წმინდა აკაკი მცირე სომხეთის ქალაქ მელიტინაში დაიბადა. მის ღვთისმოშიშ მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი.
ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვის და ვაჟი შეეძინათ. მშობლებმა ვაჟს წიგნის კითხვა ასწავლეს და აღთქმისამებრ ღვთის სამსახურში ჩააყენეს - მელიტინის ეპისკოპოსს ნეტარ ოტრის მიაბარეს. წმინდა ოტრი ეკლესიის მამათა მეორე მსოფლიო კრებაზე მონაწილეობდა (381 წ.) და მტკიცედ ებრძოდა მაკედონიუსის ერესს ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის, მან ყრმაში ღვთაებრივი მადლი დაინახა და ამიტომ ეკლესიის მსახურად დაადგინა, ჯერ წიგნის მკითხველად განამწესა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმინდა აკაკიც მოშურნედ აღასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და სულიერად წარემატებოდა და სხვებსაც ზრდიდა. მასთან სწავლობდა მეცნიერებებს ჯერ კიდევ ყრმა და მომავალში ღირსი მამა ექვთიმე დიდი; და განა მარტო ყრმებს, დიდებსაც დამოძღვრიდა როგორც ღვთის სიტყვით, ასევე პირადი მაგალითით. და როცა ეპისკოპოსი ოტრი გარდაიცვალა, მის ნაცვლად ეპისკოპოსის კათედრაზე ღირსი აკაკი აიყვანეს. ნეტარი აკაკი იმდენად წმინდა იყო და იმდენად სათნო ეყო უფალს, რომ ღმერთმა იგი სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა, სამაგალითოდ მის ზოგიერთ სასწაულზე მოგითხრობთ.
ერთხელ, გვალვიანი ზაფხული დაიჭირა, ხალხს საშინელი შიმშილი ემუქრებოდა. ეპისკოპოსი დამშეულ ხალხთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე წმინდა დიდმოწამე ევსტატის ტაძარში წავიდა, რათა იქ ღმერთს წვიმის მოსვლას შევედრებოდა. ლოცვის შემდეგ ეკლესიის სიახლოვეს, ამაღლებულ ადგილზე ღია ცის ქვეშ დადგა სამკვეთლო და წმინდა ტრაპეზი და უსისხლო მსხვერპლშეწირვა დაიწყო.
ამასთან ეპისკოპოსმა ჩვეულებისამებრ ბარძიმში ღვინოში წყალი არ შეურია, გონება ღვთისაკენ მიმართა და გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს. იმდენად ძლიერი იყო მისი რწმენა და ლოცვა, რომ უეცრად წვიმა, ძლიერი წვიმა წამოვიდა და წვიმის წყალი არა მარტო ბარძიმში ღვინოს შეერია, ასევე სიცოცხლე დაუბრუნდა გამხმარ მიწას; ხალხის მწუხარება დიდ სიხარულად გადაიქცა და ყველამ ერთად მადლობა შესწირა უფალს.
იქვე ახლოს ერთი წყალუხვი მდინარე იყო, რომელიც ძალზე ხშირად გადმოდიოდა ნაპირებიდან და გარშემო სოფლებს ტბორავდა. ერთხელაც მდინარე ისე აბობოქრდა, რომ ზოგი მაღალი შენობა წყლით დაფარა და ზოგიც დაანგრია. გადიოდა საათები და მდინარეში წყლის დონემ ძალზე აიწია, და უფრო მეტ დასახლებას დაემუქრა დატბორვით. წმინდა აკაკიმ ხალხის გაჭირვება რომ ნახა, მივიდა მდინარესთან, ილოცა, მდინარის სიახლოვეს ქვა დადო და მდინარეს აუკრძალა ამ ქვას გადასცილებოდა. მაშინვე წყალი კალაპოტს დაუბრუნდა და შემდგომში იმ ადგილს აღარ გადასცილებია, სადაც წმინდანმა ქვა დადო.
ერთხელაც ქალაქიდან 18 სტადიონის დაშორებით წმინდა აკაკიმ მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე, ძველი საკერპოს ადგილას, წარმართთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურგიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო, უნდა ჩამონგრეულიყო, შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმინდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს" (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა; ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურგია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს. იქ, სადაც ადრე სისხლიან მსხვერპლს შესწირავდნენ, ახლა უსისხლო მსხვერპლი შეიწირებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით და წმინდა აკაკის ლოცვით, ამ ტაძარში უამრავი სასწაული აღესრულებოდა, ამის შემხედვარე ბერძნები დაუტევებდნენ თავიანთ ბილწ ღმერთებს და ქრისტე ღმერთისკენ მოიქცეოდნენ.
ერთხელაც კეთილი მწყემსი დაბა სამურიას ტაძარში უქადაგებდა მრევლს. ამ დროს ტაძარში მერცხლების გუნდი შემოფრინდა, რომლებიც ჭიკჭიკებდნენ და მღვდელმთავრის ხმას ახშობდნენ. წმინდა აკაკი შეჩერდა მცირე ხნით, მერცხლებს მიუბრუნდა და შემოქმედის სახელით დადუმება უბრძანა. უეცრად მერცხლები გაჩუმდნენ და ხმის ამოღება რომ ვეღარ შეძლეს, უხმაურად გაფრინდნენ ტაძრიდან. შემდომში ტაძარში მერცხალი აღარ შემოფრენილა და თუ რომელიმე შემთხვევით მოფრინდებოდა ტაძართან, მუნჯივით ჩუმად გაფრინდებოდა.
წმინდა აკაკიმ სახლი, სადაც ეპისკოპოსობამდე ცხოვრობდა, საავადმყოფოდ გადააქცია და ხშირად ნახულობდა იქ მყოფ სნეულებსა და გლახაკებს. ერთხელაც მკის დროს მივიდა სნეულებთან და ჰკითხა, ხომ არაფერი გჭირდებათო. მათ უპასუხეს, ყველაფერი უხვად გვაქვს, ოღონდ იმდენი ბუზია, აღარ ვიცით, რა ვქნათ, წყლულებზე გვასხდებიან და სხეულზე გვკბენენო. წმინდანი ევედრა ღმერთს და მერე ბუზებს ამ შენობაში შემოფრენა აუკრძალა. მართლაც, მას მერე წმინდა აკაკის გარდაცვალებამდე, ამ შენობაში ბუზი აღარ გაჭაჭანებულა.
მსგავსად ამისა, წმინდა აკაკიმ საავადმყოფოს სიახლოვეს ტბორში მცხოვრებ ბაყაყებს აუკრძალა ხმამაღლა ყიყინი, რადგან ამით სნეულები წუხდებოდნენ. ცნობილია ასეთი ამბავი, როცა ერთ უწყლო ადგილას წმინდა აკაკიმ ლოცვით ლოდიდან წყალი გამოადინა და დაარწყულა მწყურვალნი. კიდევ მრავალ ამგვარ სასწაულზე მოგვითხრობენ მისი ცხოვრების აღმწერელნი.
წმინდა აკაკი მონაწილეობდა ეფესოში 431 წელს გამართულ III მსოფლიო კრებაში და წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს უწმინდური ნესტორისაგან და დიდი როლიც შეასრულა მის დამხობაში. რის გამოც დიდად შეიყვარეს ეკლესიის მამებმა და პატივსა სცემდნენ.
წმინდა აკაკი დიდხანს ბრძნულად მართავდა ქრისტეს ეკლესიას და მშვიდად მიიცვალა ქალკედონის კრების დაწყებამდე, დაახლოებით 438 წელს. წმინდა აკაკის სხეული წმინდა პოლიევქტო მოწამის გვერდით დაკრძალეს და ახლა მასთან და სხვა წმინდანებთან ერთად წარმდგარია უფლის წინაშე და ადიდებენ ყოვლადწმინდა სამებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი