მეფე ბაგრატ IV-მ არაერთი წერილი მისწერა ანტიოქიაში, შავ მთაზე, წმინდა გიორგი მთაწმინდელს, მეფესთან ერთად საქართველოს მღვდელმთავარნიც ევედრებოდნენ ღირს მამას სამშობლოში დაბრუნებას. ბაგრატის ბოლო წერილში ჩანდა, რომ ეჭვი ღრღნიდა მეფეს:
უკვე სამი წელია შავ მთაზე ბერად შემდგარიყო მისი დაუძინებელი, მაგრამ დამარცხებული მტერი ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი, ბერობაში - ანტონი. ამბავიც მიუვიდა მეფეს - დიდ პატივს სცემს ლიპარიტყოფილი მამა გიორგის, "გაკვეთილი შეუქმნა" ანუ საზრდო განუჩინა, რისთვისაც დიდად ემადლიერებაო. "წმინდაო მამაო, მანდ, შავ მთაზე, ცოტაა ჩვენი მონასტერი, რამეთუ უცხო ქვეყანაა, ხოლო ჩემი სამეფო დიდია, ეკლესია და მონასტერი ფრიად მრავალია და არწმუნოს ღმერთმა სიწმინდესა თქვენსა, რომ ინებო საქართველოში მობრძანება, რათა ჩვენი ეკლესიანიც აღივსოს შენს ნათარგმნ წიგნთაგან", - სწერდა მეფე. გაუძნელდა მამა გიორგის მყუდრო სავანის დატოვება, რამეთუ კაცთაგან დიდებას ელტვოდა... მაგრამ ვეღარ გაუძლო მეფის თხოვნას, მისი სულის მდუღარებას. გადაწყვიტა, ღვთის ნება გაეგო. დაწერა ფურცელზე ორი პასუხი, წმინდა ოდიკის ქვეშ ამოდო, მღვდელს აწირვინა და წმინდა ოდიკიდან პასუხის ფურცელი გამოიღო: უფალმა აკურთხა საქართველოში წამოსასვლელად.
ღირსმა მამამ ორჯერ დატოვა თავისი ქვეყანა, პირველად - თორმეტი წლისამ. მაშინ ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში იზრდებოდა. ფერის ჯოჯიკის ძის დასჯის შემდეგ მისი ცოლი და ახლობლები, იმპერატორის ბრძანებით, ბიზანტიაში გადაასახლეს. თორმეტი წლის შემდეგ საქართველოში მობრუნებულმა, სულ მალე ღირსი მამა ილარიონის ხელთაგან მონაზონება მიიღო. მეორედ სწორედ მაშინ გაიქცა სამშობლოდან, რადგან ზეციურ სამშობლოს ეძებდა, თანაც ეშინოდა, ეპისკოპოსობის ტვირთი არ დაედოთ. განა ცოტა ხნის წინ არ სთხოვდა მეფე, დაეპყრო ჭყონდიდის საეპისკოპოსო საყდარი?..
საქართველოსკენ მიმავალთ შეიტყვეს, რომ თურქთ დაეპყროთ შუამდინარეთი, საბერძნეთი. თურქთა ხელში ჩავარდნას გადაარჩინა ზეციურმა ხმამ, რომელიც ყველამ გაიგონა: "სად წარხვალთ?" - და გეზი იცვალეს...
სიყრმიდანვე ებრძოდა ეშმაკი ღირს მამას, მაგრამ ყოველთვის აღუპყრა ხელი უფალმა. ახლაც, ღვთის წყალობით, კეთილად მოაღწიეს საქართველომდე.
სთვლის ჟამი იყო, ქუთაისში რომ შევიდნენ. მეფე ქართლში იყო. ღირსი მამის ჩამოსვლით გახარებულმა, მწიგნობარი გამოგზავნა და უბრძანა, დიდი პატივით წამოეყვანა ქართლს მამა გიორგი.
მეფეს თავისი მოქიშპენი - ხუთი ძმა აბაზაის ძე - შეეპყრო წმინდა მამის მოსვლიდან ერთ თვეში და ამ მართლაც სასწაულს მის ლოცვებს მიაწერდა.
მიულოცა ღირსმა მამამ მტერზე გამარჯვება. ზამთარი მოწევნულ იყო. მეფე აფხაზეთში აპირებდა გამოზამთრებას. მამა გიორგი და მისი ანტიოქიიდან ჩამოყოლილი მორჩილნი ჭყონდიდის ეპისკოპოსმა თავისთან დატოვა - იგი მოწაფე იყო ბერისა. გადაიარა ზამთარმა და მეფე ისევ ქართლში დაბრუნდა. წმინდა გიორგის მისცა განსასვენებლად ნეძვის მონასტერი ქართლში და შატბერდის ლავრა კლარჯეთში. მაგრამ წმინდანთან განშორებას აყოვნებდა. ცდილობდა, ყოველდღე ენახა იგი და "მისთა თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყვათაგან" დამტკბარიყო. წმინდაო მამაო, - მიმართავდა ბაგრატი, - იმიტომ მოგიწვიეთ, რაც ნაკლულევანებაა და ცდომაა უწესო, აღმოფხვრა. ჩვენც შენს ნათქვამს, ვითარცა მოციქულთაგან თქმულს, ასე შევიწყნარებთო. ანდა როგორ არ დაუჯერებდი ასეთ თავმდაბალ კაცს, რომელიც უპირველესად საქმით ასწავლიდა ამ სათნოებას? მუდამ მგლოვიარე, თავდადრეკილი, ხორციელი თვალით მხოლოდ მიწას ხედავდა, იშვიათად თუ შეხედავდა რასმე. ერთხელ მეფე ბაგრატთან მღვდელმთავარნი ისხდნენ, ელოდნენ წმინდა გიორგის შემობრძანებას. "გნებავთ გიჩვენოთ სასწაული? - ჰკითხა მათ მეფემ, - მამა გიორგი ისე შემოვა და ისე განგვშორდება, ერთხელაც არ შემოგვხედავსო". მართლაც, თუმცა საკმაოდ დიდხანს ქადაგებდა ღირსი მამა, ერთხელაც არ აუწევია თავი. წასვლას რომ აპირებდა, მეფემ მიმართა: - მამაო, ჰყავ სიკეთე, შემომხედე და მნახე, როგორი ვარო. ხოლო ბერმა "რეცა ღიმილით მცირედ მიხედნა" და უთხრა: "ჰოი, მეფევ, აჰა, ესერა ვხედავ პირსა შენსა, ვითარცა პირსა ქრისტესა, რამეთუ ყოვლითურთ ღმრთის მსახური ხარ და ღმრთივ დაცული".
ასე იცხოვრა მთელი ახალგაზრდობა, ასე თრგუნავდა საკუთარ ნებას მოხუცებულიც. როგორც წმინდანის მოწაფე გიორგი ხუცესმონაზონი ბრძანებს, ბერად აღკვეცის შემდეგ წმინდა გიორგის საბერო ჩოხის ქვეშ ყოველთვის ძაძა ეცვა. მან სიმდაბლის გამო ორჯერ დატოვა წინამძღვრობა, მაგრამ სიმდაბლე ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო პირდაპირი და უდრეკი იერარქთა წინაშე. მარტო ანტიოქიის პატრიარქთან ის ცნობილი საუბარი რად ღირს, როცა მარტოდმარტო "ესოდენთა სიმრავლესა ბერძენთასა" მოერია. საქართველოშიც აღლესა მახვილი მხილებისა მეფეთა მიმართ მრავალთა უწესობისთვის - ეპისკოპოსობა კი არ უნდა იყიდებოდეს, არამედ მონაზონებასა შინა აღზრდილ ღირსთა და წმინდათა კაცთა უნდა მიეცეს, რათა მათი ლოცვითა და მადლით მშვიდად წარიმართოს შენი მეფობა, რადგან მღვდელთა უწესობითა და ცოდვით ერისკაცნიც ისჯებიანო.
ასწავლიდა მეფეს მდაბლისა და გლახაკის განმართლებას, ქვრივისა და ობლის შეწევნას; შენი სასწორი სიმართლით უნდა წონიდეს, რათა ყოველი არაწმინდება და უწესობა მოისპოს პირველად შენგან და მერე ერისგანო.
ამხილა მღვდელმთავარნიც, მოუწოდა მათ, თვალღებით არ დაესხათ ხელნი და უღირსები არ ეკურთხებინათ მღვდლად, გაეცათ მოწყალება - სულიერიც და ხორციელიც. ასევე განსწავლა მღვდელნიც და დიაკონნიც. ყველას სათანადოდ უქადაგებდა: მდიდარს ეუბნებოდა მოწყალების გაცემას, გლახაკთ მოთმინებას ასწავლიდა, დაცემულთ წამოაყენებდა, დაცემადთა განამტკიცებდა, უხილავ მტერთა ისართაგან მოწყლულთ განკურნავდა. მისი სიტყვა იყო არა უბრალოდ, არამედ ხელმწიფებით ნათქვამი. ზოგს სწავლანი მისწერა, ზოგთა, მის ფერხთით მოკალათებულთ, მასთან განშორება არ უნდოდათ. მის ნათარგმნ წიგნთაგან კი მართლაც რომ ირწყვებოდა ქვეყანა. უამრავი წიგნი გადაიწერა მაშინ, წმინდა გიორგისეულმა ნათარგმნმა სახარებამ ხომ ყველას სული დაუტკბო.
უმეტესი წიგნთაგანი ღამით უთარგმნია. შეუსვენებლივ შრომობდა, ზოგი წიგნი ორ-სამჯერ გადაწერა. მართლაც რომ "მოსაგონებლადაც დიდ არს" მისი ღვაწლი და ფასდაუდებელი. წმინდა გიორგის სულ თან დაჰქონდა სანაწილე, სადაც წმინდა მოწამეთა და ღირსთა ნაწილთა შორის ჩაბრძანებული იყო წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მარჯვენა ხელიც. სიყრმიდანვე მამათა მორჩილებაში მყოფს თითქოს უხილავად ძალას მატებდა, ლოცავდა წმინდა ექვთიმეს მაკურთხებელი მარჯვენა.
განვლო საქართველოში მისი ყოფნის ხუთმა წელმა. ამ ხანში სხვა დიდ სათნოებათა შორის ერთი, უდიდესიც ჩაიდინა. მისი ჩამობრძანების ჟამს საშინელი შიმშილი დაატყდა თავს ქვეყანას. ქრისტიანენი არაწმინდების ჭამასაც კი კადრულობდნენ. უამრავ უსჯულოებათა შორის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, იყო უსაშინლესიც: "შვილნი, სასურველნი და საყვარელნი მშობელთაგანი და ლოცვით გამოთხოვილნი, საძულველ მშობელთა იქმნებოდეს". ამ საშინელების შემხედვარე წმინდა გიორგის აღმოხდენია: "ჰოი-მე, რისთვის მოვიწიე ამას ქვეყანასა ხილვად ესევითარსა ამათ ბოროტთა". პირველად თავისი ორი დისწული და მათი მცირეწლოვანი შვილები შეუფარებია ღირს მამას, შემდეგ შემატა მათ სხვანი: ზოგი ქალაქიდან, ზოგი დაბათაგან, ზოგი უდაბურ ადგილებში იპოვა, სხვანი მონებისგან გამოიყვანა. მშობლები მისი სენაკის კართან ტოვებდნენ შვილებს და თვითონ გარბოდნენ. ზოგი, "გონებით მახვილი", მშობლებს გამოექცა და შეუერთდა წმინდა გიორგის სამწყსოს, რომელთა რიცხვიც ოთხმოცამდე ავიდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, დედის რძე რომ ესაჭიროებოდათ და მარჯვენა და მარცხენა არ იცოდნენ, მოზრდილებიც, ჭაბუკნიც, აგრეთვე მოხუცებულნი და ბერნი. ისინი ნებსით დაემოწაფნენ ღირს მამას. ვინ იდებდა თავს ამოდენა ობოლთა გაზრდას! განა ვინმეს დაავალა? ყველას თვითონ ასწავლიდა და მოძღვრავდა, სხვადასხვა ასაკისას - სხვადასხვანაირად. თუმცა დიდად იღლებოდა, მაგრამ თავისთვის არც მარხვა, არც ლოცვის კანონი არ შეუმსუბუქებია. გადაწყვიტა, ეს არცთუ მწირი ყრმათა კრებული ათონზე წაეყვანა და წმინდა ექვთიმესთვის მიეძღვნა. ივერონში განსწავლული 80 ბერი დიდ სარგებელს მისცემდა ქვეყანას. ქართველებს უკვე ეწვნიათ ბერძენთა მტრობა და შუღლი. რახან ცოტანი იყვნენ ათონზე, ბერძნები იოლად ერეოდნენ მათ.
და აი, დადგა სამშობლოსთან განშორების ჟამიც. ზოგი მთელი სიცოცხლე ვერ შეჰმატებს იმდენს ქვეყანას, რაც მან მხოლოდ ამ ხუთ წელს შესძინა. წმინდა მამა თავის ობლებთან ერთად ჯავახეთში, ახალქალაქში იყო, ღვთისაგან რომ ეუწყა მოსალოდნელი უბედურება. სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა. სამი დღის შემდეგ შემოიჭრა სულთანი ალფ-არსლანი და დაარბია ქალაქი. "რომ არ მოსულიყავი, წმინდა მამაო, მწუხარებისგან მოვკვდებოდი", - შესჩივლა მეფე ბაგრატმა. "მეფეო, მე დავემორჩილე შენს ბრძანებას, როცა მომიხმე, - უთხრა დიდმა მოძღვარმა, - აწ შენ დაემორჩილე სიგლახაკესა ჩემსა, ახლაც, როგორც მრავალგზის, "განმიტევე ქვეყნად მწირობისა ჩემისა, წარმგზავნე ლოცვით და კურთხევით სამარხოსა მამათა ჩემთა სულიერთა.."
გაუძნელდა მეფეს განშორება, "ვედრებითა ვერ უძლო შეპყრობა შეუპყრობელთა და იძლია მძლე უძლეველისაგან". წერილი მისწერა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დუკას და მის წინაშე წარგზავნა იგი. მამა გიორგის თან გამოჰყვა მეფის მიერ წარმოვლენილი არონი, ნეტარი ბერი პეტრე პატრიკყოფილი და ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოანე. მიაღწიეს კონსტანტინოპოლს, წარდგნენ მეფის წინაშე, მიართვეს ბაგრატის წერილი. დიდად ირგო იმპერატორმა მასთან საუბრით, ბოლოს უთხრა: წარვედ, კეთილო ბერო, შენს მონასტერში და აღზარდენ შენი ობოლნი. წასვლამდე მანახე ისინი, რათა წყალობით მოგხედოთ და ყოველი თხოვა აღგისრულოთო.
წმინდა მამამ პეტრეპავლობის დღესასწაულის წინადღეს უბრძანა მორჩილებს: - გაემზადეთ მეფის წინაშე წარსადგომადო. სულიერმა შვილებმა შეჰკადრეს - ხვალ წავიდეთ მეფესთანო. "უკეთუ დღეს ვერ ვიხილავთ მეფეს, ხვალვე უკვე ვეღარ შევძლებთ," - ბრძანა.
"გაუკვირდა მეფეს სიმრავლე და უასაკობა ობოლთა. ყოველნი შემოსილნი იყვნენ "წესითა მონაზონთაითა". "დიდი საქმე გიქმნია, ბერო, - უთხრა მეფემ, - ამ დროში სხვა ვერავინ შეძლებდა ამას".
უგალობეს ყრმებმა მეფეს, თაყვანი სცეს და განშორდნენ მას.
...თენდებოდა ოთხშაბათი - დღესასწაული წმინდა პეტრესი და პავლესი. თვითონ უწინამძღვრა ცისკრის ლოცვას...
მესამე ჟამი იყო, როცა ძმებს უბრძანა ოთხივე სახარების ერთდროულად წაკითხვა. თვითონ იქვე მიწვა. "განირთხნა წმიდანი იგი ფერხნი წესიერად", გამოისახა ჯვარი, დაიკრიფა გულზე ხელები და წარმოთქვა: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა", - აღმოიფშვინა ერთგზის და სული თვისი მისცა წმინდათა ანგელოზთა.
გარდაიცვალა ღირსი მამა და ატყდა საშინელი გოდება. საცოდავი სანახავნი იყვნენ ყრმანი, რომელნიც უკვე მეორედ დაობლდნენ. "ხმითა წვლილითა და ენითა ბრგვილითა" ტიროდნენ, ცრემლთა წილ სისხლთა დასთხევდნენ მის წმინდა გვამზე... ნეტარი პეტრე-პატრიკი შევიდა მეფესთან და გამოითხოვა მისგან წყალობის სიგელები. კონსტანტინე დუკამ ორი ოქროს ბეჭედი შეაქმნევინა: პირველი, რომ ვერვის გაებედა ივერთა მონასტრის ვნება, მეორე კი - ობოლთათვის, რათა აღზრდილიყვნენ მონასტერში, ვითარცა შვილნი და მკვიდრნი ეკლესიისანი და არავის ეკადრებინა მათი მონასტრიდან გაყვანა.
წმინდა მამის წმინდა სხეული ურემზე დაასვენეს, იქვე დადეს წიგნნი მისნი და ყოველივე, რაც საკურთხეველს სამსახურებელი იყო. ურემს ოთხივე მხარეს შემოუდგნენ წმინდა გიორგის ობოლნი, ვითარცა ისრაელი - აღთქმის კიდობანს და გაუდგნენ გზას მთაწმინდისაკენ...
...მოციქულთა ხსენების დღეს დამთავრდა ამქვეყნიური მოციქულებრივი ღვაწლი "უფლის რჩეული ვერძისა" - წმინდა გიორგი მთაწმინდელისა. ახლა, ათასი წლის შემდეგ, ისევე როგორც მაშინ, მოციქულობს იგი წინაშე ღმრთისა მშობელისათვის ქვეყანისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი