მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი (+258) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი (+258) - 31 აგვისტო (13 სექტემბერი)
საქართველოს იმედის ხატს სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ამშვენებს მესამე საუკუნის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული ეპისკოპოსი წმინდა კვიპრიანე კართაგენელი.

იგი დეციუსის დროინდელი დევნის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოიქცა და მალევე გაითქვა სახელი მთელ საქრისტიანოში სათნო ცხოვრებითა და უდიდესი სიბრძნით.

ცეცილიუს კვიპრიანე, აგრეთვე თასციუსად წოდებული (თჰასციუს), დაიბადა აფრიკაში, ალბათ კართაგენში, 200- 210 წწ. მდიდარ და უაღრესად კულტურულ ოჯახში. წარმართად აღზრდილი კვიპრიანე სიჭაბუკეშივე გახდა ფილოსოფიისა და მჭევრმეტყველების მასწავლებელი კართაგენში. რაკი ძალიან მდიდარი იყო, დროს ფუფუნებასა და მხიარულებაში ატარებდა, მოსწონდა წრეგადასული ნადიმები, იცვამდა მდიდრულად, ქალაქგარეთ მდებარე თავის შესანიშნავ მამულში თავს უყრიდა უამრავ მეგო¬ბარსა და მოწაფეს, რომელთაც უყვარდათ იგი და პატივს სცემდნენ.

კვიპრიანეს ქრისტიანად ნათელღება

კვიპრიანეს არ აკმაყოფილებდა წარმართული ცრურწმენა, მის სულს ჭეშმარიტების შეცნობა სწყუროდა; ერთხელაც, ღვთის წყალობით, შეხვდა ქრისტიან მღვდელს, ცეცილიუსს, რომელმაც დაარწმუნა, რომ მხოლოდ ქრისტიანული სწავლება არის ჭეშმარიტებისა და გადარჩენისკენ მიმავალი გზა. კვიპრიანემ ირწმუნა, ნათელ-იღო და იმ დროიდან იგი - სულიწმიდით აღორძინებული - ახალ ადამიანად იქცა. შემდგომში მან თავად აღუწერა ეპისკოპოს დონატოსს საკუთარი საოცარი სულიერი გარდაქმნა. კვიპრიანესთვის გაცამტვერდა მიწიერი სიკეთეებისა და სიამოვნებებისაკენ სწრაფვა. მან დაიწყო ცხოვრება მხოლოდ ღვთისა და მისი მცნებების აღსრულებისთვის - გაყიდა თავისი ქონების დიდი ნაწილი და თანხა ღარიბებს დაურიგა. ცოლი ცდილობდა, რამდენადმე მოეთოკა მისი ხელგაშლილობა, მაგრამ ზეციური სიკეთეების მიღების იმედით აღსავსეს მიწიერი სიმ¬დიდრე მხოლოდ მოყვასისადმი შემწეობის საშუალებად მიაჩნდა. სიხარულით, სიმშვიდითა და ღვთისადმი სიყვარულით გულსავსე კვიპრიანე მადლიერებისა და თავმდაბლობის გრძნობით აცნობიერებდა, რომ მხოლოდ სულიწმიდას ხელეწიფებოდა, მასში ეს საოცარი ცვლილება გამოეწვია:

"მივხვდი, რომ ხორციელი შობა და ცოდვის მონობა მიწიერია და მიწადვე მიიქცევა. მაგრამ სულიწმიდით განცხოველებული ახალი ცხოვრება ღმერთისგან არის... მისგან გვაქვს სიცოცხლე და სიმტკიცე... ამქვეყნად მცხოვრებთ მის მიერ გვეძლევა წინათგრძნობა სამომავლო ნეტარებისა".

კვიპრიანე სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი დარჩა მღვდლისა, ვისი წყალობითაც შეიცნო ჭეშმარიტება, მას მამად მიიჩნევდა და პატივისცემის ნიშნად მისი სახელი დაირქვა - ფასციუს ცეცილიუს კვიპრიანე.

კვიპრიანეს ეპისკოპოსად ხელდასხმა

მოქცევიდან ცოტა ხნის შემდეგ კვიპრიანე პრესვიტერად აკურთხეს. ერთი წლის თავზე გარდაიცვალა კართაგენის ეპისკოპოსი დონატოსი; მაშინ ქრისტიანებმა მოისურვეს, რომ მისი ადგილი კვიპრიანეს დაეკავებინა. ამ არჩევანს ხუთი პრესვიტერი ეწინააღმდეგებოდა, თავადაც დიდხანს უარზე იყო, რადგანაც თავს ეპისკოპოსობისთვის უღირსად თვლიდა. მაგრამ ქრისტიანები თავისას არ იშლიდნენ, მისი სახლი ალყაშიც კი მოაქციეს და ყვირილი მორთეს: "კვიპრიანე ან არავინ!". ბოლოს კვიპრიანე დათანხმდა.

ეს მოხდა იმპერატორ ფილიპეს მმართველობის უკანასკნელ წელიწადს - მაშინ ქრისტიანები ჯერ კიდევ მშვიდად ცხოვრობდნენ. კვიპრიანე თავგამოდებით შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას: მოძღვრავდა სამწყსოს, ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს...

დევნა

არაფერი ისე არ აცოფებდა წარმართებს, როგორც დიდგვაროვანი, გონებითა და განსწავლულობით გამორჩეული ადამიანების გაქრისტიანება, რასაც ხალხი ამ სარწმუნოების ჭეშმარიტების დადასტურებად აღიქვამდა. ამიტომაც ასეთ პიროვნებებს წარმართები ორმაგი გააფთრებით მტრობდნენ და სდევნიდნენ. ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეციუსი (249-251), დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. როგორც კი კართაგენში დეციუსის ბრძანება გამოჩნდა, მთელმა წარმართულმა მოსახლეობამ ხმამაღლა მოითხოვა კვიპრიანეს დასჯა. მოედნებსა და ცირკებში არ წყდებოდა შეძახილები: "კვიპრიანე ლომებს! კვიპრიანე ლომებს!"

ქრისტიანები შეშფოთდნენ და ჩააცივდნენ კვიპრიანეს, დროებით გასცლოდა იქაურობას; მათი აზრით, დევნა მიმართული იყო კართაგენის ეპისკოპოსის წინააღმდეგ და მისი წასვლისთანავე ჩაცხრებოდა. გარდა ამისა, კვიპრიანეს საღვთო გამოცხადებითაც ეუწყა ბრძანება - დაეტოვებინა კართაგენი. იგი დათანხმდა ქალაქიდან გასვლას, მანამდე კი ერთ პრესვიტერს დაავალა, მისი მამულის საფასური უპოვართათვის დაერიგებინა.

მაგრამ დევნა არ განელებულა, პირიქით, დღითი დღე მძაფრდებოდა. კართაგენშიც ბევრი ქრისტიანი განუდგა სარწმუნოებას მიწიერ სიკეთეთა სიყვარულისთვის და სიკვდილის შიშით და წარმართული რიტუალის შესასრულებლად კერპების სამსხვერპლოს მიმართა. ზოგიერთებმა იყიდეს რიტუალის შესრულების დამადასტურებელი ყალბი მოწმობა. ქრისტეს ერთგულნი საპყრობილეებში ჩაყარეს, აწამეს, ნაწილი მაღაროებში მუშებად გაგზავნეს, ბევრი ცეცხლისა და მახვილის მსხვერპლი გახდა...

კვიპრიანე თავისი თავშესაფრიდან ადევნებდა თვალს ეკლესიის საქმეებს, არ წყვეტდა მასთან მიმოწერას. ჩვენამდე მოაღწია ბევრმა წერილმა, რომლებიც სავსეა უდიდესი ქრისტიანული სიბრძნით და მაშინდელი ეკლესიის მდგომარეობის ცოცხალი სურათებით. კვიპრიანე სწერდა ქრისტიან ტუსაღებს, აქებდა მათ გაუტეხელ რწმენას; ეკლესიის მსახურებს ავალებდა, გულმოდგინედ მიეხედათ ყველა გაჭირვებულისათვის და უზრუნველეყოთ ისინი აუცილებლით, რათა სიღატაკის გამო არ განდგომოდნენ სარწმუნოებას; სასულიერო პირებს სთხოვდა, ჩასწვდომოდნენ ქრისტიანთა სულიერ მდგომარეობას, გაემხნევებინათ უძლურები და უნებისყოფონი, ეცადათ, აღედგინათ დაცემულები. საერთოდ, ყველა ქრისტიანს ურჩევდა გამუდმებულ ლოცვას, როგორც ძალისა და სიმტკიცის დაუშრეტელ წყაროს.

კვიპრიანეს მარტო კართაგენის ეკლესიასთან არ ჰქონდა მიმოწერა. დევნაგამოვლილი ყველა ქრისტიანი მძაფრად შეიგრძნობდა ურთიერთსიახლოვის აუცილებლობას, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები ხშირად ატყობინებდნენ ერთმანეთს ყოველივე მომხდარს, აძლევდნენ და იღებდნენ რჩევებსა და დარიგებებს. ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით ერთობის ამ ცხოველმყოფელ გრძნობაში ეკლესიის წევრები უდიდეს ნუგეშს პოულობდნენ.

რომის ეკლესიამ მძიმე განსაცდელი გამოიარა დევნის დროს. მისი ეპისკოპოსი, ფაბიოსი, მოწამებრივად აღესრულა და თექვსმეტი თვის განმავლობაში მისი მემკვიდრის არჩევა შეუძლებელი იყო. მაგრამ ეკლესიის მსახურებმა და რიგითმა ქრისტიანებმა ნამდვილად გასაოცარი თავგანწირვა გამოიჩინეს - მოძმეთა გადასარჩენად ისინი უშიშრად წირავდნენ სიცოცხლეს.

რომის ეკლესია კართაგენისას სწერდა: "ჩვენი ეკლესია მტკიცედ იცავს სარწმუნოებას. მართალია, დაეცა რამდენიმე ქრისტიანი, რომელთაც სიკვდილის შიშმა ან საკუთარი უპირატესობების სიყვარულმა სძლია; მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩამოგვშორდნენ, მაინც არ გვსურს დაღუპულებად ჩავთვალოთ; ვარწმუნებთ, რომ შეინანონ. თან შევახსენებთ გულმოწყალებას ღვთისას, ვისაც შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ჩვენ არ მივატოვებთ მათ, რათა სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ... თქვენც ასევე იმოქმედეთ, ძმებო. დაარწმუნეთ დაცემულნი - აღიარონ ქრისტე, როცა მათ მეორე დაკითხვაზე გამოიძახებენ; მიიღეთ ერთობაში ყველა, ვინც ჭეშმარიტად შეინანებს. აგრეთვე, ჯეროვანია, ცალკე დანიშნოთ ადამიანები ქვრივ-ობლების, ტუსაღებისა და განდევნილების მზრუნველებად. ყურადღება მიაქციეთ, აგრეთვე, კათაკმევლებს, რათა თავიდან აარიდოთ განდგომის ცოდვა. მიცვალებულთა დამკრძალავებმა გულმოდგინედ უნდა შეასრულონ ეს წმინდა მოვალეობა მოწამეთა მიმართ. ჩვენ სიყვარულით ვლოცულობთ მათთვის, ვინც უხმობს უფალს; გევედრებით, არც ჩვენ დაგავიწყდეთ თქვენს ლოცვებში!"

კვიპრიანეს დაწვრილებით ატყობინებდნენ ყოველივეს, რაც კართაგენში ხდებოდა. დევნის დასაწყისში ქრისტიანები, რომლებმაც არ აღასრულეს წარმართული რიტუალი, პროკონსულის ჩასვლამდე საპყრობილეში ჩაყარეს, შემდეგ კი დაიწყეს მათი მხეცური წამება; ისინი დიდ ჯგუფებად მიჰყავდათ დასასჯელად და წვავდნენ კოცონზე, ქოლავდნენ ქვებით...
ზოგს, მძიმედ ნაწამებს, ისევ სატუსაღოში აბრუნებდნენ, ან მაღაროებში სამუშაოდ გზავნიდნენ. ერთი აღმსარებელი, სახელად ნუმიდიკე, მოულოდნელად გადარჩა, მაგრამ ახალი დაკითხვისას მაინც უშიშრად აღიარა სარწმუნოება და სიმტკიცისაკენ მოუწოდა სხვა ქრისტიანებსაც. მას, სასიკვდილოდ განწირულს, ჯერ აყურებინეს მეგობრების დასჯა და ცოლის კოცონზე დაწვა, შემდეგ აწამეს, ასო-ასო დაგლიჯეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს მიცვალებულებთან. ღამით მისი ასული მოვიდა, რათა მოეძებნა მშობლების ცხედრები და დაესაფლავებინა; როდესაც მამა იპოვა, შეატყო სიცოცხლის სუსტი ნიშანწყალი, წაიყვანა თან და სიყვარულით უვლიდა. ნუმიდიკე გამოკეთდა და შემდგომ პრესვიტერი გახდა.

კართაგენის ეკლესიაში დიდმა არეულობამ იჩინა თავი. კვიპრიანეს შიში ახდა: ზოგიერთმა აღმსარებელმა, გაამაყდა რა თავისი ღვაწლის გამო, საეკლესიო ღვთისმსახურების წესების დარღვევასა და არცთუ მოსაწონ ცხოვრებას მიყო ხელი. აღმსარებლებს ქრისტიანები პატივს მიაგებდნენ. მათ შუამდგომლობას დიდ ანგარიშს უწევდნენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე განდგომილთაგანი მოისურვებდა, ისევ მიეღოთ მორწმუნეთა ერთობაში.

აქედან დაიწყო და თანდათანობით დამკვიდრდა ეკლესიისთვის მიუღებელი ჩვეულება, რაც შემდგომში მდგომარეობდა: ეკლესიაში ოდითგანვე არსებული წესის თანახმად, მძიმედ შემცოდებლებს დროებით განაყენებდნენ მორწმუნეებთან ურთიერთობისგან და მხოლოდ შენანების შემდგომ აბრუნებდნენ. განყენების ვადის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო დანაშაულის სიმძიმესა და დაცემულის სინანულის სიღრმეზე - ამას კი ეპისკოპოსი წყვეტდა.

ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად ქრისტესგან განდგომა ითვლებოდა - განდგომილი ხომ თავად ამბობდა უარს ეკლესიასთან ურთიერთობაზე. დევნის დროს ასეთი რამ ყველგან ხდებოდა, თუმცა განდგომილები თავიანთ სულმოკლეობას ხშირად გულწრფელად ნანობდნენ და მოწამებრივ სიკვდილზეც კი მიდიოდნენ. ასეთ შემთხვევაში როგორ იქცეოდა ეკლესია? აღმსარებლები, რომლებიც ერთგულნი დარჩნენ, დაცემულებს დახმარების ხელს უწვდიდნენ, ამხნევებდნენ თავიანთი სიყვარულითა და თანადგომით. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ იქცეოდნენ ლიონის მოწამენი და როგორ დაადასტურეს განდგომილებმა თავიანთი სინანული მოწამებრივი სიკვდილით. მაგრამ მოხდა ისე, რომ ზოგიერთმა კართაგენელმა აღმსარებელმა თავისი სახელით დაიწყო შენდობის სიგელების გაცემა მონანულთათვის, თანაც თავს არ იწუხებდა გაეგო, გულწრფელად განიცდიდნენ თუ არა ეს ადამიანები თავიანთ ღალატს. ასე დაირღვა ეკლესიის უძველესი დადგენილება, რის შედეგადაც ზოგ სულმოკლე ქრისტიანს გაუადვილდა სიცოცხლის გადარჩენა განდგომით; ისინი იმედოვნებდნენ, რომ საფრთხის გადავლის შემდგომ მათ დააბრუნებდნენ ეკლესიაში - საჭირო იყო მხოლოდ აღმსარებლის რეკომენდაციის შოვნა.

თავად აღმსარებელთაგან ეკლესიის წესების ასეთი დარღვევა გახდა დავისა და არეულობის მიზეზი, რაც დიდხანს აღელვებდა ეკლესიას. მათ საპირისპიროდ, ვინც დაცემულებს აღმსარებლების შუამდგომლობით იოლად აბრუნებდა ეკლესიაში, ზოგიერთმა ეპისკოპოსმა და პრესვიტერმა იწყო განდგომილთა მიმართ მეტისმეტი სიმკაცრის ქადაგება; ისინი ამტკიცებდნენ, რომ მძიმედ შემცოდებელი სამუდამოდ უნდა ჩამოშორებოდა ეკლესიას. საკითხი დაცემულთა შესახებ განსასჯელად გააცნეს კვიპრიანეს, რომელმაც მისი გადაწყვეტა კართაგენში თავის დაბრუნებამდე გადადო და მხოლოდ წერილობით აძლევდა სამწყსოს ქრისტიანული თანაგრძნობითა და სიბრძნით აღსავსე რჩევებს:

"განხეთქილებასა და დავას არ უნდა ჰქონდეს ადგილი მათთან, ვისაც უფალმა უანდერძა მშვიდობა თვისი. გევე¬დრებით, თავი შეიკავეთ საყვედურებისა და დაპირისპირებისგან, რამეთუ მხოლოდ ის ჰბაძავს უფალს, ვინც მშვიდობისმოყვარეობით და ქრისტეს სწავლების თანახმად საუბრობს. ჩვენ ამ სოფელს განვუდექით ნათლისღებით, საქმით კი ამას მაშინ დავამტკიცებთ, როდესაც ღვთისგან გამოცდის დროს უარს ვიტყვით საკუთარ ნებაზე, შევუდგებით ქრისტეს, დავიმარხავთ მისადმი რწმენასა და შიშს, ერთმანეთს გავაძლიერებთ თანადგომით, შევეცდებით ქრისტეთი ზრდას, რათა როდესაც უფალი, მოწყალებისა გამო, გვიბოძებს მშვიდობასა და უშფოთველობას, განახლებული სულით დავუბრუნდეთ ეკლესიას"...

კვიპრიანე გამუდმებით შეახსენებდა ქრისტიანებს ლოცვის ძალას: "თავად უფალი ლოცულობდა ჩვენთვის. მან - უცოდველმა - ჩვენი ცოდვები იტვირთა. თუ მას სტანჯავდა და გულს სტკენდა ჩვენი ცოდვები, ჩვენ განა არ გვმართებს გამუდმებით ლოცვა?! ძმანო, ვევედროთ უფალ იესოს და მის მიერ მოგვეგება წყალობა მამა ღმერთისგან. მამა ღმერთი გამოცდას გვიწყობს, მაგრამ დაგვიფარავს კიდეც, თუ განსაცდელის ჟამს მტკიცე რწმენას შევინარჩუნებთ და არ განვუდგებით ქრისტეს, ძეს მისას. წერილ არს: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?" (რომ. 8,35). შეუძლია კი ეს წამებას, დევნას, შიმშილს ან სიშიშვლეს, საფრთხეს ან მახვილს?! არა!.. ვერაფერი განაშორებს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ვინც შეუორგულებლად ეზიარება მის სისხლსა და ხორცს... დევნა ჩვენი რწმენის გამოცდაა - ასე უფალმა ინება და არ მოაკლებს მორწმუნეებს თავის შემწეობას. ზეცას მივაპყროთ ჩვენი მზერა, რათა წუთისოფელმა არ მოგვხიბლოს თავისი საცდურებით. უფალი გვიხსნის, როდესაც გვიხილავს თავმდაბალთ და მშვიდთ, ურთიერთ¬სიყვარულით შეკრულთ, განსაცდელგამოვლილთ. ჯერ მოგვეცემა სასჯელი, შემდეგ კი შეწყალება..".

მღვდელმთავრის დაბრუნება კართაგენში

ორი წლის შემდეგ, როდესაც დეციუსი გარდაიცვალა და დევნა ჩაცხრა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მან აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.

ბოლო დროს მთელი ეკლესია ააღელვა დაცემულთა საკითხმა, ამას დაემატა კვიპრიანეს მიმართ განაწყენებული ორი ადამიანის - ფელიცისიმესა და ფორტუნატეს მიერ გამოწვეული არეულობა. ისინი დიდი ხნიდან ემტერებოდნენ კვიპრიანეს, საზოგადოებაც ჩამოაყალიბეს, რომელსაც "ზეციური ეკლესია" უწოდეს. იკრიბებოდნენ კართაგენის მახლობლად მთაზე და იქ ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული რიტუალები ერთვოდა.

მათ თავიანთ დაჯგუფებაში მიიზიდეს ყველა, ვინც მიიჩნევდა, რომ კვიპრიანე მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენდა დაცემულებისადმი და უქადაგებდნენ, არ დამორჩილებოდნენ მის განკარგულებებს; ამასთან ემუქრებოდნენ კვიპრიანეს ყველა მხარდამჭერს. მათ სხვებთან ერთად შეუერთდა პრესვიტერი, სახელად ნოვატე - უგარყვნილესი ადამიანი, რომელიც ქურდობისა და სხვა დანაშაულებებისთვის დიდი ხნის წინ უნდა წარდგომოდა სამსჯავროს, მაგრამ დევნის გამო მისი საქმის გამოძიება შეჩერდა. ნოვატეს ეშინოდა კვიპრიანეს დაბრუნებისა და ცდილობდა, ყველა აემხედრებინა მის წინააღმდეგ. როდესაც კვიპრიანემ ეს ყველაფერი შეიტყო, მორწმუნეთა ერთობიდან განკვეთა "ზეციურნი" (როგორც უწოდებდნენ ამ ჯგუფს) და მისწერა, რომ დაბრუნებისთანავე მოიწვევდა კრებას ამ საქმის განსახილველად. ნოვატეს სამსჯავროსი შეეშინდა და საჩქაროდ რომში გაემგზავრა.

იმ დროს რომში ისეთივე შფოთი ტრიალებდა, როგორიც კართაგენში. დევნა ჩაწყნარდა თუ არა, აქაურმა ქრისტიანებმა, რომლებიც ამდენ ხანს უმწყემსოდ იყვნენ, გადაწყვიტეს ეპისკოპოსის არჩევა.

რომში სამოცამდე ეპისკოპოსი ჩავიდა. ამ პერიოდისთვის მეტად მრავალრიცხოვანი რომის ეკლესია მთლიანად მონაწილეობდა ეპისკოპოსის არჩევაში; საერთო აზრი შე-ჩერდა ყველასგან პატივცემულ ადამიანზე, კორნელიუსზე, მაგრამ მის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა ერთმა რომაელმა პრესვიტერმა, სახელად ნოვაციანემ, რომელსაც თავად სურდა ეპისკოპოსობა და იმედიც ჰქონდა აღნიშნული პატივის მოპოვებისა. იგი მკაცრი კანონების მიმდევარი იყო და დაცემულთა შესახებ კამათის დროს ემხრობოდა შემდეგ აზრს - შემცოდებელნი სამუდამოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან, რაოდენ გულწრფელიც უნდა ყოფილიყო მათი სინანული. ამ აზრს არ იზიარებდა უმრავლესობა, რომლებიც ქრისტეს სწავლების სულის თანახმად, მიიჩნევდნენ, რომ საღვთო გულმოწყალებისთვის მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს. ნოვაციანე, უკმაყოფილო იმით, რომ მღვდელმთავრად არ აირჩიეს, კიდევ უფრო ჯიუტად იცავდა თავის აზრს. მან შეკრიბა მომხრეები, რომლებმაც ეპისკოპოსად გამოაცხადეს ის და არა კორნელიუსი.

ნოვაციანეს მიეკედლა კართაგენელი ნოვატე - იგი ადრე კვიპრიანეს აუმხედრდა სიმკაცრისთვის, ახლა კი რომში შეუერთდა ჯგუფს, რომელიც მეტისმეტ დაუნდობლობას ქადაგებდა. გასაგებია, ნოვატეს მარტო შფოთისა და არეულობის გამოწვევა სურდა და ნაკლებად აინტერესებდა ვინმეს შეხედულებანი. ნოვაციანემ შემოიკრიბა საკმაოდ ბევრი მიმდევარი, რომელთაც უწოდეს ნოვაციანელები. მათი აზრით, ვინც ნათლისღების შემდგომ მძიმე შეცოდებას ჩაიდენდა, კვდებოდა ეკლესიისთვის, ამიტომ მისი იქ დაბრუნება საერთოდ შეუძლებელი ხდებოდა. ისინი ოცნებობდნენ, მხოლოდ სრულყოფილი ადამიანებისგან შეედგინათ ეკლესია. სიამაყით დაბრმავებულნი ასეთებად მარტო საკუთარ თავს მიიჩნევდნენ და სულიერი სისუფთავის ნიშნად თეთრ სამოსს ატარებდნენ. ნოვაციანელებს ასევე კათარებს (განწმენდილებს) უწოდებდნენ. ამ სქიზმამ დიდხანს იარსება და ბევრი მღელვარებაც გამოიწვია ეკლესიაში.

ჩვენ ვახსენეთ სქიზმა და არა ერესი; ამ უკანასკნელს უწოდებენ ცრუსწავლებას, რომელიც ამახინჯებს სარწმუნოების დოგმატებს. ხოლო სქიზმის დროს ხდება ეკლესიიდან გამოყოფა საეკლესიო წესებთან დაკავშირებული საკითხების გამო, ამასთან დოგმატები შენარჩუნებულია. ნოვაციანელები იყვნენ სქიზმატები და არა ერეტიკოსები.

ნოვაციანეს სწავლების განსახილველად კრებები მოიწვიეს რომში, კართაგენსა და ანტიოქიაში. ამ თავყრილობებზე დაგმეს ცრუსწავლება და დაადგინეს - დაცემულები ეკლესიაში მონანიების შემდეგ დაებრუნებინათ. სინანულის ვადა განისაზღვრებოდა დანაშაულის ხარისხის მიხედვით. დაცემულთაგან გამოარჩევდნენ მათ, ვინც აღასრულა მსხვერპლშეწირვა (შაცრიფიცატი), ვინც იძულებით აკმია გუნდრუკი საკერპო სამსხვერპლოზე (ტჰურიფიცატი), ვინც რიტუალის შესრულების ყალბი მოწმობა იყიდა (ლიბელლატიცი), ვინც დაასმინა ქრისტიანები და წარმართებს მიუთითა წმინდა წიგნების საცავი ადგილები (ტრადიტორეს). საეკლესიო მსახურთაგან დაცემულს შენანების შემდგომ ნება ეძლეოდა მორწმუნეებთან საეკლესიო ერთობისა, მაგრამ საეკლესიო ხარისხი აღარასოდეს ენიჭებოდა. წმინდა დიონისე ალექსანდრიელი დევნის დროს სიყვარულით იბრუნებდა მონანულებს მოწამეთა შუამდგომლობის საფუძველზე, კიცხავდა ნოვაციანეს სქიზმას და წერდა, რომ ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ეკლესიის ერთობის გახლეჩის აზრს შერიგებოდა.

სახადის ეპიდემია კართაგენში

დეციუსის შემდგომ რომის საიმპერატორო ტახტზე ავი¬და გალიუსი (251-253 წწ.) თავის ძესთან - ვოლუციანესთან ერთად. ქრისტიანები იმედოვნებდნენ, რომ დევნა შეწყდებოდა, მაგრამ ის გარკვეულ ხანს კიდევ გაგრძელდა, თუმცა ნაკლები სიმძაფრით. რომში ცოტა ხნის წინ არჩეულ ეპისკოპოსს, კორნელიუსს, პატიმრობა და განდევნა მიუსაჯეს, რამდენიმე ქრისტიანი კი მოწამებრივად აღესრულა.

კართაგენი უწინდელივით დევნის მოლოდინში იყო. ამჯერად კვიპრიანემ მტკიცედ გადაწყვიტა, არ მიეტოვებინა ქალაქი, და დარიგებებითა და შეგონებებით ცდილობდა, თავისი სამწყსო მოსალოდნელი საფრთხისთვის შეემზადებინა. იგი შთააგონებდა მორწმუნეებს: "მღვიძარება, მარხვა, ლოცვა - აი, ჩვენი მახვილი და ციხესიმაგრე. ერთმანეთი მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში, ვიყოთ ერთსულოვანნი და მეგობრულნი. თანადგომა არ მოვაკლოთ ერთმანეთს. თუ რომელიმე ჩვენგანი სააქაოს დატოვებს, დაე, მაშინაც შევინარჩუნოთ ქრისტესმიერი ურთიერთსიყვარული; დაე, მოუკლებელად ევედრებოდეს იგი ზეციურ მამას თავისი და-ძმებისთვის... ნუთუ ქრისტიანს შეეშინდება მარტვილობი¬სა, როდესაც უფალი ჩვენი პირველი იყო, ვინც ივნო? ნუთუ არ მოვისურვებთ, ვეწამოთ საკუთარი ცოდვებისთვის, როდესაც ის, უცოდველი, იტანჯა ჩვენთვის?! ძე ღვთისა ივნო, რათა ჩვენ ღვთის შვილები გავმხდარიყავით. ნუთუ ადამიანთა შვილები არ მოისურვებენ წამებას, რათა ღვთის შვილებად დარჩნენ?!"

მიუხედავად მოლოდინისა, დევნამ აფრიკამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ღმერთმა ქვეყანას სხვა მძიმე გამოცდა მოუვლინა - გაჩნდა საშინელი სენი, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში მძვინვარებდა რომის იმპერიის სხვადასხვა ოლქში. სახადის შიშმა წარმართთა გულებში ჩაკლა თანადგომისა და სიყვარულის გრძნობა; ისინი ჩამოშორდნენ მეგობრებსა და ახლობლებს და მხოლოდ თავის გადასარჩენად ზრუნავდნენ. ავადმყოფებისგან გარბოდნენ, მიცვალებულებს ქუჩებში ყრიდნენ, რაც კიდევ უფრო ასნებოვნებდა გარემოს და ავრცელებდა დაავადებას. მარტოოდენ ქრისტიანები უვლიდნენ სნეულებს, მარხავდნენ ცხედრებს... წარმართები უბედურების მიზეზად ქრისტიანებს მიიჩნევდნენ და გახელებით ითხოვდნენ მათ დასჯას, და ეს მაშინ, როცა მათ გადასარჩენად მორწმუნენი ყოველდღე საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს.
კართაგენში სახადის გაჩენისთანავე კვიპრიანემ შეკრიბა ქრისტიანები, შეახსენა ქრისტესმიერი მცნება მტრებისადმი სიყვარულის შესახებ, დაარიგა - ბოროტებისთვის სიკეთით გადაეხადათ და მიებაძათ მაცხოვრისათვის, რომელმაც მიუტევა თავის მტრებს და ჯვარზე გაკრული ლოცულობდა მათთვის. კვიპრიანე უქადაგებდა: "ნუ გამოიძიებთ, ვინ არიან გატანჯულნი - ისინი ყველანი თქვენი ძმები არიან, შვილები ერთი ზეციური მამისა; დაე, წარმართებმა იხილონ, რომ სიკვდილსაც კი არ ძალუძს, ქრისტიანის გულში მტრებისადმი სიყვარული ჩააქროს".

ეპისკოპოსის შეგონებანი მხნეობას ჰმატებდა ქრისტიანებს, რომელთაც ერთხმად იკისრეს სნეულებისა და მიცვალებულების მოვლა-პატრონობა, ყველა თავისი შესაძლებლობის მიხედვით იღვწოდა. კვიპრიანეც მათთან ერთად შრომობდა და გამუდმებით ამხნევებდა სამწყსოს შეგონებებით. თავის წიგნში "სიკვდილიანობის შესახებ", რაც იმ პერიოდის აღწერას მიუძღვნა, იგი წერდა: "მოახლოებულ არს სასუფეველი ღვთისა, ძმანო ჩემნო, ჯილდო სიცოცხლისა, მარადიული სიხარული გადარჩენისა, ზეიმი დაუსრულებელი, სამოთხე დაკარგული! აი, რა მოგვეგება, როდესაც მიწიერ ცხოვრებას დავასრულებთ. ფუჭ ამსოფლიურ სიხარულს ზეციური, მარადიული დიდება შეცვლის! განა გულის გატეხისა და შიშის დროა?!

ჩვენ ურყევი მშვიდობა, ჭეშმარიტი სიმყუდროვე და უსაფრთხოება სამომავლო ცხოვრებაში გვექნება! ამქვეყნად კი მუდამ ვებრძვით სულიერ მტრებს; როგორც კი ერთ საცდურს ვძლევთ, ჩნდება მეორე... მუდამ საფრთხის მოლოდინში მყოფთ როგორ არ უნდა გვიხაროდეს, როცა უფალთან განსვლის იმედი გვიჩნდება? განა თავად ქრისტე არ გვეუბნება - იქნება ტირილი და მოთქმა-გოდება... თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ ჭირი სიხარულით შეგეცვლებათ. ვის არ სურს გათავისუფლება მწუხარებისგან, ან ვინ არ ნატრობს სიხარულს?! თუ ვიცით, რომ ქრისტეს ხილვა სიხარულია, რასაც სრულყოფილად ვერასოდეს შევიგრძნობთ, ვიდრე მაცხოვარს არ ვიხილავთ, განა უგუნურება არ იქნება, გვიყვარდეს ამა სოფლის ჭირი და იწროებანი და არ გვსურდეს, ვინეტაროთ დაუსრულებელი სიხარულით?!

დაე, სიკვდილისა ეშინოდეს მას, ვისაც მეორე სიკვდილი ელოდება, ვინც წყლითა და სულით არ არის აღორძინებული, არ გაიზიარა ქრისტეს ჯვარცმა და ვნებანი და ვინც მარადიული ტანჯვისთვის არის განწირული. მისთვის, რა თქმა უნდა, ძვირფასია სიცოცხლე, რადგან აყოვნებს მის განკითხვას... დიდი სიკვდილიანობის ჟამსაც მოაქვს სარგებელი - ამ დროს იღვიძებს მცონარე, ბრუნდება განდგომილი, მოიქცევა წარმართი, სიმშვიდეს პოვებს ქრისტეს ბევრი ღირსეული მონა, იკრიბებიან ახალი მეომრები სამომავლო ბრძოლებისთვის".

მართლაც, ქრისტიანების სამაგალითო ქცევას, შეუძლებელია, გავლენა არ მოეხდინა წარმართებზე, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორი სიყვარულით წირავდნენ ეს ადამიანები ყველაფერს მათთვის, ვინც ადრე შეურაცხყოფდა, ლანძღავდა და აწამებდა; მიხვდნენ კერპთაყვანისმცემლები, რომ ასეთი სიკეთის ქმნისა და გამძლეობის გამოჩენა მარტოოდენ ქრისტიანული რწმენით აღსავსე ხალხს ხელეწიფებოდა, და მრავალი მათგანი მოიქცა კიდეც. ასე რომ, ეს უმძიმესი განსაცდელებიც კი ქრისტიანობის გავრცელების ხელშემწყობი აღმოჩნდა.

იმავდროულად სხვა განსაცდელითაც გამოიცადა ქრისტიანების რწმენა და სიმტკიცე. ბარბაროსები გამუდმებით ესხმოდნენ თავს რომის იმპერიის ოლქებს, პირწმინდად ძარცვავდნენ და მრავალი ტყვეც მიჰყავდათ. ასე მოსრეს მოძალადეებმა კართაგენის მახლობლად მდებარე ნუმიდიის მხარე, რომლის ეპისკოპოსებმაც ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს კვიპრიანეს. კართაგენის ქრისტიანებმა მხურვალე თანადგომა გამოუცხადეს ერთმორწმუნეებს, დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს შემწეობა და კვიპრიანეს გადასცეს საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც მან ტყვეთა გამოსასყიდად გააგზავნა, თან წერილით გამოხატა ყველა ქრისტიანის სიყვარული და თანაგრძნობა მათდამი: "რომელი ჩვენგანი არ აღიქვამს მოძმის გასაჭირს საკუთარ გასაჭირად?! პავლე მოციქული ბრძანებს: "თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა, და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იხარებენ ყოველნი ასონი" (1 კორ. 12,26). ასე რომ, მოძმეთა ტყვეობა - ჩვენი ტყვეობაა, მათი ვარამი - ჩვენი ტკივილია, რამეთუ ყველანი ერთ სხეულს შევადგენთ. ძმების გამოსყიდვას რჯული გვავალებს და არა ოდენ ჩვენი გრძნობები. ჩვენს ტყვედქმნილ მოძმეებში ხომ ქრისტე მკვიდრობს!"

ასეთი ძლიერი და მხურვალე სიყვარული აერთიანებდა მაშინ ქრისტეს ეკლესიის ყველა წევრს.

* * *

დევნა სრულად ჩაცხრა დაახლოებით 253 წელს და 257 წლამდე არ განახლებულა. სიმშვიდის ამ პერიოდში ეპისკოპოსები ცდილობდნენ არეულ დროს წამოჭრილი სადავო საკითხების გადაჭრას და აფორიაქებულ ეკლესიაში მშვიდობის აღდგენას; იწვევდნენ კრებებს სხვადასხვა ქალაქში. კართაგენში საეკლესიო საქმეთა განსახილველად კრება ეწყობოდა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. კვიპრიანე საერთო თათბირისა და თანხმობის გარეშე არაფერს წყვეტდა. იმ დროს ძირითადად გადასაჭრელი იყო საკითხები: დაცემულთა შესახებ, რასაც უკავშირდებოდა ნოვაციანელთა განხეთქილება; ჩვილთა მონათვლის შესახებ და ჩათვლილიყო თუ არა აღსრულებულად ერეტიკოსთა მიერ ჩატარებული ნათლობა.

ჩვილთა მონათვლის შესახებ არავინ დავობდა - ამ წესს ქრისტიანობის პირველივე დღეებიდან მისდევდნენ. გაურკვეველი რჩებოდა საკითხი, თუ როდის შეესრულებინათ ნათლისღება: ჩვილის დაბადებიდან პირველივე დღეებში, თუ მხოლოდ მერვე დღეს, რადგანაც ამ დროს ასრულებდნენ იუდეველები წინადაცვეთას, რაც ნათლისღებით შეიცვალა. გადაწყვიტეს, რომ ნათლობა დაბადებიდან პირველივე დღეებში აღსრულებულიყო. რაც შეეხება ერეტიკოსთაგან აღსრულებულ ნათლისღებას, აქ ეკლესიები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ამას მშვიდობა არ დაურღვევია და თითოეულმა ეკლესიამ საკუთარი ტრადიციისამებრ განაგრძო მოქმედება. მაგალითად, კართაგენის ეკლესია ხელმეორედ ნათლავდა ერეტიკოსებს, რომის ეკლესიაში მათი შემოერთება ხელდასხმით ხდებოდა. უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ერეტიკოსთაგან ნათლობა მისაღები იყო მხოლოდ მაშინ, თუ იგი შესრულდებოდა მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით.

ასევე დავა დაიწყო რომის ეპისკოპოს სტეფანესთან დაკავშირებით - იგი ამპარტავანი ადამიანი იყო და მოისურვა დანარჩენ ეპისკოპოსებზე მბრძანებლობა, რისი უფლებაც არ ჰქონდა - ძველი ეკლესია რომის მღვდელმთავრებს საერთოდ არ ანიჭებდა რაიმე უპირატესობას. დავა ეხებოდა შემდეგ ამბავს: ეკლესიამ დაამხო ესპანეთის ორი ეპისკოპოსი, რადგან დევნის დროს წარმართულ მსხ¬ვერპლშეწირვაში მონაწილეობაზე განაცხადეს თანხმობა. სტეფანემ სხვა ეპისკოპოსებთან მოუთათბირებლად აღადგინა ისინი. კართაგენის კრებამ ეს ქმედება უკანონოდ მიიჩნია და ძველი განჩინება ძალაში დატოვა. კრებამ აგრეთვე დაადგინა, რომ წოდება "ეპისკოპოსი ეპისკოპოსთა", რასაც წერილში თავისთავს უწოდებდა სტეფანე, არ მიჰკუთვნებია ეკლესიის არც ერთ მწყემსს. უფლებათა ასეთი მითვისება ეპისკოპოსთა საერთო უკმაყოფილებას იწვევდა და ეკლესიაც გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ამგვარ მცდელობებს.
წმ კვიპრიანეს მოწამებრივი აღსასრული

253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253- 260). იმპერატორს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარელი კარისკაცის, ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით სიძულვილით შეეცვალა - სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება. კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფლის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან. იმ დღეს, როდესაც წმინდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრისეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამებრივად აღესრულებოდა. დევნილობისას წმინდანმა მრავალი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.

დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე წმინდანმა ერთ-ერთი წარმართი მოხელის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დილით, როდესაც მღვდელმთავარი სამსჯავროს შენობისკენ წაიყვანეს, შეკრებილი ქრისტიანები თან გაჰყვნენ მას. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როდესაც პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადყო: "დიდება უფალს!" ხალხმა კი იხუვლა: "ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!" სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით ოცდახუთი ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისთვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს. ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამებრივად. მისი წმნიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.

მოგვიანებით, კარლოს დიდის (771-814) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.

კვიპრიანე არის პირველი აფრიკის ეპისკოპოსთა შორის, რომელმაც მარტვილობა დაითმინა.

წმინდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: ღვთივსულიერი თხზულებები და ოთხმოცი ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა. წმ. კვიპრიანეს ლიტერატურული მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. ყოველი მისი ნაშრომი ეხმაურება ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტს და პრაქტიკულ მიზნებს ისახავს.
...................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა კვიპრიანე კართაგენელი - ეკლესიის ერთიანობის შესახებ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat