იუდეველთაგან ქვით ჩაქოლვის მერე წმინდა სტეფანეს პატიოსანი სხეული ერთი დღე-ღამე გარეთ ეგდო. მისთვის არც ცხოველებს დაუკარებიათ პირი, არც სიცხისგან გახრწნილა.
მეორე ღამეს ცნობილმა იერუსალიმელმა რჯულისმოძღვარმა გამალიელმა, რომელიც უკვე იხრებოდა ქრისტეს სარწმუნოებისკენ და წმინდა მოციქულთა მეგობარი გამხდარიყო, წმინდა სტეფანეს ცხედარი მალულად თავის სოფელში გადაასვენა, რომელიც იერუსალიმიდან თორმეტი სარბიელის მანძილზე მდებარეობდა. მან წმინდანის სხეული თავისთვის გამზადებულ კუბოში ჩაასვენა და საგვარეულო აკლდამაში დაასვენა. მალე მის გვერდით "იუდეველთა მთავარი" ნიკოდიმოსიც დაასვენა. გამალიელმა წმინდა პეტრე და იოანე მოციქულების ხელთაგან ნათელიღო თავის ვაჟთან ერთად და გარდაცვალების მერე იმავე აკლდამაში დაასვენეს.
გავიდა რამდენიმე საუკუნე. ეს წმინდა ადგილი ყველამ მიივიწყა.
დადგა კონსტანტინე დიდის ხანა. ეკლესიაში სიმშვიდემ დაისადგურა. ქრისტიანებს უკვე აღარ დევნიდნენ. სწორედ ამ დროს ინება ღმერთმა ამ აკლდამის გამოჩინება.
ხსენებული სოფლის დეკანოზს, ლუკიანეს, ძილსა შინა წარმოუდგა მაღალი, გრძელწვერა, ჭაღარით დამშვენებული სასიამოვნო შესახედაობის მამა, თეთრ სამოსზე ოქროსფერი ჯვრები ჰქონდა გამოსახული. მან სამჯერ დაუძახა ლუკიანეს და უთხრა: "წადი და გადაეცი იერუსალიმის მთავარეპისკოპოს იოანეს: "როდემდე ვიქნებით ჩაკეტილნი? რატომ არ გახსნი ჩვენს საფლავს? შენი მეუფების დროს უნდა გამომჟღავნდეს იგი". იჩქარე ამის გაკეთება, თორემ მე ჩემთვის კი არ ვზრუნავ, უფრო ჩემს გვერდით მწოლი წმინდა ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი პატივის ღირსნი არიან. გახსენი ჩემგან მითითებული აკლდამა, რომ ღმერთმაც თავისი მოწყალების კარი განუღოს მრავალი უბედურებით აღსავსე სოფელს".
შეძრწუნებულმა დეკანოზმა ჰკითხა: "ვინ ხარ, ბატონო, და შენს გვერდით მყოფებში ვის გულისხმობ?"
"მე გამალიელი ვარ, - უთხრა უცნობმა, - აღმზრდელი და მოძღვარი პავლე მოციქულისა. ჩემს გვერდით განისვენებს სტეფანე არქიდიაკონი, იუდეველთაგან ქრისტეს რწმენისთვის ჩაქოლილი. მისი სხეული ცხოველ-ფრინველთა შესაჭმელად დააგდეს. მე შუაღამისას მოვიპარე წმინდანის სხეული და ჩემთვის გამზადებული კუბოთი ჩემს მღვიმეში დავკრძალე, რადგან მსურს, საყოველთაო აღდგომისას მისი ხვედრი გავიზიარო. იმავე მღვიმეში, მეორე კუბოში ასვენია ბატონი ნიკოდიმოსი, რომელიც რწმენაში თვით უფალმა იესო ქრისტემ დამოძღვრა. იგი მოციქულთაგან მოინათლა. ეს რომ იუდეველებმა გაიგეს, მისი მოკვლა მოისურვეს, მაგრამ ჩემი ხათრით ვერ გაბედეს, რადგან ნიკოდიმოსი ნათესავად მერგებოდა. იუდეველებმა ერისმთავრობა, სახლი და ქონება ჩამოართვეს, დაწყევლეს და ქალაქიდან გააძევეს. ჩემთან წავიყვანე და სიკვდილამდე მასზე ვზრუნავდი. როცა მოკვდა, წმინდა სტეფანეს სიახლოვეს დავკრძალე. მესამე კუბოში ასვენია ჩემი ოცი წლის ვაჟი აბიბოსი, რომელიც მოციქულთა ხელით მოინათლა. მეოთხე კუბოში კი, ანდერძისამებრ, მე ჩამასვენეს".
სად გეძებოთო, - ჰკითხა ლუკიანემ. გამალიელმა ბრძანა - დელაგავრის ყანის სამხრეთითო.
გაიღვიძა დეკანოზმა, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: უფალო, ეს ხილვა თუ შენგანაა, მაშინ ბრძანე, სამჯერ განმეორდესო.
მეორე პარასკევს კვლავ გამოეცხადა გამალიელი და უსაყვედურა: რატომ არ წახვედი მთავარეპისკოპოსთან ჩემი სათქმელის გადასაცემადო. ლუკიანემ თავი იმართლა: შემეშინდა, ეშმაკის საცთური ხომ არ იყო და ღმერთს ვთხოვე, კიდევ ორჯერ გამომცხადებოდიო.
"ლუკიანე, შენ იმაზე ფიქრობ, როგორ მოიპოვო ნაწილები და როგორ იცნო ისინი, ჰოდა, მიცქირე და გულისხმაყავ, რასაც გაჩვენებ", - გამალიელმა მოიტანა ოთხი კალათა - სამი ოქროსი და ერთი ვერცხლისა. ერთი ოქროს კალათა სავსე იყო წითელი ყვავილებით, მეორესა და მესამეში თეთრები ეწყო, ვერცხლისაში კი ყვითელი სურნელოვანი ყვავილები. პირველი კალათა გამალიელმა დეკანოზის მარჯვნივ, აღმოსავლეთ მხარეს დადგა, მეორე - ჩრდილოეთ მხარეს, მესამე და მეოთხე - პირველის მოპირდაპირედ, დასავლეთით. "რას ნიშნავს ეს, ბატონო?" - ჰკითხა ლუკიანემ. ეს ჩვენი კუბოებია, სადაც განვისვენებთ. აღმოსავლეთით დადგმული წითელყვავილებიანი ოქროს კალათა წმინდა სტეფანეს კუბოა, ქრისტესთვის მოწამებრივი სისხლით მეწამულქმნილი. მეორე, თეთრყვავილებიანი ოქროს კალათა ბატონი ნიკოდიმოსის კუბოა, დასავლეთით მდგარი ოქროს კალათა - ჩემი და ვერცხლის კალათა, ყვითელი სურნელოვანი ყვავილებით სავსე, ჩემი ძისა, რომელიც წმინდა გახლდათ ხორციელი ცოდვისგან და ქალწული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე როგორც სულით, ისე ხორცით".
ლუკიანემ მარხვა და ლოცვა გააგრძელა და მესამე პარასკევსაც ღირსი შეიქნა მისი ხილვისა. გამალიელმა განრისხებულმა უთხრა: "რატომ აყოვნებ და მღვდელმთავართან არ მიდიხარ? ნუთუ ვერ ხედავ, ცისქვეშეთში რამხელა გვალვაა და უბედურება?! შენ ხომ ეს არ გიხარია? განა უდაბნოში არ არიან შენზე უკეთესი კაცნი, მაგრამ მათ გვერდი ავუარე - შენგან გვინდა თავის გამოცხადება. ასე რომ, ადექი, მიდი მთავარეპისკოპოსთან და უთხარი: გახსნას ის მღვიმე, სადაც ჩვენ განვისვენებთ, აქვე აგვიგოს ტაძარი, რომ უფალი მოწყალე ექმნეს თავის ხალხს ჩვენი ლოცვით!"
დეკანოზი მაშინვე გაეშურა იერუსალიმში მთავარეპისკოპოს იოანესთან და აუწყა სამჯერ ნანახი ხილვის შესახებ. მღვდელმთავარი სიხარულით ატირდა და ბრძანა: "კურთხეულ არს უფალი, ღმერთი კაცთმოყვარე, რომელმაც თავისი წყალობის გამოცხადება ინება თავისი წმინდანების მიერ! როცა ღირსი შევიქმნებით მათ წმინდა ნაწილთა მოპოვებისა, მაშინ წმინდა პირველმოწამის ნაწილები უნდა გადმოვასვენო აქ, ამ ქალაქში, სადაც ის იუდეველთა წინააღმდეგ იღვწოდა, სადაც იხილა განღებული ცანი და ქრისტე ღმერთი დიდებითა თვისითა. შენ კი, ჩემო შვილო, - მიუბრუნდა დეკანოზს, - წადი და ხსენებულ ყანასთან მოძებნე მათი საფლავები. როცა კუბოებამდე მიაღწევ, შეჩერდი და დამიძახე".
დეკანოზი დაბრუნდა სოფელში, მოუხმო ღვთისმოშიშ კაცებს და წავიდნენ დელაგავრის ყანასთან. შუა ყანაში ბორცვი იყო. იფიქრა, წმინდანები ალბათ აქ განისვენებენო და სანამ მის გათხრას შეუდგებოდა, ის ღამე ლოცვაში გაატარა. იმავე ღამეს გამალიელი გამოეცხადა მახლობლად მცხოვრებ მონაზონ ნუგენტს და უთხრა: "წადი და უთხარი ლუკიანე დეკანოზს: ტყუილად ირჯები, მანდ ნუ გათხრი, ჩვენ მანდ არ ვწევართ. სამხრეთით, ტევრთან გვეძებოს. ბორცვის ადგილას დაგვასვენეს, როცა დასაკრძალად მივყავდით. აქ, ამ ადგილას, ძველი ტრადიციით დაგვიტირეს. ამის დასტურია ეს ბორცვიც - ჩვენი დატირების ადგილას მოგროვილი მიწა".
წამოდგა ბერი და ხსენებულ ბორცვთან მივიდა, სადაც ლუკიანეს და ღვთისმოშიშ კაცებს გათხრები დაეწყოთ, და ნანახი უამბო. გახარებული მღვდელი ტევრისკენ გაეშურა, სადაც მალევე წააწყდნენ ქვას ებრაული წარწერით: "ხელიილ" ანუ "ღვთის მონები". გამოთხარეს ქვა, გადასწიეს და მღვიმეც იპოვეს. აანთეს სანთელი და რა ნახეს: კედლებზე გამოკვეთილ თაროებზე კუბოები ეწყო, მათში კი წმინდა ნაწილები ესვენა. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ასე რომ, მარჯვნივ, აღმოსავლეთით წმინდა სტეფანეს კუბო იდგა, შესასვლელის საპირისპიროდ, ჩრდილოეთით - ნიკოდიმოსისა, დასავლეთით კი, როგორც ეუწყა დეკანოზს, გამალიელისა და მისი ძისა. მაშინვე შეატყობინეს იერუსალიმის მთავარეპისკოპოსს. ეს მოხდა 415 წელს.
მთავარეპისკოპოსმა ხელი მოჰკიდა ორ ეპისკოპოსს - ელეფთერ სებასტიელს და ელეფთერ იერიქონელს და წმინდა ნაწილების ადგილს მიაშურა. გააფართოვეს მღვიმის შესასვლელი, შევიდნენ შიგნით. როცა პირველმოწამის კუბო გახსნეს, მაშინვე შეირყა მიწა და ღირსეულ ადამიანებს ზეცითგან ანგელოზების გალობა შემოესმათ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა!" წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიდან ისეთი კეთილსურნელება დატრიალდა, რომ ხალხს ასეთი რამ არასოდეს შეუყნოსავს. ეს გამოუთქმელი კეთილსურნელება ჰაერში ათი სტადიონის მანძილზე გავრცელდა. ეგონათ, სამოთხეში ვართო. იერუსალიმიდან და ახლომახლო ადგილებიდან უამრავი ადამიანი მოაწყდა აქაურობას. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა სნეულებით გატანჯულნი: ბრმები, კოჭლები, შინაგანი სენით თუ ეშმაკით შეპყრობილნი... ყველა მათგანმა კურნება პოვა. 73 კაცი იყო ასეთი.
გამოიტანეს ოთხი ღვთის კაცის ნაწილი ფსალმუნთა და სხვა საღმრთო ჰიმნთა გალობით და ბორცვზე დაასვენეს. მალევე ამ ბორცვზე არქიეპისკოპოსმა იოანემ ეკლესია ააგებინა და მასში დააბრძანა ნიკოდიმოსის, გამალიელისა და აბიბოსის ნაწილნი. წმინდა არქიდიაკონ სტეფანეს ნაწილნი კი საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში და სიონის მთაზე მდებარე ეკლესიაში დაასვენა.
სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლიდან იერუსალიმში სიწმინდეების თაყვანსაცემად ჩამოვიდა სენატორი ალექსანდრე და მისი მეუღლე იულიანა. მან ნახა წმინდა სტეფანეს კუბოსთან აღსრულებული სასწაულები და ქალაქში ქვის ეკლესია ააგებინა მის სახელზე. მერე კი გულმხურვალედ სთხოვა მთავარეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს ნაწილნი ამ ტაძარში დაესვენებინათ. მთავარეპისკოპოსმა შეუსრულა თხოვნა. მალე იერუსალიმში ალექსანდრე ავად გახდა და სიკვდილის პირას მისულმა ცოლი დააფიცა, მისთვის ისეთივე კუბო დაემზადებინა, როგორშიც წმინდა სტეფანე ესვენა. ცოლმა თხოვნა შეუსრულა და დიდებულად დაკრძალა ეკლესიაში. თვითონ ტაძრის ახლოს დასახლდა, რადგან სწამდა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო ღვთის წინაშე.
ალექსანდრეს ცოლი ახალგაზრდა, ლამაზი და მდიდარიც იყო, მრავალი შეაწყენდა და მეორედ გათხოვებას სთავაზობდა, მაგრამ ახალგაზრდა ქვრივს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქმრის ერთგულება. როცა ერთმა გავლენიანმა კაცმა ცოლად გაყოლა სთხოვა, ქალმა გადაწყვიტა, ქმრის ცხედარი კონსტანტინოპოლში, სამშობლოში გადაესვენებინა. მთავარეპისკოპოსი უარზე დადგა. მაშინ იულიანამ მამას მისწერა წერილი კონსტანტინოპოლში და სთხოვა, მეფესთან ეშუამდგომლა. მალე იერუსალიმში სანატრელი ნებართვაც ჩამოვიდა. მღვდელმთავარი წინ ვეღარ აღუდგა მეფის სურვილს და იულიანას საფლავის გათხრის ნება მისცა. გათხარეს. გამოჩნდა ორი ერთნაირი კუბო (კიდობანი). იულიანამ, შეცდომით, წმინდა სტეფანეს ნაწილებიანი კუბო აიღო, დაასვენა ჯორებშებმულ ოთხთვალაზე და გზას გაუდგა. საღამო ხანი იყო, როცა მან იერუსალიმი დატოვა. ამ დროს კიდობნის თავზე ანგელოზების გალობა მოესმათ, რომლებიც ღმერთს განადიდებდნენ, კიდობნიდან კი საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა. შორიდან მოესმათ ეშმაკთა ყვირილიც: "ვაი ჩვენდა, რადგან სტეფანე მოდის და გვცემსო". იულიანას მსახურებს შეეშინდათ: რას ნიშნავს, ქალბატონო, ეს ხმები, სტეფანეს რომ ახსენებენ? წმინდა პირველმოწამის კიდობანი ხომ არ მიგვაქვსო. სიხარულით აცრემლებულმა ქალბატონმა უთხრა: "იყუჩეთ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ღმერთს უნდა და მის მონასო". მიაღწიეს ზღვისპირა ქალაქ ასკალონამდე და იქიდან გემით კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ.
ატყდა საშინელი ქარიშხალი, ხომალდს ჩაძირვა ელოდა. მაგრამ მეზღვაურებს ხილულად წარმოუდგა პირველმოწამე სტეფანე და უთხრა: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ!" და კვლავ უხილავი შეიქმნა. ზღვა უმალ დაწყნარდა. ღამით კიდობანს ღვთაებრივი ნათელი დაადგა, იქიდან კი კეთილსურნელება იფრქვეოდა, ჰაერში ანგელოზთა გალობა ისმოდა.
ქალაქ ქალკედონის ნავმისადგომში ჩაუშვეს ღუზა. გადაწყვიტეს, ხუთი დღე დარჩენილიყვნენ. ქალაქელებმა შეიტყვეს წმინდა სტეფანეს ნაწილთა შემობრძანება და უამრავი სნეული მოიყვანეს გემთან. ეშმაკეულებს ეშმაკები ყვირილით ტოვებდნენ: ურიათაგან ჩაქოლილი სტეფანე მოვიდა და საშინლად გვტანჯავს, არსად გვინდობს, არც ცაში და არც მიწაზეო.
ქალკედონიდან გემმა მშვიდობიანად მისცურა კონსტანტინოპოლამდე. იულიანა წავიდა მამასთან და შეატყობინა სასიხარულო ამბავი. მერე ერთად მივიდნენ მეფესთან და პატრიარქთან და ახარეს წმინდა სტეფანეს ნაწილთა შემობრძანება. პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად მივიდა ნავსადგურში. გადაასვენეს კიდობანი, დადეს სამეფო ეტლზე და ფსალმუნთგალობით მეფის სასახლისკენ წააბრძანეს. როცა საზეიმო მსვლელობამ კონსტანტინოპოლის აბანოს მიაღწია, ჯორები შედგნენ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ეტლი ვერ დაძრეს. ერთი ჯორი ბალაამის ვირივით აამეტყველა უფალმა: "ტყუილად რად გვირტყამთ? სწორედ ამ ადგილას სურს წმინდა პირველმოწამე სტეფანეს დასვენებაო". მეფის ბრძანებით იმ ადგილას ქვის ეკლესია ააგეს წმინდა სტეფანეს სახელზე და მისი წმინდა ნაწილებიც იქ დაასვენეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი