XII საუკუნის ნახევრიდან სერბეთს სტეფანე ნემანი, დიდად ღვთისმოშიში და კეთილმოკრძალე კაცი მართავდა. მან ყოველგვარი ერესისგან განწმინდა, აღადგინა და გააძლიერა თავისი დაქცეული სამშობლო.
წმინდა იუსტინე პოპოვიჩი მასზე ამბობს, რომ იგი იყო "მართლმადიდებლობის დამცველი და მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერესების წინააღმდეგ მებრძოლი, დიდი რწმენის, სიყვარულისა და სახარებისეული მოშურნეობის მქონე ადამიანი".
სტეფანე ნემანი, 1114 წელს ზეტას ოლქში, დღევანდელი ჩერნოგორიის, ქალაქ რიმნიცაში დაიბადა, რომელიც მაშინ ლათინების იურისდიქციაში შედიოდა. როცა მისმა მშობლებმა სერბეთში დაბრუნება შეძლეს, ის მართლმადიდებლურ ტაძარში მონათლეს და ჭეშმარიტი რწმენისადმი სიყვარულით აღზარდეს. მამამ ადრე ანდო მას ერთი ოლქის მართვა. თავისი მმართველობის ნიჭისა და სახალხო სიყვარულის წყალობით ის მთელი სერბეთის დიდი ჟუპანი გახდა (1166). მან შეძლო სერბული ოლქები ერთ სამეფოდ გაეერთიანებინა. სტეფანემ დაუდო სათავე ნემანიჩების დინასტიას, რომელიც ქვეყანას ორასი წელი მართავდა და ეკლიას ბევრი წმინდანი მისცა (წმინდა სვიმეონ-სტეფანეს გარდა წმინდანად არის შერაცხილი. მისი ცოლი შემდგომში მონაზვნად აღკვეცილი ანასტასია და შვილები - წმინდა საბა და სტეფანეს მემკვიდრე პირველი გვირგვინშემოსილი მეფე სტეფანე მეორე, რომელიც ასევე მონაზონი გახდა. ამ სტეფანეს ვაჟი სტეფანე მესამეც შემდგომში მონაზვნად აღიკვეცა).
თავისი მმართველობის ჟამს მას შეჯახება მოუხდა მტრულად განწყობილ ძმებთან და მათ ის ერთხანს ბორკილდადებული მღვიმეში ჰყავდათ ჩაგდებული. მაგრამ თავისი ურყევი რწმენისა და წმინდა დიდმოწამე გიორგის შეწევნით მან სძლია და მოიწვია კრება, რათა სამშობლო ბოგომოლების ერესისგან გაეთავისუფლებინა.
სტეფანე ნემანს ცოლად ჰყავდა ბიზანტიის იმპერატორ რომანოზის ასული ანა. მისი დახმარებით მან უამრავი ტაძარი და მონასტერი აღაშენა, ფული უხვად შესწირა ქრისტიანული სამყაროს მსხვილ სულიერ ცენტრებს. სტეფანემ ბიზანტიისგან დამოუკიდებლობა მოუტანა ქვეყანას და ეკლესიის ცხოვრების სწორი სახით ორგანიზება მოახდინა.
სტეფანემ და ანამ შვეს ძენი და ასულნი და კეთილად გამოზარდეს. მაგრამ აი, დაეხშო ანას საშო და მეტი შვილი აღარ მიეცა. წუხდა ცოლ-ქმარი, ღამეებს ლოცვაში ატარებდა და გამოითხოვდა ღვთისაგან ძეს, რომელიც მათ სიბერის ჟამს ანუგეშებდა. აღთქმაც მისცეს უფალს, რომ თუ ვაჟი შეეძინებოდათ, ცოლქმრულ ცხოვრებას შეწყვეტდნენ და და-ძმასავით იქნებოდნენ.
შეიწყნარა უფალმა მათი ლოცვა და მისცა ძე, რომლისგანაც იკურთხა მთელი მათი მოდგმა.
ვაჟს როსტისლავი, რასტკო დაარქვეს. იზრდებოდა რასტკო და სულიერადაც წარემატებოდა და-ძმებს და თანატოლთ. უზომო იყო მშობლების სიყვარული. თვრამეტი წლისა რომ გახდა, გადაწყვიტეს, მისთვის ცოლი შეერთოთ. ღვთის მაძიებელი ვაჟი ყველანაირად ცდილობდა, ოჯახის მძიმე ჯვარი თავიდან აეცილებინა.
ერთხელ სტეფანემ დიდი წვეულება გამართა. წვეულთა შორის იყო ათონის მთიდან ჩამოსული რუსი ბერიც. რასტკომ ბერი თავისთან მიიწვია, ესაუბრა მონაზვნურ ცხოვრებაზე, ათონელ ღირს მამებზე და სურვილი გაუჩნდა, მთაწმინდაზე გაპარულიყო. აღარ დაუყოვნებია, ეახლა მშობლებს და წესისამებრ, მგზავრობის წინ კურთხევა გამოსთხოვა.
- საით მიდიხარ, შვილო? - ჰკითხა სტეფანემ.
- შორს, მთებში, კარგი სანადირო ადგილებია და თუ შემაგვიანდა, არ ინაღვლოთ, - მიუგო როსტისლავმა. აკურთხა შვილი სტეფანემ და გულმა ისეთი რეჩხი უყო, თითქოს საუკუნოდ ემშვიდობებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ვაჟის თანატოლები დაბრუნდნენ და სტეფანეს მოახსენეს, რომ რასტკო სადღაც გამქრალიყო. აღარსად ჩანდა ათონიდან ჩამოსული ბერიც. მაშინ კი მიხვდა ცოლ-ქმარი, რომ მათი შვილი ათონზე გაიპარა. დიდმა მწუხარებამ დაისადგურა სასახლეში. სტეფანემ იხმო სანდო მთავარსარდალი, საუკეთესო ჯარისკაცები და რასტკოს მეგობრები გააყოლა და ათონზე გაგზავნა.
წარგზავნილნი შეუსვენებლივ მიჰქროდნენ. ჯერ თესალონიკში ჩავიდნენ, იქიდან ათონზე გადავიდნენ, მოიარეს წმინდა მთა და ბოლოს რუსიკში მიაგნეს უფლისწულს. სარდალმა მოახსენა, რომ მეფის ბრძანებით ან ნებით, ან ძალით სამშობლოში უნდა დაებრუნებინა.
შეწუხდა ვაჟი, ერში ცხოვრება აღარ სურდა. იღუმენს სთხოვა დახმარება. ბერები ჯარისკაცებს ღვინით გაუმასპინძლდნენ, დაათვრეს და დააძინეს, როსტისლავმა კი ამასობაში ბერობის აღთქმა დადო.
მეორე დღეს ახალგაზრდა ბერმა შეცბუნებულ სარდალს მშობლებთან აღთქმის ნიშნად მოკვეცილი თმა, საერო სამოსი და წერილი გაატანა. დედ-მამას სთხოვდა, არ დაღონებულიყვნენ და ელოცათ უფლის მიმართ.
ცოლ-ქმარს მახვილივით დაუკოდა გული მწუხარებამ, როცა შვილის ქერა კულულები და წითელი შესამოსელი დაინახეს. ცრემლით ალტობდნენ და მწარედ გლოვობდნენ ამა სოფლისთვის მკვდარ ძეს, მაგრამ ნელ-ნელა მოულბათ გული და ღვთის შიში დაუბრუნდათ. სტეფანემ უამრავი ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა შვილს, ღვთის შიშითა და მოკრძალებით მისწერა წერილი, მამასა და მოძღვარს ეძახდა. "შენს ხელთაა გვარი, - სწერდა სტეფანე, - ჩვენი სულებიც შენს ხელთაა, რამეთუ განაკვირვე მშობლები შენის კეთილი გონიერებით". ბოლოს კი სთხოვდა, - ჩამოდი სერბეთში, გვიხილე, ნუგეში გვეცი და შემდეგ უკანვე დაბრუნდიო. პირობას აძლევდა, რომ სამშობლოში ძალით არ დააკავებდა.
მამის გაგზავნილი ოქრო საბამ ათონის მონასტრებსა და მეუდაბნოე მამებს დაურიგა და ამით საყვარელ მშობელს ზეცაში განუმზადა სასუფეველი.
რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანემ კვლავ გაუმეორა სათხოვარი და უფრო მეტი ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა. ამ ფულით წმინდა საბამ ვათოპედის მონასტერში ორი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო და მონასტრის კედლები გაამაგრა, მშობლებს კი წერილი მისწერა და მონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდა. "მიწიერ სამეფოში მოციქულებრივ იღვწოდი, - სწერდა მამას, - ქვეშევრდომნი მართლმადიდებელი სარწმუნოებით განანათლე, განდევნე ერესნი, დაამხე კერპნი, აღაშენე ტაძრები, იყავ მოწყალე და უცხოთშემწყნარებელი... აწ მოიძულე მიწიერი სიმდიდრე და მშვენება სოფლისა, რომელიც წარმავალია და დროებითი და იტვირთე ჯვარი, რომელიც ამ უდაბნოში მოგიმზადე. დასახლდი ჩემთან, განიშორე ყოველივე ამქვეყნიური, მარხვით და ლოცვით საიქიო ცხოვრებისთვის მოემზადე და ჭვრიტე ოდენ ღმერთი... დაე, ჩემმა ტკბილმა დედამაც მოგბაძოს ამაში.
გევედრებით, ნუ დაგენანებათ წარმავალი მეფობა და სიმდიდრე, და ნუ შეგაძრწუნებთ ჩემი სიტყვები, ვითარცა შეწუხდა სახარებისეული ჭაბუკი. გწამდეს, მამავ ბატონო - დაუტევე მიწიერი სამეფო და ზეციურს მოიპოვებ".
მიირქვა უსტარი სტეფანემ და ვითარცა სიწმინდეს, ეამბორა. ჩააფიქრა შვილის სიტყვებმა - 37 წელი განაგებდა ქვეყანას; ალბათ, დრო იყო, სულის ხსნისათვისაც ეზრუნა. სასწრაფოდ გასცა ბრძანება და თავისი სამეფოს ყოველი მხრიდან იხმო ეპარქნი, სარდალნი, აზნაურები. დადგა უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს დღე. სტეფანემ კრებულს ჯერ საბას წერილი წაუკითხა, შემდეგ თავისი ღვაწლი გაახსენა და ბოლოს გადაწყვეტილება ამცნო.
ნემანმა ხელისუფლება უფროს ძეს სტეფანეს გადააბარა, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის სიძე გახლდათ.
მეორე ძეს, თავად ვოლკანსაც, დიდი მიწაწყალი გა-დასცა სამართავად. ამის შემდეგ სტეფანემ გამოსათხოვარი წვეულება გამართა და საყვარელ ადამიანებთან ერთად უკანასკნელად მიიღო ტრაპეზი, მეორე დღეს კი ის და მისი თანამეცხედრე სტუდენიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაემგზავრნენ, შავი სამოსით შეიმოსნენ და უფალს მონაზვნობის აღთქმა მისცეს. სტეფანეს სახელად სვიმეონი უწოდეს, ხოლო ანას - ანასტასია.
ბერი სვიმეონი ერთხანს სტუდენიცაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ათონზე, მონატრებულ ვაჟთან წასულიყო.
როგორც იქნა, დაადგა ფეხი წმინდა მთას ბერმა სვიმეონმა და ჩაიკრა გულში თავისი "უძღები შვილი" (ასე უწოდებდა თავს წმინდა საბა). რა ენა აღწერს იმ სიხარულს, მამა-შვილის შეხვედრას რომ ახლდა თან!
ნამგზავრმა ბერმა მცირე ხანს დაისვენა, შემდეგ კი მონასტერს შესაწირავი გადასცა. დიდიდან მცირემდე ყველას გაუნაწილა ოქრო-ვერცხლი, ხოლო სამონასტრო სამუშაოებისთვის საუკეთესო ჯორები და ცხენები მოაყვანინა.
დიდგვაროვანნი, რომელთაც მეფეყოფილი ათონზე მიაცილეს, მიუხედავად სვიმეონის წინააღმდეგობისა, მასთან დარჩნენ. "შენ გვერდით გავითქვით სახელი მიწიერი მხედრობით და შენთან ერთადვე ვიბრძოლებთ ზეციური სამეფოსთვის; ვერც ვინ განგვაშოროს შენს სიყვარულსო", - განუცხადეს მათ, აღიკვეცნენ ბერებად და ღირსეული მონაზვნები გახდნენ.
მთელი ათონიდან დაიძრნენ მეფეყოფილის სანახავად. მოდიოდნენ მონასტრების წარმომადგენლები და მადლს სწირავდნენ იმ წყალობისთვის, სავანეთა ასაშენებლად რომ გაიღო.
მცირე ხნის შემდეგ ბერმა სვიმეონმა ათონის მთის სიწმინდეების მოლოცვა გადაწყვიტა. გამოითხოვა კურთხევა იღუმენისგან და გზას გაუდგა. თან თავისი ძე იახლა.
მამა-შვილმა მოილოცა მონასტრები და უთვალავი მოწყალება გასცა, თუმცა ათონის მწვერვალზე ვერ ავიდა - მოხუცს ეს უკვე აღარ შეეძლო. ბოლოს ვათოპედში დაბრუნდნენ და გვერდიგვერდ აგებულ სენაკებში დასახლდნენ.
შვილი კეთილმოსაგრეობას ასწავლიდა მამას, მაგრამ სვიმეონი უკვე ძალზე მოხუცებულიყო და უჭირდა ამხელა ღვაწლის ტვირთვა, ამიტომ საბა მამის მაგივრადაც მარხულობდა, ლოცულობდა, ასრულებდა საბერო კანონს, ხოლო დაუძლურებული სვიმეონი იწვა სარეცელზე გულშემუსვრილი და ლმობიერების ცრემლს ღვრიდა. ახალგაზრდა იღვწოდა და ბერიკაცი თანაულმობდა, გონებით ასრულებდა მეტანიებს მასთან ერთად. გაამკაცრებდა შვილი მარხვას და მამაც, თავისი უძლურებით გამწარებული, გაამრავლებდა ცრემლთა დენას. ღონემიხდილი, მოცახცახე, ერთიანად გათეთრებული, იჯდა და საკუთარ თავზე დრტვინავდა. "სასოს ნუ წარიკვეთ, მამა, - ამშვიდებდა საბა მოხუცს, - დაე, ჩემი მღვიძარება, მარხვა, მეტანიები შენიც იყოს. შენს საღვაწსაც მე ვიღვაწებ, რამეთუ მორჩილ მექმენ და ჩემგან იძიებს უფალი შენს სულს". შვილის სიტყვები ცრემლთა წყაროს ადენდა სვიმეონს, დაუკოცნიდა ძეს სპეტაკ პირისახეს, ჩაიკრავდა გულში და ეტყოდა: "ჰოი, უფალო ჩემო, ჰოი, წიაღო ჩემო! ჭეშმარიტად, ყოველივე დავუტევე და მხოლოდ შენ ერთს მოგეჯაჭვე. რით მოგაგო სამაგიერო ყოველივესთვის, ცრუ სოფლისაგან ჩემი დახსნისთვის, ჩემი სულისთვის ზრუნვისა და მწუხარებისთვის? კურთხეულ იყავ ღვთისაგან, კურთხეულ იყოს ის დღე, როცა ამქვეყნად იშვი, ძეო ღვთისაო და არა ჩემო!" ამგვარად იღვწოდნენ ერთსულ ქმნილი ბერი სვიმეონი და ბერი საბა.
ერთხელ მონასტრის იღუმენმა საბა კონსტანტინოპოლში გაგზავნა. ნაუფლისწულარი დიდი პატივით მიიღეს სამეფო კარზე. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გამოჰკითხა თა¬ვისი მძახლის, ბერი სვიმეონის ამბავი და მისი შემონაზვნებით აღტაცებულმა ურიცხვი თვალ-მარგალიტი გაატანა. საბასაც აღუსრულა თხოვნა და აჩუქა ხილანდარის ძველი, იავარქმნილი მონასტერი, რომელიც ამიერიდან ვათოპედისას უნდა დაქვემდებარებოდა.
ერთხელ საბას ერთმა წმინდა მამამ ურჩია, ალექსი კომნენოსისგან საკუთრივ სერბთათვის გამოეთხოვა რომელიმე დაქცეული მონასტერი, რომელიც მხოლოდ მეფეს დაემორჩილებოდა ანუ სტავროპეგიალური იქნებოდა. საბამ ღირსი მამის ნათქვამი ღვთის ნებად მიიღო. ვათოპედის იღუმენს არ სურდა მათი გაშვება, მაგრამ მონასტრის ძმებმა ურჩიეს: "ნუ განვარისხებთ სამეფო ოჯახს, მივცეთ მათ ქილანდარის მონასტერი, რომელიც იმპერატორისგან გამოითხოვესო". სვიმეონმა მემკვიდრეს წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა. მანაც თვალ-მარგალიტი, მუშახელი და ჯორ-ცხენი გაუგზავნა.
მალე ქილანდარის მონასტერი ფეხზე დადგა (1198) და მონაზვნური ცხოვრებაც აღორძინდა. მამამ კიდევ ერთხელ გააგზავნა შვილი კონსტანტინოპოლში. ალექსიმ აღუსრულა თხოვნა და ხილანდარის მონასტერი სამეფოდ ანუ სტავრო¬პეგიალურად აღიარა. სხვაც მრავალი სავანე უბოძა სერბთა მონასტერს. ამასთან ერთად წმინდა საბას თავისი კვერთხი გაატანა და განუწესა, რომ იღუმენის არჩევისას ეს კვერთხი თან ჰქონოდათ ნიშნად იმისა, რომ მონასტრის წინამძღვარი ხელმწიფებას თვით იმპერატორისგან იღებდა.
გავიდა წელიწად-ნახევარი, რაც წმინდა სვიმეონი ძესთან ათონზე ჩავიდა და ბერი უფალმა იხმო. "შვილო, ჩემი სიბერის ტკბილო ნუგეშო, - უთხრა მოხუცმა წმინდა საბას, - მოახლოვდა ჩემი ამქვეყნიდან განსვლის ჟამი და თუ აქამდე ჩემი სულის ხსნისთვის იღვწოდი, ამიერიდან უფრო მეტად უნდა დამეხმარო - ვიცი, რომ უფალი ყოველივეს აღგისრულებსო". შეევედრა, მშობლიური სერბეთის მონასტრებისთვისაც ეზრუნა და ანდერძად დაუტოვა, როცა საშუალება მიეცემოდა, მისი ნეშტი მშობლიური მიწისთვის მიებარებინა.
მთელი ღამე მამის სარეცელთან, ლოცვაში გაატარა წმინდა საბამ, თითქოს ლოცვით განუმზადებდა გზას ცათა სასუფევლისკენ. დილით კი შეამჩნია, რომ მამამისი ამქვეყნისა აღარ იყო, დაემხო მის წინ და უკანასკნელი კურთხევა გამოითხოვა თავისთვის და მშობლიური სერბეთისათვის.
"იყოს თქვენ შორის სიყვარული, - დაუბარა შვილებს წმინდა სვიმეონმა, - და ვინც განაქარვოს ესე, დაე, განაქარვოს მისი ოჯახი ღვთის რისხვამ!"
სულთმობრძავი მამა სვიმეონი ეკლესიის სტოაში დაასვენეს. მომაკვდავს გარს ერთგული მსახურნი შემოერტყნენ. ტიროდნენ, ეამბორებოდნენ და ემშვიდობებოდნენ. ბერ სვიმეონს სახე უბრწყინავდა, რაღაცას გალობდა. მამებმა გალობის უკანასკნელი სიტყვებიღა გაარჩიეს: "ყოველი სული აქებდით უფალსო". საბამ იგრძნო, რომ იქვე უხილა¬ვად ზეციურნი ძალნი იმყოფებოდნენ, რომელთაც ღვთის მადიდებელი სული მალე ზეცად აღიყვანეს. ეს მოხდა 1199 წლის 13 თებერვალს.
წმინდა საბა დაემხო მამის ცხედარს და მისი ნათლით მოსილი სახე ცრემლით განბანა. დიდი პატივით დაკრძალა მამა, უამრავი მოწყალება გასცა მის სახელზე. მერე კი თავის სენაკში ჩაიკეტა და დღედაღამ ლოცულობდა. ევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის წმინდა სვიმეონის სულის ადგილსამყოფელი. ღმერთმა შეისმინა წმინდა საბას ლოცვა - ერთ საღამოს ბერს ღვთივგანსვენებული მამა გა¬მოეცხადა. "ნუ წუხხარ, შვილო საყვარელო, - უთხრა ბრწყინვალე გვირგვინით შემკულმა წმინდა სვიმეონმა, - არამედ გიხაროდეს, რამეთუ ინება ღმერთმა და გაჩვენა შენი მშობელი თავის ზეციურ სამეფოში", - შემდეგ კი მომავალი მღვდელმთავრობა, სერბი ერის მოძღვრობა და სულიერი წინამძღოლობა უწინასწარმეტყველა.
ნუგეშცემული წმინდა საბა სურვილით აინთო, წმინდა სვიმეონის დიდება სხვებსაც ეხილათ. ქილანდარში მიიწვია ათონის სავანეთა წინამძღვრები, სთხოვა, მამამისის კუბოსთან ელოცათ, თვითონ კი ძმებთან ერთად ცისკრის ლოცვის აღსავლენად მახლობლად მდებარე მცირე საყდარში წავიდა. "თუ უფალი განადიდებს თავის მონას, დამიძახეთო", - სთხოვა მამებს. წინამძღვრები ვერ მიუხვდნენ ნათქვამს და მაშინღა მოაგონდათ მისი სიტყვები, როცა ლოცვისას გარდაცვლილის კუბოდან მირონმა დაიწყო დენა.
ათონის პროტამ ნება მისცა საბას, ბერი სვიმეონი წმინდანად მოეხსენიებინა და მისი ხატიც შეექმნა. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდა სვიმეონის განსასვენებელთან, ათონის მთის ბერებს კი მისი ცხოვრება ექცათ ნუგეშად და გაკვეთილად, თუ როგორ განადიდა უფალმა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი.
რვა წლის შემდეგ წმინდა საბამ აღასრულა მამის ანდერ¬ძი და მისი ნეშტი სამშობლოში გადაასვენა და მდინარე სტუ¬დენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.
ეს იმდროინდელმა მოვლენებმაც დააჩქარა - ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, დაიპყრეს ბერძნული მიწები, დაარბიეს ათონი და წმინდა სვიმეონის ნეშტი რომ არ წაებილწათ, სერბეთის მთავარმა სტეფანემ მისი გადასვენბა ითხოვა.
წმინდანის ნეშტი რვა წლის შემდეგაც უხრწნელი იყო და მირონი სდიოდა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა წყალობა, როცა მისმა შვილებმა ცოდვები განამრავლეს. სტეფანემ წერილი მისწერა ათონზე დაბრუნებულ საბას, ამცნო ეს სამწუხარო ამბავი და სერბეთში დაბრუნება სთხოვა: "იქნებ შენი მოსვლით ნუგეშცემულმა მამაჩვენმა წყალობა მოიღოს ჩვენზე და მის ნაწილთაგან მირონის დენა განახლდესო". წმინდა საბა შეძრა ძმის სათხოვარმა, წერილი მისწერა მამას და ძმების ნაცვლად პატიება სთხოვა. როგორც კი საბას წერილი წმინდა სვიმეონს კუბოში ჩაუდეს, იქიდან კვლავ წარმოედინა წყარო მაცოცხლებელი მირონისა.
წმინდა სვიმეონის სერბეთში გადასვენების შემდეგ უნუგეშო მწუხარებამ მოიცვა ხილანდარის მონასტრის ბერები. მაშინ იღუმენ მეთოდეს წმინდა საბა გამოეცხადა და აუწყა, რომ მისი საფლავიდან ძმათა სანუგეშოდ ვაზი ამოიზრდე¬ბოდა და სანამ ის ნაყოფს გამოიღებდა, მონასტერს წმინდა სვიმეონის კურთხევა არ მოაკლდებოდა. დღემდე მსხმოია¬რობს ეს ვაზი, მეტიც - მისი ნაყოფი სასწაულმოქმედია. უკვე მრავალი საუკუნეა, ამ ვაზის მტევნები უშვილოებს მიაქვთ და წმინდანის ლოცვით უნაყოფობისგან იკურნებიან.
შეგვეწიოს წმინდა სვიმეონი ჩვენც, მისი ცხოვრების კრძალვით მთხრობელთ და წამკითხველთ, და განგვკურნოს სულიერი უნაყოფობისგან. ამინ.
ასევე წაიკითხეთ:
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი