ერთხელ ქალაქში მოეწყო სახალხო ზეიმი სულთნის ვაჟის წინადაცვეთის გამო. ამ დღესასწაულზე თეოდორემ უარყო ქრისტიანობა და მიიღო ისლამი. ის მიიღეს მოსწავლედ იანიჩართა საბავშვო კორპუსში სასახლესთან. ამ სკოლაში ექვსი წლის განმავლობაში თეოდორემ მიიღო სრული განათლება თურქულ და არაბულ ენებზე.
სწავლის დროს ღვთისმეტყველების საკითხებზე მუშაობისას, მას სინდისის ქენჯნა დაეწყო. როდესაც ტანჯვა აუტანელი გახდა, ის გაიქცა, შეწევნისათვის მოუხმო რა წმინდა სამებასა და ღვთისმშობელს. თეოდორემ მოიარა მრავალი ადგილი იმ ადამიანის ძიებაში, ვისაც შეეძლო მისთვის ეჩვენებინა ხსნის გზა. და ბოლოს, მან იპოვა ბრძენი კაცი, ფილადელფიის მიტროპოლიტ გაბრიელის სახით, რომელიც ცხოვრობდა ვენეციაში. წმინდანმა დაარიგა და განამტკიცა ჭაბუკი რწმენაში, აღკვეცა ბერად თეოფანეს სახელით და უთხრა, რომ საუკეთესო გზა ასეთი ცოდვის გამოსყიდვისა არის იქ დაბრუნება, სადაც მან უარყო რწმენა, რათა საჯაროდ დაემოწმებინა თავისი მოქცევა.
აღვსილი ღვთიური მოშურნეობით, თეოფანე დაუყოვნებლივ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა იცნო იგი, მან ვერ შეძლო ხელსაყრელი შემთხვევის პოვნა, რათა მოწმეთა თანდასწრებით მოენანიებინა.
ათენში ყოფნისას მან სამი დღე გაატარა ცრემლიან ლოცვაში, შემდეგ კი წარსდგა მოსამართლის წინაშე, ითხოვდა რა დაემოწმებინა რწმენა, რომელიც მან დაკარგა სიჭაბუკის შეცდომების გამო. მისთვის დიდად სამწუხაროდ, მოსამართლე შემწყნარებლურად მოეპყრო მას და გააგდო იგი. სხვა ადგილებში მოგზაურობის შემდეგ, ის გამოცხადდა ქალაქ ლარისას მოსამართლესთან, რომელიც ცნობილი იყო სისასტიკითა და სიმკაცრით, მაგრამ მანაც ბრძანა თეოფანეს გაგდება, დასაჯა რა 600 მათრახის დარტყმით. წმინდანმა მადლიერებით გადაიტანა ცემა, მაგრამ მისი სინდისი არ დამშვიდდა.
ის გაემართა წმინდა ათონის მთისკენ, სადაც ათონელმა ბერებმა მხარი დაუჭირეს მის განზრახვას. რწმენაში განმტკიცებული, თეოფანე დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და ხალხის წინაშე წარსდგა, ღიად მიმართა სიტყვით მათ, ვინც იცნო იგი. გამოცდილი მოძღვრის ექვთიმეს მიერ, თეოფანე მღვიძარებით, ლოცვითა და წმინდა საიდუმლოთა მიღებით მოემზადა უკანასკნელი ბრძოლისთვის.
სასამართლოში მოსვლისას, სადაც შეკრებილი იყო მრავალი მაგისტრატი და ოსმალეთის მთავრობის მოხელე, თეოფანემ ხმამაღლა და ნათლად თავდაპირველად განადიდა სულთანი, შემდეგ კი აღიარა თავისი მოქცევა მართლმადიდებლობაზე და მოითხოვა, რომ მისთვის გამოეტანათ განაჩენი. მოსამართლემ, განრისხებულმა ასეთი თავხედობით, ბრძანა მისთვის 700 მათრახის დარტყმა და ციხეში ჩასმა.
პატიმრობისას წმინდა თეოფანე მუდმივად იტანდა ზედამხედველთა ცუდ მოპყრობას. ციხის დარაჯები დასცინოდნენ, სთხოვდნენ რა მას მათთვის სასწაული მოეხდინა. როგორც უძრავი სვეტი, იდგა წმინდანი ლოცვაში სამი საათის განმავლობაში, და როდესაც მან წარმოთქვა "ამინ", მიწისძვრამ შეარყია ციხის საფუძველი და სინათლემ, მზის შუქზე უფრო კაშკაშამ, გაარღვია საპყრობილის წყვდიადი, გაანათა რა მოწამე. თეოფანე იდგა ზეცისკენ აღპყრობილი ხელებით. მისი სახე ემსგავსა ანგელოზის სახეს. წმინდანის ფეხები განთავისუფლდა ბორკილებისგან. შეშინებული მცველები დაემხნენ მის წინაშე, ითხოვდნენ რა პატიებას, ზოგიერთი მათგანი კი ქრისტიანობაზეც კი მოიქცა.
როდესაც ეს ამბავი უმაღლეს ჩინოვნიკებამდე მივიდა, პრეფექტმა კვლავ გამოიძახა თეოფანე, ცდილობდა რა მის დაძლევას დაპირებებით. მაგრამ წმინდანმა უარყო მისი არგუმენტები და სიკვდილით იქნა დასჯილი.
მწამებლებმა თეოფანეს ამოჭრეს კანის ზოლები ზურგსა და მკერდზე ჯვრის ფორმით, შემდეგ კი, დასვეს რა უკუღმა ჯორზე, მიალურსმეს ხელები უნაგირზე და წაიყვანეს ქუჩაში. დასჯის ადგილზე ჯალათებმა ჩამოკიდეს ის შიშველი კაუჭებზე, ხოლო ბრბო ესროდა მას ქვებს და სცემდა ჯოხებით. თეოფანე რჩებოდა შეურყეველი და მადლობას უხდიდა ღმერთს იმისთვის, რომ უფალმა ღირსი გახადა იგი იმ სიკვდილისა, რომელსაც თავად ისურვებდა. წმინდანი სთხოვდა უფალს მხოლოდ ერთ წყალობას: გამოეჩინა თავი რაიმე სასწაულში, რათა მოექცია რწმენისკენ უღმერთონი. როგორც კი თეოფანემ დაასრულა ლოცვა, გამოჩნდა თეთრი ფრინველი, მტრედის მსგავსი, და დაჯდა მის თავზე. მისმა გამოჩენამ აღავსო მისი გული ღვთიური სიხარულით, გაათავისუფლა რა ტკივილისგან. დასჯის მრავალმა მოწმემ შესძახა: "ქრისტე, რომელსაც ის ქადაგებს, ნამდვილად ღმერთია!"
სამი საათის შემდეგ, როდესაც უკვე საღამოვდებოდა, წმინდანმა შესძახა: "მწყურია!" იქ მდგომთაგან ერთ-ერთმა თქვა: "გახდი ისეთი, როგორც ჩვენ, და მე დაგალევინებ". თეოფანემ უპასუხა: "მე მწყურია თქვენი ხსნა. რაც შემეხება მე, ქრისტე გამაგრილებს მარადიული წყლით". ღამით გაისმა საშინელი ქუხილის ხმა და ზეციურმა ნათელმა გაანათა მოწამის სხეული, შეაშინა რა მცველები. მრავალმა ადამიანმა აღიარა ქრისტეს რწმენა. ამან გამოიწვია სხვა თურქების გაბოროტება, მათ აიღეს მახვილი საგნები და დაიწყეს წმინდანის ცემა. როდესაც წმინდა თეოფანეს თვალები დათხარეს, მან სული მიაბარა ღმერთს.
წამება აღსრულდა 1588 წლის 8 ივნისს. ნიკოდიმოს ათონელის წიგნში "სინაქსარისტი 12 თვის" მითითებულია წამების სხვა წელი - 1559, თუმცა ეს ეწინააღმდეგება ცნობებს ვენეციაში მცხოვრები ფილადელფიის მიტროპოლიტ გაბრიელის დამოძღვრის შესახებ. გაბრიელი ვენეციაში ჩავიდა 1572 წელს მღვდლის ხარისხში, ხელდასხმულ იქნა ფილადელფიის მიტროპოლიტის ხარისხში 1577 წლის 18 ივლისს.
ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა გამოისყიდეს წმინდანის სხეული და შეაგროვეს მიწა, მისი სისხლით მორწყული. შემდგომში მათგან მოხდა მრავალი სასწაული და განკურნება. წმინდანის მწამებლებმა მიიღეს დამსახურებული სასჯელი: ზოგიერთი დაბრმავდა, სხვები შეშლილობის მდგომარეობაში ზღვაში დაიხრჩვნენ, მესამეთ ხელები გაუხმათ. ხოლო ისინი, ვინც მოინანიეს და მოუხმეს წმინდანის სახელს, განიკურნენ.
წმინდა თეოფანეს ხსენების დღეა 8 ივნისი (ბერძნ.) და ასევე მოიხსენიება: ევბეის წმინდანთა კრებულში და ასევე ახალმოწამეთა კრებულში, რომლებიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ეწამნენ (ბერძნ.)
ხატის წყარო: Ο Άγιος Θεοφάνης ο Νεομάρτυρας
აქვე წაიკითხეთ:
ღირსმოწამე თეოფანე (+1588) - 08 ივნისი (21 ივნისი)