თეთრი ანგელოსი - გრიგოლ ფერაძე წვრილშვილიანი კაცის ნაცვლად მოკვდა ოსვენციმში
1942 წლის 6 დეკემბერი. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი...
დედიშობილა, ერთ რიგად ჩამწკრივებულ გაძვალტყავებულ ადამიანებს გერმანელმა ოფიცერმა უღრიალა: - მანამ იდგებით ამ ყინვაში, ვიდრე დამნაშავე არ გამოჩნდებაო. მაგრამ დანაშაული არ არსებობდა, შესაბამისად - არც დამნაშავე...უკლებლივ ყველას სიკვდილი ელოდა - რა გაუძლებდა ამ საშინელ ყინვას...
მწკრივს ერთი კაცი გამოეყო - ქართველი არქიმანდრიტი, თეოლოგი და მეცნიერი გრიგოლ ფერაძე და თქვა: - დამნაშავე მე ვარ!
ჯერ ძაღლები მიუსიეს, მერე ნავთი გადაასხეს და დაწვეს...
არსებობს მისი სიკვდილის სხვა ვერსიაც, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ბოლო წუთებში, ისევე როგორც ხშირად ცხოვრებაში, თქვა: "მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის!.."
ფერაძე სამღვდელო გვარია. "ჩემი წინაპრები იყვნენ მწყემსები... ერთ საღამოს მათ ზეციური სასწაული მოევლინათ... შესაძლოა, ეს შობა ღამეს მოხდა... გამთენიისას, იმ დროს, როდესაც ეკლესიის ზარები აღვიძებენ დაღლილ ბერებს და დილის ლოცვისკენ მოუწოდებენ, უეცრად ზარების სასწაულებრივი მელოდია გაისმა...
მწყემსები სოფლიდან შორს იმყოფებოდნენ, უახლოესი ეკლესია რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო... ეს კი რეკდნენ ანგელოსთა ზარები...
ზებუნებრივმა სიხარულმა აღავსო ორივე მწყემსის გული... ერთ-ერთი მათგანი სასწრაფოდ დაემშვიდობა მეგობარს და იმავე უდაბნოს მონასტრის ნანგრევებისკენ გაემართა, რათა მიწიერი ამაოების ხმაურს მასში ანგელოსთა ზარების სასწაულებრივი მელოდიები არ ჩაეხშო...
ხოლო მეორემ, ვისაც სოფელში ცოლი და ვაჟი დარჩა, სასწაულებრივი მელოდიის ბგერებში თავისი შთამომავლობისთვის შეიმეცნა ნიშანი, რომ ისინი სულის მწყემსებად ქცეულიყვნენ და მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა ვაჟი სამონასტრო სკოლაში შეიყვანა...
ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში... ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში, საღამოობით გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსზე, ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე, რომელიც განეშორა მიწიერ ცხოვრებას", - წერდა გრიგოლ ფერაძე.
1899 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში დაიბადა. მამამისი, რომანოზი, მღვდელი იყო, დედა - მღვდლის ქალიშვილი... 1913 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 5 წლის შემდეგ - სასულიერო სემინარია, რომელსაც იმ დროს კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა. მერე კი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი... სოფელ ხანდაკში მასწავლებლობდა... 1921-ში თავის ძმებთან, არჩილთან და ვასილთან ერთად იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. შინ დაბრუნებულს პატიმრობა ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკლიძემ სოფელ მანავში მასწავლებლად გაამწესა, თუმცა სამშობლოდან წასვლის აუცილებლობას მაინც ვერ ასცდა: - იმავე წელს მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) და კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით საკათალიკოსო საბჭომ პატრიარქ ამბროსის (ხელაიას) თავკაცობით თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლ ფერაძე ბერლინს გაგზავნა...
"მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამგზავრებამდე. ეს იყო 1921 წელს. იმ წელს აღდგომას 1 მაისს აღნიშნავდნენ... სიონის ტაძარში მორწმუნე ცოტა იყო, წირვა-ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე... კარიბჭესთან გავქვავდი. არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვგრძნობდი, ის კი არა, პატრიარქსაც ვერ მივუახლოვდი, მაშინ როცა ყველა მორწმუნე მასთან კეთილი სურვილებით და მილოცვებით მიდიოდა... ლოცვის დამთავრებისას, როდესაც პატრიარქი ტაძრიდან გამოდიოდა, შემნიშნა და მომმართა: "ქრისტე აღსდგა!" მექანიკურად ვუპასუხე და უკან გავყევი...
დღე იწყებოდა. სიონისკენ მიმავალი ქუჩა, წასულ წლებში ამ დღისათვის, ჩვეულებრივ, ხალხით სავსე, ახლა დაცარიელებულიყო. ფანჯრები დარაბებით დაეხურათ. გეგონებოდათ, ქალაქს არ უხაროდა ეს დიდი დღესასწაული...
პატრიარქი მარტოდმარტო მიდიოდა, ეკლესიის მსახურთაგან არავინ აცილებდა... მოშორებით მივსდევდი... რეზიდენციის შესასვლელთან შეჩერდა, ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი ზრუნვით მრავალგზის წარმოთქვა: "იმედი დავკარგე. განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე!"
შევიგრძენი მამაშვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც..."
ასე დაიწყო 22 წლის გრიგოლ ფერაძის ცხოვრება საზღვარგარეთ. ჯერ ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა (დაეუფლა ძველებრაულ, ძველბერძნულ, სირიულ, არაბულ და ძველსომხურ ენებს) თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით, შემდეგ ბონის უნივერსიტეტი. გერმანულად თარგმნა "წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება".
ნაშრომისთვის "სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში" ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ეწევა სამეციერო მოღვაწეობას ინგლისში, ძალიან მალე ინიშნება ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად და ლექციებს კითხულობს ქართული და სომხური ლიტერატურის შესახებ. აქვს ლექციათა ციკლი ოქსფორდში. თავისი სამშობლოს ნაწილებს ყველგან ეძებს და პოულობს კიდეც - ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიის ბიბლიოთეკებში ეძიებს და სწავლობს ძველქართულ ხელნაწერებს, რაც უდიდეს ენერგიას ითხოვს. წინაპართა ნაკვალევს მიჰყვება რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში... სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწის ტიპიკონის ქართული ვერსია, ვენაში - დიონისე არეოპაგელის თხზულებათა ქართული კრებული, ათონზე 15 ქართული ხელნაწერი შეიძინა, აქვე გადაწერა ილარიონ ქართველის ცხოვრება, ბერძენთა საპატრიარქოში, შავ მთაზე და დამასკოში მოიძია ქართული ხელნაწერები, შექმნა შრომები: "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ", "ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე", "ძველქართული ლიტერატურა და მისი პრობლემა", "ქართველ ბერთა ისტორია დასაწყისიდან 1065 წლამდე. დამატებითი ცნობები აღმოსავლური მონაზვნობის ისტორიისათვის", "ძველი ქრისტიანული ლიტერატურა ქართულ თარგმანებში", "ბიბლიის ქართული თარგმანისათვის" და ა.შ. ხუთ ენაზე წერს უმნიშვნელოვანეს შრომებს, საოცარ ლექსებს... მისი დიდი განათლება ერწყმის უდიდეს რწმენასა და სულიერებას, მაგრამ ვერაფერს უხერხებს უცხოობაში მყოფი კაცის ტანჯვასა და მარტვილობას...
"მეცნიერულად მაქვს ყოველგვარი საშუალება განვითარებისა და წარმატებისა, ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ, მიუხედავად ამისა, ვკადნიერდები თქვენი უწმინდესობის წინაშე თხოვნით, ვინაიდან სულიერად მეცნიერული მუშაობა სრულიად არ მაკმაყოფილებს, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ საქართველოში დაბრუნებაში, ჩემი მრავალტანჯული ეკლესიის წიაღში სამუშაოდ", - სთხოვს პატრიარქ ქრისტეფორე მესამეს, მაგრამ პატრიარქი ვერაფერს შველის...
"საშინლად ვიტანჯები, - წერს კორნელი კეკელიძეს, - არაფრის ხალისი არ მაქვს... რისთვის ვიტანჯე ამდენი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?"
მოგვიანებით კი ჩაინიშნა: "ვინაიდან სამშობლო უარს მეუბნება დაბრუნებაზე, იძულებული ვარ, შევეგუო ემიგრანტის ხვედრს". მაგრამ ვერ ეგუება.
1930 წელს შობის დღეებს სულთმობრძავი შეხვდა... ხილვა ჰქონდა, რომ თავი ღვთისთვის უნდა მიეძღვნა... ამის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ბერად აღიკვეცა...
"ჩვენ დღეს ვცხოვრობთ უცხოეთში - ქვეყანაში, სადაც სულ სხვანაირად აზროვნებენ, ვიდრე ჩვენში, სხვანაირი საზომია ცხოვრების და მოქმედების, ვიდრე ჩვენში. ეგოისტურ ქვეყნებში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, რომელთა დამარცხება შეიძლება ან ფულით, ან ხიშტით, ან განათლებით, ან სხვა სულიერი ძალით. სხვა კიდევ რით? - არაფრით.
ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, სადაც გვცემენ პატივს მხოლოდ იმ ძალის და გავლენის მიხედვით, რაც ჩვენ ან ზურგს გვიმაგრებს, ან ჩვენშია. და სადაა ეს ძალა, თუ არა ეკლესიაში? რით უნდა ვაიძულოთ ეს ცივი ქვეყანა, თუ არა იმ ძალით, რომელმაც ის დაამარცხა და მასში თავის სიმბოლო და დროშა-ჯვარი აღმართა? საჭიროა, რომ ყოველი ქართველი ჩაუფიქრდეს ამას, საჭიროა, მთელი ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ერის საუკეთესო თვისებანი მოვიხმაროთ დღეს მისთვის, რომ არ გავხდეთ მხოლოდ უბრალო სტატისტები, არამედ აქტიური წევრნი ჩვენი მრევლის, შიგ ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ. საჭიროა, შევქმნათ ისეთი სულიერი ძალა, რომ ეს ძალა ჩვენ გვამოქმედებდეს", - ასე ფიქრობდა გრიგოლ ფერაძე და 1929 წლის 31 ივლისს პარიზში, მისი თაოსნობით ჩატარებულ ქართული სამწყსოს კრებაზე მიიღეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება - ევროპაში პირველი ქართული ეკლესია დაეფუძნებინათ...
1931 წლის 31 მაისს პარიზში მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში პირველი წირვა აღავლინა და მრევლს უთხრა: "მართლმადიდებლობა არის უდიდესი განძი, რომელიც ჩვენს ერს ოდესმე ჰქონია. ამ განძისთვის მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცხყოფასა და თვით სიკვდილს - ფუფუნებას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ სარგებელსაც.
მართლმადიდებლობა არის თვითღირებულება. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც..."
პარიზშივე დააარსა სამეცნიერო წელიწდეული "ჯვარი ვაზისა".
1934 წელს აღიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. ცხოვრობდა ვარშავაში და იქაური უნივერსიტეტის პროფესორი გახდა... უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პოლონეთში მართლმადიდებლობის განმტკიცებაში და ამ ეკლესიამ, კანონიზაციის შემდგომ, გრიგოლ ფერაძე თავის მფარველად აღიარა...
იყო შური და მტრობაც, სამწუხაროდ, ისევ ქართველთაგან...
ერთხელ მრევლს სთხოვა: "ილოცეთ ჩემთვის, რომ შემეძლოს თქვენში ცეცხლის ანთება, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელსაც თქვენ გაიღებთ, მსხვერპლად კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივ და თავისთავად მოვალეობად გეჩვენოთ..."
როგორც ჩანს, ასეთი ბუნებრივი მოვალეობა იყო გრიგოლ ფერაძისთვის ოსვენციმში სხვის ნაცვლად გაზის კამერაში შესვლაც... მაგრამ საქართველომ მაშინ და მერეც, კარგა ხანს, თითქმის არაფერი იცოდა ამ საოცარი კაცის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უცხოეთს გახიზნული ქართული საგანძური ფაშისტების კონფისკაციას სწორედ გრიგოლ ფერაძემ გადაარჩინა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, ფაშისტებს ასეთი დასკვნა დაუდო: "ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვთ ისტორიული მნიშვნელობა..."
განძი გადარჩა, მაგრამ საკმარისი იყო, ფაშისტებს მოპრიანებოდათ და ერთი ექსპონატი მაინც ენახათ, გრიგოლ ფერაძეს სიკვდილი არ ასცდებოდა...
მალე II მსოფლიო ომი დაიწყო და აღარსად დარჩა ადგილი, სადაც გრიგოლ ფერაძე თავს მიიდრეკდა... შიშით დაზაფრულ და სიკვდილის აჩრდილად ქცეულ ვარშავაში, რომლის ქუჩებსაც ფაშისტურსიმბოლოიანი ბომბები აწვიმდა, უშიშრად გამოდიოდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს ეხმარებოდა...
1942 წლის სექტემბერში გესტაპომ ებრაელთა დახმარების ბრალდებით დააპატიმრა - ბრძანება პირდაპირ ბერლინიდან მოდიოდა... ჩხრეკისას თაროზე, წიგნების უკან, აღმოჩნდა ინგლისური და ამერიკული ფულის კუპიურები (ადვილად მისახვედრია, ვისი ჩადებულიც)... სამაგიეროდ, მისი ბინიდან დაიკარგა უძვირფასესი ქართული ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი დღიურები და ის საეკლესიო ნივთები, რომლებიც მან საქართველოსთვის შეიძინა...
მალე ციხიდან მოიწერა: "ბინა ავეჯით, გთხოვთ, გადასცეთ ვინმე კანცელარიის მუშაკს, ჩემი არდაბრუნების შემთხვევაში ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდერძებ მიტროპოლიას. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით ჩვენი სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ჩემი ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე ხატები) ომის შემდეგ მიტროპოლიამ უნდა გადასცეს ქართულ ეკლესიას".
საბჭოთა ეპოქაში დიდი ხნის მანძილზე იკრძალებოდა გრიგოლ ფერაძის ხსენებაც კი...
70-იან წლებში უწმინდესმა ეფრემმა (სიდამონიძემ) პოლონეთის მიტროპოლიისგან მიიღო წერილი, რომელიც აუწყებდა, რომ პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდს სურდა გრიგოლ ფერაძის კანონიზაცია, მაგრამ მიზანშეწონილად თვლიდა, რომ ეს საქართველოში უნდა მომხდარიყო...
ღვთის ნებით, ეს 1995 წლის 19 სექტემბერს აღსრულდა.
აი, რა გვიამბო წმინდა გრიგოლის კანონიზაციის შესახებ საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოსულმა ვარშავის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, ვარშავის საღვთისმეტყველო აკადემიის ღვთისმეტყველების პროფესორმა, მღვდელმა ჰენრიხ პოპროცკიმ: - "წმინდა გრიგოლ ფერაძის კანონიზაციაზე დასასწრებად საქართველოს ეკლესიის საპატრიარქომ ორი თვით ადრე გამოგვიგზავნა მოწვევა, მაგრამ იგი ჩვენამდე არ მოსულა, დაიკარგა...
ამიტომ თქვენს ქვეყანაში კანონიზაციამდე სამი დღით ადრე ჩამოვედით. ეს დღეები ძალიან ამაღელვებელ მოგონებად დარჩება ყველასთვის, ვინც სვეტიცხოველში ამ აქტს დაესწრო...
მახსოვს, კანონიზაცია პატრიარქ ამბროსის (ხელაიას) შერაცხვით დაიწყო, რომელიც მოწამებრივად აღესრულა. წაიკითხეს მისი ბიოგრაფია, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა წარმოთქვა კანონიზაციის ფორმულა... საერთოდ ვეღარ ლაპარაკობდა, ისეთი ამაღელვებელი იყო მისთვის და ყველა ჩვენგანისთვის ეს ყველაფერი... სვეტიცხოველში მაშინ ვინც იდგა, ყველა ტიროდა, გუნდმაც კი ვერ შეძლო გალობა...
უწმინდესი შეყოვნებით საუბრობდა, ცრემლს ძლივს იკავებდა და ვერც იკავებდა... ის, რაც ჩვეულებრივ, წუთნახევარს გრძელდება, ათ წუთს გაგრძელდა...
შემდეგ უწმინდესმა სიტყვის თქმა მთხოვა, ძალიან დავიბენი და ძლივს მოვახერხე ორიოდ წინადადების თქმა...
საქართველო საოცარი ქვეყანაა, ეს ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი. აქ ცოცხალი სარწმუნოებაა... ეს არის ქვეყანა, სადაც მაცხოვრის კვართია დაფლული, ამდენი ტაძარი და აუარება სიწმინდეა... ეს ჩვენი მფარველის, წმინდა გრიგოლ ფერაძის სამშობლოა..."
აი, რას წერდა ომისდროინდელი პოლონური პრესა: "ბანაკი ოსვენციმი... აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი... ფერაძე გარდაიცვალა გაზის კამერაში, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. გაზის საკანში მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად ნებაყოფლობით შევიდა...
ეს ცნობა პოლონელ მიტროპოლიტ დიონისეს ბანაკიდან მობრუნებულმა ყოფილმა პატიმარმა მიაწოდა... ამ პატიმარმა მოიტანა არქიმანდრიტ ფერაძის ჯვარიც..."
ასეთი იყო მისი გარდაცვალების მეორე ვერსია...
მეოხ გვეყოს წმინდა გრიგოლი ღვთის წინაშე!