ნეტარი ფილიპე ჯერ დიაკვანი იყო, შემდეგ ხუცესი, რაღაც დროის შემდეგ თრაკიის ჰერაკლიის კათედრაზე აიყვანეს.
როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნის ედიქტი გამოსცა (303 წ.), მღვდელმთავარმა უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე. მან მოუწოდა სამწყსოს წამებულიყვნენ ქრისტესთვის და უფლის მიერ გვირგვინები დაედგათ. წმინდა ფილიპემ ხალხის წინაშე წარმოთქვა სიტყვა მაშინაც, როცა ქალაქის თავის ბრძანებით ეკლესიის დასაკეტად დაცვის უფროსი არისტომაქი მოვიდა. ეპისკოპოსმა მას უთხრა: - შენ ფიქრობ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ქვის კედლებით შემოიზღუდება მაშინ, როცა ის ადამიანთა გულებში ცხოვრობს.
არისტომაქმა ყველა ეკლესია დაბეჭდა. ნეტარი ფილიპე თავის მოწაფე ჰერმესთან ერთად კარებთან დარჩა და სამწყსოს ასწავლიდა.
ეპისკოპოსი და მისი სამწყსო უფლის აღდგომის დღესასწაულზე შეიკრიბნენ, ამ დროს შეიპყრეს და სამსჯავროში პრეფექტ ბასთან მიიყვანეს. ბასმა იკითხა: "ვინ არის აქ ქრისტიანების მსწავლებელი?" წმინდა ფილიპემ მიუგო: "მე ვარ, ვისაც ეძებთ". "თქვენ არ იცით იმპერატორის განკარგულება, - უთხრა ბასმა, - რომ ქრისტიანებს აკრძალული აქვთ შეკრება და სიკვდილი მოელით, თუ ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავენ. მომიტანეთ თქვენი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და წიგნები, რომელთაც კითხულობთ და სწავლობთ". წმინდა ფილიპემ უთხრა: "არ შეიძლება შენთვის ჩვენი წიგნების მოცემა". პრეფექტმა მათი წამება ბრძანა. მოვიდა მუკაპორი, ყველაზე სასტიკი ადამიანი; პრეფექტმა მას ხუცეს სევეროსის მოყვანა უბრძანა; მაგრამ ხუცესი ვერ იპოვეს და მაშინ ფილიპეს წამება ბრძანა. როცა მღვდელ-მთავარს სასტიკად სცემდნენ, იქვე ახლოს მყოფმა ხუცესმა ჰერმესმა უთხრა: "თუნდაც იპოვო მთელი ჩვენი წიგნები, ჩვენი მიმდევრები, რომლებიც სულის ცხონებაზე ზრუნავენ, სხვა წიგნებს დაწერენ და უფრო გულმოდგინედ შეისწავლიან, ისე როგორც ქრისტეს შეეფერება". ამ სიტყვების გამო ის გაჯოხეს. ხოლო როცა ასესორ პუბლიოსს უთხრა, რომ თავს იმიტომ დაგვესხით, საეკლესიო ქონების მითვისება გინდაო, ისე ცემეს, რომ სახე მთლიანად დაუსისხლიანდა.
ჭურჭელი და წიგნები პრეფექტმა მეომრებს გადასცა. ფილიპე და სხვები მოედანზე გაიყვანეს. პრეფექტის ბრძანებით ტაძარს სახურავი გადახადეს, წიგნები კი ცეცხლს მისცეს.წმინდა ფილიპე კი მშვიდად დამოძღვრიდა ხალხს. "მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, ჩვენს მეფეს კი საკმეველი უნდა მივართვათ, – უთხრა მას პრეფექტმა. რაზეც წმინდა ფილიპემ მიუგო: "ჩვენ იმპერატორის მორჩილება ვისწავლეთ და არა მისთვის ღვთაებრივი პატივის მიგება". ფილიპეს სიმტკიცით გაოცებულმა პრეფექტმა ჰერმესს მიმართა: "მსხვერპლი შესწირე ღმერთებს". "არ შემიძლია, მე ყველაფრში ვუჯერებ ჩემს მასწავლებელს", - უპასუხა მან. "თუ ის მსხვეპლს შესწირავს, მაშინ შენც შესწირავ?" - ჰკითხა პრეფექტმა. ის მსხვეპლს არ შესწირავს, რადგან თქვენ მას ვერ სძლევთ, - უთხრა ჰერმესმა. "მაშინ ცეცხლში დაიწვები" დაემუქრა ჯალათი. "ეს მსუბუქი ცეცხლი იქნება, - თქვა ჰერმესმა, - მაგრამ არსებობს ჩაუქრობელი ცეცხლი, რომელიც უწმინდურთათვის არის გამზადებული". ბასმა ქრისტიანების საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა და ისინიც გახარებულნი, ფსალმუნნის გალობით გაემართნენ ციხისკენ. რამდენიმე დღის შემდეგ ტყვეებს უფლება მისცეს, იქვე ახლოს მდებარე პანკრატიოსის სახლში ეცხოვრათ დარაჯების მეთვლაყურეობით; პანკრატიოსის სახლში ისინი სიყვარულით მიიღეს; აქ საღმრთო საიდუმლოებებს აღასრულებდნენ და ასწავლიდნენ ხალხს.
ამასობაში ბასი პრეფექტმა იუსტინემ შეცვალა, გახრწნილმა კაცმა. ბასი თუ გონერ მსჯელობას და ოდესღაც ქრისტიანყოფილ ცოლს უჯერებდა, იუსტინემ ღვთის შიში არ იცოდა. ფილიპე სამსჯავროზე მოაყვანინა და მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. წმინდა ფილიპემ უთხრა: "მე ქრისტიანი ვარ, არ შემიძლია შენი მოთხოვნის შესრულება. თუ შენ ჩვენი ტანჯვა გსურს, აიღე ჩვენი უძლური სხეული და სტანჯე იგი როგორც გსურს, მაგრამ ვერ შეძლებ ჩვენი სულების მითვისებას. იუსტინემ ბრძანა, ბორკილდადებული ციხეში წაეთრიათ და გზაში ეცემათ.
კერპების შეწირვაზე უარი მიიღეს სევეროსისგანაც, "მე ის უნდა აღვასრულო, რაც მასწავლესო, - თქვა და იგი ციხეში წაიყვანეს.
შემდეგ ჰერმესი წარუდგინეს. "სატანჯველნი გაიძულებენ, იმპერატორის ნება აღასრულოო, - უთხრა მას პრეფექტმა. არა, -- უპასუხა ჰერმესმა, - მე წმინდა რწმენაში გავიზარდე, და კოჭლობას არ ვაპირებ. მაწამე, რამდენიც გინდა.
ამ სამმა მოწამემ მყრალ დილეგში შვიდი თვე გაატარა. შემდეგ ისინი ანდრიანოპოლში ჩაიყვანეს, პრეფექტიც იქ ჩავიდა. წმინდა ფილიპე გამოიძახეს სამსჯავროზე და ისევ მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. უარი რომ მიიღეს, ისე სცემეს, რომ მთელი სხეული დაუგლიჯეს - შინაგანი ჩანდა. ფილიპე ციხეში წაიყვანეს და ახლა ჰერმესს მოსთხოვეს იმპერატორის ბრძნების ასრულება. ვერც ის გატეხეს. მესამე დღეს წმინდა ფილიპე კვლავ მოიყვანეს და პრეფექტმა უთხრა: "ასე უგუნურად რატომ ეწინააღმდეგები იმპერატორის ნებას?" ფილიპემ უპასუხა: "მე უგუნურად კი არ ვიქცევი, ღვთის ნებას აღვასრულებ. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ კეისარს კეისრისა უნდა მივცეთ და ღვთისა ღმერთს. ამას ვასრულებ მეც და იმპერატორის სამართლიან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვემორჩილები". ჰერმესმა კი კერპთთაყვანისცემის სისულელეზე ესაუბრა, მან იუსტინე გადარია: "როგორ, შენ ჩემს ქრისტიანობაზე მოქცევას ცდილობ?! - და ბრძანა, ფილიპე და ჰერმესი ცეცხლზე დაეწვათ, წმინდანები გაახარა განაჩენმა. ისინი ისე იყვნენ ნაწამები, რომ სიარული დაუხმარებლად არ შეეძლოთ. როცა წმინდანები დასასჯელად მიიყვანეს, ჰერმესმა იქ მყოფ ერთ ქრისტიან ძმას შვილთან თხოვნა დაუბარა, რომ მას ვალები გადაეხადა და პატიოსნად ეცხოვრა. ჯალათებმა წმინდანებს მუხლებზე მიწა მიაყარეს და გარშემო ხეები შემოუწყვეს. ცეცხლი ააბრიალეს. კოცონის ტკაცუნში ისმოდა, როგორ გალობდნენ ქრისტიანები ჰიმნებს. როცა ძალები ამოეწურათ, წარმოთქვეს "ამინ", განაცხადეს, რომ ყველაფერი აღსრულდა და მათი ქრისტიანული ცხოვრების დასასრული დადგა. დასჯის შემდეგ წმინდა ფილიპეს სხეული ხელებაპყრობილი იხილეს, ხოლო წმინდა ჰერმესის სახე ხელუხლები იყო. ამგვარმა სასწაულმა გააცოფა იუსტინე და ბრძანა, წმინდანების ნაწილები მდინარეში გადაეყარათ. შემდგომში ანდრიანეპოლელმა მორწმუნეებმა ისინი ბადეებით დაიჭირეს და პატივით დაკრძალეს ქალაქიდან ორ მილში.
როცა ხუცესმა სევეროსმა შეიტყო წმინდა ფილიპეს და იუსტინეს სიკვდილი, გაიხარა დიდად და უფალს შესთხოვა, მისთვისაც მიენიჭებინა იმნაირივე გვირგვინი. მართლაც, სამი დღის შემდეგ წმინდა სევეროსიც კოცონზე დაწვეს. იმ დღეს სევეროსთან ერთდ ოცდაათამდე ქრისტიანიც სიკვდილით აღესრულა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი