წმინდა მოწამენი ევსტრატე, ავქსენტი, ევგენი, მარდარიოსი და ორესტე დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284- 305 წწ.) ზეობისას ეწამნენ,
იმ დროს, როდესაც ქრისტიანებზე ნადირობა ჟინიან შეჯიბრებად იქცა.
ამ უსჯულო ომში იმათ, ვინც თავს მეტად გამოიჩენდა, იმპერია მეფურ ჯილდოს ჰპირდებოდა, ურჩთ კი - ჯერ საშინელ წამებას, შემდეგ კი - სიკვდილს.
უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაპადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად ჯერ სამი დღედაღამ გადაბმულად ითათბირეს, შემდეგ კი იქ მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა მიავლინეს და რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან - კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.
თუმცა, მათი მიზანი ამგვარი დროებითი ღონისძიებები კი არა, ქრისტიანობის სრულებით განადგურება გახლდათ.
თუმცა, მანამდე სომხეთისა და კაპადოკიის მმართველნი გაათავისუფლა, - მოვალეობებს თავი ვერ გაართვით და უსჯულოებს ჯანყის უფლება მიეცითო, მათ ნაცვლად კი ზემოთ ნახსენები, სისასტიკით განთქმული ლისიუსი და აგრიკოლა დაადგინეს.
მათი ჩასვლისთანავე დაიწყო საშინელი სისხლის ღვრა, - არც ქალს ინდობდნენ, არც ბავშვს და მხცოვანს, სასიკვდილო განაჩენისთვის საკმარისი იყო ვიღაცის უსაფუძვლო დასმენა და ცილისწამება.
თუმცა, ეს ყველაფერი როდი იყო: - მტარვალნი ცდილობდნენ, ქრისტიანები თავიანთი სამყოფლიდან შორს გაესამართლებინათ და მოეკვდინებინათ, რომ ახლობლებს მათი გაპატიოსნების და დაკრძალვის საშუალება არ ჰქონოდათ.
ქალაქ სატალიონში, სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს.
სასამართლოზე ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული, კეთილშობილი და მდიდარი მოხელე - ევსტრატე მივიდა რაზმითურთ და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა.
თავად ევსტრატე ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგრამ ამ დრომდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა.
თანამოძმეთა საშინელი ხვედრი ტანჯავდა, უფალს დღემუდამ შეავედრებდა თითოეულ მათგანს, თავადაც გაიღებდა უფლისთვის სიცოცხლეს, სიკვდილისწინა ტანჯვას რომ არ შეეშინებინა...
ბოლოს კი გადაწყვიტა: - ერთგულ მსახურს მშობლიურ ქალაქში თავისი ქამარი გაატანა და უბრძანა:
- ქამარი ტაძრის საკურთხეველში ფარულად დადე, თავად იქვე დაიმალე და დაუდარაჯდი, თუ ვინ ახლებს ხელს პირველი: - თუ მას ტაძრის წინამძღვარი, ჭეშმარიტი ღვთისკაცი, ავქსენტი შეეხება, ადექი და უკან უსიტყვოდ წამოდი, ხოლო თუ მის აღებას სხვა შეეცდება, ამის საშუალება არ მისცე და ქამარი უკან მომიტანეო.
ევსტრატეს განზრახული ჰქონდა, თუ მის ქამარს ღვთისმოყვარე ავქსენტი შეეხებოდა, იმის ნიშნად მიეღო, რომ უფალი მოწამებრივი სიკვდილისათვის მოუწოდებდა, სხვა შემთხვევაში კი თავისი რწმენა კვლავ ფარულად ეტარებინა.
უკან მობრუნებულმა მსახურმა აუწყა, რომ სარტყლის საკურთხეველზე დადებისთანავე, თითქოს საგანგებოდ, იქ ავქსენტი შემობრძანდა და ქამარი აიღო...
ამ ამბავმა სიხარულით განაბრწყინვა ევსტრატე, რაც არ გამოჰპარვია იქვე მდგომ ევგენის... ამ ამბებიდან მოკლე ხანში იგი დაატყვევეს და ნეტარმა შესაფერი ჟამი პოვა მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად დაემოწმებინა თავისი რწმენა...
მსაჯულმა ბრძანა, დაუყოვნებლივ აეყარათ სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმინდა ევსტრატე სასტიკად გვემეს, მაგრამ ყოველივე დიდსულოვნად დაითმინა. მოწამემ კი თავის ჯალათს ეს უთხრა:
- ამ სატანჯველებით სული განმიწმინდე და მარადიულო¬ბისათვის განმამზადებინეო!
ჯალათმა უპასუხა, - შენს ღმერთს უკვდავების ბოძება რომ შეძლებოდა, წყლულთაგანაც განგკურნავდაო.
ამის თქმა და ევსტრატეს განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატეს მეგობარმა და მისი რაზმის მეომარმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა:
- ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატე!
მაშინ ევსტრატესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანებიც თან გაეყოლებინათ. ევსტრატეს ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს, რის გამოც გზაში საშინლად იგვემებოდა.
ევგენისა და ევსტრატეს მშობლიურ ქალაქ არავრაკს ორი დღის შემდეგღა ჩააღწიეს. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, რომელთაც ევსტრატესთან სურდათ მიახლოება, ასე რომ შეჰყვარებოდათ, მაგრამ დასჯის შიშით ვერ ბედავდნენ. ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა, სახელად მარდარიოსმა კი გასაოცარი საღვთო შური გამოავლინა: - მას ახალი სახლი აეშენებინა და უკვე ხურავდა. როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატეც, შენიშნა, საჩქაროდ ჩამოვიდა და მეუღლეს მიმართა: - ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატე - ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარულს მიემთხვევი!
ქალმა კი მიუგო:
- რა გიშლის, რომ იგივე ჰქმნა?!
მარდარიოსმა, რომელსაც გულში იგივე ედო, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა:
- ღმერთო, მამაო, ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმინდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხება მესამე ჟამნის ბოლოს და შუაღამიანზე).
შემდეგ ღვთისმოშიშ მეუღლეს დაემშვიდობა, მცირეწლოვანი ვაჟიშვილები გულში ჩაიკრა და ხმამაღლა შესძახა:
- მეც ქრისტიანი ვარ!
ამის თქმა იყო და მარდარიოსი დაუყოვნებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.
დილით მსჯავრდადებულები გასასამართლებლად გაიყვანეს. პირველად მარდარიოსს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმინდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს.
შემდეგ მარდარიოსის წამების ჯერიც დადგა, ფეხები დაუხვრიტეს, შიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით უწყეს ჩხვლეტა. დიდხანს აწა¬მებდნენ, ხოლო იგი მადლობდა უფალს:
- უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე. მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!..
და აღესრულა.
ევგენის კი უსჯულო მსაჯულებმა ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დააჭრეს, ბოლოს კი - თავი წარკვეთეს.
ლისიუსმა ევსტრატეს დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მხედარმა ორესტიმ მიიპყრო, რომელიც სახიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით სხვა მეომართაგან ძალზე განირჩეოდა.
როგორც კი იხილა, უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი მიზანში ეტყორცნა. ის იყო, ბრძანება უნდა შეესრულებინა, მკერდზე დაკიდებული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა:
- რა არის ეს? განა იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!
- მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ! - უპასუხა ორესტემ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს.
ორესტეს მაგალითით მისი რაზმის მრავალმა მეომარმაც აღიარა ქრისტე. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატე და ორესტე სებასტიაში, სომხეთის მმართველ აგრიკოლასთან გაეგზავნათ.
აგრიკოლა მართლმორწმუნეთა მიმართ სასტიკი იყო, მაგრამ ევსტრატეს ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია, ევსტრატეს გადარჩენა მოინდომა, რისთვისაც სთხოვა, სხვათა დასანახავად მაინც თაყვანი ეცათ კერპთათვის, სანაცვლოდ კი არა მხოლოდ სიცოცხლეს, პატივსა და საჩუქარსაც სთავაზობდა, თუმცა, წმინდანის ნება ვერაფრით მოდრიკა.
მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ორესტეს გახურებულ რკინის სარეცელზე დაწვენა ბრძანა. წმინდანი გაბედულად ავიდა და ილოცა:
- უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შეივედრე სული ჩემი! - და აღესრულა.
ღამით ევსტრატე სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა:
- ევსტრატე! კეთილი ღვაწლი განასრულე... აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!
დილით აგრიკოლამ წმინდანს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, ევსტრატემ ის ლოცვა აღმოთქვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს:
- დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან. და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოზნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი.
ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა.
ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმინდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმინდა მოწამეთა, - ევსტრატეს, ავქსენტის, ევგენის, მარდარიოსისა და ორესტეს სახელობის ტაძარი აიგო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი