მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, რაც შეწყდა ქრისტეს ეკლესიის სასტიკი დევნა ბოროტმოქმედ მეფეთა და დიდებულების მიერ.
ღვთის მონათა სისხლით განაპოხიერებულ ნიადაგზე დარგული ქრისტეს ეკლესია მთელ დედამიწაზე გავრცელდა. უფლის სახლში მშვიდობა და ერთიანი რწმენა გამეფდა, გაიფურჩქნა ღვთისმოსაობა, ხალხში კეთილი ჩვევები გამტკიცდა, მორწმუნეები ღვთის მცნებებს იცავდნენ და წარემატებოდნენ ყველანაირ სათნოებებში. ეშმაკს შეშურდა ამისი და მორწმუნეების ქრისტესგან განყენება დაიწყო. მაგრამ, ახლა უკვე ძველებურად ცხადად კი არ მოქმედებდა, არამედ დაფარულად, თავისთვის ჩვეული მზაკვრობით. ამ მიზნით ქრისტიანთა შორის ხატმებრძოლობა აღძრა. სატანის შთაგონებით ქრისტიანთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თითქოსდა საღმრთო მოშურნეობით წმინდა ხატების თაყვანისცემა უარყვეს. ეშმაკმა ეს ადამიანებს შთააგონა იმისთვის, რომ ქრისტეს ხატის უარისმყოფელთ, უარი ეთქვათ თვით ქრისტეზე, რადგანაც წმინდა ხატისადმი პატივისცემა აღიწევა პირველხატამდე. და აი ადამიანთა ცხონების მოძულე ეშმაკმა ხატთა თაყვანისცემის საწინააღმდეგოდ აღძრა იმპერატორი კონსტანტინე - არა მოციქულთასწორი, რომელმაც მთე¬ლი სოფელი განანათლა ქრისტეს რწმენით, არამედ იმავე სახელის, ოღონდ კოპრონიმოსად წოდებული. კოპრონიმო წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "კოპროსი", რაც ნეხვს, არაწმინდებას ნიშნავს. ამ უწმინდურმაც თავისი უღმერთო ერესით, ჯერ თავისი ნათლობის ემბაზი წაბილწა და შემდეგ ქრისტეს ეკლესია. ეს უგუნური მეფე ამბობდა, რომ ქრისტიანებს არ შვენით ხატთა თაყვანისცემა, რამეთუ ეს წარმართული კერპთაყვანისცემა არისო. უსჯულო მეფემ ბრძანება გასცა, რომ ყველა ეკლესიიდან წმინდა ხატები გადაეყარათ და არავის გაებედა მათი სახლში შენახვა. ამასთან დაიმუქრა, რომ საშინლად აწამებდა და სიკვდილი ელოდა ყველას, ვინც ბრძანებას არ დაემორჩილებოდა. კონსტანტინე კოპრონიმოსი 741-775 წლებში მეფობდა და მისი ზეობის წლებში ხატმებრძოლობამ საბერძნეთის ეკლესიაში უმაღლეს წერტილს მიაღწია. თვითონ იმპერატორი კონსტანტინე მოშურნე ხატმებრძოლი იყო. ამის, ლეონ ისავრიელის მაგალითი და მკაცრ ხატმებრძოლებს შორის აღზრდამ ის ხატთაყვანისცემის დაუძინებელ მტრად აქცია. მოშურნე ხატთაყვანისმცემლები იძულებული იყვნენ საზღვარგარეთ და უმეტესად რომში გაქცეულიყვნენ, ანდა უდაბურ ადგილებში დამალულიყვნენ. იმპერატორის ბრძანების ყველაზე მხნე, მამაცი მოწინააღმდეგეები მონაზვნები იყვნენ. მონაზვნების მოშურნეობამ დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელი ქრისტიანული საზოგადოების გონებაზე. მონაზვნებს საშინლად აწამებდნენ და დევნიდნენ. როგორც მოგვითხრობს იმდროინდელი ისტორიკოსი ნიკიფორე, მონაზვნებს იმავე ხატებზე ანთხევინებდნენ ტვინს, რომლის დასაცავად ისინი იბრძოდნენ. ერისკაცებიც არანაკლებ მხნედ და მამაცურად იცავდნენ მართლმადიდებლობას. ამბობენ, რომ ისეთი ძლიერი იყო კოპრონიმოსის მიერ დაწყებული დევნა, რომ თავისი სისასტიკით ის წარმართ დიოკლეტიანეს მოგაგონებდათ.
ბევრ ქრისტიანს შეეშინდა და გაერიდა მეფის სასჯელს: ქალაქები დაცარიელდა, ხალხი უდაბნოებში გაიქცა. დარჩენილთაგან ზოგიერთი დაემორჩილა მეფის ბრძანებას, სხვებს კი მტკიცედ ეპყრათ წმინდა მამათა გარდამოცემა, უშიშრად ეწინააღმდეგებოდნენ ხატმოძულეებს და ამის გამო ათასგვარ ტანჯვას მიეცნენ. მაშინდელი საპყრობილეები და ღრმა ხაროები სავსე იყო არა ავაზაკებით, არა ქურდებით, არამედ ეპისკოპოსებით, მღვდლებით, მონაზვნებით და სხვა ღვთისმოსავი ადამიანებით.
იმ დროს კრეტაზე ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ადამიანი, სახელად ანდრია. მან უარყო სოფელი და მოიძულა ყველა ამქვეყნიური სიხარული, ზეცისკენ მიმავალი ცხონების ვიწრო გზით მიდიოდა და თან მიჰყავდა მრავალი. მან შეიტყო, რომ კონსტანტინოპოლში ურჯულო იმპერატორმა თავისი ახალი ღვთისმგმობი ერესის გამო მრავალი წმინდა ადამიანი დაატყვევა, ის საღმრთო შურით აივსო და დედაქალაქში წავიდა. იქ ყოველგვარი შიშის გარეშე და დიდი კადნიერებით ყველასთვის დასანახად მოძღვრავდა ხალხს, რომ არ ცდუნებულიყვნენ მეფის ნათქვამითა და მისი ერეტიკული სწავლებებით. ხოლო ვინც უფრო განმტკიცებული იყო რწმენაში მათ ის ჭეშმარიტი აღმსარებლობისკენ უბიძგებდა და ტანჯვათა დათმენას შთააგონებდა.
როცა ანდრიამ დაინახა, რომ მეფის ბრძანებით ხატმებრძოლები ხატთა თაყვანისცემის გამო ზოგს წკეპლავდნენ, სხვებს ცეცხლში სწვავდნენ, ზოგიერთებს თვალებს თხრიდნენ, ენას აგლეჯდნენ, ანდა ხელ-ფეხს აჭრიდნენ, მაშინ მან ამის დათმენა ვეღარ შეძლო. წმინდა ანდრია წავიდა წმინდა მოწამე მამანტის სახელობის ტაძარში, სადაც იმ დროს იმპერატორი იმყოფებოდა თავის მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად. წმინდა ანდრია გაძვრა იქ შეკრებილ ხალხში, თამამად წარდგა მეფის წინაშე და ხმამაღლა შესძახა:
- მეფეო, თავს ქრისტიანად და ქრისტეს მსახურად თვლი, მაშ, რატომ გათელავ ქრისტეს ხატებს და უამრავ სატანჯველს შეამთხვევ მის მონებს?
ანდრიას კიდევ ბევრი რამის თქმა სურდა, მაგრამ მეფემ მისი შეპყრობა ბრძანა. მეფის მსახურებმა წმინდა ანდრია შეიპყრეს, მიწაზე განართხეს, ფეხებით შედგნენ და ცემა დაუწყეს. მეფემ მოსაჩვენებლად, ვითომ შეებრალა, ბრძანა მისი ცემა შეეწყვიტათ და ეკლესიიდან გამოვიდა. წმინდა ანდრია იხმო და უთხრა:
- საიდან გაგიჩნდა ასეთი სითამამე, რომ მოხვედი და პირში მლანძღავ? ან გაგიჟდი, ანდა რაღაც ჩაიფიქრე? ან იქნებ ასე იმიტომ მოიქეცი, რომ მე გამეცანი?
ანდრიამ უპასუხა:
- მე არც გავგიჟებულვარ და არც შენგან მოველი ამაო დიდებას, რამეთუ რასაც შენ ფლობ ამ სოფელში, მე ის ზმანებად მიმაჩნია, რომელიც კვამლივით მალე გაიფანტება. მაგრამ შევიტყვე შენს ბოროტ მოძღვრებაზე, რომ შეურაცხყოფ წმინდა ხატებს და სდევნი ქრისტეს ეკლესიას. და რადგანაც "შურმა სახლისა შენისა შემჭამა მე" (ფს.68.10), შორიდან ჩამოვედი, რათა ან დაგარწმუნო, ანდა მოვკვდე ჩემი ქრისტესთვის. თუ უფალი ჩემი ჩემთვის მოკვდა, მე მის ხატად ქმნილი, განა არ უნდა მოვკვდე მისი წმინდა ხატისთვის?
ამაზე მეფემ წმინდა ანდრიას უთხრა:
- რა სისულელეა და უგუნურობა უხრწნელი ღმერთის პატივი მიაგო ხეს, საღებავებს, ქვას და არ გაითვალისწინო, რომ ღმერთმა მოსეს ამგვარი რამის გაკეთება აუკრძალა? ამ ცხად ჭეშმარიტებას ასე როგორ ეწინააღმდეგებით, რომ მზადა ხართ მოკვდეთ კიდეც ამისთვის? დამიჯერე, რომ მე შენ გაწამებ არა ჭეშმარიტებისთვის, არა ქრისტესთვის, არამედ ამ ურცხვი თავხედობისა და წინააღმდეგობისთვის.
წმინდა ანდრიამ ვეღარ დაითმინა ღვთის ამგვარი გმობა და უთხრა:
- უწმინდურო! განა ქრისტესთვის არ ეწამებიან, მისი წმინდა ხატებისთვის ვნებულნი? განა ის შეურაცხყოფა, როგორც თქვენ ეპყრობით წმინდა ხატებს, არ გადადის მათზე, ვინც ამ ხატებზეა გამოსახული? მაშ, რატომ სჯით სიკვდილით მათ, ვინც თქვენს გამოსახულებებს და ძეგლებს შეურაცხყოფენ? თქვენ ვითარცა მტვერი ხვალ განქარდებით, მაგრამ მაინც გსურთ პატივი სცენ თქვენს გამოსახულებას; რამდენად უფრო დიდი ცოდვაა ქრისტეს ხატის შეურაცხყოფა, რამეთუ ეს შეურაცხყოფაა მასზე გამოსახული ქრისტესი.
შემდეგ წმინდა ანდრიას ბიბლიის ამ სიუჟეტის ახსნა სურდა, მაგრამ მეფემ არ დააცალა და უყვირა:
- თუ მეფე განრისხდება თავისი გამოსახულების შეურაცხყოფის გამო, განა ის უფრო არ გაბრაზდება, როცა პირში ლანძღავენ?
მეფემ ბრძანა, წმინდა ანდრია გაეშიშვლებინათ და უმოწყალოდ ეცემათ. მაგრამ, წმინდა ანდრიამ ყველაფერი მხნედ დაითმინა; მაშინ მეფემ ალერსით სცადა მისი დაყოლიება. წმინდა ანდრიამ თვალნი ზეცად აღაპყრო, და თქვა:
- ღმერთმა დამიფაროს, რომ უარვყო ქრისტე და მისი წმინდა ხატი, შენ კი მეფევ, სჯობს სამხედრო საქმეს მიხედო და ხალხი მართო, ვიდრე ქრისტე განარისხო და მისი ხალხი დევნო.
მაშინ მეფის ბრძანებით ისე სასტიკად სცემეს წმინდა ანდრიას, რომ მიწა მისი წმინდა სისხლით მოირწყა.
ზოგიერთი იქ მყოფი, მეფისთვის თავის მოსაწონებლად ეცა წმინდა ანდრიას, სახე და ნეკნები შეუმუსრა. მრავალი ტანჯვის შემდეგ იგი საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეშიც განამტკიცებდა წმინდა ანდრია თანამესაკნეებს და მასთან მისულ ქრისტიანებს. ჯერ წყლულები არ მოშუშებოდა, რომ იგი მეფის ბრძანებით კვლავ აწამეს, სხეული მთლად დაუმსხვრიეს. შემდეგ ფეხები შეუკრეს და ქალაქში გაათრიეს, რომ გალავანს გარეთ ჩაექოლათ, როგორც ერთი ავაზაკთაგანი. ბაზართან ერთმა გადარეულმა ერეტიკოსმა თევზის ვაჭარმა, როცა მისი წამების მიზეზი შეიტყო, დანა იშიშვლა და წმინდანს ფეხები მოჰკვეთა. წმინდა ანდრიამ იმწუთასვე დატოვა ეს სოფელი და სული თვისი ჩააბარა უფალს.
წმინდა ანდრიას სხეული ხრამში გადააგდეს, სადაც ავაზაკების სხეულებს ტოვებდნენ ხოლმე და მას "კრისისს" ანუ "სამსჯავროს" ეძახდნენ, ავაზაკებთან ერთად, და იქ 12 კვირაზე მეტხანს იყო. შემდეგ კი, ღვთის ბრძანებით, სხვადასხვა მხარიდან მოსულმა სნეულმა ქრისტიანებმა ამოასვენეს წმინდა ანდრიას სხეული და წმინდა ადგილას დაასვენეს, რისთვისაც უფალმა ისინი განკურნა. მრავალი სნეული განკურნა წმინდა ანდრიამ და დღესაც შეეწევა ღვთის მორწმუნეებს, წმინდა ხატების თაყვანისმცემლებს.
იმ ადგილას წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარი იდგა, რომელიც შემდგომში ხოჯა მუსტაფა-ფაშას ჯამედ გადაკეთდა.
წმინდა ანდრია 767 წელს აღესრულა. ხოლო ასი წლის შემდეგ წმინდა იოსებ მგალობელმა შექმნა მისი კანონი.
.....................
აქვე წაიკითხეთ:
ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767) -17 (30) ოქტომბერი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი