რომის იმპერატორ დომიციანეს ზეობის ჟამს (81- 96 წწ.) ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო. ყველა დიდებულსა და მმართველს ბრძანებები დაეგზავნა,
რათა ქრისტიანები უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ მეფის განკარგულებას: წარმართული რწმენა მიეღოთ და კერპებისთვის თაყვანი ეცათ. მაშინ მრავალი მორწმუნე ეწამა ქრისტეს სიყვარულისთვის. სწორედ ამ პერიოდში კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს დიდი მოციქული, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. პატმოსზე მას შვიდ სასანთლეს შორის გამოეცხადა თვით უფალი და უბრძანა, მიეწერა შვიდი ანგელოზისთვის, ანუ მცირე აზიის ეკლესიების შვიდი ეპისკოპოსისთვის და გაეძლიერებინათ მოწამეთა გუნდი. ამ დროს უფალმა მოიხსენა მღვდელმთავარი ანტიპა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. უთხრა უფალმა თავის მოწაფეს: "იცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს" (გამოცხ. 2:13). რამეთუ წმინდა ანტიპა პერგამონის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო (ეს ქალაქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა და დედაქალაქი გახლდათ პერგამონის სამეფოსი. ძველად სიმდიდრით თავს იწონებდა. აქ სრულჰყვეს პერგამენტის დამუშავების ტექნოლოგია). წმინდა იოანეს გამოცხადების ამ სიტყვებიდან ჩანს, რაოდენ ერთგული მოწამე იყო ქრისტესი წმინდა ანტიპა და როგორები იყვნენ მცხოვრებნი ქალაქ პერგამონისა, სადაც სატანა მკვიდრობდა. ამ სიბნელეში ვითარცა სინათლის სხივი, იყო წმინდა ანტიპა. "ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი" (სიბრძნე სოლომონისი 3:6).
აქ ვაჟკაცად ის ითვლებოდა, ვინც სუსტს, კეთილსა და მართალს აწყენინებდა, ანდა ქრისტიანს მოკლავდა. ამ დროს, როცა ურწმუნონი ასე დევნიდნენ და ავიწროებდნენ ქრისტიანთა საზოგადოებას, ნეტარი ანტიპა მცირედითაც არ შედრკა, მხნედ და უშიშრად შეეწინააღმდეგა მტრებს.
იგი არად დაგიდევდათ ჯალათთა მუქარას, ხშირად გამოდიოდა ხალხში საქადაგებლად და წმინდა და მართალი რწმენის ნათლით განაქარვებდა კერპთაყვანისმცემლობის ცრურწმენის სიბნელეს. ამიტომაც ეშმაკები, რომელთაც ელინები ღმერთებად თვლიდნენ, იქიდან გაიქცნენ, ქალაქ პერგამონში, სადაც ანტიპა ცხოვრობდა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა დარჩენა.
ეშმაკები თავიანთ ქურუმს ძილში გამოეცხადნენ და შესჩივლეს, რომ ისინი უკვე ვეღარ ჭამენ მათ შენაწირს და ვერ განსცხრებიან სამსხვერპლოს კვამლით, რამეთუ ისინი ქრისტიანთა უფროსმა განდევნა. მაშინ განრისხებული ელინები ეცნენ წმინდა ანტიპას, შეიპყრეს და იქ წაიყვანეს, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. მმართველმა მას უთხრა:
- შენ ხარ ის ანტიპა, რომელიც არც თვითონ ასრულებს მეფის ბრძანებას და იმავეს სხვებსაც ასწავლის და ისინი იმგვარად შეეწინააღმდეგნენ ჩვენს მსხვერპლშეწირვას, რომ ღმერთები შენაწირით ვეღარ განსცხრებიან? შენ გამო ღმერთებმა დატოვეს ჩვენი ქალაქი და საფრთხე გველის. გვეშინია, ვაითუ, რაიმე უბედურება დაგვატყდეს თავს, რადგან ღმერთები ჩვენი ქალაქის დაცვას აღარ მოისურვებენ. გეყოფა ქრისტიანული ჯადოქრობა, მოინანიე და დაემორჩილე ჩვენს კანონებს, რათა ამ მშვენიერი ქალაქის მფლობელმა ღმერთებმა არ შეწყვიტონ ჩვენზე ზრუნვა. თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ რომის კანონებით საკადრისად დაისჯები.
წმინდა ანტიპამ ამაზე უპასუხა:
- ერთი იცოდე, მმართველო, რომ მე ქრისტიანი ვარ და მეფის უგუნური და უწმინდური ბრძანებების დამორჩილებას არ ვაპირებ. თუ თქვენი ღმერთები, რომელთაც სამყაროს პატრონებად, მფარველად თვლით, მოკვდავი ადამიანისგან იდევნებიან, და თუ ისინი თქვენგან ელიან დახმარებას, იოლად უნდა მიხვდეთ თქვენს შეცდომას. თუ მათ შეურაცხმყოფლის დასჯა არ შეუძლიათ და აღიარებენ, რომ ერთმა კაცმა სძლიათ, მაშინ რანაირად შეძლებენ უბედურებისგან კაცთა მოდგმის ანდა ერთი ქალაქის დაცვას? ყველაფერი ყურად იღეთ, დაუტევეთ თქვენი შეცდომილება და ირწმუნეთ ქრისტე, რომელიც კაცთა მოდგმის სახსნელად გარდამოვიდა ზეციდან. ეს ქრისტე ჭეშმარიტად მოვა ბოლო ჟამს ყველას განსასჯელად და თითოეულს თავისი საქმეების მიხედ¬ვით მიაგებს ან პატივს, ანდა სატანჯველს.
ამ კეთილგონივრული პასუხის მერეც მმართველმა უთხრა წმინდა ანტიპას:
- თქვენ თქვენ მიერ მოგონილ კანონებსა და წესებს ემორჩილებით და არად აგდებთ ღმერთების უძველეს თაყვანისცემას, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიგვიღია. არ არის კარგი, მამა-პაპათა ტრადიციებს ზურგი აქციოთ, რამეთუ ძველი ახალზე უკეთესია, უფრო საიმედოა, უფრო საქებარია ის, რაც ჟამთა სიგრძით გამოცდილია. ამიტომაც უნდა შეიცვალო რწმენა და არ გაჰყვე იმ კაცს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და თავისი ჯადოქრობით არია კაცთა ცხოვრება და ჯვარს აცვეს პილატე პონტოელის დროს. ამგვარად, დაემორჩილე მეფის ბრძანებას და უზრუნველად იცხოვრებ. ყველაფერში დაგეხმარებით და შვილივით შეგიყვარებთ, რამეთუ შენი ასაკი იმის ღირსია, რომ მამასავით გვიყვარდე და პატივს გცემდეთ.
წმინდა ანტიპამ უპასუხა:
- თუმცა შენ უამრავი საბუთი მომიყვანე, მაგრამ არ ვიქნები იმდენად უგნური და უაზრო, რომ ღრმად მოხუცებულმა სიკვდილის წინ შევიცვალო რწმენა. ასე რომ, ნუ გამოცდი ჩემს გონებას, რომელიც მუდმივად საღმრთო წიგნების კითხვაში იწვრთნება. რამეთუ თავიდან არც ერთი თქვენი ღმერთი არ არსებობდა, შემდგომში გამოჩნდნენ და მათგან კარგი არაფერი მომხდარა, რადგანაც თვითონ საძაგლები და უმაქნისები არიან, ისინი სხვების ბოროტების და არაწმინდების მიზეზნი გახდნენ. და თუ ძველი ცუდი დადგენილებები უნდა დავიცვათ, მაშინ სჯობია ძმის მკვლელ კაენსაც მივემსგავსოთ. რატომ არ მიბაძავთ იმათ, რომელთაც ზეცაში ასვლა სურდათ და არ შერცხვათ თავის დებთან სისხლის აღრევა, რისთვისაც ისინი წარღვნით აღიხოცნენ? თუ მათ უსჯულოებას, მათი სიძველის გამო მიჰბაძავთ, უკვე არა წყლით, არამედ საუკუნო ცეცხლით და დაუძინებელი მატლით დაისჯებით, თუკი არ შეინანებთ.
ამის თქმა იყო და, უწმინდურები ეცნენ წმინდანს და არტემიდას ტაძარში წაიყვანეს, სადაც სპილენძის ხარი იდგა: იგი გაახურეს და წმინდა ანტიპა შიგ ჩააგდეს. მან ჯვარი გამოისახა და ლოცვა დაიწყო. მადლობა შესწირა უფალს, რომ მისთვის მოწამეობის ღირსი გახადა. სთხოვა: "მიიღე სული ჩემი, რომელიც ამ ცხოვრებიდან განვალს და მიბოძე შენი მადლი და მადლი მხოლოდშობილისა ძისა შენისა. არა მხოლოდ მე, არამედ მათაც, რომლებიც ჩემ შემდეგ იცხოვრებენ, აზიარე ისინი შენს მოწყალებას, რათა ყველამ საუკუნოდ ადიდოს შენი წმინდა სახელი, ამინ".
დიდხანს ლოცულობდა წმინდა ანტიპა გავარვარებულ ხარში და სული თვისი უფალს ჩააბარა, თითქოს ტკბილი ძილით დაიძინაო, აღვიდა ზეცად მოწამის გვირგვინით შემკობილი. იგი ქრისტეს აქეთ 95 წელს გარდაიცვალა. ღვთისმოშიშმა კაცებმა იგი დიდი პატივით დაკრძალეს პერგამონში, მალე მისი საფლავიდან წმინდა მირონი წარმოდინდა, რომელიც ყოველგვარ სნეულებისგან კურნავდა ადამიანებს. კონსტანტინოპოლში დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა ანტიპას, IV საუკუნეში, თეოდოსი დიდის მეფობისას, პერგამონიდან კონსტანტინოპოლში გადმოიტანეს სპილენძის ხარი, რომელშიც წმინდა ანტიპა დაწვეს.
წმინდა ანტიპას მორწმუნენი განსაკუთრებით კბილის ტკივილის დროს ევედრებიან.
ტროპარი
კერპთა საცდური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთის მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა დასთა თანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყველებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.
კონდაკი
მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენირებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიდებულო მოწამეო, და გამობრწყონდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი