა აგრეთვე: "წმინდაო მამაო, არა მარტო წიგნთათვის ვცდილობ, რომ განათლდნენ ჩვენი ეკლესიები, არამედ რათა თვით მეც განვნათლდე თქვენი ხილვით, და თქვენს ხელებს ჩავაბარო ჩემი სული, და თქვენი სიწმინდის მიერ დაიმწყსონ და განისწავლონ ჩემი ძე და სხვა ყველა ახლობელი".

გიორგის სურდა გაეგო, იყო თუ არა მისი ქართლში გამგზავრება ღვთის ნება. ამისათვის ისევე მოიქცა, როგორც მსგავს შემთხვევებში წმინდა მოციქულები. ასეთი ჩვეულება არსებობდა: როდესაც რაიმე საქმეზე სურდათ გულისდაჯერება - არის თუ არა ეს საქმე ღვთის ნებაო, წილს ჰყრიდნენ შემდეგნაირად: დაწერდნენ წილს და საკურთხევლის ქვეშ დადებდნენ. მღვდელი ჟამს სწირავდა და ამის შემდეგ რომელი წილიც ამოვიდოდა, ის დამტკიცდებოდა. ასე მოიქცა გიორგი ამჟამადაც, და ამით დაიჯერა, რომ ღმერთს სურდა მისი გამგზავრება. გაუგზავნა მეფეს წერილი, სადაც მისი ნების დამორჩლებას აუწყებდა.

მეფემ წმინდა ბერის საქართველოში ჩამოსაყვანად ანტიოქიაში ღირსეული კაცი, იოანე გაგზავნა და სახედრები და ძვირფასი განძეულიც გაატანა (საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ იოანეს გიორგი მთაწმინდელის ინიციატივით ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი ჯერ კიდევ ერისკაცი, აქტიურად მონაწილეობდა საერო და სასულიერო ცხოვრებაში). სამშობლოში გამომგზავრების წინ მამა გიორგიმ და მისმა თანამგზავრებმა (მათ შორის მისი მოწაფეებიც იყვნენ) წმ. სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის სამარხთან ილოცეს. საგულისხმოა, რომ თხზულების ავტორი, გიორგი მცირე, შავ მთაზეც თან ახლდა თავის მასწავლებელს, ბერ გიორგის და ასევე, ქართლში გამგზავრებისას თან უნდა ხლებოდა მას, სხვა მოწაფეებთან ერთად. მდინარე ევფრატთან მისულებმა შეიტყვეს, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი და საბერძნეთის დიდი ნაწილი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მიმოსვლას აკონტროლებდნენ. ამის გამო მთების, ქედებისა და ტყე-ღრეების გადალახვა დასჭირდათ, ვიდრე სანაპირო ქალაქ სამისონამდე (სამსუნამდე) მიაღწევდნენ და ძლივს გადაურჩნენ ტყვედ ჩავარდნას. იქიდან ფოთამდე ნავით ჩავიდნენ, ფოთიდან ქუთაისამდე, აფხაზეთის მაშინდელ დედაქალაქამდე, სახედრებით.

ბაგრატ მეფემ მამა გიორგის ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო, თავისი მწიგნობარი (მდივანი) გამოგზავნა, რათა დიდი პატივით წაეყვანა წმინდა მამა. გზაზე ბერებს ქუთათელი მღვდელმოძღვარი ილარიონიც ეახლათ, რომელიც ბოლოს მამა გიორგის მოწაფე გახდა.

ქართლში მეფე ნანატრ სტუმრებს მიეგება, გახარებული ამბობდა: "კურთხეულია ღმერთი, აჰა, დღეს იქმნა ცხოვრება ჩემი სამეფოსი, რადგან ვიხილე ახალი ოქროპირი". მეფესთან ერთად დიდებულებიც გახარებული იყვნენ და ღმერთს ჰმადლობდნენ და ამბობდნენ: "კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგვივლინა ამგვარი კაცი ჩვენი სულების საცხონებლად". მთელ სამეფოში დიდი სიხარული იყო.

იმ დღეებში მეფემ დიდი წარმატება მოიპოვა. ღვთის შეწევნით, შეიპყრო თავისი მოწინააღმდეგენი აბათაისძენი, რომელთა შესახებაც ყველამ დანამდვილებით იცოდა, რომ მეფის შეპყრობა ჰქონდათ განზრახული. ისინი იყვნენ ძლიერი და ახოვანი ვაჟკაცები, თავისი მკლავის ძლიერებით გაამაყებულნი და უამრავ ხალხზე აღზევებული. ხუთივენი ერთად შეიპყრო მეფემ, ისე იოლად, თითქოს უძლური და ჩვილი ყრმები ყოფილიყვნენ. ბერმა გიორგიმ მიულოცა მეფეს გამარჯვება. მეფე მორწმუნე და ღვთისმსახური იყო. ამიტომაც უთხრა ბერს: "ჰოი, წმინდაო მამაო, ჩვენი გამარჯვება არ მოხდებოდა თქვენი ლოცვისა და მადლის გარეშე, რადგანაც ბევრჯერ დავაპირე ეს საქმე, მაგრამ ხელი არ მომემართა. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს გამარჯვება შენი მოსვლის მადლით აღსრულებული სასწაულია, და ამიერიდან ჩემი მეფობა წარმატებული იქნება შენი ლოცვის ძალით".

მეფემ უამბო ბერს, თუ რას განიზრახავდნენ მისი მტრები, და თუ როგორ უმზადებდნენ მას ბოროტებას. ამის შემდეგ ღვთისმსახურმა მეფემ მოაგროვა იმ დროის შესაფერისი საქმეები, და რადგან ზამთარი იყო მოახლოებული, ჩვეულებისამებრ, აფხაზეთში წავიდა და ბერსაც შესთავაზა იქ წასვლა გამოზამთრებისა და მოსვენებისათვის. მამა გიორგი მოწაფეებთან და ბაგრატ მეფესთან ერთად გაემართა ჭყონდიდს. მეფემ აფხაზეთისაკენ გზა განაგრძო, მამები კი ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა არ გაუშვა და თავისთან დაიტოვა, რადგან იგი ბერის (გიორგის) მოწაფე იყო.

გიორგიმ და მისმა მოწაფეებმა ზამთარი იქ გაატარეს. გაზაფხულზე, როდესაც მეფე ქართლში დაბრუნდა, კვლავ მოიხმო ბერი და საცხოვრებლად და დასასვენებლად მშვენიერი ადგილები და დიდებული მონასტრები მისცა; ჯერ ნეძვი (ქართლში), მცირე ხნის შემდეგ კი - შატბერდის დიდებული ლავრა კლარჯეთში.

შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მეფე ერთ დღესაც არ ისურვებდა ბერისაგან (გიორგისაგან) განშორებას. იგი ვერ ძღებოდა მოძღვრის სიტყვებით, რომლებიც თაფლზე უტკბილესი იყო, და ასე ეუბნებოდა: "წმინდაო მამაო, იმისთვის გავსარჯეთ თქვენი სიწმინდე, რომ სავსებით აღმოფხვრა ჩვენი სულებიდან ყოველი ნაკლოვანება და უწესო ცთომა. დაფარული - დაფარულადვე გვამხილე, ხოლო ცხადი - პირუთვნელად განგვიმარტე. რასაც შენი მოძღვრება მიბრძანებს, ყოველივეს ისე მივიღებ, როგორც წმინდა მოციქულის პირისაგან გამოსულს".

მეფემ მოიყვანა თავისი ვაჟი, გიორგი უფლისწული, მისი ხელი მოძღვარს ჩაუდო ხელში და უთხრა: "აქ (ამქვეყნად) ჩაგაბარებ ამ ყრმის სულს, ხოლო იქ (ღმრთის წინაშე) - მოგთხოვ". მან დალოცა იგი და უთხრა: "ღმერთმა ორივე ცხოვრებით (სულიერით და ხორციელით) ადიდოს იგი მის მიმართ მოშიშებაში, როგორც დიდი კონსტანტინე, და დაუმორჩილოს ყოველი მტერი".

მოძღვარმა დაუწერა და მისცა მას შესაფერისი ღვთივსულიერი სწავლანი და მცნებები, რათა უწესო ადამიანებს რაიმე სიმრუდე და სიმახინჯე არ ესწავლებინათ მომავალი მეფისთვის. უფლისწულმა სიხარულით მიიღო სწავლა და ისე შეუდგა მოძღვარს, როგორც საყვარელი შვილი - კეთილ მამას, და ერთგული მოწაფე - თავის მასწავლებელს.

წმ. მამამ დაიწყო დიდებულთა და მდაბალთა, საეროთა და სამღვდელოთა მიერ ჩადენილ უწესობათა გამოაშკარავება. ამხილა თვით მეფე, რომ არ გაეყიდა საეპისკოპოსოები. გამოარჩია სასულიერო პირთაგან ღირსნი და ისინი დაადგინა ეპისკოპოსებად.

გიორგი მთაწმინდელმა საქართველოს რელიგიურ-კულტურულ ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა. მან დააწესა: 1. ხელი აეღოთ საეკლესიო კათედრების გაყიდვაზე; 2. საეკლესიო თანამდებობებზე დაენიშნათ ღირსეული პირები; 3. სამართალი არ გაემრუდებინათ ვინმეს სასარგებლოდ; 4. ეკლესიებში არ დაეგროვებინათ სიმდიდრე; 5. განეკითხათ გლახაკნი, უღონონი და დავრდომილნი.

მღვდლებსა და დიაკონთ ასწავლიდა, მორჩილი ყოფილიყვნენ თავისი ეპისკოპოსისა, მიკერძოებულად არავისთვის მიეცათ მაცოცხლებელი ხორცი და სისხლი ქრისტესი, და ისე ემოქმედათ, როგორც ბრძანებენ მოციქულთა და მამათა მიერ დადგენილი კანონები.

მონაზვნებსა და მოწესეებს, და აგრეთვე მთელ ხალხს მათთვის შესაფერისი სწავლით განანათლებდა. უსწავლელთ ასწავლიდა, სწავლულთ - უკვე ნასწავლს ახსენებდა, მდიდრებს მიუთითებდა გლახაკთა მოწყალებას, გლახაკებს - მოთმინებას ასწავლიდა, თანაც მოწყალებით ისტუმრებდა; დაცემულებს აღადგენდა, დასაცემად განწირულებს - აძლიერებდა; მტრის (ე. ი. სატანის) უხილავი ისრით დაჭრილებს კურნავდა.

80 ქართველი ობოლი ბავშვის მამობილი

საქართველოში ჩამოსულ გიორგის თვალწინ საშინელი სურათი წარმოუდგა: შიმშილობა, რომელმაც მრავალი სული იმსხვერპლა, ახალი გადავლილი იყო, ხოლო ვინც გადაურჩა, გაჭირვებით გაჰქონდა თავი და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. იხილა რა თავის ერზე მოწევნული ასეთი განსაცდელი, ბერმა მწუხარებით წარმოთქვა: "ჰოი, რისთვის მოვაღწიე ამ ქვეყანაში, ასეთი ბოროტების სანახავად?"

აღმოსავლეთ საქართველოში შიმშილმა და გაჭირვებამ იმ ზღვარს მიაღწია, რომ ობლად დარჩენილი ბავშვებისა და მოზრდილების დამხმარეც კი არავინ ჩანდა. მამა გიორგი ვითარებას არ შეუშინდა და თავის მშობლიურ მხარეში, სამცხე-თრიალეთში ჩავიდა; ახალქალაქში დაიბანაკა და ნათესავებისა და ძველი ნაცნობების მონახულებას შეუდგა, მაგრამ სიხარულის ნაცვლად მის სულსა და გულს ნაღველი და მწუხარება დაეუფლა, რადგან ყოველ ნაბიჯზე ცრემლსა და უბედურებას ხედავდა. ამის გამო მან ყველაზე გაჭირვებული ოჯახის ბავშვების შვილად აყვანა გადაწყვიტა და მათზე მზრუნველობა თვითონ იკისრა. პირველად თავისი ნათესავები მოძებნა, ორი დისწული და მათი შვილები. სხვები ქალაქებიდან და სოფლებიდანაც შეკრიბა, ზოგი უდაბური ადგილებიდან, ხოლო სხვები მონობიდან დაიხსნა. ზოგი ისეთი პატარა იყო, მარჯვენას მარცხენისგან ვერ არჩევდა. ზოგი წამოზრდილები იყვნენ, სხვები ყრმობის ასაკში, ზოგიც სიჭაბუკის ასაკისანი, ასევე მოწიფულები და ხნიერებიც, რომლებიც თვითონ მივიდნენ მასთან, ზოგიერთი მშობელმა თუ მეურვემ მიიყვანა.…წმინდა მამამ სულ 80 ობოლი ბავშვი შეკრიბა. მათ აღზრდას სხვა მოძღვრებს, ან თანაშემწეებს კი არ ანდობდა, არამედ შეუსვენებლად ასწავლიდა, ასაკის მიხედვით. ღირს მამას მათი შეკრების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი და მთავარი იყო სათნოება, რომელიც გაჭირვებაში ხელის გაწოდებას გულისხმობს, ხოლო მეორე, მაგრამ არა მეორეხარისხოვანი, ქართველთა შორის მწიგნობართა და განათლებულთა რიცხვის გაზრდას ითვალისწინებდა, რადგან ყრმა, "ვითარცა სანთელი საბეჭდავს", ისე იღებს სწავლა-განათლებას და მის მიერ თარგმნილ წიგნებს წამკითხავი ხომ უნდა ჰყოლოდა?! და ბოლოს: მესამე მიზეზი იყო ათონის ქართველთა მონასტერში მგალობელ ბერთა და მოღვაწეთა გამრავლება. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა შორს იყო, განათლებული ქართველები ცოტანი მიდიოდნენ და დიდებული ლავრა განიცდიდა განსწავლული ბერების უკმარისობას.

მამა გიორგიმ არა მხოლოდ სასწავლებელი (სკოლა-პანსიონი) დააარსა, რომელშიც იმ ოთხმოცის გარდა, სხვა ბავშვებიც სწავლობდნენ. არამედ იქვე მუშაობდა სკრიპტორიუმი, რომელშიც მის მიერ ნათარგმნი წიგნები გადაიწერა და ქვეყნის განაპირა მხარეებშიც კი დაიგზავნა. მან ძველი საეკლესიო პრაქტიკა ახლით, ბიზანტიურით, ჩაანაცვლა, რაც იერუსალიმური ტიპიკონის ("ქართული კანონის") კონსტანტინოპოლურით (აიასოფიას ტიპიკონით) შეცვლაში გამოიხატებოდა (ამ ტიპიკონს შეიცავს მისივე თარგმნილი "დიდი სვინაქსარი"). მან მთელ ქვეყანაში აღხოცა ცრუმორწმუნეობა, უწესობა და უმეცრება და მართალ სარწმუნოებას, წესრიგსა და მეცნიერებას ფართო ასპარეზი მისცა. ასეთ მოღვაწეობაში გავიდა 5 წელი. საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში მას აქტიურად ედგა მხარში იოანე ჭყონდიდელი, რომელიც 1061-1065 წლიდან მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებდა იმ დროისათვის საკმაოდ დაწინაურებელ ჭყონდიდის კათედრას.

მოულოდნელად განსაცდელი უკვე სხვა მხრიდან მოადგა ქვეყანას. საქართველოს საშიში მტერი გამოუჩნდა თურქ-სელჩუკების სახით (მათი პირველი შემოსევები ამიერკავკასიაში დაიწყო XI ს-ის 30-იან წლებში. თოღრულ-ბეგის (1038-1063) დროს მათ დაიპყრეს ირანი, ერაყი, ქურთისტანი და ამიერკავკასიაში შეიჭრნენ. 1048 წ. ისინი სომხეთში გამოჩნდნენ, რომელიც ბიზანტიის სამფლობელოს წარმოადგენდა. თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში საკეისროს ლიპარიტიც ეხმარებოდა. 1055 წ. თურქ-სელჩუკებმა არაბთა სახალიფოს დედაქალაქიც აიღეს, რის შემდეგაც თოღრულ-ბეგმა ხალიფასაგან "აღმოსავლეთისა და დასავლეთის" სულთნის წოდება მიიღო. XI ს-ის 50-იან წლებში სელჩუკებმა სამხრეთ კავკასიაში ყველა მუსლიმური სახელმწიფო დაიმორჩილეს და საქართველოს უშუალოდ დაემუქრნენ. თოღრულ-ბეგს დარჩა მემკვიდრედ გულადი შვილი ალფარსლანი, რომელმაც მცირე აზიაში ბევრი სახელოვანი ომი გადაიხადა, ვერც საქართველო გადაურჩა მის შემოსევას).

1064 წელს "გამოვიდა სულთანი ალფარსლან... შემუსრა კანგარი და თრიალეთი". მარბიელმა რაზმებმა ტაო, შავშეთი, კლარჯეთი და თრიალეთი ააოხრეს. ამ დროს ტაოში ოჯახით მყოფმა ბაგრატ მეფემ ძლივს მოასწრო ქართლში გადასვლა.

მამა გიორგი, თავის ობლებთან ერთად, ჯავახეთში, დაბა ახალქალაქში იმყოფებოდა. უეცრად ჩვენება ჰქონდა და თქვა: "იცოდეთ, რომ ღმრთის რისხვა არის ამ ქალაქზე მოსალოდნელი". მან ბავშვებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სასწრაფოდ დატოვა იქაურობა და აფხაზეთში გადავიდა. მართლაც სამი დღის შემდეგ საშინელი რისხვა მოიწია: ალფარსლანი, თავის ლაშქრითურთ, "წავიდა ჯავახეთს და მოადგა ახალქალაქს". თუმცა ჯავახეთის ახალქალაქი ჯერ კიდევ მთლად არ იყო "ზღუდითა მტკიცითა" გამაგრებული, მაგრამ "მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძონი ძლიერად დგეს". და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. თურქებიც სასტიკად "ჰბრძოდეს სამ დღე". რაკი ქართველებმა იცოდნენ, რომ უზღუდო ქალაქში მტრისათვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლებოდა, ამიტომ ისევ ხელჩართული და პირდაპირი ომი ირჩიეს, გამარჯვება თურქებს დარჩათ. ისინი ქალაქში შევიდნენ და აურაცხელი ქრისტიანი დაატყვევეს. გიორგი მცირე მოგვითხრობს, რომ ამ ქალაქის აღების დროს არა მხოლოდ ახალქალაქის მცხოვრებნი ამოწყვიტეს თურქებმა, არამედ წარჩინებულები, სამეფოს მთავრები და ერისმთავრები ყველა დაიხოცა. ურიცხვი ქრისტიანი ტყვე წაასხეს თურქებმა. ამ მოულოდნელი და საშინელი სისხლის ღვრისა და ქვეყნის დაწიოკების გამო მეფე ბაგრატი დიდ მწუხარებაში ჩავარდა. მაშინ გიორგი მთაწმინდელი ეახლა მეფეს და სულიერი საუბრებით დარდი განუქარვა.

ახალქალაქიდანვე სულთანმა მოციქული მიუგზავნა ბაგრატ მეფეს და დისწული სთხოვა, რომელიც ამავე დროს ძმისწული იყო კვირიკე სომეხთა (ტაშირ-ძორაკეტის) მეფისა. ბაგრატმა სიძე დაიყოლია, რომ სახელმწიფოებრივი მოსაზრებით ასული სულთნისათვის მიეთხოვებინა [1065 წელს ბაგრატმა სამშვილდიდან გარეკა სომეხი ბაგრატუნიანები, ე.წ. კვირიკიანთა დინასტია, რომელიც ლორეში მოკალათდა. შემდგომში ლორე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს. 1118 წ. დავითმა ლორედან თურქ-სელჩუკები გარეკა და საქართველოს დაუბრუნა]. სულთანმა კი ალყა შემოარტყა ბიზანტიელების კუთვნილ ანისს, რომელიც თავგანწირული, მაგრამ უშედეგო ბრძოლის შემდეგ მტერს ჩაბარდა იმ პირობით, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ქალაქის მკვიდრთათვის (ანისში რეზიდენცია ჰქონდა იბერიის თემის განმგებელს, ბიზანტიის გამოჩენილ მხედართმთავარს, სევასტოსსა და დომესტიკოსს, ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენელს გრიგოლ ბაკურიანისძეს. ქალაქის ჩაბარებისათვის იგი, როგორც ჩანს, არ შერისხულა, გადაუყვანიათ ბალკანეთში, სადაც იმპერიის მტრებთან წარმატებული ბრძოლისათვის სამფლობელოებიც მიიღო). სულთანმა ანისის განმგებლად თავისი ერთგული მოხელე მანუჩარ აბულ-ასვარი დანიშნა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანისის მუსლიმი გამგებლების, შადადიანთა დინასტიას, რომლებიც სომეხ მეფეთა მსგავსად, შაჰინ-შაჰის, ანუ მეფეთა-მეფის ტიტულს ატარებდნენ. ანისის ბედით შეშინებულმა ვანანდის სომხური სამეფოს მეფემ იმავე წელს ციხე-ქალაქი კარი (ყარსი) და მთელი თავისი სამეფო ბიზანტიას დაუთმო.

* * *

გიორგი ათონელი სამცხიდან წასვლას არ ჩქარობდა, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა. ცრემლით და ალერსით გამოემშვიდობა ბაგრატ მეფეს და თანამემამულეებს მამა გიორგი და ზღვით კონსტანტინოპოლისაკენ გაემართა; თან ოთხმოცდათხუთმეტივე შვილობილი იახლა. მეფეს გაუჭირდა წმინდა ბერთან განშორება. მთავრებმა, ეპისკოპოსებმა და ერმაც მრავალი ცრემლი დაღვარა, მაგრამ რახან სხვა გზა აღარ იყო, მეფემ კეისართან, კონსტანტინე X დუკასთან (1059-1067 წ.) წერილი გაატანა და თავისი ხარჯითა და საფასით წარგზავნა.

სწორედ ამ დროს კონსტანტინე X დუკამ საქართველოში თავისი წარმომადგენელი არონი გამოგზავნა და ბაგრატს ასული, მართა, თავისი ძის, მიქაელის საცოლედ სთხოვა. ბაგრატმა მართა შესაფერი ამალით გაგზავნა კონსტანტინოპოლში. მართას მიჰყვებოდა ბებია - მარიამი, ნეტარი ბერი პეტრე პატრიკ-ყოფილი, მისი ძმა იოანე ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, სვინგელოზი, იოანე ბედიელი და მრავალი სხვა წარჩინებული. მაშინ მარიამ დედოფალმა გაახსენა ბერს ცხრა წლის წინანდელი: "აჰა, მამაო! აღესრულა წინასწარმეტყველება შენი მართას ზედა". მართას უფლისწულთან დაქორწინების შემდეგ მარიამი უწოდეს.

გიორგი მთაწმინდელი, თავის ობლებთან ერთად, ნავით გაემგზავრა და მრავალი ღელვა-განსაცდელის გადატანის შემდგომ 1065 წლის ივნისის შუა რიცხვებში სამეფო ქალაქში მივიდა. იმპერატორს ამცნეს მამა გიორგისა და მისი ობლების ჩამოსვლის ამბავი და მანაც მეორე დღეს სამეფო დარბაზში დიდი აუდიენცია მოაწყო და უაღრესი პატივისცემით მიიღო. მამა გიორგიმ, სამეფო წესისამებრ, თაყვანისცა, შეაქო, დალოცა და აკურთხა. კონსტანტინე დუკამ ბერის ღვთივსულიერ სახეს რომ შეხედა და მოისმინა მისი მდაბალი და მოკრძალებული საუბარი, მოიხიბლა მისი განსწავლულობით და სიხარულით წარმოთქვა: მადლობელი ვარ ბაგრატ მეფისა, რომ ანგელოზებს მიმსგავსებული კაცი გამომიგზავნა, ეროვნებით ქართველი კი არის, მაგრამ ზნე-ჩვეულებები მთლიანად ჩვენებური აქვს შეთვისებულიო. მან წაიკითხა ბაგრატ IV-ის გამოგზავნილი წერილიც, სადაც გიორგის, ყოველთა ქართველთა მოძღვარს, უსხეულო ძალებს ადარებდა და სთხოვდა, კეთილად შეიწყნარეო. მაშინ უფრო გასაგები შეიქნა კეისრისთვის გიორგი ბერის ღირსება, დიდი პატივით მოიკითხა და უთხრა: რასაც მთხოვ, შეგისრულებო.

იმ დროს სამეფო დარბაზობას ესწრებოდა მრავალი წარჩინებული პირი, რომაელი დიდებულები და ყარსის (ვანანდის) სომხური სამეფოს მეფე გაგიკი თანმხლებ პირებთან ერთად. იმპერატორმა ბერს გამოკითხვა დაუწყო მართლმადიდებელთა შჯულის შესახებ. სახელდობრ, ჰკითხა: "არის თუ არა რაიმე განსხვავება თქვენს სარწმუნოებასა და ბერძენთა სრულ და უცთომელ სარწმუნოებას შორის?"

წმინდა ბერმა ისე ამაღლებულად წარმოთქვა მართალი სარწმუნოებრივი აღსარება ქართველი ერისა, რომ გააკვირვა მეფე და ყოველი მისი მთავარი. ბოლოს უთხრა მეფეს: "ესაა ჩვენი ერის მართალი სარწმუნოება. მას შემდეგ, რაც ერთხელ შევიმეცნეთ და მივიღეთ იგი, აღარ გადაგვიხვევია მისგან არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, და არც გადავიხრებით, თუ ღმერთი ინებებს".

მეფეს გაუკვირდა, რომ გაიგო, არღა მივდრეკილვართო, რადგან საბერძნეთში ხშირად ხდებოდა მწვალებლობისაკენ გადახრა, თვით მეფეებისა და პატრიარქებისაც კი, შემდეგ იმის განმარტება ითხოვა, თუ რატომ განსხვავდებოდა რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკა საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებში არსებული წესისაგან და უთხრა: მე სამხედრო საქმეში განსწავლული კაცი ვარ და რადგან მეფობის კვერთხი მიპყრია, ამიტომ უპირველესად მე ვარ ვალდებული, მართლმადიდებლობა გამოვიძიო და დაზუსტებით ვიცოდე, რა განსხვავებაა ბერძნებსა და რომაელებს შორის. რა არის ეს, რომ ჩვენ აფუებული პურით ვწირავთ და ზედაშეს წყალს ვურევთ, ხოლო რომაელები ხმიადით და უწყლოდ წირავენ? ძალიან მიკვირს, რომ ასე ეწინააღმდეგება ჩვენი წესები ერთმანეთს. განგვიმარტე და გაგვაგებინე, წმინდაო მამაო.

მაშინ ბერმა უპასუხა: "ჰოი, მეფეო, რადგანაც თავდაპირველად მრავალი მწვალებლობა შემოვიდა ბერძენთა შორის, და მრავალგზის გადაიხარნენ მართლმადიდებლობიდან, ამიტომაც თქვენს მსგავს ღვთისმსახურ მეფეთა ბრძანებით, წმინდა კრებები გაიმართა და დაწვრილებით გამოიკვლიეს ქრისტე ღვთის განგებულებისა და ხორციელად გამოჩენის საკითხები. უფლის ხორცის (სხეულის) შესახებ გამოძიებით დადგენილ იქნა და განწესებულ, რომ ცომით გამოვსახავდეთ ქრისტეს ხორცს, ხოლო პურის ცომით - მის გონიერ სულს, ხოლო მარილით - მის გონებას, ურჯულო აპოლინარის მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, რომელიც ქრისტეს სხეულს უსულოდ და უგონებოდ მიიჩნევდა, თავადვე უგუნური და უსულო! ხოლო ღვინოში წყალს ვურევთ იმ სისხლისა და წყლის აღმნიშვნელად, რომელიც მხსნელის გვერდიდან გადმოვიდა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს. ასეთია განმარტება და მიზეზი ამ საქმისა.

ხოლო რომაელნი, მას შემდეგ, რაც ერთხელ შეიმეცნეს ღმერთი, აღარასოდეს გადახრილან და არც რაიმე მწვალებლობა გაჩენილა მათ შორის. და, როგორც მოციქულთა მეთაურმა პეტრემ შეწირა უსისხლო მსხვერპლი, უფრო მეტიც - როგორც თვით უფალმა იესუ ქრისტემ სერობის ღამეს მოწაფეებს განუტეხა პური, ასე აღასრულებენ ისინი. და ამ წესებს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ოღონდ სარწმუნოება მართალი იყოს".

რომაელმა მთავრებმა, რომელთაც ეს მოისმინეს, დიდად გაიხარეს, რადგან ამ საკითხზე მანამდეც ჰქონიათ მეფესთან საუბარი, და უსწავლელობის გამო მეფის საპასუხოდ ვერაფერი უთქვამთ. მათ წმინდა ბერს შესთავაზეს, - წმინდა პაპის წინაშე წარგადგენთო.

მეფემ ბერს სომეხთა სარწმუნოების შესახებაც ჰკითხა: "აქვთ თუ არა მათ რაიმე საერთო ქრისტიანებთან?" წმინდა მამამ მოკლედ მიუგო: "ამ ბოროტი სარწმუნოების ხსენებაც კი არ შეიძლებაო", და სომეხი მეფეები ყველას წინაშე სირცხვილით აავსო.

იმპერატორმა ძალიან გაიხარა და მადლობა შეწირა ღმერთს, და დიდი ქება მიუძღვნა ნეტარ მამას თავის მთავართა და წარჩინებულთა წინაშე, და აღნიშნა, თუ რა მაღალი და ძნელად მისახვედრი საკითხები განუმარტა მან ასე მოკლედ და ადვილად, და თავად რა დიდი სულიერი სარგებელი მიიღო ბერის ხილვითა და მასთან საუბრით.

* * *

იმპერატორთან სტუმრობის მეორე დღეს, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე (ძვ. 24/VI-ახ.7/VII) გიორგი მთაწმინდელი სტუდიის მონასტერში წაბრძანდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა თავს თაყვანის-სცა და უფლის ცხოველმყოფელ საიდუმლოს ეზიარა. გზაში მან შეუძლოდ იგრძნო თავი, მაგრამ ბერებმა იფიქრეს, რომ გადაღლის ბრალი იყო, რადგან ასეთი ჩვეულება ჰქონდა, წმინდათა წინაშე სალოცავად ყოველთვის ქვეითად მიდიოდა ხოლმე. სამი დღის შემდეგ, წმინდა მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს დღესასწაულის წინა დღეს, გიორგიმ ბრძანა, რომ ობლები მოემზადებინათ იმპერატორთან წარსადგენად. "თუ დღეს არ ვნახავთ მეფეს, ხვალ ამას ვეღარ შევძლებთო", - ჩქარობდა ბერი. როდესაც კეისარმა და მისმა სამმა შვილმა იხილეს ობლები, ყველანი საბეჭურით და სამონაზვნო წესით შემოსილები, გაუკვირდათ მათი სიმრავლე და მცირე ასაკი. კეისარმა შეაქო გიორგი: "დიდი და მაღალი საქმე გიქმნია, ნეტარო მამაო, რომელსაც ჩვენს დროში სხვა ვერ შეძლებდა". მაშინ ბერმა გადასცა წერილობითი თხოვნა და უთხრა: "წმინდაო მეფეო, ეს ობლები აღმოსავლეთში შევკრიბე და სახელი ღვთისა ვასწავლე, ახლა კი თქვენი მეფობის წინაშე მომიყვანია; როგორც ჯეროვნად მიიჩნიო, ისე აღზარდე ესენი და შეიწყალე, რათა თქვენი სულისათვის და თქვენი შვილების მზეგრძელობისათვის მლოცველნი იყვნენ. ღვთის შემდეგ შენს ხელთ ვაბარებ ამ ობლებს, მე კი ამიერიდან ვეღარ მიხილავთ". მეფემ სთხოვა გიორგის, რომ ობლებისთვის ჟამნობა ეთქმევინებინა, მანაც სვიმეონ მოხუცებულის განტევების ლოცვა ათქმევინა: "აწ განმიტევე მონა შენი, მეუფეო" და ამ გალობით განაცხადა თავისი ამქვეყნიდან განსვლა. მაშინ ვერაფერს მიხვდნენ, მაგრამ, როცა გარდაიცვალა, ყველას აეხილა თვალი; გაიღვიძეს, თითქოს მძინარენი ყოფილიყვნენ; და ღმერთს ჰმადლობდნენ, რომ თავის წმინდანს მიცვალების ჟამიც არ დაუფარა. კეისარმა გალობა რომ მოისმინა, მადლობა გადაუხადა ბერს და უთხრა: "კარგად განგისწავლია, კეთილო ბერო, შენი შვილები ბერძნული ჰანგებით" და ბრძანა, დაესაჩუქრებინათ ობლები, შემდეგ კი დაჰპირდა, რაც შენს თხოვნაში წერია, ყველაფერს აგისრულებო და ათონის ქართველთა სავანის ხელშეუხებლობა ოფიციალურად დაუდასტურა. მაშინ ყველანი გამოემშვიდობნენ მეფეს, ხოლო "ბერი აღხდა სახედარსა ზედა, ვითარცა ყოვლად უვნებელი" და მივიდა თავის სამყოფელში, ივერონის მეტოქში - ქსელონში (ივერთა მონასტერს მთელ მსოფლიოში ასზე მეტი მეტოქი, მასზე დაქვემდებარებული ეკლესია ჰქონდა). მწუხრი ილოცეს და რადგან მამა გიორგი კვლავ უძლურებამ შეიპყრო, მიწვა საწოლზე და ყველა დაითხოვა. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვაზე თვითონ განაგებდა ყოველ წესს და რიგს: ზოგი ტაძარში გაუშვა სალოცავად, ზოგიც მასთან დარჩა. ჩვეულებისამებრ სანთელი აანთეს, საკმეველი აკმიეს და მესამე ჟამი ილოცეს. როცა სახარება დაასრულეს, ბერებს ჯვარი გადასახა და წარმოთქვა: "დიდება შენდა, უფალო!" შემდეგ საწოლზე გასწორდა: სანატრელი ხელები, რომელთაც ღვთისმსახურებისათვის მრავალი ეღვაწათ, უმანკო და უბიწო გულზე გადაიჯვარედინა, მცირედ ოფლმა დაასხა, რომელიც მრავალჯერ დაუღვრია უფლის სამსახურში, პირჯვარი გადაიწერა, რომელიც მარად სასოდ და ზღუდედ ჰქონდა, კვლავ დაიდო მარჯვენა ხელი გულზე და აღსასრულის ჟამს თქვა: "შენს ხელთ ვაბარებ, უფალო, ჩემს სულს". აღმოიფშვინა და მისცა თავისი უბიწო სული წმინდა ანგელოზებს, 1065 წელს, პეტრე-პავლობას.

საშინელი გლოვის დღე დაუდგათ მის სულიერ შვილებს, რომელთაც მზრუნველი მამა დაკარგეს და ერთ წუთში უწინამძღვროდ დარჩნენ. მამასა და მოძღვარს ეძახდნენ და საბრალობელი ხმით დასტიროდნენ: "ვაი ჩვენდა, ვაი ჩვენდა, ჰოი, წმინდაო; სანამ ჩვენთან იყავ, ღამეებიც ნათელი იყო ჩვენთვის; ახლა კი, როცა განგვეშორე, დღეებიც ღამეებად გვექცნენ.

როდესაც კონსტანტინე კეისარს მოახსენეს: ის ბერი გარდაიცვალა, გუშინ შენ რომ გევედრებოდა თავისი ობლების შეწყალებას, დღეს კი თვით არის უფლის წინაშე წარმდგარი და შენთვის ევედრება მასო, განცვიფრდა და მოითხოვა ბერის დატოვებული წერილობითი თხოვნა, რომელშიც იგი ევედრებოდა: შეწყალებას თავისი ობლებისთვის, ხოლო თავისუფლების და შეუვალობის დამამტკიცებელ სიგელს ივერონისათვის. მეფემ სწრაფად შეადგინა ორი სიგელი: ერთი ობლებისათვის, რათა არავის ეკადრებინა მათი მონასტრიდან გაძევება ან რაიმე ვნების მიყენება, ხოლო მეორე მონასტრისათვის, რათა ვერავის გაებედა მონასტრის თავისუფლების ხელყოფა. მეფის გაგზავნილი ორივე სიგელი, დიდ-დიდი კელაპტრები, სანთლები და საკმეველ-სურნელი წმინდა ბერს მკერდზე დაუსვენეს და როგორც ცოცხალს, ისე გადასცეს მეფის დანაბარები.

ამ დროს მივიდა ერთი დედაკაცი, ფარსმანისა და ჩორჩანელის და, ცრემლითა და გოდებით დაალტო წმინდა ბერის ცხედარი, რადგან სიცოცხლეში ვერ ეღირსა მის ხილვას, დაწერა თავისი ცოდვები, დაჰბეჭდა და გულზე დაადო იმ იმედით, რომ მიუტევებდა და მის შეცოდებებს აღხოცავდა. წმინდა მამა ჩაასვენეს გამძლე ხის კიდობანში და წარემართნენ ზღვით მთაწმინდისკენ, ხოლო შემდეგ ექვსი მილი ურმებით გაიარეს, ზღვაზე სარკინოზებისაგან შექმნილი საშიშროების გამო. ურემზე, სადაც გიორგი ათონელი ესვენა, მისი წიგნები და საკურთხეველში სახმარი ნივთებიც ეწყო. წინ დიაკვნები მიუძღოდნენ, უკან მღვდლები და მოხუცებული ბერები და მრავალი მისი სულიერი შვილი, ფსალმუნით, გალობითა და სულიერი შესხმით ღმერთს ადიდებდნენ და წმინდანს უგალობდნენ. მათ შორის ყველაზე პატარას, პანტელეიმონს, რომელიც ძალიან უყვარდა მამა გიორგის, ფეხში ეკალი შეესო და როცა ამოსაღებად დაიხარა, ურემი დაეჯახა და სწრაფად ზედ გადაუარა. ბერებმა სიმწრით წამოიყვირეს, რადგან ეგონათ, რომ, როგორც სუსტი ჭია, ისე გაწყვიტა ურემმა ყრმა წელში, მაგრამ სახიერი ღვთის შეწევნით და წმინდა მამის მადლით, რომელიც მიცვალების შემდეგაც მფარველობდა თავის ობლებს, ყრმა მაშინვე ფეხზე წამოხტა და კვლავ ეკლის ამოღებას ცდილობდა. მერე თვითონ ის ყრმა ჰყვებოდა თავის გადარჩენის სასწაულებრივ ამბავს და უფალს მადლობდა. შემდეგ კვლავ ზღვით გააგრძელეს გზა და მშვიდობით მიაღწიეს ათონის მთას. მთაწმინდელები დიდი პატივისცემით წინ მიეგებნენ სულიერ მოძღვარს, კიდობანი ხელთ-იპყრეს და წმინდა ექვთიმეს სამარტვილოს წინ დაასვენეს. სამი დღის შემდეგ წაასვენეს და ყოველთა წმინდათა ეკლესიაში დააბრძანეს, სადაც ყოველღამე ლოცვები და ღამისთევები სრულდებოდა, და ყოველდღე ჟამისწირვა აღესრულებოდა. ერთი წლის შემდეგ წინამძღვრისა და მამასახლისის, პატიოსანი ბერის, გიორგი ოლთისარის ბრძანებით, მეფის დამტკიცებითა და ძმათა ლოცვით კიდობანი გახსნეს და იხილეს ღირსი მამის უხრწნელი სხეული, რაც მისი სულის ბრწყინვალებას მიანიშნებდა. ერთ ბერს გაახსენდა დედაკაცის მიერ დაწერილი წერილი, ამოიღო, ბეჭედი გახსნა და ნახა, რომ ცოდვები წარხოცილიყო და კვლავ უკან ჩადო.

1066 წლის 24 მაისს, წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ათონელმა ბერებმა გიორგი მთაწმინდელი გიორგი მაშენებელთან, მარცხენა მხარეს დაკრძალეს. ღირსი ათონელი მამების წმ. ნაწილები ლათინმა ჯვაროსნებმა გაიტაცეს 1250 წელს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილ-კრძალულებისა მოძღუარო გიორგი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მონაზონთა კანონო, ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი

ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა ღმრთისმეტყუელებისაჲთა, ბრძენო გიორგი, რამეთუ ადიდა მიცუალებაჲ შენი დღესასწაულსა თჳსთა მეგობართასა, ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ-გუეყავ ჩუენ.

იკოსი

რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სიბრძნითა გამოუკვლეველითა, ქრისტემან ღმერთმან სოფლით გამოაჩინა უმეცარნი და უსწავლელნი მოწაფედ და მეგობრად თჳსად, ხოლო სულითა წმიდითა რაჲ აღავსნა, ღმრთივგანბრძნობილთა წარწყმიდეს სიბრძნჱ ბრძენთა ამაოთა, რომლისა მიერ შენცა აღივსე საკჳრველად, მამაო, სიბრძნითა საღმრთოჲთა, მეტყუელებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, ღმრთისმეტყუელთა და მოციქულთა თანა მადლისა ზიარ-ქმნილი, რო¬მელთა თანა გადიდებთ, ღირსო გიორგი, მეოხ-გუეყავ ჩუენ.

სადიდებელი

ფშვის ქუეყანაჲ ქართლისაჲ, სუნნელებითა გადმოთარგმანებითა წერილთა შენთაჲთა, და უმეცრებისა გვალვითა განხმელი ერი ქართველთაჲ, სწავლათა შენთა წჳმისა სიხშოჲთა მწყურნები შენდავე მოვივლტით, ითხოვე ღმრთისაგან მშვიდობაჲ ერისა ჩუენისაჲ და ხსნაჲ მისი უღლისაგან მტერთაIსა.

წარდგომა


გიხმობ მუშაკობისა საღმრთოჲსა სეხნაო, გონებაო ვრცელო, ენაო ღმრთისმეტყუელო, და აღმწერელო უცთომელო თარგმანებითა წიგნთა შენთათა, ბრძენო, რამეთუ გულის-ჴმისყოფაჲ მიუწდომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან, დიდებულო, და ვითარცა რაჲ ღრუბელმან აღმოიწრიდენ მდინარენი სიბრძნისანი და დაათრვენ, მამაო, გულნი მორწმუნეთანი წერილთა მიერ და ეკლესიაჲ მსგავსად დედოფლისა განაშუენე, და პირად-პირადად შეამკევ იგი, ღმერთშემოსილო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.

..............................

აქვე წაიკითხეთ:

ასწავლიდა მეფეს მდაბლისა და გლახაკის განმართლებას, ქვრივისა და ობლის შეწევნას

წმინდა გიორგი მთაწმინდელის წმინდა ნაწილთა დაკრძალვა ათონზე, ივერთა მონასტერში (+1066)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat