მღვდელმოწამე ირინეოს სირმელი (+304) ეწამა დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს. ირინეოსი პრესვიტერი იყო.
ის მეუღლესთან ერთად ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა შვილებს და თავისი განათლებისა და მკაცრი ცხოვრების წესის გამო საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. მოგვიანებით ირინეოსს ქ. სირმის (უნგრეთი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მღვდელმთავარი შეიპყრეს და პანონიის გამგებელს მიჰგვარეს. ხელისუფალმა მღვდელმთავარს უთხრა:
- დაემორჩილე იმპერატორის კანონებს და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს.
- ის, ვინც მსხვერპლს შესწირავს ცრუ ღმერთებს და არა ერთადერთს და ჭეშმარიტს, განიგდება თავისი ხალხისგან, - უპასუხა ირინეოსმა.
- ყოვლადმოწყალე იმპერატორმა ბრძანა, ყველამ შესწიროს ღმერთებს მსხვერპლი, ვინც ასე არ მოიქცევა, დაე, სასტიკად ეწამოსო, - გაუმეორა გამგებელმა სასულიერო პირს.
- მირჩევნია, ტანჯვა ვიგემო, ვიდრე ცრუ ღმერთებს შევწირო მსხვერპლი და ჭეშმარიტი უარვყო, - მტკიცედ განაცხადა სირმიის ეპისკოპოსმა.
ხელისუფალმა მესამეჯერაც გაუმეორა ირინეოსს, ან მსხვერპლი შეეწირა ღმერთებისთვის, ან მისი წამების ბრძანებას გასცემდა.
- მიხარია, რადგან თუკი მაწამებ, უფალი იესო ქრისტეს ჯვარცმისა და წამების თანაზიარი გავხდები, - არ დრკებოდა ირინეოსი.
მაშინვე გასცა გამგებელმა ირინეოსის სასტიკად წამების ბრძანება. როცა მღვდელმთავარს ფიზიკურად ტანჯავდნენ, ასეთი რამ ჰკითხა მას ხელისუფალმა:
- აბა, რას იტყვი, ირინეოს, ახლაც უარს აცხადებ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე?
- მე მსხვერპლს მხოლოდ იმ ჭეშმარიტ და ერთადერთ ღმერთს შევწირავ, რომელსაც აქამდე ვწირავდი, - არც წამებას გაუტეხია მღვდელმთავარი, ისე მტიცე იყო მისი პასუხი.
იქ, სადაც მღვდელმთავარს აწამებდნენ, მისი ოჯახის წევრებმა, მშობლებმა, ნათესავებმა და მეგობრებმა მოიყარეს თავი. მუხლმოდრეკით, ცრემლებით ევედრებოდნენ ირინეოსს, დამორჩილებოდა წარმართ ხელისუფალს და ამით სიცოცხლე ეხსნა. ყველა ერთხმად ყვიროდა:
- შეიცოდე შენი ახალგაზრდობა, ირინეოს!
ირინეოსმა ყველას ასე უპასუხა:
- უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მთ. 10.33). იცოდეთ, ჩემო საყვარლებო, რომ ვერც თქვენი ლოცვით და ვერც ხელისუფალთა მუქარით არ განვეშორები უფალს და მის კანონებს.
ამის შემდეგ პანონიის გამგებელმა ერთხელ კიდევ იხმო თავისთან სირმიის მღვდელმთავარი, კვლავ მოუწოდა ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვა, შეაგონა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდას წინ ჰქონდა მთელი სიცოცხლე. ირინეოსმა ისევ მტკიცე უარი განაცხადა. გამგებელმა ბრძანა, იგი საპყრობილეში ჩაეგდოთ და იქ ჰყოლოდათ, ვიდრე მოიფიქრებდა, რა ექნა ირინეოსისთვის.
ნეტარმა ირინეოსმა საპყრობილეში მრავალი დღე დაყო, მძიმედაც დასნეულდა. გამგებელმა ერთხელ კიდევ მოისურვა მისი ნახვა და გადაბირება, მაგრამ ამაოდ. განრისხებულ ხელისუფალსა და წამებისთვის გამზადებულ ეპისკოპოსს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- გყავს ცოლი? - ჰკითხა ირინეოსს პანონიის გამგებელმა.
- არა!
- შვილები?
- არა!
- მშობლები?
- არა!
- აბა, ვინ იყვნენ ისინი, ცრემლებით რომ გევედრებოდნენ, ჩემს ნებას დამორჩილებოდი?!
- მე აღვასრულებ უფალი ჩემი იესო ქრისტეს სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე (ლკ.14,26) და ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი" (მთ. 10.37). ვისაც მთელი გულით უყვარს უფალი, ის უარყოფს ყოველივე ამქვეყნიურს და მხოლოდ უფალს აღიარებს მამად.
- მე ვიცი, რომ ვაჟები გყავს, - უთხრა გამგებელმა ირინეოსს, - ჰოდა, მათი სიყვარულის გამო მაინც შეწირე ჩემს ღმერთებს მსხვერპლი, თუ არ გინდა რომ ისინი შენი მამის თვალწინ დაიხოცნონ.
ირინეოსმა უპასუხა:
- ჩემს შვილებს ჰყავთ ზეციური მამა, რომელიც მეც და მათაც გვიცავს და გვიფარავს განსაცდელისაგან, სწორედ ამიტომ შევთხოვთ მას შეწევნას. მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ხსნა. შენ კი ქენი, რაც ნაბრძანები გაქვს იმპერატორისაგან.
რომ ვერ დაიყოლია ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, ქალაქ პანონიის გამგებელმა სირმიის ეპის¬კოპოსს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
წმინდანი მდინარის ნაპირას მიიყვანეს. წმინდა ირინეოსმა დაიჩოქა და უკანასკნელად შეავედრა უფალს სირმიის ეკლესიის სამწყსო. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი