დიდმოწამის სხეული მყისიერად გაქრა კაცთა თვალთაგან, ანგელოზებმა იგი სინას მთაზე გადააბრძანეს
დიდმოწამის სხეული მყისიერად გაქრა კაცთა თვალთაგან, ანგელოზებმა იგი სინას მთაზე გადააბრძანეს
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი. თვრამეტი წლისას სრულყოფილად შეესწავლა წარმართული ფილოსოფია და მწერლობა, სახელგანთქმულ ექიმთა ნაშრომებსაც გასცნობოდა და ორატორული და დიალექტიკური ხელოვნების ნიმუშებსაც. იცოდა მრავალი ენა და გონიერებითა და განათლებით ყველას აკვირვებდა. ცოდნასთან ერთად არც ღვთივმიმადლებული ფიზიკური მშვენიერება აკლდა. მრავალთა ტრფიალის საგნად ქცეულიყო მისი სახება. დედა და ნათესავები დაჟინებით ურჩევდნენ, გათხოვილიყო, რათა მამამისის მემკვიდრეობა ვინმე უცხოს არ ჩავარდნოდა ხელში, მაგრამ ბრძენ ასულს, სულით უმწიკვლოს, სიკვდილამდე ქალწულების დამარხვა სურდა ("ეკატერინეც" სწორედ უმწიკვლოს ნიშნავს).

ერთხელ, როცა ახლობლებმა დაჟინებით დაუწყეს გათხოვებაზე საუბარი, ეკატერინემ მოითხოვა, ეპოვათ მისთვის შესაფერისი საქმრო, რომელიც გვარიშვილობით, სიმდიდრით, სიბრძნითა და სილამაზით მისი სწორი იქნებოდა. ეს კი მართლაც შეუძლებელი იყო.

ქალიშვილის ურყევობაში რომ დარწმუნდა, დედამისმა, რომელიც ფარული ქრისტიანი გახლდათ, რჩევისთვის სულიერ მოძღვარს მიაშურა და თან ეკატერინეც წაიყვანა. მოძღვარმა მოისმინა დედის მონათხრობი, მოეწონა ქალწულის თავმდაბლობა, ბრძნული მსჯელობა და გადაწყვიტა, მისთვის ზეციური სასიძო გაეცნო. "ვიცნობ ერთ მშვენიერ ახალგაზრდას, - უთხრა მან ასულს, - რომელიც მზეზე ლამაზია და რომლის სიბრძნეც მართავს ქვეყნიერებას. მისი სიმდიდრე მთელ სამყაროშია მოფენილი და არასოდეს იკლებს, ხოლო მისი წარმომავლობა გამოუთქმელი და მიუწვდომელია. ამქვეყნად არავინ არის მისი ბადალი". ეკატერინემ ჰკითხა: "ვისი შვილია თქვენი ნაქები ჭაბუკი?" მოძღვარმა მიუგო: "მას მიწაზე მამა არ ჰყავს, არამედ იშვა გამოუთქმელად და ზებუნებრივად ერთი ღირსეული წარმოშობის წმინდა და უბიწო ქალწულისგან, რომელიც უკვდავია სულით და ხორცით, ამაღლებულა ზეცათ უმეტეს და თაყვანს სცემენ მას ანგელოზნი, როგორც დედოფალს ყოველი ქმნილისას". ეკატერინემ სთხოვა მოძღვარს, ეს ახალგაზრდა მისთვის ეჩვენებინა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს მისი რჩევისამებრ გააკეთებდა. კაცმა მას მისცა ხატი ღვთისმშობლისა ყრმა იესოთი ხელში და უთხრა: "ეს არის სახე იმ ახალგაზრდა დედისა. წაიღე სახლში, ჩაიკეტე შენს ოთახში და მოწიწებით ევედრე ამ ქალწულს, - მას მარიამი ჰქვია, - რათა ინებოს და გაჩვენოს სახე თავისი ძისა, რომლისკენაც მიილტვის სული შენიო".

მიაბრძანა სახლში ხატი წმინდა ეკატერინემ და დაუწყო ვედრება უცნობ ქალწულს. ამ ლოცვაში მიეძინა და ძილში ღვთისმშობელი იხილა. ყოვლადწმინდა ქალწულს ხელთ თავისი ღვთაებრივი ყრმა ეპყრა. წმინდა ეკატერინემ ყრმის სახის ხილვა მოინდომა, მაგრამ მან პირი იბრუნა. ქალიშვილმა მეორე მხრიდან მოუარა, მაგრამ ყრმა იესომ ისევ მიაბრუნა თავი, მესამედაც ასე მოხდა. ბოლოს ღვთისმშობელმა უთხრა ძეს: "შეხედე, შვილო ჩემო, შენს მხევალს ეკატერინეს, რარიგ სათნოა და მშვენიერი". ღვთაებრივმა ყმამ კი უპასუხა: "არა, ეს გოგონა ძალზე კუშტი და ისეთი უსახურია, რომ მისი შეხედვაც არ ძალმიძსო". ღვთისმშობელმა კვლავ უთხრა უფალს: "განა ეს ქალწული ყველა ფილოსოფოსზე ბრძენი არაა? განა ყველას არ აღემატება სიმდიდრითა და გვარიშვილობით?" მაგრამ ქრისტემ უპასუხა: "დედაო ჩემო, კვლავ გეტყვი, რომ იგი უგუნური, ღატაკი და მდაბალი წარმოშობისაა. მე მას მანამდე არ შევხედავ, სანამ ის თავის უწმინდურებას არ დაუტევებსო". ღვთისმშობელმა უთხრა უფალს: "გევედრები, ძეო ჩემო, ჩემო უტკბესო, ნუ მოიძაგებ შენს ქმნილებას, არამედ გულისხმაყავ და ასწავლე, რა გააკეთოს, რათა დატკბეს შენი დიდებით და იხილოს შენი ნათელი და საწადელი სახე, რომლის ხილვასაც ნატრობენ ყოველნი ანგელოზნი". მაშინ უფალმა ბრძანა: "დაე წავიდეს იმ კაცთან, რომელმაც ხატი მისცა და შეასრულოს ყოველივე, რასაც უბრძანებს. მაშინ იგი მიხილავს და პოვებს მადლს ჩემს წინაშე".

გაიღვიძა წმინდა ეკატერინემ და გათენებისთანავე მოძღვარს მიაშურა. მოუთხრო ყოველივე და ცრემლით შეჰღაღადა ესწავლებინა, როგორ ენახა სასურველი სასიძო. ღირსმა მამამ გვერდით მოისვა ქალიშვილი და ქრისტიანობის ყოველი საიდუმლო გაუმხილა, უამბო შესაქმესა და უფლის მეორედ მოსვლაზე, სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, მართალთა გამოუთქმელ ნეტარებასა და ცოდვილთა ტანჯვაზე.

ჭეშმარიტებას მოწყურებულმა ბრძენმა ქალწულმა მთელი გულით იწამა იესო ქრისტე და მოძღვრის ხელითვე მოინათლა. ამის შემდეგ მოძღვარმა ურჩია, კვლავ გულმოდგინედ ელოცა ღვთისმშობლის მიმართ, რათა კიდევ ერთხელ გამოსცხადებოდა მას, როგორც პირველ ღამეს.

დაბრუნდა წმინდა ეკატერინე სახლში, ახალნათელღებული, განახლებული, სულიწმინდის მადლით მოსილი. მთელი გულით მიეცა ლოცვას, ევედრებოდა ახლა უკვე არა უცნობ მარიამს, არამედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, განთიადისას ჩაეძინა და აი, კვლავ იხილა ზეციური დედოფალი ღვთაებრივი ყრმით ხელში. იესო მას მოწყალედ და მშვიდად უცქერდა. "რაო, ძეო ჩემო, სასურველია შენთვის ეს ქალწული?" - შეეკითხა მას ღვთისმშობელი. "ძალზე სასურველია, - უპასუხა მას იესომ, - ახლა ის მშვენიერი და დიდებულია, მდიდარი და განბრძნობილი, მე შევიყვარე იგი და მსურს დავწინდო ჩემს უხრწნელ სასძლოდ". მაშინ წმინდა ეკატერინე დაემხო მის წინაშე და შეჰღაღადა: "უღირსი ვარ მე შენი სამეფოს ხილვისა, დიდებულო მეუფეო, არამედ ღირს მყავ ვიყო მხოლოდ შენი მხევალთაგანი". ამ დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ხელი მოჰკიდა წმინდა ეკატერინეს მარჯვენა ხელს და თავის ძეს უთხრა: "უბოძე, ძეო ჩემო, ნიშნობის ბეჭედი, დაწინდე იგი და ღირს ყავ შენი სასუფევლისა". მაშინ მაცხოვარმა მშვენიერი ბეჭედი მისცა წმინდა ეკატერინეს და უთხრა: "აი, ახლა მე გირჩევ შენ ჩემს უხრწნელ და მარადიულ სასძლოდ. გულმოდგინედ დაიცავი ეს შეერთება, რათა იყოს დაურღვეველი და ნუ ისურვებ ამიერიდან მიწიერ სიძეს".

ხილვა დასრულდა და სიზმრისგან გამორკვეულმა ეკატერინემ მარჯვენა ხელზე სწორედ ის ულამაზესი ბეჭედი იხილა, მაცხოვარმა რომ უბოძა. ქალიშვილს გული უდიდესი სიხარულით აღევსო და მთლიანად საღმრთო სიყვარულმა მოიცვა. მისი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა, დღედაღამ თავის ზეციურ სასიძოზე ფიქრობდა და მხოლოდ ის სურდა.

მალე ალექსანდრიაში მაქსიმიანე ჩავიდა. მას დიდად სწამდა თავისი უსულო ღმერთებისა და მათი "სათნოყოფისთვის" გადაწყვიტა, დიდი ზეიმი მოეწყო. ბრძანება გასცა, ალექსანდრიელებსა და მის შემოგარენში მცხოვრებთ კერპებთან მოეყვანათ სამსხვერპლო ცხოველნი თუ ფრინველნი, რათა ერთად შეეწირათ. უამრავი ხალხი შეიკრიბა, ზოგს ცხვარი მოჰყავდა, ზოგს - ძროხა და ზოგსაც - ფრინველი. როცა დადგა მსხვერპლშეწირვის დღე, დაკლულ ცხოველთა ღაღადისმა მოიცვა ქალაქი. თითქოს კაცთა უღმერთობას შეჰღაღადებდნენ შემოქმედს. სანახაობამ ძალზე დაამწუხრა წმინდა ეკატერინე და საღმრთო შურით ანთებული იმ წარმართულ ტაძარში მივიდა, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ. როდესაც კარებში შეჩერდა, მისმა სილამაზემ ყველას ყურადღება მიიპყრო. ქალწულმა ბრძანა, მეფისთვის ეცნობებინათ, რომ რაღაც ჰქონდა სათქმელი. მეფემ მიახლოების ნება მისცა. წმინდა ეკატერინემ თაყვანი სცა მეფეს და ამით სათანადო პატივი მიაგო. ამის შემდეგ კი უთხრა: "მეფეო, შეიცანი ის საცთური, რომლითაც გატყუებენ ეშმაკნი. თქვენ ღმერთებს ეძახით ხრწნად და უსულო კერპებს და მათ ემსახურებით, სამარცხვინოა, ამგვარად ბრმა და უგუნური იყო. დაუჯერე თუნდაც ბრძენ დიოდორე სიცილიელს, რომელიც ამბობს, რომ თქვენი ღმერთები ოდესღაც ადამიანები იყვნენ, რომელთაც სიცოცხლეში ჩადენილ საქმეთა გამო ადამიანებმა ძეგლები დაუდგეს. ხოლო მომავალმა თაობებმა, რომელთაც ამ ძეგლების მნიშვნელობა არ იცოდნენ, მათ თაყვანისცემა დაუწყეს, ვითარცა ღმერთებს. თვით პლუტარქეც კი უკადრისობდა მათ. დაუჯერე შენს მასწავლებლებს და ნუ იქცევი ამდენი სულის დაღუპვის მიზეზად. შეიცანი ჭეშმარიტი ღმერთი, ერთადერთი, მარადიული, დაუსაბამო და უკვდავი. ღმერთი, რომელმაც ჩვენი ხსნისთვის ხორცი შეიმოსა. მისით მეფობენ მეფენი და იმართებიან ქვეყანანი, მასვე უპყრია მთელი სამყარო. ის ყოვლადძლიერი და ყოვლადმოწყალეა, არ მოითხოვს ამგვარ მსხვერპლს, მხოლოდ ის სურს, რომ მტკიცედ ვიპყრათ მისი წმინდა მცნებებიო".

მეფე მრისხანებით აავსო ამ სიტყვებმა, მაგრამ საუბარი დღესასწაულის დამთავრებამდე გადადო. ზეიმის შემდეგ კი ეკატერინე თავისთან მიაყვანინა და ჰკითხა: "მითხარი, ვინ ხარ და შენი სათხოვარი გაიმეორეო". "მე წარმოშობით სამეფო გვარისა ვარ, სახელად ეკატერინე მქვია. მრავალი მეცნიერება შევისწავლე, მაგრამ ყოველივე არარად მიღირს, რამეთუ უსარგებლონი არიან. მე შევიქენი სასძლო ქრისტესი, რომელიც წინასწარმეტყველ ისაიას პირით ამბობს: "წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმისყოფა გულისხმიერთა დავფარო". მეფე ქალწულის სილამაზემ და გონიერებამ გააოცა, მიხვდა, მასთან კამათით ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ ქალაქებიდან ფილოსოფოსნი მიიწვია წმინდა ეკატერინესთან საპაექროდ, ხოლო თვით ქალიშვილი დაატუსაღა და მცველნი დაუდგინა.

მალე ალექსანდრიაში შეიკრიბა ორმოცდაათამდე სახელგანთქმული ფილოსოფოსი, რომელთაც მეფე თავიანთ წარმატებაში დაარწმუნეს. "ნუ შიშობ, მეუფეო, შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგე ძალზე გონიერია, მაგრამ როგორც ქალი, ის არ შეიძლება ფლობდეს სიბრძნეს მთელი სრულყოფილებით და დახელოვნებული იყოს მჭევრმეტყველებაშიო", - განუცხადეს. მათმა ნათქვამმა მაქსიმიანე დაამშვიდა და ეკატერინეს მოყვანა ბრძანა. მანამდე კი მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ეკატერინეს და გაამხნევა: "ნუ გეშინია, ქალწულო ღვთისაო; უფალი შენს სიბრძნეს კიდევ მეტ სიბრძნეს შემატებს და შენ სძლევ ორმოცდაათივე მოწინააღმდეგეს, და არა მარტო ისინი, მრავალი სხვაც შენს მიერ იწამებს ქრისტეს და მოწამებრივი გვირგვინით შეიმკობა".

უამრავი ხალხი შეიკრიბა წმინდა ეკატერინეს და ფილოსოფოსთა მოსასმენად. ფილოსოფოსთა თავდაჯერება და ამპარტავნული ტონი ქალიშვილის თავმდაბალმა, ბრძნულმა სიტყვებმა შეარბილა და შეცვალა.

კამათი დიდხანს გაგრძელდა. ეკატერინემ ადვილად დააჯერა ფილოსოფოსნი მათი ღმერთების სიცრუეში, უქადაგა ჭეშმარიტი უფალი. მათ კი ძალი არ შესწევდათ, რამე ეპასუხათ და ბოლოს აღიარეს კიდეც დამარცხება.

განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ცეცხლი გაეჩაღებინათ და ყველა დამარცხებული ფილოსოფოსი თუ ორატორი დაეწვათ. მეფის ბრძანება რომ მოისმინეს, სიკვდილმისჯილნი მუხლებში ჩაცვივდნენ წმინდა ეკატერინეს და სთხოვეს, ელოცა ჭეშმარიტი უფლის წინაშე, რათა მას ეპატიებინა მათთვის უცოდინარობით ჩადენილი ცოდვები და ღირსი გაეხადა ნათლისღებისა. წმინდა ეკატერინემ მიუგო: "ნეტარნი და ბედნიერნი ხართ, რამეთუ დაუტევეთ სიბნელე და შეიცანით ნათელი ჭეშმარიტი. მოიძაგეთ მიწიერი მოკვდავი მეფე და შეუდექით ზეციურსა და უკვდავს. მტკიცედ გწამდეთ მისი მოწყალებისა და იცოდეთ, რომ ამ ცეცხლით თქვენ განიწმენდთ სულსა და ხორცს, ვარსკვლავზე უბრწყინვალესნი წარდგებით უფლის წინაშე და იქნებით საკუთარნი მისნი. ცეცხლი გექცევათ ნათლობის წყლად და ზეცად ამყვანებელ კიბედ". შემდეგ სათითაოდ დალოცა ორმოცდაათივე, ჯვარი გამოსახა და ისინიც თამამად შეეგებნენ აღსასრულს, ცეცხლით ნათელღებულნი და მოწამის გვირგვინით შემკობილნი წარვიდნენ უფლის მიმართ.

საღამოს ქრისტიანები მალულად მივიდნენ ჩამქრალ კოცონთან, რათა წმინდა მოწამეთა ნაწილები მიწისთვის მიებარებინათ, მაგრამ საკვირველი რამ ნახეს: წმინდანთა სხეულებს ცეცხლი არ მიჰკარებოდა. ამ ცხადმა სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.

მაქსიმიანემ ახლა მოფერებით სცადა წმინდა ეკატერინეს დაყოლიება. ღმერთების თაყვანისცემის სანაცვლოდ ნახევარ სამეფოს ჰპირდებოდა. "ეშმაკობით ნუ ცდილობ ჩემს შეცდენას, მეფევ, - უთხრა მას წმინდანმა, - ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომე: ქრისტიანი ვარ, იესოს სასძლო, და იგია სამკაული ჩემი ქალწულებისა. ნუ ცდილობ, მომხიბლო სამეფო ძოწეულით; მე მოწამის ფლასი მირჩევნია". "იყოს ნება შენი!" - თქვა მაქსიმიანემ და წმინდა ეკატერინეს გაროზგვა ბრძანა.

განძარცვეს ქალწული პორფირისგან და გამეტებით სცემეს ხარის ძარღვით. ჭრილობებიდან სისხლი ღვარად მოედინებოდა და მიწას რწყავდა, მაგრამ ქალწულის სიმტკიცე ვერაფერმა შეარყია.

სისხლისგან დაცლილი ეკატერინე საპყრობილეში ჩააგდეს. მაქსიმიანემ ბრძანა, მისთვის არც საჭმელი, არც სასმელი არ მიეწოდებინათ, მაგრამ უფალმა არ მიატოვა თავისი სასძლო - მის წარმოგზავნილ მტრედს ყოველ დილით მიჰქონდა წმინდანისთვის საზრდო. ბოლოს ქალწულს თვით ზეციური სიძეც გამოეცხადა და გაამხნევა: "არ შეგეშინდეს, სასძლოო ჩემო საყვარელო, მე ყოველთვის შენთან ვარ, ვერარა სატანჯველი ვერ შეგეხება, შენი მოთმინებით მრავალს მოაქცევ ჭეშმარიტ რჯულზე და ჯილდოდ უთვალავ უხრწნელ გვირგვინს მოიპოვებო".

წმინდა ეკატერინე მიწიერმა დედოფალმაც მოინახულა. მაქსიმიანეს თანამეცხედრეს, ავგუსტას, სიზმრად ენახა სპეტაკი სამოსლით მოსილი ქალწულებით გარშემორტყმული ეკატერინე. წმინდანს გვერდით მოესვა დედოფალი, თავზე ოქროს გვირგვინი დაედგა და ეთქვა: "ამ გვირგვინს თვით უფალი ქრისტე გიგზავნისო".

გაიღვიძა თუ არა დედოფალმა, მოიხმო თავისი ერთგული მთავარსარდალი პორფირი და ორასი მეომრის თანხლებით ციხისკენ გაეშურა. წმინდანის ხილვით გახარებულმა მადლობა შესწირა ყოვლის შემოქმედს. წმინდა ეკატერინემ დედოფალს აუწყა: "სამი დღის შემდეგ მცირეოდენი ტანჯვის დათმენის საფასურად მოწამის გვირგვინით შეიმოსებიო". "რას აძლევს ქრისტე მის მორწმუნეებს? - ჰკითხა მათ პორფირიმ, - მინდა ვიწამო და მისი ერთგული მხედარი ვიყო". ეკატერინემ მიუგო: "კაცის ენა ვერ გამოთქვამს იმ სიკეთეს, რომელიც უფალმა თავის მოყვარულებს განუმზადა". მთავარსარდალმა იწამა ქრისტე და მოინათლა. მასთან ერთად ქრისტიანობა მიიღო მისმა ერთგულმა ორასმა მეომარმაც.

წმინდა ეკატერინეს საწამებლად ჯალათებმა ორ ბორბალზე ალესილი მახვილები დაამაგრეს. მათი ერთი დაბრუნება და ქალიშვილი ალბათ ნაკუწებად იქცეოდა, მაგრამ ზეცით დაშვებულმა ანგელოზმა ბორბლები დაამსხვრია და მიმოფანტა.

ამ სასწაულის შემდეგ დედოფალმა ავგუსტამ მაქსიმიანე ამხილა. იმპერატორის ბრძანებით ისიც დასაჯეს - ჯერ ძუძუნი მოჰკვეთეს, შემდეგ - თავი. წმინდა ავგუსტას, იმავე ბასილისას (ანუ დედოფალს) ეკლესია 24 ნოემბერს (ძველი სტილით) იხსენიებს. ამავე დღეს იხსენიება წმინდა პორფირი იმ ორასი ერთგული მხედრითურთ, რომლებმაც მეორე დღეს აღიარეს ქრისტე, სანაცვლოდ სიკვდილი მიიღეს და მოწამის გვირგვინით შეიმოსნენ.

აღარც ცოლი, აღარც ერთგული მხედართმთავარი... იმპერატორმა თავისი რისხვა "ერთადერთ დამნაშავეს" - წმინდა ეკატერინეს დაატეხა. ჯერ ალერსით სცადა მისი დაყოლიება - აქამდე თუ მამაშვილურად ესაუბრებოდა, ახლა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვის სანაცვლოდ ერთგულ ქმრობას დაჰპირდა. მაგრამ ვერაფერმა მოდრიკა წმინდა ქალწული. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, ის ქალაქგარეთ გაეყვანათ და თავი მოეკვეთათ.

უამრავი თანამოქალაქე მიაცილებდა წმინდანს და შეწყალებას სთხოვდა. ქალწულმა თვალნი ზეცად აღაპყრო, მადლი შესწირა უფალს მოთმინების ბოძებისთვის და შესთხოვა, ოდეს აღესრულებოდა, მისი ცხედარი დაფარული ყოფილიყო უკეთურ კაცთა თვალთაგან. შეევედრა იმასაც, რომ ყოველი კეთილი თხოვნა აღესრულებინა კაცთათვის, ოდეს ისინი მეოხად წმინდა ეკატერინეს სახელს მოიხმობდნენ.

ლოცვის დასრულების შემდეგ ქალწული ჯალათს მიუბრუნდა და სთხოვა, ბრძანება აღესრულებინა. წარუპყრა ქედი და... წმინდა ეკატერინეს ტანიდან სისხლის ნაცვლად რძემ გადმოსჩქეფა. როგორც ჰყვებოდნენ მორწმუნენი, დიდმოწამის სხეული მყისიერად გაქრა კაცთა თვალთაგან. ანგელოზებმა იგი სინას მთაზე გადააბრძანეს, ალექსანდრიელ მორწმუნეებს კი ნუგეშად დარჩათ მარმარილოს სვეტი, რომელზეც წმინდა ეკატერინეს თავი მოჰკვეთეს.

გავიდა ორასი წელი. VI საუკუნის 30-40-იან წლებში სინას მთაზე, იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებულ მონასტერში, ერთ-ერთ ღირს მამას ეუწყა, რომ უსახელო მთაზე (რომელსაც ახლა წმინდა ეკატერინეს მთას ეძახიან) დიდმოწამე ეკატერინეს უხრწნელი ნაწილი იყო დაბრძანებული. გაუჭირდათ მამებს ამ მაღალ და ციცაბო მწვერვალზე ასვლა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ამასაც გაართვეს თავი და წმინდა ეკატერინეს პატიოსანი თავი და მარცხენა ხელი სინას მონასტერში გადაასვენეს. ციხესიმაგრესავით მკვიდრ, მტრისგან თავის დასაცავად აგებულ მონასტერს წმინდა ეკატერინეს სახელი ეწოდა და მის გარშემო მრავალი ეკლესია და სენაკი აიგო.

ქართველები უძველესი დროიდან დასახლებულან სინას მთაზე და საკუთარი მონასტრებიც ჰქონიათ. გარდა ამისა, თბილისში სინას მონასტრის მეტოქი წმინდა ეკატერინეს ეკლესია მდებარეობდა, ხოლო თვით მონასტერს ქართლში, სოფელ მეღვრივისში, მამულები ჰქონია.

გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი! სახიერი ბევრ რამეს პირდაპირ გვეუბნება, ბევრს კი - იგავურად, რაც ხშირად პირდაპირ ნათქვამზე უფრო ამაღელვებელი და დიდებულია. უმწიკვლო ქალწულის ეკატერინეს წმინდა სხეული სინას მთაზე აღიყვანა და დაფარა კაცთა თვალთაგან, თითქოსდა იმის ნიშნად, რომ თუ კაცნიც უფლის ერთგულნი დარჩებიან, თუ მათ ვერ შერყვნის ეს სოფელი, მაშინ მათ სააქაოშივე განადიდებს ღმერთი, იმქვეყნად კი საუკუნო სასუფეველს დაუმკვიდრებს.

ეშვებოდნენ მაღალი მთიდან ღირსი მამები და ვით აღთქმის ფილებს, თან დიდმოწამე ეკატერინეს წმინდა ნაწილებს მოაბრძანებდნენ. ამიერიდან მათ თავიანთი ბერობის აღთქმის მფარველად, ქალწულების დამმარხველად, შემწედ და მეოხად წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად წმინდა ქალწულმოწამე ეკატერინეც ეგულებოდათ. წმინდა ქალწულის ხელზე კი ისევ ისე ბრწყინავდა უფლის მიერ ბოძებული ბეჭედი, წინდად იესუ ქრისტეს მარადიული სასძლოობისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat