ქალწული თებრონია ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, დიოკლეტიანეს დროს შეიმკო მოწამის გვირგვინით.
სწორედ იმ დროს რომის პრეფექტი ანთიმე მძიმედ დასნეულდა. მან თავისი ვაჟი ლისიმაქოსი ჩააბარა ძმას, სელინს და სთხოვა, ეზრუნა მასზე. პრეფექტის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ იმპერატორმა დიოკლეტიანემ იხმო ლისიმაქოსი და უთხრა, რომ სურდა მამის თანამდებობაზე დაენიშნა, მაგრამ მანამდე ჭაბუკს ხელისუფალი ერთგულების დამტკიცებას სთხოვდა. იმპერატორი მას აღმოსავლეთში ქრისტიანთა დასასჯელად სთხოვდა გამგზავრებას. ეს რთული დავალება იყო ანთიმეს ვაჟისთვის, ის ხომ ღვთისმოყვარე დედას ისე ჰყავდა აღზრდილი, რომ თანაუგრძნობდა ქრისტიანებს. ლისიმაქოსი დაჰყვა დიოკლეტიანეს ნებას და ორ მხედართმთავართან მისი, სელინთან და პრიმთან ერთად ასურეთში ქრისტიანთა დასასჯელად მეომართა რაზმს გაუძღვა. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა. ლისიმაქოსი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან.
ასურეთის ოლქის ქალაქ სივაპოლში, სწორედ იქ, სადაც დიოკლეტიანეს ბრძანებით მეომრები ქრისტიანთა დასასჯელად მიემართებოდნენ, ერთ-ერთ დედათა მონასტერში დეიდის იღუმენია ბრიენას უშუალო ზედამხედველობით და სულიერი წინამძღოლობით იზრდებოდა და სულიერად წარემართებოდა ქალწული თებრონია. თებრონია ამ სავანეში ორი წლიდან იზრდებოდა. იღუმენია დისშვილის ცხონებაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა, მას სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმინდა თებრონიას ავალებდა.
როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. თებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახვა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.
როდესაც ლისიმაქოსის, სელინის და პრიმის მეთაურობით მეომართა რაზმი იმ სავანეს მიუახლოვდა, სადაც წმინდა თებრონია მოღვაწეობდა, მოწესეები გაიხიზნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმინდა თებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმინდა თებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს იქაურობის დატოვება.
პრიმმა ლისიმაქოსს წმინდა თებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურს ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნებაო და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მიუტანა ამბავი. წმინდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლი მასო. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმინდანი მხურვალედ ლოცულობდა: "მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელის ჟამს!" მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმინდა თებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. თებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას.
ხალხში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა თებრონიას მარტვილობა, და წმინდა ქალწულის მოწაფე იერია. ბოლოს, წმინდა მარტვი¬ლს თავი მოჰკვეთეს.
363 წელს წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
თებრონიას მარტვილობიდან რომში დაბრუნებული სელინი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ლისიმაქოსმა კი უარი თქვა სიმდიდრესა და თანამდებობაზე და პრიმთან ერთად მოინათლა. ორივემ ჭეშმარიტი ქრისტიანული წესით განაგრძეს ცხოვრება.
ღირსმოწამე თებრონია ქალწულის კონდაკი:
სიძეო ჩემო ტკბილო ქრისტე, ღაღადებდა ფებრონია: არა საშრომელ-ჰყავ სრბაჲ ჩემი შემდგომად შენდა, რამეთუ სიტკბოებითა სიყვარულსა შენისათა სულისა ჩემისა სასოებაო აღვისუბუქნე და შუენიერებამან წყალობისა სენისამან გულსა ჩემსა დაატკბო შენთვის ვნებათა სასუმელისა შესმად, რაჲთა ღირსად სასძლოსა შინა ბრძენთა თანა ქალწულთა დღესასწაულობად შენ მიერ აღვირაცხო მე; ამისთვისცა, ღუაწლისა მძლეო, პატივისმცემელნი ესე ღუაწლთა და შრომათა შენთანი გევედრებით შენ: მეოხ გუეყავ, რაჲთა არა დაგვეხშას ჩუენცა ბჭენი სასძლოსანი.
......................
აქვე წაიკითხეთ:
თებრონიას წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი