ლიკაონიის მთავარ ქალაქ იკონიონში ერთი ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, ძველ რომაელ მეფეთა გვარისა. ივლიტა ერქვა. ის ქრისტიანი იყო, ჭეშმარიტი მხევალი თავისი უფლისა. გათხოვებიდან მცირე ხანში დაქვრივდა. შობა ვაჟი, რომელსაც წმინდა ნათლისღებისას კვირიკე უწოდეს.
იმ დროს ურჯულო დიოკლეტიანე მეფობდა. მმართველობის 21 წლის განმავლობაში მან ოთხჯერ გასცა ბრძანება ქრისტიანთა რბევისა. თავიდან მხოლოდ ეკლესიები დაანგრიეს, საღვთისმსახურო წიგნები დაწვეს და ქრისტიანებს სამოქალაქო უფლებები ჩამოართვეს, ღვთისმსახურები დააპატიმრეს. 304 წელს კი დიოკლეტიანემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა დაიწყო. ასე იყო 311 წლამდე, ვიდრე იმპერატორმა გალერუსმა ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად არ გამოაცხადა.
ეს ამბავი კი 305 წელს მოხდა. დიოკლეტიანემ ლიკაონიის მხარის მმართველად კომიტი დომეტიანე დაადგინა, კაცი მსგავსი თავისი მეფისა, უწყალო, რომელსაც ახარებდა ქრისტიანთა სისხლის დანთხევა. დომეტიანემ ფარულ ქრისტიანთა მოძიება დაიწყო. ეს რომ ივლიტამ შეიტყო, შეეშინდა, ვაითუ წამებას ვერ გავუძლო და ქრისტე უარვყოო და გაქცევა გადაწყვიტა. დაუტევა ყოველივე საცთური ამა სოფლისა, მოჰკიდა ხელი თავის სამი წლის კვირიკეს და ორ მხევალთან ერთად იკონიონიდან მალულად გაემგზავრა - "რამეთუ არა მაქუს ჩვენ აქა საყოფლად ქალაქი არამედ მერმესა მას ვეძიებთ" (ებრ. 13,14).
მივიდა სელევკიაში, ვითარცა ერთი მწირი და გლახაკი. აქაც დახვდა დიოკლეტიანეს გამოგზავნილი ვინმე ალექსანდრე, რომელიც აწამებდა და ხოცავდა ქრისტიანებს. უფალი ბრძანებს: "რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიელტოდეთ სხვად" (მათ. 10,23). ივლიტამაც, მაცხოვრის სიტყვისაებრ, სელევკია დატოვა და კილიკიის ქალაქ ტარსუსკენ გასწია. ტარსუში დაიბადა წმინდა პავლე მოციქული, აქედან წაიყვანა იგი ბარნაბა მოციქულმა ანტიოქიაში სახარების საქადაგებლად. ამიტომაც პავლე მოციქულის სამშობლოში ადრიდანვე წარმოიქმნა ქრისტიანული თემი. წმინდა ივლიტაც მათ შეუერთდა. ბედნიერი იყო, რომ წმინდა პავლეს ნატერფალზე დააბიჯებდა. მაგრამ მალე აქაც მოაღწია ალექსანდრემ. ვიღაცამ წმინდა ივლიტა დააბეზღა, ის და მისი პატარა შეიპყრეს და მიჰგვარეს ალექსანდრეს. შეშინებული მონები გაიქცნენ და შორიდან უყურებდნენ თავიანთი ქალბატონის მოწამებრივ აღსასრულს. "ვინა ხარ, სად არის შენი სამშობლო?" - ჰკითხა ალექსანდრემ. ივლიტამ უშიშრად მიუგო: "სახელი ჩემი ქრისტიანია, ხოლო სამშობლო - ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ზეციური სამეფო". განრისხებულმა ჯალათმა ბრძანა, - მაგ დედაკაცს ბავშვი წაართვით, გააშიშვლეთ და ძროხის ძარღვებით სცემეთო. გახადეს სამოსი ივლიტას და ცემა დაუწყეს. პატარა კვირიკე უყურებდა დედის წამებას და ტიროდა. გაუსხლტა კიდეც ხელთაგან მტარვალებს და დედას მიაშურა. ვიღაცამ შეაჩერა. ალექსანდრეს მოეწონა ბიჭუნა, მომგვარეთო, - ბრძანა. მუხლებზე დაისვა და ფერება დაუწყო, კოცნიდა, ეალერსებოდა. ბავშვი კი ხელიდან გასხლტომას ლამობდა, არც მისი მოფერება სურდა. მტირალი გაიძახოდა, - მეც ქრისტიანი ვარ, დედიკოსთან გამიშვითო. ეს საოცრება იყო. ბიჭუნამ სულ მცირე ხნის წინ ამოიდგა ენა და უკვე ღმერთს ადიდებდა. ეს რომ გაიზრდება, რაღა იქნებაო, - გაიფიქრა ალექსანდრემ. პატარამ ფრჩხილებით ჩამოფხაჭნა სახე. ჯალათის "სიყვარული" მრისხანებით შეიცვალა, წამოდგა ტახტიდან, ბავშვი მუხლებიდან ჩამოაგდო, ჰკრა წიხლი და კიბეზე დააგორა. ბოლომდე არ დაჰყოლია პატარას სული: კიბის კიდეს თავი დაარტყა, ერთი წამოიკვნესა, გონება დაკარგა და სულიერი თვალნი უკვე ღვთის სასუფეველში გაახილა. ჯალათები ივლიტას ცემას მორჩნენ. ღონემიხდილმა ქალმა იხილა შვილის დასისხლიანებული უსულო სხეული და მადლობა შესწირა უფალს: გმადლობ შენ, ღმერთო, რომ ღირს ჰყავ ძე ჩემი ამხელა წყალობისა, გმადლობ, რომ ჩემზე წინ დაადგი გვირგვინი მოწამისა".
ალექსანდრეს ბრძანებით, წმინდა ივლიტას ჯალათებმა მარწუხებით დააგლიჯეს ხორცი, მოთუხთუხე კუპრს ჭრილობაზე ასხამდნენ და თან ეუბნებოდნენ: შეიწყალე შენი თავი, ივლიტა, შენი ახალგაზრდობა, თაყვანი ეცი ღმერთებს და თავი დაიხსენი ტანჯვისგანო. წმინდა ივლიტა კი მტკიცედ აღიარებდა ქრისტე ღმერთს. ჯალათმა ბრძანა, - თავი მოჰკვეთეთო. წმინდა ივლიტა გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც სიკვდილით სჯიდნენ ხოლმე ქრისტიანთ. წმინდანი სიხარულით მიჰყვებოდა ჯალათებს. დასჯის წინ ლოცვის ნება ითხოვა. მოიდრიკა მუხლნი და შეჰღაღადა უფალს: გმადლობ შენ, უფალო ქრისტე ღმერთო, რომ ჩემზე წინ მოუწოდე შენთან ჩემს კვირიკეს, რომელიც ღირს ჰყავ მოწამეობისა შენი წმინდა სახელის გულისთვის. მიმიღე მეც, შენი უღირსი მონა, ღირსი გამხადე დიდი მადლისა - შემრთე დასს ბრძენ ქალწულთა, რომელნი "შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას", რათა სული ჩემი გაკურთხებდეს შენ, ჩემს შემოქმედს, შენს დაუსაბამო მამასა და სულსა წმიდასა, უკუნისამდე, ამინ!" მოიქნია ჯალათმა მახვილი და მოკვეთილი თავი წმინდა ივლიტასი მიწაზე გაგორდა. მისი და პატარა კვირიკეს უსულო სხეულები ძაღლთა და ღორთა საჯიჯგნად მიუგდეს. შუაღამისას წმინდა ივლიტას მსახურები მოვიდნენ, აიღეს მოწამეთა ცხედრები, გაარიდეს იქაურობას და მიწაში შთაფლეს. ერთმა მსახურმა წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობამდე იცოცხლა. გაუმჟღავნა ქრისტიანებს მოწამეთა საფლავის სამყოფელი, მოუთხრო მათ მარტვილობაზეც. როცა საფლავი გათხარეს, მოწამეთა სხეულნი უხრწნელი აღმოჩნდა. კეთილსურნელებით აივსო იქაურობა, მრავალი სნეული განიკურნა იმ დღეს წმინდანთა ლოცვით.
უძველესი დროიდან მრავალი ტაძარი აუშენებიათ წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელზე. მათ შორის - საქართველოშიც. ღმერთმა გვიწყალობა ქართველებს წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც ზუგდიდის მუზეუმშია დაცული. შეეწიონ წმინდა კვირიკე და ივლიტა თავიანთ მოსახელეებს, ხოლო წმინდა კვირიკემ თავისი პატარა მარჯვენით აკურთხოს ჩვენი შვილები და შთაბეროს სული ჭეშმარიტი ქრისტიანისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი