ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმინდანის ცხოვრება:
მამამისი წმინდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა "ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული"; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.
იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. იქ ის ათანასე ბერს დაუმეგობრდა, რომლის დედაც ქართველი (ლაზი) იყო. წმ. ათანასე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ულუმბოს მთაზე, მიქაელ მალეინის მონასტერში. იმავე მონასტერში "ჟამთა არამცირედთა" მოღვაწეობდა იოანეც. სულიერი კავშირის გარდა მათ შორის იყო ასაკობრივი ერთობაც.
გარკვეული ხნის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა მეფე დავით კურაპალატს ერთგულების ნიშნად და გადაცემული მიწების სანაცვლოდ მძევლები მოსთხოვა. სხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მძევლებად გაგზავნეს იმპერატორის კარზე, ექვთიმეც აღმოჩნდა. ეს რომ გაიგო, იოანემ გაამხილა ვინაობა, დატოვა ულუმბო და კონსტანტინოპოლში მეფის სასახლისაკენ გაემართა. სამეფო კარზე ყველანი იცნობდნენ აბუჰარბს, იოანეს სიმამრს, ამიტომ ბერძნები დიდი პატივით შეხვდნენ იოანეს. აქვე იყო აბუჰარბიც, რომელსაც იოანემ მწარედ უსაყვედურა: "განა თქვენ საკუთარი შვილები არ გყავდათ, რომ მძევლად გამოგეგზავნათ იმპერატორის კარზე? ცხადია, რომ ღვიძლი შვილები ვერ გაიმეტეთ და ჩემი ძე, როგორც ობოლი, გაწირეთ მძევლად". მეფეთა თანხმობით, იოანემ თავისი შვილი მძევლობისგან დაიხსნა და მასთან ერთად ულუმბოს მთაზე დაბრუნდა.
მალე ულუმბოზე და მის შემოგარენში გავრცელდა ამბავი იოანეს დიდგვაროვნობისა და განსაკუთრებული პატივით დაუწყეს მოპყრობა. ამ გარემოებამ აიძულა იოანე, დაეტოვებინა ულუმბოს მთა და თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად 965 წელს ათონის მთაზე წასულიყო. წმ. იოანეს ათონზე მისვლა განპირობებული იყო 960-961 წელს აქ ათანასე ოლიმპელის დამკვიდრებით და 963-965 წლებში მის მიერ იმპერატორ ნიკიფორე ფოკას სახსრებითა და დახმარებით დიდებული ლავრის ("მეგისტე ლავრა") აშენებით, რომელიც ბერმონაზვნური მოძრაობის და იმავდროულად ბიზანტიური მწიგნობრობის განთქმულ ცენტრს წარმოადგენდა (ათანასე და ნიკიფორე ჭაბუკობის მეგობრები იყვნენ). წმინდა ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა, მათ შორის ქართველებიც. იოანესა და ათანასეს შორის კავშირი ათონზე უფრო განმტკიცდა. წმ. ათანასე ყოველნაირად ხელს უწყობდა იოანეს და ისიც არ იშურებდა თავის გავლენას და ეხმარებოდა სამონასტრო საქმეში. ათანასე დედით ლაზი იყო. ალბათ, სწორედ ამიტომ უყვარდა განსაკუთრებით ქართველები და მზრუნველობდა მათ.
წმინდა ათანასემ ათონის ქართველი მამებისადმი თანადგომა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ანდერძში. განსაკუთრებით ეამაყებოდათ ქართველებს ის არაორდინარული ფაქტი, რომ ათანასეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, უძველესი, უდიდესი და ყველაზე გავლენიანი სამეფო მონასტრის - ათონის ლავრის ეპიტროპებად ერთმანეთის მომდევნოდ უნდა განწესებულიყო სამი დიდი ქართველი: იოანე იბერი, ექვთიმე და გიორგი I (ვარაზვაჩე) - ივერონის მესამე წინამძღვარი. ამით ათანასე ლავრელმა დაამტკიცა თავისი ნდობა და პატივისცემა ქართველი თანამოღვაწეებისადმი და სრული უნდობლობა გამოუცხადა არა მარტო ლავრის ბერძენ ბერებს, არამედ საერთოდ ათონის მმართველობას. ეს "მძიმე შეცდომა" წმ. ათანასეს არ აპატიეს არც მისმა წმ. თანამოღვაწეებმა და არც მომდევნო თაობებმა, რაც აისახა ათანასეს "ცხოვრების" ორ ბერძნულ რედაქციაში, სადაც იგნორირებულია იოანე იბერი და ის ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ქართველებსა და ათანასეს ლავრის საკრებულოს შორის ათანასეს სიცოცხლეში და, უწინარეს, თვით ათანასე ათონელსა და იოანე იბერს შორის.
ბერძნულ ამპარტავნობას ივერონის პირველი მამები - იოანე და ექვთიმე პასუხობდნენ გულმოწყალებით, მიმტევებლობით, გულუხვი შესაწირავებითა და შეჭირვებულ მონსატრებზე მუდმივი ზრუნვით. ამას მოწმობს როგორც ივერონის ბერძნული აქტები, ასევე შეწირულობათა ნუსხები, შედგენილი იოანე იბერისა და ექვთიმე ათონელის მიერ, რომელთა სრული ტექსტები გიორგი მთაწმინდელმა ჩართო "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში".
ივერონის პირველი წინამძღვარი
წმ. იოანე უაღრესად შრომისმოყვარე მოღვაწე იყო. გამუდმებული შრომა, მღვიძარება და ლოცვა განასპეტაკებდა მის სულს და აუძლურებდა ხორცს. წმ. ათანასე დიდიც ძველებურად მფარველობდა ქართველებს და ეხმარებოდა ქართველთა პირველ დამოუკიდებელ მონასტერს ათონის მთაზე. იგი საგანგებოდ წარმოაჩენდა იოანეს დამსახურებას ათონელთა წინაშე, რაც მის მრავალმხრივ საქმიანობაში, კერძოდ, საიმპერატორო კართან ურთიერთობის მოგვარებასა და კონსტანტინოპოლში ათონის მოღვაწეთა ინტერესების დაცვაში გამოიხატებოდა. მისი დახმარებით ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა 984 წელს. წმ. იოანეს მოღვაწეობაზე არაერთი საინტერესო ცნობაა შემონახული ძველ სიგელ-გუჯრებსა და სხვა დოკუმენტებში. ერთ-ერთ სიგელში წმ. ათანასე აქებს იოანეს და ამბობს: "ფრიად იღვაწა კაცმან ამან ჩუენთვის სამეუფოსა ქალაქსა ხშირითა მიმოსვლითა და შუამდგომლობითა მეფეთა წინაშე, მეფე ნიკიფორე ფოკას დროიდან დღევანდელ დღემდეო".
უცხოეთში მოღვაწე ქართველი მამების საზრუნავი მხოლოდ საკუთარი სულის ცხონება არ ყოფილა. მათი უპირველესი შესავედრებელი ღვთისათვის სამშობლო და მისი კეთილდღეობა იყო. სწორედ ეროვნულ ინტერესებს ითვალისწინებდა იოანეც, როცა ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ დიდ ქართველ მოღვაწედ აღეზარდა თავისი ძე - ექვთიმე, რასაც მიაღწია კიდეც. იოანეს მხედველობიდან არ გამოჰპარვია, რომ უმდიდრესი საღმრთისმეტყველო ლიტერატურის მქონე ბერძნებს მათთან ქედმაღლური დამოკიდებულებისა და მწვალებლებად მოხსენიების საბაბს ქართულ ენაზე ყოველმხრივ გამართული საღმრთისმეტყველო თხზულებათა ნაკლებობა აძლევდათ. საჭირო იყო ამ ხარვეზის ამოვსება: ქართული მწერლობის ბერძნულ-რომაული მწერლობის სიმაღლეზე აყვანა, ძველი ქართული საეკლესიო წესების ბერძნულთან შეთანხმება და ქართულად უკვე თარგმნილი წიგნების ბერძნულ დედნებთან შეჯერება და გასწორება. ამ დიდ საქმეში შემწედ თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოუჩნდა. ყრმას, რომელიც უცხო გარემოში იზრდებოდა, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი უჭირდა, რასაც მამა დიდად განიცდიდა. "ძნიად უბნობნ ქართულადო", - ამბობს იოანე, ექვთიმეს მამა და "ამის პირისათვის ფრიად მწუხარე ვიყავო".
ერთხელ ყრმა ექვთიმე მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგა, მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, ეზიარებინა, თვითონ კი ღვთისმშობლის ეკლესიისკენ გაემართა და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდა მარადქალწულს თავისი ძის გადარჩენას. სენაკში დაბრუნებულმა მამა იოანემ მაშინვე იგრძნო ნელსაცხებლის საამო სურნელი და სასიკვდილო სარეცელზე მწოლი ყრმა სრულიად ჯანმრთელი იხილა. ექვთიმეს სიტყვებით, მას გამოეცხადა ბრწყინვალე სამოსლით მოსილი დედოფალი და ქართულად ჰკითხა: "რა არის, რა გტკივა, ეფთვიმე?" ექვთიმემ მიუგო: "ვკვდები, დედოფალო". მაშინ დედოფალი მიეახლა ავადმყოფს, ხელი შეახო მას და უთხრა: "არაფერი გჭირს. ადექი, ნუ გეშინია და თავისუფლად ილაპარაკე ქართულად". ამ სიტყვების მერე ექვთიმე არა მარტო სრულიად განიკურნა, არამედ დიდებული ქართულითაც ამეტყველდა. იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება "შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებიან შენდა. აწ იღვაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".
ექვთიმე დამორჩილდა მამის ნებას, შეუდგა საეკლესიო წიგნების გადმოთარგმნას ქართულად და ყველანი განაცვიფრა თავისი ნიჭიერებით. თარგმნისას იგი ითვალისწინებდა თავისი ერის საღვთისმეტყველო განათლებას, ამიტომ ზუსტად კი არ მისდევდა სათარგმნ ტექსტს, არამედ ავრცობდა ან ამოკლებდა თხზულებას, შეჰქონდა სხვადასხვა წყაროდან ამოღებული ცნობები და ხშირად - საკუთარი დამატებები და კომენტარები. ტექსტს განსაკუთრებით მაშინ განავრცობდა, როდესაც ამა თუ იმ თხზულებაში საქართველოს ან ქართველობის შესახებ იყო საუბარი; თარგმანებში ის იძლეოდა ამა თუ იმ ნაწარმოების ახალ რედაქციას. ექვთიმეს ბიოგრაფის სიტყვებით, ექვთიმესნაირი მთარგმნელი არასოდეს ყოფილა ქარველებს შორის და საეჭვო იყო, რომ მომავალში გამოჩენილიყო ვინმე. ჩვენამდე მოაღწია იოანე იბერის ანდერძმა. იგი დაცულია იოანე ოქროპირის ერთ-ერთ თხზულებაში "მათეს თავის სახარების თარგმანებაში", რომელიც ექვთიმეს მიერ არის თარგმნილი. თავის ანდერძში იოანე მოგვითხრობს, თუ როგორ წუხდა იმის გამო, რომ ქართულად საკმარისი რაოდენობით არ იყო თარგმნილი ქრისტიანული წიგნები; თუ როგორ განსწავლა ექვთიმე ბერძნული სწავლებით და დაავალა, აღმოეფხვრა ეს ნაკლი. ანდერძში იოანე ჩამოთვლის აგრეთვე თავისი შვილის მიერ თარგმნილ თხზულებებს. ფაქტობრივად, იოანე ათონელის ანდერძის სახით ჩვენ გვაქვს პირველი ქართული ბიბლიოგრაფიული შრომა.
ექვთიმე ათონელის მოღვაწეობა სასულიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგს მოიცავდა: ბიბლიოლოგიას, ეგზეგეტიკას, ჰაგიოგრაფიას, ჰომილეტიკას, დოგმატიკასა და პოლემიკას, ლიტურგიკასა და ასკეტიკას, აპოკრიფებსა და საეკლესიო სამართალს. წმ. ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი წმ. გიორგი მთაწმინდელი 50-ზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან წმ. ექვთიმემ თარგმნა სახარება ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; ნაყოფიერად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სვინაქსარი", ანდრია კრიტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვა. საღმრთისმსახურო ტექსტების ნაკლებობას საქართველოშიც კარგად გრძნობდნენ და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს ხან სიტყვითა და ხან წერილობით უთვლიდნენ, განსაკუთრებით სწრაფად რა უნდა ეთარგმ¬ნათ. დაასრულებდა თუ არა თავის შრომას ექვთიმე, მყისვე დავით კურაპალატს უგზავნიდა საქართველოში, რომელიც სიხარულით მადლობდა ღმერთს, რომელმაც ქართველ ერს ახალი ოქროპირი გამოუჩინა. მეფის ბრძანებით წარმოებდა ექვთიმეს თარგმანთა ნუსხების გამრავლება და სამშობლოში ჩამოტანა (რაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ ყოფილა მიჩნეული).
წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების (ბიბლიური არაკანონიკური თხზულებები, რომელსაც არ სცნობს ეკლესია და ამიტომ არ შედის "საღვთო წერილში") კითხვისაგან, და უგზავნიდა ნუსხას იმ წიგნებისას, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ექვთიმემ თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონები სამართლებრივი ძეგლების - VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების და ე.წ. მცირე სჯულის კანონის დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია" (ივ. ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმინდელის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების საქართველოში სამართლის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ექვთიმე მთაწმინდელს გრიგოლ ნაზიანზელის ერთ-ერთი თხზულების თარგმნისას სომეხთა შესახებ ნათქვამი სიტყვები ფრიად გაუმძაფრებია, თარგმანში უფრო თავისი დამოკიდებულება გამოუმჟღავნებია სომხებისადმი, ვიდრე გრიგოლ ნაზიანზელისა: "არს ნათესავი (მოდგმა) იგი სომეხთა: არა წრფელი, არამედ მზაკუვარი და გულარძნილი (გულმრუდე, ცბიერი), და ბოროტი, მიმსგავსებული კლდეთა მათ, რომელნი დაფარულ არიან ზღუასა შინა, და ვერ იხილვენ მათ მენავენი, ვიდრე არა სცენ ნავი და განტეხონ. ესრეთ სხუასა იტყვიან იგინი და სხუაი უც გულსა, და სიწრფოებაი მათ თანა არა არს. და რაი საკვირველ არს, უკუეთუ კაცსა ეცრუვნენ, ვინაითგან თავადისა ღმრთისა მიმართ ცრუ არიან და მზაკუვარ, და ბოროტად აღმსაარებელ".
ექვთიმეს ლიტერატურულ მოღვაწეობაში საყურადღებოა, რომ ის არა მარტო ბერძნულიდან თარგმნიდა ქართულად, არამედ, როგორც მისი ბიოგრაფი ამბობს, მან ქართულიდანაც ბერძნულად "რაოდენნიმე წერილნი" და მათ შორის "ბალაჰვარი" და "აბუკურაი" გადმოთარგმნა. ექვთიმემ იმდენად საფუძვლიანად იცოდა ბერძნული ენა, რომ მას მართლაც შეეძლო ეთარგმნა ესა თუ ის თხზულება ბერძნულად. ელენე მეტრეველი მიიჩნევს, რომ "ბალავარიანის" და "აბუკურას" ბერძნულად თარგმნის საჭიროება, ერთი მხრივ, გაჩნდა მაშინ, როდესაც იოანე იბერის გარდაცვალების შემდეგ, ათანასეს ანდერძის თანახმად, ლავრის მონასტრის ეპიტროპობა ექვთიმეს დაეკისრა, რამაც ლავრის საკრებულო გააღიზიანა, ხოლო, მეორე მხრივ, ეს იყო დროის მოთხოვნა, ვინაიდან IX საუკუნიდან აღმოსავლური მწერლობისა და კულტურისადმი ინტერესი ბიზანტიაში აშკარად გამოიკვეთა. იოანემ არა მხოლოდ შვილი ჩააბა მწიგნობრულ-ლიტერატურულ საქმიანობაში, არამედ სხვებსაც მოუწოდა ხელნაწერთა განმრავლებისაკენ. იოანესა და თორნიკეს დაკვეთით მუშაობდა ქართველ მწიგნობართა დიდი ჯგუფი (საბა მწერალი, სტეფანე დეკანოზი, იოანე ჩირაი, მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, გიორგი გელასისძე და სხვ.).
წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი წიგნების ნუსხა:
1) თარგმანება იოანეს სახარებისა, იოანე ოქროპირის თქმული. 2) თარგმ. მათეს სახარებისა, იოანე ოქროპირის თქმული. 3) ოთხთავი. 4) დავითნი. 5) სვინაქსარი საწელიწადო, უმცირესი. 6) იოანე მახარებლის გამოცხადება და თარგმანება ანდრია კესარიელისა. 7) თარგმანება ვასილი დიდისა ფსალმუნთა. 8) იოანე სინელის "კლემაქსი", რომელ-არს კიბე. 9) წიგნი წმინდა მაკარისა. 10) მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და სწავლანი მისნი. 11) წიგნი წმინდა ისააკ ასურისა და მრავალთა მამათა სწავლანი. 12) წიგნი წმინდა აბა დოროთესი. 13) წამება და სასწაულნი წმინდა დიმიტრი თესალონიკელისა. 14) ცხოვრება და წამება სტეფანე ახლისა. 15) ცხოვრება და წამება წმინდა კლიმენტი რომის პაპისა. 16) წამება წმ. კლიმი ანკვირიელისა; 17) ცხოვრება წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა (გრიგოლ ხუცის მიერ აღწერილი) და თქმულნი მისნი (17 სიტყვა). 18) ცხოვრება წმინდა ბასილი დიდისა კესარიელისა. 19) წამება წმინდა აკეფსიმესი. 20) ცხოვრება წმინდა ბაგრატისი. 21) წამება წმინდა მინა, ერმოგენი და ევგრაფისა. 22) წმინდა გრიგოლ ნოსელის თქმულნი: შესხმა ვასილი დიდისა; ქალწულებისათვის; მამაო ჩვენოს თარგმანება; წმინდა მარხვათათვის; წმინდა მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრების თარგმანება. 23) იოანე მახარებლის ხილვა და თარგმანება ანდრია კრიტელისა. 24) თქმული იოანე დამასკელისა ქრისტეს ორი ბუნებისათვის. 25) ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა. 26) იოანე დამასკელისა, წმინდა ღმრთისმშობლის შობისათვის. 27) ცხოვრება ათანასე დიდისა, ალექსანდრიელისა. 28) წამება წმ. ყრმათა: ალფიოს, ფილადელფოს და კვირინესი. 29) ცხოვრება წმინდა ონოფრი მძოვრისა, დიდისა. 30) სწავლანი წმინდა ზოსიმესი (სარწმუნოებისათვის). 31) სწავლანი წმინდა მამისა ეფრემისნი, სარწმუნოებისათვის. 32) მიმოსვლა და ქადაგება წმინდა იოანე მახარებლისა. 33) იოანე ოქროპირის მარგალიტი და სწავლანი. 34) სქემის კურთხევა ბერძნული და მონაზვნის კურთხევა. 35) სჯულის კანონი წმინდა იოანე მმარხველისა და მცირე სჯულის კანონი მეექვსე კრებისა. 36) ძეგლის წერა მართლისა სარწმუნოებისა. 37) შუაღამიანი ბერძნულნი. 38) წამება წმინდა ფებრონიასი. 39) წამება წმ. ანთიმოსი. 40) წამება წმინდა მოწამე ვლასისა და ორთა ბევრთა მონაზონთა. 41) წამება წმინდა თეოდორე სტრატილატისა, წმინდა თეოდორე პარგელისა, წმინდა ევსტათესი და შვილთა მისთა. 42) სწავლანი წმ. კასიანესნი. 44) წიგნი დიალოღონი, გრიგოლ ჰრომთა პაპისა. 45) წმინდა მთავარანგელოზთა სასწაულნი, გერმანე კონსტანტინოპოლელის აღწერილი. 46) ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა საკვირველმოქმედისა. 47) წამება წმინდა დიდმოწამისა გიორგისი. 48) წამება წმინდა მოწამისა პროკოპი დუქსისაი. 49) ცხოვრება ანტონი დიდისა. 50) ცხოვრება ევსტრატისი, ავქსენტისი, ევგენისი, ორესტისი და მარდარისი. 51) წამება ორთა ბევრთა (20000) მოწამეთა. 52) ავგაროზი ანუ მიწერ-მოწერა იესო ქრისტესა და ედესისმთავარ ავგაროზს შორის (აპოკრიფი). 53) ქებაი და დიდებაი, შესხმაი და გალობაი ყოვლადწმინდისა, უხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა მარიამისი და უწყებაი უბიწოისა მის და სანატრელისა მოქალაქობისა მისისა შობითგან მიცვალებადმდე (აპოკრიფი). 54) ცხოვრება იოანე მახარებლისა, აღწერილი მოწაფისა მისისა პროხორესი, ძმისწულისა სტეფანე პირველმოწამისა. 55) თქმული კლიმენტის რომთა პაპისა, ვითარ დაემოწაფა პეტრეს. 56) ცხოვრება და მოქალაქობა წმ. მოციქულთა სწორისა ბაგრატისი, მღვდელმოძღვრისა ტავრომენელთა ქალაქისა, რომელი აღწერა ევაგრე ეპისკოპოსმან, მოწაფემან მისმან. 56) მოსახსენებელი მიმოსვლისათვის მოციქულისა ანდრეასი. 57) დასდებელნი მარხვათანი და მრავალთა წმიდათა გალობა. 58) ლოცვანი წმინდისა მარტვილიისანი (სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს). 59) ჟამნი. 60) იოანე დამასკელის შვიდეულის "სავედრებელი ლოცვანი". 61) მცნებაი და განგებაი მსოფლიოთა ხუცესთაი ბერძნული (რჩევა-დარიგება სამღვდელოებისადმი). 62) კანონიკურ-ლიტურგიკული შრომა, რომელშიც განმარტებულია სხვადასხვა საკითხი: აკრძალული წიგნები, მარხვის, მუხლთდრეკის, სულიერი მოძღვრის და სხვა. 63) წმ. ბასილისა: ითიკა; კაენის შვილთა შურისგებათათვის. 64) წმინდა მაქსიმესი, რვათა გულის სიტყვათათვის. 65) ეფრემ ასურის სწავლანი. 66) თარგმანება გალატ., თესალ. და ჰრომაელთა ეპისტოლისა. 67) მაკარი მეგვიპტელი: ეპისტოლენი და სწავლანი. 68) სვიმონ მესოპოტამიელის ასკეტიკური კრებული.
წმინდა გიორგი მთაწმინდელი ჩამოთვლის 52 შრომას. ნუსხაში არ არის აღნიშნული ის თხზულებანი, რომელნიც მას უთარგმნია ათონის მთის გარეთ, ულუმბოზე და სხვა ადგილებში. ჩვენ ვამატებთ დანარჩენ შრომებს გამოკვლეული ხელნაწერების და ანდერძების მიხედვით, თუმცა სავარაუდოდ ეს სიაც არ იქნება სრული.
ივერონის მეორე წინამძღვარი და ათონის ბერძნული ლავრის ეპიტროპი
სიცოცხლის ბოლოს წმინდა იოანე ნიკრისის ქარით დაავადდა, "მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა და მარადის მადლობდა ღმერთსა". მამა იოანე უძლურობის გამო ვეღარ განაგებდა მონასტერს და წინამძღვრობა ექვთიმეს გადააბარა, თუმცა იგი მოწიწებით უარს ამბობდა, რადგან უძნელდებოდა "ზრუნვა ამა სოფლისაი", და ვინაიდან შეუძლებელი იყო მოხუცებული და უძლური მამის ურჩება, დათანხმდა და სანამ მამამისი ცოცხალი იყო, მისი მორჩილებით და ბრძანებით, როგორც იკონომისი, ისე უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას - საეკლესიო-სამონასტროს, სამეურნეო-ადმინისტრაციულს და სხვა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ათონელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა თანამემამულეთა მრავალრიცხოვან საძმოს. ამას არაერთი დოკუმენტი ადასტურებს.
იოანე იბერმა სიკვდილის წინ წინამძღვრობა და მონასტრის მართვა-გამგეობის უფლება თავის ძეს გადასცა და უბრძანა, რომ თავის შემდგომ მონასტრის წინამძღვრობა მისი ძმისწულის - გიორგისთვის (გიორგი I მაშენებელი და არა გიორგი II მთაწმინდელი ანუ "მთარგმნელი") გადაეცა და ანდერძად დაუბარა, რომ ყოველ მამასახლისს აღსასრულის წინ ღირსეული წინამძღვარი დაედგინა, ძმები კი ყველა დალოცა და 1005 წლის 14 ივნისს შეჰვედრა თავისი წმინდა სული უფალს. მამის სიკვდილის შემდგომ ექვთიმე გახდა ივერიის მონასტრის წინამძღვარი. მან ჯეროვანი პატივით შემოსა მამის ნეტარი სხეული და იმ ლუსკუმაში ჩაასვენა, რომელშიც ესვენა მისი უფროსი ძმა, იოანე-თორნიკე სვინგელოზი. შემდეგ კი ათონის სათვისტომოთა და სავანეთა დამაარსებელი ძმების სამარტვილეზე ააშენა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. წმინდა ძმების სამარხიდან უხვად მოედინებოდა მადლმოსილი კურნებანი. ერთხელ ეშმაკეული კაცი შეიპარა ეკლესიაში, საფლავზე დაკიდებული კანდელიდან ზეთი შესვა და მყის განიკურნა. ქართულმა ეკლესიამ მამა იოანე ათონელი წმინდანად შერაცხა და წმ. მღვდელ-მონაზონ გაბრიელ ქართველთან ერთად მის მოსახსენებელ დღედ 12(25) ივლისი დააწესა.
მონასტრის წინამძღვრობამ წმინდა ექვთიმე პრაქტიკულ სამონასტრო საქმიანობაშიც ჩააბა. მას დააწვა ზრუნვა არა მარტო ქართველთა მონასტრისა, არამედ ბერძენთა მონასტრებისაც, ვინაიდან დიდი ათანასეს მიერ დადგენილი იყო სრულიად ათონის მთის განმგებლად და პროტოსად (ზედამხედველად, მზრუნველად) და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას - მის გარეშე არც ერთი განმგებელი და მამასახლისი არაფერს იქმოდა. დღე არ გავიდოდა, ათი, თხუთმეტი მამასახლისი ან განმგებელი რომ არ მოსულიყო მასთან და ასევე დიდი ლავრაც მის საზრუნავში შედიოდა. მოღწეული მასალებიდან ირკვევა, რომ ექვთიმე მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა: ძველი საბუთების გამოყენებითა და ხელისუფალთა მხარდაჭერით იგი განამტკიცებდა მონასტრის ძლიერებას და აუმჯობესებდა მის მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ყიდულობდა მამულებს და ზრუნავდა მათ შეუვალობასა და გადასახადებისაგან გათავისუფლებაზე. ათონის ქართველთა სავანის სამონასტრო წეს-წყობილება მას დამყარებული ჰქონდა ორ ძირითად პრინციპზე, რომელთა თანახმად სავანეში შემავალთათვის წოდებრიობა და კერძო საკუთრება მკაცრად იყო უარყოფილი. ეს ორი დებულება უნდა ყველას უცილობლად მიეღო, სიტყვის შეუბრუნებლივ დაეცვა და იმ წესებს დამორჩილებოდა, რომელიც ივერონში იყო შემოღებული. ყველაფერი საერთო უნდა ყოფილიყო და ყველანი ვალდებულნი იყვნენ, სამონასტრო ფიზიკურ სამუშაოში მონაწილეობა მიეღოთ. იგი გულმოდგინედ იღვწოდა მოწესეთა შორის კეთილგანწყობილებისა და კარგი ურთიერთობის დამკვიდრებისათვის. მონაწილეობდა ათონის მთის მონასტრების ბინადართა საადგილმამულო დავის მშვიდობიან გადაჭრაში და პროტოსისაგან ჯილდოდ მამულებსაც იღებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავის თანამოღვაწეთა და მოწაფეთა ცხოვრების პირობებს და მათ კეთილდღეობასაც უზრუნველყოფდა. ექვთიმემ სხვადასხვა ადგილას ააშენა ეკლესიები, საავადმყოფოები და მოხუცთა სახლები. იგი არა მხოლოდ თვით ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, არამედ არაქართველ მოღვაწეებსაც ეხმარებოდა და მათი სავანეების დაარსებაზეც ზრუნავდა.
წმინდა ექვთიმე არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, იქნებოდა ეს ნავის გამოზიდვა, ვენახის შესარვა, გასხვლა, ყურძნის კრეფა თუ მთაში მუშაობა. ნეტარს თარგმანებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა, რადგან ხშირად დღისით ვერ პოულობდა დროს. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს და თავის დიდსა და მძიმე კანონსაც სრულად აღასრულებდა. მან ისე განაგო მონასტრის წესგანგება, როგორც დიდ სვინაქსარში წერია. ნეტარი მამა მაღალ გოდოლზე (კოშკში), პატარა სენაკში ცხოვრობდა, მაგრამ მას ვერავინ მოასწრებდა ცისკრის ლოცვაზე მისვლას, კვერთხისა და კედელზე მიყრდნობის გარეშე იდგა ეკლესიაში, ტანზე ჯაჭვი ემოსა, ზემოდან კი ძაძა. ყველა ცდილობდა მისთვის მიებაძა. ვერავინ იკადრებდა ეკლესიაში საუბარს, ხოლო თუ ვინმე უმიზეზოდ ლოცვას გააცდენდა, ჯეროვნად განაკანონებდა. ჭაბუკებს 100 მუხლთდრეკას, ხნიერებს კი უჭმელობასა და უღვინობას განუწესებდა. კართან იდგა უხუცესი ძმა, რომელიც ძმებს ტაძრიდან გასვლის მიზეზს ეკითხებოდა, თუმცაღა უმიზეზოდ მაინც ვერავინ იკადრებდა გასვლას. ძმათა შორის თუ შუღლი ჩამოვარდებოდა, წინამძღვართან მიიყვანდნენ და ისიც მშვიდობას დაამყარებდა. იგი მოღვაწე ძმებს შენიშვნას არასოდეს მისცემდა, ზარმაცებს კი დაუცხრომლად ასწავლიდა, არიგებდა და ანუგეშებდა. ბერებს სერობის ლოცვის შემდეგ სენაკებში სასაუბროდ შეკრების უფლება არ ჰქონდათ. თვითონ მამა ექვთიმე ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, გარდა დიდი დღესასწაულებისა, მხოლოდ პურსა და წყალს იხმევდა. ღვინოს არ დალევდა გარდა ჟამისწირვისა ან რამე მიზეზისა. ტრაპეზის წინ ღვინოსა და საჭმელს გასინჯავდა და თუ რამე აკლდა, მეტრაპეზეს შენიშვნას მისცემდა. ტრაპეზზე არ საუბრობდა და სხვაც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვდა, მომსახურე ძმას უხმობდნენ და ჩუმად ეტყოდნენ. თავად ექვთიმე წლოვანებაში შესვლის შემდეგაც კი არ შედიოდა ეკლესიაში კვერთხით, არამედ მხოლოდ უძლური ძმებისათვის განაწესა კვერთხით დგომა და კედელზე მიყრდნობა, მეტად დაუძლურებულთათვის კი სკამზე ჩამოჯდომა. თვეში ორ-სამჯერ კვირა დღეს წმინდა წერილს განმარტავდა და ქადაგებდა.
კეთილად წინამძღვრობდა მამა ექვთიმე ივერონის საძმოს, სადაც სამას ბერზე მეტი აღირიცხებოდა. მრავალი შეძლებული მიდიოდა მასთან ბერად შედგომის სურვილით და დიდ შესაწირს სთავაზობდა მონასტრისთვის, მაგრამ ბერი არ იღებდა. ვერ აღგკვეცთ, რადგან თქვენ სახელოვანი კაცნი ხართ, მდიდარნი, ხოლო ჩვენ გლახაკნი და უცხოებაში მყოფნი, თქვენ მდიდრულ შესაწირს სწირავთ მონასტერს და განსვენებაში ყოფნა გნებავთ, ჩვენ კი ვერ განგისვენებთ და მერე შეწუხდებით, რადგან ძმები ფრიად შრომობენ და თქვენ რომ განსვენებაში გნახავენ, შეწუხდებიანო - ასე ეტყოდა და განუტევებდა, ხოლო თუ უბრალო და მშრომელი კაცი მოისურვებდა ბერად შედგომას, იტყოდა, ამათი შეწყნარება მირჩევნია, ვიდრე იმ მდიდრებისაო. უწვერულ ყრმებს სავანეში არ აჩერებდა, არამედ "გარე სოფელთა" აგზავნიდა, სადაც "უმჯობესი და სულიერი და გამოცდილი იკონომოსი" იყო, რომ კარგად აღეზარდათ, ხოლო როცა წვეროსნები გახდებოდნენ, მონასტერში აბრუნებდა.
მონასტერში იყო ბერი, მთავარდიაკონი, წარჩინებული ოჯახის შვილი, რომელმაც დიდი საფასე შესწირა მონასტერს. მას ჰქონდა შესამოსელი კვართი, რომლითაც იმოსებოდა მსახურების დროს. ერთ დღეს ჟამისწირვაზე მამა ექვთიმემ უთხრა სხვა მთავარდიაკონს, რომ შეემოსა იმ ძმის კვართი, მაგრამ მან უარი უთხრა მის ჩაცმაზე, რადგან არ უნდოდა ძმა შეეწუხებინა, წმინდა ექვთიმეს გაუმხილა ამის მიზეზიც: "სულიერო მამაო, ვაითუ ის ძმა შეწუხდეს, რადგან არ უნდა, რომ ვინმემ შეიმოსოს მისი სამოსელი". ეს რომ გაიგონა ექვთიმემ, მთავარდიაკონი იხმო და მშვიდად და ტკბილად უთხრა: "გინდა, რომ ამ ძმამ შეიმოსოს შენი სამოსელი და საკურთხეველში იმსახუროს ჩვენთან ერთად?" მთავარდიაკონი შეწუხდა, არ სურდა სამოსის განათხოვრება და ეს არც დაუმალავს. ჟამისწირვის აღსრულების შემდეგ ექვთიმემ თავისთან იხმო ზემოხსენებული მთავარდიაკონი და უთხრა: "მითხარი მართალი, რა მიატოვე ამ წუთისოფელში?" ბერმა უპასუხა: "წმინდა მამაო, თქვენთვის უცნობი არ არის, რომ მშობლები, ძმები, დიდძალი სიმდიდრე და ქონება დამიტოვებია და, რაც შენთვის მომიცია, თვითონაც იცი". "გიღირს, შვილო, რათა ამხელა მადლი და სასყიდელი ერთი კვართისთვის წარწყმიდო?" - ჰკითხა წმ. მამამ. არა, მამაო, - მიუგო ბერმა. მაშინ მამა ექვთიმემ უბრძანა ცეცხლის დანთება და კვართი თავისი ხელით ცეცხლში ჩააგდო. მთავარდიაკონი ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა. თუკი ვინმეს ჰქონდა შესამოსელი ან სხვა რაიმე საჭირო ნივთი, და არ უნდოდა, რომ თავის ძმას გამოეყენებინა, წმინდა ექვთიმე ცეცხლში წვავდა იმ ნივთს და ეუბნებოდა: "ჩვენ სულის დადება გვებრძანა ჩვენი ძმებისთვის და შენ ხრწნად ნივთს ამჯობინებ შენს ძმას და არა გრცხვენია?" ისინი მის სწავლა-დარიგებას საკურნებელ წამლად იღებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, რომელმაც სულის ამგვარი მკურნალი მიმადლა მათ.
მამა ექვთიმემ მრავალი თანამოაზრე შემოიკრიბა მონასტერში, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს ქართულ ხელნაწერთა გამრავლების საქმეს. ესენი იყვნენ: სანატრელი არსენი ნინოწმინდელი, იოანე გრძელისძე, იოანე მარტოდმყოფი, ღირსი იოანე ხახულელი, ნეტარი ბერი გრიგოლი, რომელსაც ჩააბარა ექვთიმემ თავის შემდეგ მონასტრის სულიერი ხელმძღვანელობა, ახალი აბრაამ სტუმართმოყვარე, ზაქარია მირდატის ძე, არსენი, ილარიონ კანანახი და სხვანი ზეციური მადლით განათლებულნი და თავიანთი ცხოვრებით ანგელოზთა მსგავსნი.
წმინდა ექვთიმე ათონელის სასწაულები
ექვთიმე მთაწმინდელმა ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში მოახდინა მრავალი სასწაული. საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი გახმა, ხოლო მიწა დასკდა. მეტად წუხდნენ ამის გამო. მთაწმინდაზე, ქართველთა მონასტერთან არის ერთი მცირე მონასტერი წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობისა. წმინდა ელიას დღესასწაული რომ მოახლოვდა, მამა იოანემ უბრძანა თავის შვილს, ექვთიმეს: "წაიყვანე ძმები, წადით წმინდა ელიას ეკლესიაში და ღამისთევით აღასრულეთ ჟამისწირვა". ამას რომ ეუბნებოდა, მრავალი ძმა შეკრებილიყო მამა იოანეს წინაშე და ოდნავ შეხუმრებულად უბრძანა: "ყმაწვილებო, საწვიმრები თან წაიღეთ, რადგან იმედი მაქვს ღვთისა, რომ ამაოდ არ დავშვრებით". წავიდნენ და ღამე გაათიეს. ჟამისწირვის დრო რომ მოახლოვდა, ექვთიმე შეიმოსა. ლოცვა რომ დაიწყეს, სახარების წაკითხვამდე ერისიონზე (მთის თავზე) პატარა ღრუბელი გამოჩნდა და იმწამსვე ცა ღრუბლებით აივსო. ზიარებამდე სისხამი წვიმა წამოვიდა და მთელი ქვეყანა წყლით დაათრო.
ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა მთაწმინდელმა ბერებმა, ჩვეულებისამებრ, ღამე მღვიძარებაში გაატარეს, ხოლო ჟამისწირვაზე, როდესაც სიწმინდე (წმინდა ძღვენის მოსამზადებელი ჭურჭელი) შეიტანეს და "წმინდა არსი" ილოცეს, დაინახეს, ექვთიმემ დგას, ვითარცა მგზნებარე ცეცხლი. შიშმა მოიცვა ყველა. მკვდრებივით იყვნენ. ასე შეძრწუნებულნი რომ იხილა, ექვთიმემ უთხრა: "ნუ გეშინიათ, ძმებო, რადგან ღმერთმა მოგვხედა და ქრისტემ თავისი დღესასწაული ადიდა". მათ დიდი ნუგეში მიიღეს და ადიდეს ღმერთი.
იმ დროს თესალონიკეში იყო ერთი ღვთივსულიერი კათალიკოსი, ქართველი მამების მეგობარი. მამა ექვთიმე ხშირად სტუმრობდა მას. თესალონიკეში იყო ერთი ებრაული რჯულის მცოდნე. კათალიკოსს უნდოდა, იგი ქრისტიანად მოექცია და ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე. მამა ექვთიმე მასთან იყო და კათალიკოსი შეევედრა, რომ იმ ებრაელთან ესაუბრა. იხმეს და რჯულზე დაიწყეს ლაპარაკი. ებრაელს გაუჭირდა და უძლური აღმოჩნდა მამა ექვთიმეს წინაშე. მაშინ რჯულის მცოდნე ქრისტიანთა და მათი წმინდა სარწმუნოების გმობას შეუდგა. ეს რომ გაიგონა მამა ექვთიმემ, შეწუხდა, შერისხა და უთხრა: "ენა გააჩერე, ბილწო ურია". და იმწამსვე ენა წაერთვა, უტყვი შეიქნა და პირი მიაბრუნა. იქ სხვა ებრაელებიც იდგნენ, ისინი ფეხებში ჩაუცვივდნენ ექვთიმეს, რათა შეენდო მისთვის. მან მიუგო: "ვინც გმო, მისგან მიიღოს შენდობა, მისი რწმენა მიიღოს, მე კი შემინდვიაო". შემდეგ კათალიკოსი ევედრა, რათა შეენდო და ელოცა მისთვის. როცა ილოცა და ჯვარი გადასახა, იმწამსვე მოაბრუნა პირი და ამეტყველდა. მაშინვე ჩაუვარდა ფეხებში, გაქრისტიანდა და დიდად მორწმუნე გახდა. ასევე, კიდევ ერთი, სხვა ებრაული რჯულის მცოდნეც, ძალზე განსწავლული და განთქმული მოკამათე, ებრაული ამპარტავნობით მივიდა მამა ექვთიმესთან და საუბარი ინდომა. წმინდა მამას უმძიმდა ეს საქმე, მაგრამ, იოანეს ბრძანებით, იძულებული გახდა, დალაპარაკებოდა ებრაელს. დავა და შეკითხვების დასმა რომ იწყო, უხსნიდა და იმაზე მეტს განუმარტავდა, ვიდრე ითხოვდა. მზაკვარმა თავისი დამარცხება რომ იგრძნო, გმობა დაიწყო. ამის მოსმენა გაუჭირდა ექვთიმეს და უთხრა: "თუ წმინდა წერილიდან იკითხავ, განგვიმარტე; თუ ჩვენ გვეკითხები - პასუხს ჩვენ გაგცემთ; მაგრამ რაკი ისევ მაღალ ღმერთს გმობ, შენი მგმობარი პირი დაიყავი!" ეს რომ ესმა, მაშინვე წაერთვა ენა და მეორე დღეს სული განუტევა.
საკათალიკოსო საყდრებს შორის გამორჩეული იყო ეპიფანე კვიპრელის საყდარი. იმ ხანებში აღესრულა კვიპრელი ეპისკოპოსი და ბასილი კეისარმა მამა ექვთიმეს კვიპროსის დაქვრივებული საყდარი შესთავაზა, მაგრამ იგი არ დათანხმდა, რადგან გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და ქვეყნიურ შფოთს. ბოროტი და წმინდა კაცთა მოწინააღმდეგე (ეშმაკი), რომელიც ხედავდა მონასტერში მამა ექვთიმეს მიერ დამყარებულ სულიერ წესრიგს, ძმების წარმატებასა და საღვთო წიგნების თარგმნას, შურით აღივსებოდა, იპოვა ერთი საწყალი მონაზონი და წმინდა ექვთიმეს მოსაკლავად განაწყო. ეჩვენა ეშმაკი და უთხრა: "თუ მოკლავ ჩემთან მებრძოლ ექვთიმეს, დიდ სიკეთეს მოგცემ". მანაც მოიმარჯვა მახვილი, მაგრამ ღმერთმა ფუჭად უქცია განზრახვა. ერთ დღეს კოშკის თავზე, სადაც წინამძღვარი ცხოვრობდა, ექვთიმეს ერთ-ერთმა მოწაფემ ჩაკეტა მოძღვრის სენაკთან მისასვლელი კარი და თავისი სენაკისაკენ გაემართა. მცირედით რომ ჩაიარა კოშკის კიბე, ეშმაკისაგან შეპყრობილი მონაზონი შეხვდა და უთხრა: "მამასთან ავდივარ და ნება მომეციო". მოწაფემ შეახსენა: "არ შეიძლება უდროოდ ასვლა მამასთან". ის კიდევ ამბობდა: "შეუძლებელია, რომ არ ავიდე". და რადგანაც არ უშვებდა მამის სანატრელი მოწაფე, გაცოფებულმა მონაზონმა იშიშვლა საეშმაკო მახვილი, უმოწყალოდ დაჭრა ექვთიმეს მოწაფე და თვითონ გაეცალა; ამ დროს მას მამის სხვა მოწაფე შეხვდა და ისიც დაჭრა მახვილით.
ხმაურზე ჩამოსულმა წმინდა ექვთიმემ მომაკვდავი ბერები სქემით შემოსა და უფლის ცხოველმყოფელ საიდუმლოს აზიარა. ასე წამების გვირგვინებით შემკულნი წარდგნენ ისინი უფლის წინაშე, ხოლო მკვლელმა აღიარა თავისი ბოროტი განზრახვა და ტანჯვით აღმოხდა უბადრუკი სული.
სხვა დროს ეშმაკმა მონასტრის მებოსტნე წააქეზა და წმინდა მამის მოკვლა შთააგონა. როგორც კი შეეხო იგი მამას, ხელი გაუშეშდა და გამხმარ ხესავით შერჩა, სანამ არ აღიარა ყველაფერი და მამის ლოცვით არ მიიღო კურნება, და ადიდებდა ღმერთს.
ყველა სათნოებასთან ერთად, მამა ექვთიმეს ის დიდი სათნოებაც ჰქონდა, რომ გამოუძიებლად არაფერს აკეთებდა და ამბობდა: "თავის თავზე მინდობა და საკუთარი სურვილების აყოლა სულის დამღუპველია, ხოლო გამოძიება გადარჩენის საწინდარია, როგორც ეს ჩვენმა წმინდა მამებმა თქვეს". ეს წესი მან სიკვდილამდე დაიცვა.
გონებით წრფელმა და მდაბალმა, სულით მშვიდმა და განათლებულმა ექვთიმემ 14 წელი უწინამძღვრა ივერთა მონასტერს, მაგრამ, როცა იოანე გრძელისძე და არსენ ნინოწმინდელი დარწმუნდნენ, რომ იგი მამასახლისობის გამო წიგნების თარგმნას ვეღარ ასწრებდა, წინამძღოლობისთვის თავის დანებება ურჩიეს. 1019 წელს ექვთიმემ, მამის ანდერძის თანახმად, წინამძღვრობა მამის ძმისშვილს, გიორგი ვარაზვაჩეს გადააბარა, თვითონ კი სენაკში განმარტოვდა და 9 წელი წიგნების თარგმნაში გაატარა.
ის დიდ მონასტერზეც ზრუნავდა და, სანამ ემორჩილებოდნენ, კეთილად განაგებდა. ბოლო დროს გათავხედდნენ ბერძნები, შფოთი შემოიტანეს. წინამძღვრებს ხშირად ცვლიდნენ და შფოთიც უფრო და უფრო მატულობდა, ვიდრე სამეფო კარზე არ მივიდნენ და არ აუწყეს მეფე კონსტანტინეს ამ შფოთის ამბავი. მეფემ რომ გაიგო, დიდი ექვთიმეა მათი მმართველიო, იხმო სასახლეში, რათა მისგან შეეტყო სიმართლე, ვინაიდან დიდად ენდობოდა და უყვარდა სათნო ბუნებისა და ღირსების გამო.
სანამ მეფესთან წავიდოდა, მამა ექვთიმემ ყველა ძმა შეკრიბა, ნუგეში სცა, საუკეთესო სუფრა გაუშალა, აკურთხა და ევედრა, მისთვის ელოცათ. შემდეგ მივიდა თეოფანე ხუცთან, რომელიც ძალიან უყვარდა მამა ექვთიმეს, ვინაიდან ბავშვობიდან აქ იყო აღზრდილი და ყოველგვარი სათნოებით შემოსილი. უფლისათვის სათნო მღვდელი ფრიად განსწავლული იყო, საღვთო წიგნთა წერაში დახელოვნებული, რის შესახებაც მამა ექვთიმე ბრძანებდა: "ათას ხუთას დრაჰკანზე მეტი ღირებულების მონასტრის წიგნები დაუწერია შინ და გარეთ". არსენისა და იოანეს გარდაცვალების შემდეგ ჩვენი მამა ხშირად მას ეკითხებოდა ხოლმე. სწორედ ამ ნეტარ ბერთან წავიდა, ტირილით მოიკითხა და მასაც სთხოვა, ელოცა მისთვის. ხოლო იგი მოეხვია და აცრემლებულმა უთხრა: "ვაი მე, უბადრუკსა, რადგან აღარასოდეს გნახავ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!" და თვითონ მამაც ემოწმებოდა მის ამ ნათქვამს; ასეც მოხდა, და ორივეს წინასწარმეტყველება აღსრულდა.
წმინდა ექვთიმე მივიდა სამეფო კარზე. მეფემ დიდი პატივით მოიკითხა იგი და მონასტრის საქმეები გამოჰკითხა.
დიდმა დრომ განვლო, ვიდრე ყველა საზრუნავს მოუვლიდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულმაც მოაღწია და, ჩვეულებისამებრ, დიდებულად გადაიხადა, გლახაკებისათვის იზრუნა, იმ მონაზვნებს, რომლებიც თან ახლდნენ, ნუგეში სცა, თვითონ ემსახურა და ყველანაირი სიკეთით აავსო.
ამის შემდეგ მან პირი გაიხსნილა და ცოტა დაისვენა. როცა წამოდგა, გაახსენდა წმინდა იოანე მახარებლის ხატი, რომელიც მხატვრისათვის მიეცა განსაახლებლად. უბრძანა მოწაფეს, წასულიყო და ეკითხა, როგორ არის მისი განახლების საქმეო. მაგრამ შემდეგ უთხრა: - ვაითუ ჩვენ როგორც გვჭირდება, ვერ გააგებინო, შვილო! ჯორი შემიკაზმე და მე თვითონ წავალო. ეს ჯორი ახალნაყიდი იყო და ავზნიანი გამოდგა. მათ არ იცოდნენ ამ პირუტყვის უვარგისობა და ავზნიანობა. ცოტა რომ გაიარეს, ერთ გლახაკს შეხვდნენ, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. წმინდა მამა შეჩერდა მოწყალების მისაცემად. ძონძებით შემოსილი გლახაკი მიეახლა ექვთიმეს. ავზნიანმა ჯორმა რომ დახედა მას, უცბად დაფრთხა, გაქანდა, თან აქეთ-იქით აწყდებოდა, სანამ წმინდა მამა საშინლად არ დააშავა და არ მოკლა. როცა ჯორმა ექვთიმე ძირს გადმოაგდო, დიდძალი ხალხი შეიკრიბა, იგლოვდნენ უბედურ შემთხვევას შეწირულ მამას.
შემდეგ წმინდანის სხეული გადაასვენეს მონასტერში, სადაც მისი სავანე იყო.
ეს ამბავი მეფე კონსტანტინემ რომ შეიტყო, დიდად შეწუხდა, გამოგზავნა ერთი თავისი ახლობელი და მიუსამძიმრა. ასევე მოქალაქენი, დიდებულნი, მთავარნი და კარისკაცები - ყველას დიდი რწმენა და სიყვარული ჰქონდა ექვთიმესი, მოდიოდნენ და ცრემლად იღვრებოდნენ, ეამბორებოდნენ და მიდიოდნენ.
ივერონის ქართველი ბერები არ მოშორებიან ანგელოზთა მსგავსი წმინდა მამის ნეშტს, თავში ცემითა და მოთქმა-გოდებით იგლოვდნენ დაობლებას.
ამგვარი ლოცვითა და ღვთისადმი მადლიერებით გარდაიცვალა ღმერთშემოსილი მამა ექვთიმე; მისი პატიოსანი ნეშტი მიასვენეს მისსავე მონასტერში და ჩაასვენეს ლუსკუმაში.
გიორგი მთაწმინდელის წინამძღვრობის დროს წმინდა ექვთიმეს ნაწილები ნათლიმცემლის ეკლესიიდან ღვთისმშობლის ეკლესიაში გადაასვენეს.
წმინდა ექვთიმე იშვა დაახლოებით 955 წელს და აღესრულა 1028 წლის 13 მაისს.
წმინდა ექვთიმეს ხატის წყარო
კონდაკი
ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა, ყოვლადნეტარო მამაო ექვთიმე.
.......................................................
აქვე წაიკითხეთ:
წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას!
ათონელ ქართველთა გამოცხადება.
ათონის ლიტერატურული სკოლა
ათონელი ქართველები
სჯობს თევზი გაფუჭდეს, ვიდრე ჩვენი ტიპიკონი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი