როდესაც წმინდა მოწამე აღათიას დიდება სიცილიას მოედო, კატანში, მის წმინდა ნაწილთა თაყვანსაცემად სხვებთან ერთად
ერთი კეთილშობილი სირაკუზელი ქალწული, ლუკიაც წავიდა სნეული დედითურთ, ოთხი წლის მანძილზე სისხლდენით რომ იტანჯებოდა და ვერაფერმა უწამლა.
ღვთისმსახურებისას მღვდელმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან სახარების ის მონაკვეთი წაიკითხა, სადაც სისხლმდინარე დედაკაცი მაცხოვრის სამოსლის კიდეს რწმენით შეეხო და განიკურნა.
ლუკიამ ევტიქიას უთხრა:
- დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტესთვის მომკვდარი აღათია შეგეწევა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები!
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დედა-შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს, ლუკიას ჩასთვლიმა, სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმინდა აღათია გამოეცხადა და აუწყა:
- დაო ჩემო, ლუკია, სძალო ღვთისაო! მე რად მთხოვ იმას, რაც თავად ძალგიძს?! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს და უკვე განიკურნა... და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, ისე განდიდდება შენით სირაკუზა, რამეთუ შენი სიწმინდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!
ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა.
როდესაც ლუკიას საქმრომ ეს ამბავი შეიტყო, დამწუხრდა და მიზეზს საცოლის ძიძას დაეკითხა.
ძიძა კეთილგონიერი ქალი აღმოჩნდა და უპასუხა, - ქონებას იმიტომ ყიდიან, შენთვის უკეთესის შეძენა სურთო!
საქმრო დამშვიდდა, რადგან ეგონა, რომ საქმე მიწიერ შენაძენს ეხებოდა და ლუკიას ქონების განკარგვაში დაეხმარა კიდეც, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, ქონება უპოვართ, ღვთისმსახურთ, სნეულთ და ქვრივ-ობოლთ დაურიგდაო, ძლიერ განაწყენდა და ლუკია ქალაქის თავთან დაასმინა, - ქრისტიანია და სახელმწიფოს კანონებს არ ემორჩილებაო!
ამ უკანასკნელმა ნეტარი იხმო და ჯერ დაყვავებით შეეცადა, კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა, მაგრამ ქალწული პასუხობდა, რომ რაც გააჩნდა, ყოველივე ჭეშმარიტ ღმერთს შესწირა, ამიტომ ახლა მისთვის საკუთარი თავი უნდა მიეძღვნა.
- ეგ ყოველივე შეგიძლია, შენსავით ქრისტიანებს უამბო, ჩემთვის კი, რომელიც ხელმწიფის კანონთა დაცვა ევალება, შენი სიტყვა არაფრის მთქმელია, - შენ ხელმწიფის გეშინია და მისი განრისხება არ გსურს, მე კი - ღმერთის, შენ იმპერატორის გულის მოგება გსურს, მე - უფლის... ასე რომ, ისა ჰქმენ, რაც შენთვის სარგოდ მიგაჩნია, მე კი იმას ვიქმ, რასაც ჩემთვის სათნოდ მივიჩნევო!
- მთელი ქონება გაანიავე და უგუნურივითაც ამად საუბრობ, - უთხრა მმართველმა,
- ჩემს ქონებას საიმედო ადგილი მივუჩინე...
- შენს მახვილსიტყვაობას წამება მოუღებს ბოლოს, - უთხრა მმართველმა,
- ღვთის სიტყვა არასოდეს განქარდება.
- განა შენ ღმერთი ხარ?
- არა, უფლის მონა... და თუ ჩემს წამებას ინებებ, ამით ჯილდოს განმიმზადებ!
გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: - როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა, ადგილიდან დაეძრა. მაშინ წმინდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბაწრეს, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა.
ჯადოქარნი, ქურუმნი და მოგვნი მოიყვანა, რომ მის დასაძვრელად რამე ეღონათ, მაგრამ ნეტარი ისე მიჰკვროდა მიწას, თითქოს მიალურსმნესო...
- მაინც, რას ჯადოქრობ? - დაეკითხა მმართველი.
- ეს ჯადოქრობა კი არა, ღვთის მადლისმიერი მოქმედებაა, - მიუგებდა ნეტარი.
მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: "მე უფალ იესო ქრისტეს ვევე¬დრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა".
მაშინ ერთმა წარმართმა წმინდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა. ამასთან, სული მანამ არ შეჰვედრა უფალს, სანამ მღვდლისგან წმინდა ზიარება არ მიიღო...
წმინდა ლუკია 304 წელს აღესრულა. მარტვილის წმინდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმინდა სამების სახელობის ტაძარი აიგო. შემდგომში წმინდა ლუკიას ნაწილები ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ ლოტარინგიაში, მეცში გადაასვენეს; ხოლო კონსტანტინოპოლში არსებული წმინდა ნაწილები კი ვენეციაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი