წმინდა მოწამე თომაიდა ალექსანდრიელი იყო. მშობლებმა, კეთილკრძალულმა ქრისტიანებმა, შვილი ღვთის შიშითა და სიყვარულით აღზარდეს. თხუთმეტი წლისა რომ გახდა, გოგონა მასავით ახალგაზრდა ქრისტიანს მიათხოვეს.
ცოლ-ქმართან ერთად თომაიდას მამამთილიც ცხოვრობდა. რძლის სილამაზით მოხიბლულს, არაწმინდა ფიქრები აღეძრა. ეშმაკის შთაგონებით სურვილი დღითიდღე უმძაფრდებოდა. ჯერჯერობით "მამაშვილურ" ალერსს სჯერდებოდა და ხელსაყრელ დროს ელოდა ამ უკეთური წადილის აღსასრულებლად.
ფაქიზი სულის თომაიდა მამამთილის ბოროტ ზრახვებს ვერ ხვდებოდა - ეგონა, კაცს იგი შვილივით უყვარდა და თვითონაც ასეთივე სიყვარულით, პატივისცემითა და კრძალვით პასუხობდა.
თომაიდას ქმარი მეთევზე იყო. და აი, ერთ ღამეს მეგობრებმა ვაჟი სათევზაოდ წაიყვანეს. მამამთილმა, რაკი დრო იხელთა და რძალი დაიმარტოხელა, ცოდვის ქმნაში მისი დაყოლიება სცადა. ამ უეცარმა და საშინელმა საფრთხემ ქალიშვილი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. "რას სჩადი, მამა? ჯვარი გამოისახე და წადი, ხომ ხედავ, ეშმაკი გირევს გონებასო", - ევედრებოდა მამამთილს. კაცი არა და არ დაეხსნა. ქალის უარი ვნებას კიდევ უფრო უმძაფრებდა. უეცრად კედლიდან მახვილი ჩამოხსნა და თომაიდას შეშინება სცადა: "თუ არ დამიჯერებ, თავს მოგკვეთო". "ასო-ასოც რომ ამქნა, მაინც არ დავემორჩილები შენს უსჯულო საქმეს!" - უპასუხა რძალმა. ამ სიტყვებმა გაამხეცა ბერიკაცი და ისეთი ძალით მოუქნია მახვილი, რომ გოგონა შუაზე გადაჭრა.
წმინდა თომაიდა მოწამის გვირგვინით შემოსილი წარდგა ღვთის წინაშე, რადგან ის სისხლის დათხევამდე ებრძოდა ცოდვას და სული თვისი დადო ღვთის სჯულისათვის; არჩია, მომკვდარიყო, ვიდრე ღმერთი განერისხებინა და შეებილწა საკუთარი სხეული და ცოლქმრული სარეცელი.
მკვლელს უმალვე უწია ღვთის სასჯელმა: სულით ბრმა ხორცითაც დაბრმავდა. თავზარდაცემულმა დააგდო მახვილი და კარის ძებნა დაიწყო. ხელის ცეცებით უვლიდა კედლებს, მაგრამ გასასვლელს ვერ პოულობდა. ამ ამბავში იყო, რომ სახლს მეთევზეები მიადგნენ და მისი ვაჟი მოიკითხეს. "ჩემი შვილი სათევზაოდ წავიდა, მე კი ოთახის კარი ვერ მიპოვია, მომაძებნინეთო", - გამოსძახა კაცმა. მეთევზეებმა კარი შეაღეს და რას ხედავენ: მოხუცი დასისხლიანებულ ხელებს აცეცებს, იქვე კი მისი რძლის ორად განკვეთილი სხეული გდია. ამ სურათმა ყველა შეაძრწუნა. "რას ნიშნავს ეს, ვინ ჩაიდინა ასეთი ბოროტება?" - ჰკითხეს ბერიკაცს. კაცმა ყოველივე მოუთხრო და სთხოვა, მსაჯულისთვის მიეგვარათ, რათა ცოდვის შესაფერისი სასჯელი მიეღო.
მალე თომაიდას ქმარიც დაბრუნდა და ყოველივე შეიტყო. დიდი იყო მისი მწუხარება და სირცხვილი; დასტიროდა საყვარელ მეუღლეს და რცხვენოდა ურჯულო მამის გამო.
ბერიკაცი გაასამართლეს და თავი მოჰკვეთეს, თომაიდას ნაწამები სხეულის სანახავად კი უთვალავი ხალხი მოედინებოდა.
ალექსანდრიის მკვიდრნი განცვიფრებულნი ადიდებდნენ ღმერთს და ქებას ასხამდნენ მოწამეს.
იმ დროს ალექსანდრიაში სკიტელი მამა ღირსი დანიელი იმყოფებოდა. თომაიდას ამბავი რომ შეიტყო, მისი ცხედრის ნახვა მოისურვა. სულიერ შვილთან ერთად მიეახლა წმინდა ნეშტს, ეამბორა, იქიდან კი ოქტოდეკატის ანუ მეოთხმოცე მონასტრისკენ გაემართა. იქაური ბერები მოწიწებით შეხვდნენ ღირს მამას, მანაც განსაძლიერებლად თომაიდას ამბავი მოუთხრო, მერე კი უთხრა: "წადით და დიდი პატივით მოაბრძანეთ მისი წმინდა სხეული, რადგან მისი განსასვენებელი არა ერისკაცთა, არამედ ღირს მამათა საფლავებს შორის უნდა იყოსო". ზოგიერთი ბერი აღაშფოთა ამ სიტყვებმა - ვერ წარმოედგინათ ღირს მამათა გვერდით დედაკაცის დაკრძალვა. მაშინ ღირსმა დანიელმა ბრძანა: "გოგონა, რომლის სხეულის აქ მობრძანება არ გსურთ, დედაა ჩემი და თქვენი, რამეთუ ის სიწმინდისთვის აღესრულაო".
ბერებმა დიდი პატივით მიასვენეს ტაძარში წმინდა თომაიდას სხეული და მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, მამა დანიელი კი ღირს მამებს დაემშვიდობა და თავის სკიტში დაბრუნდა.
ერთხელ მონასტრის ბერს ხორციელი ბრძოლები აღეძრა, ეახლა მამა დანიელს და რჩევა სთხოვა. ღირსმა მამამ ურჩია: "წადი ოქტოდეკატის სავანეში და მონასტრის განსასვენებელთან ასე ილოცე: ღმერთო, მოწამე თომაიდას ლოცვით მიხსენი სიძვის სურვილისგან-თქო. მიენდე უფალს და განგეშორება განსაცდელი". ბერი მაშინვე გაემართა ოქტოდეკატის მონასტრისკენ, უკან დაბრუნებულმა კი ახარა ღირს მამას, რომ სიძვის ვნება განეშორა. მამა დანიელმა ჰკითხა, თუ როგორ მოხდა ეს. ბერმა ასეთი რამ უამბო: თორმეტჯერ წარმოვთქვი ლოცვა წმინდა თომაიდას საფლავთან, ვიცხე ზეთი მისი კანდელიდან, მივდე თავი მისი საფლავის ქვაზე და ჩამეძინა. ძილში წმინდანი გამომეცხადა და მითხრა: "მამაო, მიიღე კურთხევა და მშვიდობით წადი შენს სენაკში". მაკურთხა და გამომეღვიძა კიდეც. მას შემდეგ სიძვის ვნებას აღარ შევუწუხებივარო. ღირსმა დანიელმა ბერის მონათხრობი მოისმინა და ბრძანა: "აი რამხელა კადნიერება აქვთ ღვთის წინაშე სიწმინდის მოყვარულებსო".
მას შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა, თუმცა წმინდა თომაიდას ღვთისგან ბოძებული მადლი, შეეწიოს სიძვის ვნებისგან გათანგულებს, არ დაჰკარგვია. მისი შეწევნა განსაკუთრებით ახლა გვჭირდება მართლმადიდებელ ქრისტიანებს. თუ ჯოჯოხეთიდან კაცთა მოდგმის საცთუნებლად ეშმაკები მოილტვიან, ჩვენდა შესაწევნელად აქვეა ზეციური მხედრობა და წმინდანთა დასი, რომელთა შორის წმინდა თომაიდაც არის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი