წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი (IV) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი (IV) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ და მაქსიმინემ თავიანთ სამეფოში გამოსცეს ბრძანება: თუ ქრისტიანი ნაკერპალს შეჭამდა, არ დაისჯებოდა, ხოლო, თუ ამაზე უარს იტყოდა, სამსჯავროს გადაეცემოდა. იმ დროს წმინდა თეოდორე ტირონი, ცოტა ხნის წინ მხედრად განწესებული, მარმარიტის პოლკში დაინიშნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეპოზიტი, სახელად ბრინკა. ეს პოლკი პონტოს ქალაქ ამასიაში იდგა. როდესაც წმინდა თეოდორე პოლკში მიიყვანეს, უსჯულოებმა მოსთხოვეს, მსხვერპლი შეეწირა ღმერთებისათვის. მაშინ სულიწმიდით აღვსებულმა ქრისტეს ჭეშმარიტმა მხედარმა ყველას გასაგონად წარმოთქვა:

- მე ქრისტიანი ვარ და არ შემფერის საძაგელი წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რამეთუ თაყვანს ვცემ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეფეს.

პრეპოზიტმა ბრინკამ სცადა დაერწმუნებინა წმინდანი:

- დაიჯერე, თეოდორე, იარაღი აისხი და, როგორც მხედარს შეჰფერის, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს.

წმინდა თეოდორემ უპასუხა:

- მე ჩემი მეუფის - ქრისტეს მხედარი ვარ და არ ძალმიძს სხვა მეფის მხედარი ვიყო!

ამაზე ბრინკამ უთხრა:

- ყველა ეს მხედარი ქრისტიანია, მაგრამ ისინი თან რომის იმპერატორის ჯარისკაცებიც არიან.

- თითოეულმა თვითონ იცის, ვის ემსახუროს, - მიუგო წმინდანმა, - მე კი ჩემს ზეციურ უფალსა და მეუფეს - ღმერთს და მის მხოლოდშობილ ძეს, იესო ქრისტეს ვემსახურები.

ასისთავმა პოსიდონიოსმა, რომელიც შორიახლოს იდგა, ჰკითხა:

- განა შენს ღმერთს, თეოდორე, ძეც ჰყავს?

- მას ჭეშმარიტად ჰყავს ძე, სიტყვა ჭეშმარიტებისა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ყოველივე შექმნა.

პრეპოზიტმა ჰკითხა:

- და ჩვენც შეგვიძლია მისი შეცნობა?

წმინდანმა მიუგო:

- გულით და სულით ვისურვებდი, რომ ღმერთმა თქვენც მოგანიჭოთ მისი შეცნობის უნარი.

პოსიდონიოსმა ჰკითხა:

- თუკი ჩვენ შენს ღმერთს შევიცნობთ, შეგვეძლება თუ არა ჩვენი მეფეეების მიტოვება და მისდამი შევრდომა?

წმინდანმა მიუგო:

- არაფერი გაბრკოლებთ, რომ მიატოვოთ სიბნელე და წარმავალი მიწიერი მეფეები, შეუდგეთ ცხოველ ღმერთს - მარადიულ უფალსა და მეუფეს და ჩემსავით მისი მხედრები გახდეთ.

მაშინ პრეპოზიტმა ბრინკამ უთხრა ასისთავს:

- თავი დავანებოთ რამდენიმე დღე, დაე, დაფიქრდეს და თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს.

მთელი ის დრო, მოსაფიქრებლად რომ მისცეს, თეოდორემ ლოცვაში გაატარა, უსჯულოები კი ამასობაში რამდენიმე სხვა ქრისტიანს შემოსწყრნენ, შეიპყრეს ისინი და დილეგისკენ წაიყვანეს. წმინდა თეოდორე მათ მიჰყვებოდა და ჩააგონებდა სარწმუნოებაში მტკიცედ დგომას და მოთმინებას, ურჩევდა, არ უარეყოთ თავიანთი ზეციური მეუფე - ქრისტე. იმ ღამეს, როდესაც ისინი დილეგში ჩაყარეს, წმინდა თეოდორემ დაწვა "ღმერთების დედის" - სიბილას ტაძარი. ზოგიერთმა მოქალაქემ ეს დაინახა და ხელისუფლებასთან დააბეზღა თეოდორე. ქალაქის თავს, კრონიდს, შეეშინდა, მე არ მომთხოვონ პასუხი თეოდორეს ნაცვლადო, შეიპყრო იგი, მმართველ პუბლიუსს მიჰგვარა და უთხრა:

- ბატონო ჩემო, ეს კაცი, ახლახან მხედრად რომ განაწესეთ, მავნეა: ბოროტი განზრახვით მოვიდა ჩვენს ქალაქში, დაწვა ჩვენი ღმერთების დედის ტაძარი და შეურაცხყო თვით ღმერთები. მე ის შევიპყარი და მოგიყვანე, რათა მან, მსოფლიოს მეფეთა ბრძანებით, შესაფერი სასჯელი მიიღოს კადნიერებისთვის.

მმართველმა პრეპოზიტ ბრინკას უხმო და ჰკითხა:

- შენ მიეცი ნება მხედარ თეოდორეს, დაეწვა ჩვენი ღმერთების დიდი ტაძარი?

ბრინკამ მიუგო:

- ვეცადე, გონს მომეყვანა, ბოლოს, დრო დავუნიშნე, რომ დაფიქრებულიყო და მსხვერპლი შეეწირა ღმერთებისთვის. და, თუკი მან ამგვარი საქციელი ჩაიდინა, ეს ნიშნავს, რომ სრულიად განუდგა ჩვენს ღმერთებს და არად ჩააგდო მეფეთა სიტყვა. ამიტომ შენ, როგორც მსაჯულმა, აღასრულე მათი ბრძანება.

მაშინ ჰეგემონმა სამსჯავრო მოიწვია, ნეტარ თეოდორეს უხმო და ჰკითხა:

- მსხვერპლისა და საკმევლის შეწირვის ნაცვლად ქალღმერთს ცეცხლი რად წაუკიდე?

წმინდა თეოდორემ მიუგო:

- არ დაგიმალავ, გეტყვი, რატომაც ჩავიდინე ეს საქმე. შეშას ცეცხლი შევუნთე, რათა ალი ქვას მოსდებოდა. ნუთუ თქვენი ქალღმერთი იმდენად უძლურია, რომ ცეცხლს შეუძლია მას შეეხოს და დაწვას კიდეც?

ამ სიტყვებმა ჰეგემონი განარისხა, თეოდორეს ცემა ბრძანა და უთხრა:

- ჩემი სიმშვიდე შენ გაკადნიერებს. მაგრამ გირჩევ, მოეშვი ენამჭევრობას, რადგანაც, თუკი მეფეთა ბრძანებას შენი ნებით არ შეასრულებ, ამის გაკეთებას სასტიკი ტანჯვით გაიძულებთ.

წმინდანმა უპასუხა:

- მე არც შენი მეშინია და არც შენგან მოყენებული ტანჯვის, რაგინდ სასტიკიც უნდა იყოს იგი. რაც გენებოს, ჰქენი. მე ჩემს უფალ იესო ქრისტეზე ვამყარებ სასოებას, მისგან მოველი ჯილდოს სასუფეველში და მზადა ვარ მისთვის წამებაც კი დავითმინო.

- შესწირე მსხვერპლი ღმერთებს, - უთხრა მსაჯულმა, - და ტანჯვას გადაურჩები, თუ არა და საშინელი სიკვდილი გელის.

წმინდა თეოდორემ მტკიცედ უპასუხა:

- მე არ მაშინებს შენი სატანჯველი, რამეთუ ჩემ წინაშეა უფალი და მეუფე ჩემი იესო ქრისტე: იგი დამიხსნის შენს ხელთაგან, მაგრამ შენ არ ძალგიძს მისი ხილვა, რამეთუ სულიერი თვალი დაბრმავებული გაქვს.

მაშინ მსაჯული ველურმა მრისხანებამ შეიპყრო. ბრძანა, დილეგში ჩაეგდოთ თეოდორე, კარი ჩაეკეტათ და შიმშილით მოეკლათ. მაგრამ სულიწმიდა თავისი მადლით შეეწეოდა წმინდანს. ერთხელ, ღამით, მას თვით უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და უთხრა:

- გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ, ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა.

ამის შემდეგ უფალი თვალს მიეფარა. ჩვენებით ნუგეშინისცემულმა ნეტარმა თეოდორემ სულით განიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო, მას ყურს უგდებდა წმინდა ანგელოზთა დიდი დასი. დილეგის მცველნი ამ ტკბილი გალობის გაგონებაზე საკნის კარებთან მივიდნენ. როდესაც დარწმუნდნენ, კარი დაკეტილია და ბეჭედი ხელუხლებელიო, ფანჯრიდან შეიხედეს და დაინახეს, რომ თეთრ სამოსელში გამოწყობილ კაცთა სიმრავლე წმინდა თეოდორესთან ერთად გალობდა. შეშინებულმა მცველებმა ყოველივე ჰეგემონ პუბლიუსს აუწყეს. მან მაშინვე დილეგს მიაშურა. როდესაც ნახა, რომ ბოქლომი და ბეჭედი მთელი იყო, შიგნიდან კი მგალობლების ხმა ისმოდა, ჯარისკაცებს უბრძანა, ყოველი მხრიდან ალყა შემოერტყათ დილეგისათვის, რადგან ფიქრობდა, - ეტყობა, შიგნით თეოდორესთან ერთად სხვა ქრისტიანებიც არიანო. მაგრამ საკანში რომ შევიდა, იქ არავინ დახვდა წმინდა თეოდორეს გარდა, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო ჰეგემონიც და ყველა იქ მყოფიც. როდესაც გარეთ გამოვიდნენ, კარს ისევ ბოქლომი დაადეს. მსაჯულმა ბრძანა, წმინდა თეოდორესთვის ყოველდღე მიეცათ ცოტ-ცოტა პური და წყალი. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილი ამბობს: "მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს" (ამბაკ. 2, 4; რომ. 16, 27). და წმინდა თეოდორემაც არ ინდომა საზრდელის მიღება, არამედ თქვა: "მე მასაზრდოებს უფალი და მეუფე ჩემი - იესო ქრისტე".

დილით მსაჯულმა ბრძანა, წმინდანი სამსჯავროზე გაეყვანათ და უთხრა:

- შეისმინე ჩემი რჩევა და ნუ მაიძულებ, ვბრძანო, გტანჯონ და გაწამონ; შესწირე მსხვერპლი დიდ ღმერთებს. მაშინ მე მივწერ ჩემს მეფეებს - მსოფლიოს მბრძანებლებს, და ისინი მთავარ ქურუმად დაგადგენენ. ამგვარად, ჩვენი თანასწორი პატივის ღირსი გახდები.

წმინდა თეოდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და პირჯვარი გამოისახა, მერე კი მიუგო მტარვალს:

- გინდა სხეული ცეცხლით დამიშანთო, ათასგვარ წამებას მიმცე, ხმლით ასო-ასო ამქნა, მხეცებს მიუგდო ჩემი თავი შესაჭმელად - ქრისტეს მაინც არ განვეშორები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!

მაშინ მსაჯული პრეპოზიტს მოეთათბირა და ბრძანა, თეოდორე ხეზე მიებათ, მისი სხეული კი რკინის სამთითებით ეჯიჯგნათ. ასე აწამეს წმინდანი მანამ, სანამ ძვლები არ გაუშიშვლდა. ამ დროს ნეტარი თეოდორე მტარვალს არაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ გალობდა: "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა" (ფსალ. 33, 1).

მტარვალმა, წმინდა თეოდორეს ამგვარი მოთმინებით გაოცემულმა, ჰკითხა:

- ნუთუ შენ, კაცთა შორის უსაძაგლესო, არ გეთაკილება, მთელი შენი სასოება დაამყარო ადამიანზე, რომელსაც ქრისტე ეწოდა და თვითონ დაისაჯა სამარცხვინო სიკვდილით? ნუთუ ამ ადამიანის გულისთვის იტანჯები ასე განუსჯელად?

ქრისტეს მოწამემ მიუგო:

- ნეტავი მეც და ყველასაც, ვინც იესო ქრისტეს სახელს აღიარებს, ისეთივე სირცხვილი გვერგოს წილად, როგორიც მას!

ამ სიტყვებზე ხალხმა ყვირილი მორთო. მოითხოვდნენ, დაეჩქარებინათ წმინდანის დასჯა. მსაჯულმა შიკრიკის პირით ერთხელ კიდევ ჰკითხა თეოდორეს:

- შესწირავ თუ არა მსხვერპლს უკვდავ ღმერთებს, თუ კიდევ უფრო მეტი წამების დათმენა განგიზრახავს?

ქრისტეს მოწამემ მტკიცედ მიუგო:

- უსჯულოო, ყოველი ბიწით და ზაკვით აღსავსევ, ეშმაკის მსახურო, შენ თვითონ არ გეშინია ღმერთის, რომელმაც ასეთი ძალა და ხელისუფლება მოგანიჭა? ხომ ამბობს უფალი: "ჩემ მიერ მეფენი მეფობენ... და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა" (იგავ. 8, 15-16). ან როგორ უნდა მაიძულო ცხოველი ღმერთის დატევება და უსულო ქვის თაყვანისცემა?

მსაჯული დაფიქრდა და ბოლოს ჰკითხა თეოდორეს:

- რას ირჩევ: ჩვენთან ერთად იქნები თუ შენს ქრისტესთან?

წმინდანმა სიხარულით მიუგო:

- მე ჩემს უფალ იესო ქრისტესთან ვიყავი, ვარ და ვიქნები, შენ კი ისა ჰქმენ, რაც გენებოს!

როდესაც მსაჯულმა დაინახა, თეოდორეს სიმტკიცეს ვერ გატეხავდა, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

- ვბრძანებ, ცეცხლს მიეცეს თეოდორე, რადგანაც იგი არ ემორჩილება მეფეთა ძალაუფლებას, არ აღიარებს ღმერთებს და სწამს იესო ქრისტე - ჯვარცმული, როგორც იუდეველნი ამბობენ, პილატე პონტოელის დროს.

მტარვალის ეს ბრძანება სწრაფად შესრულდა: მსახურებმა მახლობელი სახლებიდან და აბანოებიდან ბევრი შეშა მოზიდეს, კოცონი გააჩაღეს და წმინდა თეოდორე ამ კოცონთან მიიყვანეს. ყოველი მხრიდან გაღვივებული ცეცხლი უმალვე აბრიალდა. ცეცხლში შესულმა წმინდა თეოდორემ პირჯვარი გამოისახა. უეცრად სულიწმიდა გარდამოხდა და შუა ცეცხლში ჩამდგარ წმინდანს სიგრილე მიჰფინა, ის კი სიხარულით აქებდა და უგალობდა უფალს და მასვე მშვიდობით შეჰვედრა სული.

"და ჩვენ ვიხილეთ, როგორ აიჭრა ზეცად მისი წმინდა და პატიოსანი სული", - წერს დიდმოწამის ნეტარი აღსასრულის ერთ-ერთი მომსწრე.

ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, სახელად ევსევიამ, გამოითხოვა წმინდა დიდმოწამის სხეული. როდესაც მას წმინდანის ნაწილები მისცეს, ევსევიამ სურნელოვანი მირონი სცხო მათ, სუფთა ტილოში შეახვია და თავის სახლში, ქალაქ ევქაიტში დაკრძალა, სადაც ყოველდღე აღასრულებდა წმინდანის ხსენებას. წმინდა დიდმოწამე თეოდორე ეწამა 306 წელს, 17 თებერვალს, იმპერატორ მაქსიმიანეს მეფობის დროს.

წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის სასწაული

კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის შემდეგ სამეფო ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი, რომელმაც უარყო ქრისტე, კერპთმსახურებას შეუდგა და ქრისტიანების დევნა დაიწყო. იულიანე ქრისტიანებს იმდენად აშკარად არ დევნიდა, რამდენადაც ფარულად - იგი ვერ ბედავდა უკლებლივ ყველა ქრისტიანის სასტიკად წამებას, რადგანაც ეშინოდა, ქრისტიანების მოთმინების მაგალითზე ბევრი წარმართი თვითონაც ქრისტეს სჯულზე არ მოქცეულიყო. ამიტომ ამ უსჯულო მეფემ განიზრახა ფარულად შეებილწა ქრისტიანები: მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავენ და ცოდვებს ინანიებენ. იხმო ქალაქის თავი და უბრძანა, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველების სისხლით (ნაკერპალის ჭამა ქრისტიანებს ეკრძალებათ).

მეფის ბრძანება შესრულდა და ყველა ბაზარში უსჯულოთაგან წაბილწული სანოვაგე იყიდებოდა. მაგრამ ყოვლისმხედველმა უფალმა შეარცხვინა წარმართნი და იზრუნა თავის ჭეშმარიტ შვილთათვის: კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის მან მიუვლინა თავისი მოწამე თეოდორე, რომელიც მრავალი წლის წინ ეწამა ქრისტესთვის და ახლა დიდებით განისვენებდა ზეცათა სასუფეველში. წმინდა თეოდორე ეჩვენა ევდოქსის არა სიზმარში, არამედ ცხადად, და უთხრა:

- ახლავე შეკრიბე ქრისტეს სამწყსო და უბრძანე ყველა მართლმადიდებელს, არავინ იყიდოს ბაზრებში სანოვაგე, რადგანაც იქ უსჯულო მეფის ბრძანებით ყველაფერი სამსხვერპლო ცხოველების სისხლით არის წაბილწული!

გაოცებულმა მთავარეპისკოპოსმა ჰკითხა, რა ქნას ღარიბმა ხალხმა, ვისაც შინ მარაგი არ გააჩნიაო. წმინდანმა მიუგო:

- მიეცი მათ კოლიო და იხსენი ამ გაჭირვებისაგან!

მაგრამ ევდოქსიმ არ იცოდა, რა იყო კოლიო და გაკვირვებული შეჰყურებდა წმინდანს.

მაშინ წმინდა თეოდორემ უთხრა:

- კოლიო არის თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი - ასე ეწოდება ამ კერძს ევქაიტში.

ეპისკოპოსმა ჰკითხა:

- ვინა ხარ შენ და რატომ ზრუნავ ასე მართლმადიდებე¬ლი ქრისტიანებისათვის?

წმინდანმა მიუგო:

- მე ვარ ქრისტეს მოწამე თეოდორე და ღმერთმა მომავლინა თქვენს შესაწევნად.

ესა თქვა წმინდანმა და თვალს მიეფარა. ევდოქსიმ მყისვე შეკრიბა ყველა ქრისტიანი და უამბო მათ, რაც ნახა და მოისმინა, მერე კი კოლიო მოამზადა და მტრის მზაკვრობისაგან იხსნა თავისი სამწყსო. როდესაც უსჯულო მეფე მიხვდა - ჩემმა ხერხმა არ გაჭრაო, შერცხვა და ბრძანა, ბაზრებში კვლავ წაუბილწავი სანოვაგე მიეტანათ. ქრისტიანებმა კი მადლობა შესწირეს ღმერთს მისი გამოუთქმელი წყალობისათვის და ქება შეასხეს ქრისტეს დიდმოწამეს, წმინდა თეოდორეს. დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმინდა თეოდორეს ხსენება იდღესასწაულეს და მის პატივსაცემად აკურთხეს კოლიო მორწმუნეთათვის. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს მთავარეპის-კოპოს ევდოქსის დროს მომხდარი სასწაულის სახსენებლად აკურთხებს კოლიოს და ადიდებს წმინდა თეოდორეს, რათა ქრისტიანებს მუდამ ახსოვდეთ ღმერთის მოწყალე განგება თავის მონებზე და წმინდა დიდმოწამე თეოდორეს შეწევნა.

http://www.orthodoxy.ge


ტროპარი

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

ტროპარი

იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.

კონდაკი

სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.

ასევე წაიკითხეთ:

დიდმოწამე თეოდორე ტირონი

ტროპარ-კონდაკი დიდმოწამე თეოდორე ტირონისა

ნეტავ, რომელი თეოდორე იყო, ტირონი თუ სტრატილატი?

თეოდორეწმინდის მადლიან მონასტერში ერთი ბერის მალდიანი დალოცვა

ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის დედათა მონასტერი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat