ქალაქ ნიკეაში ცხოვრობდა ღვთისმოშიში, ქრისტიანი ცოლ-ქმარი თეოდული და ფლორენცია. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ნეოფიტე დაარქვეს.
ღვთისმოშიშმა მშობლებმა ვაჟი მონათლეს და ცდილობდნენ უფლის მცნებებით აღეზარდათ. ათი წლის ასაკში ნეოფიტემ დაიწყო სკოლაში სიარული. ის განსხვავდებოდა თანატოლებისაგან.
პატარა ნეოფიტეს ჩვეულებად ჰქონდა, რომ როდესაც მოსწავლეები სასწავლებლიდან სახლებში ბრუნდებოდნენ, შინ მიჰყავდა ღარიბი თანატოლები და თავისი კუთვნილი სადილით უმასპინძლდებოდა, ხანდახან მშიერიც კი რჩებოდა. სიკეთის, თავშეკავებული ცხოვრებისა და გამუდმებული ლოცვის გამო უფალმა ნეოფიტეს ბავშვობიდანვე მიმადლა სასწაულქმედების ნიჭი. მოსე წინასწარმეტყველის მსგავსად პატარა ნეოფიტემ ქალაქის კარიბჭესთან ქვის კედლიდან წყალი მოიყვანა და ქალაქელებს წყურვილი მოუკლა. პატარა ნეოფიტე ამ სასწაულის თვითმხილველებს თხოვდა, არავისთვის გაემხილათ ნანახის შესახებ. ეს თვით ნეოფიტეს მშობლებმაც კი არ იცოდნენ.
ერთი წლის შემდეგ ნეოფიტეს დედას, ფლორენციას, უფლისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო ძილში ღვთისგან ეუწყა, რომ მის ვაჟს ქვიდან წყალი სასწაულებრივად მოჰყავდა. ფლორენციამ გამოიღვიძა თუ არა, ლოცვა დაიწყო, ევედრებოდა უფალს, გაეცხადებინა მისთვის შვილის მომავალი. უეცრად ზეციდან გამოჩნდა თეთრი მტრედი, რომელიც ღვთიური სინათლით ბრწყინავდა. მტრედი ნეოფიტეს საწოლზე ჩამოჯდა და ადამიანის ხმით მიმართა:
- მე გამომგზავნა მაცხოვარმა, რათა დავიცვა შენი უცოდველი სარეცელი.
ამის მოსმენის შემდეგ ფლორენცია მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა. მთელმა ნიკეამ შეიტყო თეოდულის მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ. მის სახლთან ნათესავები და ნაცნობები მოგროვდნენ. ვერავის გაეგო ნეოფიტეს დედის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი. თეოდული ამ დროს მინდორში იყო, მანაც შეიტყო იმ უბედურების შესახებ, რომელიც მის ოჯახს დაატყდა თავს და სასწრაფოდ ტირილით გაემართა შინისაკენ. ჭიშკართან მამას პატარა ნეოფიტე შეხვდა და უთხრა:
- რატომ ტირი, მამა?! დედა არ მომკვდარა, მას მხოლოდ სძინავს.
ამის შემდეგ ნეოფიტე მამასთან ერთად სახლში შევიდა, დედის ხელი ხელში ჩაიდო და მიმართა:
- ადექი, ჩემო დედავ, შენ ღრმად გეძინა...
ამ სიტყვებზე ფლორენცია ისე წამოდგა, თითქოს მართლა ეძინა, შვილი გულში ჩაიკრა. იქ მყოფები ღმერთს მადლობდნენ და ადიდებდნენ. ფლორენციამ მეუღლეს მოუთხრო თავისი გამოცხადებისა და იმის შესახებ, რომ მათი ვაჟი ფარულად სასწაულს სჩადიოდა და კლდიდან წყალი მოჰყავდა.
მას შემდეგ თეთრი მტრედი ყოველთვის მიფრინდებოდა წმინდანის სარეცელთან და ადამიანის ხმით ესაუბრებოდა. ერთხელ თეთრმა მტრედმა ყრმა ნეოფიტეს უთხრა:
- დატოვე, ნეოფიტე, მამის სახლი და გამომყევი მე.
ნეოფიტემ დაუჯერა მტრედს, გამოემშვიდობა მშობლებს და დატოვა სახლი. ფრინველმა ბიჭი ოლიმპოს მთასთან მიიყვანა, სადაც ერთი გამოქვაბულისკენ - ლომის ბუნაგისკენ გაუძღვა. გამოქვაბულში მცხოვრებ ლომს ნეოფიტემ ღვთის შთაგონებით მიმართა:
- გამოდი მანდედან და მოძებნე შენთვის სხვა ადგილი, რადგან უფალმა აქ საცხოვრებლად მე გამომგზავნა.
მხეცი დაემორჩილა მომავალი წმინდანის სიტყვებს და დატოვა გამოქვაბული. ამ გამოქვაბულში თხუთმეტი წელი იცხოვრა წმინდანმა და გარეთ მხოლოდ ერთხელ გამოვიდა - მშობლების დასაკრძალად და მათი ქონების გლახაკებისთვის დასარიგებლად.
დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგუნურება. ეს ყოველივე კი ასე მოხდა: იმ მხარის მმართველი, დეციუსი ქალაქ ნიკეას ესტუმრა. მმართველმა მოუწოდა ქალაქის მოსახლეობას, მთავარ მოედანზე შეკრებილიყო, რათა იქ საზეიმო ვითარებაში ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ უგუნურების შესახებ ღვთისგან ეუწყა წმინდა ნეოფიტეს, რომელმაც გამოქვაბული დატოვა, ქალაქის მოედანზე შეკრებილებს ეახლა და უთხრა:
- მართალია, არავის გიძებნივართ და არც აზრი გიკითხავთ ჩემთვის, მაგრამ მოვედი, რათა ვამხილო თქვენი ბოროტი რწმენა და მიგითითოთ თქვენს უგუნურებაზე.
მმართველიც და მოედანზე შეკრებილი მოსახლეობაც გააოცა ახალგაზრდა ბერის ასეთმა გაბედულმა სიტყვებმა. ახალგაზრდა წმინდანს ვინაობა და სადაურობა ჰკითხეს. ნეოფიტემ მოახსენა, რომ თეოდულისა და ფლორენციას ვაჟი იყო. მაშინ მმართველმა უბრძანა წმინდანს, მათთან ერთად შეეწირა ღმერთებისთვის მსხვერპლი.
- უსამართლოვ და სისხლისმსმელო, რას სჩადიხარ, როგორ ღუპავ ამდენი ადამიანის სულს?! განა არ იცი, რომ მათი დაღუპვისთვის ჯოჯოხეთის სამუდამო ცეცხლში დაიწვები?!
ამის გაგონებაზე დეციუსი საშინლად განრისხდა. ბრძანა, ნეოფიტე ხეზე დაეკიდათ და ხარის ძარღვებით ეცემათ. წმინდანი გმირულად უძლებდა წამებას და მოსახლეობას ხმამაღლა მოუწოდებდა სინანულსა და უფალ იესო ქრისტეს რწმენას. მმართველი კიდევ უფრო განრისხდა, ჯალათებმა მისი ბრძანებით, ნეოფიტეს სხეული რკინით გადაუფხიკეს. უფლის რჩეული ტანჯვისას მხოლოდ ამ სიტყვებსღა ამბოდა: "ღვთის ძეო, შემიწყალე მე". ამ დროს ხალხს გამოეყო ერთ-ერთი ასაკოვანი კაცი და ნეოფიტეს ურჩია დამორჩილებოდა მმართველის ბრძანებას, დაჰპირებოდა მას, რომ ისიც შესწირავდა ღმერთებს მსხვერპლს. ამით საშინელ ტანჯვას დააღწევდა თავს.
ამ რჩევაზე კი ასეთი იყო წმინდანის პასუხი: - "მე ჩემი თავგანწირვით ვადიდებ ღმერთს და დავიმკვიდრებ სამუდამო სასუფეველს, მაგრამ არასოდეს შევწირავ მსხვერპლს ცრუ და უსიცოცხლო კერპებს".
ამის შემდეგ მმართველის ბრძანებით მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. დეციუსმა გადაწყვიტა, მხეცებისთვის მიეგდო ნეოფიტე საკვებად, თან ამით ქალაქის მცხოვრებლებს დიდ სანახაობასაც მოუწყობდა. ჯერ დათვებს მიუგდეს ნეოფიტე, ყველას გასაკვირად ცხოველებმა არაფერი ავნეს მოწამეს. ამის შემდეგ არენაზე გამოუშვეს მძვინვარე ლომი. მოხდა საოცრება: მხეცი მიუახლოვდა ბოძზე მიბმულ ნეოფიტეს, მის წინ გაჩერდა, თვალები ცრემლებით აევსო, შემდეგ წმინდანის ფეხს ლოკვა დაუწყო. ეს სწორედ ის ლომი გახლდათ, რომლის გამოქვაბულშიც ოლიმპოს მთაზე თხუთმეტი წლის წინ ნეოფიტე დასახლდა. მოწამემ უთხრა ცხოველს, დაბრუნებულიყო თავის ძველ გამოქვაბულში, თან სთხოვა, ხალხისთვის ზიანი არასოდეს მიეყენებინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი