ერთ დროს ბიზანტიის იმპერიის დასავლეთ ნაწილს წმინდა კონსტანტინე დიდი მართავდა, აღმოსავლეთით კი მისი სიძე ლიცინიუსი მეფობდა. 313 წელს ორივე იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
და გაუთანაბრდა უძველეს კერპთაყვანისმცემლობას. მაგრამ ლიცინიუსი წარმართი გახლდათ, მტრობდა წმინდა კონსტანტინეს, ემზადებოდა მასთან საომრად, ამ ომში გამარჯვებას კი ორაკული ჰპირდებოდა, ოღონდ ამისთვის მას თავის იმპერიაში ქრისტიანობა უნდა მოესპო. ლიცინიუსმაც სასტიკი დევნა დაუწყო ქრისტიანებს. მის ერთგულებს კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ, ერთგულებას კი განსაკუთრებით ჯარისკაცებს სთხოვდნენ.
იმპერატორის ბრძანებამ კაპადოკიის ქალაქ სებასტიამდეც მიაღწია. იქ მდგარ ჯარს ხელმძღვანელობდა აგრიკოლა, ერთგული მსახური ღმერთებისა. ერთ დღეს აგრიკოლას ამბავი მიუტანეს, ღმერთებს ჯარისკაცთაგან მსხვერპლი ყველამ შესწირა, ორმოცი კაპადოკიელი ქრისტიანის გარდაო. ეს ორმოცი მხედარი ბრძოლებში დიდი მამაცობით გამოირჩეოდა, ამიტომაც მათი დამორჩილება განსაკუთრებით მოუნდა აგრიკოლას. იხმო კაპადოკიელთა საძმოში განსწავლულობით გამორჩეულნი კირიონი, კანდიდი და დომნე და მათ, როგორც იმპერატორის ერთგულ და მამაც ჯარისკაცებს, კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. "თუ მიწიერი მეფისთვის მამაცურად ვიბრძოდით და ვიმარჯვებდით, - მიუგეს კაპადოკიელებმა, - მით უმეტეს ვიღვაწებთ უკვდავი, ზეციერი მეფისთვის და დავთრგუნავთ შენს მზაკვრობა-ბოროტებასო". ბევრს ნუ ლაპარაკობთ, ხვალ დილისთვის მსხვერპლის შესაწირავად მზად იყავითო, - უბრძანა აგრიკოლამ და კაპადოკიელები ციხეში ჩააყრევინა მსახურთ.
ის ღამე წმინდანებმა ფსალმუნთა გალობაში გაათენეს. შუაღამისას მაცხოვრის ხმა მოესმათ, რომელიც მათ მოწამეობისთვის განამხნევებდა: "კეთილი დასაწყისია თქვენი სურვილისა, ხოლო რომელმან დაითმინოს ბოლომდე, ცხონდესო". უფლის ნათქვამი ყველამ გაიგონა და არამიწიერი სიხარულით აღივსნენ.
მეორე დილით აგრიკოლამ შეკრიბა თავისი მეგობრები და მრჩევლები, მოაყვანინა კაპადოკიელი მხედრები და კიდევ ერთხელ ლაქუცით სცადა მათი ცდუნება, მაგრამ წმინდა კანდიდმა პირში მიახალა: გულქვა მატყუარა ხარ შენ, აგრიკოლა, და შენი სახელიც, რომელიც ველურ, მძვინვარე მატყუარას ნიშნავს, შენი საქციელის დასტურიაო. კადნიერმა პასუხმა განარისხა აგრიკოლა, ბრძანა, ურჩი ჯარისკაცებისთვის ბორკილები დაედოთ და დილეგში ჩაეყარათ. წმინდა კირიონმა უთხრა მტარვალს: - შენ მეფისგან ჩვენი წამების უფლება არ გაქვს მოცემული, მხოლოდ დაკითხვა შეგიძლიაო. შეეშინდა აგრიკოლას: პატიმრებს ბორკილები ახსნა და ბრძანა, საიმედოდ დაეცვათ. სარდალი ვინმე დიდებულის, ლისიას, ჩამოსვლას დაელოდა, რომელსაც მეტი ძალაუფლება ჰქონდა.
ერთი კვირა საპყრობილეში გაატარეს წმინდა მოწამეებმა. დღედაღამ ლოცულობდნენ. მათ შორის ყველაზე უფროსი, წმინდა კირიონი, განამხნევებდა თანამოძმეებს: ღვთის განგებულებით, ძმებო, დაგვამეგობრა და შეგვაკავშირა ამ წარმავალმა სამხედრო სამსახურმა. ვეცადოთ, არ განვეშოროთ ერთმანეთს საუკუნოდ, ვიყოთ კვლავ ერთსულ და ერთხორც და მოწამებრივად აღვესრულოთო. როცა სამსჯავროზე მიჰყავდათ, წმინდა კირიონი კიდევ ერთხელ განამხნევებდა მოყვასთ: არ შეშინდეთ, ძმებო, განა ღმერთი არ შეგვეწეოდა, როცა ომის დროს დახმარებას ვითხოვდით? ხომ გახსოვთ, ერთხელ, საშინელი ბრძოლისას, ჩვენი ყველა თანაპოლკელი გაიქცა და თავს უშველა. ბრძოლის ველზე მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ორმოცი კაპადოკიელი. მაშინ ყველამ ერთად აღვავლინეთ ლოცვა და ღვთის შეწევნით სასტიკად დავამარცხეთ მტერი ისე, რომ ერთი ნაკაწრიც არ გვქონია. ახლა კი მხოლოდ სამი მტერი აღდგა ჩვენს წინააღმდეგ: სატანა, ლისია და აგრიკოლა. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ: ერთმა უხილავმა მტერმა, სატანამ აღძრა ეს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ და ეს საცოდავი მოგვერევა ორმოც ვაჟკაცს? ნუ იყოფინ! ძმებო, ბრძოლის წინ ყოველთვის ამ ფსალმუნს ვგალობდით: "ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე" (ფსალ. 53). ახლაც აღვავლინოთ ღვთისადმი ლოცვა, უფალი შეისმენს და შეგვეწევაო.
ფსალმუნთა გალობით განვლეს საპყრობილიდან სამსჯავრომდე, სადაც სეირის მაყურებელთ მოეყარათ თავი. ლისიამ შეხედა კაპადოკიელებს და თქვა: ვფიქრობ, ესენი ჯილდოს და პატივს იმსახურებენო. შემდეგ კი მოწამეებს მიმართა: ვინც მსხვერპლს შესწირავს ღმერთებს, პატივსა და დიდებას მიიღებს, უარის მთქმელს კი ჩამოერთმევა სამხედრო წოდება და სატანჯველს მიეცემაო. წმინდა კირიონმა მიუგო: არათუ სამხედრო წოდება, თუ გინდა, აღიღე ჩვენი სხეულიც, რამეთუ არაფერია ჩვენთვის უფალზე ძვირფასი და დიდებულიო. ლისიამ მათი ქვებით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ მხედრობისკენ ნასროლი ქვები ისევ ლისიას მსახურთ ხვდებოდა. ცხადმა სასწაულმა განარისხა ლისია, თვითონაც ესროლა ქვა, მაგრამ აგრიკოლას მოარტყა და შეუმუსრა სახე. აგრიკოლამ ესღა თქვა: ღმერთებს ვფიცავ, ამათ რაღაც ჯადოსნური ძალა ეხმარებაო. ჰოი, აგრიკოლავ, - მიმართა წმინდა დომნემ, - ეს შენ ხარ თავი ბოროტი ეშმაკისა, ხოლო ლისია კი კუდია მისი მრისხანებისა. ორივე მსახური ხართ სატანისა. თუ ამ სასწაულმა გონს ვერ მოგიყვანათ, მაშინ სხვაგვარად სცადეთ ჩვენი წამებაო.
განრისხებულმა ლისიამ ისევ ციხეში ჩააყრევინა მოწამენი.
შუაღამისას კაპადოკიელებს კვლავ მოესმათ უფლის ხმა: "რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მოღათუკვდეს, ცხონდესვე". ნუ შეგეშინდებათ მცირე ჟამის სატანჯველის, რომელიც მალე გაივლის, დაითმინეთ მცირე სატანჯველი და გვირგვინნი მიიღეთო. მეორე დღეს ღვთით განძლიერებულმა წმინდა მოწამეებმა თამამად განუცხადეს ლისიას: ჩვენ ქრისტიანები ვართ, კერპებს არ ვცემთ თაყვანს და ამიტომ, რაც გინდა, ის გვიყავიო. მტარვალთა ბრძანებით, ორმოცივე კაპადოკიელი მხედარი ქალაქ სებასტიის ახლოს, ტბაში ჩაყარეს.
ზამთარი იდგა, უბერავდა ძლიერი ქარი, ყინვა ძვალსა და რბილში ატანდა. მიილია დღე, ბინდმა მოიცვა არემარე, ყინვამ მოუჭირა. გაშიშვლებული წმინდა მოწამენი ერთმანეთს შეუდგნენ მხრებში და ლოცვით ითბობდნენ სულებს. იქვე, ტბის ნაპირას, ცეცხლი გაეჩაღებინათ და აბანო გაემართათ - იქნებ ვინმე სულმოკლე აღმოჩნდესო... ტბასთან მოწამეთა "დასაცავად" სამხედროებიც დაეყენებინათ. შუაღამისას ყინვა უფრო გაავდა, წმინდა მოწამეთა სხეული ყინულით დაიფარა. ნაპირიდან მაცდურად იცქირებოდა ცხელი აბანო, თითქოს ეძახდა მათ: მსხვერპლის შეწირვას აღარავინ გთხოვთ, ამოდით და სხეული გაითბეთო. ბოროტის ჩურჩულს ორმოცთაგან ერთმა ვერ გაუძლო, გამოშორდა მოწამეებს, ამოვიდა ტბიდან. აბანოს ზღურბლთან დაეცა და სული განუტევა. მხედრებმა ღმერთს შეჰღაღადეს: ის, ვინც განგვეშორა, ვითარცა წყალი, დაითხია და განიბნინეს ყოველნი ძვალნი მისნი, ხოლო ჩვენ არ გიღალატებთ, უფალო. განგვაცოცხლე და მოვუწოდებთ სახელსა შენსა. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩვენისა, დაე, ნუ დავიხოცებით წყლის უფსკრულში შთანთქმულნი. შეგვიმსუბუქე ეს მძიმე ტვირთი და დააცხრე ყინვის მძვინვარება. დაე, მიხვდეს ყველა, რომ ჩვენ შენი შეწევნით გადავრჩითო.
ღამის სამ საათზე ციდან ბრწყინვალე ნათლის სვეტი დაეშვა ტბაზე და წმინდა მოწამეებს დაეფინა. გაალღო ყინული, წყალი გაათბო. მოწამეთა მცველებს ჩასძინებოდათ, მხოლოდ ღამის დარაჯს ეღვიძა და ყოველივეს ხედავდა: როგორ ლოცულობდნენ მოწამენი, სიცივეს გამოქცეული ჯარისკაცი ცვილივით როგორ დადნა გახურებული აბანოს კართან, იხილა ნათლის სვეტიც. ახედა ზეცას და დაინახა, როგორ დაეშვა 39 ნათლის გვირგვინი და დაადგა მოწამეებს თავზე. მეორმოცე რატომ არ დაეშვაო, გაიფიქრა კეთილგონიერმა დარაჯმა და მიხვდა, რომ გაქცეული კაპადოკიელი ჩამოშორდა წმინდა მოწამეთა დასს, ამიტომაც გვირგვინი მისი სადღაც ზეცაში კიაფობდა და პატრონს ელოდა. დარაჯმა სასწრაფოდ გააღვიძა მძინარე ჯარისკაცები, დაიპო მათ წინაშე სამოსი და ტბისკენ გაიქცა სიხარულის შეძახილით - მეც ქრისტიანი ვარ! წმინდა აგლაია (ასე ერქვა იმ დარაჯს) ჩადგა ტბაში მოწამეთა შორის და უფალს შესთხოვა: უფალო ღმერთო, მეცა მწამს შენი, ვით ამ მოწამეებს, გევედრები, შემრაცხე მათ რიცხვში და ღირს მყავ, ვეწამო მათთან ერთად, დავითმინო ყოველი და შევიქნე შენი ღირსიო. ეშმაკმა რომ დაინახა, დაცემული კაპადოკიელის ადგილი სხვამ დაიკავა, ისევე როგორც იუდასი - წმინდა მატათამ, მიიღო სახე კაცისა და ყურისწამღებად შესძახა: ვაი მე, ვაი მე, რადგან ამ კაცთაგან დამცირებული შევიქმენ. ჩემს ერთგულ თავადსა და მთავარსარდალს შთავაგონებ, რომ დაწვან ამათი სხეულები და მდინარეს გაატანონო. წმინდა კირიონმა კი მეორმოცე თანამოწამის შემატებისთვის მადლობა შესწირა უფალს.
გათენდა. მოვიდნენ მტარვალები. ძალზე გაუკვირდათ, მოწამეები ცოცხალნი რომ დახვდნენ და მოწამეთა შორის ღამის დარაჯიც ნახეს. ჯარისკაცებმა უამბეს ღამის დარაჯის ფერისცვალების ამბავი. განრისხებულმა ლისიამ ბრძანა, წყლიდან გამოეთრიათ მოწამენი, წაეყვანათ ქალაქის მოედანზე და ჩაქუჩით ყველასთვის მუხლები დაემსხვრიათ. უმოწყალო წამებისას იქვე მდგარი ყველაზე უმცროსი მხედრის, მელიტონის დედა განამხნევებდა თავის ვაჟს: "შვილო ჩემო უტკბესო, დაითმინე მცირედი და შეიქმნები სრული კაცი. ნუ გეშინია, შვილო, ქრისტე შეგეწევაო". წმინდა მოწამეებმა კი 123-ე ფსალმუნი აღავლინეს, წარმოთქვეს "ამინ" და სული უფალს ჩააბარეს. მხოლოდ ერთი, დედისგან ნუგეშცემული მელიტონი სუნთქავდა ძლივსღა. 39 მოწამის წმინდა სხეულები ეტლზე დააწყვეს და დასაწვავად წაიღეს, ხოლო ცოცხალ-მკვდარი მელიტონი დედას შეატოვეს, მაგრამ კეთილგონიერმა დედამ მოიკიდა ზურგზე შვილი და გაჰყვა ეტლს. როცა გზაში მელიტონიც შეუერთდა მოზეიმე ეკლესიას, დედამ მისი სხეულიც შეუერთა მოწამეთა ცხედრებს. ლისიას ბრძანებით, ისინი მდინარის პირას დაწვეს, დაწვას გადარჩენილი ძვლები და ფერფლი კი წყალს გაატანეს. მაგრამ "დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძვალნი მათნი". სამი დღის შემდეგ მოწამენი გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, პეტრეს და უთხრეს: მოდი ღამით და გამოგვიყვანე მდინარიდანო. ნეტარი ეპისკოპოსი, კრებულთან ერთად, შუაღამისას მივიდა მდინარესთან, სადაც საკვირველი სანახავი დახვდა: მოწამეთა ძვლები, თვით უმცირესი ნაწილიც კი, წყალში ვარსკვლავებივით ბრწყინავდნენ. მღვდელმთავარმა შეაგროვა წმინდა ნაწილნი და დიდი პატივით დაასვენა ეკლესიაში.
ისინი ეწამნენ 320 წლის 9 მარტს. სამი წლის შემდეგ კი ბიზანტიის იმპერიის მმართველი გახდა წმინდა კონსტანტინე დიდი.
წმინდა ორმეოც კაპადოკიელ მოწამეთა - კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ევსუქისა, ჰერაკლესი, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქიოსისა, იოანესი, ქსანთესა, ილიანესი, სისინესა, ანგიასი, აეტისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიასი, გორგონესა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონესა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაისა - ღვაწლი მრავალ ქრისტიანს განამხნევებდა. მით უფრო - მათ თანამოძმეებს. მრავალი ქრისტეს ერთგული შვილი აღზარდა წმინდა კაპადოკიამ.
გავიდა დრო, ქრისტეს ღალატის სული დატრიალდა ბიზანტიის იმპერიაში. ითმენდა ღმერთი ამ ღალატს, მოწამეთა ლოცვით, ღირს მამა-დედათა ლოცვით აკავებდა სასჯელს, მაგრამ როცა ცოდვა მადლს გარდაემეტა, კონსტანტინოპოლი სტამბული გახდა, სმირნა - იზმირი, ხოლო კაპადოკიის წმინდა მიწას ტურისტთა ჟრიამული ახმიანებს. შიგადაშიგ თუ შეერევა მასში ქრისტიანთა დაფარული ლოცვა. ჰოი, ბიზანტიავ, ჰოი, კაპადოკიავ, შენი ცოდვების გამო ვეღარ გიშველა წმინდა გიორგის, წმინდა ბასილის და გრიგოლის, წმინდა ნინოს, წმინდა ორმეოც მოწამეთა და სხვა შენთვის და ღვთისთვის თავდადებულ შვილთა ლოცვა-მეოხებამ! შენს მიწაზე ახლა სხვა ხალხი დადის. კაპადოკიის მახლობლადაა ტაო-კლარჯეთიც, რომლის გახსენება გულს უმუსრავს დღევანდელ ქართველს. ვაი, რომ ძველი საქართველოს მესამედიღა შემოგვრჩენია...
ცაზე კი კვლავ კიაფობენ ბრწყინვალე გვირგვინები, ქრისტეს ერთგული სამწყსოსათვის გამზადებულნი - მათთვის, ვინც ზეცის მკვიდრნი შეიქნება, ვინც შეავსებს დაცემულ ანგელოზთა წილ ადგილებს. შეგვეწიოს წმინდა აგლაიას ლოცვა და ჩვენც ღირს გვყოს ღმერთმა მისებრ მეათერთმეტე ჟამის მუშაკობისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი