მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა ვაღარშაფატში,
სომხეთის ერთ-ერთი პროვინციის, არარატის - მთავარ ქალაქში. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. მისი ოჯახის წევრები ქრისტიანები არ იყვნენ, მაგრამ სათნოებითა და პატიოსნებით გამოირჩეოდნენ. მამამისი, ანაკი, ერთ-ერთი გავლენიანი მიწათმფლობელი იყო სპარსეთში. მას კავშირი ჰქონდა როგორც სპარსეთის მეფე არტაბანთან, აგრეთვე მის ძმასთან - სომხეთის მეფე კურსართან. ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კურსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, "რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუჲს-მწოვარნი იყვნეს". ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი, ნათესავმა კესარიის კაპადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმინდანი შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი - ორთანე მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.
კურსარის სიკვდილის შემდეგ, მისი მემკვიდრე, პატარა უფლისწული თრდატიც (ტირიდატი) რომის იმპერიაში გაუხიზნავთ. სომხეთში სპარსელების გავლენა გაძლიერდა. თრდატს რომის იმპერიაში შეუსწავლია სამხედრო საქმე და რამდენიმე ენა. "ქართლის ცხოვრებაში" თრდატი (ტირიდატი) ცნობილია, როგორც "ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ... აღზრდილ იყო საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი".
ამ დროს რომის იმპერატორი გახლდათ დიოკლეტიანე. ის სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. სპარსეთში უფრო უკეთესად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. დიოკლეტიანემ თანაიმპერატორად გამოაცხადა მაქსიმიანე. ორივეს ავგუსტუსის ტიტული ჰქონდა. შემდეგ დიოკლეტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი დასვა, მაქსიმიანემ კი - კონსტანციუს ქლორუსი. ამას ერქვა "ტეტრარქია" - ოთხთა მმართველობა.
რომში ცხოვრების დროს, მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა.
რომის იმპერიას არაერთი ველური ტომი ებრძოდა. გერმანული ტომის, გუთების შემოსევისას დიდი ბრძოლა გამართულა. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ხელდახელ შერკინება მოსთხოვა. კეისარმა საკუთარი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა გოლიათ უფლისწულ თრდატს ჩააცვა და თავის მაგიერ შეარკინა გუთთა მეფეს. უფლისწულმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო.
რომაელებმა დაუფასეს თრდატს ეს გამარჯვება. 287 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ სომხეთის მეფედ ცნო თრდატ III, თან ჯარი მისცა და სომხეთში გაგზავნა. ტირიდატმა გრიგოლი თავისთან მიიწვია. ქრისტიანული თემე¬ბის არსებობის მიუხედავად, რომელთა დაარსებაც, წმინდა მოციქულებს - ბართლომესა და თადეოზს უკავშირდებათ, თითქმის მთელი სომხეთი, სამეფო კარისა და ხელისუფლების ჩათვლით, წარმართული იყო. სწორედ ამ დროს, საღვთო სურვილით აღვსილი გრიგოლი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს წარმართებს შორის. კერპთაყვანისმცემელთათვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი გახლდათ, რომელსაც თვით მეფე თრდატი საზეიმოდ აღასრულებდა არტემიდეს ტაძრის წინ. მსხვერ-პლშეწირვაში მონაწილეობა სამეფო კარის ყველა მსახურს ევალებოდა, წმინდა გრიგოლმა უარი განაცხადა, ვინაიდან ეს მისთვის მიუღებელი იყო და ეს უარი ამგვარად ახსნა: - მე რწმენით ვემსახურები და ერთგული ვარ ამქვეყნიური მეფისა, ასევე მსურს, სარწმუნო და ერთგული ვიყო ზეციური მეუფისაო.
დიოკლეტიანეს ერთგულმა მეფე თრდატმა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გრიგოლის სასტიკად დასჯა და სამარცხვინოდ ქუჩებში ჩამოტარება ბრძანა, რათა ამით ესიამოვნებინა ამქვეყნიური მეუფისთვის (დიოკლეტიანესთვის). ამით მეტად წარმოაჩინა და მზესავით გაანათა ღვთის მადლის დამტევი გულები შემოქმედმა, რათა ეხილათ, თუ როგორ ეწამებოდა გრიგოლი ქრისტესათვის წარმავალის წინ წარუვალის მისაღებად, ხოლო თრდატი იღვწოდა სწორედ ამ წარუვალის - შემოქმედი ღმერთის მგმობელი დიოკლეტიანეს გულის მოსაგებად. გრიგოლს ყელზე ლოდი გამოაბეს, თავდაყირა დაკიდეს, ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა, დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს...
გრიგოლი რამდენჯერმე ჩამოატარეს სამარცხვინოდ, თითით საჩვენებლად ქალაქის მცხოვრებთათვის. ის ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა ამ და სხვა სატანჯველებს. წმინდანის კადნიერებით უფრო გამძვინვარებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა აქ წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმაყო და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და "სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა". გრიგოლს გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმიდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულმა თრდატმა გადაწყვიტა წმინდა გრიგოლის შეწყალება, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა შესძახა: "არა ღირს-არს ეგე ცხორებასა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვასა", რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძე არისო. მეფე ამ სიტყვებმა შურისძიების წყურვილით აღავსო და ბრძანა, ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმინდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა.
ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმინდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.
"მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თანახმად, რიფსიმე იყო რომაელი დიდებული ქალი, "მეფეთა ევადაგი", ანუ ნათესავი. თოთხმეტი წლის იყო წმინდა ნინო, როდესაც იერუსალიმში ჩავიდა რომის სამეფო კარის მსახური ეფესელი ქალი. ამ ქალის თქმით, რომაელებს დიდი ლტოლვა ჰქონდათ ქრისტეს რჯულისა და ნათლისღების მიმართ. ამის გამო გადაწყვიტა ნინომ, წასულიყო ელენე დედოფალთან ქრისტეს რჯულის საქადაგებლად. იუბენალ პატრიარქის კურთხევით, ნინო იმ ქალთან ერთად წავიდა. ქალის სახლში ნახა ვიღაც დიდებული, მეფეთა ნათესავი რიფსიმე და მისი დედამძუძუ გაიანე, მათ სურდათ იერუსალიმში ნათლისღება ქრისტეს აღსარებისათვის.
წმინდა ნინო რიფსიმესთან გადავიდა საცხოვრებლად. იმ წელიწადსვე მოინათლნენ რიფსიმე, გაიანე და მათი სახლეული ორმოცდაათი სული, უმრავლესმა მათგან წმინდა ნინოს ხელქვეშ მიიღო ნათლისღება და წავიდნენ თავიანთ მონასტერში. მათთან იყო წმინდა ნინო ორი წელი.
იმ დღეებში კეისარმა თავისთვის ლამაზი საცოლის მოსაძებნად გაგზავნა მძებნელნი. მათ ქალწულთა მონასტერში იხილეს რიფსიმე. გამოჰკითხეს გვაროვნება, რადგანაც არავინ იყო სახით მისი მსგავსი. დახატეს ფიცარზე და გაუგზავნეს. მოეწონა კეისარს, აღივსო სიხარულით და ბრძანა ქორწილი. წარავლინა მოციქულები მთელ სამეფოში, რათა ყველანი ძღვენითა და დიდი სიხარულით ხლებოდნენ ქორწილში.
როცა ნეტარმა რიფსიმემ, გაიანემ და სხვა წმინდა და ყოვლადქებულმა ქალებმა იხილეს მათზე მოწეული განსაცდელი, გაიხსენეს უბიწოების აღსარება და ქების ღირსი მარტოობით ცხოვრება, იწყეს ტირილი, ევედრებოდნენ ღმერთს მოწყალებას და ერთობით, ურთიერთგანზრახვით, ფარულად დატოვეს ქვეყანა, ორმოცდაცამეტმა სულმა.
მივიდნენ ლტოლვილები დვინში, სომეხ მეფეთა საყოფელში, შევიდნენ მარანში, თავს ირჩენდნენ შრომა-გარჯით.
დამწუხრებულმა კეისარმა ყველგან გაგზავნა კაცები მათ მოსაძებნად. თრდატ სომეხთა მეფესთანაც მივიდნენ მაძებარნი, მიართვეს კეისრის წიგნი, რომელშიც ეწერა: "თვითმპყრობელი კეისარი სიყვარულით მოგიკითხავ ჩემს ძმასა და თანამოსაყდრე თრდატს. გაუწყებ, რომ მრავალი ვნება გვაქვს ქრისტიანთაგან, სრულიად შეურაცხყოფილია ჩვენი სამეფო უფლება მათი კრებულის მიერ და დაწუნებულია ჩვენი ხელმწიფება მათგან, რამეთუ ისინი ვინმე ჯვარცმულ მკვდარს ემსახურებიან და ძელს თაყვანსცემენ, კაცთა ძვლებს პატივსცემენ, თავიანთი სიკვდილი უფლის დიდებად მიაჩნიათ. არ ეშინიათ ურიების, ურიებს კი ჯვარცმულის ეშინიათ. მეფეებს აგინებენ, ღმერთებს შეურაცხყოფენ, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ნათლის ძალა არაფრად მიაჩნიათ, არამედ შექმნილად იტყვიან იმ ჯვარცმულის მიერ და ისე მოაქციეს ქვეყანა, რომ ცოლები ქმრებს და ქმრები ცოლებს შორდებიან. თუმცა მრავალი სატანჯველით ამოვწყვიტე, მაგრამ უფრო გამრავლდნენ. შემთხვევა მქონდა, მენახა მათგან ერთი ახალგაზრდა ქალი და განვიზრახე მისი ცოლად მოყვანა, ხოლო მას მეფის გული სასურველად კი არ მიაჩნდა, არამედ საძაგლად. არაწმინდად შემრაცხეს, ფარულად გაიქცნენ და შენი ქვეყნის საზღვრებში შემოვიდნენ. იცოდე, ძმაო ჩემო, გამოიძიე ისინი, როცა იპოვნი, მოჰკალ, ხოლო მათგან შეცდენილ პირმშვენიერ რიფსიმეს როცა იპოვნი, წარმოავლინე. თუ შენ ინებებ, შენთვის იგულე, რამეთუ არავინაა მისი მსგავსი საბერძნეთში. იცოცხლე ღმერთების მსახურებით".
როცა თრდატმა კეისრის ბრძანება წაიკითხა, მსწრაფლ იწყო მათი ძებნა და იპოვა კიდეც მარანში.
რიფსიმეს ხილვისას გულისთქმით აღივსო, დიდად გაიხარა და განიზრახა მისი ცოლად მოყვანა, რაც არ ისურვა რიფსიმემ. მაშინ აწამა ის და დედამძუძე გაიანე და სხვა მრავალნი მათგან, ზოგიერთი დაიმალა და ილტვოდა.
ამ ამბის მერე თრდატს დამართნია სპეციფიკური, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა. ამ სენს მაშინ ღორის დაავადებას უწოდებდნენ. ქრისტიანებში გავარდა ხმა - სომეხთა მეფე ღმერთმა ღორად აქციაო. თრდატის დას, კუსაროდუხტს, ძალიან აწუხებდა ძმის ავადმყოფობა. სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ "ძუელ ოდესმე" არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაეხსნებოდათ განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანი, ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმინდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: "ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ".
სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, "რამეთუ მუნ იყო მეფე მათი თრდატ". სომეხთა მომავალმა განმანათლებელმა სომეხთა მეფეს აუხსნა ქრისტიანობის არსი, გააგებინა თავისი დანაშაულის სიმძიმე და მონანიების აუცილებლობაში დაარწმუნა. გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმინდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნენ მისი სხვა კარისკაცებიც. 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაპადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმინდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. დაახლოებით 305 წელს სომხეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (თრდატი, მანამდე, 305 წლამდე, დიოკლეტიანეს გადადგომამდე, ქრისტიანთა მდევნელი და წმინდა გიორგის მწამებელი დიოკლეტიანეს პერიოდში, ვერ შეძლებდა ვერაგი იმპერატორის წინააღმდეგ წასვლას და ქრისტიანობის აღიარებას). კესარიის არქიეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსად ხელდასხმული გრიგოლი დაუბრკოლებლად ქადაგებდა სახარებას სომხეთში, აგრეთვე მთელ კავკასიაში და კასპიის ზღვისპირეთში მცხოვრებ ველურ ტომებთან. ოცდაცამეტი წელი მართავდა ეკლესიას. მის დროს საბერძნეთიდან მოხმობილ ღვთისმსახურ მამათა და სწავლულთა თანადგომით შეიქმნა მრავალი სასწავლებელი, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ წმინდა წერილს; აშენდა ბევრი მონასტერიც. წმინდა გრიგოლმა სომხეთის მაშინდელ დედაქალაქ ვაღარშაპატში დააარსა ეჩმიაძინის მონასტერი; იქვე დადგინდა სომეხ პატრიარქთა კათედრა. ეჩმიაძინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებულ ტაძარს ერქვა, რაც ნიშნავდა "გარდამოხდა მხოლოდშობილი". სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი "მცირედთა თანა მოწაფეთა თჳსთა" უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. პურს ორმოც დღეში ერთხელღა იხმევდა. თრდატმა მოაძებნინა გრიგოლის ძე, მეუდაბნოე აროსტაკე, სომხეთში ჩააყვანინა იგი და გრიგოლს ევედრა, მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი. ამ უკანასკნელმაც "რაჟამს იხილა ყოველივე სათნოებაჲ დანერგული სულსა შინა ძისა თჳსისასა, მეყსეულად დაასხნა წმინდანს ჴელნი თჳსნი და აკურთხა იგი ეპისკოპოსად". მღვდელმთავარი აროსტაკე 325 წელს მონაწილეობდა ნიკეის I მსოფლიო კრებაში, რომელმაც დაგმო არიოზის ერესი. წმინდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმინდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა გრიგოლთან დაკავშირებით უწოდებენ სომხებს გრიგორიანელებს, ხოლო ეკლესიას - გრიგორიანულს. მაშინ მონოფიზიტობა ჯერ არ არსებობდა და არც სომხები იყვნენ ერთიან ორთოდოქსულ ეკლესიას გამოყოფილნი. ამიტომ, გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც იყო პირველადი, ორთოდოქსული, ძველი ქრისტიანობის მიმდევარი, განუყოფელი ეკლესიის, მართლმადიდებლების წმინდანადაც ითვლება, როგორც სომხეთის განმანათლებელი და მოციქულთასწორი (მასთან ერთად ჩვენი წმინდანები არიან - რიფსიმე, გაიანე და მათი მეგობარი დედები).
მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსის, სომეხთა განმანათლებლის
კონდაკი:
დიდებულსა მღდელმთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ აწ მწყემსსა და მოძღუარსა გრიგოლის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების.
...............................
აქვე წაიკითხეთ:
"სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი