წმინდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326 წელი), კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო.
უსჯულო ლიცინიუსის ზეობისას (307-324 წლები) წარმართთა შორის დაუფარავად ქადაგებდა ქრისტეს. სანამ თავად ამ საკვირველი მოწამის ცხოვრების და მარტვილობის შესახებ გიამბობდეთ, იმ რეალობის მიმოსახილად მცირე ისტორიულ ექსკურსს გთავაზობთ:
* * *
რომის სახელმწიფოს მმართველებს შორის ურთიერთმტრობა და ძმათამკვლელი ბრძოლა არ წყდებოდა, რაც მთელი იმპერიის მთლიანობასა და ძლიერებას სცემდა ლახვარს.
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ტახტიდან გადადგომის შემდეგ იმპერატორებად გამოცხადდნენ: აღმოსავლეთში - გალერიუსი, კონსტანციუს ქლორუსი კი - დასავლეთში. მათი თანაშემწენი კეისრის ტიტულით მაქსიმინე და სევერუსი იყვნენ.
თუმცა, მშვიდი დროება დიდხანს არ გაგრძელებულა - კონსტანციუსი მმართველობის პირველ წელიწადსვე ბრიტანეთში დასნეულდა და თავის ძეს, კონსტანტინეს უხმო, გალერიუსის ლეგიონში რომ მსახურობდა ნიკომიდიაში.
თავმდაბალი, გონიერი და განათლებული კონსტანტინე მთელ ლაშქარს უყვარდა. როდესაც ხელისუფლებთან ერთად ხალხისა და ლაშქრის წინაშე ჩნდებოდა, ყველას ყურადღებას იპყრობდა - კეთილადაღნაგი, პირმშვენიერი და ძლიერი ჭაბუკი იყო. ამ თვისებათა გამო გალერიუსი მასში მეტოქეს ხედავდა, ეშინოდა და არაერთხელ სცადა, თავიდან მოეშორებინა.
როდესაც ბრიტანეთში მყოფმა მომაკვდავმა კონსტანციუსმა თავის ძეს უხმო, გალერიუსმა კიდევ ერთხელ ჩაიფიქრა მისი მოკვლა, მაგრამ კონსტანტინემ გაქცევით უშველა თავს და მამასთან ჩავიდა. როგორც კი კონსტანციუსი გარდაიცვალა, ბრიტანეთში მოქმედმა ლეგიონებმა ოცდათორმეტი წლის კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადეს, მშვიდად და სამართლიანად იწყო მართვა და მალე ბარბაროსებზე უდიდესი გამარჯვებებით გაითქვა სახელი.
გალერიუსი უკმაყოფილო დარჩა განვითარებული მოვლენებით, ამიტომ იმპერატორად კონსტანტინეს ნაცვლად იტალიისა და აფრიკის მმართველი სევერუსი აღიარა.
ამასობაში იტალიაში იმპერატორად მაქსიმიანეს ძე მაქსენციუსი (306-312 წლები) გამოაცხადეს. სევერუსის მხარდამჭერმა გალერიუსმა მის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, ამ უკანასკნელმა კი დახმარება მამას, მაქსიმიანეს სთხოვა, მცირე ხნით რომ დაიბრუნა მმართველობა, სევერუსი დაიმორჩილა და მოკლა.
გალერიუსმა სევერუსის ადგილას იმპერატორად თავისი მხედართმთავარი ლიცინიუსი (308-324 წლებში) დაასახელა, ჯარმა კი - კეისარ მაქსიმინეს დაუჭირა მხარი.
ამრიგად, ერთსა და იმავე დროს ექვსი იმპერატორი მართავდა ქვეყანას: კონსტანტინე, გალერიუსი, მაქსიმინე, ლიცინიუსი, მაქსენციუსი და მაქსიმიანე. ისინი გაუთავებლად ეომებოდნენ ურთიერთს. მხოლოდ კონსტანტინეს ქვეშევრდომები ტკბებოდნენ მშვიდობითა და კეთილდღეობით.
310 წელს გალერიუსს საშინელი სენი შეეყარა, სხეული დაუწყლულდა და დაუმატლიანდა... ამ სნებამ იმდენად დატანჯა, მისი გმინვა მთელ სასახლეში ისმოდა.
გალერიუსის წამებამ ერთ წელიწადს გასტანა და ბოლოს მიხვდა, რომ ეს მძიმე განსაცდელი ქრისტიანებისადმი გამოჩენილი სისასტიკის გამო ერგო... დევნის შეწყვეტა ბრძანა და ქრისტიანებს ტაძართა შენების და ღვთისმსახურების აღსრულების ნება დართო... თუმცა, ეს სინანულის კი არა, შიშისა და სასოწარკვეთილების გამო მოიმოქმედა. ამიტომ მალე იმავე სენით მიიცვალა, ანტიოქე ეპიფანესა და ჰეროდეს რომ მოუღო ბოლო.
გალერიუსის ბრძანებით, ქრისტიანები საპყრობილეებიდან და მაღაროებიდან გაათავისუფლეს, ეს უკანასკნელნი შეერთდნენ და სამშობლოსაკენ ღვთის დიდებით და გალობით დაადგნენ გზას...
აღმსარებელთ ყველგან პატივისცემით და სიყვარულით ეგებებოდნენ, - წარმართებსაც კი მობეზრდათ გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა და კმაყოფილები ხვდებოდნენ მშვიდობის აღდგენას. მრავალმა შეიგნო, რომ სარწმუნოება, რომელიც ასეთი საშინელი და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგაც კი შეუძვრელი დარჩა, ღვთისგან იყო ნაბოძები.
მაგრამ ზოგიერთ ოლქში სიხარული მალე ჩანავლდა. ამ ბრძანებამ სირიისა და ეგვიპტის მმართველი, მაქსიმინე დიდად აღაშფოთა, მაგრამ აშკარა დაპირისპირება ვერ გაბედა... თავის ოლქებში საჯაროდ არ გამოაცხადა ხელისუფალთა ნება, მხოლოდ სიტყვიერი განკარგულება გასცა.
გალერიუსის სიკვდილის შემდეგ კი დაუფარავად დაუპირისპირდა ქრისტიანებს, აუკრძალა ლოცვითი შეკრებები და ყოველ მათგანს, მათ შორის ყრმებსაც, კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა. ურჩებს გვემა და სი¬კვდილი ელოდა - უამრავი ქრისტიანი დაასახიჩრეს... მრავალ ცნობილ ეპისკოპოსს მიუსაჯეს სიკვდილი.
მაქსიმინე ქრისტიანთა დევნას არ სჯერდებოდა, - მისი სრულად გაქრობა სწყუროდა, რისთვისაც ყველაზე ვერაგულ საშუალებებს იყენებდა.
მისი ბრძანებით შეადგინეს თხზულებები, სადაც მაცხოვრის ცხოვრება და სწავლება გაუკუღმართებულად იყო წარმოდგენილი.
იმ ხანებში გავრცელდა თითქოსდა პილატეს მიერ შეთხზული რაღაც წერილი იესო ქრისტეზე, რომელიც მკრეხელობითა და ცილისწამებით იყო აღსავსე. ნაბრძანები იყო, რაც შეიძლება ბევრი ასეთი წიგნი გაევრცელებინათ, სკოლის მასწავლებლებს კი ევალებოდათ, ბავშვებისთვის იძულებით ესწავლებინათ მკრეხელური თხზულებები. როსკიპებს მოისყიდდნენ ხოლმე, რომელნიც ირწმუნებოდნენ, - ოდესღაც ქრისტიანნი ვიყავით და კარგად ვიცით, თუ რა გარყვნილნი არიანო!
* * *
კონკრეტულად, რა ვითარებაში მოხდა ეგრეთ წოდებული "მილანის ედიქტის" გამოცხადება და რა მოხდა იმ ეპოქაში, რომელშიც წმინდა თეოდოტე იღვწოდა?
მაქსიმინე ქალაქებში ბომონებს აგებდა, საზეიმოდ ასრულებდა წარმართულ რიტუალებს და ოლქისა და ქალაქის მმართველებს მოუწოდებდა, კერპებისთვის "უღმერთო" ქრისტიანების განდევნა ეთხოვათ. მაქსიმინე განსაკუთრებული კეთილგანწყობით ხვდებოდა ასეთ მორჩილებას და თითქოს ქვეშევრდომთა სურვილის გათვალისწინებით ამკაცრებდა ქრისტიანთა დევნას. ქალაქებს, რომლებმაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, საქებარი რესკრიპტუმები დაუგზავნა. ხელისუფლის კეთილგანწყობის მოპოვების ყველაზე საიმედო საშუალებად - ქრისტიანთა შეურაცხყოფა და შევიწროება იქცა.
სხვა ქალაქებთან ერთად ანტიოქიაც მიემხრო ამ უსჯულოებას, იგივე გააკეთა ქალაქმა ტვიროსმაც, სადაც ბოძებზე გამოაკრეს წერილები, სადაც იმპერატორი ქე¬ბადიდებას ასხამდა და მადლობას უხდიდა მოქალაქეებს ღმერთებისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის.
მაქსიმინე მიუთითებდა, რომ სწორედ ეს მოიტანდა მშვიდობასა და სიუხვეს:
- თვალგაუწვდენელი მინდვრები დაფარულია სამკალით და მოწეული თავთუხით. მდელოები ბალახითა და ყვავილით მორთულა. ჰაერი მშვიდია და კეთილშეზავებული. ყველა ხარობს... ეს ყოველივე უძლეველი არესის ძალმოსილებამ დაბადა თქვენი კეთილმსახურებისთვის, გაღებული მსხვერპლისა და მისდამი აღვლენილი პატივისთვის.
იმხიარულეთ, იმედიანად და მშვიდად დატკბით დაურღვეველი სიმშვიდით... რომ იცოდეთ, რაოდენ სასიამოვნო იყო ჩვენთვის თქვენი თხოვნა, - კვლავაც ნებას გაძლევთ, ამგვარი განწყობისთვის მთხოვოთ, რაოდენ დიდი მოწყალებაც უნდა გსურდეთ.
ასეთივე შინაარსის რესკრიპტუმები დაიგზავნა სხვა ქალაქებშიც. ხელისუფალი ირწმუნებოდა: - ხომ ხედავთ, ქრისტიანთა განდევნით ყველგან მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგურაო!..
მაგრამ სულ მალე უფალმა საქმით ცხადყო ამ სიტყვების სიცარიელე. განდევნილები ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნულების ადგილამდე მისულნი, რომ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო, შემდეგ - სახადი, მაქსიმინეს ყველა ოლქი რომ მოსრა. ამას დაერთო სხვა დაავადებაც - ანთებითი გამონაყარი თვალებში, რის გამოც მრავალმა დაკარგა მხედველობა. ბევრმა შიმშილობისგან თავის გადასარჩენად მთელი ქონება გაყიდა.
ბოლოს, იმ ზომამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შვილები გაიმეტეს მონებად. ქალაქის ქუჩებში შიმშილისა და სნეულებისგან გარდაცვლილთა გვამები გროვებად ეყარა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ქრისტიანებმა კაცთმოყვარეობა და გულმოწყალება გამოიჩინეს. ამის მოწმე წარმართნი უნებურად აცნობიერებდნენ მათი რწმენისა და ჭეშმარიტი ღმერთის ძალას.
მაქსიმინემ ამ უმძიმეს ხანს ჯერ სომხეთთან, შემდეგ ლიცინიუსთან წამოიწყო წარუმატებელი ომი, რასაც თა-ვადვე შეეწირა.
ამასობაში დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. იტალიის უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ხელისუფალ მაქსენციუსის ქვეშევრდომები მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ და გამათავისუფლებელს უხმობდნენ. კონსტანტინემ გადაწყვიტა, შებრძო-ლებოდა და 312 წლის ოქტომბერში რომს ლაშქრით მიადგა.
მაქსენციუსი თავდაცვისთვის მზად იყო, მას მოწინააღმდეგეზე მეტი ძალები ჰყავდა... კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი - წარმართთა ღმერთების აღარ სწამდა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და აი, შინაგანი განგაშით დაბნეულს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება:
მზე დასავლეთით მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა:
"ამით სძლევ!"
ეს საოცრება მისმა მეომრებმაც იხილეს და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავისმომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.
ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი და რომს მიადგა, სადაც კვლავ მოწინააღმდეგეთა რაზმები დახვდნენ. ბრძოლა მალვიის ხიდზე გაიმართა. კონსტანტინემ საბოლოოდ დაამარცხა მტერი. მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით ეხსნა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო.
გამარჯვებული კონსტანტინე ზარ-ზეიმით შევიდა რომში... მას უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ქალაქის შუაგულში წმინდა დროშის აღმართვის განკარგულება გასცა.
მოგვიანებით, კონსტანტინეს ქანდაკის დადგმისას, მისივე ბრძანებით, მარჯვენა ხელში ჯვარი დააჭერინეს და წააწერეს:
"ამ მაცხონებელი ნიშნით ვიხსენ და გავათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან".
ამ მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 313 წლის დასაწყისში, კონსტანტინემ თავისი დისა და ლიცინიუსის ქორწილში, მილანში, სიძე დაიყოლია, ხელი მოეწერა ედიქტისთვის, რომლის თანახმად ქრისტიანებს თავიანთი სარწმუნოების აღიარების უფლება ეძლეოდათ და დევნისას ჩამორთმეული ქონებაც უბრუნდებოდათ...
ლიცინიუსმა არცთუ დიდი ხალისით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას, რადგან ქრისტიანები ეჯავრებოდა, მაგრამ კონსტანტინესთან დაპირისპირებას მოერიდა. იგივე ედიქტი გაუგზავნეს მაქსიმინესაც და ხელმოწერა სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა და თავის ოლქებში ქრისტიანების დევნა განაგრძო. მისი ძალაუფლების აღსასრული კი ახლოვდებოდა...
313 წელს ჰელიოპოლისის მახლობლად ლიცინიუსსა და მაქსიმინეს შორის ომი გაჩაღდა, სადაც ეს უკანასკნელი დამარცხდა. განრისხებულმა სიკვდილით დასაჯა ქურუმები და ჯადოქრები, რომლებმაც გამარჯვება უწინასწარმეტყველეს და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა ბრძანა.
სულ მალე გამარჯვებული ლიცინიუსისგან დევნილი და შევიწროებული მაქსიმინე ქალაქ ტარსოსში გამაგრდა და გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმად ქრისტიანებს სრული უფლება ეძლეოდათ თავიანთი რწმენის აღიარებისა... ხელისუფალნი თითქოს ერთმანეთს ასწრებდნენ ქრისტიანთა კეთილგანწყობის მოპოვებაში, თუმცა, უფალმა ამ შიშით "სამართლიანი" მდევნელის მიმართ მოწყალება არ გამოიჩინა...
მაქსიმინეს საშინელი სასჯელი ელოდა...
მტრის მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ზოგი ვარაუდით, თავი მოიწამლა, რომ მტერს ხელთ არ ჩავარდნოდა. შხამმა საშინელი, მტანჯველი ტკივილი აღუძრა, მოგიზგიზე ცეცხლი უწვავდა შიგნეულობას. ტანჯვითა და სინდისის ქენჯნით გათანგულმა წარმოიდგინა, რომ უკვე უფლის სამსჯავროზე წარდგა და ქრისტიანებისადმი თავისი სისასტიკის გამო ეწამებოდა, ამიტომ შეძრწუნებული გაჰყვიროდა: - მე არ ჩამიდენია, სხვებმა მოიმოქმედესო!
ზოგჯერ დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი მაღალ ღმერთს მიტევებას ევედრებოდა...
იგი 313 წელს მიიცვალა, ხოლო დევნა, რომელიც ათ წელიწადს გრძელდებოდა, ცოტა ხნით ადრე შეწყდა...
გამარჯვებულმა ლიცინიუსმა მაქსიმინეს, გალერიუსისა და სევერუსის შვილები ამოხოცა, რადგან ეშინოდა, ტახტის ხელში ჩაგდება არ ეცადათ.
დიოკლეტიანე ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები მწუხარებით იყო აღსავსე. ცოლი და ასული ლიცინიუსის ხელთ იყვნენ, რომელიც მათ სასტიკად ეპყრობოდა და ბოლოს დახოცა. თვითონ ხანგრძლივი და გამომფიტავი სნეულებით იტანჯებოდა. კონსტანტინეს აღზევებამ კი საბოლოოდ გატეხა. ზოგი მწერალი ამტკიცებს, რომ თავი შიმშილით მოიკლა...
313 წლიდან ძალაუფლება კონსტანტინესა და ლიცინიუსის ხელში გადავიდა. პირველი მათგანი იმპერიის დასავლეთ ოლქებს მართავდა, მეორე - აღმოსავლეთს.
* * *
როგორც ვთქვით, ქრისტეს დაუფარავად ქადაგებისთვის კვიპროსის მთავარმა, საბინემ, ბრძანა, შეეპყროთ თეოდოტე, მაგრამ როდესაც ამის შესახებ თავად "მსჯავრდადებულმა" შეიტყო, საბინესთან საკუთარი ფეხით გამოცხადდა და უთხრა:
- აჰა, მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედ, რათა ჩემი უფალი შენ წინაშე ვაღიაროო!
მოთმინებადაკარგულმა საბიანემ "თავხედი" ჯერ უმოწყალოდ აცემინა, შემდეგ ხეზე მიაბმევინა და სხეული ბასრი დანებით დაასერინა და ბოლოს დილეგში უკრა თავი.
განვლო ხუთმა დღემ და თეოდოტე ისევ მიჰგვარეს ბორგვნეულ საბიანეს, ისევ უბრძანა ცოფმორეულმა, - ღმერთებს მსხვერპლი შესწირეო, მაგრამ პასუხად კვლავ მხურვალე ქადაგება მიიღო, - ვერ დაადუმა თეოდოტეს ბაგენი ვერც წარმართთა უგონო მრისხანებამ, ვერც - მუქარამ...
სხვა რაღა დარჩენოდა უსჯულო "მსაჯულს", თუ არა მისი ტანჯვით "ჭკუაზე მოყვანა?" ჯალათებმა ჯერ რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუგზნეს, რის შემდეგაც, ღვთის შეწევნით, უვნებლად გადარჩა, შემდეგ ფეხებში სამსჭვალნი გაუყარეს და ასე აიძულეს, მიწაზე გაევლო.
წმინდა თეოდოტეს საშინელი მარტვილობის მოწმეებმა, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვით მონადირებულებმა ირწმუნეს ქრისტე, რამაც უარესად გაახელა საბიანე, თეოდოტეს წამება შეწყვიტა და კვლავ დილეგს უკრა თავი.
მალე, წმინდა კონსტანტინე დიდის (ხსენება 21 მაისს) ბრძანებით, მილანის ედიქტის გამოცხადების შემდგომ ყოველი პყრობილი ქრისტიანი გათავისუფლდა, მათ შორის - წმინდა თეოდოტიც.
წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, 326 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
კონდაკი:
ურწმუნოებისა ზღუასა და კერპთმსახურებისა სიცბილსა ამხილენ მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ხოლო ყოვლად დასაწუელ ღმრთისა იქმენ და სასწაულმოქმედებითა შეაცვრევ კიდეთა ქუეყნისათა, წმინდაო მღვდელმთავარო თეოდოტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი